Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.698

სალომე ზურაბიშვილი - ლაკმუსი ქართულ პოლიტიკაში


katya

3.451 views

blog-0517707001380718682.jpgპოლიტიკა არის სტრატეგია და შედეგი. აქედან გამომდინარე, ან იმსახურებ პატივისცემას, ან - არა...

ქართველ ემიგრანტთა შთამომავალი, ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსი, საფრანგეთის მოქალაქე ფრანგული დიპლომატიური განათლებით და ქართული ხასიათით.

ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამორჩეული ფიგურაა, მისი, როგორც სახელმწიფო მოხელის მართვის სტილი, ვერაფრით მოერგო "ნაციონალური" ელიტის ანტურაჟს. იყო პირვეი, ვინც ქართულ პოლიტიკაში ქაჯების არსებობა გაასაჯაროვა, თუმცა, ახლაც თვლის, რომ მათი უმრავლესობა არსად წასულა... სულ ცოტა ხნის წინ თვალსაჩინო მაგალითიც დაფიქსირდა - "მშობლიურმა" ცესკომ და სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. "დაწუნებული კანდიდატი" მიიჩნევს, რომ დღესაც სასამართლო აგრძელებს ძველ კურსს და ასრულებს კონკრეტული პოლიტიკური ძალების მითითებებს.

მიმდინარე საარჩევნო მარათონს გამოთიშული რჩება საქართველოში და აქვს სერიოზული სამომავლო გეგმები, რომლის განხორციელებასაც პროდასავლური კურსის ამომრჩეველზე დაყრდნობით აპირებს.

- მოგესალმებით, ქალბატონო სალომე. სამწუხაროა, რომ წინასწარი შეფასება გამართლდა და თქვენი კანდიდატურის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დავდექით არა საკანონმდებლო, არამედ პოლიტიკური პრობლემის წინაშე.

– გაგიმარჯოთ! კანონის უზენაესობას ესაჭიროება პოლიტიკური ნება, არა სიტყვიერი, არამედ საქმით გამტკიცებული. ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა ამ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლება...

ხელისუფლება ხომ ვერ მოახდენს ზეწოლას, ან მითითებას? ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს სასამართლოში ჩაურევობა ალბათ.

– არც ის, რომ მიუთითოს სასამართლოს და მერე მის უკან დაიმალოს. სასამართლოს მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება - კანონის აღსრულება.

უცხოელი დიპლომატები როგორ აფასებენ ამ ფაქტს?

– არიან შეწუხებულები და გაოცებულები. დღესაც დამიკავშირდა ეუთოს მისიის წარმომადგენელი, არჩევნებზე დამკვირვებლადაა ჩამოსული. რადგან ჩემი კანდიდატურა სასამართლოს გზით მოიხსნა, უცხოელებისთვის უხერხულია ჩარევა. მათთვის უბრალოდ საკვირველია, რომ ეს განმეორდა ახალი ხელისუფლების პირობებში და დღევანდელი პრემიერის მაგალითზე. მათ დაინახეს, რომ მიდგომები არ შეცვლილა, და ძალიან უხეშადნაკერია ეს ყველაფერი. ბევრი რამაა დღეს მათთვის დამაფიქრებელი.

მაგალითად?

– მაგალითად 20 წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და დღესაც ისევ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა ისევ დასაცავია დამოუკიდებლობა. ჩვენთან სხვა სიმძიმეს დიპლომატიაა, ეკონომიკა, საზღვრები. დიპლომატიაში არამიზნობრივი გამონათქვამები არ არსებობს. ნებისმიერი გამონათქვამი შეიძლება გახდეს მძიმე შედეგების საწყისი. თუნდაც ფრაზა - „ ევრაზია რატომაც არა!?“, ჩვენთან არაა იგივე მნიშვნელობის მატარებელი, როგორიც იქნებოდა სხვა ქვეყანაში, რომელიც საუკუნეებია დამოუკიდებლად არსებობს.

ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ შესწავლის საგანი ვართ და მკაფიო წარმოდგენა ჩვენზე არ გააჩნია?

