Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი „პირველი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას – ელოდებით თუ არა საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე და რა იქნება NATO-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე? – პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. სმიტის განცხადებით, არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი წარმოდგენილი იყოს სამიტზე. NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება. პუბლიკა
  2. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და მისი მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. „ქართველი ხალხის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, - წერს კამერონი სოციალურ ქსელ X-ში. იპნ
  3. პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. "ანტიჩიხური მექანიზმი" დაწესდა. საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. უფრო კონკრეტულად, "საარჩევნო კოდექსის" ჯერ კიდევ მოქმედი ნორმების მიხედვით, საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით. ასევე, ცესკოს დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს. "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას. გარდა ამისა, მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიქმნას და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტდეს. "ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას არსებული პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რომელმაც წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული", - განმარტავენ პროექტის ინიციატორები. ცნობისთვის, "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნულ ჯგუფს ცესკოს დადგენილებით შეიძლება დამატებითი ფუნქციები მიენიჭოს - კერძოდ, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე დაკვირვება. ამავე კანონპროექტის ფარგლებში განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე, მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე. იპნ
  4. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო ბიულეტენი - „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ მოამზადა. დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც, გეოლოგიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი. კერძოდ, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მდ. ვერეს ხეობაში, ახალდაბის ხევში, მდ. გლდანის ხევის, ხევძმარის, უკანხევის, ლეღვთა ხევის, დუქნის ხევის, წორწორას ხევის ხეობებში, ლიბანის ქუჩაზე, მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, ნუცუბიძის ფერდობზე, მუხათგვერდის სასაფლაოს მისასვლელ გზაზე, „სვანეთის უბნის“, ბერთუბნის, გიორგიწმინდის დასახლებებში. ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კლდეზვავ ქვათაცვენის პროცესები კვლავ გაგრძელდება თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ, მდ. ლეღვთა-ხევის ფერდობებზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ნუცუბიძის ფერდობზე, კოსტავას ქუჩაზე (ფიქრის გორის მიმდებარედ), მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (თამარ მეფის და ვახუშტის ხიდის მიმდებარე უბნები), თბილისში შემოსასვლელი გზის მარჯვენა ფერდობზე (ზაჰესის მიმდებარედ).
  5. „დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ თუნდაც ოკუპანტ რუსეთს დაელაპარაკოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. მონობით, რასაც ისინი ესწრაფვიან, არაფერს არავინ არ დაგიბრუნებს" გიორგი გახარია, პარტია ""გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/980392970210790
  6. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას. გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
  7. გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ გაიხსნება. ამის შესახებ მან BMG-ის ეთერში ისაუბრა. პიტერ ფიშერის თქმით, გერმანიას (და ევროკავშირს) მარტივი გზავნილი აქვს: რაც შეეხება სანქციებს, ელჩი ამბობს, რომ „სანქციები ფართო ცნებაა და მოვლენების მიმართ უარყოფით რეაქციას გულისხმობს“. პუბლიკა
