Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    9.386
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარ,ჰეი რუსული კანონის მიღებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ისინი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და გააგრძელოს მუშაობა 9 ნაბიჯში გაწერილ რეფორმებზე. დიდი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. ევროკავშირმა ცხადად და განმეორებით განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. ეს ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როცა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ნაწილისა და ევროკავშირის გაწევრების ნებისმიერი გზის ფარგლებში. ამ კანონის მიღება უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. არჩევანი წინსვლის გზაზე საქართველოს ხელშია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ვალდებულება ევროკავშირის გზაზე და განახორციელოს 9 ნაბიჯში გაწერილი საჭირო რეფორმები”, – ნათქვამია განცხადებაში. მოგვიანებით ეს განცხადება სრულად გამოქვეყნდა ევროკომისიის ვებგვერდზეც. პუბლიკა
  2. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახნა ამბობს, რომ რუსული კანონი სიმბოლოა არჩევანისა, რაც საქართველომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის უნდა გააკეთოს. ამის შესახებ ცახნამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე თქვა, რომელიც ესტონეთის, ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შედგა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ესტონეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ როგორც მეგობარი მეგობარს, ურჩევს საქართველოს, რომ არ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, რომელსაც ადგას. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღება გამოიწვევს – სანქციებს, იმ სარგებლის დაკარგვას, რაც აქამდე განხორციელებულმა რეფორმებმა და მეგობრების მხარდაჭერამ მოიტანა, როგორიცაა უვიზო მიმოსვლის გაუქმება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვეტოს დადებით რუსულ კანონზე ის მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან არ შევა. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს. ნეტგაზეთი
  3. ანტისაოკუპაციო აქტივისტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში. ამასთან, ქაცარავა, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციები ჩაუტარდა, ამბობს რომ სცემეს ხელთათმანებით, რომელსაც გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს. “მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. შემდეგ გადაიღეს სურათები და დამკვეთებს გადაუგზავნეს”, – ამბობს ქაცარავა და დასძენს, რომ ეს იყო შეკვეთილი ძალადობა და არა ადგილზე პოლიციელების თვითშემოქმედება. “თვალბუდის ძვალი არის ჩამტვრეული, ასევე ზედა ყბა არის ჩამტვრეული… მაქვს ტვინის შერყევა მძიმე ფორმის და ჰემატომები თავზე”, – ამბობს ქაცარავა. ქაცარავას ცოლი, სოფია ხაჭაპურიძე თავის მხრივ წერს, რომ მისი ქმარი სპეცრაზმელებმა ჯგუფურად სცემეს. “შავ მასაში შეთრევის შემდეგ წამით არ გაუჩერებიათ დათოს გინება. ურტყამდნენ თავიდანვე. ჭიჭინაძეზე ათრევის შემდეგ ჩააყენეს წრეში და დაესივნენ. შემდეგ შეაგდეს ფურგონში. წაართვეს მობილური, საფულე, პატარა ზურგჩანთა. ( ეს ცალკე ამბავია, კანონდარღვევა) ურტყამდნენ პარტია – პარტია, ლანძღვითა და გინებით. დათო მხოლოდ ერთობისკენ და საერთო მტრის, ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა მათი ბილწსიტყვაობის ფონზე. ასევე იღებდნენ ტელეფონით ამ პროცესს. განსაკუთრებული გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხის და დასისხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები. ესა აღარაა ძალის გადამეტება! კვალიფიკაცია უნდა იყოს წამება-არასათანადო მოპყრობა! სტრასბურგი წინაა, აუცილებლად! ბოლოს თავისიანს დაუძახია, კაი, ახლა გეყოფაო… პატრულს გადაუსვეს, წაიყვანეს სამგორის ,,შუშებში”. იქიდან სასწრაფომ წაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში”, – წერს სოფია ხაჭაპურიძე. ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმა ტელეარხმა, სადაც ჩანს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელთა კორდონისგან მოშორებით მდგარს როგორ მისცვივდნენ პოლიციელები და შეათრიეს კორდონს მიღმა. მას დაკავების მომენტში სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. ქაცარავა არ არის ერთადერთი აქტივისტი, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების განმავლობაში სცემეს პოლიციელებმა აქციაზე ან ნიღბიანმა ე.წ. ტიტუშკებმა სახლებთან ჩასაფრების შემდეგ. ნეტგაზეთი
  4. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს, - ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. როგორც ის აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს. „საქართველოს პარტნიორების რჩევების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს“, - წერს ჰანკე ბრუინს სლოტი X-ზე. იპნ
  5. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს, - ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს“, - წერს ნატო-ს პრესსპიკერი X-ზე.