– ჩვენ არ ვართ მყარად ჯერ საკუთარ სახელმწიფოებრიობაში. საქართველოს ჯერ დამტკიცებული საზღვრებიც კი არ გააჩნია და არ გააჩნია კიდევ ძალიან ბევრი რამ – სასამართლო, დემოკრატიული ინსტიტუტები. არაა ისე ჩამოყალიბებული რომ გაუძლოს ნებისმიერ გამოცდას. ასეთ ურთულეს რეგიონში, მუდმივი საფრთხეების წინაშე, მაშინათვე ისმება დამოუკიდებლობის და მკაფიო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი.

თქვენ 1 ოქტომბრამდე ხვდებოდით ივანიშვილს, 1 წლის შემდეგ მასზე და მის პოლიტიკაზე აზრი რადიკალურად შეგეცვალათ...

– დიახ, ვუჭერდი მხარს. ნიჰილიზმის წინაპირობა და იმედგაცრუება არა მხოლოდ ჩემში, ზოგადად საზოგადოებაში არსებობს. სხვა მოქალაქეებივით მეც მქონდა განცდა, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა, მოხდა ის, რასაც პრაქტიკულად არ ველოდით. რადგან გამარჯვების რესურსი ნაკლებად იყო. შემდეგ მოხდა ისე, რომ „ოცნების“ გამარჯვებასთან ერთად, მათი დაპირებების შესრულებაც დავიჯერეთ. იყო დიდი ნდობის ფაქტორი ჩემშიც. თუმცა არ მომწონდა ის, რომ ცოტა მდორედ მიდიოდა პროცესები - სასამართლო, გამოძიებები, ეკონომიკური გამოღვიძება, უცხოეთში საქართველოს სახის აღდგენა და სწორად წარდგენა ახალი ხელისუფლების და მისი მიზნების. თავიდანვე ნათქვამი მქონდა, რომ მე ოცნებას გარედან ვუჭერ მხარს, ვარ თავისუფალი და თუ დავინახავ, რომ რაღაც ისე არაა, ვიტოვებ ობიექტურობის უფლებას, არ მოვიქცევი ისე როგორც სააკაშვილთან და უფრო ადრე ვიტყვი სათქმელს.

ანუ, თვლით, რომ სააკაშვილთან სათქმელი მაშინ დაგაგვიანდათ? რა მოხდა კონკრეტულად ივანიშვილის შემთხვევაში?

– ჩემი კანდიდატურის ირგვლივ შექმნლილი რეალობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდა.

ეს შეიძლება განაწყენებული ადამიანის პოზიციად ჩაგითვალონ.

– არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს საზოგადოებამაც დაინახა. ამ კონკრეტული ფაქტით ძალიან ნათელი გახდა დემოკრატიის „ოცნებისეული“ გაგება. მართლა გასაკვირი იყო ჩემი არდაშვება არჩევნებზე, მითუფრო, რომ პრემიერი თვითონაა ფრანგი და მისი იურიდიული სიტუაცია მთლად დალაგებული არაა.

მანამდე თუ იცნობდით ივანიშვილს?

– არა, არ ვიცნობდი. დღეს მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გამოვედით ერთპარტიული სისტემიდან და ვრჩებით ერთპიროვნულ სისტემაში.

ჩვენი საზოგადოება მოერგო მგონი ასეთ მიდგომას – ბოლოს მაინც პიროვნებაზე აკეთებს აქცენტს...

– მე სხვა აზრის ვარ, ვფიქრობ რომ საზოგადოება უფრო მზადაა დემოკრატიისთვის, ვიდრე ხელისუფლება. საზოგადოებას მანდატის არსი კარგად აქვს გათვითცნობიერებული. 9 წელმა უკვალოდ არ ჩაიარა. ხალხი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. სხვა საკითხია ის, რომ საზოგადოება კონკრეტულ იმედს და ოცნებას ხედავს კონკრეტულ პიროვნებაში, ეს ადამიანურია. ჩემშიც და სხვებშიც დავინახე ეს ადამიანური რეაქცია - ყველას გვინდა, მარტივად წავიდეს ყველაფერი.

