გია ნოდია: რატომაა ასე ჩუმად საქართველო ტუნისის რევოლუციასთან დაკავშირებით? როდესაც მმართველი პარტიიდან რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსს ტუნისის ბოლოდროინდელ მოვლენებზე ქვეყნის პოზიციის შესახებ შეკითხვა დავუსვი, ისინი გაოცებულები დარჩნენ. პოზიცია არ არსებობს და ეს მხოლოდ მთავრობას როდი ეხება: ტუნისის მოვლენებმა ზოგადად მცირე ინტერესი გააღვიძა საქართველოში. მათზე ცოტათი იმსჯელეს სოციალურ ქსელებში, მაგრამ მხოლოდ ცოტათი შესაძლოა ეს არც არის ძალიან გასაოცარი. ბოლოს და ბოლოს ტუნისი შორსაა და ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობები არც არსებობს. ეს მოვლენები საქართველოზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ქართულ ინდიფერენტულობაზე, ე.წ. ”ჟასმინის რევოლუციის” მიმართ, რამდენიმე სიტყვის თქმა მაინც ღირს. თავდაპირველად ზოგად კონტექსტს შევეხოთ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც საკმაოდ ცინიკურად უყურებს პოლიტიკური თავისუფლების იდეას. პრეზიდენტ ბუშის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, დემოკრატიის საყოველთაო გავრცელებაზე საუბარი რამდენადმე არამოდური გახდა. ამ კონცეპტს ან ამერიკული იმპერიალიზმის ფარულ (ან არც თუ ისე ფარულ) გამოხატულებად ან ამერიკელთა იდიოტობამდე მისულ მიამიტობად განიხილავენ. ორივე შემთხვევაში, ეკონომიკურად დაბალგანვითარებული ქვეყნებისგან დემოკრატიის მოთხოვნა, განსაკუთრებით არაბულ სამყაროში, რამდენადმე არაკორექტულ მოთხოვნად იქცა. დემოკრატიის სული ტუნისის რევოლუციამ, რომელიც აშკარად ქვევიდან დაიწყო და მთავრობის შეცვლის საყოველთაო სურვილი გამოხატა, მთელს მსოფლიოში პოლიტიკიური თავისუფლების ნირწამხდარი მხარდამჭერების გამოღვიძება გამოიღო შედეგად. მიუხედავად რეალპოლიტიკის აღზევებისა, დემოკრატიის სული ცოცხალია და თავს ისეთ ადგილებშიც ავლენს, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ელიან, მათ შორის მაჰრიბშიც. გამოითქვა იმედი რომ ტუნისის მოვლენები არაბულ სამყაროში დემოკრატიული მოძრაობების ტალღის ინსპირირებას მოახდენს, მაგრამ ამავე დროს ყველას ახსოვს ირანის 1979 წლის რევოლუცია, რომელსაც ნამდვილად არ მოუტანია თავისუფლება ან თუნდაც ამ საუკუნის დასაწყისში, პოსტ-საბჭოთა სივრცეში მომხდარი ე.წ. ფერადი რევოლუციების არაერთგვაროვანი შედეგები. ”ჟასმინის რევოლუცია” არსებითად დემოკრატიული ხდომილებაა, თუმცა არ იძლევა იმის გარანტიას რომ მის შედეგად ტუნისში დემოკრატიული რეჟიმი დამკვიდრდება. და როგორ ჯდება ამ სურათში საქართველო? ტუნისის მოვლენები 2004 – 2005 წ.წ. რომ მომხდარიყო, მიხეილ სააკაშვილი მაშინ ალბათ თამამად განაცხადებდა, რომ ტუნისელი ხალხი ისევე როგორც ხალხი ყველგან, თავისუფლებას იმსახურებს და ალბათ იქნებოდა აშკარა მინიშნებები იმაზე, რომ საქართველოს რევოლუცია ტუნისის დემოკრატების ერთ-ერთი ინსპირატორი იყო. შესაძლებელია ისიც, რომ ”ვარდების რევოლუციის” ვეტერანები ტუნისისკენ გაეშურებოდნენ, რათა რევოლუციური მასებისთვის მორალური მხარდაჭერა გამოეხატათ და იქნებ ერთ-ორი სასარგებლო რჩევაც მიეცათ, მაგრამ დღეს ასეთი რამ რთული წარმოსადგენია. ჯერ ერთი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველომ გადაწყვიტა პრაგმატიზმის ზოგად ტენტდენციას გაჰყოლოდა. თბილისისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის ქვეყნებთან