  8. ჩინური კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს, აშშ-ის მიერ არაერთგზის არის სანქცირებული. China Communications Construction Company Limited (China) – CCCC იმ კონსორციუმში შემავალი კომპანიაა, რომელიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორად შეირჩა. CCCC-ს 2020 წელს 34 შვილობილი კომპანია ჰყავდა. მათგან 5-ს ამერიკის შეერთებულმა შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა 2020 წლის 26 აგვისტოს სანქციები დაუწესა „სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ფორპოსტების აშენებისთვის, რომლებიც არღვევენ სუვერენიტეტს და აზიანებენ გარემოს. ასვეე, იმისთვის, რომ ისინი ეხმარებიან ჩინეთის სახელმწიფოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო კუნძულების აშენებაში. აშშ-ის შეფასებით, ამით ჩინეთის კომუნისტურ პარტია (CCP) შეარყევს აშშ-ის პარტნიორების სუვერენულ უფლებებს რეგიონში. 2020 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება [დოკუმენტი, რომელსაც აქვს კანონის ძალა], რომლითაც ამერიკულ კომპანიებს და ინდივიდუალურ ინვესტორებს აუკრძალა იმ კომპანიების აქციების ყიდვა ან სხვა სახის ინვესტირება, რომლებიც აშშ-ის მთავრობის მიერ იდენტიფიცირდებიან, როგორც “კომუნისტური ჩინური სამხედრო კომპანიები”, ანურომლებსაც კავშირი აქვთ „ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიასთან”. 2021 წლის 3 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასვეე გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აფართოებს ტრამპის 2020 წლის ნოემბრის ბრძანების ჩარჩოს და ამერიკულ კომპანიებს და იდივიდებს უკრძალავას ინვესტირებას იმ ჩინურ კომპანიებში, რომლებსაც, როგორც აშშ-ს მთავრობამ დაადგინა, კავშირი აქვთ ჩინეთის არმიასთან და/ან სათვალთვალთვალო ტექნოლოგიებთან, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიებს, არღვევენ ადამიანის უფლებებს, და წარმოადგენენ დიდ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ამ ბრძანებით საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული და აიკრძალა მასში ინვესტირება, სწორედ CCCC-ია — China Communications Construction Company Limited. ამავე სიაშია მისი შვილობილი CHINA COMMUNICATIONS CONSTRUCTION GROUP (LIMITED). CCCC Limited-ს და CCCC Group Limited-ს ვპოულობთ აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 3 ივნისს გამოცემულ სიაში, რომელშიც ის ჩინური კომპანიებია შეყვანილი, რომლებიც საფრთხის შემცველად არის მიჩნეული და კომპანიებსა და ინდივიდებს მათში ინვესტირებას უკრძალავს. CCCC აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის საიტზე სანქცირებულთა სიაში. 2024 წლის 31 იანვარს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებიც 2021 ფისკალური წლის მონაცემებით დაკავშირებულები არიან „ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიასთან”. China Communications Construction Company აქაც იძებნება. პუბლიკა
  9. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მესტიის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლითა და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით მესტიის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები გამოავლინა. ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული. ამ თანამდებობის პირთა შორისაა პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც თავად არის ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი. TI მიუთითებს, რომ ცხადია, ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას, თუმცა ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებებში დასაქმებულთა შორის გამოვლენილი ნათესაური კავშირების სიმრავლე აჩენს ეჭვებს ნეპოტიზმთან დაკავშირებით. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით მუნიციპალურ იურიდიულ პირებში, სადაც დასაქმების არსებული პრაქტიკა, საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, კონკურის გამოცხადების ვალდებულებას არ ითვალისწინებს. TI-ის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების, ასევე მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომელთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მათი კომპეტენცია, გამოცდილება და კეთილსინდისიერება იყოს. პუბლიკა
