Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა. საქართველოს მხარდაჭერის კონტექსტში ალიანსის გენერალურმა მდივანმა რეფორმების განხორციელებაში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური, ნაწილობრივ კი სამხედრო რეაგირება არსებობს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილს. ეს ასევე ეხება შესაძლებლობების გაძლიერებას, წვრთნებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას. ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო ჩვენი მჭიდრო პარტნიორია. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააკეთონ მეტი, რაც განსაკუთრებით, უკრაინაზე ბრუტალური თავდასხმის ფონზე, ხაზს უსვამს საქართველოსნაირ ქვეყანასთან უფრო აქტიურად მუშაობის მნიშვნელობას. ასევე, ვფიქრობ, ეს ეხება საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და იმ ზოგიერთი საკითხის გადაჭრას, როგორიცაა კორუფციისა და უსაფრთხოების ინსტიტუციების დემოკრატიული კონტროლი. რაც უფრო მეტად გადაჭრის ამ პრობლემებს საქართველო, უფრო მარტივი იქნება აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზება ნატო-ს მოკავშირეებისგან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
  2. რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის რაიონებიდან მასობრივად გაიყვანენ სამოქალაქო მოსახლეობას. მისი სიტყვებით, ეს აუცილებელია საომარი მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავების გამო. „მივიღე მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება... იქ, სადაც სამხედროები მოქმედებენ, სამოქალაქო ადამიანების ადგილი არ არის“, - თქვა მან. მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ოლქის ცენტრი ხერსონიც. დღესვე უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებაზე ვითარებას დაძაბული უწოდა. მან განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები კვლავაც ცდილობენ რუსეთის ჯარების დაცვის გარღვევას და რომ რუსეთის არმია თავდაცვით სიმაგრეებს აგებს. სუროვიკინმა ასევე ახსენა, რომ რუსეთის ჯარები უზრუნველყოფენ საბრძოლო მოქმედებების რეგიონებიდან სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანას. გენერლის სიტყვებით, ხერსონთან მიმართებით შესაძლოა „არამარტივი გადაწყვეტილებების“ მიღება. ხერსონის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა 13 და 14 ოქტომბერს ოლქის მოსახლეობას მიმართა წინადადებით, გამოიყენონ შესაძლებლობა „რუსეთის ფედერაციაში ჰუმანიტარული მოგზაურობისთვის - დასასვენებლად და გასაჯანსაღებლად“. რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხერსონის ოლქის მოსახლეობისთვის დახმარების თაობაზე, ქვეყნის სხვა რეგიონებში მათ გასაყვანად. მან ასევე გამოაცხადა, რომ ოლქის ის მაცხოვრებლები, რომლებიც გადაწყვეტენ რუსეთში დიდი ხნით გადასვლას, შეძლებენ მიიღონ ბინები და დააზუსტა, რომ ამისთვის შემუშავებულია საცხოვრებელი სერტიფიკატების მინიჭების პროგრამა. რუსეთის ჯარებმა ხერსონი ომის დასაწყისში ჩაიგდეს ხელში. ის შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება რუსეთის კონტროლქვეშ. შემოდგომის დადგომასთან ერთად უკრაინამ დაიწყო აქტიური კონტრიერიში, მათ შორის ხერსონის მიმართულებითაც.
  3. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღდგა კავშირი ერთადერთ დარჩენილ, 750-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზთან. კავშირის აღდგენა სადგურის უკრაინელმა თანამშრომლებმა 18 ოქტომბერს დაუდასტურეს ადგილზე მყოფ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს. რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ბოლო ათ დღეში სადგურსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის კავშირი სამჯერ შეწყდა, რაც აჩვენებს რამდენად არასტაბილურია ბირთვული უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და რამდენად აუცილებელია სადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია "ენერჰოატომმა" 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დაცხრილეს კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქვესადგური, რომლის დაზიანების შედეგად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დამაკავშირებელი ბოლო, 750-კილოვოლტიანი ხაზი. ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციამ სადგურის რაიონის დაცხრილვაში უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულა.
