lasha1997 : :maladec: ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2009 24 / 10, 2009 10:09 • გია ჭანტურია - “გადაცემა “ალიონი”თავიდან ბოლომდე იყო ცუდი. ავდექით და გავუშვით ყველა” • გოგა ხაინდრავა - “ჩვენ რომ 47 მილიონი დოლარი გვქონოდა, სააკაშვილი გლდანის ციხეში გვეყოლებოდა დიდი ხანია გამოკეტილი!” • ხიზრი ალდამოვი - “რუსული პასპორტები პანკისელ ქისტებშიცაა დარიგებული” გია ჭანტურია - “გადაცემა “ალიონი”თავიდან ბოლომდე იყო ცუდი. ავდექით და გავუშვით ყველა” “მოხდა რეორგანიზაცია, რადგან პირადად მე გადაცემა “ალიონის” უკმაყოფილო ვიყავი, პლუს ამას დღიდან ჩემი დანიშვნისა ვითხოვდი ახალ პროექტის და ახალ გეგმას, რომელიც არ იყო მოწოდებული და ამიტომ მივიღეთ გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება. ეს ძალიან ბუნებრივი და სწორი პროცესია და ამაში გასაკვირი არაფერია. მიზეზი არის ელემენტარული - გადაცემა თავიდან ბოლომდე იყო ცუდი. ავდექით და გავუშვით ყველა”, - აცხადებს “პირველი არხის” გენდირექტორი გია ჭანტურია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პირველ არხზე” საკადრო წმენდა დაიწყო / გია ჭანტურია: “ახალი გადაცემების გაკეთება რასაც მოითხოვს, იმდენ ადამიანს გავუშვებთ”. “იმ განყოფილებაში მომუშავე ადამიანებმა მთლიანობაში ვერ შეასრულეს ის, რაც უნდა შეესრულებინათ. მე მაქვს ჩემი მეთოდები, როგორ ვმართო არხი და ასე მოვიქეცი. თუ საჭირო გახდებიან იმ ახალ ფორმატში, რომელიც ახლა მზადდება, შესაძლებელია ზოგიერთი მათგანი კვლავაც დაბრუნდეს. ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ ამ ეტაპზე ყველა გავუშვით - რადგან გადაცემა არ ვარგოდა უკმაყოფილო ვიყავი ყველასი. წამყვანებისაც მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი საკმაოდ მაღალი ხარისხის პროფესიონალია. ამ გადაცემაში მათ თავისი ადგილი ვერ იპოვეს ვერანაირად. მგონი, 46 ადამიანი გავუშვით, თუ არ ვცდები. აქ საუბარი არ არის, რომ რომელიმე ჟურნალისტი ცუდია ან კარგია, უბრალოდ კონკრეტულ გადაცემასა და სიტუაციაში მათ თავი ვერ გამოიჩინეს და იმედები ვერ გაამართლეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ჭანტურია. “ტელევიზია არ არის არც უნივერსიტეტი და არც რამე სხვა ორგანიზაცია, რომელიც დაელოდება მუდმივად იმას, თუ როდის ისწავლიან ჟურნალისტები და როდის გაიზრდებიან. არის უამრავი ადამიანი, რომელსაც იგივე საქმის გაკეთება შეუძლია გაცილებით უკეთესად. ჩვენ ვაპირებთ ახალ ფორმატში 20-21 ადამიანის დაკავებას და ვითხოვთ ამ ადამიანებისგან გაცილებით მეტს, რადგან ამ გადაცემამ უნდა შექმნას მთელი დილის გაწყობა. პრობლემა არ არის არანაირი - თუ რომელიმე მათგანი კვლავ ისურვებს ჩვენთან თანამშრომლობას და დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ახალ გადაცემაში გექნება, მათ მიეცემათ ახალი შანსი არხზე დაბრუნების. ჩვენ პიროვნებების წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ არადამაკამაყოფილებელი მუშაობის გამო გავუშვით ისინი არხიდან, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ამ გადაცემაში მომუშავე ადამიანებს საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებაც კი ჰქონდათ. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში 70 ადამიანი მივიღეთ შტატში. ასე რომ, ვინმემ არ თქვას, რომ რაღაც საშინელებებს ვაკეთებთ. ასე არ არის”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “მე მინდა, რომ გადაცემა, რომელიც ეთერში გავა იყოს კარგი და გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო. შესაბამისად, ახალი გადაცემის გაკეთება რასაც მოითხოვს იმდენ ადამიანს გავუშვებთ. ვინც თავს ვერ გამოავლენს, იმას გავუშვებთ, აბა რად მინდა ადამიანი, რომელიც ხელფასს იღებს და არაფერს არ აკეთებს, - აცხადებს გია ჭანტურია და შეკითხვას - “ამ და სხვა ცვლილებების შედეგად განახლებული პირველი არხი როდიდან გავა ეთერში?” - პასუხობს: “ჩვენ უკვე ვგეგმავთ, რომ ორშაბათს განახლებული “მოამბე” გავიდეს ეთერში და ნელ-ნელა ნოემბრის ბოლომდე ვაპირებთ, რომ დაახლოებით 12 ახალი გადაცემა გავუშვათ ეთერში. ამავდროულად რამდენიმე სიურპრიზი გვაქვს - ნოემბრის ბოლომდე 60%-ით განახლდება არხი, დანარჩენი 40%-ს ნელ-ნელა ჩავუშვებთ ეთერში”. გოგა ხაინდრავა - “ჩვენ რომ 47 მილიონი დოლარი გვქონოდა, სააკაშვილი გლდანის ციხეში გვეყოლებოდა დიდი ხანია გამოკეტილი!” “ხელისუფლების საწოლში კოტრიალში ეჭვმიტანილი ქართული ინტერნეტ-გაზეთ “დრონი.ჯი”-ს მიერ გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ვარდების ხელისუფლების მიერ საქართველოდან დევნილმა ასლან აბაშიძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, ალექსანდრე ბრეუსმა, ალექსანდრე სილაგაძემ, ჯემალ გოგიტიძემ, ლევან მამალაძემ, ბონდო შალიკიანმა, ზურაბ წერეთელმა, მიხეილ ხუბუტიამ, თემურ ბასილიამ (სულ 17 კაცი)... 2009 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით საქართველოს ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის დასამხობად, საერთო ჯამში, 47 მილიონი დოლარი გადმოურიცხეს. “დრონი.ჯი” იმასაც ამტკიცებს, რომ თითქოს ოპოზიციას ამ 47 მილიონის გარდა 80 მილიონი დოლარიც ჰქონდეს “გასუხარებული”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით “მაპატიეთ და ეს არის ჩაჯმ...ლი საზოგადოება და ამ ქვეყანაში კაცებს ყვ...რები აღარ აქვთ” “კაი ერთი თუ ძმა ხარ. სასაცილოა საერთოდ, არასერიოზულია, თუ ძმა ხარ! ჩვენ რომ 47 მილიონი დოლარი გვქონოდა, სააკაშვილი გლდანის ციხეში გვეყოლებოდა დიდი ხანია გამოკეტილი! 47 კი არა 7 მილიონი დოლარიც რომ გვქონოდა, 47-ს ვინ ჩივის... ეს არის ზღაპარი, ვანო მერაბიშვილის ინფორმაცია ისევე, როგორც ვანო მერაბშვილის მიერ არის განხორციელებული ის, რაც თეა თუთბერიძემ გააკეთა! ასევე ვანო მერაბიშვილის განხორციელებულია და მზადდება 1 ნოემბრის აქცია სტუდენტური თვითმმართველობის მიერ, რომელზეც უკვე 600 ათასი დოლარი დახარჯეს. ეს არის ვანო მერაბიშვილის ხრიკები და საერთოდ, რაც ახლა ხდება პატრიარქთან დაკავშირებით, ეს ქვა ქართულ საზოგადოებაში ვანო მერაბიშვილმა ისროლა და გადმოაგდო იმის შესამოწმებლად, თუ რას იზამდა საზოგადოება და რა რეაქცია ექნებოდა