  10. სტატია მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ. „მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ“, – ასე მიმართავს ბელარუსი ხალხის ლიდერი და სამშობლოდან დევნილი ოპოზიციონერი სვიატლანა ტიხანოვსკაია საქართველოს მოქალაქეებს და მოუწოდებს არ შეწყვიტონ ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლიც სრულად შაბათს, “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “ხედვა ვაშინგტონიდან” გავა, ტიხანოვსკაია ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ასევე – ბელარუსის ადგილი ევროპაშია. „რა თქმა უნდა, საქართველოც და ბელარუსიც იმსახურებს, რომ იყვნენ დამოუკიდებელი, ევროპელი ერები. ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა – რუსეთთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები, ორი ერი – ბელარუსი და ქართველი ხალხი – ცხოვრობდა იმპერიის ჩრდილში, რუსეთის იმპერიის ჩრდილში და ეს საკმარისია. ორივე ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს”, – ამბობს ტიხანოვსკაია “ამერიკის ხმასთან” საუბრისას და განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ, ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. “ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში, სადაც დღეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიკვიდირებულია, განადგურებულია თავისუფალი მედია, პოლიტიკური სივრცე ცარიელია… იმედი მაქვს, რომ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი ერთად იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის”, – აცხადებს ტიხანოვსკაია. სვიატლანა ტიხანოვსკაია ბელარუსში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად მას შემდეგ იქცა, რაც მისი მეუღლე, ოპოზიციონერი სერგეი ციხანუსკი დააპატიმრეს და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ვეღარ შეძლო. 2020 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები არადემოკრატულად, არასამართლიანად და გაყალბებულად მიიჩნევს, ოფიციალურად კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. თუმცა ევროკავშირშიც და ამერიკაშიც ტიხანოვსკაია ბელარუსი ხალხის რჩეულად მიიჩნევენ. სვიატლანა ტიხანოვსკაია ინტერვიუს ვრცლად “ამერიკის ხმა” “ტვ პირველის” ეთერში შაბათს, 1-ელ ივნისს შემოგთავაზებთ. გადაცემა “ხედვა ვაშინგტონიდან” ეთერში 17:30 საათზე გავა. ნეტგაზეთი
  11. ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი დღეს სპეციალურად შეიკრიბნენ საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, რათა მიექციათ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ყურადღება. სარჯველაძე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშს წარადგენს. ონკოპაციენტები აცხადებენ, რომ მათი ამ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ არის, რადგან ხელმისაწვდომი არ აფინანსებს მთელ რიგი წამლებსა თუ პროცედურები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის არის აუცილებელი. “საფუძვლიანად იციან ჩვენი პრობლემების შესახებ, რა ხარვეზები არის ჯანდაცვაში. დაგვპირდნენ გამოსწორებას. თუმცა, ჯერ-ჯერობით ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, რადგან დაფინანსება ისევ აგვიანებს, წამლების დეფიციტია ისევ და ადამიანების სიცოცხლე ისევ საფრთხის ქვეშ არის. ჩვენ უკვე დავკარგეთ რამდენიმე მებრძოლი”, – განაცხადა გვანცა აფხაიძემ, ორგანიზაციის – “კავშირი სიცოცხლისთვის” წარმომადგენელმა. ონკოპაციენტები თვეების განმავლობაში ითხოვდნენ ე.წ. 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას – ეს არის ის წლიური თანხა, რომელსაც სამინისტრო მათი საჭიროებისთვის იხდის. თუმცა, ისინი ამბობდნენ, რომ წამლებისა და სხვა სერვისების მაღალი ფასის გამო წლიური ლიმიტი რამდენიმე თვეში იწურებოდა და უწევდათ მკურნალობის შეწყვეტა. ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძის დანიშვნის შემდეგ, მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ამ ლიმიტიდან მედიკამენტების გამოყოფა იყო. “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-იანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი”, – ამბობდა სარჯველაძე რამდენიმე კვირის წინ. თუმცა, ონკოპაციენტების თქმით, ეს გადაწყვეტილება პრობლემას სრულად არ აგვარებს. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებს აფინანსებს, სხვები კი მათთვის კვლავ მიუწვდომელია. გარდა ამისა, ონკოპაციენტების თქმით, ხშირად, დეფიციტშია მათთვის საჭირო მედიკამენტები. ისინი ითხოვენ დაფინანსება სახელმწიფოსგან იყოს ულიმიტო. ნეტგაზეთი