  4. გაეროს ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარები პასუხისმგებელი არიან უკრაინის ოთხ რეგიონში ომის პირველი კვირების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევათა „დიდი უმრავლესობისთვის“, მათ შორის სამხედრო დანაშაულებისთვის. უკრაინის საკითხების დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა მოვლენათა დოკუმენტაცია კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში 2022 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში. კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარები განურჩევლად ბომბავდნენ ტერიტორიებს, რომელთა დაკავებასაც ცდილობდნენ და თავს ესხმოდნენ სამოქალაქო პირებს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ. "უკრაინაში ჩადენილია მთელი რიგი სამხედრო დანაშაულები, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევები“, - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ანგარიშში. კომისიამ დაადგინა სიკვდილით დასჯის, უკანონო დაპატიმრების, წამების, არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის რეგულარული შემთხვევები, რომლებიც რუსეთის ჯარების მიერ დაკავებულ ოთხ რეგიონში ხდებოდა. ანგარიშის თანახმად, მაშინ, როცა რუსეთის ჯარები პასუხისმგებელი არიან „გამოვლენილი დარღვევების დიდი უმრავლესობისთვის, უკრაინის ჯარებმაც ჩაიდინეს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევები ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შორის ორი ინციდენტი კვალიფიცირდება როგორც სამხედრო დანაშაული.“
  5. რუსეთისთვის აზრი არა აქვს დასავლეთის ქვეყნებში ადრინდელი დიპლომატიური ყოფნის შენარჩუნებას, განაცხადა სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ თანამშრომლებთან შეხვედრაზე. ლავროვს მიაჩნია, რომ პირობებს, რომლებშიც მუშაობენ დასავლეთში რუსეთის დიპლომატები, „ძნელია ვუწოდოთ ადამიანური“, ამასთან ევროპა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთთან თანამშრომლობა. ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ყურადღება უნდა გადაერთოს „მესამე მსოფლიოზე“ - აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნებზე. „აფრიკას ჯერ კიდევ აუთვისებელი კოლოსალური რაოდენობის ბუნებრივი რესურსები მოეპოვება. ლათინური ამერიკის უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ განაგრძობს ჩვენთან ურთიერთობებს, არამედ დაინტერესებულია მისი გაღრმავებით“, - აღნიშნა მან. ლავროვის სიტყვებით, ახალი კავშირების გაძლიერება საშუალებას მოგვცემს აშკარად ვაჩვენოთ, რომ რუსეთი არ იმყოფება პოლიტიკურ იზოლაციაში. მინისტრი შეეხო უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხს. მან თქვა: „ის, რაც ახლა ხდება, დაწვრილებით აღწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის გამოსვლებში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ოთხ ახალ სუბიექტთან ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში - ეს არის კოლონიური აზროვნების ნამდვილი რეციდივი, მისწრაფება ყველა და ყველაფერი საკუთარ ნებას დაუმორჩილო, დაამტკიცო, რომ „მე, ჰეგემონი (იგულისხმებიან ჩვენი ამერიკელი კოლეგები), ვიცხოვრებ პრინციპით: რაც მინდა, იმას ვაკეთებ.“ ლავროვმა ასევე ისაუბრა „სახელმწიფო გადატრიალებაზე უკრაინაში, რომელიც ჩატარდა ნაცისტური ლოზუნგებისა და SS-ის დროშებით“ და აშშ-ს დასდო ბრალი ამ გადატრიალების მომზადებაში. სერგეი ლავროვს არ დაუზუსტებია, დასავლეთში რუსეთის დიპლომატიური ყოფნის კონკრეტულად რომელი ასპექტების შემცირების წინადადებით გამოდის და შეეხება თუ არა შემცირება საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო დახმარების აღმოჩენას.
  6. უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარიდან ვრცელდება ცნობები საბრძოლო მოქმედებების შესახებ. რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ენერგოდართან მდებარეობს ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ქალაქის ლეგიტიმური მერის, დმიტრო ორლოვის ცნობით, გასული ღამიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ენერგოდარი რამდენჯერმე დაცხრილეს. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ორლოვის წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ერთ-ერთი ელექტროქვესადგური და საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შენობა. ენერგოდარის პრორუსულ, დე ფაქტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა „ტერორისტული აქტი“ ჩაიდინეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული შენობის წინააღმდეგ და დარტყმა განახორციელეს ამერიკული სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის გამოყენებით. დღესვე, ზაპოროჟიეს ოლქის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ვლადიმირ როგოვმა განაცხადა, რომ უკრაინული დესანტი ცდილობდა ენერგოდარში შესვლას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასაპყრობად, თუმცა, ეს მცდელობა აღკვეთილია. უკრაინის არმიის სარდლობას ამ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
  7. საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებისთვის საჭირო იყო 113 დეპუტატის მხარდაჭერა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. კერძოდ, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „საქართველოსთვის“, „გირჩისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა. კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ პარტია „მოქალაქეების“ წევრები. კანონპროექტის მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. პროექტით, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მეორე და მესამე კენჭისყრა ჩატარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღის და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. ასევე პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება. ამასთან, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.
