Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ხვალ, 28 მაისს, რუსულ კანონზე ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან. პარლამენტის უკან 11 საათიდან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდული მოძრაბა „დაფიონი“. „ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად“, – წერს „დაფიონი“. მოქალაქეებს დილის 12 საათიდან პარლამენტის უკან მისვლისკენ მოუწოდებს „გირჩი – მეტი თავისუფლებაც“. „დილიდან საღამომდე – პარლამენტთან“, – წერს „გირჩი – მეტი თავისუფლება“. ხვალ საღამოს 5 საათზე კი სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზიცებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდება. „ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს. ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას სამშაბათს, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე აპირებს. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭი ეყრება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ანუ ვეტოს. მისი ჩაგდების შემთხვევაში კი კენჭს უყრიან უკვე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს. იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს, საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს. ნეტგაზეთი
  2. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ, ვიდრე ქარტიის ინიციატორებთან კონსულტაციებს არ გაივლიან. როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. “რეფორმების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, რეფორმები გასატარებელია. შეიძლება, კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მაგრამ ცხადია, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გვჭირდება. ამაზე არ ვდავობთ და ვეთანხმებით, თუმცა იქ არის საკითხები, რაზეც გვჭირდება ინიციატორებთან კომუნიკაცია. მაგალითად, დროებითი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები, ამიტომ სანამ ამ თემაზე არ გვექნება კონსულტაცია იმისათვის, რომ მოსაზრებები გავცვალოთ, მანამდე არასწორი იქნება დადებითი ან უარყოფითი პასუხი. ჩვენ ჯერჯერობით გვჭირდება, ქალბატონ პრეზიდენტთან გვქონდეს საუბარი. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სალომე ზურაბიშვილი თამაშობს დიდ როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ამასთან, მას ძალიან დიდი როლი ექნება, რომ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი დაცული იყოს არჩევნებზე. ამიტომ, პრეზიდენტს ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა, ბევრი მიმართულებით“,- განაცხადა დაუშვილმა. მისივე მოსაზრებით, პარტიის მიდგომაა, რომ ვიდრე რაღაცას ხელს მოაწერენ, დარწმუნდნენ, რომ ქარტიაში, რაც წერია ყველაფერი მისაღებია და ეთანხმებიან. „ჩვენი მიდგომა განსხვავებულია, ჯერ შეუერთდნენ და მერე აპირებენ იმსჯელონ რა მოსწონთ და რა - არა. ჩვენი მიდგომა პირიქით არის, რაღაცას ხელს რომ მოვაწერთ, გვინდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ქარტიაში, რაც წერია ყველაფერი მისაღებია და ვეთანხმები“,- განაცხადა დაუშვილმა. იპნ
  3. რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია კობახიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა: “ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად”.
  4. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, 27 მაისს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, რითი შეიძლება, უპასუხონ საქართველოში რსრული კანონის ამოქმედებას. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს, 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. ასევე კომიტეტმა ხელახლა დაუჭირა მხარი რუსული კანონის პირვანდელ ვერსიას. ვეტოს საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და უყრიან კენჭს. პლენარული სხდომები მიმდინარე კვირაში სამშაბათიდან გაიმართება. თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, პროცედურის მიხედვით, კენჭი ხელახლა უნდა ეყაროს რუსულ კანონს და ის მიღებულად ჩაითვლება, თუ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს. პუბლიკა
  5. ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. წერილს, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ავრცელებს, ლიეტუვის გარდა, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები აწერენ ხელს და მისი ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია. „ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე ჩვენ საქართველოსთან ერთად ვიყავით. ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები და უზარმაზარი ძალისხმევა ვნახეთ, რომელიც გასულ წლებში თქვენ რეფორმების განსახორციელებლად გაიღეთ. თქვენ ამ გზაზე სხვა ასპირანტებს მაგალითს აძლევდით. ჩვენ მხარს ამაყად გიჭერდით და მზად ვართ ამ გზის გასაგრძელებლად ყველა საჭირო დახმარება გაგიწიოთ“, - ნათქვამია წერილში. სპიკერები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ იქნა აღიარებული და ბოლო დროს საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეშფოთებას იწვევს. „საქართველოს მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩვენთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგან თქვენი ქმედებები იმ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომელზედაც ვალდებულება აიღეთ, რომ იხელმძღვანელებდით და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სულისკვეთება და შინაარსი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. არსებული კანონი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმებას ისახავს მიზნად, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეხმარებიან. ჩვენ მოგიწოდებთ, ეს კანონი გაიწვიოთ და ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში ჩაერთოთ. ასევე, ჩვენ მოგიწოდებთ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, ხალხის შეკრების უფლებას პატივი სცეთ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების გამოყენება შეწყვიტოთ“, - წერენ სპიკერები. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია. „ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის ვალდებულებებს არ გადაუხვევს, ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის, ასევე, თავისუფლებებისა და ღირებულებების საერთო სივრცეში შეყვანისთვის. ჩვენ საქართველოს ევროპული მომავლის გვჯერა და ჩვენი მხარდაჭერის ერთგულები ვართ“, - აღნიშნულია წერილში. იპნ