  12. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ე.წ. “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ. ეს ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დაფიქსირებულ მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, იმ პირობით, რომ შეასრულებდა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციას. როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა ცალსახად გააფრთხილა, რომ რუსეთის სტილის კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებს და ღირებულებებს და იყო შეფერხება აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ასახულია ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციიდან მინიმუმ სამში. ქვეყანაში ცოტა ხნის წინ წარადგინეს კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირთან ინტეგრაციასთან, გავრცელდა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასობრივი პროტესტი მოჰყვა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალადობის კამპანიას“, - აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების განცხადებით, ლიტვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო საპასუხო ზომებს საქართველოსთან დაკავშირებით. „ხაზს უსვამს რა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოების ნებას, ლიეტუვა აგრძელებს თანმიმდევრულ მხარდაჭერას ქართული საზოგადოების მისწრაფებების მიმართ, რომელიც ქვეყნის მომავლის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაკავშირებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  13. ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები საზოგადოებას და ოჯახის წევრებს რომ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებთ? - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის ელჩებს. ზარქუას თქმით, ელჩები უნდა გამოვიდნენ და დაგმონ ბულინგი, რადგან ეს არაევროპული და მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ ისინი ახალისებენ ამ მიდგომებს, რაზეც პასუხი შემდეგ სახელმწიფოს ექნება. “მე მოვუწოდებ ევროკავშირის ელჩებს, რომლებიც ჩვენთან არიან წარმოდგენილი. თქვენ იმ ბოლშევიკურ თუ ფაშისტურ მიდგომებს ამჩნევთ? ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები, მარგინალები საზოგადოებას, ოჯახის წევრებს როგორ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებთ? თქვენ შესაბამისი შეტყობინება უნდა გაუგზავნოთ, რადგან თქვენ და თქვენი ფონდები აფინანსებენ. როგორც გავიგე ეს არის USAID, დემოკრატიული განვითარების ფონდი, და ა.შ. მოგწონთ რაც ხდება? მერე არ მივიღებთ პასუხს, რომ ჩვენ არ ვიცოდით თურმე, რომ ჩვენი ევროპული ფინანსები ამაში გამოიყენებოდაო. აგერ გეუბნებით - გამობრძანდით და დაგმეთ ის, რაც ხდება. ეს არ არის ევროპულობა, ეს მიუღებელია. როგორც ჩვენ ვგმობთ, ისე დაგმეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩავთვლით, რომ ის ევროპული და ამერიკული ფინანსები, რაც ამ ფონდებში, ორგანიზაციებში და მედიებში მიემართება, თქვენი ფონდები აფინანსებენ. გამობრძანდით, ან შეუწყვიტეთ და დაგმეთ, ან ჩავთვლით, რომ თქვენ ახალისებთ ამ მიდგომებს, რაზეც პასუხი შემდეგ სახელმწიფოს ექნება”, - განაცხადა ზარქუამ. გარდა ამისა, ის კონკრეტულად გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და პეტერ ფიშერ მიმართა. “ერთი კითხვა მაქვს: თუ ამერიკას აქვს უფლება, რომ თავი დაიცვას, საფრანგეთმა ჩვენზე მკაცრი [კანონი]... მე გერმანულად მივმართავ ელჩს. მარტო ვიცი - Verstehen? [გაიგე?]. იმას თუ აქვს უფლება, რომ დაიცვას - ფრანგებს, ამერიკელებს, კანადელებს - საქართველოს რატომ არ გვაქვს უფლება? - ეს მინდა ვკითხო ბატონ ელჩს [პიტერ ფიშერს] და დამიბრუნეთ მერე [პასუხი]”, - მიმართა ზარქუამ პიტერ ფიშერს. იპნ
  14. ეს კანონი შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება - მას ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს! სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა! - ასეთია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის პოზიციას ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე. როგორც კვიჟინაძემ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, საფინანსო სისტემა გამჭვირვალეა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. “მანივალის რეკომენდაციებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ. შედეგად ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს. რა სანქციებზე ლაპარაკობთ ხალხო - თუ ვინმე დასანქცირდება, იმას საქართველო უშველის?! უბრალოდ უნდათ, რომ თუ ეს საკითხი ვინმეს არ ესმის ჩარჩეს ნეგატივი. გამორიცხულია, ვერავინ ვერავის სანქციებისგან ვერ დაიცავს! სრულიად უვნებელი კანონი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. განხილვები დროში ე.წ „გამჭვირვალობის კანონს“ დაემთხვა. იფიქრეს, რომ მუხტი აეწიათ. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველ მოსმენაზე, როცა განხილვა პრინციპების დონეზე, არც კომიტეტზე და არც სესიაზე არავის ხმა არ გაუღია. მაშინ როცა დღის წესრიგში გამჭვირვალობის კანონპროექტი დადგა, მისცეს ინსტრუქცია და ყველამ ერთ ხმაში დაიწყო ლაპარაკი. ისეთებმაც კი ამოიღეს ხმა ვისაც ეკონომიკაზე სიტყვა არასდროს არ უთქვამს - დაწერილი ტექსტი წაიკითხეს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ. რაც შეეხება პრეზიდენტის ე.წ. ვეტოს, როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, ის მთლიანად ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს ეყრდნობა, რომელთა ვინაობა უცნობია. „თუ ექსპერტები წერენ ვეტოს, მაშინ პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია რად გვინდა - შევქმნათ ექსპერტების საბჭო და იმან დაადოს ვეტო. ის მაინც გვეცოდინება ვინ არიან ეს ექსპერტები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. იპნ
  15. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი პირი მოინახულეს, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზეც დღეს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია. ომბუდსმენი წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა მას უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან „გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა”, აღელვების ნიადაგზე კი თვითდაზიანება სცადა. ომბუდსმენი წერს, რომ „საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია”. მისი თქმით, დაკავებულმა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც გაიარა და აპირებს კონსულტაციის განმეორებას. რაც შეეხება, მეორე დაკავებულს, ომბუდსმენი წერს, რომ მასაც საკანში დანარჩენ პატიმრებთან ჰქონდა შეუთავსებლობა პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჰქონდათ კამათიც. სახალხო დამცველი წერს, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ომბუდსმენის თქმით, პატიმარმა საკნის შეცვლა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა. ახლა კი, ომბუდსმენის განცხადებით, პატიმარი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ომბუდსმენთან კი მოთხოვნა არ გააჩნია. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ადვოკატებმა დღეს თქვეს, რომ ისინი ციხეში მტრულ გარემოში ჰყავთ სხვა პატიმრებს. ასეთ გარემოს კი უქმნიან იმის გამო, რომ იყვნენ აქციაზე და პროტესტს გამოხატავდნენ. დაკავებულების ადვოკატმა „პუბლიკას” უთხრა, რომ პატიმრები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას და უპირისპირდებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა კი თვითდაზიანებაც სცადა. აყენებდნენ ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ისინი 14 მაისს დააკავეს და ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულებს პარლამენტის უკან, რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან. პუბლიკა
  16. საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო, - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის. „საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. იპნ
  17. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. „საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად და დავიწყებთ მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის არაერთ ადამიანს დაასაქმებს“,- განაცხადა დავითაშვილმა. ipn
  18. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს. “საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლება. ipn
  19. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის ზედმიწევნით შესწავლა და დაიწყო შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ცენტრალური შემოსასვლელიდან, ბოტანიკურის ქუჩიდან შეეძლებათ, რომელიც მდებარეობს აბანოთუბანში, ასევე იოსებ გრიშაშვილის ქუჩის გავლით, მირზა შაფის ქუჩიდან შემოსასვლელი სალარო ფუნქციონირებს ჩვეულებრივ. ბოტანიკური ბაღი ღიაა ყოველ დღე, ყველა დღესასწაულსა და უქმე დღეს, დილის 09:00 საათიდან 19:30 საათამდე. ბაღის სალაროს საათები იცვლება სეზონურად და ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
  20. 28 მაისს გიორგი გახარია შეხვდა ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს არჩევნების მნიშვნელობასა და არჩევნების დაცვის აუცილებლობაზე ელაპარაკა. შეხვედრას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.