  8. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მათი გზა ძალიან მკაფიოა, იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, მის გასაკეთებლად, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს მოლდოვასთან და საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებაში. „ჩვენ ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი სიგნალები გვაქვს ორივე ქვეყნისთვის ევროკავშირში მათ მომავალთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ მოლდოვასა და საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ რეფორმების განხორციელებაში, რაც დააჩქარებს მათ გაწევრიანებას ევროკავშირში. ჩვენ ამ დახმარებას ვათანხმებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოსა და მოლდოვას რეფორმების განხორციელებაში, იქნება ეს კორუფციის საწინააღმდეგო, თუ სასამართლო რეფორმა. ამ დახმარების გაწევის ერთგულნი დავრჩებით. მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა ძალიან მკაფიოა, მათ იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, ეს გააკეთონ“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა. ამასთან, კარენ დონფრიდმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განცხადებით, „ეს ომი ვლადიმერ პუტინის არჩევანია“. „ის, რაც 24 თებერვალს ვიხილეთ, იყო უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და სასტიკი თავდასხმა. აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რასაც ერთად აკეთებს, არის ის, რომ ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი. თქვენ ხედავთ, რომ აშშ უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევს, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ გავაგრძელებთ ამის უზრუნველყოფას. ამ დახმარებით ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან მივალთ, უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში იყოს. რასაც ვაკეთებთ, შეიძლება, უპრეცედენტო იყოს, მხარდაჭერის მხრივ, თუმცა რასაც უკრაინელები აკეთებენ ჩვენთვის, შთაგონებაა. მათი სიმამაცე, როგორ უწევენ რუსეთს წინააღმდეგობას, როგორ დევნიან მათ თავიანთი სუვერენული ტერიტორიიდან, დიდებულია. ეს არის ის მესიჯი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი იღებს უკრაინელებისგან. და შემდეგ, უკვე მთელი მსოფლიოსგან, გაერო-ში იმ კენჭისყრით, რომელიც გასულ კვირას გვქონდა, 143-მა სახელმწიფომ უთხრა მას, რომ რასაც აკეთებს, არასწორია, რომ არ ვაღიარებთ დეკლარაციას, რომლითაც უკანონოდ განახორციელეს უკრაინის ტერიტორიის ანექსირება. ზაპოროჟიე უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, დონბასი უკრაინაა, ეს არის მესიჯი, რომელიც მსოფლიოსგან მოდის. ვიმედოვნებთ, ვლადიმერ პუტინი ისმენს ამ მესიჯს და დაასრულებს ომს“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.
  9. ნატო უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თქვა 18 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მას შემდეგ, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ავიადარტყმების შედეგად, რაც ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, განადგურებულია უკრაინის ელექტროსადგურების თითქმის მესამედი. ბერლინში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას დაეხმარება, თავი დაიცვას ავიადარტყმებისგან, მათ შორის ირანული წარმოების დრონებისგან, რომლებმაც ბევრი ადამიანის სიკვდილი და ნგრევა გამოიწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 10 ოქტომბერს იერიშების ახალი ტალღა წამოიწყო მთელს ქვეყანაში. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დარტყმებზე პასუხი არის ნატოს მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდა. „უმნიშვნელოვანესი რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ შევასრულოთ, რა პირობაც დადეს მოკავშირეებმა, გავზარდოთ მიწოდება და კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გავგზავნოთ,“ თქვა სტოლტენბერგმა. მისი სიტყვებით, ნატო „უახლოეს დღეებში“ მიაწვდის უკრაინას სისტემებს დრონების სპეციფიკურ საფრთხესთან გასამკლავებლად, მათ შორის ირანული დრონებისა, თქვა მან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს თქვა, რომ 18 ოქტომბერს კიევსა და სხვა ქალაქებში საცხოვრებელ რაიონებზე განხორციელდა იერიშები. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკანასკნელი კვირების განმავლობაში განხორციელებული დარტყმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა ელექტრომომარაგება მთელს უკრაინაში და „აღარ დარჩა ადგილი“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად.
