-
პოსტები
13.332 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
„რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციებზე, სამოქალაქო პროტესტის საჯაროდ გამოხატვის გამო დაკავებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, თუმცა ფაქტი ოპოზიციის წინააღმდეგობას ვერ აჩერებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას და არჩეული გეზიდან გადახვევას არ აპირებს“ - ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, სადამდე მიგვიყვანს ეს ვითარება, შესაძლოა, თუ არა მმართველი ძალისა და მათი ოპონენტების დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და კომპრომისის მიღწევა? - ამ კითხვებზე მოსაზრებებს პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“ წევრი სოფიო ხორგუანი გაგვაცნობს. - როგორ ფიქრობთ, რა გზით შეიძლება არსებული პოლიტიკური დაძაბულობა განეიტრალდეს და არათუ პოლიტიკური სპექტრის, ქართული საზოგადოების პოლარიზაციაც საბოლოოდ დასრულდეს? - დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისსაც გადავლახავთ და აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც რომელიმე ხელისუფლება 30 წელი გამოეკიდება. არც ამის ეკონომიკა გვაქვს, არც ტრადიცია. რა იქნება მერე? მერე როგორ ქვეყანას ვაშენებთ, ესენი როცა წავლენ? კოალიციური მმართველობა გვჭირდება. როდესაც ერთი ძალის ხელში ხდება ძალაუფლების კონცენტრაცია, მივდივართ იმ აბსურდამდე, როგორშიც დღეს ვართ. სწორედ ამიტომ მაქვს ეს კითხვა, მერე როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ? ჩვენ ვამბობთ ქართული სახელმწიფოს, ეს პირდაპირ ნიშნავს ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენ პირველი ევროპელები ვართ და ყველა იმ პროგრესულ იდეას, რომელიც ევროპაში ღვივდებოდა, თუ არ ვუსწრებდით, ფეხდაფეხ მივდევდით. გურიაში ჯერ კიდევ როდის იღებდნენ ქალები არჩევნებში მონაწილეობას? 170 წლის წინ ილია ჭავჭავაძე თარგმნიდა იმ ნააზრევებს, რასაც ევროპული პრესა წერდა. ეს ჩვენი ადგილია, ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ჩვენი მახასიათებლებით, რაც კავკასიამ მოგვცა. ჩვენი ქართული ეროვნული სახელმწიფო როგორიც უნდა იყოს, ამაზე ჩამოყალიბებულები ვართ. ფულის და სიმდიდრის ისეთი ფეტიში, რასაც ახლა ვხედავთ, არც ქართულია და არც ქრისტიანული. ჩვენი ეკლესიები, ჩვენი კულტურა, ყოველთვის იყო დახვეწილი, მოკრძალებული. საქართველოში ოქროს მოვიპოვებდით, თუმცა წინაპრებს არასოდეს არ ჰქონიათ სიმდიდრის დემონსტრირების სურვილი. განათლების ზედმეტად დემონსტრირებაც კი სირცხვილად ითვლებოდა, საკუთარი განათლების ხაზგასმაც. ზომიერება, მოკრძალებულობა, მეორე ადამიანზე ზრუნვა და სიკეთის განაწილება, ეს არის ევროპა. ჩვენ ბუნებრივად ვართ ევროპელები. სახელმწიფო, სადაც ადამიანი და გარემო იქნება დაცული და ყველა სისტემა ისე იმუშავებს, რომ სახელმწიფო იყოს ხილული, ადამიანზე მზრუნველი და რომ ყოველდღიურად ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდეს. ევროპული დემოკრატიაც არ არის სრულყოფილი, მაგრამ მუდმივად ცდილობენ დახვეწას, ერთ ადგილას არ დგანან და მოძრაობენ. - დღეს, როცა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი მარგინალიზებულია, იქნება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამოსავალი? - კრიზისი შეიქმნა არა არჩევნების შედეგების გამო, არამედ როგორც ჩატარდა ის. შეიძლება, სამართლიან გარემოში სულაც ნაკლები ხმა ამეღო, მაგრამ მეცოდინებოდა, რომ ეს რეალური პროცენტია. