-
პოსტები
677 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი მდა
-
გიორგი შერვაშიძე (1846-1918) http://s59.radikal.ru/i166/0812/77/70bfff837dfc.jpg აფხაზი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა და ალექსანდრა დადიანის ვაჟი. ქართული ენა იყო მისი მეორე ენა, ამიტომ კარგად იცნობდა ძველ და ახალ ქართულ მწერლობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს. 60-იანი წლების დასაწყისში თბილისის მეფისნაცვლის ადიუტანტი იყო. რუსეთის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1866 წელს ამბოხებულმა აფხაზებმა მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ ამბოხება ჩაახშეს და შერვაშიძე რუსეთში გადაასახლეს. დაბრუნების შემდეგ ქუთაისში ცხოვრობდა, რადგანაც აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს. მშობლიურ ქალაქში, სოხუმში, მხოლოდ 1905 წელს დაბრუნდა. შერვაშიძე იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგი მესხის და სხვათა თანამოაზრე მათ ყველა ეროვნულ საქმეში გვერდში ედგა, მათთან ერთად იღვწოდა საერთო ეროვნული შეგნების, მშობლიური ენისა და კულტურის განვითარებისათვის. 70-იანი წლებიდან მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები, პოემები იბეჭდებოდა ქართული პრესაში ("დროება", "ივერია", "სამშობლო", თეატრი და ცხოვრება"). აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. 1881 წელს თბილისში დაიდგა მისი პიესა "მომაკვდავნი სურათნი", 1915 წელს - "გიორგი მესამე", აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, რითიც დიდი ამაგი დასდო ქართული ეროვნული თეატრალური კულტურის განვითარებას.
-
იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი (1735-1817) http://s47.radikal.ru/i118/0812/de/8e3c1a4aa1e8.jpg წარმოშობით ქართველი, ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის გამგებელი. დაიბადა სოფელ მარტყოფში. 15 წლის იყო, როცა გაიტაცეს და სტამბულის გავლით ეგვიპტეში წაიყვანეს, სადაც მონად გაყიდეს. ეგვიპტელმა მფლობელმა სახელი შეუცვალა და იბრაჰიმი დაარქვა. ბეის წოდება კი მოგვიანებით, 1767 წელს მიიღო. იბრაჰიმის პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო. მან ერთგულად მსახურობისათვის იბრაჰიმი გაათავისუფლა. როცა მისი ყოფილი პატრონი გარდაიცვალა, სხვა ქართველ მამლუქთან, მურად ბეისთან, ერთად ქვეყნის სადავეები იგდო ხელთ. იბრაჰიმს კავშირი არ შეუწყვეტია საკუთარ ქვეყანასთან. მოახერხა და მშობლიურ სოფელში, მარტყოფში, წერილი გაგზავნა. სწორედ მისი გამოგზავნილი ფულით არის აგებული მარტყოფის ცენტრში მდგარი ეკლესია, რომელიც იბრაჰიმმა მოხუცებული დედისთვის ააგებინა, რომელსაც სოფლიდან მოშორებით მდგარ წმ. ნიკოლოზის ტაძარში სიარული უჭირდა. პირამიდებთან და ჰელიოპოლისის ბრძოლისას იბრაჰიმი ნაპოლეონს ეომებოდა, მაგრამ ორივე ბრძოლაში დამარცხდა. ამ დამარცხების შედეგად მან ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა. 1811 წლის 1 მარტს მუჰამედ ფაშას მიერ მამლუქთა ჟლეტას გადაურჩა და ზემო ეგვიპტეს შაფარა თავი.
-
ალექსი შიუკაშვილი (1893-1985) http://s44.radikal.ru/i106/0812/2c/e579b635baf0.jpg ქართული ავიაციის ერთ-ერთი პიონერთაგანი და პირველი ქართველი მფრინავი, ავიაციის პოლკოვნიკი. გიმნაზისტმა შიუკაშვილმა 1908 წლის 5 მაისს რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე პირველმა იფრინა თავისი კონსტრუქციის პლანერით. აფრინდა თბილისში მახათის მთიდან. 1912 წელს შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის თვითმფრინავი "უტკა", შემდეგ მოქანავე ფრთებიანი საცდელი თვითმფრინავი. მან პირველმა მსოფლიოში შექმნა და გამოიყენა სამთვლიანი შასი (წინა ასაკეცი თვალით). 1941 წელს წელს დაამთავრა გატჩინის ოფიცერთა საავიაციო სკოლა. შიუკაშვილი პირველი მსოფლიო ომის მონაწილეა, წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იყო მოსკოვის დაცვის ავიაციის უფროსი, კავკასიის არმიის საჰაერო ფლოტის უფროსი და სხვა. რუსეთში სამოქალაქო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთისა და თურქესტანის ფრონტის ავიაციას. 1923 წელს დაბრუნდა თბილისში. შიუკაშვილი იყო ამიერკავკასიის აეროფლოტის დაარსების ინიციატორი და მისი ხელმძღვანელი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა სამხედრო-საჰაერო ძალების ობიექტების თავდაცვას. ომის შემდეგ იყო ამ შტაბის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის სამხედრო კათედრის მასწავლებელი. არის მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი ავიაციის დარგში, მათ შორის აღსანიშნავია, რუსულ ენაზე გამოცემული მისი სახელმძღვანელო "ავიაციის საფუძვლები".
