Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, ან გაუთიშონ ეგ ინტერნეტი, ან გადაიყვანონ ციხეში, რადგან ფაქტია, რომ თავს გადასარევად გრძნობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის “ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, სააკაშვილი თავისი განცხადებით აზიანებს პროცესს, რაც უკავშირდება პროტესტს თბილისსა და თბილისს გარეთ. „ქუჩის პროტესტები თბილისში და თბილისს გარეთ – ამ პროცესებს უბრალოდ აბინძურებს და აზიანებს, ჩვეულებრივი მავნებელია. ჩვენს გუნდს სააკაშვილი ვერასდროს დააზიანებს, მაგრამ პროცესს, რა თქმა უნდა, აზიანებს. ყურადღების ცენტრში ყოფნის წყურვილით თუ რა სურვილით აკეთებს თუ აფუჭებს ამ ყველაფერს, მის პარტიას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ის მავნებლობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილი სასარგებლო იდიოტის როლს ასრულებს“, – განუცხადა ანა ბუჩუკურმა „რუსთავი 2“-ს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ხალხი თუ ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე, მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“. ამავდროულად, სააკაშვილმა აღნიშნა: „თავს ნუ მოვიტყუებთ, ამ კრიმინალურ ბანდას ესმის მხოლოდ ჯოხის ენა, უფრო მეტი შეტევა, გაფიცვა, იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ხალხს“. ავტორი - თეონა ნოზაძე
  2. ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ირინე დანელიას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ირინე დანელიას სიგელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. „იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაშენებულ იაპონურ ბაღში ყოველწლიურად იმართება „საკურას ყვავილობის ფესტივალი“, ტარდება ჩაის ცერემონიები და იმართება ლექციები, რომლებიც ხელს უწყობენ იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს შორის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
  3. რეპრესიის სხვა მექანიზმებთან ერთად 2024 წლის განმავლობაში მზარდი იყო სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნული, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაა შეფასებული. საია-ს ცნობით, ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება პროტესტს, მათ შორისაა, 2024 წლის აპრილი-მაისის დროს რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული 6 პირის საქმე, 19 და 28 ნოემბრის შემდგომი უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტის დროს დაკავებული 38 ბრალდებულის საქმე, ასევე ბალდის კანიონის აქტივისტის, ინდიკო ბჟალავას, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეები. მათივე შეფასებით, „საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა არც „რუსული კანონის“ პროტესტის და, ასევე, არც 28 ნოემბრის შემდგომი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა“. როგორც საია-ში აცხადებენ, „მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში“. „წარდგენილი ბრალდებები აქტივისტების მიმართ უმეტესად წარდგენილია შემდეგი სახის ბრალდებები: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი), პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი), ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად (სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით) და სხვა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალეკო ელისაშვილს ბრალს სდებენ დევნის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენისთვის (სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით), ასევე რამდენიმე აქტივისტის მიმართ წარდგენილი ბრალდება ნარკოტიკულ დანაშაულს უკავშირდება (სსკ-ის 260-ე მუხლით ბრალდებები). საქმეთა გაჭიანურება რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული პირების საქმეთა განხილვა ჭიანურდება. ხსენებულ საქმეთა უმრავლესობაში მტკიცებულებები უდავოდაა ცნობილი, მიუხედავად ამისა, სასამართლო საქმის განხილვას არ ასრულებს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზებით სხდომებს დიდი დროით დებს. საია-ს შეფასებით, საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებენ საქმის განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მოასწროს. ბრალდების და სასამართლო ორგანოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან, რაც შემაშფოთებელია და ძირს უთხრის, ერთი მხრივ, პროკურატურის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, და, მეორე მხრივ, სასამართლოს სისტემის საქმიანობას. პატიმრობის გამოყენების პრაქტიკა ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე „რუსული კანონის“ პროტესტის დროს დაკავებულთა და ნოემბრის თვეში მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ყველა აქტივისტის მიმართ პირველ ეტაპზე სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა. ყველა შემთხვევაში, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის გამოყენების შესახებ - ბრალდებულების ისეთი გარემოებების მხედველობაში მიღების გარეშე, როგორებიცაა: ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, მათი პიროვნება, საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობა, ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. ამასთან დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები. ზოგიერთი იყო ერთადერთი მარჩენალი ან მომვლელი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრის. უმრავლესობა მათგანი არ იყო წარსულში ნასამართლევი, ან/და ასევე არ ჰქონდა ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ბრალდების მხარის დასაბუთება პატიმრობის გამოყენების შესახებ ეყრდნობოდა განზოგადებულ რისკებს, როგორიცაა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურება ან ახალი დანაშაულის ჩადენა. მხოლოდ ორ საგამონაკლისო შემთხვევაში მოხდა პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, ერთი შეეხებოდა პოლიტიკოსს - ალეკო ელისაშვილს და მეორე დაკავებულ არასრულწლოვან აქტივისტს. ორივე შემთხვევაში თავად ბრალდების მხარემ იშუამდგომლა პატიმრობის შეცვლა, პირველ შემთხვევაში გირაოთი, არასრულწლოვნის შემთხვევაში კი მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემით. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ადვოკატები მუდმივად ხაზს უსვამდნენ მტკიცებულებების არარსებობას, რომელიც დააკმაყოფილებდა სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. კერძოდ, სსკ-ის 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა) ბრალდებულთა სხდომაზე გაჟღერებული გარემოებების შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, უმეტესად ბრალდება არ ვლინდებოდა ბრალდებულთა შორის კოორდინაციისა ან კოლექტიური მოქმედების ფაქტი. ბრალდებულთა ნაწილს ბრალს სდებდნენ იზოლირებულ ქმედებებში სხვადასხვა დროსა და ადგილას, ურთიერთცოდნისა და განზრახვის მტკიცებულების გარეშე. პროკურატურა ინდივიდებს ბრალად სდებს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორებიცაა საგნების სროლა (ჯოხები, ბოთლები,მუყაოს ჯოხი, დაუდგენელი მძიმე საგანი), მაგრამ ვერ აკავშირებს აღნიშნულ ქმედებებს ერთობლივ და კოლექტიურ ძალადობასთან, ასევე არ საუბრობს კონკრეტულ ზიანზე. ამასთან კავშირში, ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ მას ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არაერთი საქმე აქვს, სადაც ანალოგიური ქმედებების განხორციელებისთვის ბრალდებულები სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად და მისთვის გაუგებარი იყო, როგორ გამიჯნა ბრალდების მხარემ ხსენებული ქმედებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან. მაგალითად, ქვის ან ჯოხის სროლისას, სად გადიოდა ზღვარი პირის სამართალდარღვევასა და შესაძლო დანაშაულს შორის?! საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ბრალად წარდგენილი ქმედებები საყურადღებოა, არა მხოლოდ, კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის თვალსაზრისით, არამედ იმ რისკების შეფასების ნაწილშიც, რომელთა დროსაც სისხლის სამართლებრივი მექანიზმები ბრალდების მხარის ხელში შესაძლოა იქცეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და აქციის მონაწილეთა დევნის რისკის მატარებლად. არასათანადო მოპყრობის შემთხვევები სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა რამდენიმე დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მაგალითად: ალეკო ელისაშვილმა პირველი წარდგენის სხდომაზე განმარტა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს. საბა სხვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე. რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას. ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პირების მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა არც რუსული კანონის პროტესტის და, ასევე, არც 28 ნოემბრის შემდგომი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში. საია აგრძელებს მიმდინარე საქმეებზე წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომების მონიტორინგს და საზოგადოებას დროდადრო მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია საია-ს ანგარიშში. იპნ
  4. პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი. სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ისინი უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობებს აგრძელებენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს. „რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. ipn
  5. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. უწყების ცნობით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
  6. ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 მგზავრი იმყოფებოდა ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანი გადაურჩა. თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტის შეცვლა მოუწია.
