Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ღამეა შარაზე შარიან ხვადების, ამაღამ ყველა ხვადს მხოლოდ შენ უყვარხარ. მარტში მარტივია ფიქრთა შარადები, და მაინც, გახსოვდეს, რომ მხოლოდ "სუკა" ხარ... ******************************* რომ თქვას კაცმა... ყველაფერი მდე-ა და მდი-ს, ღმერთმა უწყის რა, რის ფასად. ყოფაში ყოფნა გამომდის, ხან პროფილში, ხან ანფასში. ჩემი დრო კი გარბის დრომდე, მივდევ ბედის ვერტიკალებს. მოვა დრო და თავს შარს მოვდებ, ცხოვრება რომ ვერ ვიკმარე... უკვე მზად ვარ შევხვდე დროულ, ხან უდროო ხანის დაზმას, ეს ცხოვრებაც არის შოუ, არცთუ მდარე, რომ თქვას კაცმა... ერთფეროვნება დღეები ჰგვანან საღეჭ რეზინებს, გათენებულა, დიდხანს მეძინა. უაზრო ყოფის ნაყოფს ვიზოგავ, მლაშე ცხოვრებამ მომცა "იჟოგა"... დრო - ამოჭრილი ფოტო ჩარჩოდან, ვიღაც მისდევდა, დრო არ გარბოდა. ზანტი დღეების ბრუნავს მორევი, კაცი ვერ ვნახე დროის მომრევი. საკუთარ თავში სურვილს ვაძინებ, რაღაც არ მინდა ახლა კაცი მე... დღემ იკლო, ფანჯრებს შუქი აკლდებათ, დღე უფრო მტკივა, ღამე - ნაკლებად... * * * შენი სურვილის კოცონზე ისე დავტაფამწვარდი, მას შემდეგ შუქი მაქვს გადამწვარი. ძლივს წვეთავს ვალერიანიც, ხან უქმრო ვარ, ხანაც ქმრიანი... კომოდიდან ერთი ფოტო მიღიმის, მე და უძილობა ძველ ბლუზს ვღიღინებთ... თანანა
  2. "დრო არის ახვრული, ორთქლს უშვებს ზაფხული და ვარ დაზაფრული სიცხით"
  3. ცაცია პირველ კლასში ჯერ “ძუა”-ს ნაცვლად “ხუა” დაწერა. მასწავლებელმა წითლად გაუხაზა, მან კი მორჩილად ბევრი “ხუა” გააყოლა ერთ ხაზზე. მერე წამოვიდა “თოძი”, “შერო”, “იყო წაწვი მგალობელი”... კარგი ბავშვი იყო. ზღაპრებიდან უყვარდა “შიქარა”, “ნაძევარქათამა”, “შითელქუდა”, მულტფილმებიდან “შუნა და შრუშუნა”. ვაჟა უყვარდა – “არშივი”, “ძმელი შიფელი”. ფერებიდან წავი, შითელი, მშვანე. სიმღერებიდან - “შინშყარო”. გაარეკინა ქართულის მასწავლებელს: - გამაგებინეთ, ძელმშიფემ უკვდავების შყლით ჭრილობები მოიწუწა თუ მოიშუშა?! - ყვიროდა, - მომაშორეთ ეს “შურბელა”! ბავშვი კი უწყინარად წერდა: “ქორმა შიშილა შაიღო, იხაძდა “შიავ-შიავსა”... კარგი ქართველი დადგა: უყვარს სამწობლო, მშვადი წამფურზე, ძინკალი, ქინხმარი, მშვანილი - შიშმატი, ძაძვი, ოძრაძუწი. გიჟდება წვილებზე, წვილიწვილებზე, ბიხაწვილებზე. ... მუშაობს ახლა უწიწროებაწი, ინფორმაციას არ იხლევა. ბაძვა ჰქვია, ძმალახეა გვარად.... ნაძვამდის! ნინო გუგეშაშვილი
  4. ქალი, რომელიც... ქალი, რომელიც არავის არ ჰგავს, და უყვარს ახლა, მგონი, არავინ... გამოპრანჭული ყრის ხოლმე ნაგავს, და სულ უცხოსთან უყვარს სალამი. ქალი, რომელიც იცნობს თავის თავს, და სულ აჭარბებს ფიქრის მოლოდინს, სიტყვით ჯიბეში ვისაც ჩაისვამს, მას არ გაუმხელს სათქმელს ბოლომდე... ქალი, რომელიც ასაღამოებს დილას, გატანილს უკვე არეზე, ფეხზე ჰკიდია ხიბლი გლამურის, რადგან თავის თავს არსად არ ეძებს... ქალი, რომელსაც უყვარს თამაში, მაგრამ განწყობებს არ სვამს ზეროზე. ისე გაგიყრის მაცდურ თვალს თვალში, რომ დაიჯერებ, რაც არ გჯეროდა... ქალი, რომელიც ეძებს უცაბედს, და სულ ”დროულად” ხვდება შემთხვევას, საათობითაც თუ დაუცადე, შენთან არ მოვა დროზე ერთხელაც. ქალი, რომელიც მოჰგავს დანაღმულ მინდორს, მოჩითულს მუდამ გვირილით, წლებს გაატანა ყველა სანაღვლო და ტუჩზე საცხად დარჩა ღიმილი... ქალი, რომელმაც შეკრა განცდები გონების ფირზე ერთ დიდ ”სტოპკადრად”, გადატანილი განსაცდელივით ხსოვნას ხელკავით ჩემსკენ მოჰყავდა... თანანა-თამარ ბოლქვაძე
  5. ამბავი მომავლის სიკეთეს შეწირულებისა ბილეთებს იღბლიანს უკვე არ ჰყიდიან, არ ჩაგსვეს სიაში... არ გქონდა სიაშრე "პატივის" სამყოფი... უღირსს ვერ ამკობდი... ცხოვრებას გარს უვლი, ხარ ვადაგასული, და დაგსვეს ზეროზე... გინდა, რომ გჯეროდეს, კი არ გაგიმეტეს, მომავლის სიკეთეს შეგწირეს "ჯეროვნად"... თან უკვირთ, ჯერ რომ ხარ... ასეა, მეტწილად, ინდივიდს ეტკინა, მასას არ უგრძვნია... ისვამენ ცუდ ზნიანს კისერზე წურბელად. შენ მხოლოდ წკმუნს ბედავ... მონა ხარ ბაზარზე... ხომ უნდა გაზავდეს ბოროტში კეთილიც?! და თავში კეტივით გირტყამენ მომავალს. მოიცათ, დრო გავა... დრო წამოახველებს