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ შემდეგმა არჩევნებმა სამართლიანობის მინიმალური სტანდარტი მაინც დააკმაყოფილოს და ეს არსებულ რთულ ვითარებას განმუხტავს. - რამდენად რეალურია დღევანდელ ვითარებაში სამართლიანი გარემოს მინიმალური სტანდარტის მოლოდინი? - რა თქმა უნდა, შიშები არსებობს, რომ ხელისუფლება არაფერს დათმობს. საზოგადოებაშიც მომისმენია ეს აზრი, რადგან “ქართული ოცნების” წევრებს ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი, იმდენი მოიპარეს, ცუდი აკეთეს. ამიტომ არის მათი მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ამისთვის რესურსი სჭირდებათ, ეს რესურსი კი აღარ აქვს. ნებისმიერ ხელისუფლებას, ავტოკრატიულსაც კი, ლეგიტიმაცია სჭირდება. ამბობდნენ, ტრამპი მოვა და დავლაგდებითო. მოვიდა ტრამპი, გავიდა დრო, სენატი ორპარტიულ გადაწყვეტილებას იღებს “მეგობარი აქტით” და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება. ეს არ არის ის მოცემულობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გაუმკლავდება. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს ბელორუსიის ეკონომიკა, ნიორიც კი შემოგვაქვს საქართველოში. არაფერს ჩვენთვის სამყოფს არ ვაწარმოებთ. ღვინის ქვეყანას ბოთლიც და ბოთლის საცობიც გარედან შემოგვაქვს. ამ დროს ვრცელდება ინფორმაცია, არც ოცნება უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფული ლეგალურად განთავსებული აღარ ჩანს, გადამალა, გადააფორმა. მისი გარემოცვისთვის ეს განგაშის ზარია. ჩვენ უკვე ვნახეთ სანქცირებულთა შთამბეჭდავი სია. ვიცით, რომ ევროსტრუქტურებს აწუხებენ, თავი რომ დაიძვრინონ. რესურსი, რაც შეიძლებოდა არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალადობითა და პროპაგანდით მოეპოვებინა, ამოწურულია. - საკუთარი თავის გადასარჩენად, ხომ არ არის მოსალოდნელი ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული პირები გაწიროს? - ანტურაჟი რომ შემოეცლება, ეს არის მოცემულობა. არ ვგულისხმობ, ზარქუას, კობახიძეს და წილოსანს, იქ არის ხალხი, რომლებმაც ქონება ბიძინა ივანიშვილამდე შექმნეს. კარის ბიზნესმენების უმრავლესობამ სამ ხელისუფლებას გაუძლო, ვანო ჩხარტიშვილმა სამი ხელისუფლება გამოიცვალა და ახლა თავში რომ მოხვდა, არ იქნება კმაყოფილი და დარწმუნებული ვარ, ისიც ქონების გადაფორმებებით არის დაკავებული. ეს ანტურაჟი არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩადგეს და ეს არ არის ის ხალხი, ვინც მმართველ პარტიას შეეწირება. მათ ფული აერთიანებთ და თუ ეს ფული საფრთხის ქვეშ დადგება, ეს იქნება დამოკლეს მახვილი. - შესაძლოა თუ არა, დადგეს ის მომენტი, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება კრიზისზე სალაპარაკოდ მაგიდასთან ერთად დასხდნენ? - მომლაპარაკებლის როლში ვყოფილვარ და არსებობს ასეთი სტრატეგია - მოითხოვე მაქსიმუმი, რომ მიიღო მინიმუმი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. თუნდაც ინსტინქტის დონეზე, ნებისმიერი ჩვენგანი გრძნობს, რომ ჩვენ არ გვჭირდება სისხლიანი რევოლუცია ამ ქვეყანაში. ამ ტვირთის ტარება ბიძინა ივანიშვილსაც არ შეუძლია. ცემა და ძალადობა ვნახეთ, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებიც პრაგმატულად უდგებიან საკითხს. მთელს ქვეყანაში, ნებისმიერ მხარეს, ამ ტვირთის ტარების მსურველი ცოტაა. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მოკლე სოციალური კავშირებით, ეს ძალიან რთული ამბავია, ამიტომ მოლაპარაკებები შედგება, ეს არ იქნება იოლი და არც სასიამოვნო პროცესი. ისეთი სიბინძურეები ტივტივებს და ისეთი ზღვარგადასული ბრალი წაგვიყენეს, როგორ შეიძლება ჩემთვის სასიამოვნო იყოს მამუკა მდინარაძესთან ლაპარაკი, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. როდესაც ვამბობ, რომ მე აფხაზებთან ერთად უნდა ვიცხოვრო აფხაზეთში, შეიძლება ეს ძალიან მძიმე იყოს, რადგან ჩემს მეზობლად იცხოვრებს ადამიანი, რომელმაც ბავშვობის მეგობარი მომიკლა. თუმცა ეს სჭირდება ჩემს ქვეყანას და