-
შუშანიკი (V საუკუნის II ნახევარი) http://s45.radikal.ru/i110/0812/d2/4df0c5b7769e.jpg ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე, სომეხთა მხედართმთავრის, ვარდანის ასული. წარმოშობით მამიკონიანთა დიდი და, ამავე დროს, ტრაგიკული ოჯახის შვილი იყო. მისი წინაპრები სპარსეთთან ბრძოლას შეეწირნენ, ამიტომ იზრდებოდა დაობლებული შუშანიკი ვარსქენის მამის, არშუშას ოჯახში. ირანისა და მაზდეანობის სიძულვილი მამის ოჯახიდან ჰქონდა გამოყოლილი, ამან გაუღრმავა ქრისტეს სიყვარული და ბავშვობიდან ღვთის მოშიში გახდა. იაკობ ცურტაველი დიდი მოწიწებით, სიყვარულითა და აღტაცებით აგვიწერს მის სულიერ სახეს, მოწამებრივ ცხოვრებას. როდესაც საქართველოში ირანის პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა და მაზდეანობა მიიღო, შუშანიკი ქმარს გაემიჯნა. აქედან დაიწყო დედოფლის ხორციელი წამება, თუმცა იესო ქრისტეს მსგავსად, ტანჯვას სიხარულით იღებდა, დანთხეულ სისხლს ცოდვათა გასაწმედელად მიიჩნევდა. დედოფალი არ შეეპუა ქმარს. არნახული ტანჯვა აიტანა, ციხეში უმძიმესი ექვსნახევარი წელიწადი გაატარა. ფიზიკური ტკივილი სულის სიმტკიცეს მატებდა, უფრო და უფრო შეუპოვარს ხდიდა. შუშანიკი გარდაიცვალა 17 ოქტომბერს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
-
შოთა ჩანტლაძე (1928-1968) http://s46.radikal.ru/i113/0812/a1/678b2021e4e1.jpg პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთში. 1934 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც შოთა ჩანტლაძემ 1947 წელს დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთხანს თეთრიწყაროს რაიონში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ - რედაქტორ-სტილისტად სხვადასხვა გამომცემლობაში. თანამშრომლობდა პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, იგავებს, მინიატურებს, თარგმნიდა უცხოურ ლიტერატურას.
-
თენგიზ ჩანტლაძე (1933-1988) http://s59.radikal.ru/i166/0812/a4/91c9c59a3dc6.jpg 1958 წელს თენგიზ ჩანტლაძემ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1957 წლიდან, მან მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადაზე კონფერანსიედ. 1960-61 წლებში ჩანტლაძე კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1962 წლიდან კი მან ფილარმონიასთან დააარსა მინიატიურების თეატრი, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობიც თავად გახლდათ. 1975 წელს მისი ინიციატივით დასი ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა. თენგიზ ჩანტლაძისთვის დამახასიათებელი იყო გარდასახვის დიდი უნარი, გამომსახველობით საშუალებათა დიდი მრავალფეროვნება, შესანიშნავი სამსახიობო ტექნიკა, ლირიზმი და იუმორი. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ლუარსაბ თათქარიძე, ანატოლი ნოვოსელცევი, ვანო ხიმშიაშვილი, მილიციის უფროსი გვარამია, ალფონსო დონ ჟუანი და სხვა.
