ფიქრია ჩიხრაძე - პრაიმერი ხელისუფლების მიერ დაგებული ხაფანგია 22 / 02, 2010 20:05 “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ პრაიმერი ხელისუფლების მიერ დაგებული ხაფანგია. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ დღეს, რადიო “პალიტრის” ეთერში განაცხადა, პრაიმერში ხელისუფლებას შეუძლია სახელისუფლებო რესურსი სუსტი კანდიდატისაკენ მიმართოს და ძლიერი და მისთვის არასასურველი კანდიდატი ჩამოიშოროს. “პრაიმერი შეიძლება იყოს კარგად დაგებული და მოფიქრებული ხაფანგი და ვინც ამაში ჩაერთვება, ყველა უნდა დაფიქრდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს დაწყებული აქვთ მობილიზება. პრაიმერში ხელისუფლებას შეუძლია სახელისუფლებო რესურსი სუსტი კანდიდატისაკენ მიმართოს და ძლიერი და არასასურველი უკან დატოვოს”, _ განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი განმარტებით, ალიანსში ერთობისთვის მზაობაა, თუმცა, ირაკლი ალასანიასა და ალიანსის სხვა შემადგენლობას შორის ერთადერთი უთანხმოება პრაიმერთან დაკავშირებით არსებობს. ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში „ალიანსი საქართველოსთვის“ გარეშე, თავის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩაერთვება http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1