  7. კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მოსაზრება შეაფასა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. როგორც ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, მსგავსი ტიპის მოლოდინების გაჩენა არ არის სწორი, მათ შორის, „გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დგანან აქციაზე და ყოველდღიურად ელოდებიან სიახლეს“. სიჭინავა გამოსავალს ხედავს ხელისუფლების იძულებაში, წავიდეს დათმობაზე და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. „ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენი მიზანია, პოლიტიკური პროცესის დაბრუნება, ქვეყნის დაბრუნება ხელისუფლების კონსტიტუციურ ჩარჩოებში და არა კონსტიტუციურ მოუსავლეთში გაშვება. კონსტიტუციით არის მოწესრიგებული კონკრეტული მექანიზმი - რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მთავრობის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ სპირალში უნდა შევიდეთ. კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას. პრეზიდენტს რომც გააჩნდეს ასეთი ტიპის ბერკეტი, რაღაც აქტი გამოსცეს, რა ხდება მერე? - კალანდარიშვილის ცესკო ადგება და ახალ არჩევნებს ჩაატარებს? ამიტომ, ასეთი ტიპის მოლოდინების გაჩენა არ იქნება სწორი, მათ შორის, გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დგანან აქციაზე და ყოველდღიურად ელოდებიან სიახლეს. ეს არის გრძელვადიანი, პროტესტი გრძელვადიანი ბრძოლა, რომელსაც სჭირდება თანმიმდევრული მოქმედებები და მოლოდინების სწორი მართვა. სწორედ ეს არის გამოსავალი, რომ ხელისუფლებას ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. მან შეაფასა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და აღნიშნა, რომ ვითარება ქვეყანაში კრიტიკულია. მისივე მოსაზრებით, ახალი არჩევნების დანიშვნას მაშინ ექნება აზრი, თუ არ იქნება დეპოლიტიზირებული სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ახალი ადმინისტრაცია ცესკოში, სუს-ში, ანტიკორუფციული სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში. „სიტუაცია არის კრიტიკული, თუმცა საზოგადოებას არ მინდა არასწორი მოლოდინები შევუქმნა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში არიან, თითქოს 29 დეკემბრამდე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და საერთო გამოსავალს ვიპოვით. ჩვენს პოლიტიკურ ძალას არასდროს გვიჩქარია, გადაწყვეტილებები ყოველთვის თანმიმდევრულად მიგვიღია და მტკიცე პოზიცია გვაქვს შეხვედრების დროს. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ჯანსაღი გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება. არჩევნების ჩატარება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი რეკომენდაციები გაუცია ეუთო/ოდირს სხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მაგალითად 2021 წელს, მაგრამ „ოცნებამ“ ბევრად უფრო გაუარესებულ პირობებში ჩაატარა არჩევნები. ნებისმიერი რეკომენდაცია, ან ევროკავშირის, ან ეუთო/ოდირის, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, „ოცნების“ თავზე მგლის სახარების კითხვას ჰგავს. როდესაც ახალ არჩევნებს ვითხოვთ, ძალიან მკაფიო უნდა იყოს ჩვენი გზავნილი. ჩვენი პოლიტიკური ძალა ამას მკაფიოდ უსვამს ხაზს: თუ დეპოლიტიზირებული სახელმწიფო ინსტიტუტები არ გვეყოლება, მათ შორის ახალი ადმინისტრაცია ცესკოში, ასევე სუს-ში, ანტიკორუფციული სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, ახალი ტიპის არჩევნებს ვერ მივიღებთ“, - განაცხადა სიჭინავამ. იპნ
  8. ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღინიშნება, რომ ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. "ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში უდგანან. ახლა შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი," - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. იპნ
  9. მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი, - ამის შესახებ აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე რუსთავის ციხიდან წერილში წერს , რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. ცხვიტარიძე წერილში დაკავების დეტალებს აღწერს და ამბობს, რომ მასზე ძალადობა მოხდა დაკითხვის დროსაც - „მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნივთები“. „ახლა, პირველად მეძლევა შესაძლებლობა, მოვყვე თუ როგორ დამიჭირეს. მთელი ღამის განმავლობაში, როგორ მექცეოდნენ დიღმის მთავარ სამმართველოში. როცა დამიჭირეს, იქნებოდა ღამის პირველი-ორი საათი, ზესტაფონის გზაზე გამაჩერა საპატრულო პოლიციამ. თან მახლდა მამა. საპატრულო პოლიციამ მომთხოვა, მანქანიდან გადმოსვლა, რასაც დავემორჩილე, მერე დამადეს ხელბორკილი, რაზეც მოვითხოვე განემარტათ თუ რატომ მაკავებდნენ და მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, სულ რამდენიმე წამით ჩართეს კამერა და ისევ გამორთეს, პასუხი თუ რაზე მაკავებდნენ, მიპასუხეს, რომ მეტყვიან სხვები, როდესაც