  6. ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რთულ დროს შეგიძლია შენი მეგობრების იმედი გქონდეს,” - წერს ცაჰკნა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც მას გარდა სახული არიან ლიეტუველი კოლეგა გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლატვიელი კოლეგა ბაიბა ბრაჟე და ისლანდიელი კოლეგა ტორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი. "ჩამოვედით თბილისში, სადაც მიმდინარეობს კიდევ ერთი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის," - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი. იპნ
  7. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღება. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, თუ ეს კანონი ძალაში შევა, აშშ იძულებული იქნება, გადააფასოს ურთიერთობები საქართველოსთან. საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს. ნეტგაზეთი
  8. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მათ რუსული კანონი, მისი საწინააღმდეგო პროტესტი და საქართველოს ევროპული გზის პერსპექტივა განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს აუხსნა, რომ „ვეტოს დადებით არ შევა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში”. მისივე განცხადებით, რუსული კანონის მიღება არის საქართველოს წარსულში დაბრუნების მცდელობა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლელ მეგობრებთან ისაუბრა იმ ევროპულ პლატფორმაზე, „რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა, მუშაობს”. თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დასავლური ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ რუსული კანონი საქართველოს დააშორებს NATO-სა და ევროკავშირს. 2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი. პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, თუმცა, მოტივირებული შენიშვნების გარეშე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული. პუბლიკა
  9. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ბოიკოტს, მაშინ, როცა ეს აუცილებელი და საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკური ძალები და პარტიებიც შემოგვიერთდებიან საქართველოს პარლამენტში ვეტოს და საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად, რომლებმაც ბოიკოტზე ისაუბრეს." გიორჰი ჰახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  10. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აშინებდა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მობრუნებით, ეს იყო მისი არაერთგზის გამოყენებული ტაქტიკა, თვითონ იქცა ამ რეჟიმის მსგავს გაგრძელებად და ხალხი, რომელიც აშინებდა მოქალაქეებს ომის რიტორიკით, სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/987154829794861/
  11. მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი. “ძალიან მსგავსი მეთოდებია [უკრაინასთან], ვინაიდან, ასე იქცევა რუსეთი და ასე იქცევიან ის მთავრობები, რომლებიც რუსეთთან ახლოვდებიან, მაგრამ ძალიან განსხვავებულ ვითარებებში ვართ. ჩვენი მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, მსგავსი პროტესტები გავიარეთ, უფრო შორს ვართ გზაზე. აქ არის მოსახლეობა, რომელმაც ბევრი გამოსაცდელი გაიარა, და წინააღმდეგობა გაუწია ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციით. გვაქვს არჩევნები, მე წინ გავუძღვები პრო-ევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პრო-დასავლური და პრო-ევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები. ვინაიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ძალიან ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, ძალიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ხალხი გვყავს, რასაც სამი კვირის განმავლობაში აჩვენებენ - თუ რამდენად ზრდასრულია მოსახლეობა აქ და რამდენად ერთგულნი არიან შეინარჩუნონ თავიანთი ევროპული გზა, ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე, რაც ხშირად ხდება რიგ ქვეყნებში”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  12. "დღევანდელი ხელისუფლება საკონსტიტუციო ჩარჩოდან დიდი ხანია გასულია, რაც გამოიხატა თუნდაც ამ კანონის მიღებით. ეს არის მცდელობა პირველ რიგში საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების. , ჩვენ ყველაზე მძიმე შედეგებისთისაც უნდა მოვემზადოთ. ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავიცვავთ ქვეყნის ევროინტეგრაციას და ამასთან ერთად, შევძლებთ და თავიდან ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება. ის გაბრაზება, რასაც დღეს თბილისის ქუჩებში ვხედავთ, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. ამ ადამიანებს აქვთ გაბრაზების უფლება და მე მიჭირს დღეს მათ მოვუწოდო ზომიერებისკენ. ემოციები უნდა ვმართოთ და უნდა ვიყოთ თავდაჯერებულები, იმიტომ, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის გაბრაზება დღეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. არაადეკვატური ადამიანების შესახებ კომენტარების გაკეთებას აზრი არ აქვს, მარტივი მიზეზის გამო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება ვეტოს პირობებში, რა თქმა უნდა, ვეტოს ეტაპზე ქვეყანა ამ კანონისგან უნდა დავიცვათ, მაგრამ ეფექტი ამ კანონის მიღების ქვეყანამ უკვე მიიღო, ქვეყანა უკვე დაზიანდა, ეს კანონი ჯერ დღეს დაამტკიცეს, მაგრამ გუშინ, გუშინწინ და კიდევ უფრო ადრე "ოცნება" ამ კანონს ფაქტობრივად უკვე ახორციელებდა, როდესაც ძალადობდნენ ახალგაზრდებზე აბსოლუტურად უმიზეზოდ ქუჩაში... ამიტომ „ოცნება“ ახლა იმისთვის, რომ ბუნდოვანება დატოვოს, უბრალოდ იტყუება. ეს არის მიდგომა, რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ, ძალიან კარგად ვიცი ეს როგორ ხდება. ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს აკეთებს, ამიტომ აქ რაიმე გონიერი ან ადეკვატური ანალიზის რესურსი აღარ არსებობს. აქ ერთადერთი გამოსავალია ამ კანონის გაწვევა, ამ კანონის უკან წაღება, გამოსვლა საქართველოს მოქალაქეების წინ და თქმა, რომ - ბოდიში, შეგვეშალა. ბოდიში მოუხადონ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ასე ექცევიან. ქართულ პოლიტიკაში ფულის და მევახშეობის დრო უნდა დასრულდეს, სხვანაირად ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დამოკიდებული ოლიგარქებზე ან იმ ადამიანებზე, რომლებსაც უნდათ, რომ სხვა ოლიგარქი ჩაანაცვლონ და უფრო კეთილი ოლიგარქები გახდნენ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანას მივცეთ იმის შესაძლბელობა, რომ გააკეთოს სწორი და რაც მთავარია, სამართლიანი არჩევანი. ყველამ თავის ფინანსურ დავებს თვითონ მიხედოს, სახელმწიფოს ფინანსურ დავებში ნუ რევენ, განსაკუთრებით ისეთ ფინანსურ დავებს, რომელიც წარმოიშვა როდესაც ისინი კერძო პირები და ბიზნესმენები იყვნენ. არჩევნები არის ჩემი ღრმა რწმენით ყველაზე სწორი და ერთადერთი სამართლიანი გზა იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც უკვე დასრულებულია, საბოლოოდ გავისტუმროთ. მესმის, რომ არჩევნებამდე ჯერ კიედვ 5 თვეა დარჩენილი, მაგრამ მერწმუნეთ, ის გულწრფელი გაბრაზება და ენერგია ახალგაზრდების, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, არჩევნებამდე კი არა, საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებამდეც გაგრძელდება, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს უკვე ესმით, რომ ისინი ევროპელები არიან, ისინი ფასეულობებით, ღირებულებებით ევროპელები არიან და ვიღაც ცდილობს ისინი დააბრუნოს ყველაზე ბნელ პოსტსაბჭოთა ეპოქაში. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ბოიკოტს, მაშინ, როცა ეს აუცილებელი და საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკური ძალები და პარტიები, რომლებმაც ბოიკოტზე ისაუბრეს, ისინი შემოგვიერთდებიან საქართველოს პარლამენტში ვეტოს და საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად. დღეს ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეროვნული დონის ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი, იმ შვილების, რომლებიც დღეს უკვე ევროპელები არიან და საქართველოს ქუჩებში დგანან. "ოცნება" გახდა ის ძალა, რომელსაც ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება მართო ქვეყანა ისე, თუ სრულად არ აკონტროლებ პარლამენტს, თუ არ გაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მაშინ, როდესაც ხედავ, რომ შენ უბრალოდ აღარ გაქვს ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ატყუებ შენს მოქალაქეებს, თავს ესხმი და ძალადობ მათზე, მაშინ, როდესაც ხვდები, რომ შენი ლეგიტიმაცია აღარ არის საკმარისი, იმისითვის, რომ ერთპიროვნულად მართო ქვეყანა, მერე გამოგყავს პოლიცია ქუჩებში, სპეციალური დანიშნულების ძალები და აპირისპირებ ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეებს პოლიციასთან. მე არ მოგიწოდებთ თქვენ ფორმიან ადამიანებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ასეთ დავალებებს, მე მოგიწოდებთ, ემსახუროთ და დაიცვათ პირველ რიგში თქვენი სახელმწიფოს და თქვენი მოქალაქეების ინტერესი, ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/800763495329079/
  13. გმირთა მოედანზე დააკავეს მომიტინგეები, რომლებმაც გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ არაერთი მოქალაქე ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილებში და წაიყვანა. გმირთა მოედანზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე რჩება ანტირუსული აქციის მონაწილეთა ნაწილი. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გმირთა მოედანზე დაკავებების შესახებ, რუსთაველზე შეკრებილთა ნაწილი ამ მიმართულებით დაიძრა. ვიდეო: ტვ პირველი ნეტგაზეთი
  14. „ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმდჯომარეების მისვლის შესახებ. კობახიძის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა მიუღებელია და აჩვენებს იმას, რომ „საქართველოს შიდა პოლიტიკაში გარედან ერევიან”. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ. მათ შორის, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი. მან პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პუბლიკა
