ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2009 · ნინო ბურჯანაძე - “არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თარხნიშვილის ადგილს ვინ დაიკავებს” · პაატა ზაქარეიშვილი - “არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს შეიძლება აწყობდეს იმ 4 ბავშვის ტყვეობაში ყოფნა, რათა სარკოზისთან დარეკვის საშუალება ჰქონდეს” · საქართველო, შესაძლოა, კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრი გახდეს?! ნინო ბურჯანაძე - “არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თარხნიშვილის ადგილს ვინ დაიკავებს” “არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თარხნიშვილის ადგილს ვინ დაიკავებს, როცა ტელევიზიები ხელისუფლების ხელშია და არ არსებობს თავისუფალი სასამართლო. სახეების სიმბოლური შეცვლით ჯამი არ იცვლება”, - აცხადებს დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ მიაჩნია ნინო ბურჯანაძეს მოღალატედ ოპოზიციაში? / რა აზრი აქვს დიპლომატებთან შეხვედრას, როცა ისინი საკმარის დროსაც კი არ უთმობენ ოპოზიციის ლიდერებს? “ნამდვილად არ მინდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ჯერჯერობით ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რამე ტიპის ბრალდებები წავუყენო. ჩვენ ამ ეტაპზე სააკაშვილის გადაყენების გზაზე განსხვავებული ხედვები გვაქვს. არის ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ არა უშავს, თუკი სააკაშვილი 2013 წლამდე იქნება, მაგრამ არის მეორე ნაწილი, რომელსაც მე მივეკუთვნები და მიმაჩნია, რომ სააკაშვილის 2013 წლამდე ყოფნა დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ქვეყანა დესტაბილიზაციის, დაშლისა და ომის საფრთხის წინაშე დგას. ნამდვილად არ მინდა გითხრათ, რომ ვინმე სააკაშვილთან შეკრულია, მაგრამ არის ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენელი, რომლის პოზიციაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ბურჯანაძე. “არის ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც, ალბათ, ჯერ კიდევ გულწრფელად სჯერა, რომ შეიძლება შიდა ან დასავლეთის ზეწოლით გარკვეული ცვლილებები იქნას მიღწეული სააკაშვილის პირობებში. სააკაშვილთან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება მაქვს, რათა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა - ასეთი ცვლილებები არ იქნება. როგორც უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიარული გადაიფიქრეს, რადგან დაინახეს, რომ აზრი არ აქვს და ეს მხოლოდ სააკაშვილის პიარს ემსახურება, ასევე იქნება არჩევნებთან დაკავშირებითაც... ვფიქრობ, საკმაოდ ნათელი განცხადება გავაკეთე, როცა ვთქვი, რომ ამ ხელისუფლების ხელში მხოლოდ შეურიგებელი ბრძოლაა გამოსავალი. დემოკრატიული ფრონტის შექმნა შეურიგებელ ბრძოლას გულისხმობს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი კონსულტაციები მაქვს როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, ეს იქნება სწორი გზა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მისაღწევად”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “დარწმუნებული ვარ, განსაზღვრული დროის შემდეგ “ალიანსი” დარწმუნდება, რომ ადგილობრივ არჩევნებზე წასვლა ვერ გადაწყვეტს არსებულ პრობლემებს, მით უმეტეს, სააკაშვილი არანაირ დათმობაზე არ წავა. ასე რომ, ვფიქრობ, ისინიც შეურიგებელთა რიგებში აღმოჩნდებიან”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე და შეკითხვას - “ხელისუფლება ცდილობს, თქვენში რუსული ლობიზმი დაინახოს.... რატომ გამოგიგზავნათ მოსაწვევი ებრალიძემ თავისი ორგანიზაციის პრეზენტაციაზე, კაცმა, რომელიც საქართველოს მტრად და რუსეთის იდეების გამტარებლად დაასახელა ხელისუფლებამ? თქვენ რატომ ამოგარჩიათ რუსეთის კაცმა