იმ კაცთა სახელებს, ვისაც არ უყვარდა მისული უფალთან... გიმტვრევენ ხერხემალს, არავის ეხება კაცების დათრგუნვა, ღრმავდება ლაგუნაც სრულ სასოწარკვეთის... ხომ გითხრეს გარკვევით, -არავის სჭირდები! შეუქეს "ჯიხვს" რქები... ერთი აქვთ ნატურა, ისე ოსტატურად გაქცევენ მონად, რომ... თავმა ვერ მოგაგნოს... სულმაღლებს ამოკლებს მახვილი დამოკლეს! ხელი აქვს მსახვრალი... გაიქეც სხვა მხარეს, იქნებ, თავს უშველო, რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის... რას შვებით? რას შვებით? გაწყვიტეს შაშვები, თეთრი და რჩეული... დრო ყველას შეუვლის ამბის მოსაკითხად... და მეტი რა გითხრა? დავხურე რვეული.. თანანა-თამარ ბოლქვაძე
  6. დასკვნა აქედან... როცა არ ჰყვავის ვარდი ზამთარში, თუ გულმა კარი მძიმედ დაკეტა. ჩადე სანიშნად წლების დავთარში, დასკვნა აქედან... თუ გულგრილობა გიქსოვს პირბადეს, ემოციისგან სახის სარიდად. კაქტუსიც როცა ყვავილს იბამდა, ის დრო გავიდა... თუ არ არსებობს, ვისაც ელოდი, სული მოგონილს თუ ვერ ჩაუდგი, საკუთარ თავში ისე შემოდი, არ თქვა აუგი... ხომ მოიხადე ბატონებივით გრძნობა დაყრილი ტანზე ჭორფლებად. შეცდომებს დრო არ გასწორებინებს, თვითონ მოფერფლავს... როცა ეჩვევი აზრების ვარცხნას, და დაუვარცხნელ გრძნობებს იხსენებ, გულმა ხომ იცის, თვალმა რაც გასცა, ლოყის სისველით... როცა ისწავლი პრინციპს შელევის, და აღარ არკვევ, საქმე რაშია, ჰო, (ესე იგი), შენს თავს ერევი. სხვა რა გაშინებს?.. როდესაც გაფცქვნი წლებს კანიანად, ჩახედავ ნაყოფს, საძრახ-საქებარს, ალბათ, არასდროს არის გვიანი, დასკვნა აქედან... პ.ს. დადგა ზამთარი ხსოვნის ბაღებშიც, სითეთრე სულ სხვა შეგრძნებას ნიშნავს. და ამ წლებმტკივან სიჭარმაგეში, უცებ სიბერის სინორჩე იშვა... ************ ადამიანო, არა ხარ მარტო... თენდება, მზე ფენს ზეცაზე რიჟრაჟს, ფერები ფერთა ფიანდაზს ქსოვენ. დღე-ღამეს შორის გაავლო მიჯნა მამლის ყივილმა, აუწყა სოფელს, რომ კიდევ ერთი გათენდა დილა, რომ მადლის თვალით გვიმზერს უფალი. მზის მეწამული შეერწყა ლილას და შეაფხიზლა ცეცხლმა ბუხარი... გათენდა, ჩიტმაც უმატა ჭიკჭიკს, გაზომა მიწა ჭიამ, მზომელამ. დღემ შემოიცვა ფერადი ჩითი და მადლი უფალს უთხრა სოფელმა. ათინათებით მზე ფანჯრებს ართობს, მერე ჩამოსვამს სხივებს რიკულზე. ადამინო, არა ხარ მარტო! როცა მზე ასეთ თვალზე გიყურებს... ********** შედი! მოდის ქუჩაში უქუდო კაცი, მოწყენილ ქუჩას ცის სევდა აწვიმს. მორბის ძაღლი და შესაფარს ეძებს, ძაღლს სველი ძუკნა მოჰყვება გვერდზე. დაეძებს ქუჩა, კაცი და ძაღლი. სასრულს თუ საწყისს ძველის და ახლის. ქუჩას აქვს ბოლო, კაცს კიდე - ბედი და თუ გაგიღეს კარები - შედი!.. თანანა-თამარ ბოლქვაძე
  7. ავტორი: თანანა მინდა! მინდა კაბა მეცვას, თეთრი, ფიქრის კაცი მყავდეს გვერდით. ბედი მწერდეს შუბლზე პირჯვარს, გულს არ ჰქონდეს ცოდვა ხინჯად. ანგელოსი მეჯდეს მხარზე, მწუხრშიც არ ტოვებდეს ცას ზე. ბედნიერი მყავდეს შვილი, მადლს ვწირავდე უფალს დილით. სხვას უსურვო, რაც მე მარგებს, "ჩემი" ვუთხრა მხოლოდ გამგებს. მინდა დიდხანს მყავდეს დედა, მე გავხდები დარდის მედდა... მინდა აზრი ჰქონდეს იმედს, ყოფა აღარ იყოს მძიმე. მინდა ადამიანს ვენდო, არ მზარავდეს ტანში ეს დრო... მინდა მტერი რომ არ მყავდეს და ყოველთვის ჩემს თავს ვგავდე... მინდა - მიზანს ნიშნავს მუდამ, სულ ეს იყო, რაც მე მსურდა.. თამარ ბოლქვაძე
  8. მაინც კი არას ვემდური ამ წუთისოფელს, ფეთიანს, რადგან ცუდზე და მძიმეზე კარგი ყოველთვის მეტია!.. ილტოსპირელი
  9. თავს ამოვუდო თავქვეშ ხელები... გავრბივარ, უკან ცხოვრება მომდევს, და ყოფა სულის მოთქმას არ მაცლის. ვერ გამიგებენ ამ სურვილს, თორემ, როლს გავუცვლიდი ჩემს სიზარმაცეს. ფიქრს ავბუმბლავდი ბალიშად თავქვეშ, შევთხზავდი ამბებს ფიქრის ნაწყვეტით. ისე, რა მოხდა, ჩვენში რომ დარჩეს, არ მქონდეს რაღაც გადასაწყვეტი... დღეების ასეთ უსწრაფეს სრბოლას ზოგჯერ ვერ ვუწყობ ფეხის ნაბიჯებს. მინდა ჩემს თავთან ამბის მოყოლა, მას კი დრო არ აქვს, გვერდით დამიჯდეს... ყველა დოღსა აქვს თავი და ბოლო, ხომ იღლებიან დოღის ცხენებიც. მე კი ერთს ვნატრობ მხოლოდ და მხოლოდ, თავს ამოვუდო თავქვეშ ხელები, და მივაშტერდე ცას ისე ნატვრით, როგორც ბავშვობას, ჩემსას, სჩვეოდა. და სხვა წერტილი ვიპოვო ათვლის, თუ მადლის ღირსი გავხდი ზემოდან... *** შუბლზე გაჩენილი ხაზი თუ ნაოჭი რაღაცით წააგავს ცხოვრების ლიანდაგს. და დრომ რა კადრებიც ფირიდან ამოჭრა, ეს იყო მთავარი, ის ფირი კი არა... *** არ ვმალავ სიყვარულს, დარდსა და პრობლემებს, ყველა დანარჩენი თავს თვითონ გაიტანს. მეძებარ ძაღლივით სულ უკან მომდევენ წლები, ამ შეკითხვით - ეგ ძალა საიდან?.. თამარ ბოლქვაძე
