19:08 29.07.09 - აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის ავიაციის გამოყენება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევად შეფასდება რუსეთის საჰარეო სადესანტო ძალების სარდლის ვლადიმერ შამანოვის განცხადებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სანიტარული და საფოსტო დავალებების შესასრულებლად მცირე ავიაციის შესაძლო გამოყენების თაობაზე ოფიციალურ თბილისში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პაატა დავითაიას განცხადებით, ავიაციის გამოყენება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევად იქნება შეფასებული. „შამანოვისგან ასეთი განცხადება არ მიკვირს. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროვოკაციები მოახდინოს. კონფლიქტურ ზონებში მცირე ავიაციის გამოყენება სრული აბსურდია. ამით ისინი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას მოახდენენ", - აცხადებს დავითაია. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განმარტებით კი, ნებისმიერი საფრენი აპარატების გამოყენება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან უნდა იყოს შეთანხმებული. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველა სახელმწიფოს მიერაა აღიარებული. აქედან გამომდინარე, ამდაგვარი ფრენები ვერ განხორციელდება და ის სტრუქტურა, რომელიც ამას განახორციელებს, საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით დასჯილი იქნება", - ამბობს დეპუტატი და აქვე აცხადებს, რომ თუ კონფლიქტურ ზონებში რუსული მხარის მიერ მცირე ავიაციის გამოყენება მოხდა, ეს ააგრესიის მორიგ მცდელობად შეფასდება, რომელზეც ქართულ მხარეს ადექვატური პასუხი ექნება. ვლადიმერ შამინოვის დღევანდელ განცხადებას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების გარდა მკაცრად გმობს და აკრიტიკეკებს ქვეყნის მთავარი დიპლომატიური უწყების - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძეც. „ეს არის მცდელობა იმის დემონსტრირებისა, რომ მოსკოვმა საქართველოს ტერიტოროების ნაწილის აღიარება ლეგიტიმურად მოახდინა. შესაბამისად, ისინი მათი გადმოსახედით სამართლებრივი ქმედების განხორციელებას ცდილობენ, რისი უფლებაც, ჰგონიათ, რომ აქვთ. ეს უფლება, რა თქმა უნდა, მათ არავითარ შემთხვევაში არ აქვთ - მოსკოვს საქართველოს გარეშე კონფლიქტურ რეგიონებზე რაიმე სახის კონტროლის დაწესების, ეს იქნება სახმელეთო თუ საზღვაო, არანაირი მექანიზმი არ გააჩნია", - აცხადებს კალანდაძე. აღსანიშნავია, რომ უკანონო საფრენ აპარატებზე რეაგირების უფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაც აქვს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საჰარეო სადესანტო ძალების სარდლის ვლადიმერ შამანოვის განცხადებით, მოსკოვმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სანიტარული და საფოსტო დავალებების შესასრულებლად შესაძლოა მცირე ავიაცია გამოიყენოს. „ჯი-ეიჩ-ენი" http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52402