მამაჩემს ვუთხარი, დაერეკა ჩემს ადვოკატთან, მამაჩემს ჩამოართვეს ტელეფონი, რა თქმა უნდა, პასუხი დაკავების მიზეზის შესახებ, ვერ მივიღე. ჩამსვეს მანქანაში და დაიძრნენ თბილისის მიმართულებით, დაახლოებით გორთან, „სოკარის ბენზინ“ გასამართ სადგურთან დაგხვდა შავი ოპერატიული მანქანა და იქ გადამცეს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, იმათაც არ განმიმარტეს თუ რაზე დამაკავეს, დამადეს ხელბორკილი და მითხრეს, რომ 20 წუთში გავიგებდი, რატომ ვიყავი დაკავებული. როდესაც მივედით თბილისის მთავარ სამმართველოსთან, მომხსნეს ბორკილები და მითხრეს, რომ დაკავებული არ ვიყავი, მოწმის სტატუსით მომიყვანეს სამმართველოში, საშვი გამიფორმეს და ამიყვანეს მე-5 სართულზე, ყველაფერი აქედან დაიწყო. ერთ-ერთის კაბინეტში შემიყვანეს და მეუბნებოდნენ, რომ პოლიციელზე ძალადობა არავის შერჩება, რაზეც ვუთხარი, რომ მე პოლიციელზე არ მიძალადია. ამის პასუხად მითხრეს, რომ მალე გავერკვეოდი ვისზე ვიძალადე და ვისზე არა და დაუძახეს ვიღაც ნიღბიანებს. შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, თვითონ კი გავიდნენ ოთახიდან, რა დროსაც დაიწყო ჩემზე ძალადობა, მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ, 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ, დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი. მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის „ექიმები’’ არიანო, ამ ქალაქში ასე ’’პროფესიონალურად’’ საქმეს არავინ ასრულებსო. როცა ვითხოვდი სასწრაფოს, ირონიით მიმეორებდნენ გზაშიაო, აქ, რომ მორჩნენ თავიანთ საქმე,ს გადამაბარეს 3 თანამშრომელს, რომლებმაც ამიყვანეს მე-8 სართულზე, ჯერ შემიყვანეს უფროსის ოთახში, სადაც სამნი ისხდნენ, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მითხრეს, რომ ჩვენებას დავწერდი! შემდეგ შემიყვანეს გვერდზე კაბინეტში გამომძიებელთან, გამომძიებელი იყო ქალი პოლიციის ფორმაში, მის გვერდით მაგიდაზე კი იჯდა კაცი, რომელიც ოქმს ავსებდა, მოვითხოვე ადვოკატი და რაზეც დამცინავად მიპასუხეს, რომ გზაშია, ქალი გამომძიებელი კი რაღაცას ავსებდა და მონაცემებს მეკითხებოდა, რა დროსაც მის გვერდზე მჯდომმა კაცმა მითხრა, დაზიანებები მანახეო და მაისური ავიწიე, მოინიშნა სიწითლეები და შემდეგ ქალს უთხრა დაეტოვებინა კაბინეტი, რა დროსაც შემოვიდა ერთი ნიღბიანი ზონდერი და მეორე საპატრულოს ფორმაში პირბადიანი კუნთმაგარი პოლიციელი, რა დროსაც დაიწყო ისევ ძალადობა ჩემზე, მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნივთები. დაბრუნდნენ გამომძიებლები და მეუბნებოდნენ, ვიძალადე თუ არა პოლიციაზე, ჩემი პასუხი იყო, რომ - არა. ამის შემდეგ ისევ თავიდან შეამოწმეს დაზიანებები, გააფორმეს ოქმი, რაზეც მე ხელი არ მოვაწერე და ამის შემდგომ ჩამიყვანეს „კაპეზეზე“. კაპაეზეზე ჩემი ცემა არ გაგრძელებულა, პირიქით კაპეზეს თანამშრომლები გამოირჩნენ კეთილგანწყობით. კაპეზეზე მინახულა სახალხო დამცველმა და დეტალურად ჩაიწერა ჩემი ჩვენება, ასევე შემოვიდა სპეციალური საგამოძიებო და როდესაც დავიწყე მოყოლა ჩემი ამბის, შემაწყვეტინა და მეკითხება შენი ამბავი აქციებს უკავშირდება თუ არაო ? მე ვუთხარი, რომ ბრალს აქციაზე მომხდარში მდებდნენ. დაიბნა, მე ისევ გავაგრძელე მოყოლა ისევ, გამაჩერა და მეუბნება, მოდი შენც, რომ დალაგდები შენს ადვოკატთან ერთად გავიაროთ, ეს ამბავი იურიდიულად გამართული რომ იყოსო და წავიდა. სიყვარულით საბა, რუსთავის მე-6 ციხიდან“, - წერს საბა ცხვიტარიძე წერილში. იპნ
  10. პრეზიდენტს როდის აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება, ეს პირდაპირ განსაზღვულია კონსტიტუციით. კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ კიდევ უფრო კი არ უნდა გავიდეთ, არამედ პირიქით - ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1150456739772844
  11. თუ კიდევ ვინმეს სჯერა რომ საფრთხე სააკაშვილშია, რატომ ახდენს ოცნების პროპაგანდისტული მედია საშუალებები მის შეუზღუდავ რეკლამირებას, მაშინ როცა ხალხის სამართლიანი პროტესტი გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/946484076947527
  12. სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით - თანმიმდევრული მოქმედებებით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს არჩევნები. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1507899233221933
  13. უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 1 მილიარდი დოლარი მიიღო, რომელიც გაყინული რუსული აქტივების სარგებლითაა უზრუნველყოფილი. ეს არის დაგეგმილი 20 მილაირდი დოლარის პირველი ტრანში, რომლის გადმოცემასაც აშშ “დიდი შვიდეულის” ინიციატივის ფარგლებში აპირებს. მადლობელი ვართ ამერიკელი პარტნიორებისა და მსოფლიო ბანკის სამართლიანობისკენ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. ველით, რომ მოხდება ყველა რუსული სუვერენული აქტივის კონფლისკაცია და უკრაინის აღსადგენად გამოყენება”, - წერს შმიგალი. იპნ