  10. რევაზ ინანიშვილი ფშაველები ეს მთლად ერთი ციცქნა ამბავია, თანაც დიდი ხნის წინათ მომხდარი, - მაშინ ჯერ ისევ ალერსით მიცინოდა მზე, - მაგრამ დღესაც მხიარული ზარივით წკარუნობს ჩემში და მინდა კიდევ დიდხანს იხმაუროს, თვით მაშინაც კი, მე რომ აღარ ვიქნები ქვეყანაზე. ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აქეთ, პატარა სავაჭრო ფარდულში, - სადაც ერთმანეთზეა მიჭუჭუკული დახლიდარი, წიგნები, რკინეული, ფეხსაცმელი, მოწყენილობა, პური, - ფქვილით სავსე ტომარას ჩასჭიდებოდა მკლავმაგარი ახალგაზრდა ფშაველი ქალი და კარის ზღურბლზე მდგარს, ალერსიანი დაცინვით მიყურებდა, როდის მივხვდებოდი და გავატარებდი. მგონია, მალე მივხვდი. - აბაი, მოგიკვდა ჩემი თავი, - მოვუქციე ვითომდა ფშავურად, გადავხტი, ტომარას ბოლოებში ჩავეჭიდე, ავუწიე. ქალს ჯერ დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, - არაო, ნუ შესწუხდებითო. მე გავუღიმე, - რა შეწუხებაა-მეთქი. მაშინ იმასაც გაეღიმა ოდნავ ცერად აჭრილი ტუჩებით, ლამაზი კბილებით, ავწიეთ ის ტომარა, გავიტანეთ გარეთ, - დადგით ძირს, დიდი მადლობაო, - მაგრამ ვიგრძენი ტომარის იქ დატოვება არ ჰქონდა განზრახული, კედლის ჩრდილში სველი იყო მიწა, - წავიღოთ-მეთქი, - წავიღეთ. ის უკან-უკან მიდიოდა, თვალებს მარიდებდა, მე მეშინოდა, ტომრის ბოლოები არ გამშვებოდა, მივიტანეთ ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ბებერ წნორთან და იქ მივდგით. ქალიც შვებით აიმართა და მეც. ქალიც ღრმად სუნთქავდა, მეც. ქალმა კიდევ უფრო ლამაზად გამიღიმა და საფეთქლებთან თმის შესწორებით მითხრა: - მადლობელი, ძმისავ! ღმერთიმც შეგეწევის სუყოველგან! მე მთვრალივით ვიყავი, - პირველად ვნახე ვაჟას სამყარო, მისი სახლი - ხატის ნიშივით პატარა, ნაღვლიანი, - მისი ნატერფალი ბილიკები, მისი ჩონგური, მისი თოფი, - თანაც ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს, დიდ ტკბილ სიმშვიდეში, - და ამ სიტყვებმა, ამ - „ძმისავ!“ - ხომ მუხლები მომოკვეთა. დაბორიალებული, თვალისსამანწაშლილი, წნორის ფესვზე დავჯექი, დაბლიდან ვუყურებდი და ასე, დაბლიდან ვუთხარი ღიმილიანმა, ალერსიანმა, სევდიანმა: ქმარი სადა გყავს, ბეჩავი, მარტოს რად გიშვებს შარასა. ქალი ერთი კი გაკვირვებით შეიმართა, მერე წამსვე მოეშვა და მაშინვე სიცილით მომანათა: ქვემოთ, ჭინჭრებში დამირჩა. არავინ მაიპარავსა. მე, ასეთი პასუხით ატაცებული, მთლად გავთამამდი: რათ გინდა ეგეთი კაცი, მე გამამყევი ხარასა. ქალმა უკანდახედულის გამბედაობით შემომაგება: შენ უთხარ აეგ სათქმელი, ჩემს არ იჯერებს არასა. მინდოდა კიდევ რამე მეთქვა ასევე, ლექსად, ვეღარ მოვახერხე, სიცილი ამიტყდა, იცინოდა გამარჯვებულის სიცილით ქალიც, ჩავყავი იდაყვებში შერცხვენილმა თავი, მინდოდა დავმხობილიყავი მიწაზედ, ალბათ, დავემხობოდი კიდეც, - უკვე ურძნობლად ვიყავი მთვრალი, - მაგრამ აღარ დამცალდა. მოვიდა ის „ჭინჭარში დარჩენილი“, - წვერგაუპარსავ ჩამოგაზულ ჯბაზე სისხლშემხმარი, ცხენის აქეთ-იქით ფეხებჩამოგრძელებული, ჩემზე უაარესად „ბოლომოღებული“, ცხენზე ძლივს შეკავებული. ცხენიდან არ ჩამოსულა, - ამომაწოდეთო! - თავის აქნევით მიგვანიშნა ტომარაზე, ჩავეჭიდეთ მეცა და ქალიც ტომარას, ავწიეთ, ისიც ჩამოგვწვდა, დაიდო წინ, გაისწორა, ცხენი შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად წავიდა და წაშავდა წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში. ქალიც, - ერთიღა გამომიღიმა და, - ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაჰყვა მის გზას. დახლიდარმა ფარდული დაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოწყენილი გაჩერდა შემაღლებულზე.