განსაკუთრებულ სტუმრებში?” - პასუხობს: “მე რატომ მეკითხებით, ეს უნდა ჰკითხოთ მას, ვინც ეს მოსაწვევი გამომიგზავნა. ძალიან ბევრ მოსაწვევს ვიღებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედანაც. დანაშაულად არ მიმაჩნია, თუკი ძალიან დიდი სიმპათიით მიყურებენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, ლონდონში, პარიზში და სულაც მიმაჩნია დანაშაულად, რომ ასევე რუსეთშიც პატივს მცემენ. რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ მე ვარ პრინციპული ადამიანი. კარგი იქნება, საზოგადოებას თუ გავახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ შევიტანე სარჩელი ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფრით მოიცალა ჩვენმა სასამართლომ, რომ ეს სარჩელი განიხილოს და დასკვნა გამოიტანოს. თუკი სააკაშვილს აქვს რამე ინფორმაცია, საუკუთესო შესაძლებლობა მივეცი, რათა სასამართლოზე ეს დოკუმენტაცია წარმოედგინა, მაგრამ მსგავსი რამ გსმენიათ?” პაატა ზაქარეიშვილი - “არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს შეიძლება აწყობდეს იმ 4 ბავშვის ტყვეობაში ყოფნა, რათა სარკოზისთან დარეკვის საშუალება ჰქონდეს” “მიხეილ სააკაშვილმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამიერიდან თვალს არ დახუჭავს იმ უმსგავსობაზე, რაც აქამდე ხდებოდა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ არ აცალეს მას და უცხოელ ინვესტორს ოპოზიციის აქტივისტებმა რესტორანში შეხვედრა. რატომ იყო პრეზიდენტი ასეთი მკაცრი და რატომ არ ჩქარობს ხელისუფლება 4 არასრულწლოვნის გათავისუფლებას?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ ურეკავს სარკოზის სააკაშვილი? / პაატა ზაქარეიშვილი: “როცა ასეთი უუნარო ხარ, უნდა გადადგე”. “სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დასუსტდა. სააკაშვილი ხომ მშიშარა ადამიანია. როცა ძალას ხედავს, გარბის და ეს არაერთხელ დაამტკიცა. ახლა რატომღაც ჰგონია, რომ რაკიღა ოპოზიციამ გარკვეულწილად პაუზა გამოაცხადა, მან აღიარა თავისი სისუსტე და უკან დაიხია. მას ეს პაუზა უცბად თავში აუვარდა და ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად არის. მშიშარა ადამიანს მუდმივად სჭირდება საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ის მაგარია და ამიტომაც უმღერიან მას “მიშა მაგარიას”, ეტყობა, ეს სიამოვნებს ძალიან. სააკაშვილს სჭირდება მუდმივი გახმიანებები, რომ წარმატებებია ქვეყანაში. ადამიანი, რომელიც უყურებს ტელევიზორს, იფიქრებს, ჯანდაბას, ჩემთან რაც ხდება, მაგრამ იქ ხომ ხდება სიკეთე და ჩემთანაც მალე მოაღწევსო. სწორედ ამაზეა გათვლილი სააკაშვილის ეს ძალიან გულადი განცხადებები. ოპოზიცია არ უნდა მოდუნდეს, თვეში ერთხელ უნდა აწყობდეს მნიშვნელოვან აქციებს. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც არ ასევნებდნენ მას და ლუკმას არ აყლაპებდნენ, არ უნდა ჩააყლაპონ სააკაშვილს ლუკმა. სადაც ივლის, ყველგან უნდა სდიოს ამ ხალხმა, სააკაშვილს ხმა მიაწვდინონ, უნდა იდგნენ იქ და უნდა იცოდნენ, რომ ეს არამი ლუკმა იქნება მისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი. “რასაკვირველია, შიშის დაძლევის ერთადერთი ფორმა არის თქმა - არ მეშინია. სწორედ ამიტომ, ასე გულადად უტევს ამ ყველაფერს. თითქოსდა ყველაფერი წესრიგშია. ეს, რა თქმა უნდა, ღრმა კრიზისზე მეტყველებს. როცა ასე ბაქიბუქობს და გაიძახის, ყველაფერი კარგად არისო, ჯობს, არ ილაპარაკოს. ასეთი რეაქციებით ავლენს საკუთარ თავს, როგორც კრიზისში მყოფი ადამიანი. მისი გამოსვლა იყო სასაცილო. სააკაშვილს მართლა ეშინია ხალხის. ამ გამოსვლებითა და ასეთი სიტყვებით მას ჰგონია, ხალხს აშინებს. ამ დროს თვითონ ეშინია მათი. მსგავსი გამოსვლებით საკუთარ თავს აგულიანებს, რომ ყველაფერი კარგად არის. ამ გამოსვლებს ჰყავს ორი ადრესატი - მისი ერთგული ხალხი და მშიშარა ხალხი. იმედი მაქვს, საქართველოში არც მისი ერთგულები არიან ბევრი და მით უმეტეს, მშიშრები კიდევ უფრო ნაკლები არიან”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი აკანონებს ახალ წესრიგს. ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი უუნარო, უნიათო და არაფრისმქნელი ხელისუფლების ხელში, სამწუხაროდ და საუბედუროდ, რუსეთს ეს გამოსდის. კანონდება რუსეთის ახალი წესრიგი. ხელისუფლება უნდა გადადგეს, სხვა გამოსავალი მას არ აქვს. იმიტომ, რომ უუნაროა. მას მხოლოდ მუქარა შეუძლია და ისიც ოპოზიციისა და საკუთარი ხალხის მიმართ. სააკაშვილის გადადგომა, რა თქმა უნდა, გამოსავალია. უნდა ჩატარდეს პირდაპირი და გამჭვირვალე არჩევნები. ხალხი ვისაც ენდობა, იმან უნდა გამოასწოროს მდგომარეობა. მთელი უბედურება ისაა, რომ 4 გატაცებული ბავშვის გამო სააკაშვილს ცხვირპირი ჩამოსტიროდა და სარკოზის ურეკავდა. პრეზიდენტების დონეზე კი არ წყდებოდა ასეთი ფაქტები, არამედ მინისტრების დონეზე. დღეს სააკაშვილი სარკოზის ურეკავს. ეს სირცხვილია. იმდენად უნიათოა, რომ სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, ტელეფონით ილაპარაკოს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი. “სარკოზის უნდა დაურეკო ცეცხლის შეწყვეტის და არა ბავშვების გატაცების გამო. ე.ი. შენ იმდენად უუნარო ხარ, ბავშვების გამოხსნა არ შეგიძლია. როცა თავის დროზე მერაბიშვილი ციხეებს ხსნიდა ცხინვალში და იქიდან გამოჰყავდა ქარქუსოვები, დღეს რატომ ვეღარ ახერხებს ამას. დღეს ბავშვები ვერ გამოუხსნიათ? შეიძლებოდა ოსებთან მოლაპარაკება. მაგრამ სააკაშვილი მარტო თავის თავზე ფიქრობს, ის ქვეყანაზე არ ფიქრობს. რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი, როცა ბავშვები ვერ დაუხსნია ქვეყანას. გაიხსენეთ, ხურჩაში რა მოხდა, გაიხსენეთ ის სამი სტუდენტი, მე დავრბოდი მათ გასათავისუფლებლად და მოღალატე მიწოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვადაზე ადრე გავათავისუფლე ეს ადამიანები. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს შეგნებულად არ გამოჰყავს ეს ბავშვები, ოღონდ თემა გააპიაროს და საფრანგეთის პრეზიდენტს ელაპარაკოს”, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - “ანუ უშვებთ ალბათობას, რო მ ამ ბავშვების ტყვეობაში ყოფნა შესაძლოა აწყობდეს ქვეყნის პირველ პირს?” - პასუხობს: “როცა აფხაზეთში სამი სტუდენტი დააკავეს, დავრწმუნდი, რომ სააკაშვილის ინტერესებში იყო, ეს ბავშვები დროულად არ გამოსულიყვნენ. მაქვს ეს გამოცდილება და არ გამოვრიცხავ ამას - ხომ არ ვამბობ კატეგორიულად, მაგრამ არ გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ ეს უკვე იყო ერთხელ 2007 წელს და მე ამის უშუალო მონაწილე ვარ. არ ვიცი, რა ხდება ამ 4 ბავშვის გარშემო, მაგრამ მაქვს რა ის მწარე გამოცდილება, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს შეიძლება აწყობდეს ამ 4 ბავშვის იქ ყოფნა, რათა მას სარკოზისთან დარეკვის საშუალება ჰქონდეს”. საქართველო, შესაძლოა, კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრი გახდეს?! “საქართველოს მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრად ქცევის რეალური შანსი აქვს. აქ პრაქტიკულად ყველაფერია ამისთვის, ყველა ტიპის პეიზაჟები - თოვლიანი მთების მწვერვალებიც, ზღვის ლაგუნები და პლაჟები, ლამაზი ქალაქები ეგზოტიკური ქუჩებით და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე კინოფილმის გადაღების მსურველთათვის უპრეცედენტო შეღავათების დაწესების შესახებ. თუმცა ასეთ პერსპექტივას მხოლოდ ერთი გარემოება აბრკოლებს - საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი კინომწარმოებლები უნდა დაარწმუნოს, რომ აქ ფილმის გადაღება უსაფრთხოა. ყოველივე ამის შესახებ დასავლური პრესა წერს”, - წერს გაზეთ “კვირის რეზონანსი” სტატიაში სათაურით 25%-იან ფასდაკლება და უპრეცედენტო შეღავათები უცხოელი კინომწარმოებლებისთვის / საქართველო, შესაძლოა, მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრი გახდეს. “კანის ფესტივალზე შარშან ამ გეგმის განაცხადი უკვე გავაკეთეთ. წლეულს ოფიციალურად იქნება წარდგენილი, რომ საქართველო ასეთი ინიციატივით გამოდის. ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია, რომ საგადასახადო შეღავათების წახალისებით უცხოელი მწარმოებლები მოიზიდონ. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები - ბულგარეთი, რუმინეთი და უნგრეთი ჰოლივუდური წარმოებისთვის საკმაოდ მიმზიდველია სწორედ საგადასახადო შეღავათების გამო. ახლა, რაც ევროკავშირის წევრები გახდნენ, ამ შეღავათების სისტემა გართულდა. ამ კუთხით წამყვანი ქვეყნების მაგალითებიც შევისწავლეთ. გვყავდა ბრიტანელი კონსულტანტი მარტინ კაფი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მუშაობს და გადაწყდა საგადასახადო შეღავათის დაწესება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდეტთან საუბრისას კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კვლევებისა და განვითარების მენეჯერი დავით ვაშაძე. “აქ საუბარია, რომ მოხდეს არა მთლიანი ბიუჯეტის, არამედ კვალიფიციური ქართული ხარჯებიდან 25%-ის უკან დაბრუნება. ანუ ის, რაც საქართველოში დაიხარჯება - თუნდაც ადგილობრივი ხალხის დაქირავება, ქვეყნის შიგნით სამგზავრო ხარჯები და ა.შ. აქ არ შევა ისეთი საქმიანობა, როგორიცაა რომელიმე სტუდიის აპარატურით შესვლა პროექტში და მსგავსი საქმიანობა. უცხოური პროექტებისთვის ადგილობრივი კვალიფიციური ქართული ხარჯები მინიმუმ 500 ათასი დოლარი უნდა იყოს, რომ მან პრეტენზია განაცხადოს 25%-ის უკან დაბრუნებაზე. ქართული პროექტებისა და ოფიციალური პროდუქციისთვის მინიმალური ზღვარი 100 ათასი იქნება... ეს არის წახალისება - მაგალითად, ყველა ქვეყანაში ქუჩის გადაკეტვისთვის საგანგებო გადასახადია. საქართველოში კი ეს გადასახადი არ იქნება. გარდა ამისა, პოლიცია დაეხმარება მასობრივი სცენების გადაღებისას ქუჩის გადაკეტვაში, ხალხის მობილიზებაში. თუ კონკრეტული პროექტისთვის ჯარის ან ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის გამოყენება გახდება საჭირო, ამ სახელმწიფო სტრუქტურაში იქნება პიროვნება, რომელიც საჭიროებისამებრ გაუწევს დახმარებას. გადასახადიც მინიმალური იქნება”, - დასძენს დავით ვაშაძე. “ქართულმა კინომ სულ ახლახან დაიწყო სულის მოთქმა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე გრძელდება. ამ თვალსაზრისით კინოწარმოების ასაღორძინებლად ეს ძალიან დროული და მომგებიანი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან. საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის პირველია, რომელიც ასეთ მიმზიდველ გარემოს უქმნის უცხოელ კინემატოგრაფისტებს და იმედი მაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდება ეროვნული კინემატოგრაფიის განვითარებისთვის... ყველას სურს, მასშტაბური სანახაობები და მიმზიდველი ფილმები რაც შეიძლება მცირე ბიუჯეტით შექმნან. როგორ გონიათ, ჰოლივუდში ფულს არ ითვლიან? ჩვენთან ამ ინიციატივის შედეგად მასობრივი სცენების გადაღებისას ძალიან ცოტა ფულს დახარჯავენ, მუშახელი იაფია და ა.შ. - წესით, უნდა დაინტერესდნენ. მსგავსი ნოვაცია ჩეხეთშიც იყო და ჰოლივუდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენდა. ის სწორედ ასეთი გამარტივებული წესები იყო შექმნილი და ამით ჩეხურმა კინომ სარგებელი ნახა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხელოვნებათმცოდნე არჩილ შუბაშვილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/116674.html