ერთპიროვნული მმართველობიდან გამოსავალი?

– ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული წყობა, რომელიც იწყება კანონით და სასამართლოთი და იქვე მთავრდება.

ანუ თქვენი აზრით, ამ ხელისუფლების ყველაზე სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემა იყო სასამართლო და კიდევ რა?

– სხვა არაფერი. სასამართლოს უჭირავს ყველაფრის გასაღები. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიგოთ სიმართლე. უნდა დაისაჯოს ის, ვინც დასასჯელია. სასამართლოს უჭირავს ეკონომიკური განვითარების გასაღებიც. წინსვლა არ მოხდება, თუ ადამიანები არ დარწმუნდნენ საკუთარი კაპიტალის, და არა მხოლოდ ივანიშვილის კაპიტალის, დაცულობაში. როცა პრემიერი ამბობს, რომ მიდის, როცა არაფერი ქვეყანაში ჯერ არ გაკეთებულა, ეს აბნევას ყველას, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორს. ეკონომიკა ვერ განვითარდება თუ არ გვექნა დამოუკიდებეი სასამართლო და სტაბილურობა.

ივანიშვილის არგუმენტი წასვლასთან დაკავშირებით – მე გადავალ სამოქალაქო სექტორში, საიდანაც უკეთ, უფრო კრიტიკულად შევაფასებ და გავაკონტროლებ რეალობას და უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.

– არ მინდამე მისი გაკონტროლებული მთავრობა და საქართველო. თვითონ სიტყვა კონტროლი უკვე ნეგატივია.

როცა ივანიშვილმა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია კოალიციაში შეიყვანა ამას მაშინ როგორ აფასებდით?

– მაშინ ვფიქრობდი რომ ეს გააკეთა გარედან „ნაწყენი ძალების“ გასანეიტრალებლად. ეს მიღებული პრაქტიკაა ქართულ პოლიტიკაში, რომ არ გაიჩინო მტრები.ცოტა აღრევა მოხდა ცნებების. რეალურად ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ამ პარტიებს, როგორც პარტიებს, აღარ ეარსებათ. თავისი პარტია, ფაქტიურად, თამაშგარეა და არ ჩანს არანაირი რეალური ქმედება იმისა, რომ ეს პარტია ფეხზე დადგეს.

მგონი არ შედიოდა ეს მის ინტერესებში.

– რა შედიოდა, რას ფიქრობდა, არ ვიცი. ფაქტია, რომ დღეს, გარდა იმისა, რასაც ბურჯანაძე ქმნის, სხვა ქმედითი პარტია არ არსებობს ქვეყანაში. პარლამენტი ძალიან სუსტია,რადგან „ოცნებაზეა“ დაფუძნებული და არალეგიტიმურ ნაცმოძრაობაზე. ანუ რა გამოდის? როცა წავა ივანიშვილი, არაფერს დატოვებს? ივანიშვილი აპირებს საკუთარი ნდობით შერჩეული მმართველი ნაწილის დანიშვნს და წასვლას. საკმაოდ უცნაურია. აპირებს გადასვლას სამოქალაქო სექტორში, საიდანაც დაეხმარება ოპოზიციურ პარტიებს. ეს თარგამაძის მოდელი, რაც უკვე გამოვცადეთ. ივანიშვილი უფრო შორსაც მიდის, როცა ამბობს, რომ გადადის არასამთავრობო სექტორში ძალიან დიდი ფულით. ეს ნიშნავს ტოტალურ კონტროლს. სად მივდივართ? რა ტიპის რეჟიმია ეს.

თუმცა იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ არსებული არასამთავრობო სექტორის სოლიდური ნაწილი უკვე იყო კონტროლირებადი და გამოყენებადი.