  11. ლექსებია ჩემი სულის ცხონება ლექსებია ჩემი სულის ცხონება ჩემს ცხოვრებას კვალი რომ დაამჩნია ლექსებია მთელი ჩემი ქონება ქვეყანაზე ნაღდი რაც გამაჩნია ლექსებია ჩემი გულის ტკივილი თანაც მინდა მათმა წერამ მარჩინოს ლექსებია ჩემი სულის კივილი რამაც სიკვდილს უნდა გადამარჩინოს კარგი ლექსი თითქოს გულ-ღვიძლს ამომთხრის სიტყვად მოდის გულში ჩუმად ნამალი ლექსებია გასაღები სამოთხის ლექსებია უკვდავების წამალი კოტე ყუბანეიშვილი
  12. ჩვენი ცხოვრება ერთხელ ერთმა ბრძენმა მოწაფეების თვალწინ მინის ჭურჭელში დიდი ქვები ჩაალაგა. ეს რომ გააკეთა, მოწაფეებს ჰკითხა, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. ყველამ დაუდასტურა, რომ სავსე იყო. მაშინ ბრძენმა ჭურჭელში წვრილ-წვრილი ქვები ჩაყარა და მსუბუქად შეანჯღრია. წვლრილმა ქვებმა დიდქვებს შორის დარჩენილი სივრცე შეავსო. ბრძენმა ისევ ჰკითხა მოწაფეებს, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. მათ კვლავ დაუდასტურეს, რომ სავსე იყო. ამის შემდეგ ბრძენმა ჭურჭელში ქვიშა ჩაყარა. ქვიშამ, რა თქმა უნდა, დარჩენილი სივრცეც შეავსო. _ ახლა კი, _ მიმართა ბრძენმა მოწაფეებს, _ მინდა, რომ ამ ჭურჭელში მთელი ჩვენი ცხოვრება ამოიცნოთ! მოზრდილი ქვები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებია: ოჯახი, საყვარელი ადამიანი, ჯანმრთელობა, ბავშვები... _ ანუ ის, რაც, სხა რომ არაფერი არ იყოს, ჩვენს ცხოვრებას მაინც სავსეს გახდის. წვრილი ქვები ნაკლებად მნიშვნელოვან რამეებს განასახიერებს: სამსახურს, ბინას, სახლს ან მანქანას, ქვიშა კი _ ცხოვრებისეულ წვრილმანებს _ ყუველდღიურ საზრუნავს. ჭურჭელი რომ თავიდანვე ქვიშით ავავსოთ, დიდი ქვებისთვის ადგილი აღარ დარჩება. ასეა ცხოვრებაშიც: თუ მთელს ენერგიას უმნიშვნელო რამეებს მოახმართ, მნიშვნელოვანისთვის ძალა არ დაგრჩებათ. ამიტომ ყურადღება პირველ რიგში მნიშვნელოვან ამბებზე იზრუნეთ, დიდი დრო დაუთმეთ შვილებს და საყვარელ ადამიანებს და ჯანმრთელობასაც მიხედეთ. ამის შემდეგ სამსახურის, სახლისა და სხვა საქმეებისთვისაც საკმარისი დრო დაგრჩებათ. დიდ ქვებზე იზრუნეთ, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ფასი, დანარჩენი ყველაფერი ქვიშა და მტვერია.