  21. ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. კანონპროექტი გუშინ, 28 მაისს გაიწვიეს. ამის შესახებ დეპუტატებს ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა აცნობა. ვიცე-პრემიერს არ განუმარტავს მიზეზი. კანონპროექტი მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირიდან. კანონპროექტი პრორუსული ბოსნიელი სერბების ლიდერის მილორად დოდიკის მიერ იყო წარმოდგენილი. პუბლიკა
  22. პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირიდან, რომელთაც რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან, ერთ-ერთმა, 23 წლის ბიჭმა ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, თეკო მეგენეიშვილმა განუცხადა. ორივე დაკავებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულებს საკანში პატიმრების მხრიდან გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი. მეგენეიშვილის თქმითვე, დაკავებულებს საკანში მყოფები იმის გამო ავიწროებენ, რომ ისინი აქციის მონაწილეები არიან. ადვოკატი ბრალდებულებისთვის საკნის შეცვლას, მათთან სახალხო დამცველის შესვლას და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. „დაკავებულები ცალ-ცალკე საკანში სხედან. საკნებში ძალიან მტრული გარემოა შექმნილი, პატიმრები მათთან დაპირისპირებულები არიან. ერთ-ერთზე საკნის შეცვლა მოვითხოვეთ, მეორეს შემთხვევაში ჯერჯერობით ვაკვირდებით, თუ მდგომარეობა ასე გაგრძელდება, მასზეც იმავეს მოვითხოვთ. თუმცა, საკნის შეცვლას რა შედეგი მოჰყვება, არ ვიცით. ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ერთი 23 წლისაა, მეორე 19-ის. უკიდურეს ვითარებაში იმყოფებიან, მტრული გარემო აქვთ შექმნილი, ისინი მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც პატიმრებთან ასეთი დაძაბულობა ექნებათ. აბსოლუტურად ყველაფერს უშლიან, ვერ ცხოვრობენ, ვერ ჭამენ როგორც უნდათ, ვერც საპირფარეშოთი სარგებლობენ ნორმალურად, აბსოლუტურად ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თვითონ პატიმრები, რადგან აქციაზე არიან დაკავებულები, აქედან გამომდინარე აქვთ დაპირისპირება. პატიმრები ამაზე აპელირებენ - თქვენ აქციაზე ხართ დაკავებული, იქ რა გინდოდათო. ერთ-ერთმა სცადა თვითდაზიანება, სახალხო დამცველიც შევა ალბათ. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ საკნის შეცვლა არაა, რადგან საკნის შეცვლით მდგომარეობა იგივე იქნება, ჩვენი მოწოდებაა, ეს ადამიანები გირაოს სანაცვლოდ გარეთ გამოუშვან, ვიღაც ამ ამბავს შეეწირება, ეს არც პროკურატურას უნდა აწყობდეს და არც სასამართლოს, ესენი არიან ახალგაზრდები და არა კრიმინალები. ერთხელ რადგან სცადა თვითდაზიანება, დაზღვეული არ ვართ, რომ შემდეგშიც არ სცდის, ვინაიდან ერთ-ერთს ციხეში მოხვედრის შემდეგ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რადგან იქ მტრული გარემოა შექმნილი, პატიმრები უპირისპირდებიან, ის პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქოლოგთანაც დადის. ორივე პატიმრის მიმართ ერთი და იმავე მიდგომა აქვთ, მათთვის საკანში დარჩენა გაუსაძლისი ხდება. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. ეს მუხლი შარშან შეიცვალა, ნივთის დაზიანება ჯგუფური გახდა, რადგან წინ მარტის აქციები იყო, იმისთვის, რომ ადამიანები უფრო შეეშინებინათ და მსუსხავი ეფექტი ჰქონოდა, პირდაპირ, უალტერნატივოდ, 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა დააწესეს სანქციად, ეს მუხლი ჯარიმასაც არ ითვალისწინებს. ნივთის ღირებულება ექსპერტიზის დადგენილებით 400 ლარს შეადგენს, ისიც პირვანდელ მდგომარეობაში, ნაცვეთი შეიძლება ნაკლები ღირებულების იყოს, ამისთვის სხედან ეს ადამიანები ციხეში, როცა შესაძლებელი იყო, ისინი გირაოთი გარეთ დაეტოვებინათ“, - განაცხადა მეგენეიშვილმა. „ინტერპრესნიუსი“ სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის და საქმეში ჩაერთვება. ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს. ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იპნ