  14. ეს არის სადავო საკითხი, ჩვენთვის ჩარჩო არის ერთი, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, დანიშნოს არჩევნები, - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის , ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ მისი პირადი პოზიციაა, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები. ცქიტიშვილის თქმით, ხელახალი არჩევნების დანიშვნა უნდა მოხდეს ხელისუფლებაზე „შიდა და გარე ზეწოლით“. „შიდა და გარე ზეწოლით, პოლიტიკური პროცესებით ხელისუფლება ვაიძულოთ დაინიშნოს არჩევნები და ეს არჩევნები უნდა იყოს გარანტირებულად უკეთესი, არ მივცეთ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მოიპაროს არჩევნები. ამის წინაპირობა არის არა მხოლოდ იმ ხალხის გათავისუფლება, რომლებსაც პატიმრობის ვადა ისედაც გასდით, არამედ სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები უნდა გამოვიდნენ და შეწყდეს მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. რაც შეეხება, უშუალოდ შეხვედრას, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სიახლეებს ვერ იტყვის. „მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე ბევრ სიახლეს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ პრინციპული საკითხები იყოს შეთანხმებული იმისთვის, რომ ქვეყანა 29 დეკემბრამდე, თუკი ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და მოლაპარაკეებზე მოვა, ჩვენ მზად უნდა გვქონდეს ხედვები, რომელიც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. ამ მოსაზრებების ძირითადი ნაწილი მზად არის, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრებები არის მცირე საკითხებში. თუმცა არავის გვაქვს მოლოდინი, რომ გონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ 29 დეკემბრის მერეც გვქონდეს ნაბიჯები, რათა მზად ვიყოთ გაღრმავებული კრიზისისთვის, რომელიც მოსალოდნელია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. ipn
  15. 21 წლის ბილალ დუიშვილს პოლიცია 4 დეკემბერს ფიზიკურად გაუსწორდა. პანკისელი სტუდენტი პროევროპულ საპროტესტო აქციაზე მეგობართან ერთად იყო. მისი ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი, მარიამ ყველაშვილი „პუბლიკას” ეუბნება, რომ დუიშვილი დააკავეს და სცემეს მაშინ, როცა პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო და ის პროტესტის ადგილიდან წასვლას ცდილობდა. ყველაშვილისვე თქმით, ბილალს ზუსტად არ ახსოვს, რა დრო გაატარა მანქანაში, ასევე არ იცის, ზუსტად სად წაიყვანეს. თუმცა, იურისტის თქმით, ყვება, რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანისთანავე შეიყვანეს აბანაზაში, რათა სისხლი ჩამოებანათ. ბილალ დუიშვილის ადმინისტრაციული საქმის სასამართლო პროცესი 27 იანვარს დაინიშნა. პოლიცია ნაცემ დემონსტრანტს წვრილმან ხულიგნობას (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას ედავება (ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი). მარიამ ყველაშვილის თქმით, ბილალ დუიშვილმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. დაიწყებულია გამოძიება და დუიშვილი დაზარალებულად არის ცნობილი. პუბლიკა
  16. მეშახტეები გიორგი აბულაძე და ხვიჩა გაბუნია აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მედიასთან საუბარში ის აცხადებს, რომ არჩევნებამდე იყო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, რასაც მოჰყვა მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა: მეორე მეშახტე ხვიჩა გაბუნია წერს, რომ ის და 100-მდე მეშახტე დარჩა უმუშევარი. მედიასთან სატელევიზიო კომენტარში მან განაცხადა, რომ კიდევ აპირებენ სხვა მეშახტეების გათავისუფლებას. კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენელი გვანცა დელიბაშვილი „პირველ არხს“ ეუბნება, რომ მეშახტეები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ. კომპანიამ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა განცხადება ევროპულ სტანდარტებთან მორგების პროცესსა და რეორგანიზაციასა და კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით: „საქნახშირი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას! ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქნახშირში დასაქმებულების ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესი წარმატებით განხორციელდა. […] ახალი შახტის პროექტი თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, გაიღრმაოს ცოდნა, გაიუმჯობესოს გამოცდილება ან, აირჩიოს სრულიად ახალი პროფესია. მოპოვების და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი, ევროპული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება. ამიტომ, სპეციალისტების ცოდნის შემოწმება და გადამზადება მნიშვნელოვანია. სწორედ ევროსტანდარტების გათვალისწინება და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მომზადება არის მთავარი პირობა, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებულია ახალი პროექტების განხორციელება.