  13. არ იყოს-" ჰე, ღმერთი, რჯული, _ მეც არ ვუწყი, ვინა ვარ, რა ვარ, ეს რა უცნაურ ყოფაში ვარ, _ მე მე არა ვარ; მეტრფე ვარ? სატრფო? სიყვარული თუ საყვარელი? ღვინით კი არა, გაოგნებით სავსე ჯამი ვარ. მე მე ვარ ნეტავ? მე მე არა ვარ? რა ვარ, ვინა ვარ, _ არსი ვარ თუ ბრმა მოჩვენება, თუ სულ სხვა რამის ნიღაბი ვარ? _ მე მე არა ვარ. მარადისობის წილკერძი ვარ, _ სული მედინი, უცხო დიდების თავი ვარ და... მე მე არა ვარ." რუმი
  14. მითხრეს,სიწითლემ გადამკრა წუთით, ვერ დავრჩი მშვიდად და არხეინად, არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი, და მაინც ჩუმად რაღაც მეწყინა. გათხოვდი, ბოლოს ყველა თხოვდებით, თითქმის ყველანი ხდებით დედები, თქვენი სიმართლით,თქვენი ცოდვებით მოძებნით,ვინმეს მიეკედლებით. მაინც რად გვწყდება გული,რით არი? თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს, თითქო გვაკლდება ერთი საზმარიც, ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია. შორით მომწონდი,მხვდებოდი წუთით, დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა, არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი, არც ვიცი,გული რატომ მეტკინა. გრ.აბაშიძე
  15. თურმე სიყვარულს უდიდესი ძალა ჰქონია, ორმხრივ გრძნობას კი ბედი უნდა გამიგონია. ეჰ... სიყვარულში მე იღბალი სულ არ მქონია, ამითვალწუნა მე ამ გრძნობამ ასე მგონია. როდესაც გიყვარს მაშინ გული მხიარულია, მასაც უყვარხარ? შენს ცხოვრებას აზრი უჩდება. ჩემს შემთხვევაში კი ცალმხრივი სიყვარულია, გული მტკივა და ვერას ვშველი არ მიყუჩდება.. ბოროტი თვალით შემომცქერის ბედი წყეული, დავიარები მარტოდმარტო ქვეყნად ეული. რაღად ვიყვარებ?! ამის ახსნა ალბათ რთულია, როცა ვიცი რომ ჩემი გრძნობა განწირულია... მაგრამ გამთელოს მე განგებამ თუნდაც ათასჯერ, ათასმეერთჯერ წამოვდგები შევერკინები. უსიყვარულოდ, ეს ცხოვრება ნაცრისფერია, არაფერს რომ ფლობ, დასაკარგიც არაფერია... ************************************************* გათხოვდი, ბოლოს ყველა თხოვდებით, თითქმის ყველანი ხდებით დედები, თქვენი სიმართლით, თქვენი ცოდვებით მოძებნით, ვინმეს მიეკედლებით. მაინც რად გვწყდება გული, რით არი? თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს, თითქო გვაკლდება ერთი სიზმარიც, ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია. შორით მომწონდი, მხვდებოდი წუთით, დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა, არც მყვარებიხარ, არც ჩემად მსურდი, არც ვიცი, გული რატომ მეტკინა. ************************************************ წლებმა საათივით ჩაიარა , ეშმა სათივით მდევდა, დრომ რა უცაბედად გაიარა, გრძნობის ყველა წამმა დედა... რამდენ ნაცრემლარად ჩამეკიდა, გულში კლდედ ქცეული სევდა- -მთელი დღეები და ღამეები.... მუდამ მეყვარები დედა... შენთან მოვედი და შემიფარე აღარ დაგშორდები მეტად, ოქრო მუჭა-მუჭად დავარიგე, შენთვის აღარ დამრჩა დედა.. ყველა მეგობარი დამეფანტა, ქარიც აღარ ჩადგა ბედად, სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე, ვიღას მივაკითხო დედა .. კვიცი, ვინც კი დედას წინ გაუხტა იქცა ფრთამოტეხილ გედად, სრულყოფილება რომ არ არსებობდა რატომ არ მითხარი დედა... .... ფიქრთა ღრუბელია მარტოობა, ფიქრმა დამიბნელა მზე და.. რატომ არ მასწავლე სიძულვილი.. მღუპავს სიყვარული დედა.... .... ************************************************************ ჩემი სიყვარული ამაყია, იგი მოწყალებას არ გთხოვს, შენი მოგონება ჰყოფნის, შენი თვალის სხივი ათბობს. ჩემი სიყვარული ამაყია! მას ვერ დააჩოქებს დარდი, ქვეყნად არაფერი აბადია, ქვეყნად ფეხშიშველი დადის. ჩემი სიყვარული ამაყია! იგი მართალია ცამდის, ქარმა გამოსტაცა,დაუფერფლა შენი ნაჩუქარი ვარდი. ჩემი სიყვარული ამაყია! თავს არ მოგაბეზრებს გწამდეს! ბევრი უხეშობა გაპატია, კიდევ გაპატიებს რამდენს! ამ ჩემს სიყვარულზე გადიარა დაცინვამ წუთისოფლის, მაინც ჩემი გრძნობა ამაყია! მხოლოდ მოლოდინი ყოფნის! *************************** მიყურებ დაღლილი თვალებით ... და მკითხავ, ოდესმე თუ ვინმე მიყვარდა. არ მიყვარს ეს კითხვა.... ო როგორ არ მიყვარს.... ისე კი ... ძალიან ძალიან მიყვარდა. ავტორი არ ვიცი სამყარო შექმნა.ვერ მოისვენა, მერე შექმნა ადამიანი და,საერთოდ,დაკარგა მოსვენება. ვაჟა ხორნაული