– ცხადია. ამიტომ დავარქვი სააკაშვილის რეჟიმს ნეოტოტალიტარული. იქ იყო კონტროლი არა მხოლოდ პოლიტიკური სექტორის, არამედ ბიზნეს-სექტორის და არასამთავრობო სექტორიც. ბოლო 1 წლის მანძილზე არასამთავრობო სექტორი არის საკმაოდ თავისუფალი. მიმაჩნია, რომ ივანიშვილის იქ გადასვლა ისევ აჭრის სიტუაციას.

თქვენი აზრით, შესაძლებელია ნაციონალებს და ოცნებას შორის გარიგების არსებობა? ან რა ტიპის გარიგება შეიძლება იყოს ეს? დროის მოგების მომენტის თუ რეალური რევანშის?

– ამის პასუხად მოვიყვან საკუტარ მაგალითს. თუმცა მოსამართლეები არიან დანიშნული მიშას პერიოდში და ყველა იყო კუბლაშვილის კადრი, ამის მიუხედავად, შეასრულეს ხელისუფლების მითითებები. ამიტომაც გამიჩნდა კითხვა - რატომ ამბობენ, რომ მიშას რეჟიმის მიმართ და იქაური დანაშაულის მიმართ ვერ ატარებენ ობიექტურ სასამართლოს, რადგან თურმე კუბლაშვილი და სააკაშვილი აკონტროლებენ მას ისევ? ვერც ის დავინახე რომ არსებობს ზეწოლა დასავლეთიდან რომ სასამართლოები არ ჩატარდეს. იყო შენიშვნები ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად მერაბიშვილის შემთხვევაში, რადგან ის წინასწარ იქნა დაკავებული და ყოფილი პრემიერის წინასწარ დაკავება, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს, გვინდა-არ გვინდა. თორემ რიგით სასამართლოებზე, გამოძიებაზე არანაირი ზეწოლა და შეზღუდვა არ ყოფილა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ნიშნები გარიგების, ცხადია. რეალურია მიშას რეჟიმის გაგრძელების ნიშნები. მიშამ დემოკრატია გამოშიგნა არსით და პრინციპებით და რაც ახლა ხდება, ესაა უკვე ფორმის დაკარგვა. ახლა რაც ხდება, ესაა ფასადის რღვევა. ასევე საგარეო პოლიტიკაში მიშას ქონდა შენარჩუნებული განცხადებების დასავლური ფორმა, დასავლური პიარით. მაგრამ ეს იყო გადაფარვა კონკრეტული ქმედებების . მაგალითად ისეთი ძალების შემოყვანა ეკონომიკაში, რომლებიც რუსეთის ინტერესების წარმომადგენლები იყვნენ, საზღვრების არგამაგრება, არდაცვა.

რეალურ საფრთხეებს ხედავთ?

– ჩემი აზრით, ამ ყველაფერს საგარეო პოლიტიკაში, დასავლური ფორმის დაკარგვამდე მივყავართ. ეს ევრაზიული განცხადებები, რომ ნატო შეიძლება აღარ გვიღირდეს, ეს ყველაფერი მიდის იქითკენ...

თქვენი აზრით, კოალიცია ადგილობრივ არჩევნებამდე დაიშლება?

– მიჭირს მათ მაგიერ აზრის გამოთქმა, ვფიქრობ, ყველას ერთობლივი ინტერესი უნდა იყოს შენარჩუნება და ამის 2 მიზეზი არსებობს. ერთი ის, რომ პარლამენტში ვეღარ მოხვდება მათი უმრავლესობა, მაგალითად გუგული მაღრაძე, თუნდაც გოგი თოფაძეც, თუ ლევან პირველთან ერთად იმოქმედებს. სანამ არიან ერთად, იქნებიან იმ ადგილებზე. მეორე, რამაც შეიძლება კოალიცია გადაარჩინოს - ესაა ივანიშვილის მიერ ფინანსების ხელმეორედ დადება მათთვის, რომ მაშინვე არ დაიშალონ. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, რომდენად მძაფრი იქნება ზეწოლა გარედან.

საზოგადოებრივ ზეწოლას გულისხმობთ?