-
ირაკლი ჩარკვიანი (1961-2006) http://s44.radikal.ru/i105/0812/5b/035faab3934a.jpg ქართველი მუსიკოსი. ცნობილია ასევე ფსევდონიმით "მეფე". ჩარკვიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი. 1967-74 წლებში მიიღო მუსიკალური განათლება კლასიკური ფორტეპიანოს განხრით. 1991 წელს ის ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლაში სწავლობდა. ირაკლიმ თავისი პირველი სიმღერები დაწერა და შეასრულა 1976 წელს როკ ჯგუფ "არიშთან" ერთად. მისი ლექსები და მოკლე მოთხრობები იბეჭდებოდა საქართველოს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში 1983-1987 წლებში. ჩარკვიანი უკრავდა, ასევე, ჯგუფ "ტაქსში" დადა დადიანთან ერთად. 1988 წელს გამოვიდა მისი ალბომი "ტაქსი". მუსიკოსის მეორე ჯგუფი იყო "საბავშვო მედიცინა", რომელთან ერთადაც უკრავდა მოსკოვსა და თბილისში. 1989 წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული "ძველი სათამაშოები". ის იყო "რეაქტიული კლუბის" ერთ-ერთი დამაარსებელი. 1990 წელს გამოიცა ამ კლუბის ლექსების კრებული, სადაც შესულია ირაკლის ლექსებიც. 1992 წელს გამოვიდა ირაკლი ჩარკვიანის პირველი სინგლი "War Is Over", შემდეგ კი - პირველი ალბომი "Swan Songs", რომელიც ჩაიწერა გერმანიაში, ქალაქ კიოლნში. 1994-95 წლებში მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის "ორფეოსის სიკვდილი". 1996 წელს ირაკლი ჩარკვიანი დაჯილდოვდა პრიზით "საუკეთესო ალტერნატიული მუსიკოსი" კომპოზიციისთვის "მაწონი". 1997 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომი "აფრენ" და რამდენიმე ვიდეოკლიპი. 1998 წელს მისი რომანის "წყნარი ცურვის" ფრაგმენტები დაიბეჭდა ლიტერატურულ პრესაში, მოგვიანებით კი წიგნადაც გამოიცა. 2007 წელს, "მეფის" გარდაცვალების შემდეგ, გამოვიდა მისი უკანასკნელი ალბომი "ძირს მეფე".
-
ვარლამ ჩერქეზიშვილი (1846-1925) რუსეთისა და საქართველოს რევოლუციური მოძრაობის წევრი, ანარქისტი. ვარლამ ჩერქეზიშვილი ჯერ კიდევ კადეტთა კორპუსში სწავლისას ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1866 წელს ის დააპატიმრეს დ. კარაკოზოვის საქმესთან დაკავშირებით. გათავისუფლების შემდეგ, 1867-68 წლებში, ჩერქეზიშვილი სტუდენტთა რევოლიუციურ წრეს ხელმძღვანელობდა. 1869 წლიდან ის აქტიურად მოღვაწეობდა ს. ნეჩაევის რევოლუციურ ორგანიზაციაში, რისთვისაც იმავე წელს კვლავ დააპატიმრეს და 1873 წელს ციმბირში, ქალაქ ტომსკში გადაასახლეს. 1876 წელს ჩერქეზიშვილმა გადასახლებიდან საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა და კვლავ რევოლიუციურ მოძრაობაში ჩაება. ის ძირითადად ბაკუნინელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. მისი სტატიები ფილოსოფიურ და სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე სხვადასხვა გამოცემებში იბეჭდებოდა. აქვე, ემიგრაციაში ის პ. კროპოტკინს დაუახლოვდა და მალე ანარქისტ-კროპოტკინელად ჩამოყალიბდა. 1896 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა ჩერქეზიშვილის წიგნი "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან", რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა. ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა მარქსიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1903 წელს სხვებთან ერთად დააარსა რუსული ანარქისტული გაზეთი "ხლებ ი ვოლია". რუსეთის პირველი რევოლიუციის დროს ჩერქეზიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და ანარქისტებთან ერთად დააარსა გაზეთები "ნობათი" და "მუშა". მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1895 წელს საზღვარგარეთ დაიბეჭდა მისი წერილები ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ. მან მონაწილეობა მიიღო ქართველ რევოლიუციონერთა პირველი კონფერენციის (1904, ჟენევა) მუშაობაში. ამ კონფერენციაზე ის მოხსენებით გამოვიდა აგრონომიულ საკითხზე და მხარი საქართველოს ავტონომიის იდეას დაუჭირა. 1921 წელს საქართვრლოში კომუნისტური წყობილების დამყარების შემდეგ ის კვლავ ემიგრანტად იქცა. ჩერქეზიშვილი გარდაიცვალა და დაკრძალულია ლონდონში.
-
არნოლდ ჩიქობავა (1898-1985) http://s42.radikal.ru/i097/0812/f3/6c76e29329cf.jpg ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1926-33 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, შემდეგ კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1933-60 წლებში იქვე განაგებდა კავკასიოლოგიის კათედრას. 1929 წელს მიიღო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1936-85 წლებში თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების გამგეა, 1950-52 წლებში კი ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1941 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელ აკადემიკოსად. პროფესორი ჩიქობავა იყო ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის პრემიის ლაურეატი. არნლოდ ჩიქობავას მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ენათმეცნიერების თეორიული პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართული და კავკასიური ენების გრამატიკა, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორია, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია, და ა.შ. ის იყო 300-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული" (ამჟამად "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება") დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.