ჩემი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ეს მოლაპარაკება თუ შედგება, მეორე მხარეს იქნებიან ადამიანები, რომლის დანახვაც არ გინდა. თავად არ მიიჩნევს კობახიძე თავს ჩემს პრემიერად და მერე უკვირთ, რატომ არ არიან ლეგიტიმურები. არადა თავადვე ამბობს, რომ ჩემი პრემიერი არ არის. ბიძინა ივანიშვილმა ხომ გვითხრა არჩევნების წინ, ციხეში ჩაგსვამთ, ამისთვის მომზადებული მაქვს ყველაფერიო? რაც უფრო მალე შედგება შეთანხმება, მათთვისვე იქნება უკეთესი; პასუხისმგებლობა მათზეა. ძალის გამოყენების პრივილეგია აქვს მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფს, მე ვერ დამაკისრებენ მათთან თანაბარ პასუხისმგებლობას, ამიტომ მათთვისვე არის გამოსავალი ასეთი მოლაპარაკებები და თავად უნდა გვეხვეწებოდნენ, მოდით, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთო. მოლაპარაკების თემა უნდა იყოს სამართლიანი გარემო ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც მოდის. შეიძლება ორივე ერთად ჩატარდეს, თვითმმართველობის და საპარლამენტო. ხშირად ლაპარაკობენ მძევლების გათავისუფლებასა და სამართლიან გარემოზე. მძევლების გათავისუფლება არ შეიძლება იყოს მოლაპარაკების თემა, ეს არის თემა, რომელიც არ უნდა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდეგ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვილაპარაკოთ, როგორ მივიღოთ არჩევნებზე მინიმალური სტანდარტი. შეუძლებელია ორ თვეში სასამართლო შეცვალო, მინიმალურ სტანდარტზე ამიტომ ვლაპარაკობ. - თუ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ წამოვიდა? - ბრძოლა ისევ გაგრძელდება, წნეხი უნდა გაძლიერდეს, რომ ვაიძულოთ. არ უნდათ ნებითა მათითა და ამიტომ იქნება ძალითა ჩვენითა. ძალაში ვგულისხმობ, ხალხის ძალას. ასევე, დასავლეთის მძლავრ მხარდაჭერას, ევროპის დღეზე ელჩმა ქართულ ენაზე გამოაცხადა, ევროპის კარი ჩვენთვის ღიაა და ერთადერთი, ვინც ამას ხელს უშლის, “ქართული ოცნებაა”. ევროპის დღის წესრიგში ვრჩებით. ვიღაცას შეიძლება ეფიქრა, თუ დასავლეთი სხვა ავტოკრატებს ელაპარაკება, ჩვენც დაგველაპარაკებიან. აქ შეეშალა ბიძინა ივანიშვილს, იფიქრა, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც დამელაპარაკებიან, ოღონდ უნდა მიმიღონ ისეთი, როგორიც ვარ. თუმცა მან პარტნიორები იმდენჯერ მოატყუა და ის ზღვარიც გადალახა, რომლის მიღმაც არ გელაპარაკებიან, საკუთარი რესურსი გადააფასა და გადაჭარბებულად შეაფასა თავისი შესაძლებლობები. „კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანსო“ და ახლა ის ძალიან დამძიმებული მიდის მოლაპარაკების მაგიდასთან. - რამდენად რეალურია, ბიძინა ივანიშვილმა დაითხოვოს არსებული გუნდი და მოიყვანოს ახალი ფიგურები? - ეს ფანდი აღარ იმუშავებს, უფრო შესაძლებელია, თქვას, ძალიან ნუ გამწეწავთ, ოღონდ გადავრჩე. “ქართული ოცნების” ღერძი დღესაც ბიძინა ივანიშვილია. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ძალისხმევა გვჭირდება, რომ მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ სასიკეთო ცვლილებების შესაძლებლობაში. მეტი მუშაობა გვჭირდება. მოქალაქეებმა უნდა დაიჯერონ, საქართველო არის მათი და ცვლილებები ყველასთვის სასარგებლო იქნება. გურიაშიც, ახალციხეში, სამტრედიაში და მესტიაშიც ერთდროულად შეიცვლება ადამიანების ცხოვრება. ახლა ხომ გვაქვს კორუფცია, წამოვიდა ზემოდან და გავრცელდა მთელს რეგიონებში. ზემოდან როცა წამოვა სამართლიანი მართვის პრინციპი და რეგიონებშიც იგივე განწყობა იქნება, შედეგიც დადგება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია კარდაკარ მუშაობა და ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ევროპული ცხოვრების სიკეთე, ყველაზე კარგად იგრძნობა ევროპულ სოფელში, ამიტომ მჯერა, რომ ამ შემთხვევაში ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა თვითმმართველობას აქვს. ყველა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ყველა მათგანს ეშინოდა ძლიერი თვითმმართველობის, იმიტომაც ვერ გადავლახეთ ჰიბრიდული დემოკრატიის ეტაპი. ეს შეცდომა აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ipn
