Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.671

კოჰაბიტაციის შავი ხვრელი, პრაიმ–მერი და „პრავის კაჩავი“ ნაცურად ანუ, არაკაცურად


katya

2.514 views

blog-0411443001374666757.jpgრუსეთი, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ონანიზმს და მზესუმზირის ჭამას აკრძალავს თავის ე.წ. „დუმაში“. ჩვენი პროფესიონალი და კვალიფიციური ნათელმხილველები ასე შორსმჭვრეტელნი ვერ არიან, მაგრამ მსგავსი შეზღუდვების დაწესება თან წინსწრებით, ჩვენებურ პარლამენტშიც შეიძლებოდა.

თუ ნათელების და მხილველების არ გჯერათ, აგერაა პატივცემული კახიშვილი და იმას დაუჯერეთ – "დღევანდელი პარლამენტი მოსახლეობის განწყობას ვერ ასახავს. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ორგანო თავის მოღვაწეობას იმ ვადაში ვერ დაასრულებს, რაც დადგენილია და ადრე თუ გვიან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდესო".

ალბათ ჩატარდება კიდეც, მთავარია, ამ ეტაპზე, ლეგალური ძალადობა დავძლიოთ, კოჰაბიტაციის შეფუთვით რომ შემოგვასაღეს პოლიტ–ბაზარზე.

ვისაც სურს საქმის კეთება, ყოველთვის ეძებს საშუალებას, ვისაც არ სურს, ეძებს მიზეზს და ყველაზე წინდახედულები იწყებენ ისეთი საშუალების ძებნას, რომელიც შემდგომში არაფრის კეთების სერიოზული მიზეზი გახდება. ამაში კი ვართ ნიჭიერები, საწუწუნო არაფერი გვაქვს.

მთავარი ისაა, რომ უკვე ყველამ ვიცით, „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ ისე, რომ გვეკუთვნოდეს. ამისთვის სულ ცოტა რამაა საჭირო – ამომრჩეველთა ხმების სულ რაღაც 10% და ბიუჯეტიდან მილიონი სულ ჩხრიალით წამოვა ანგარიშებზე. აბა ისაა მეთოდი, რომ არ მოასვენა ეს ჩვენი "მძიმეწონიანი პოლიტიკოსები"... თუმცა, გუბაზს და კობას ამ ეტაპზე არც 10%–ი ს პრობლემა უნდა ჰქონდეთ... ინერვიულონ სხვებმა, რა ენაღვლებათ რა?

რაც უფო რბილად ზიხარ, მითუფრო თვითდაჯერებული ხარ ალბათ საკუთარ შეხედულებებსა და შესაძლებლობებში. პოლიტიკა კი ფუნდამენტალური პლატფორმაა სოციალური პარაზიტების ცხოველმყოფელობისთვის.

დასვენების და შვებულების დროა, რა დროს პოლიტიკაა ვითომ, მაგრამ რომ არ გვასვენებენ?!

არადა მაგათი ერთ წუთს დატოვება არ შეიძლება. კაცმა არ იცის, რას მოგვწევენ...

ლეიბორისტები, სიცხის მიუხედავად, მაინც არ კარგავენ ჩვეულ შალვასეულ იუმორს და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს, გუგავას ხელით, მშრომელთა ოფლით ნაშოვნი მთელი 1 ლარი გადაურიცხეს.ასეა გენაცვალე! ზოგს წუწუნი კარგად აქვს დაცდილი. ჩაივლის ეს არჩევნები და მერე ნახეთ, რომ მიამადლიან საგანელიძეს, – შე ჩვენი ფულით გაქსუებულოო!!!

გიორგი თარგამაძე კი ისე შორს გაიჭრა, საკუთარ რენომესთან ჭიდილში, არა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატობა დაიჩემა, „იმედის“ დარბევის გამოძიებასაც ითხოვს.

რა არის ისე ცხოვრება? ზოგის მაინც ისე ჩაივლის, რომ ერთ პაწია კორუფციულ სკანდალშიც ვერ მოასწრებს გახვევას. ისე, გახვევას ჩახვევა სჯობს, ან დროულად ახვევა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება. არადა, არ გავდა ეს ბიჭი ასეთ მორწმუნეს...

"ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდაო, დავით ბაქრაძემ და ალბათ მართლა საოცარი შეგრძნებაა, როცა რაღაც ჩავლილის და ჩამთავრებულის რჩეული ხარ... ხუთჯერ გაპრაიმერდა დათიკო და ხუთივე გაარტყა. ბაქრაძის შედეგები ნაციონალებს კი არა უკვე თავად ბაქრაძესაც აშინებს... პრინციპში, იმას მაინც ვერ დაიწუწუნებს – „რა მინდოდა წვენებშიო!?“ აბა სხვაგან სად უნდა ყოფილიყო?

