„რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით არ მიგვიღია“, - აცხადებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა გაზეთ „პრაიმ ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ამის შესახებ ინფორმაციას Itar-Tass ავრცელებს. რურუა აღნიშნავს, რომ სტურუა დიდი ხნის განმავლობაში აფიქსირებდა ანტისამთავრობო შეხედულებებს, თუმცა იგი არავის გაუთავისუფლებია დაკავებული თანამდებობიდან. „რობერტ სტურუა საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას უკანასკნელი რამდენიმე წელია ღიად აფიქსირებს, მაგრამ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება არავის უფიქრია. ჩვენ დემოკრატიულ საქართველოს ვაშენებთ და პოლიტიკური მოტივით ამის გაკეთება შეუძლებელია“, - ამბობს რურუა. რურუას თქმით, სტურუას გათავისუფლების მიზეზი მისი ქსენოფობიური განცხადებები გახდა. „არ ვიცი, ეს განცხადებები სტურუამ შემთხვევით გააკეთა, თუ არა, მაგრამ ჩვენ უნდა გვეჩვენებინა, რომ მის პოზიციას აბსოლუტურად არ ვეთანხმებით და მას არ უნდა ეკავოს ეს თანამდებობდა და არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოსგან“. რურუა აღნიშნავს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიუხედავად, სტურუას სპექტაკლების დადგმა კვლავინდებურად შეუძლია და მას ამისთვის ნებართვის მოთხოვნა არ დასჭირდება.