სასამართლომ ეკა ბესელიას შვილს გირაო, ძმას კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ქობულეთის სასამართლომ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, ძმას - სერგო ბესელიას კი, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა, სასამართლო პროცესიდღეს, 04:00 საათზე დამთავრდა. მისივე თქმით, გირაო შეეფარდა, ასევე, ბესელიას შვილთან და ძმასთან ერთად დაკავებულ ერთ პირს, რომელიც არასრულწლოვანია, ხოლო მეოთხე დაკავებულს პატიმრობა. ადვოკატის თქმით, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა - პროკურატურა არასრულწლოვნების მიმართ გირაოს შეფარდებას ითხოვდა. გირაოს თანხა 3000 ლარს შეადგენს და გადახდამდე არასრულწლოვნები პატიმრობაში დარჩებიან. ამასთან, გელაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომა მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა. იგნორირებული იყო დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობა, ხოლო ბრალდების მხარემ ვერ ცერთ შეკითხვას ვერ უპასუხა. ადვოკატები ქობულეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ბესელიას შვილს და ძმას ხულიგნობის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით წარედგინათ ბრალი, რაც ჯამში 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ქობულეთის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 19 აგვისტოს, საღამოს ქობულეთში დააკავეს რატი მილორავა, სერგო ბესელია, ვალერი კირვალიძე და როინ ცაგარელი. შსს-ს ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1978 წელს დაბადებულ დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო კაფე-ბარ ‘’ელზაში’’. მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც კაფე-ბარის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1