-
თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება - აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ, ეს „სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება“. „ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება. ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა“,- განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
-
სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ფეისბუქზე“ წერს. პარტიის განმარტებით, განათლების სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია მიზნად ისახავს იმ საჯარო საჯარო მოხელეების დასჯას, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულნი არიან. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად უქმდება ინკლუზიური განვითარების სამმართველო და სკოლამდელი განათლების სამმართველო. ეს რეორგანიზაცია და მანამდე სამინისტროში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინც შეიმუშავა ან/და ხელი მოაწერა პეტიციას მოხელეთა ერთგულების გამოხატვაზე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი. ამ ორი სამმართველოს ფაქტობრივი გაუქმება (ტექნიკურად სხვა სამმართველოებთან გაერთიანება) ემსახურებოდა კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. განათლების სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი გუნდი საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდის“- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იპნ
-
ხელისუფლების შესაცვლელად, ორი შანსია - არჩევნების გზა და ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ბუჩუკურის განმარტებით, მათი პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ვერავინ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს. „დასავლელი პარტნიორებისთვის აუხსნელია, როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ არ გამოიყენოს პოლიტიკური საბრძოლო ბერკეტები და არჩევნები - მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს, ის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. თეორიულად ორი შანსია ხელისუფლება შეიცვალოს: ერთი არის არჩევნების გზა (ძალიან კარგად ვიცით ბოლო არჩევნები როგორ ჩატარდა, რა თქმა უნდა, ახლაც არ გვაქვს რაღაც სასწაულის მოლოდინი) და მეორე არის ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა ბუჩუკურმა. მან ასევე ისაუბრა ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებაზე, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის „დანაღმულ ველზე შესვლა“. „დანაღმული ველი არის საქართველოში ოპოზიციური პარტიის თითოეული წევრისთვის ყოველდღიური ცხოვრება. დანაღმული ველი არ არის დღეს, რაც ხდება ოპოზიციური პარტიების ლიდერების და წევრების წინააღმდეგ? დანაღმული ველი არ იყო, როცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ ბათუმში და დღემდე გამოძიებული არაფერია? დანაღმული ველი არ არის, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერების რაღაც ნაწილი ციხეშია? გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ, ძალით ხომ არ ვარ ოპოზიციაში, ჩემი გადაწყვეტილება ჩემი ღირებულების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებაა და მე ამ დანაღმულ ველზე ჩემი ნებით ვარ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის დანაღმული