იყოს აქ: მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მარტვილისა და აბაშის რაიონული ორგანიზაციების დამფუძნებელი კონფერენციები ხვალ ღია ცის ქვეშ გაიმართება. როგორც მოძრაობაში აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლება ღონისძიებების ჩასატარებლად პარტიას დარბაზის გამოყოფაზე უარს ეუბნება. "დამფუძნებელი კონფერენციები მარტვილსა და აბაშაში 4 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ მაშინ ზურაბ ნოღაიდელის თანაპარტიელებს დარბაზის გამოყენებაზე უარი იმ საბაბით უთხრეს, რომ მოთხოვნილ შენობებში ამ დღეს სხვა ღონისძიებები ტარდებოდა. მოძრაობის რაიონული ფორუმები მარტვილსა და აბაშაში 7 დეკემბრისთვის გადაიდო, მაგრამ ადგილობრივი გამგეობები დარბაზის გამოყოფაზე კვლავ უარს აცხადებენ", - აღნიშნეს პარტიაში. მათივე განცხადებით, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" იძულებულია, დამფუძნებელი კონფერენციები ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, საკუთარი ოფისების წინ ჩაატაროს. მარტვილში პარტიული ღონისძიება ხვალ, კოსტავას ქუჩა #2-თან, 13:00 საათზე გაიმართება, ხოლო აბაშაში კონფერენცია 15:00 საათზე, გორგილაძის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან დაიწყება.