ილია მეორე - ჩვენ არასდროს დავთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სამუდამოდ დამკვიდრდეს სამხრეთ კავკასიაში არასტაბილური ვითარება არ შეიძლება მუდმივად შენარჩუნდეს. სააგენტო "ტრენდის" ინფორმაციით, ეს განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ბაქოში, კავკასიის მუსლიმანთა განყოფილების ხელმძღვანელთან შეიხულისლამ გაჯი ალახშუკურ ფაშაზადესთან შეხვედრის დროს განაცხადა. "ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში. ყოველთვის ვნატრობდით, ჩვენი ქვეყნები ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი, თუმცა ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა: დარღვეულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სამუდამოდ დამკვიდრდეს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იგი აღდგეს", _ ბრძანა უწმინდესმა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაღალი შეფასება მისცა შეიხულისლამის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების დამსახურებებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად. "საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან კავკასიის საერთო ბედი აკავშირებს. ბევრ შემთხვევაში ჩვენი ბედისწერის მოვლენები ერთმანეთის მსგავსია“, _ აღნიშნა თავის მხივ ფაშაზადემ. მისივე თქმით, არის ძალები, რომელთაც ხალხებს შორის უთანხმოების დათესვა სურთ. "შესაძლოა, ეს უმნიშვნელო ინციდენტებია, მაგრამ პროვოცირებულია იმ ძალების მიერ, რომელთაც შუღლის ჩამოგდება სურთ", _ აღნიშნა ფაშაზადემ. მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის უმთავრეს პრობლემად ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა რჩება. "საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კავკასიაში სერიოზული პრობლემები დაკავშირებულია სომხეთის პრეტენზიებთან მეზობლების მიმართ. მე მჯერა, რომ თქვენ ყველა ძალას იხმართ, რათა კავკასიაში მშვიდობა დამყარდეს და სეპარატიზმი აღმოიფხვრას“, _ მიმართა ილია მეორეს კავკასიის მუსლიმანთა სულიერმა ლიდერმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბაქოში იმყოფება. უწმინდესი მონაწილეობს შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშაზადეს დაბადების 60 და კავკასიის მუსლიმანთა მეთაურობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1