  10. კომპანია "გრინსერვის+", რომლის დირექტორიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე დააკავა, თბილისის მერიის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორია. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, მისი შესრულებულია პარლამენტის წინ მოედნის განახლების სამუშაოები, მელიქიშვილის ქუჩის დემონტაჟი რეაბილიტაციამდე და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ კომპანიას 86 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული - ამ დროის განმავლობაში "გრინსერვის+" სახელმწიფო სტრუქტურებიდან მხოლოდ მერიისა და მასთან დაკავშირებული უწყებების შესყიდვების გამარჯვებულია. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება, რომელიც "გრინსერვის+-მა" თბილისის მერიასთან დადო, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება. კომპანიას უკვე აღებული აქვს 6 მილიონ ლარზე მეტი, მთლიანი ხელშეკრულების თანხა კი 13 მილიონ ლარამდეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მიხედვით, შპს „გრინსერვის+-ის" დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ ამ ტენდერის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების შესახებ ყალბი დასკვნა წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. დანაშაულებრივ სქემაში, რამაც 13 წლის ბავშვის დაღუპვა გამოიწვია, მხილებულია კიდევ 8 ადამიანი.
  11. ქედაში უფუნქციო ტანკს უვლიან. ხელისუფლებამ ტანკის დამლაგებლად 2 ადგილობრივი დაიქირავა, რისთვისაც ყოველწლიურად, ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 200 ლარი იხარჯება. სოფელ წონიარისში მცხოვრებლები "დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში აიყვანეს. დასაქმებულებმა TV25.GE-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ ტანკს კვირაში ერთხელ ალაგებენ, რისთვისაც მათ ყოველთვიურად 300 ლარს უხდიან. უფუნქციო ტანკი სოფელ წონიარისის ცენტრში 1983 წლიდან დგას. იგი ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება. საბრძოლო ტექნიკის მისაღებად სამზადისი 1 წლით ადგე დაიწყეს. ადგილობრივებმა კვარცხლბეკი მოამზადეს, რომელზეც ტანკზე არსებული წარწერები, საბჭოთა სიმბოლოები და მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე 20 დღით ადრე გამოგზავნილი სტალინის წერილის ტექსტი ამოუტვიფრავთ. დღეს წარწერები აღარ იკითხება. წლების წინ აქ რეაბილიტაცია ჩაუტარებიათ და ყველა წარწერა საღებავითაა დაფარული.
  12. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები პირი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება. დაკავებულები პოლიციის სამმართველოში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურეობრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
  13. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ კიევმა 18 ოქტომბერს ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება - პირველი ტრანში 5-მილიარდიანი პაკეტისა, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას გამოუყო ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო. „ეს დამატებითი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში. კერძოდ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - დაწერა შმიჰალმა „ტელეგრამში“. შმიჰალის თქმით, უკრაინამ წელს მთლიანობაში 4,2 ევროს მოცულობის მაკრო-საფინანსო დახმარება მიიღო ევროკავშირისგან.
  14. ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული უპილოტო საფრენის აპარატების პირველი პარტია 1 750 დრონს ითვლიდა. “პირველი პარტია 1 750 დრონის რაოდენობით იყო შეკვეთილი, შემდეგ ახალი შეკვეთები გაკეთდა, მაგრამ მათი წარმოებისა და რუსეთისთვის მიწოდების სისწრაფე, უნდა გესმოდეთ, ერთმომენტიანი პროცესი არ არის. მათ ნელ-ნელა ეწურებათ ისინი, ირანელები ახლებს აკეთებენ, მაგრამ საკითხის მეორე მხარეც არსებობს: დრონების დაახლოებით 70%-ს ჩვენ სტაბილურად ვაგდებთ”, - თქვა ბუდანოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს რაკეტების მარაგი ეწურება. კერძოდ, ბუდანოვის თქმით, რუსეთში “ისკანდერის” ტიპის რაკეტების რაოდენობა უკვე 13%-ს მიუახლოვდა.