- დიახ. უკვე ბურჯანაძე აცხადებს თავის გეგმებს არალეგიტიმური პარლამენტის დაშლასა და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებაზე. ალბათ იქნება საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ვადამდელი არჩევნები შეიძლება ცუდი იყოს ამ მომენტისთვის. სამაგიეროდ, დავინახავთ, რომ პარლამენტიც შიშველია და იქ შემავალი პარტიებიც. მათთვის კიდევ უფრო რთული იქნება ადგილობრივი არჩევნები. ეს პარტიები რამდენად შეძლებენ არჩევნების წინ სიებზე შეთანხმებას, რაც მათთან ირთიერთობის გამოცდილებით ვიცი, ცოტა მეეჭვება.

ბოლო მოვლენები - სადემარკაციო ხაზის გადმოწევა. რუსეთის ქმედებები, რატომღაც, იუსტიციის მინისტრმა შეაფასა. თქვენი აზრით, უნდა აფასებდეს თუ არა მსგავს საკითხებს პრემიერი თავად?

– ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და არა მაია ფანჯიკიძე ან თეა წულუკიანი. ანუ, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, წასვლამდე პასუხისმგებელიცაა მათზე. მან უნდა შეაფასოს და თქვას კონკრეტული ნაბიჯები და არა ბუნდოვანი კითხვები სვას - „რატომაც არა ევრაზია?“

რუსეთი ჩვენთვის ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ასე იყო თქვენი მინისტრობის დროსაც...

– გეთანხმებით. სწორედ ამიტომ, რუსეთთან ურთიერთობა ვერ დაიშლება სექტორებად. აქეთ საზღვრები, იქით ოლიმპიადა, იქით ღვინო და არანაირი კონცეფცია იმისი თუ რა გვინდა რეალურად. სააკაშვილს ქონდა გაცხადებული კონცეფცია - კონფრონტაციული, თუმცა ამის ქვეშ ბევრი სხვა რამე ხდებოდა. ამ ხელისუფლებას კონცეფციაც არ აქვს, რადგან ყველა თავისთვის რაღაცას ამბობს და აკეთებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან კატეგორიულ განცხადებებს აკეთებს, ასევე ზურა აბაშიძე ზოგჯერ ამბობს, რომ შეუძლებელია მოლაპარაკებები, მაგრამ ამ დროს არ ვიცით, რა არის ხელისუფლების პოლიტიკა. კიდევ უფრო საკვირველი ისაა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეააზე წავიდა სააკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერს არც მოუვიდა აზრად, რომ შეიძლებდა იქ თვითონაც წასულიყო...

მაგ დღეს პრემიერს ექსპერტებთან შეხვედრა ქონია დაგეგმლი.

– პრემიერის ექსპერტებთან შეხვედრა იყო სამარცხვინო, ეს არაა დემოკრატიული ფორმატი. ესაა სააკაშვილის რეჟიმის სტილი. არაფერი ესაქმება პრემიერს ექსპერტებთან. რა წარმონაქმნია ზოგადად „ ექსპერტები“ ეს კიდევ ცალკე თემაა. რატომ უნდა დაიბაროს და რატომ უნდა დაიწყოს „ჩაკითხვა“. ეს კოკა ყანდიაშვილის ფორმა და ფორმატია. რა დროს ექსპერტებთან დებატებია? მაგ დღეს თუ გაეროს ასამბლეაზე არ იქნებოდა და საჯარო შეხვედრაზე იყო საუბარი, ალბათ საგარეო და თავდაცვის საკითხების ექსპერტები უნდა მოეწვია.

- თქვენი აზრით, რატომ არ წავიდა ივანიშვილი ასამბლეაზე?

- ნამდვილად მიჭირს აზრის გამოტანა. იქ ძალიან დიდი ინტერესი იქნებოდა მის მიმართ. მათთვის უცნაურია განცხადებები წასვლაზე. შეიძლება წახვიდე, მაგრამ წინასწარ გამცხადებების გაკეთებით ამაზე იკლებ კომუნიკაციას საჭირო პოლიტიკოსებთან... იყო ლაპარაკი მის ამერიკაში ვიზიტზე. რანაირად უნდა ჩახვიდე ამერიკაში, როცა აცხადებ რომ მიდიხარ, როცა ისედაც დონის პრობლემაა, მაგრამ არაა აუცილებელი, რომ მხოლოდ ობამას შეხვდე. როცა უკვე გაცხადებული გაქვს წასვლა, ცხადია, იქიდან რეაქცია იქნება - მოდი, ვნახოთ, დაველოდოთ და იმას შევხვდეთ, ვინც მოვა...

