მიხეილ სააკაშვილი – საფრთხე, რომ ხორბალზე ფასი ბევრად უფრო მომატებულიყო, მოხსნილია პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობისგან პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე მონიტორინგის შედეგები მოისმინა . მონიტორინგის შედეგები სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა გააცნეს. მთავარი აქცენტი ხორბლის ფასსა და ექსპორტზე გაკეთდა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ განსაკუთრებული გავლენა მეცხოველეობისა და მეფრინველეობის სექტორში მოახდინა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. პრეზიდენტის განცხადებით, საფრთხე, რომელიც ხორბლის ფასის ბევრად უფრო მომატებას გულისხმობდა ამ ეტაპზე მოხსნილია. Mმან იმედი გამოთქვა, რომ ქართული ეკონომიკა ამ სიტუაციიდან "გამოძვრება" და სხვა პროდუქტებზე ფასები არ მოიმატებს. პრეზიდენტი რეგიონებში ხორბლის მოსავლიანობითაც დაინტერესდა და ინფორმაცია ამის შესახებ კახეთისა და ქვემო ქართლის გუბერნატორებისგან მოისმინა. გიორგი ღვინიაშვილი და დავით კირკიტაძე პრეზიდენტის რეზიდენციაში ვიდეო-ხიდის მეშვეობით ჩაერთნენ. ღვინიაშვილის ინფორმაციით, წელს კახეთში 38 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი აიღეს, რაც გასულ წელთან შედარებით მეტია, თუმცა შესაბამისი ამინდისა და ვარგისიანი თესლის შემთხვევაში, გაცილებით მეტის მიღება შეიძლებოდა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ხორბლის ადგილზე მოყვანის მნიშვნელობას და მოსავლის ზრდას და ამ კუთხით მთავრობას შესაბამისი დავალებებიც მისცა. "ხორბლის იმპორტით ჩვენ ვჭამთ საკუთარ ვალუტას", - დასძინა მან. პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია მოხდეს ინტენსიფიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ეკონომიკურად დაზარალდება. ვიდეო-ხიდით პრეზიდენტი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს ლევან ვარშალომიძესაც ესაუბრა და მას დავალება მისცა, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ტურისტების ზრდასთან ერთად ადგილობრივი წარმოებაც გაიზარდოს. სააკაშვილის თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობას კეთილდღეობის საშუალებას მისცემს. "ჩვენი ამოცანაა, ყოველდღიური მონიტორინგი პროდუქციის ფასებზე; საბაზრო ეკონომიკური ბერკეტები ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ დარტყმა მაქსიმალურად შემცირდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა. გადავრჩენილვართ მეგობრებო