ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის (ახ. წ. VI ს.) მიხედვით, ჩრდილოეთიდან ლაზებს ზღვის სანაპიროზე აფსილები, შემდეგ კი აბაზგები ემეზობლებიან, რომლებიც ლაზთა ქვეშევრდომები არიან. პროკოპი კესარიელი გადმოგვცემს: “ნახევარმთვარის იმ ერთ დასაწყისში, რომელიც აზიისა არის, მდებარეობს ქალაქი პეტრა, ხოლო მის პირისპირ, მეორე ნაპირას, ევროპის ნაწილში აფსილების ქვეყანაა. აფსილები ლაზების ქვეშევრდომნი არიან… აფსილებისა და ნახევარმთვარა ნაპირის შემდეგ მეორე ნაწილში ზღვის პირას აბაზგები მოსახლეობენ, რომელთა საბინადრო ადგილები კავკასიონის მთებამდე გრძელდება. აბაზგები ძველითგანვე ლაზების ქვეშევრდომები იყვნენ”(32).…ამ ცნობაზე დაყრდნობით შეიძლება უფრო ზუსტად დავადგინოთ ლაზების განსახლების ჩრდილოეთი საზღვარი. რადგან შავი ზღვის აღმოსავლეთ, მორკალური სანაპიროს, “ნახევარმთვარას”, სამხრეთ კიდეს, პროკოპის სიტყვებით, წარმოადგენს ქ პეტრა (ციხისძირი), მის მოპირდაპირე ჩრდილოეთ კიდეს მდ. კოდორის შესართავი შეესაბამება, რომლის შემდეგ აფსილები ბინადრობენ(33) .დ. მუსხელიშვილის აზრით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ნახევარმთვარისებრი მოხაზულობა მდ. ღალიძგას შესართავთან იხრება მკვეთრად დასავლეთის მიმართულებით, ამიტომ “საზღვარი ლაზებსა და აფსილებს შორის მდ. ღალიძგაზე გადიოდა და, ამდენადვე, ეს უკანასკნელი უნდა წარმოადგენდეს ქართული წყაროების “ეგრისწყალს”(34) .იგივეს ამტკიცებს პ. ინგოროყვა: “მოსაზღვრე მდინარე, რომელიც დასახელებულია ქართულ საიტორიო წყაროებში – “ეგრისწყალი” – ეს არის მდინარე ღალიძგა.