- ანუ ივანიშვილი არა მხოლოდ ჩვენ გვაბნევს, არამედ მსოფლიოსაც.

- მსოფლიოს რომ აბნევს ესაა მთავარი. საგარეო პოლიტიკაში დღეს ეს შეიძლება იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის. არაერთხელ ვახსენე გასული საუკუნის 20-იანი წლების მაგალითი, როცა ევროპელი პარტნიორებიც ვერ მიხვდნენ რა გვინდოდა? ამიტომ აღარ გამოიჩინეს ისეთი მძაფრი რეაგირება და შედეგი ყველამ ვიცით.

- აპირებთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას?

- არ ვიცი, ვნახავ როგორი სიტუაცია იქნება - რამდენად ღია და თავისუფალი და რამდენად ფულზე დამოკიდებული. დღეს ვიცით, რომ გაყალბება არ იქნება, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ერთი და იგივე არჩევანის წინაშეა ხალხი, არჩევანია წასვლა-არწასვლაზე არჩევნებზე და არა კონკრეტული პირის არჩევაზე.

- აბა რაში გეპარებათ ეჭვი?

- იმაში, რომ ადმინისტრაციული სიები არ შეცვლილა, ცესკოს კომისიაშიც იგივე ხალხია. ამ ხალხზე უამრავი პრეტენზია არსებობს. “ რესპუბლიკელები“ იყვნენ ამაზე პასუხისმგებლები წინა არჩევნებზე. რადგან იურისტებად მოაქვთ თავი. ისინი აგროვებდნენ მთელ ამ დარღვევებს. სად გაქრა? ასეთ სასამართლოზე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი არანაირ წინააღმდეგობას არ გაუწევდა, თუნდაც არჩევნების მიმართ ნდობის აწევის მიზნით. სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, ვინ იყო გაყალბებაზე პასუხისმგებელი და ვინაა დამნაშავე. ეს ყველაფერი თუ არ შეიცვალა, ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები, რამდენად ღია, გამჭვირვალე და დაცული იქნება გაყალბებისგან, ამაზე ვერაფერს ვიტყვი.

უნდა ვენდოთ? 1 წელიწადში სიების გაწმენდა რატომ ვერ მოხერხდა? კოალიციის წევრებს ყველას აქვს აქვს სიებთან დაკავშირებით მწარე გამოცდილება. ახლა უცებ აღარ აინტერესებთ და უცებ დრო აღარაა? ბიომეტრიულ პასპორტზე იბრძვის ჩვენი პარტია რამდენი წელია, ხან დრო არაა, ხან ფული. როცა ვიცით, რომ ესაა პირდაპირი წამალი გაყალბების წინააღმდეგ. ამის შემოღების შემდეგ ვეღარაფერს იზამს - ვერც გოგორიშვლი, ვერც იმერლიშვილი.

- საპრეზიდენტოზე თქვენი პროგნოზი როგორია?

- ის, რაც ივანიშვილმა თქვა. ყველაფერი შესრულდება.

- თქვენი აზრით, რატომ აქვს ბურჯანაძეს ასეთი მკაფიო განცხადებები?

- ის თვლის რომ ასეთი უნდა იყოს კანდიდატი და ასეთი თვითდაჯერებული ფორმა კამპანიის ცოტა მოძველებული ფორმაა.

- დღეს მედიაში აქტუალური გახდა თემა - ვინ იქნება მეორე.