  23. ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა. ამ დროისთვის, განცხადებას 134 ადამიანი აწერს ხელს. გთავაზობთ განცხადებას სრულად. ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ არჩევანს, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებას რუსული დომინაციისაგან, მისი აღდგენის ნებისმიერი მცდელობისაგან. გასული ორი საუკუნის განმავლობაში, ქართულ ლიტერატურაში, კულტურაში, მეცნიერებაში არ არსებულა იმაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი, ვიდრე საქართველოს ჩამოყალიბება თავისუფალ, ევროპულ საზოგადოებრივ კულტურაზე დაფუძნებულ, თანამედროვე სახელმწიფოდ. ამ მიზნისკენ თანმიმდევრულად მიდიოდნენ თაობები. თუკი რამე უშლიდა ხელს ამ მისწრაფებებს, ეს იყო სწორედ რუსული/საბჭოური დომინაცია და მისი ავადგასახსენებელი გავლენა საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაზე. საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“, გახდეს ევროპის ერთა ერთობის, ევროკავშირის წევრი, რომლის კარიც, სწორედ ახლა, ყველაზე ფართოდ იღება ჩვენი ქვეყნისთვის. მოხარულნი ვართ, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა. მოხარულნი ვართ, რომ დავინახეთ ქართველი ახალგაზრდების ერთობა, გულწრფელი პატრიოტიზმი, ტრადიციის ერთგულება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, საქართველოს და ევროპის ღირსეული მოქალაქეობის მზადყოფნა. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის უფლება, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობრივი კანონი, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და დაიცვას თითოეული მოქალაქე, უზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო მოახლოებულ არჩევნებში, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. (სია განახლებადია: https://www.change.org/p/georgia-in-eu) ბელა წიფურია, საქართველო ლევან ცაგარელი, საქართველო ათინათი მამაცაშვილი, საქართველო მარიეტა ჩიხლაძე, საქართველო რუსუდან გერსამია, საქართველო ირინე დარჩია, საქართველო ირინა ლობჟანიძე, ავსტრია დავით ბრაგვაძე, საქართველო ირმა ყარაულაშვილი, საქართველო გიორგი სანიკიძე, საქართველო ანინა გოგოხია, საქართველო თამარ ჭეიშვილი, საქართველო კახა კვაშილავა, საქართველო თინათინ მარგალიტაძე, საქართველო ეკა ავალიანი, საქართველო კახა გაბუნია, საქართველო თამარ კოშორიძე, საქართველო ხათუნა ხაბულიანი, საქართველო ლევან ჩაჩავა, საქართველო ქეთი ცინცაძე, საქართველო ცირა კილანავა, საქართველო ირინა ლორთქიფანიძე, საქართველო ქეთევან ხუსკივაძე, საქართველო თეონა გაგნიძე, საქართველო ჟუჟუნა გუმბარიძე, საქართველო ლიზი პაპასქუა, საქართველო ქრისტინე დარჩია, საქართველო მერაბ ღაღანიძე, საქართველო ქეთევან გრძელიძე, საქართველო გურამ ოთინაშვილი, საქართველო ნოდარ ბახტაძე, საქართველო სალომე ცისკარიშვილი, საქართველო თეონა ბექიშვილი, საქართველო ქეთევან გოჩიტაშვილი, საქართველო ბექა კობახიძე, საქართველო თამარ ცოფურაშვილი, საქართველო დათო აბაშიძე, გერმანია ქეთევან გიგაშვილი, საქართველო ეკა ჩიკვაიძე, საქართველო მანჩო ნიჟარაძე, საქართველო მარიამ მანჯგალაძე, საქართველო მაკა ერაძე, იტალია ლელა ხოფერია, საქართველო ანა ლეთოდიანი, საქართველო გვანცა ფოფხაძე, საქართველო მანანა რუსეიშვილი, საქართველო მარიამ ნასყიდაშვილი, საქართველო ირინა შანშიაშვილი, საქართველო ნუგეშა გაგნიძე, საქართველო ელენე ტატიშვილი, საქართველო თამარ მეტრეველი, საქართველო ინგა ჟღენტი, აშშ არჩილ წერედიანი, საქართველო გიორგი გოცირიძე, საქართველო იულია გორჯელაძე, საქართველო ანა ჩიქოვანი, საქართველო თამარ თარალაშვილი, საქართველო ლონდა მაჭარაშვილი, საქართველო თეონა დამენია, საქართველო მაია დამენია, საქართველო ნინო ცინცაძე, საქართველო სალომე პატარიძე, საქართველო ირმა დავითაძე, საქართველო მარიამ ღლონტი, საქართველო ნინო ნოზაძე, საქართველო გრიგოლ ჯოხაძე, საქართველო ანა კორძაია-სამადაშვილი, საქართველო გიორგი სინჯარაძე, საქართველო ნინო აფხაიძე, საქართველო თეონა მახარაშვილი, საქართველო მარი მარდალეიშვილი, საქართველო მაიკო დანელია, იტალია გიორგი უგულავა, იტალია კახა თავდგირიძე, საქართველო ლელა დუმბაძე, საქართველო ნანა კაპანაძე, საქართველო ირინე ჭოღოშვილი, საქართველო დავით ნოზაძე, საქართველო ქეთევან აბესაძე, საქართველო ლია დავითაძე, საქართველო ანასტასია მახარაძე, კანადა მაია გიორგაძე, საქართველო ბენო ულკამაიერი, გერმანია ნათია ფუტკარაძე. საქართველო გიორგი ასტამაძე, გერმანია თანარ ნოზაძე, საქართველო თამარ კალხიტაშვილი, საქართველო მაკა ლაშხია, საქართველო ნათია ნატროშვილი, საქართველო თამარ ჯაფარიძე, საქართველო თამარ ამაშუკელი, საქართველო ანა კოლხიდაშვილი, საქართველო მზია ჯამაგიძე, საქართველო ირინა ხაჭაპურიძე, საქართველო ლელა ალექსიძე, საქართველო თეა თალაკვაძე, საქართველო მარია რამიშვილი, საქართველო მარინე ბერიძე, საქართველო თინათინ დოლიძე, საქართველო ხათუნა ბესელია, შვეიცარია ნინო კაპანაძე, საქართველო მაკო ალექსაია, საქართველო