  17. პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, - ამის შესახებ ექიმმა ხათუნა ხუფენიამ 16 წლის დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. ექიმის თქმით, პაციენტის მკურნალობა რეანიმაციულ დეპარტამენტში გრძელდება. „ამ წუთისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ ჩვენს კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა. გაკეთდა გადაუდებლად ოპერაცია. სასიცოცხლო ჩვენებით, მასიური დანაკარგიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში", - განაცხადა ხათუნა ხუფენიამ „რუსთავი 2-თან“. ინფორმაციისთვის, თბილისში, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს, რომელიც ასევე, მოზარდია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. იპნ
  18. დღეს გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, საბჭო რას გულისხმობს , - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მექანიზმებზე. „დღევანდელი შეხვედრა უკავშირდება იმას, რაზეც ჩვენს მოსაზრებებში არანაირი განსხვავება არ არის, ეს არის დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლება უპირობოდ, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი დევნაც უნდა შეწყდეს. მეორე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები ჩატარდეს და არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს საბაზისო დემოკრატიულ სტანდარტებს. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ ინსტიტუტების განეიტრალება, რომლებიც იპარავენ არჩევნებს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი. იპნ
  19. „ქართული ოცნება“ თავდაჯერებით დებს ფსონს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას სურს, რომ დონალდ ტრამპმა უგულებელყოს სახელმწიფო რესურსების ძარცვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო ქალებსა და მამაკაცებზე თავდასხმები, - ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. „ქართულ ოცნებას“ ასევე სურს, რომ ტრამპმა არ შეამჩნიოს მისი ხვეწნა-მუდარა რუსეთისადმი, პრემიერ-მინისტრის დასწრება „ჰამასის“ ლიდერის დაკრძალვაზე და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჩინეთის სტრატეგიული ინტერესების მიმართ, რამაც განაპირობა ის, რომ მთავრობამ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას პეკინთან და, როგორც ჩანს, არაკვალიფიციურ მხარდაჭერას ჩინეთის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - აღნიშნულია სტატიაში. სტატიის ავტორი წერს, რომ „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, ტრამპი მის მიმართ იმავე მიდგომას გამოიყენებს, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ გამოიყენა, კერძოდ, „მიესალმება მის რიტორიკულ ქებას, ხოლო უგულებელყოფს ტრამპისა და ამერიკის უკეთესი ინტერესების აშკარა ღალატს“. „ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი მის სატყუარას წამოეგება. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ წარმოადგენს კორუმპირებულ ელიტას, რომელიც მოქმედებს რიგითი ადამიანების ინტერესების წინააღმდეგ ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე. თავის მხრივ, ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს მისი ინტერესების წინააღმდეგ სანქციების, მათ შორის მეორადი სანქციების, წინაშე აღმოჩენის გამო. იგივეს შიში უნდა ჰქონდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც“, - აღნიშნულია სტატიაში. ავტორი წერს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის არც ტრამპისა და არც ამერიკის მეგობარი. „ავიღოთ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი. ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა, ყაველაშვილმა შეერთებულ შტატები დაადანაშაულა იმ სისასტიკეში, რომელიც მისმა პარტნიორებმა თანამოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელეს. მკვეთრი ანტიამერიკელი ყაველაშვილი ივნისში თავს დაესხა კონგრესის წევრებს, მათ შორის გამოჩენილ „რესპუბლიკელებს“ და განაცხადა: „მათ ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი“ აქვთ. ყაველაშვილმა გააფრთხილა თავისი პოლიტიკური ოპონენტები, რომ მათ დაემუქრებათ ბნელი შედეგები აშშ-ის კონგრესის წინაშე საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის შესახებ ჩვენების მიცემის შემთხვევაში. მან თქვა: „არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხი ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის!" უდანაშაულო ქართველი ხალხის დასისხლიანებულ და დაზიანებულ თვალებში მსოფლიო ახლა ხედავს, თუ რას გულისხმობდა ყაველაშვილი „სათანადოში“, - აღნიშნულია სტატიაში. სტატიის ავტორი წერს, რომ ტრამპმა „ქართული ოცნება“ ისე უნდა შეაფასოს, როგორიც არის. „კორუმპირებული ავაზაკების ჯგუფი, რომელთაც სურთ საქართველოს კონსტიტუცია და ხალხი მორჩილებაში ჰყავდეთ, რათა უკეთ გამდიდრდნენ და უკეთ ემსახურონ ამერიკის მოწინააღმდეგეებს მოსკოვსა და პეკინში“, - აღნიშნულია სტატიაში. იპნ