-
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი (1888-1930) http://s60.radikal.ru/i167/0812/90/dc7d9cdbe125.jpg სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა სოფელ მატანში, სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 21 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა და კავკასიის ფრონტზე გადაიყვანეს. აქ იგი ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა ქართულ ცხენოსანთა რაზმში. სარიყამიშში ჩადენილი გმირობისათვის ქაქუცა ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. თავისი ასეულით ჩოლოყაშვილმა დიდებული სამხედრო რეიდი შეასრულა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით შეუერთდა ინგლისელებს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მან სამხედრო კარიერა ქართულ ჯარში განაგრძო. ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, როცა ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი არ გაჰყოლია. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი დაუცხრომელი ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა საზეიმოდ შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ მედგრად ებრძოლათ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. რაზმის წევრებს "შეფიცულები" ეწოდათ, ქაქუცა კი მათი მეთაური გახდა. 1922 წლის ხევსურეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქაქუცა საქართველოში დაბრუნდა და ახალი ბრძოლებისათვის დაიწყო მზადება. 1924 წლის 29 აგვისტოს მთელი საქართველო უნდა აჯანყებულიყო, მაგრამ ბოლო წუთს თავი იჩინა გაუგებრობამ. დასავლეთ საქართველოში აჯანყება დაიწყო სრული 1 დღით ადრე, 28 აგვისტოს, რამაც შეთქმულთა გეგმები არია და ბოლშევიკურ ხელისუფლებას აჯანყების ჩახშობა გაუადვილა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ, სექტემბერში, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად დატოვა საქართველო და თურქეთის გავლით (ტრაბზონიდან) საფრანგეთში გაემგზავრა. ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მარჯვენა ფილტვში მიყენებულმა მძიმე ჭრილობამ ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა მოახერხეს, ქაქუცა მოეთავსებინათ ოსტსაუას სანატორიუმში, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა და 1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა გარდაიცვალა. ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რომ ოდესმე საქართველოში ჩამოესვენებინათ. მაგრამ მეგობრებმა იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 2005 წლის 20 ნოემბერს კი პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოასვენეს ჩოლოყაშვილის ნეშტი და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
-
გოდერძი ჩოხელი (1954-2007) http://s52.radikal.ru/i135/0812/c5/a96cd039fa30.jpg მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი. დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში, იქვე დაამთავრა რვაწლიანი სკოლა. შემდეგ სწავლა ფასანაურის საშუალო სკოლაში განაგრძო. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში თავდაპირველად კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი, როცა შეიქმნა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, სწავლა ამ განხრით განაგრძო. პირველი საკურსო ფილმი იყო "ნამეხარი მუხა". მეორე საკურსო ფილმი - "ადგილის დედა", ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრით დაჯილდოვდა. სამწუხაროდ, თავად რეჟისორი პრიზის მისაღებად არ წასულა, რადგან არც კი იცოდა, რომ მისი ფილმი ფესტივალზე იყო გაგზავნილი. 1979 წელს დაამთავრა ინსტიტუტი და იმავე წელს მიიღეს დამდგმელ რეჟისორად "ქართულ ფილმში". მისი სადებიუტო ფილმი იყო "ბაკურხეველი ხევსური". ასევე ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორისაა "აღდგომა", "ადამიანთა სევდა", "აღდგომის ბატკანი", "ცოდვის შვილები", "სამოთხის გვრიტები", "ლუკას სახარება" და "მიჯაჭვული რაინდები". მწერლობა 1977 წელს დაიწყო. საკურსო ფილმებისთვის წერდა სცენარებს, რომლებიც შემდეგ მოთხრობებად დაბეჭდეს და 1980 წელს მისი პირველი წიგნიც გამოვიდა "წერილი ნაძვებს". გოდერძი ჩოხელი დაკრძალულია მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.
-
დავით ჩუბინაშვილი (1814-1891) http://s59.radikal.ru/i163/0812/02/a62a8e8f380c.jpg ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე. 1839 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივესიტეტის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი. 1844 წლიდან ამავე უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ ენას. 1855-1871 წლებში იყო ახლადდაარსებული ქართული ენისა და სიტყვიერების კათედრის გამგე და პროფესორი. ასევე იყო რუსეთის გეოგრაფიული, საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრი და ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი. აქტიურად იყო ჩაბმული "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საქმიანობაში. თანამშრომლობდა ქართულ ("ივერია", "დროება") და რუსულ პრესაში. ჩუბინაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართულ ელქსიკოგრაფიას. 1840 წელს გამოსცა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი, 1846 წელს - რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომელსაც ქართული ენის გრამატიკის ნარკვევი წაუმძღვარა. 1855 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა "მოკლე ქართული გრამატიკა", რომელშიც ძირითადად მოცემულია ახალი ქართული ენის ანალიზი. 1887-1891 წლებში გამოსცა ქართულ-რუსული ლექსიკონი. ჩუბინაშვილმა დიდი შრომა გასწია ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლა-გამოცემისათვის. მონაწილეობდა "ვეფხისტყაოსნის" 1841 წლის გამოცემაში, რომელსაც მანვე დაურთო ლექსიკონი. 1842 წელს გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური გამოკვლევა "ქართული პოემის ვეფხისტყაოსნის შესახებ". მას წვლილი მიუძღვის ი. ბარტდინსკის მიერ პოემის პოეტური თარგმნის მომზადებაშიც. ჩუბინაშვილმა შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, რომელიც პეტერბურგში გამოიცა.