- იმიტომ, რომ რეალურად პრეზიდენტის ფუნქცია დაცლილია უფლებებისგან და ბერკეტებისგან და ეს გაკეთდა ამ ხელისუფლების პირობებში, დაწყებული სააკაშვილიგან და დღეს რჩება მხოლოდ სიმბოლური პრეზიდენტი. მარგველაშვილის კანდიდატურა ესაა ცარიელი პრეზიდენტი ცარიელ პოსტზე. რეალურად ძალაუფლება უკვე გადატანილია პრემიერის პოსტზე, რომელსაც არ ვირჩევთ, მაგრამ თუ იქნება საპარლამენტო არჩევნები, ცხადია, უმრავლესობა, რომელიც მოვა, ის აირჩევს პრემიერს.

- ახალი კონსტიტუციური ცვლილებებით სერიოზულად იზღუდება პრემიერის უფლებებიო.

- მართალია, პარლამენტს გადასცეს ნაწილი უფლებები, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, უმრავლესობაში რა ძალაც მოვა, ის იქნება პარლამენტში უმრავლესობა და ის დანიშნავს პრემიერს. ანუ ესაა ფიქტიური შეზღუდვა. თუ უმრავლესობა სხვაა და პრემიერი სხვა , მაშინ პარლამენტმა შეიძლება შეზღუდოს მისი ქნმედება. თუ ერთი უმრავლესობაა და მისი დანიშნული, მაშინ პრემიერს აქვს ყველა უფლება. ანუ ამიტომ, მეორე ძალა, რომელიც მოვა, რადგან მარგველაშვილი ძალას არ წარმოადგენს, და კოალიცია დღეს თუ ხვალ დაიშლება, ის იქნება მზად, რომ ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს იქნება რეალური ოპოზიცია. ოცნების მიერ იმედგაცრუების შემდეგ, ძალაუნებურად მეორე ძალა ხდება შემდეგ არჩევნებში პირველი ძალა და ესაა გათვლა ბურჯანაძეზე. თუმცა რამდენად გამართლებული ეგ კიდევ სხვა საკითხია.

- თუ მოხდა ისე, რომ გაიყო პოლიტიკური ძალები და ევროპული მიმართულების ძალად დარჩნენ მხოლოდ ნაციონალები, რა პოზიციას დაიკავებს ამ დროს სალომე ზურაბიშვილი?

- აქაა პასუხი ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩემი ამ არჩევნებში დაბლოკვა ამ საკითხს უკავშირდება. სხვას ვერ ვხედავ. რატომ ვის ვუშლი? ის რომ მე გამარჯვების უზარმაზარი შანსები მქონდა, ეს ხომ არასერიოზულია?! რეალურად მე ვიყავი წარმომადგენელი ამ მიმართულებით და ამით ნაციონელებს ვაკარგვინებდი ფსევდომონოპოლიას დასავლურობაზე. სხვა ძალის არარსებობის პირობებში ამათ შეუნარჩუნებენ მონოპოლიას, ოღონდ დისკრედიტირებული დასავლურობის. მათ ხელში მოხდა დასავლურობის დისკრედიტაცია და ვიდრე ის მათთან იგივდება და ასოცირდება, იზრდება ეს დისკრედიტაცია. ამ არჩევნებში ასეცაა ჩაფიქრებული - რეალური დასავლურობა ვერ გამოჩნდება. ეს ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი, რაც მოხდა ჩემი შეფასებებით.

- სწორედ ამ დასავლური ორიენტაციის გამო, ბევრს ეგონა, რომ ნაციონალური სასამართლო „არ გაგწირავდათ“. თუ უშვებთ, რომ თქვენ და ნაციონალები ოდესმე დადგებით ერთად?

- ამ შემთხვევაში ნაციონალებს ჩემი დაბლოკვა აწყობდათ. სანამ მე არ ვარ, იმათ აქვთ მონოპოლია. ისე როგორც არ აწყობს ბურჯანაძეს და არ აწყობს ხელისუფლებას. ანუ არცერთს არ აწყობს და მშვენივრად არიან შეხმატკბილებულები.