  16. რეკვიზიტი პატარა პროვინციულ ქალაქში დავიბადე. ბებიაჩემმა ჭიპლარი გადამიჭრა და თავის კოლეგას ხალათის ჯიბეში ჩაუდო–ექიმი გამოვაო. ალბათ სწორედ ამ მისტიური \"სიბრძნის\" წყალობით ავცდი ჩემს ძირითად მოწოდებას–მწერლობას, ან იქნებ სულაც მსახიობობას. მშობლები თბილისში ცხოვრობდნენ. მე კი ,აკაკი წერეთელივით, იქვე მიმაბარეს ბებიას და მამიდას. მამიდა... პროვინციული თეატრის მსახიობი. ლამაზი, მაღალი, მწვანეთვალება. სტუდენტობისას ტუბერკულოზი გადაიტანა. სადედამთილომ \"ჭლექიან არტისტს\" ოჯახში არ შემოვუშვებო და დარჩა მამიდა, ერთადერთი სიყვარულით იმედგაცრუებულ შინაბერად, პატარა ქალაქის სარკოფაგში. თეატრი კი დიდებული ჰქონდათ. მახსოვს ფოიე, მარმარილოს თაღებით, მოზაიკის იატაკით. დარბაზი, ხავერდგადაკრული სავარძლებით. სცენის სიცივე და კულისების ლაბირინთები ახლაც ბავშვობას მახსენებს. ხშირად სპექტაკლებისთვის რეკვიზიტები სახლიდან მიგვქონდა. შილერის \"ყაჩაღები\" ჩვენი კათხებიდან სვამდნენ ლუდს. მეფე ლირს, ბებიაჩემის ხალებიანი \"შუბა\" ჰქონდა წამოსხმული. ფაშისტი გენერალი კი სულაც ჩემი ავტომატიდან ისროდა. პირველი როლი ხუთი თვის ასაკში მომცეს. უფრო სწორად, ცოცხალ რეკვიზიტად გამომიყენეს. მე, სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ მამიდა ამბობდა–ზუსტად საჭირო დროს, ისე ბუნებრივად იტირე, აპლოდისმენტები დაიმსახურეო. სამახსოვრო სურათიც გადაგვიღეს სპექტაკლის შემდეგ, მე და მამიდა–\"მადონა ლიტას\" პოზაში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. აირია და გადაირია ქვეყანა. დაინგრა ჩემი პატარა ქალაქიც. აღარავის ეთეატრებოდა. მამიდა დიდხანს ჯიუტად ცდილობდა არ დაეჯერებინა, რომ მათი სპექტაკლები მშიერ და გაყინულ პუბლიკას აღარ სჭირდებოდა. ერთ დღესაც ლოგინში ჩაწვა და სამყაროს გაებუტა. თბილისში ჩამოვიყვანე. ფსიქიატრებმა: დეპრესიაო... აუტიზმიო... მაშინ არ ვიცოდი, რომ \"პროვინციულმა ამბებმა\" გული გაუყინა, სმენა დაუხშო, დაამუნჯა ჩემი ამაყი, ნატიფი \"აქტრისა\". ერთ დილით ადგა, მაკიაჟი გაიკეთა, თვალებისფერი ხავერდის კაბა გადაიცვა და თავის უკანასკნელ სპექტაკლში თვითმკვლელის როლი გაითამაშა. გამოუვიდა! ოღონდ ეგ იყო, მაყურებლებს დააგვიანდათ... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ერთი წლის წინ, ჩავედი ჩემი ბავშვობის ქალაქში. თეატრის შენობა აღდგენილი დამხვდა. ფოიეში კი, დასის ისტორიის ფოტოსტენდზე, მამიდაჩემი გაღიმებული დასცქეროდა მკლავზე ჩაძინებულ ცოცხალ რეკვიზიტს. რენუარი კარგი მინიატურაა, მომეწონა
  17. ძველი გამოცდილებით მერამდენედ გავხდით უკვე მსგავსი კადრის მნახველი?! - სკამებისთვის ბრძოლას, ახლა, ჰქვია "ხალხის სახელით"! ხან ბრბო ვართ და ხანაც ბრძენი, თან გული გვაქვს ზვიადი... თოფის სროლით და ყიჟინით გადავაგდეთ ზვიადი. მერე ჩამოდგა სიბნელე, მზეს არ ვუწევდით ფარდებს, ედვარდს თოფი არ დასჭირდა, გადავაყოლეთ ვარდებს. გახარებულებს გამოგვრჩა გამოცდილება ძველი: სამი ლიდერი იყო და ვარჩიეთ სამში გრძელი. ჟამი დაგვიდგა სწრაფი და უნდა აგვეწყო ფეხი. ვინც ვერ ივარგა სირბილში, იმას დაეცა მეხი. მიჰყიდ-მოჰყიდეს რაც იყო გაჩენილებმა ჩარჩად, ახლა დაწყნარდნენ, - აქ უკვე აღარაფერი დარჩა. ახლა სხვა მოდის მშიერი, უკვე ჯგუფია დიდი და რთული ხდება გარჩევა ერთგულისა და ფლიდის. ნეტავ ამჯერად ვის ვარჩევთ? მარტივ კითხვას ვსვამ ერთობ: რით გამოვიცნოთ? გვიშველე და დაგვანახე ღმერთო! ელ-კა
  18. ქალბატონ ნონო დარბაისელის ძალიან საინტერესო, ლამაზი და თბილი მინიატურა ჩემი ''ნათლობა'' საქართველოში კაფიის დიდი ლომი პაპა ლექსო ჭინჭარაულია,იგივე ლეკოთ წიქა. პატარა ლომი - ტრისტან მახაურია,მე - იმის გაწვრთნილი კატა. /არ გეგონოთ, საბასეული ლომ-კატის როლები ავურიე,ჩვენს შემთხვევაში ,მართლა, პირიქით იყო/. კურსელები ვიყავით და რაც ძალი და ღონე გვქონდა ,ლექციებზე ვკაფიობდით.მერე ფშავში, თავის სოფელ გომეწარშიც დაგვპატიჟა მეგობრები და კაფიობაში საზაფხულო პრაქტიკა იქ გავიარე. ჩამოვედი და ცოტა ხანში ლექსოს რძალიც გავხდი. პირველი შეგონება,რაც ჩემი დედამთილისგან - ''ნინო დედასგან'' მივიღე, ასეთი იყო:''საცა შეხვალ,იქაური ქუდი დაიხურეო''. ხევსურულ ქუდზე კი სულ ჯვარედინად იყო ამოქარგული მკაცრი წესები: ქალმა თავისი ქმრის სახელი ხალხში არ უნდა ახსენოს ,''შენა !'' უნდა დაუძახოს,მამამთილს არ დაელაპარაკოს,იმის სკამზე არამც და არამც,არ დაჯდეს,ხალხში მოცინარი პირი არ უნდა გამოაჩინოს,''სირცხვილ ას!.''