16 ივლისს 32 წლის გურამ კედელაშვილს ლოტკინის დასახლებაში მეჯვარესთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა. კინკლაობა ჩხუბში გადაიზარდა და მეჯვარემ კედელაშვილი მუცელსა და ყელის არეში მძიმედ დაჭრა (დაჭრილი კუკიაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა მეუღლესა და სიდედრთან ერთად). კედელაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, უფრო სწორად, ამისთვის არც გარჯილან. საავადმყოფოში ირწმუნებიან, რომ კედელაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ გადაცემა "ვიდეოპატრულის" გადამღები ჯგუფის ვიდეომასალა სულ სხვას მოწმობს და თავდაყირა აყენებს ექიმების ვერსიას. კადრში აშკარად ჩანს, რომ მძიმედ დაჭრილი კედელაშვილი 10-15 წუთის განმავლობაში ისე ებრძოდა სიკვდილს, რომ მაშველი არავინ ჩანდა, ის საავადმყოფოში მიყვანიდან 15 წუთში გარდაიცვალა და მალე სოფელ ანაგაში გადაასვენეს. გარდაცვლილის ოჯახს საჩივრით, ჯერჯერობით, არც ჯანდაცვის სამინისტროსთვის და არც სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის არ მიუმართავს. ტელევიზიით ნანახმა ვიდეოკადრებმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.