  15. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. კერძოდ, უწყების ცნობით, „2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია“. შსს-ს განმარტებით, „გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. მათივე ცნობით, ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ. 2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი. ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს - ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს - ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლის - ლ. ჭ.-სთვის. ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს - გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს - ბ. მ.-ს. 2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. „გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ - ის საქმეთა მწარმოებელმა - ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „გრინსერვის +“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მშენექსპერტთან“. შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორმა - ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა - დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელს - დ. კ.-ს. ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა - დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან. 2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს. აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა - ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების დაწყებიდან ამ დრომდე, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩაატარეს რამდენიმე ასეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, არაერთხელ გამოკითხეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. მიღებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო გამოძიების წინაშე მდგარი საკითხების გარკვევის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს, დაკავებულ იქნა „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი - დ.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
  16. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა. კითხვაზე: საქმის კურსში არ იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მისი მოადგილის ქმედებასთან დაკავშირებით? მურადაშვილმა აღნიშნა: „გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა. შესაძლოა, გაიზარდოს ბრალდებულთა წრე. დანარჩენს მოგახსენებთ შემდეგში“, - განაცხადა კახა მურადაშვილმა. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან "გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
  17. შინაგან საქმესთა სამინისტროს ინფორმაციით, შესწავლის შედეგად გამოკვეთილია, რომ ვაკის პარკში შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ. 2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი. ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს - ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს - ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლის - ლ. ჭ.-სთვის. ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს - გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს - ბ. მ.-ს. 2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. „გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ - ის საქმეთა მწარმოებელმა - ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „გრინსერვის +“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მშენექსპერტთან“. შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორმა - ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა - დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელს - დ. კ.-ს. ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა - დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან. 2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს. აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა - ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების დაწყებიდან ამ დრომდე, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩაატარეს რამდენიმე ასეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, არაერთხელ გამოკითხეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. მიღებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო გამოძიების წინაშე მდგარი საკითხების გარკვევის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს, დაკავებულ იქნა „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი - დ.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე. გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე შედეგების შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.
  18. კომპანია „ელემსის“ ადვოკატი ზაზა ნაჭყებია აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული. მისივე თქმით, თავის დროზე, როდესაც აღნიშნული შადრევანი მოეწყო, ჩაძირული ტუმბოებისთვის ადგილი გამოყოფილი იყო შადრევნის წრიული სიბრტყის გარეთ, დაახლოებით ერთნახევარი მეტრის დაშორებით. „პროექტის მიხედვით, შპს „ელემსის“ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული შადრევნის რეაბილიტაცია ისე, რომ არ მომხდარიყო მისი ვიზუალური სახის ცვლილება. მეორე – აქ განთავსებული სხვა დამხმარე ნაგებობების ადგილმდებარეობის შეცვლა არ უნდა მომხდარიყო, უნდა დარჩენილიყო როგორც თავდაპირველ პროექტში. ახლით შეცვლას ექვემდებარებოდა მწყობრიდან გამოსული ელემენტების გამოცვლა. „ელემსიმ“ თბილისის მერიას წარუდგინა საპროექტო დოკუმენტაცია, სადაც შენარჩუნებულია ჩაძირული ტუმბოების ძველი ადგილმდებარეობა, უბრალოდ ცხადია, ტუმბოები გამოსული იყო მწყობრიდან, ტექნოლოგიურად იყო მოძველებული და პროექტში ჩაიდო ახალი თანამედროვე მოწყობა. მაქვს ამონაბეჭდი პროექტიდან, სადაც ცალსახად არის მითითებული, დაახლოებით ერთნახევარი მეტრის მოშორებით ჩაძირული ტუმბოების განთავსების არეალი. აქ უნდა განთავსებულიყო. აღნიშნული არ უნდა ყოფილიყო შეცვლილი „ელემსისთან“ შეთანხმების გარეშე“, – განაცხადა „ელემსის“ ადვოკატმა ზაზა ნაჭყებიამ. კითხვაზე, თბილისის მერიის მიერ გავრცელებული პროექტის მიხედვით, შესაძლოა თუ არა, რომ ჩაძირული ტუმბოები შიგნითაც ყოფილიყო, ზაზა ნაჭყებიამ განაცხადა: „არა, ჩაძირული ტუმბოები, ჩვენი პროექტის მიხედვით, უნდა ყოფილიყო მხოლოდ გარეთ. ეს არის ტყუილი. ვიზუალურად დოკუმენტები არის ერთი და იგივე, თუმცა შიგნით ტუმბო არ უნდა ყოფილიყო“.