ხალხს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა. “ვანო მერაბიშვილმა ქვის სროლის შემდეგ დაინახა, რომ ქართველები არაფერსაც არ იზამენ. ამიტომ ახლა თვითონ აწყობენ ჯაჭვს საპირველნოემბროდ, თვითონვე მოაწყობენ ჯაჭვს, მივა იქ 1 ნოემბერს მიშა სააკაშვილი და გახდება პატრიარქისა და ეკლესიის N1 დამცველი. მთლიანად, მთელი კარტ-ბლანში მთელ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილის ხელშია, სამწუხაროდ, იმიტომ რომ, მაპატიეთ და ეს არის ჩაჯმ...ლი საზოგადოება და ამ ქვეყაში კაცებს ყვ...რები აღარა აქვთ - მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება! მაპატიეთ, რომ ასეთი სიტყვებით ვლაპარაკობ. ამ საზოგადოებაში მოკვდა მორალი, ამ საზოგადოებაში მოკვდა ღირსება, მოკვდა ზნეობა და ამ საზოგადოებაში მოკვდნენ კაცები! მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანტიპათიებისა, მსგავსი რამ სომხეთში რომ მომხდარიყო და გარეგინ მეორისთვის ეს ვინმეს გაებედა, დღეს ერევანი იქნებოდა გადაბუგული და მიწასთან გასწორებული. ჩვენ კიდევ ყველაფერ ამას ვიტანთ და ვართ..”, - დასძენს გოგა ხაინდრავა და შეკითხვას - “და ეს ყველაფერი 7 ნოემბრის გასანეიტრალებლად ხდება, ალბათ. თქვენ რას იტყვით?” - პასუხობს: “რა თქმა უნდა, ეს იყო ბოლო თემა, რომელიც შეიძლებოდა სახიფათო ყოფილიყო ხელისუფლებისთვის. რწმენას, სულიერებასა და ქართველობასსააკაშვილმაც და მერაბიშვილმაც ზედ “დააქაქეს” და ქართულმა საზოგადოებამ ეს აიტანა. აი, ეს არის უბედურება და ტრაგედია. ყველაფერი მოსინჯეს, ყველაფერი სცადეს, ყველაფერი გააკეთეს და ეს იყო ბოლო თემა. თორემ, რა სისულელეა, ვინ რა ფული გადმორიცხა - სად იყო ფული ან სად არის ფული საერთოდ”. ხიზრი ალდამოვი - “რუსული პასპორტები პანკისელ ქისტებშიცაა დარიგებული” “პანკისის ხეობასთან რუსეთს ყოველთვის დიდი პრეტენზიები ჰქონდა, გამუდმებით გაიძახოდნენ, ვითომ იქ ჩეჩენი ბოევიკები იყვნენ. ეს ბრალდება დღესაც ისმის. მოსკოვში მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარება შეუძლიათ. რუსეთი რომ პანკისის დაბომბვას არ მოერიდება, ამაში მგონი, ყველა დარწმუნებულია. ამჯერად პანკისს რუსეთმა შეიძლება სულ სხვა მიზეზით შეუტიოს და ეს მიზეზი “თავისი მოქალაქეების” დაცვა იქნება. პანკისში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული - არა ჩეჩნები, მე ქისტებზე ვსაუბრობ”, - აცხადებს ხიზრი ალდამოვი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რუსეთი კახეთზე დარტყმას გეგმავს / პანკისის მოსახლეობას რუსული პასპორტები დაურიგეს. “მათთვის რუსული პასპორტების დარიგება მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ ჩეჩენი ლტოლვილები ჩამოვიდნენ. ლტოლვილების დიდ ნაწილს საბუთები საერთოდ არ ჰქონდა. მათთვის საბუთების მისაცემად და აღწერის ჩასატარებლად ხშირად ჩამოდიოდნენ რუსული დელეგაციები. სწორედ მათი წყალობით ხდებოდა ქისტებისთვის პასპორტების დარიგება. ყველამ კარგად იცის, რომ წინა ხელისუფლების დროს მასობრივი სახე მიიღო ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამ. ამ სტატუსის მისაღებად 200 დოლარი იყო