  15. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ თუ რუსული კანონი არსებული ფორმით იქნება და არ შეიცვლება ისე, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, იქნება შეზღუდვები. მან ისაუბრა ფინანსურ და სამგზავრო შეზღუდვებზე, ასევე, აღნიშნა, რომ საფრთხე დაემუქრება აშშ-ის მიერ გამოყოფილ დახმარებას. თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა – EU-ის სტანდარტებთან შეუსაბამო, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას და გაგრძელდება ძლადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, იქნება ფინანსური და მგზავრობის შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან მათი და მათი ოჯახების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე. “, – აღნიშნა მან. პუბლიკა
  16. დავით ქაცარავა, რომელიც პოლიციამ აქციაზე დააკავა, სასტიკად არის ნაცემი. მას სახეზე ეტყობა მძიმე დაზიანებები. „გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, დაკავებულია. არის სასტიკად ნაცემი თავის არეში, ყბა აქვს გატეხილი, ყვრიმალის ძველი აქვს მოტეხილი, თვალი ჩასიებული. სახე და თავი აქვს დეფორმირებული ფაქტობრივად, ძალიან მიზანმიმართულად ძალიან ბევრმა ადამიანმა ურტყა თავში განსაკუთრებულად,“ — ამბობს ნეტგაზეთთან სოფო ხაჭაპურიძე, დავით ქაცარავას ცოლი. ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმა ტელეარხმა, სადაც ჩანს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელთა კორდონისგან მოშორებით მდგარს როგორ მისცვივდნენ პოლიციელები და შეათრიეს კორდონს მიღმა. მას დაკავების მომენტში სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. ნეტგაზეთი შსს-სთან ცდილობს დეტალების გარკვევას. ნეტგაზეთი
  17. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ. ამ წუთებში, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. იპნ
  18. არავის აქვს ქართველი ხალხისთვის ევროპული ოცნების წართმევის უფლება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გინატას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ძვირფასო ქართველო ხალხო, თქვენი გვესმის და თქვენთან ერთად ვდგავართ თქვენს ბრძოლაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. არავის აქვს თქვენი ევროპული ოცნების წართმევის უფლება. არავის არ აქვს ხალხის ევროპული ღირებულებებით ცხოვრების სურვილის გაჩუმების უფლება”, - წერს ნაუსედა. იპნ
  19. პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "როგორც მოსალოდნელი იყო, „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო და საკუთარ მოქალაქეებს ომი საბოლოოდ გამოუცხადა. ივანიშვილი მოძალადედ გადაიქცა, პარლამენტი კი ყაზარმად გადააქცია. რუსული კანონის მიღებით ბრძოლა არ სრულდება! გადამწყვეტი ბრძოლა ახლა იწყება! ბრძოლა ხელისუფლებიდან „ოცნების“ ჩამოსაცილებლად და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად! საზოგადოებამ უნდა გავაგრძლეოთ უწყვეტი და მწვავე შიდა პროტესტი, საერთაშორისო პარტნიორებმა კი გააძლიერონ გარე ზეწოლა. პასუხისმგებლობისგან გაქცევა ვერ უნდა შეძლოს ვერც ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა რუსულ კანონს და რომელიც ვეტოს დაძლევაში მიიღებს მონაწილობას! ამასთან, ყველანაირად უნდა შევუშალოთ „ოცნებას“ ხელი ვეტოს დაძლევაში - პარლამენტიდანაც, ქუჩიდანაც, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციითაც. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვიქნებით ყველგან, სადაც ევროპული მომავლის დაცვისთვის ბრძოლა მოითხოვს. ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი - პრეზიდენტი პარლამენტში მარტო არ უნდა დავტოვოთ!"
  20. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას ესმის ქართველების ხმა. ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-წერს, მათ შორის, ქართულ ენაზეც. “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერს რობერტა მეცოლა. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. ამავე თემაზე: „ეს არის რუსული ჩარევა საქართველოში“ — ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი რუსულ კანონზე შარლ მიშელი: „იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება“ 84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია] ნეტგაზეთი
  21. ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში წერს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ სილაა გააწნა ქართველების 80%-ს, ვისაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის სახეში სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, — აცხადებს რიში. საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. ნეტგაზეთი
  22. სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 14 მაისის 17:15 საათისთვის აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა. ის მოუწოდებს და შსს-ს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები.
  23. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ დაარტყა, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას აშუქებდა. ამასთან, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გაუშვეს. იპნ
  24. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში რუსული კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას.
  25. ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს, რომ ლაზარე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. „პუბლიკა” ინფორმაციის დასადასტურებლად და დაკავების მუხლის გასარკვევად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...