..მოკლედ,მთელი ძველი კოდექსი,რომელსაც თავად სიკვდილამდე განუხრელად იცავდა. აუღებელი სუფრა გვედგა.ვახუშტის თამადობით, მიხა ჭინჭარაულისა და ნანული აზიკურის ფანდურზე ნამღერით,ლელა თათარაიძის გარმონით... ხინკალი ბარაქიანია. თუ არაყიც არ გაკლია,სამი კილო ხორცით მთელ ფშავ-ხევსურეთს,თუშეთიანად დააპურებ.ზედაც თუ ხევსურულ ერბოში ჩაჟიპჟიპებულ კეცეულებსა და მხლოვნებს აშველებ ხო, ''ნიადე'',მთელ ქვეყანას გააძღობ... დიასახლისი ,ჰა-და ჰა,როცა სადღეგრძელებლად დაუძახებენ ან ხინკალი აქვს შესატანი,მაშინ გამოჩნდება სტუმრებთან.სუფრაზე დაჯდომა ხო -'' წეს არ ასა'', სირცხვილია! ჰოდა,ვხინკლაობთ და მე,როგორც ახალი პატარძალი,ვახვევ და ვახვევ წვრილ-წვრილნაოჭა ხინკლებს,რომ მულებს ტოლი არ დავუდო, თან დროდადრო ჩუმად ''საქუჩებელს'' გადავკრავთ./ჟიპიტაურს ან არაყს ასე ეძახიან ხევსურთ ქალები/. ''ამაჰყრიან''თუ არა , ხინკლებს, დიდი ,ქაფქაფა ბლუდა სირბილით მიმაქვს ჯერ თამადისკენ... - ო-პა-პა-პა ,რა ხინკალია,წიქავ,რა ხინკალი !- იძახიან სტუმრები. პაპა ლექსო ღიმილით,ვითომ ურწმუნოდ იქნევს თავს ,ჩემკენ ანიშნებს : - ეე-ჰ,რაღა ხინკალი,შიგ ყველა ხელს ურევს! - რა დრო დაგიდგათ ხევსურებს! ხინკალში ყველა ხელს ურევს... - ვაგებებ დაუფიქრებლად. -მოდი აქა!- მეძახის მოხარხარე ძია ვახუშტი და შუბლზე მკოცნის.- - ჰა, წიქავ, როგორი მოკაფიავე გამოგადგა კახის ქალი! /ხევსურები ყველა არახევსურს ''კახს'' ეძახიან/. მე სახეზე ცეცხლი მიკიდია. გამოვდივარ და ხინკალიც კი აღარ შემაქვს სტუმრებთან.ხუმრობა საქმე ხომ არ არის.ნათლობა კი მივიღე.მაგრამ თბილისის ''ხრუშოვკაში'' დაბუდებული შატილის წესი დავარღვიე,საჯაროდ მამამთილს არათუ ხმა გავეცი,ლექსობაც გავუბედე! სადაც მიველ,იქაური ქუდის დახურვა კი ვცადე,მაგრამ ეტყობა,ამ კახელ თავზე თავიდანვე მომიჭირა.
  19. ილხენდე ლამაზ შავთვალასთან ხალვათად მჯდარი, წუთისოფელი ზღაპარია და ნიავ-ქარი. რაც უნდა მოხდეს, მას ყოველთვის შეხვდი ხალისით, რაც უკვე მოხდა, დაივიწყე, უქციე მხარი. მე და ის - ამბრის სურნელებით დალალაშლილი, მე და ის - სახით მთვარისა და ფერიის დარი. ბედნიერია, ვინც ირგო და უხვად გასცა, უბედურაი, ვინც სიამეს მიუხშო კარი. ვაგლახ, ქარი და ღრუბელია წუთისოფელი, მოიტა ღვინო და დავლიოთ, რაც არი, არი! რუდაქი
  20. ქალს მუდამ რაღაც მიყვება მზითვად, პირველი კოცნის მხურვალე ალი, ვნებით ნათქვამი პირველი სიტყვა.... ქალის გაგება ძნელია, ძნელი, რაღაცას მალავს ყოველთვის ქალი, გაუშტერდება ხანდახან მზერა, და წარსულისკენ გაურბის თვალი... ქალს მუდამ რაღაც მოყვება მზითვად, ქალი ყოველთვის რაღაცას მალავს, ან წიგნში ჩამჭკნარ ყვავილებს მინდვრის, ან გაყვითლებულ , გაცრეცილ ბარათს... ქალი ყოველთვის რაღაცას მალავს, და დარდში გადის ჟამი ზოზინით... თვითონაც უცხო და შორი მარად, იდუმალების ბინდით მოსილი... ვახტანგ ხარჩილავა
  21. დღესაც გათოვდა და თბილისი თეთრად შეიმოსა, ეს თოვლი კი არა თეთრი იებია არხოტის. ჯერ მე დაგინახე, პირველმა ეს მე დაგინახე, შორი ბავშვობიდან მწამდი, მიყვარდი და მახსოვდი... შენკენ მოვდიოდი, მთა-მთა ტკივილებით ავსილი. ტირილი რას ჰქვია, უფლის ძეს შენს ნახვას არც ვთხოვდი... ძნელად შეგეჩვიე, მაისშიც გათოვდი ასკილით, ძნელად შეგეუღლე, შენამდე ჯერ ლექსზე გავთხოვდი.. არაგვის წყალნასვამ ლექსებს შენ ატლასით მიმოსავ, უღელი დროდადრო კერის პირს საბელად არ მყოფნის, ბედნიერ იანვარს შორიდან სისხამზე მილოცავ, შენით თოვს ფიფქები ქათქათა იებად არხოტის... სანათა
  22. ... ხანჯლისპირივით ბასრი ჩრდილები აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს, როგორც მთვრალები ან დაჭრილები. და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულს და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს, ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს, როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს. მაგრამ დღეები სადღაც გარბოდნენ და სიჩქარეში სხვები დალოცეს და როგორც თეთრი მთვარის ნაფოტი, მე შენი სული მედო თაროზე, - როგორც ყველაზე ძლიერი ხატი, ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი, და მე შემეძლო მეხილა ცხადად, რაც იგულისხმა ბუნებამ შენში... ოთარ ჭილაძე