საჭირო. სამწუხაროდ, ამ სტატუსს ქართული მხარე აძლევდა. ის ჩინოვნიკები, ალბათ, ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ წლების შემდეგ ამის გამო საქართველოს შესაძლოა პრობლემები შექმნოდა. მაშინ საქართველოში ძალიან ჭირდა ცხოვრება, სამუშას საშოვნელად საზღვარგარეთ ასიათასობით ადამიანი წავიდა. ბუნებრივია, წასვლის სურვილი პანკისელებსაც გაუჩნდათ. ვიზების მიღება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ლტოლვილის სტატუსის ქონისას მათ შანსი ეძლეოდათ რუსეთში ან საზღვარგარეთ წასულიყვნენ. მათ საქართველოს მოქალაბეობაზენ უარი არ უთქვამთ. ეს ნაბიჯი მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა გადაადგმევინა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთთან საუბრისას ხიზრი ალდამოვი. “მე კარგად მახსოვს, როგორ მიმდინარეობდა ჩეჩენი ლტოლვილების დაბრუნების პროცესი. ისინი სამ-სამი ავტობუსით გაჰყავდათ. იმ ავტობუსებში სამი-ოთხი ჩეჩენი იჯდა, დანარჩენები სულ ქისტები იყვნენ. მათი უმეტესობა ერთხელაც არ იყო ნამყოფი რუსეთში. რუსეთმა თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელება კარგად შეძლო. მათ პანკისში ძირითადად ქისტებთან გაწიეს პროპაგანდა - მათ სთავაზობდნენ სამსახურს, საცხოვრებელს და რატომ იტყოდნენ ეს ადამიანები უარს, მით უმეტეს, რომ მათ ძალიან უჭირდათ. ჩეჩნები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და რუსეთის ხელისუფლებას მათთან შეხვედრას ვერ ავუკრძალავდით, ისინი პანკისში კანონიერად ჩადიოდნენ, პასპორტების გაცემა კი უკანონოდ მიმდინარეობდა. ქისტებს საქართველოსთვის არასდროს შეუქმნიათ პრობლემები და არც არასდროს შეუქმნიან. სამწუხაროდ, ყველა ოჯახში მოიძებნება ცუდი ადამიანი. ამ ქისტებშიც ვიღაც მოიძებნება ისეთი, რომელსაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს - ათქმევინებს, რომ საქართველო მათ ავიწროებს და რუსეთი კი “თავისი მოქალაქეების” დაცვის საბაბით რამე ოპერაციას ჩაატარებს”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “რუსისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მათ შორის კახეთში ჯარების შემოყვანა. ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან არი გადასასვლელი დაღესტანში. პუტინის გადაწყვეტილებით საზღვართან რუსული სატანკო ბრიგადებია მობილიზებული, რომლებიც დიდი ხანია იქ განალაგეს. ამ გზის გახსნას რუსეთი რამდენჯერმე შეეცადა. ამ გზის ამოქმედება ძალიან საშიშია, განსაკუთრებით ახლა. თუ მოინდომებენ, კახეთშიც შემოვლენ. სატანკო ბრიგადებს ტყუილუბრალოდ არ მოუყრიდნენ თავს საქართველოს საზღვართან. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და კახეთის მიმართ დიდი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ საფრთხე ყველა მხრიდან გველოდება. თუ რამე საფრთხეს აგვაცილებს თავიდან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ცუდი არ იქნება, თუ უცხოელი დიპლომატები პანკისს დაათვალიერებენ”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხიზრი ალდამოვი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/114123.html