17500–დან ერთი „უკანონო და ფარული“ ჩემზეაო, მოკრძალებულად აღიარა. იცის ყოფილმა პირველმა პარლამენტარმა, ჩაგრულები გვეცოდება ქართველებს... ეტყობა, ისევ თავისიანები აშანტაჯებენ. გადაიხადე და გავაქრობთო. ეგ რისი გადამხდელია, თავისი სატელეფონო ანგარიშებს არ აღიარებს და ბანკომატსაც კი ევაჭრებაო, ამბობენ..

მოკლედ, საგონებელშია დათიკო. ღარიბაშვილმაც კი ვერ გადაარწმუნა. არადა რა დელიკატურად ეცადა – არც სურვილი მაქვს და არც მცალია მაგ კინოს სანახავადო...ისე, ღარიბაშვილის ახალი იმიჯი – ა ლა თუთაშხია ძალიანაც მომწონს. –„ არავის საქმეში არ ვერევი მეო! „ ხოდა, მართლა ნუ გაააბრაგებთ ამ კაცს...

დავსჯიო სამაგალითოდ ყველასო, ხომ დაგპირდათ? საპრეზიდენტო კანდიდატიც კი არ დაინდო, მაგრამ შოთა რის შოთაა, თანაც მალაშხია, რომ ყველაფრით უკმაყოფილო არ იყოს?! არადა, რა აყვირებდა, „ კანონგარეშე“ ყოფილა. პაატა დავითაიას პარტიის წევრი ნაციონალური მოძრაობის რჩეული რომ ხარ, ეს უკვე ახალი ფარული კოალიციის ნიშანია...ჯერ არ გვიმხელენ ეტყობა, ეშინიათ, არ გაგვიხარდეს...

მიშას დეჟავუ... 1993 წელი და სოხუმი.. მაინც არ იშლის თავისას და არ ასვენებს იმ ტიპს რუსეთში. ახლა 2 მილიარდის ქველმოქმედებაც დააბრალა. რა უყვარს სხვის ჯიბეში ფულის თვლა! მერე ინტრიგანი არ ვარო...

ვადამიწურულმა ნანუკასთან ამღვრეული თვალები იმდენი აფახულა, სანამ წამწამთცვენა არ დაეწყო. კიდევ კარგი, ვიღაც მადლიანმა ჰკითხა – წერილი თუ სიხარულიო?

აწი მაგას ვინღა გაახარებს, მთლად FBI-ი ს უმწიკვლო რეპუტაცია შემოივლო თავზე. ალაგ–ალაგ – ტანზეც. ნაცების კოლექტიურ წერილს სულ კუნტრუშით წაიღებს უახლოეს საფოსტო განყოფილებაში. ეგებ აღზევანსაც გაიპაროს მარილზე... მერე „ბაბუსავით“ სახლში კი არა განათლებაში წავა. დაუწყია უკვე ლექციების კურსი „მაღალ პოლიტიკასა“ და „დაბალ მატერიებზე“. ისტორიულ გელათთან თავისი გენეტიკური კავშირები ვერ დაასაბუთა და ყვარელში ევროპულ ფასეულობებს ამკვიდრებს ორი ბორბლით და ერთი ქილა ერბოთი. თუ მაინც და მაინც აკადემიურობა გახდა საჭირო, იყალთო იქვე არაა?

ნანუკას უკანასკნელი შოუს მორალი – ჩიპოლინოს თვითმკვლელობის ვერსია თვთმხილველების ცრემლდენას სულაც არ გამორიცხავს...

ნაციონალების ორკვერცხიანი ფინიშიც ვიხილეთ ბათუმში. “პრაიმერის დოსტებს“ , კვერცხების სროლით დახვდნენ და რა გაუკვირდათ? პირველად ბათუმს კვერცხები მაგათმა ბელადმა არ აკადრა? მართალია, იქ „შლოპანციც“ კი იყო, მაგრამ ახლა დასვენების სეზონია და შლოპანცი საჭიროა... ჯერ მასეც არ გავბრწყინებულვართ... მერე წადი და ზდიე თავქუდმოგლეჯილ ნაცებს ფეხშველმა..

ჩვენ რომ გვგონია ბატონი მერი „რა წყალში ჩავარდნილი“ საკრებულოს თავმჯდომარის საშველად ჯაგარზეა წასული, თურმე ჰოლანდიამდე ურბენია ოლიმპიური სიმშვიდით და უტრეხტში ჩასვლა ლამის მეჩირაღდნეს ჩაასწრო. ცეცხლს მაგას გზაში ვინ ანდობდა თორემ... ისე, რატომაც არა, თუ 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნაც შედის მის სამომავლო გეგმებში? სამაგიეროდ მისი ქალაქი მიაქვს ნაგავს და ეს გიგილოს ერთგვარი საავტორო შურისძიებაა უმადური თანაქალაქელების მიმართ.

