თინა ხიდაშელი - დღევანდელი შეხვედრა ოპოზიციაში ზურაბ ნოღაიდელის დამკვიდრებას ემსახურებოდა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ჭადრაკის სასახლეში დღეს გამართული შეხვედრა ოპოზიციაში ზურაბ ნოღაიდელის დამკვიდრებას ემსახურებოდა. ამის შესახებ ხიდაშელმა “ინტერპრესნიუსს” ჭადრაკის სასახლეში საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა. მან შეხვედრის მონაწილეებს ზურაბ ნოღაიდელის “ტაშის გრიალით შეხვედრა მიულოცა”. “ყოველმა ადამიანმა, ვინც დღეს ნოღაიდელს ტაშს უკრავდა, ქვეყნის მომავალზე მასთან ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ყველფერზე სიმართლე უნდა ითქვას და სიმართლე ძალიან ნათელია. ამ შეხვედრაზე ცრემლების ღვრა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ დღეს გმირად გამოცხადებული ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ ყოველი მათგანი ერთი წინადადებით უნდა გამოსულიყო. კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს უნდა ეთქვათ, რომ ამ გმირის სასარგებლოდ ხსნიან კანდიდატურებს, ლევან გაჩეჩილაძეს უნდა ეთქვა, რომ ამ გმირის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს და მის გვერდით დადგება. ერთობა და ქვეყნის სამსახური ეს იქნებოდა. ხოლო ის ვაშა და ტაში, რომელიც ამ შეხვედრაზე იყო, არ არის პრობლემის გასაღები, რომლის მოსაგვარებლადაც ეს პატივცემული საზოგადოება შეიკრიბა”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე ვარაუდით, “თბილისის დიდ კრებამდე”, რომელზეც, სავარაუდოდ, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი დასახელდება, დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს შორის “დიდი ვაჭრობა” გაიმართება. “იქიდან გამომდინარე, იქნებიან თუ არა კმაყოფილნი ვაჭრობის შედეგებით ესა თუ ის ადამიანები, მოხდება გადაწყვეტილებების მიღებაც. როგორც ჩანს, ამის ლეგიტიმაცია სჭირდებოდათ დღეს და ამ ვაჭრობისთვის ლეგიტიმაცია მიიღეს~, - განაცხადა ხიდაშელმა. ჭადრაკის სასახლეში დღეს გამართულ შეხევდრზე იმყოფებოდნენ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1