  6. დღეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რასაც ქვია ევროპის გზა. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ ეტაპისთვის სანამ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული ამომწურავი პასუხი, ჩვენ ვერ ავიღებთ ვერანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე საუბარი. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/441215681972560/
  7. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები და არჩევანი იყოს დაცული არჩევნებზე, ამიტომ, რა თქმა უნდა მას ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ბევრი მიმართულებით, რეფორმების, არჩევნების შედეგების და ჩვენი მოქალაქეების ხმების დაცვის კუთხით. ამასთანავე ქარტიასთან შეერთება არშეერთების ნაწილში გვჭირდება, რომ გავიაროთ ის საკითხები რაზეც ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები. ჩვენ რაღაცას ხელს რომ მოვაწერთ გვინდა ვიყოთ დარწმუნრბული, რომ იქ რაც წერია ყველაფერი მისაღებია და ვეთანხმებით. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1765345540659065/
  8. ჩვენ ყველამ ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა შეგვრცხვეს ქუჩაში გამოსვლის და შვილებისთვის თვალებში ჩახედვის. მე გისურვებთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა, რომ ხვალ არ მიიღოთ ამ უდიდეს მავნებლობაში და ღალატში მონაწილეობა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1019418553122096/
  9. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას და არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის საპასუხო ზომად ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება, პერსონალური სანქციები და კანდიდატის სტატუსის შეჩერება განიხილოს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დათქმები არ შესრულდა, „ნიშნავს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აღარ აქვს”. 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, შესრულებისთვის აუცილებელი 9 დათქმით. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ საბჭოზე სხვა ქვეყნების საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. პუბლიკა
  10. საქართველოში განვითარებული პროცესები ერთ-ერთი ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის განსახილველ საკითხებს შორის. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტობიას ბილსტრომისთვის შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კანონის მიღებას, რომელიც გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. „ევროკავშირმა უნდა უპასუხოს ამ საკითხს. ვფიქრობ, საქართველოსთან უწინდებური ურთიერთობა ვერ გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მთავრობასთან ამ საკითხზე, ევროკავშირის მხრიდან ძალიან მტკიცე პოზიციის დაფიქსირებით. შვედეთის ხელისუფლების პოზიცია ძალიან მკაფიოა — ეს კანონი მიუღებელია, რადგან ის იმეორებს იმავე კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში“, — განაცხადა ტობიას ბილსტრომმა. მისი თქმით, როგორც ევროკავშირის საბჭოს, ასევე კომისიის მხრიდან საქართველოს უნდა მიიღოს მკაფიო გზავნილი, რომ ასეთი კანონის მიღება ნიშნავს ურთიერთობების შეცვლას. „სუვერენული სახელმწიფოს პარლამენტის და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უყონ ამ კანონს, თუმცა საქართველოს ევროპული მომავალი ახლა სერიოზული — არ მინდა ვთქვა საფრთხის, მაგრამ გამოწვევის წინაშეა“, — განაცხადა, თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაზემ. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუმინიტა ოდობესკუმ თქვა, რომ უცხოური გავლენის კანონი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს. „საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თანმიმდევრული თავის ევროპულ დღის წესრიგში. რუმინეთის სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო გვყავდეს ახლოს, მაგრამ ამ კანონის მიღება ძირს უთხრის ევროპულ დღის წესრიგს და მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გადაცემა“, — თქვა ოდობესკუმ. როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს არის საქართველოში არსებული სიტუაციის პირველი შეფასება მინისტრების დონეზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნას თქმით, მინისტრებს სურთ, გაეცნონ ევროკომისიამ შუალედური მიმოხილვას 9 რეკომენდაციის შესრულებაზე, ასევე მოამზადონ საპასუხო ზომები საქართველოს მიერ უცხოელი აგენტების კანონის მიღებაზე. ცაჰკნას თანახმად, საპასუხო ზომებს შორის შეიძლება განხილულ იქნას უვიზო რეჟიმის შეჩერება და პერსონალური სანქციები. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ასეთი გადაწყვეტილება [პროცედურულად], ლანდსბერგისმა უპასუხა, რომ „პოლიტიკურად კი“. ნეტგაზეთი
  11. "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს. კერძოდ, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი. როგორც სოსო ფხაკაძე სოციალური ქსელ LinkedIn-ში წერს, ზემოთ მოყვანილი ორივე "ოფცია" ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს. „როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ. ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი "ოფციიდან" ერთ-ერთის არჩევა. პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა; ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი. ან მეორე ოფცია, არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1-ელი იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე "ოფცია" ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი. იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას“,- წერს ფხაკაძე. იპნ
  12. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტს წერილს წერს, რომელშიც ის და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ და რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მიესალმებიან. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და ხალხის მისწრაფებას დასავლეთისკენ. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთი განვითარების გამო, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის. შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია, მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას. ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატოში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“, – ნათქვამია წერილში. პუბლიკა