უგულავას ყბადაღებულმა დიეტამ მოგვჭამა ჭირი. ახლა ვანოს სხეულის კორექციის მეთოდია აქტუალური, თანაც ისეთი აქტუალური, რომ ევროპარლამენტარები მატროსოვის გალავანსაც არ შეეპუვნენ მის ახლო მანძილზე გასაცნობად.

თუ კიბით ცას ვერ წვდები, შეგიძლია ეს კიბე ციდან მიწაზე მშვიდობით დასაშვებად გამოიყენო და თუ ფიქრისთვისთვის ზედმეტი დრო გაქვს, ეს ზედმეტ წონაზე დადებითად მოქმედებს. ეჰ, ვანო! თუ ბაჩანამ მართლა დაგიქნია ხელი მატროსოვის გასასვლელიდან, გული გაიმაგრე, ბიჭო!..

არ დაგიმალავთ და აქვე გეტყვით, რატომღაც მეგონა, ფინანსთა მინისტრობის მე–9 თვეზე ხადური საგრძნობლად დაიკლებდა წონაში, იმდენი საქმე ექნებოდა, მაგრამ უსაქმური ნაციონალების დიეტა აშკარად უფრო ეფექტური გამოდგა...

ყველაზე საშიში ის ადამიანია, ვინც გისმენს, ფიქრობს და ჩუმადაა. მასეთი ჩვენს ქალაქში ზურაბი იყო ადეიშვილი, ოღონდ პურის რიგში სიკვდილს ეგ ვერ მოესწრება.

ამასობაში დე ფაქტო აფხაზეთში, რუსეთის ტერიტორიის გავლით, სირიელ რეპატრიანტთა ჯგუფი დაბრუნდა. 114 რეპატრიანტი გუდაუთაში ერთ-ერთ დასასვენებელ სახლში განათავსეს. სირიაში ომია და ჩვენ კიდევ ჯერ ტერიტორიები ვაქვს დასაბრუნებელი, ხოდა...

კი ვიხალისეთ მთელმა საქართველომ იმ „რიკო–კრედიტი“ –ს შავ კაცზე, მაგრამ ეგებ და მართლა გამოგვეტანა ანჩის ხატი მუზეუმიდან ჰა?..

როცა სინდისი თვლემს, ადამიანი გარკვეული დროით და შედარებით ბედნიერი ხდება.

ხოდა, როგორც იქნა, ბედუკაძეს შევურჩიე შესაფერისი სტატუსი –„ სასარგებლო კრიმინალი!“

მწერები და ქვეწარმავლები შემოგვესივნენო და გარემოს დაცვის სამინისტროს არ აძლევენ მოსვენებას. რა ქნას მაგ სამინისტრომ? მაგან გარემო დაიცვას ჩვენგან თუ ჩვენ –გარემოსგან?

აი ტყის პოლიტიკა გვაკლდა და აწი ცხოველებიც შეიძენენ "ადამიანურ გამომეტყველებას."

ის ანეკდოტი ხომ გახსოვთ, წყვილი ტყეში მანქანაში იმ საქმით რომაა დაკავებული, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 300 ლარი რომ ჯდება. გაგანია მაგ საქმეში ეკოპოლიცია რომ მიუკაკუნებს... აღარ გავაგრძელებ, ჯერ არც ბავშვებს სძინავთ და ბოლოს დროს პედოფილიის ფაქტებმა ისე იმატა, ეგებ სჯობდეს ის მადლიანი ტყის კოდექსი თუ ჯუნგლების კანონი პირდაპირ დაგვეკოპირებინა...

ამდენი ხანია ვარკვევთ და ქათმის და კვერცხის ამბავი ვერ გავარკვიეთ. ცილა სასარგებლოა, ძაღლს ჯაჭვით აბამენ, ბაყაყი წყალში ყიყინებს, კოღო ბზუილის გარეშე იკბინება და აგერ ამოდენა ამერიკამ იმოდენა საფრანგეთი ყველის გამო მოიმდურა.

მგონი, მართლა რაღაც ჭირს ამ ჩვენს დედამიწას... „დარესტარტება“ არ აწყენდა, მაგრამ ჯერ ისევ მოქმედებს ეს დალოცვილი მიზიდულობის კანონი, ფარდობითობის თეორია, და ხახუნის ძალა. აგერ ბერმუდის სამკუთხედი გაიშიფრა და ოზონის ხვრელსაც რამეს მოვუხერხებთ. ოდესმე ავფრინდებით! საკუთარი ფრთებით თუ ვერა, რომელიმე ავიახაზებით. ტურისტული კომპანიები ისეთ სერვისს გვთავაზობენ, უინტერნეტო ზაფხულზეც კი დათანხმდება კაცი, მაგრამ იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი თვითმფრინავში მაინც შავი ყუთია...

 

კატო ჩულაშვილი

გაზეთი "ქრონიკა+" #15

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...