-
გიორგი ჩუბინაშვილი (1885-1973) http://s55.radikal.ru/i150/0812/88/6fe931ae5baf.jpg მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი. სწავლობდა ფსიქოლოგიას ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში. ქართულ, სოხურ, სპარსულ ფილოლოგიას - პეტროგრადის უნივერსიტეტში. გახდა ფილოსოფიის დოქტორი და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი. იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. 1923 წელს იქვე დააარსა ხელოვნებათმცოდეობის კაბინეტი - საქართველოში ხელოვნების შემსწავლელი პირველი დაწესებულება და "ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი". იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი. 1941 წელს დანიშნეს ახლადშექმნილი საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის ქართულ ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდე. სტილისტურ-შედარებითი ანალიზის მეთოდზე დაყრდნობით, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის მოშველიებითა და ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა მონაცემების გათვალისწინებით, ჩუბინაშვილმა 1920-30-იან წლებში გაარკვია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების გეზი, გამოჰყო მისი ისტორიის რამდენიმე საფეხური. ჩუბინაშვილმა შეისწავლა ქვის პლასტიკისა და ქართული ლითონ-მქანდაკებლობის მრავალი ნიმუში და გამოარკვია შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების ისტორიის ეტაპები. ჩუბინაშვილი ქართული გამოქვაბული კომპლექსების სახელოვნებათმცოდნეო კვლევის წამომწყებიც არის. მან გამოთქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებანი X-XIII საუკენეების ქართული კედლის მხატვრობაზე და დასახა მისი შესწავლის მრავალი პრობლემა. ჩუბინაშვილს დამუშავებული აქვს ქართული წინაქრისტიანული არქიტექტურისა და ოქრომჭედლობის საკითხები. დაწერილი აქვს მოხსენებები და ნარკვევები ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესახებ. ჩუბინაშვილის შრომებმა ცხადყო ქართული ხელოვნების ისტორიული და მხატვრული ღირებულება, მისი ეროვნული თვითმყოფადობა. აღსანიშნავია ჩუბინაშვილის სამუზეუმო მუშაობა. მან მოაწყო ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენები, ქართული ოქრომჭედლობის გამოფენა ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში, ქართული ხელოვნების მოძრავი გამოფენა გერმანიაში. ჩუბინაშვილი იყო ქართულ კულტურულ ძეგლთა დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მოღვაწე. დაკრძალულია თბილისის უნივერსიტეტის ეზოში.
-
ვასილ ჩხაიძე (1905-1986) http://i034.radikal.ru/0812/a0/0d8b063eeb7e.jpg დაიბადა სოფელ აცანაში. 1936 წელს დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანული ენის განხრით. 1927-34 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, მოგვიანებით - სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 1937-56 წლებში სკოლაში მუშაობდა რუსული და გერმანული ენის მასწავლებლად. 1956-62 წლებში იყო ფოთის ვ. გუნიას სახ. თეატრის მსახიობი. 1967 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმში" იწყებს მუშაობას. ვასილ ჩხაიძე გადაღებული ფილმებში: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "ლაზარე", "ფეოლა", "შერეკილები", "ჩირიკი და ჩიკოტელა", "რაჭა ჩემო სიყვარულო", "სამანიშვილის დედინაცვალი", "პირველი მერცხალი" და სხვა.
-
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (1864-1926) http://s39.radikal.ru/i084/0812/d6/14316d35882e.jpg საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე. პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატი. ქართული და რუსული მენშევიზმის ერთ-ერთი ლიდერი. 1892 წლის დეკემბერში მონაწილეობდა მესამე დასის დამფუძნებელთა კრებაში. სწავლობდა საზრვარგარეთ, 1899-1900 ბათუმში ხელმძღვანელობდა მუშათა წრეებს. იყო მესამე და მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი თბილისიდან, მეოთხე სათათბიროში მენშევიკური ფრაქციის შვიდეულის ლიდერი. თებერვლის რევოლუციისას იყო სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრი. 1917 წელს თებერვალ-აგვისტოში მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის წინ საქართველოში დაბრუნდა. იყო ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. მონაწილეობდა მოლაპარაკებაში ანტანტის საბჭოსთან. იყო ერთ-ერთი ავტორი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა. 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში. 1926 წელს სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით.