  20. ჩვენი მთავარი სამიზნე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გაგრძელებისას არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავად სანამ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე ეს თოჯინების თეატრიც ასეთი შემართებით იქნება. საკუთარ თავს დააჯერებენ, რომ არაფერი ხდება და ექნებათ ივანიშვილის მილიარდების იმედი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, მომავალი წლის პირველი კვარტლის პერიოდში იქნება შედეგი მიღწეული, როცა საერთაშორისო სანქციები მათ შორის ივანიშვილზეც გაფართოვდება. „დღეს საზოგადოებაში მთავარი დაკვეთა არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა. იცით, რომ ამ საპროტესტო მუხტს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, აქვს ორი მოთხოვნა: ერთ-ერთი არის უკანონო დაკავებულების გათავისუფლება და მეორე არის ხელახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა შევქმნათ ის მოდელი, წინაპირობები, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებისთვის. ჩვენ არ გვსურს ისეთივე არჩევნები, რომლის პირობებშიც ივანიშვილს და „ოცნებას“ ექნება საშუალება, რომ მოჰპაროს ქართველ ხალხს, როგორც ეს გააკეთა აქამდე. დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში. არცერთი განცხადება, რომელიც იქნება გაკეთებული და გაჟღერებული თოჯინების თეატრის წარმომადგენლების მხრიდან, არ იქნება, რა თქმა უნდა, მიმართული იმაზე, რომ მათ გამოაჩინონ ან უკან დახევა, ან კომპრომისი და ა.შ. ჩვენი მთავარი სამიზნე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გაგრძელების არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავად სანამ არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მანამდე ეს თოჯინების თეატრიც ასეთი შემართებით იქნება. საკუთარ თავს დააჯერებენ, რომ არაფერი ხდება და ექნებათ ივანიშვილის მილიარდების იმედი. ჯერჯერობით, ივანიშვილის გამხმოვანებლები აჩვენებენ ისეთ პოზიციებს, თითქოს, მათი საქმე არის ძალიან კარგად, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ, რომ უპრეცედენტოდ მძიმე საერთაშორისო სანქციები მოდის. საპროტესტო მუხტი ქვეყნის შიგნით კი არ ნელდება, არამედ კიდევ უფრო მეტად მასშტაბური ხდება და კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებული კონკრეტული საკითხების ირგვლივ. ამოცანას, რომელიც გადასაჭრელი გვაქვს და არის ამ ე.წ. ხელისუფლების ძალაუფლებიდან გაშვება, არის რამდენიმე ფაზად დაყოფილი. დაახლოებით მომავალი წლის პირველი კვარტლის პერიოდში იქნება შედეგი მიღწეული. ეს არის დაახლოებით მეორე ფაზა, როცა საერთაშორისო სანქციები, „მაგნიტსკის სია“ იქნება თუ სხვა, იქნება გაფართოებული მათ შორის ივანიშვილზეც. ახლა რას გვეუბნებიან, საერთაშორისო სანქცირებულ ადამიანს თუ ფინანსური ზიანი მიადგებაო, სანქცირებულ დამნაშავე ადამიანს, რომელთა ნაბიჯებმაც თვითონ გამოიწვია სანქცირება, ბიუჯეტიდან მოხდება ამის ანაზღაურებაო. ხომ გასაგებია, რომ მთავარი ადრესატი ამ საკითხის არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის შემთხვევაშიც საუბარი შეიძლება იყოს ასობით მილიონ და მილიარდობით ლარზე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
  21. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. ამის შესახებ ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თამარ ხვედელიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ სახელით გვსურს, გამოვეხმაუროთ საკრებულოს დღევანდელ სხდომას, რომელზეც მობრძანდება ქალაქის, მერი კალაძე და თბილისის მთავრობის წარმომადგენლები. როგორც უკვე იცით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრები 2024 წლის ივნისიდან, კერძოდ, ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებიდან, ვართ ბოიკოტის რეჟიმში. სამწუხაროდ, მას მერე „ოცნების“ მავნებლურმა ქმედებებმა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს კრიზისსა და არაკონსტიტუციურ პროცესში შეიყვანეს - სისტემური კორუფციით, არჩევნების მოპარვით, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებებით, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობით ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა ავტორიტარული რეჟიმის დამყარება ჩვენს ქვეყანაში. 27-დღიანმა სახალხო პროტესტმა მოგვიტანა შემდეგი: არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს არალეგიტიმურ მთავრობას და პარლამენტს; ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან დაწესდა პერსონალური სანქციები იმ ინდივიდების მიმართ, ვინც არღვევს კონსტიტუციას, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, ჩაფლულია სისტემურ კორუფციაში, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და კლავს ევროინტეგრაციის პროცესს. ასეთ ვითარებაში, ცხადია, არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე „ოცნების“ უმრავლესობასთან ერთად. ჩვენ პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას და დღეს, 19:00 საათზე ყველას გელოდებით დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები და ივანიშვილის მიერ მძევლად აყვანილი, უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება! ამ ბრძოლას ჩვენ ერთად აუცილებლად მოვიგებთ - ერთად დავაბრუნებთ საქართველოს ნორმალური, ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზაზე!“,- განაცხადა თამარ ხვედელიანმა. იპნ
