ადმინი ცრუა სამართალდამცველებმა "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" წევრები გია ბურჯანაძე და ბესო ტაბატაძე, ახალგაზრდული მოძრაობის "რატომ?" ლიდერი მერაბ ჭიქაშვილი, ახალგაზრდული მოძრაობა "არას" წევრი ოთო ბექაური და ოპოზიციის კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. დაკავებულები სავარაუდოდ, "მოდულის" შენობაში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ ვითარება კვლავ დაძაბულია. ადგილზე იმყოფება თბილისის საპატრულო პოლიციის შეფი გიორგი გეგეჭკორიც. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე ახალგაზრდული ორგანიზაცია "სამოქალაქო ფრონტის" ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანიც გამოჩნდა. აქტივისტების დაკავება ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ გზის გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა. პატიმრების მიმართ სოლიდარობის აქციის "მეც პატიმარი ვარ" მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მათთან შეხვედრა არ ისურვა. საპატრულო პოლიციის ბრიგადებმა გზის გადაკეტვის მცდელობის აღკვეთა სცადეს, რასაც მათსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. "პატრულმა" ორი აქტივისტის დაკავება სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველები ვითარების დაძაბვას მოერიდნენ და დაკავებულები გაათავისუფლეს. თუმცა რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეთა მხრიდან გზის გადაკეტვის მორიგი მცდელობა დაიწყო, რასაც "პატრულის" მხრიდან 5 აქტივისტის დაკავება მოჰყვა. დღევანდელ აქციაში ახალგაზრდული მოძრაობების "რატომ?" და "არა", ეკა ბესელიას საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", 'საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის", "წარმომადგენლობითი სახალხო კრების", არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის", სხვა არასამთავრობო და ოპოზიციური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=66435