-
უშანგი ჩხეიძე (1898-1953) http://i024.radikal.ru/0812/42/486b7aa4bed8.jpg ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან - რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც არაერთი როლი შეასრულა. 1925 წელს ჩხეიძემ ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე და საყოველთაო აღიარება მოიპოვა, როგორც დრამატულმა მსახიობმა. 1933 წლიდან იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობითა და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. ჩხეიძე თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს. სამწუხაროდ, ასეთ ძლიერ ემოციურ დატვირთვას ვერ გაუძლო და ჯანმრთელობაშერყეულმა ადრევე მიატოვა სცენა. მისი პიესა "გიორგი სააკაძე" იდგმებოდა მარჯანიშვილის სახელობის თატრის სცენაზე. დაწერა წიგნები: "კ. მარჯანიშვილი - რეჟისორი და მასწავლებელი" (1949), "მოგონებები და წერილები" (1956). დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვწეთა მთაწმინდის პანთეონში.
-
ოთარ ჩხეიძე (1920-2007) http://i047.radikal.ru/0812/eb/353956eccb43.jpg მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1940 წელს. ავტორია რომანების მთელი სერიისა, რომელთა მთავარი პერსონაჟების - გენეტიკური ხაზით ერთმანეთთან დაკავშირებიული სამი თაობის ადამიანების - ბედის ჩვენებით შექმნილია XX საუკუნეში ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ვრცელი ეპოპეა. მისი თხზულებები თარგმნილია მრავალ ენაზე, მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა" (2005) და "ილია ჭავჭავაძის" პრემია (2006).
-
გიორგი ცაბაძე (1924-1986) http://s50.radikal.ru/i128/0812/13/eef9e2b5c7cf.jpg კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მუზიკლის ფუძემდებელი. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო კლასი. 1956-75 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე. 1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწოდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. ცაბაძე ნაყოფიერად მუშაობდა ოპერეტის, საესტრადო სიმღერისა და რომანსის ჟანრში. მისი შემოქმედების წყარო იყო ქართული ქალაქური ფოლკლორი. ცაბაძის მუსიკა გამოირჩევა მელოდიურობით, გამომსახველობით, რამაც განაპირობა მისი პოპულარობა. დაწერილი აქვს 20-მდე ოპერეტა, ავტორია 200-ზე მეტი სიმღერისა, რომელთაგან განსაკუთრებით აღასანიშნავია: "ნიბლია", "პატარა ბალადა", "მუხამბაზი", "მეფაიტონე", "საქართველოს ლამაზებო", "ჩემო თბილის ქალაქო" და სხვა. აღსანიშნავია, რომ ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი. ავტორია აგრეთვე საგუნდო და დრამატული ნაწარმოებებისა, მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში: "ვერის უბნის მელოდიები", "მხიარული რომანი", "მოიტაცეს თამარ ქალი". გიორგი ცაბაძე სცენაზე, სიმღერისას გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
-
ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929) http://s57.radikal.ru/i157/0812/3f/9b74e1dfdf77.jpg ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პალეოგრაფი, არქეოგრაფი. 1867 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ალ. ცაგარელმა სწავლა გიმნაზიაში განაგრძო, რომლის დამთავრებისთანავე დავით სარაჯიშვილთან ერთად უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა და პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში ჩაირიცხა, მაგრამ მალევე უნივერსიტეტში ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა. 1867 წელს ალექსანდრე დავით სარაჯიშვილთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე ცაგარელი გამოცდებისთვის მზადებას შეუდგა. მოულოდნელად ალექსანდრე ავად გახდა და ექიმებმა საქართველოში დაბრუნება ურჩიეს. იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, საუნივერსიტეტო განათლება მიეღო, რომ ექიმების რჩევა არ გაითვალისწინა და გადაწყვიტა, სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. 1868 წელს ალ. ცაგარელი უკვე მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტია. 1869 წელს კი ქალაქ ტიუბინგენში გადავიდა, სადაც პროფესორ როთის ხელმძღვანელობით სანსკრიტსა და შედარებით ენათმეცნიერებაში მეცადინეობდა. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ ალ. ცაგარელი პეტერბურგში დაბრუნდა. ჯერ უნივერსიტეტში ქართულ-სომხური განხრით კანდიდატის ხარისხი მოიპოვა, მალევე კი წარადგინა სადისერტაციო შრომა "კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა". ალ. ცაგარელი დაამტკიცეს ქართული ენისა და სიტყვიერების პრივატდოცენტად და ლექციების წაკითხვის უფლება მიენიჭა. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართველურ ენათა შედარებით შესწავლას. 1874 წლის 25 აპრილს ცაგარელი აირჩიეს ქართული სიტყვიერების კათედრის დოცენტად და მართლაც, მთელი თავისი ენერგია პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული სიტყვიერების კათედრის კანონიერი უფლებებისათვის ბრძოლას შეალია. 1875 წელს ცაგარელი საქართველოში დაბრუნდა. ის იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც ქართველოლოგიური მიზნებით ეწვია ახლო აღმოსავლეთს. 1883 წელს მოინახულა ათონი, ჯვარი, საბაწმინდა. სარდაფებსა და სენაკებში იპოვა და აღწერა ხელნაწერები, დაამზადებინა ფრესკების ასლები, გადმოიღო წარწერები, დაძებნა ცნობები ახლო აღმოსავლეთში ქართველთა კულტურული საქმიანობის შესახებ. ალ. ცაგარელმა თავისი მუშაობით საგძნობლად წასწია წინ ქართულ სიძველეთა შესწავლა. ავტორია წიგნებისა "ცნობები ქართული მწერლობის ძეგლებზე" და "ქართულ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწაზე და სინაზე". 1890 წელს რომში, ვენეციაში ჩატარდა კვლევითი სამუშაოები, სადაც ცაგარელი გაეცნო XII საუკუნის ქართულ სიძველეებს. 1894 წელს კვლავ ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ მალევე გაემგზავრა იტალიაში, სადაც ვატიკანის ბიბლიოთეკაში მიაგნო XII საუკუნის ძეგლს - ქართულ ოთხთავს. 1920 წელს ალ. ცაგარელი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა თბილისის უნივერსიტეტში.
-
დავით ციმაკურიძე (1925-2006) http://i008.radikal.ru/0812/fb/a49edf7464a6.jpg სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), ქართველ სპორტსმენთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. 1953 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. სსრკ 7-გზის, XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. აღსანიშნავია 1945 წელს ლენინგრადში ჩატარებული სსრკ პირველი ჩემპიონატი, სადაც შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში საქართველოს წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს, მათ შორის იყო დავით ციმაკურიძეც. 1952 წლის 22 ივლისს ჰელსინკის ოლიმპიადაზე 79 კგ. წონით კატეგორიაში დავით ციმაკურიძე გახდა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკითა და ფიზიკური ძალით.
-
სულხან ცინცაძე (1925-1991) http://i011.radikal.ru/0812/ed/72a069e51187.jpg კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორია. დაწერილი აქვს რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და კონცერტი, ასევე მუსიკა კინოფილმებისათვის: "აბეზარა", "ჭრიჭინა", "ბაში-აჩუკი", "მაია წყნეთელი", "ჯარისკაცის მამა", "ოთარაანთ ქვრივი" და სხვა.
-
ირაკლი ციციშვილი (1918-2001) http://i079.radikal.ru/0812/d6/a4f0b58b52e0.jpg არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. 22 წლის არქიტექტორი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ფრონტზე რამდენჯერმე დაიჭრა, მაგრამ კვლავ ბრძოლის ველზე დაბრუნდა. 4 დღე-ღამეში, აუტანელ სიცივეში, მდინარე დნეპრზე ხიდი ააგო და საბჭოთა არმიის ტანკებს გზა გაუხსნა. ამ გმირობისათვის მას სააბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ლენინის ორდენი და "ოქროს ვარსკვლავის" მედალი მიენიჭა. 1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ ინსტიტუტში. იყო საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე. საქართველოს კულტურისა და ბუნების, ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს უფროსი. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია: "ქართული არქიტექტურის საწყისები", "უჯარმა", "თბილისი - არქიტექტურული ძეგლები", "საქართველო კულტურის ძეგლების დაცვა", ქართული ხელოვნების ისტორია", "ქართული არქიტექტურის ძეგლები" და სხვ.