  13. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის მანდატი მეორე ვადითაც გაგრძელდებოდა, მას მისი მხარდაჭერა ექნება. გახარია ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დაანახა, რომ ის ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ევროპულ ფასეულობებს. „ვთვლი, რომ პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს იცავს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და მე დარწმუნებული ვარ და ვთვლი, რომ მისი მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და მე ვთვლი, რომ ეს ის თემაა, სადაც სხვა პარტიებმა შეიძლება…“, – განაცხადა გახარიამ. დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად, გახარია პასუხობს, რომ აუცილებლად. „მე და ჩვენ [მისი გუნდი] აუცილებლად მხარს დავუჭერდით იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში და მისმა ამ ვადამ მკაფიოდ დაანახა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, ევროპული ფასეულობების და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დამცველია”, – თქვა გიორგი გახარიამ. შეკითხვაზე, იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მისი კანდიდატი, გახარიამ უპასუხა, რომ ამ ყველაფერზე არჩევნების შემდეგ უნდა ისაუბრონ. „ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ. ჩვენი მხარდაჭერა ექნება ერთმნიშვნელოვნად”, – თქვა მან. პუბლიკა
  14. მიხეილ დაუშვილის მიერ დასმულ კითხვაზე ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესშია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკია, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას, რა დროსაც არაღიარების პოლიტიკის თაობაზე დაუშვილის კითხვას, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. „დღეს საქართველოს პარლამენტმა ღალატი და მტრობა უწოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რასაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები წლების განმავლობაში ახორციელებენ. ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა და „რუსული კანონის“ მიღება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციის პირდაპირი რისკის ქვეშ აყენებს და საფრთხეს უქმნის არაღიარების პოლიტიკას, რაც ათწლეულების მონაპოვარია. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის მიერ დასმულ კითხვაზე, ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესშია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკია. არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და დაცვა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვაა, თუ ვინმესთვის არის ღალატი, ეს ოკუპანტი რუსეთია. სამწუხაროა, რომ დღევანდელი „ოცნება“, მათ შორის ამ განცხადებით, რუსეთის ინტერესებს ემსახურება“,- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, რასაც კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან განცხადება მოჰყვა. პარალელურად, დარბაზში მიხეილ დაუშვილის მისამართით ისმოდა რეპლიკები: „მავნებელი ადამიანი“, „ქვეყნის მტერია“, „ამას რა უნდა ელაპარაკოთ, დეგენერატი ეს“. იპნ
  15. მე არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს - როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით მის მიერ დასმული კითხვა განმარტა. დეპუტატის თქმით, მან კითხვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დასვა. „მე არ მინდა, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით რაიმე თუნდაც მცირედი ინტერპრეტაცია დარჩეს. რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან ერად არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნაწილში არც ერთი წუთი და არც ერთი წამით კითხვას არ ვსვამთ. ჩვენი კითხვა ეხებოდა შემდეგს - იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცა საერთაშორისო იზოლაციაში, ეს საფრთხეს უქმნის თუ არა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას? მე რაზეც გესაუბრებით ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო,“ - განაცხადა დაუშვილმა. ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, რასაც კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან განცხადება მოჰყვა. პარალელურად, დარბაზში მიხეილ დაუშვილის მისამართით ისმოდა რეპლიკები: „მავნებელი ადამიანი“, „ქვეყნის მტერია“, „ამას რა უნდა ელაპარაკოთ, დეგენერატი ეს“. „ძალიან თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ ტოტალიტარული ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში როგორ ფიქრობთ, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას?, - განაცხადა დაუშვილმა. იპნ
  16. რუსთაველის თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. “უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!” – ნათქვამია თეატრის განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრისტან სარალიძე ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა. ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის ხეობაში დაიბადა და 1980 წლიდან რუსთაველის თეატრში თამაშობდა, მათ შორის, სპექტაკლებში: “კავკასიური ცარცის წრე”, “მეფე ლირი”, “საბრალდებო დასკვნა”, “მაკბეტი”, მერე რა, რომ სველია სველი იასამანი” და სხვა. საზოგადოებას ის ახსოვს მის მიერ შესრულებული კინოროლებითაც ისეთ ფილმებში, როგორიცაა “სიყვარული ყველას უნდა”, “ადამიანთა სევდა”, “ბეღურების გადაფრენა”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში” და სხვა. ნეტგაზეთი
  17. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელის თქმით, „აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ”. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ბორელის თქმით, ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ საბჭოზე სხვა ქვეყნების საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. პუბლიკა
  18. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, სახალხო დამცველი მივიდა. ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და პარლამენტს მოუწოდა, ხვალინდელ სასესიო სხდომაზე ვეტო არ დაძლიონ. მიმართვის დასრულების შემდეგ, ლევან იოსელიანს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეკითხვით მიმართა: „თქვენ უშვებთ შესაძლებლობას, რომ შეიძლებოდა სხვა კანონში ცვლილების განხორციელება, იძლეოდა თუ არა ვეტო იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს წარმოედგინა ისეთი ტიპის ცვლილება, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, განგვეხილა თუნდაც ის ვერსია, რომელიც თქვენ გაქვთ მხედველობაში“. ლევან იოსელიანმა ოხანაშვილს უპასუხა, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა ამ შესაძლებლობებს და დისკუსიის სივრცეს. იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს. პუბლიკა