  23. რევაზ ინანიშვილი ფშაველები ეს მთლად ერთი ციცქნა ამბავია, თანაც დიდი ხნის წინათ მომხდარი, – მაშინ ჯერ ისევ ალერსით მიცინოდა მზე, – მაგრამ დღესაც მხიარული ზარივით წკარუნობს ჩემში და მინდა კიდევ დიდხანს იხმაუროს, თვით მაშინაც კი, მე რომ აღარ ვიქნები ქვეყანაზე. ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აქეთ, პატარა სავაჭრო ფარდულში, – სადაც ერთმანეთზეა მიჭუჭუკული დახლიდარი, წიგნები, რკინეული, ფეხსაცმელი, მოწყენილობა, პური, – ფქვილით სავსე ტომარას ჩასჭიდებოდა მკლავმაგარი ახალგაზრდა ფშაველი ქალი და კარის ზღურბლზე მდგარს, ალერსიანი დაცინვით მიყურებდა, როდის მივხვდებოდი და გავატარებდი. მგონია, მალე მივხვდი. – აბაი, მოგიკვდა ჩემი თავი, – მოვუქციე ვითომდა ფშავურად, გადავხტი, ტომარას ბოლოებში ჩავეჭიდე, ავუწიე. ქალს ჯერ დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, – არაო, ნუ შესწუხდებითო. მე გავუღიმე, – რა შეწუხებაა-მეთქი. მაშინ იმასაც გაეღიმა ოდნავ ცერად აჭრილი ტუჩებით, ლამაზი კბილებით, ავწიეთ ის ტომარა, გავიტანეთ გარეთ, – დადგით ძირს, დიდი მადლობაო, – მაგრამ ვიგრძენი ტომარის იქ დატოვება არ ჰქონდა განზრახული, კედლის ჩრდილში სველი იყო მიწა, – წავიღოთ-მეთქი, – წავიღეთ. ის უკან-უკან მიდიოდა, თვალებს მარიდებდა, მე მეშინოდა, ტომრის ბოლოები არ გამშვებოდა, მივიტანეთ ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ბებერ წნორთან და იქ მივდგით. ქალიც შვებით აიმართა და მეც. ქალიც ღრმად სუნთქავდა, მეც. ქალმა კიდევ უფრო ლამაზად გამიღიმა და საფეთქლებთან თმის შესწორებით მითხრა: - მადლობელი, ძმისავ! ღმერთიმც შეგეწევის სუყოველგან! მე მთვრალივით ვიყავი, – პირველად ვნახე ვაჟას სამყარო, მისი სახლი – ხატის ნიშივით პატარა, ნაღვლიანი, – მისი ნატერფალი ბილიკები, მისი ჩონგური, მისი თოფი, – თანაც ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს, დიდ ტკბილ სიმშვიდეში, – და ამ სიტყვებმა, ამ – „ძმისავ!“ – ხომ მუხლები მომოკვეთა. დაბორიალებული, თვალისსამანწაშლილი, წნორის ფესვზე დავჯექი, დაბლიდან ვუყურებდი და ასე, დაბლიდან ვუთხარი ღიმილიანმა, ალერსიანმა, სევდიანმა: ქმარი სადა გყავს, ბეჩავი, მარტოს რად გიშვებს შარასა. ქალი ერთი კი გაკვირვებით შეიმართა, მერე წამსვე მოეშვა და მაშინვე სიცილით მომანათა: ქვემოთ, ჭინჭრებში დამირჩა. არავინ მაიპარავსა. მე, ასეთი პასუხით ატაცებული, მთლად გავთამამდი: რათ გინდა ეგეთი კაცი, მე გამამყევი ხარასა. ქალმა უკანდახედულის გამბედაობით შემომაგება: შენ უთხარ აეგ სათქმელი, ჩემს არ იჯერებს არასა. მინდოდა კიდევ რამე მეთქვა ასევე, ლექსად, ვეღარ მოვახერხე, სიცილი ამიტყდა, იცინოდა გამარჯვებულის სიცილით ქალიც, ჩავყავი იდაყვებში შერცხვენილმა თავი, მინდოდა დავმხობილიყავი მიწაზედ, ალბათ, დავემხობოდი კიდეც, – უკვე ურძნობლად ვიყავი მთვრალი, – მაგრამ აღარ დამცალდა. მოვიდა ის „ჭინჭარში დარჩენილი“, – წვერგაუპარსავ ჩამოგაზულ ყბაზე სისხლშემხმარი, ცხენის აქეთ-იქით ფეხებჩამოგრძელებული, ჩემზე უაარესად „ბოლომოღებული“, ცხენზე ძლივს შეკავებული. ცხენიდან არ ჩამოსულა, – ამომაწოდეთო! – თავის აქნევით მიგვანიშნა ტომარაზე, ჩავეჭიდეთ მეცა და ქალიც ტომარას, ავწიეთ, ისიც ჩამოგვწვდა, დაიდო წინ, გაისწორა, ცხენი შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად წავიდა და წაშავდა წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში. ქალიც, – ერთიღა გამომიღიმა და, – ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაჰყვა მის გზას. დახლიდარმა ფარდული დაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოწყენილი გაჩერდა შემაღლებულზე.
  24. ახლახან მივხვდი :ჩემნი ცხოვრება შეცდომაა მხოლოდ- ამბოხებულის და დაღდასმულის ლიცემერის-ბოლოს და ბოლოს
  25. ქვიშის საათი ვახუშტი მიახლოვდება სამოცდაათი და, სამწუხაროდ, ვგრძნობ, რომ ვბერდები. როგორც უბრალო ქვიშის საათი _ ზემოთ ვიცლები, ქვემოთ ვბევრდები. ფიქრს მოსწყინდება რიალ-რიალი, სულს გაეყრება ცოდვილი ხორცი. დავრჩები ზემოთ სიცარიელე, ხოლო ქვემოთ კი - პატარა ბორცვი.
×
×
  • შექმენი...