-
იაკობ ცურტაველი (V საუკუნის II ნახევარი) http://i059.radikal.ru/0812/a7/3f756a558ba3.jpg მწერალი, ჰაგიოგრაფი. ავტორია "შუშანიკის მარტვილობისა" ("წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ"), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ნაწარმოებისა. იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემონახულია მისსავე თხზულებაში. ტექსტიდან ვიგებთ, რომ იაკობი ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, დედოფალ შუშანიკის მოძღვარი და დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ამბის უშუალო მომსწრე და მონაწილე. ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი და ავტორი საკუთარ სახელსაც თავადვე გვამცნობს. თხზულება შქმნილი უნდა იყოს 476-483 წლებში, ანუ შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულიდან ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. არსებობს ვარაუდი, რომ მოგვიანებით იაკობ ცურტაველი გახდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 წელს დაესწრო დვინში გამართულ საეკლესიო შეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნითაა დათარიღებული და დღეს ის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. "შუშანიკის მარტვილობით" იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის. იაკობ ხუცესის შესახებ სხვა არაფერი ვიცით, მაგრამ თხზულებიდან ჩანს, რომ იგი დიდად განათლებული, დაკვირვებული, ღრმად რელიგიური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება იყო. მწერალი ემოციურად და დამაჯერებლად აღწერს ქართლის პიტიახშის კარზე დატრიალებულ ტრაგედიას. პირველი კონფლიქტიდან დაწყებული, შუშანიკის აღსასრულამდე ქრონოლოგიურად მიჰყვება ამბავს. სახიერად არის გადმოცემული საკვანძო ეპიზოდები და გმირთა ხასიათები. შუშანიკისადმი დიდი სიმპათიის მიუხედავად, ავტორი არც მთავარი გმირის ნაკლოვანი თვისებებისა თუ ადამიანური სისუსტის ასახვას ერიდება. შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად, ნაწარმოებში ასახულია V საუკუნეში ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, საეკლესიო ორგანიზაცია, ზნე-ჩვეულებები, კულტურული ვითარება, ამიტომ ის შესანიშნავი ისტორიული წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე კი საფიქრებელს ხდის, რომ ის არ უნდა ყოფილიყო იაკობ ცურტაველის პირველი და, მითუმეტეს, ერთადერთი თხზულება. "შუშანიკის მარტვილობა" პირველად 1882 წელს გამოსცა მ. საბინინმა, ითარგმნა ლათინურად, რუსულად, ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად. 1978 წელს ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა "შუშანიკის წამების" 1500 წლისთავი, იუნესკოს გადაწყვეტილებით კი, იგი 1979-1983 წლებში მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა.
-
ნიკოლოზ ცხვედაძე (1845-1911) http://s51.radikal.ru/i131/0812/8f/72880ab9e30e.jpg საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია. იყო მასწავლებელი თბილისის სასულიერო სემინარიაში, თბილისის ქალთა ინსტიტუტსა და წმ. ნინოს სახ. სასაწავლებელში. ცხვედაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი წესდების პროექტის შემდგენელი და საზოგადოების გამგეობის მუდმივი წევრი. მისი უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ქართული სკოლები გაიხსნა ვლადიკავკაზში, ბაქოსა და ბათუმში. აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო კომისიაში, რომელმაც მიიღო თბილისის საქალაქო სკოლების რეორგანიზაციის ცხვედაძის მიერ შედგენილი პროექტი. 1898 წელს ცხვედაძე სათავეში ჩაუდგა თბილისის ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის გათვალისწინებული შენობის აგების საქმეს. შენობის ასაგები თანხა უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით შეგროვდა. 1877 წელს სწავლა-აღზრდის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით ცხვედაძემ დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა. ნიკოლოზ ცხვედაძე დაკრძალული იყო ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, 2008 წლის 26 ნოემბერს კი მისი ნეშტი უნივერსიტეტის ბაღში გადაასვენეს.
-
ცისფერყანწელები http://s59.radikal.ru/i165/0812/8a/00d3a0cf57b3.jpg ქართველ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1915 წელს, 1918 წლიდან კი თბილისში გააგრძელეს მოღვაწეობა. გაერთიანებამ სახელწოდება მიიღო თავისი პირველი ბეჭდური ორგანოსაგან "ცისფერი ყანწები". სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ცისფერი აღიქმებოდა როგორც პოეზიის ფერი, ყანწი კი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო იყო. სამკერდე ნიშნად პოეტებს მამლის დეზები ეკეთათ, რაც ცისფერი ყანწის ასოციაციას იწვევდა. ჰქონდათ თავიანთი გამოცემები: "მეოცნებე ნიამორები", "შვილდოსანი", "ბარიკადი", "ბახტრიონი". დეკლარაციებში ცისფერყანწელები თავს სიმბოლიზმის მიმდევრებად აცხადებდნენ. ბოჰემური არტისტიზმი გახდა მათი ცხოვრებისა და შემოქმედების სტილი. სარბიელზე გამოსვლისთანავე ამ განწყობილებამ, "წმინდა ხელოვნებისა" და ლიტერატურული არტისტიზმისადმი სწრაფვამ, ჯგუფს ერთგვარი სკანდალური სახელი დაუმკვიდრა, თუმცა არც "ცისფერყანწელთა" მხატვრული ღირსებანი დარჩენილა შეუმჩნეველი. ჯგუფი უჩვეულო მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში. მიმდინარეობის წევრები იყვნენ: მისი დამფუძნებელი და მენტორი გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, ლევან მეუნარგია, ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი). თავდაპირველად გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად ცისფერყანწელთა პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა. მანვე მოხატა რუსთაველის თეატრის სარდაფში კაფე "ქიმერიონი", სადაც ცისფერყანწელი პოეტები იკრიბებოდნენ ხოლმე. "ცისფერყანწელთა" გაერთიანებამ 1930-იან წლებამდე იარსება.