კარგი დამოკიდებულება უფროა, ვიდრე ადგილობრივი რევოლუციონერებისთვის მხარდაჭერის შეთავაზებით მათი რეჟიმების გაღიზიანება. ურთიერთობები ბელორუსიასთან – სააკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინ დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახალი არჩევის შემდეგ მიულოცა – ამის, ალბათ ყველაზე ცხადი (მაგრამ ნამდვილად არა ერთადერთი) მაგალითია. მეორე, 2007-2009 წლის მასობრივი პროტესტის შემდეგ საქართველოს მთავრობამ და მისმა მხარდამჭერებმა ფერად რევოლუციებთან სხვადასხვა ქვეყნებისთვის დაკარგეს ინსტიქტური იგივეობა. ტუნისის მოვლენებზე რეაქციის დეფიციტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის მმართველობის რევოლუციური ფაზა დასრულებულია. ახლა ეს უკვე ჩვეულებრივი მთავრობაა, რომელიც ყოველდღიური პრობლემებითაა დაკავებული. ამ საქმეს უმკლავდებიან კარგად თუ ცუდად, დემოკრატიულად თუ არც თუ ისე დემოკრატიულად, ეს უკვე სხვა საკითხია. შედარების საფუძველი სააკაშვილის ოპონენტებისთვის სააკაშვილის შედარება ტუნისის დამარცხებულ მმართველ ზინ ალ-აბიდინ ბენ ალისთან რეალურად უფრო ლოგიკურია, განსაკუთრებით იმიტომ რომ შედარებისთვის საფუძველი ნამდვილად არსებობს. საქართველოში ტუნისისგან განსხვავებით დიქტატურა არ არის, მაგრამ პოლიტიკურ სისტემას ავტორიტარული შეფერილობა აშკარად აქვს. ბენ ალის რეჟიმი დიქტატორული იყო, მაგრამ აშკარად უფრო რბილი, ვიდრე არაბული ქვეყნების უმრავლესობაში. უკანასკნელ დრომდე, ტუნისს განიხილავდნენ ისეთი ავტორიტარული მოდერნიზაციის წარმატებულ მაგალითად, რომელშიც შენარჩუნებულია შედარებით მაღალი ხარისხი სამოქალაქო უფლებებისა. სააკაშვილის ოპონენტები სიხარულით უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ბენ ალიმ იმის გაკეთება შესძლო, რის გაკეთებასაც მისი ქართველი კოლეგა მხოლოდ ახლა ცდილობს: მან საკუთარი ქვეყანა ტურისტულ სამოთხედ და თავისი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ გადააქცია და ყველაფერი მაინც რევოლუციით დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არა აქვს რამდენ ტურისტს მიიზიდავს სააკაშვილი აჭარაში ან სვანეთში, ეს მას ვერ უშველის. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში ოპოზიციასაც კი არ განუხილავს გულდასმით ტუნისის პრეცედენტი. როგორც სჩანს ისინი ძალიან არიან დაკავებულები თავისი ბრძოლებით, ხოლო ხალხმა რევოლუციებისადმი ინტერესი დაკარგა. ამ თვალსაზრისით, ტუნისის მოვლენებმა მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში არ სუფევს რევოლუციური ატმოსფერო. მაგრამ ამან ხელისუფლება ძალიან არ უნდა გაახაროს. ”ჟასმინის რევოლუცია” ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ კანონზომიერებას შეგვახსენებს: ავტორიტარული მოდერნიზაცია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის შედარებით წარმატებულია, საკუთარ თავში რევოლუციის საფრთხეს შეიცავს. როგორც კი მოდერნიზაცია წარმატებას აღწევს, იქმნება საშუალო კლასი, რომელიც ადრე თუ გვიან სრულ პოლიტიკურ თავისუფლებას მოითხოვს. პოლიტიკური თამაშის წესებზე კონსესუსის მიღწევის გარეშე, ვერ იარსებებს სტაბილურობა. ეს გაკვეთილი ყველა რეფორმატორსა და მოდერნიზატორს უნდა ახსოვდეს. http://www.rferl.org/content/georgia_tunisia_jasmine_revolution/2286879.html ნოდია ხო არ ცდილობს უფრო ოპოზიცური გახდეს?