  19. პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ევროსაბჭოს რეზოლუციაზე მხარის არდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არ აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები უნდა დააყენოს. "ზოგადად, ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ყოველთვის სახელმწიფოს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესები უნდა დააყენოს. არაერთხელ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ შეუძლია ეს მაშინაც, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოება რისკის წინაშე დგას, მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს. ის, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი ამ რეზოლუციაში აღმოჩნდა, ეს პირველ რიგში, არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა, მან ვერ აღასრულა სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება ისე და ვერც ახლა აღასრულებს, მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს. „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ ის არის ხელისუფლებაში, მას აქვს ვალდებულება, საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშაოს ისე, რომ რეზოლუციაში ასეთი ტიპის ჩანაწერი არ გაჩნდეს. შემდგომ თავის მართლებები, რადგან სააკაშვილის საკითხი გაჩნდა, ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ, მინიმუმ ძალიან არასერიოზულია. ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მათ ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არ აქვთ. როგორც ჩანს, ამ არგუმენტს „ქართული ოცნება“ იყენებს იმისთვის,რომ თავი აარიდოს იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს რეზოლუციაში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერას, რომელიც პირდაპირ ქვეყნის უსაფრთხოებაზე გადის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული. ამავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც „ასამბლეა მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“. ევროსაბჭოს რეზოლუციას “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხარდაჭერა არ აქვს.
  20. ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  21. „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს წარადგენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „მათთვის ამოცანაა, რომ იყვნენ თანმიმდევრული, ხოლო დანარჩენს პროცესი აჩვენებს“. „არავის ვურჩევ „ქართულ ოცნებას“ შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია. ორ ხმას თუ შეუვსებ, აღარ ხარ ოპოზიცია, მარტივია. რაც შეეხება შვიდი კანდიდატის დასახელებას, თაღლითური სქემა მოიგონეს. მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ შვიდი უნდა დასახელდეს. თავისი სატელიტები ხომ ჰყავთ, „სოციალისტები“ ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგინონ მათ კანდიდატები და ამით ამოიწურება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ამასთან, „ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, არსად არ არის განსაზღვრული, რომ რომელიმე პარტიამ შვიდი კანდიდატი უნდა დაასახელოს. „ოპოზიციამ შვიდი კანდიდატი უნდა დაასახელოსო, ეს სადმე წერია? სადმე ჩაწერეს? „ლელოს“ აქვს ვალდებულება, რომ შვიდი დაასახელოს?! კარგით, მე გთხოვთ, მიბრძანდეთ თითოეულ სუბიექტთან და ჰკითხოთ, რამდენი კანდიდატის დასახელებას აპირებს. სულ მცირე სამის დასახელებას ვაპირებთ. ჩვენ ვთქვით, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს დავასახელებთ და არჩევის პროცესში დავაკვირდებით სხვების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებსაც. ყველას აქვს თანაბარი უფლება და პასუხისმგებლობა, რომ საკითხი გადავწყვიტოთ სწორად. ეს შვიდი ვინ დააწესა? „ოცნებამ“. დაასახელოს თავისი ყველამ და გამოვა შვიდი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
  22. რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. ზელენსკის თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება. „რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა – ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და მათი დაზიანება. 10 ოქტომბრის შემდეგ ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, რამაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. შეგახსენებთ, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთის არმიამ უკრაინის ელექტროსადგურებზე რამდენიმე იერიში განახორციელა.
  23. ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუცია გმობს, როგორც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ მიმართულ ავიაიერიშებს. ასევე, რეზოლუცია გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ე.წ რეფერენდუმების გზით. დოკუმენტში ასევე არის მოთხოვნა, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გარიცხონ.
  24. შეხვედრაზე 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს და საბიუჯეტო ინიციატივები წარადგინეს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს შეხვედრის ორგანიზებისთვის, NDI-ს თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ საქმიანობაზე, ბიუჯეტის ფორმირებაში NDI-ს ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ საქმიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. საკოორდინაციო შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მათ მიერ მერიაში წარდგენილი საკითხების პრეზენტაციით წარსდგნენ. მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მოსახლეობასთან ფოკუს ჯგუფების კვლევის შედეგად გამოვლენილი პრიორიტეტებისა და საბჭოს ინიციატივებზე იმსჯელეს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ინიციატივებიც მოისმინეს.
  25. უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს. ინფორმაციას უკრაინული მედია ერთ-ერთი პარლამენტარის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ტელეგრამ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს. „რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – წერს დეპუტატი. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.
×
×
  • შექმენი...