სვეტლანა ბერიკაშვილი, დიდი ბრიტანეთი ირინე ქაქუსაძე, საქართველო მანანა ფხაკაძე, საქართველო თეონა ოსიყმაშვილი, საქართველო ჯიმშერ ჩხვიმიანი, საქართველო თამარ ცხადაძე, საქართველო ელენე ცაცუა, საქართველო სოფო გულაიშვილი, საქართველო ლილი მეტრეველი, საქართველო ლელა ჩოთალიშვილი, საქართველო ელენე ნავერიანი, შვეიცარია ანა კოპალიანი, საქართველო ლია გოგიტიძე, საქართველო ჟანა ინასარიძე, საქართველო მარი რანი, გერმანია ნინო ზუკაკიშვილი, გერმანია ნინო ჭიჭინაძე, საქართველო ანა ჭკუასელი, საქართველო ანა ჭკადუა, საქართველო ნინო პოპიაშვილი, საქართველო ნინო მატარაძე, საქართველო მაია დიასამიძე, აშშ მაკა ლაშხია, საქართველო გუბაზ ლეთოდიანი, საქართველო დაჩი ფაჩულია, საქართველო დავით ანდღულაძე, საქართველო სანდრო ცალუღელაშვილი, საქართველო მარიანა ფუტკარაძე, საქართველო ანა ხუხუა, საქართველო სიბილა გელაძე, საფრანგეთი მარიამ კუტუბიძე, საქართველო მალხაზ თორია, საქართველო პუბლიკა
  24. ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება, - ასე გამოეხმაურა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. „ღრმად ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია! ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება“, - წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. გუშინ, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი. იპნ
  25. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს და ამბობს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისას დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისს მიერ წარდგენილ გეგმაში, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან, დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წელს ეს დღე არ აღვნიშნოთ, არ ვიზეიმოთ, რატომ? არ ვიცი, ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, ვინც საზღვარგარეთ უშუალოდ ამ ქვეყნის შენების მონაწილეა, ჩვენი მოქალაქეა და არ შეიძლება, რომ 26 მაისის შემდეგ, დღეს მათთან ერთად არ ვიზეიმოთ და არ აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! ვიცი, რომ გუშინ თქვენ, ალბათ, ყველამ ნახეთ თბილისში და სხვადასხვა ქალაქში გამართული ზეიმი; თქვენ, ალბათ, მოისმინეთ, რა გეგმა მაქვს საზოგადოებისთვის, როგორ ვხედავ მომავალ თვეებს, რათა გამოვიდეთ არსებული მდგომარეობიდან. ამ გეგმაში დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ახლა, როცა ქვეყნის ორიენტაციის საკითხი დგას – იქნება საქართველო ევროპული თუ იზოლირებული ქვეყანა – ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიასპორაც უშუალოდ უნდა იყოს ჩართული. „ჩვენი დიასპორის ასეთი აქტივობა, რაც დღეს ჩვენ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ვნახეთ, აქამდე არ ყოფილა. თქვენ, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამერიკაში ცხოვრობთ, ადრე შეიძლება ნაკლებად მობილიზებული და ნაკლებად დაინტერესებული ყოფილიყავით, არ ყოფილიყავით უშუალოდ ჩართული არჩევნებში. მაგრამ, როცა ჩვენი ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავალი საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იქნება ეს იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა – ამ გადაწყვეტილებაში თქვენი როლი და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ თქვენი წუხილი და ინტერესია, უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა არა ჩვეულებრივ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალზე გამართულ რეფერენდუმში. მე არჩევნების საკითხში არასოდეს ჩავერეოდი, ეს არ არის პრეზიდენტის როლი, თუ არა სამართლიანი არჩევნების ჩატარების ინტერესი, მე ვერევი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციამ მომცა ეს მანდატი და ეს ვალდებულება, რომ მე დავიცვა ქვეყნის კურსი, ქვეყნის ორიენტაცია, მისი ევროინტეგრაცია და ყველაფერი გავაკეთო ამისათვის, რაც ჩემს შესაძლებლობაშია იმისთვის, რომ შევინარჩუნო, დავეხმარო ამ ევროპულ ინტეგრაციას – ეს წერია უშუალოდ კონსტიტუციაში. ამას ვაკეთებ, ამას გავაკეთებ და ამას გავაკეთებ თქვენთან ერთად. მაქვს თქვენი იმედი. ჩვენი დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო, თქვენს ხელშია ჩვენი მომავალი, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აბა, გელოდებით საქართველოსა თუ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, რათა გვაჩვენოთ, გვითხრათ, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...