  19. „იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას?“ — მიხეილ დაუშვილის კითხვა კომიტეტზე, რასაც „ოცნების“ წევრების გაღიზიანება და შეძახილები მოჰყვა ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/803596715038747/
  20. ეპიზოდი #16 - გიორგი გახარია: "თავისუფლებაზე დიადი, მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაა"
  21. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს საზოგადოებას „ქართული ქარტია” წარუდგინა, ოპოზიციურ პარტიებს კი მისი ხელმოწერა და მის ირგვლივ გაერთიანება შესთავაზა. პრეზიდენტის განცხადებით, ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა – ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ეს ნაბიჯებია: 1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა. ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამინისტია. 2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა სასამართლოს გათავისუფლება გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით; შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია; შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს; შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას; სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები; მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება: – ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, კერძოდ: დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია; ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება; იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი იქნება; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, სრულ სიას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ. – საბჭოს წევრებს აეკრძალებათ: სხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება; ორჯერ არჩევის შესაძლებლობა. – საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს. 3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება: პროკურატურას გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით საპროკურორო საბჭო გაძლიერდება სუსი/შსს ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. ანტიკორუფციულ სააგენტოს გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურვავთ კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით. სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე. ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით. გამოვრიცხავთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს. მარეგულირებელ ორგანოებს გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით. 4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები: დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. პუბლიკა
  22. ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” მისაღებია. სალომე ზურაბიშვილის იდეა ამ დროისთვის მოიწონეს „ახალის”, „ლელოს”, „ევროპული საქართველოს”, ენმ-ის, „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებმა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს, პოლიკუტირ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და მას ჩაატარებს თავისუფალ გარემოში. ახლა კი, მისი თქმით, საჭიროა ერთობა, ვინაიდან ის, რაც ოქტომბერში გველოდება, იქნება არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ – სახალხო რეფერენდუმი, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპას. პუბლიკა
  23. თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. მერიის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი. გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არიან ჩართულები. დედაქალაქცის მთავრობის ცნობით, ყველა პრობლემურ ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ამასთან მერიის განცხადებით, მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს. მერიაში ამბობენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ სხვადასხვა სადგურების მიხედვით, წყლის დონის გასაზომად: „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც ვერეს ხეობაში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვერეს ხეობაში მოწყობილია ნატანდამჭერი ცხაურები, სისტემატურად ხდება მათი შემოწმება და გაწმენდა. გარდა ამისა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარე ვერეს გამტარუნარიანობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. შესაბამისად, მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს“ — ამბობენ მერიაში. ნეტგაზეთი
  24. ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკისკენ მიემართებიან. აქციით მონაწილეებს სიმბოლურად გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მსვლელობის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოდ ევროპას დააშორებს. დღევანდელი აქციის ლოზუნგია - "მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა". აქციაში მონაწილეობენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. საპროტესტო აქციისა და მსვლელობის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. იპნ
  25. თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები რეალურად რეფერენდუმი იქნება, სადაც უნდა ვუპასუხოთ კიტხვას: „გვინდა თუ არა ევროპა“? „საჭიროა სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით ეს რას ნიშნავს: ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. იმის მერე,რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება. დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ ძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, თავისი პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ არა ის, ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმოწერილ რომელიმე პარტიას, რეალურად ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას, ე.ი. ევროპულ მომავალს“, - განახადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
×
×
  • შექმენი...