ნაცმოსძრაობასთან, ისე როგორც ნებისმიერ პარტიასთან, ვიდრე არ ჩატარებულა სამართლიანი და ობიექტური სასამართლო, რომელიც გაარჩევს ვინ ვინაა?ვინაა იდეოლოგიით ნაციონალი, მოუვიდა შეცდომა, და ვინაა დამნაშავე? ვიდრე ეს არ გაირკვევა, „ნაცმოსთან“ თანამშრომლობა წარმოუდგენელია.

- თქვენი აზრით სისტემის შემომქმედი და მთავარი დამნაშავე სააკაშვილია?

- ეს უნდა თქვას სასამარლომ. არ უნდა დაიჭირონ მერაბიშვილი იმ განწყობით, რომ ესაა ყველაფერი. ან მიშაა თავი და თავი. თუ სასამართლომ არ მითხრა ეს, ჩვენ ვაგრძელებთ შევარდნაძის მიერ დაწყებულ პოლიტიკურ გარღვევებს იმ მხრივ, რომ არავინ ისჯება და ყველა ყველაფერს აგრძელებს. დღეს შეიძლება ლევან პირველი დაბრუნდეს, შეიძლება ჩხარტიშვილი დაბრუნდეს, შეიძლება ნუგზარ ფოფხაძე დაბრუნდეს და ა.შ. რატომ? იმიტომ რომ სასამართლო არ ყოფილა, ხოლო მეხსიერება სხვა რამეა. ადამიანები ვართ, ბოლოს და ბოლოს, აღარ ვიცით, აღარ გვახსოვს ზუსტად, გარკვეული დროის შემდეგ და ვეგუებით ძალიან კარგად. გამოსაძიებელია უამრავი საკითხი, დარჩენილია უამრავი კითხვა. თბილისის ომი, აფხაზეთი, 2008 წლის ომი, განმუხურის ვითომ გადატრიალება, ლაფანყური და ა.შ. სამეგრელოში ამდენი იარაღი აღმოაჩინეს და, თუ დააკვირდით, ყველამ გადაიტანა აქცენტი ფირებზე, რომლებიც მე, როგორც მოქალაქეს, ნაკლებად მაინტერესებს. თუმცა, როგორც ოლიტიკოსი ვაღიარებ, მაინტერესებს, ჩემზე თუ რამე ჰქონდათ? არადა აქ ის იყო მთავარი, რომ კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლებამ გადამალა იარაღი, და არ მიაწოდა ახალ ხელისუფლებას მასზე ინფორმაცია. აღარაფერი ისმის თუნდაც ალ-ქაიდას ფირებზე, ისიც გადაგვავიწყდა. დღეს ბომბებია აქტუალური. არაფერზე სერიოზული გამოძიება არაა , ბოლომდე არცერთი საქმე არაა მიყვანილი და ვართ ასე ჰაერში.

- ამ სიტუაციაში განაწყენებულ პოლიტიკოსად მიგაჩნიათ თავი?

- სულაც არ ვარ არავისზე განაწყენებული. აქ ვრჩები, ვაგრძელებ მუშაობას, მაგრამ ვთვლი და ეს ჩემი ბედი ყოფილა, რომ, რატომღაც, ვარ ლაკმუსი აქაური მოვლენების. ისე როგორც მოხდა სააკაშვილის პერიოდში, ცნობილი ქაჯების ინციდენტი, რაღაცნაირად გამოაშკარავება ხდება რაღაც მოვლენების ჩემს ფონზე.

- ალბათ იმიტომ, რომ არ ხართ მართვადი და კონტროლირებადი?

- შეიძლება. არც მართვადი ვარ და არც გაჩუმება მახასიათებს. ახლა ამ ყველაფრის გადაფარვას ჩემი ნაწყენობით ცდილობენ, ჯერ ბურჯანაძეზე, მერე პარლამენტზე, იმაზე-ამაზე. პოლიტიკაში წყენა რა შუაშია, ისე როგრც სიყვარული?

პოლიტიკა არის სტრატეგია და შედეგი. აქედან გამომდინარე, ან იმსახურებ პატივისცემას, ან - არა...

 

"ქრონიკა+" 01.10. 2013

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...