  22. საქართველოს მთავრობის უწყვეტი თავდასხმები აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოს მთავრობის უწყვეტი თავდასხმები აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს“, - წერს ჯიმ რიში. ipn
  23. “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირისკენ სვლას. 28 ნოემბერს კობახიძის გაკეთებულ განცხადებას წინასწარ ამზადებდნენ პიარულად, მუშაობდნენ, რომ ხალხი შეემზადებინათ ფსიქოლოგიურად, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზვიად ძიძიგურმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. ძიძიგურის ვარაუდით, ცოტა ხანში “ქართული ოცნების” ლიდერები სხვა კავშირებზე დაიწყებენ საუბარს და საზოგადოებას ევრაზიის კავშირს ან 3+3 ფორმატს შესთავაზებენ. “დღეს უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დიდი იმედი მაინც და მაინც არ უნდა გვქონდესო, ანუ უკვე იციან, რომ ვერანაირი ტიპის ურთიერთობა ვერ დალაგდება, ვერც დაალაგებენ, ამიტომ, საქართველო რომ ევროკავშირისკენ არ მიდის, ამის განაცხადი პირდაპირ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხელისუფლება ატყუებდა თავის მხარდამჭერებს, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირში. გავიდა რამდენიმე კვირა და ამბობს, რომ ჩვენ არ მივდივართ ევროკავშირში და ჩვენ არ ვაპირებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ნელ-ნელა დაიწყებენ ამაზე მუშაობას თვითონ რასაც ფიქრობენ - ევრაზიული კავშირი, ან 3+3 ფორმატი - ეს არის საქართველოს მომავალი მათი გადმოსახედიდან. 85% ქვეყანაში, რომელიც არის ევროინტეგრაციის მომხრე, უპირისპირდება ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე, ხალხისა და ხელისუფლების ასეთ დაპირისპირებაში ხელისუფლებას არანაირი შანსი არ აქვს. ამ 85%-ში შედიან ის ადამიანები, რომლებმაც “ქართულ ოცნებას” მისცეს ხმა. ჩვენი ამოცანაა, ეს სანქციების თემა ძალიან კარგად გავშალოთ, ყველას კარგად ავუხსნათ, რას ნიშნავს დასანქცირებული ჩინოვნიკების ღირსების ორდენზე წარდგენა, მათი დაწინაურებას ნიშნავს თუ არა ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობაზე უარის თქმას. “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირისკენ სვლას. 28 ნოემბერს კობახიძის გაკეთებულ განცხადებას წინასწარ ამზადებდნენ, მდინარაძე და პაპუაშვილი გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ მთელ რიგ ქვეყნებთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთო. ამ განცხადებას პიარულად ამზადებდნენ წინა რამდენიმე დღის განმავლობაში, მუშაობდნენ, რომ ხალხი შეემზადებინათ ფსიქოლოგიურად და შემდეგ გამოვიდა კობახიძე და დააბრეხვა”, - განაცხადა ძიძიგურმა. შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს ისაუბრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების პერსპექტივაზე. კერძოდ, მდინარაძის თქმით, 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე საქართველო "არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს". "ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ: ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხომ? სუბიექტურად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს ერთი - ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე - “დიფ სტეიტის” დამარცხება", - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა: "თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება". ipn
  24. 29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 29 დეკემბრის შემდეგაც ის პრეზიდენტი იქნება და გააგრძელებს ხალხის მსახურებას. „29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ვთქვა „აბა, რა“. მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებიდან და ბევრი ჯგუფებიდან, რომ „აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს“, მაგრამ დასაცავიც არა ვარ, არც მეშინია და ვნახოთ სად ვიქნები 29-ის მერე, როგორ ვიქნები, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანას და სამშობლოს. ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ipn
  25. ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, ვინც დღეს არიან რეჟიმის სპონსორები უნდა ესმოდეთ, რომ პასუხისმგებლობები პერსონალური იქნება. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/926067696345591
×
×
  • შექმენი...