ველი“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავიდანვე ამბობდა, რომ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით იქნებოდა ცუდსა და უფრო ცუდს შორის მისაღები გადაწყვეტილება. „ამ ვითარებაში არ არსებობს იდეალური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ვითარება არის ძალიან მძიმე, ძალიან რთული. კი ბატონო, ბოიკოტი არის ინსტრუმენტი, რომელიც მეც გამომიყენებია წინა მოწვევის პარლამენტში და ბოლო ორი თვე, მე პირადად ბოიკოტში ვიყავი, ოღონდ ფეხი-ფეხზე კი არ მქონდა გადადებული, არამედ ბოიკოტს მე და ჩემი გუნდი ვიყენებდით და პარალელურად დავდიოდით რეგიონებში და ვემზადებოდით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. [ოპოზიციური პარტიებისადმი] ჩვენ დავსვით ძალიან მარტივი კითხვა, მიიღეთ გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ, კი ბატონო, ბოიკოტის შემდეგ, რას აკეთებთ, გეგმა რა არის? არცერთ მათგანს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. სადღეგრძელოების თქმა პასუხი არ არის. პესიმისტურად არ ვარ [არჩევნების მიმართა განწყობილი]. არც დანაღმული ველის გვეშინია. მათივე ლოგიკა რომ მათ შევუტრიალოთ, რა გამოდის, მაგალითად, ახალი არჩევნები რომ ჩაინიშნება ისევ ივანიშვილმა უნდა ჩანიშნოს, ხომ? და ანუ არც მაშინ არ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი? ფაქტია, რომ საარჩევნო პირობების შეცვლამდე ჯერ ვერ მივედით, აქამდე უნდა მივიდეთ. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოიკოტში გავდივარ და ვერ ამბობენ, ამის სანაცვლოდ, რას აკეთებენ, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ შემთხვევაში, გამოვიყენებ „ოცნების“ ტერმინს, ანუ ვგულისხმობ ახალ და ძველ „ნაცებს“ როდესაც ისინი ერთად იყვნენ - პოლიტიკური პარტია, რომელიც 13 წლის განმავლობაში არის ოპოზიციაში და ვერსად, ვერცერთ ველზე ვერაფერი დაათმობინა ან წაართვა ხელისუფლებას, მათი ბრძოლა იყო უშედეგო. ასეთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან იმის თქმა, რომ ჩემი პოზიცია არის ჭეშმარიტება, ჩემთვის პირადად არის სასაცილო“, -განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ipn
-
პარტიის „გახარია საქართველოსთვის” ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში დაიწყო. შეხვედრა უკვე შედგა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრ, სტივენ დოუთისთან. ასევე, დიდი ბრიტანეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან - თემთა და ლორდთა პალატაში, კერძოდ, ლორდებთან დონ ტუიგი და ჯორჯ ფოლკი, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის (Georgia APPG) წევრ დეპუტატებთან - მარკ პრიჩარდთან, ლორდ ბეითთან და ლორდ ტევერსონთან. ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის გაძლიერება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დაცვა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, პოლიტიკურ პატიმრებს, თავისუფალი მედიის შეზღუდვებს, ასევე ხაზი გაესვა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
-
მე არ შემიძლია, პატიმრის მიმართ არ მქონდეს გულწრფელი სოლიდარობის განცდა, მითუმეტეს პოლიტიკოსის, რომელიც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკური მიზეზის გამო არის დაპატიმრებული და არაფერი სხვა. ეს აქცევს მათ პოლიტიკურ პატიმრებად, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე, რამდენად აწყობს “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური ოპონენტები ციხეში, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ წესით არც აწყობს, მაგრამ იძულებულია, რადგან თავისივე ქმედებების ტყვეობაში მოექცა. “შეიძლება აღარც აწყობს (“ქართულ ოცნებას” პოლიტიკური ოპონენტი ციხეში), მაგრამ თავისივე მდგომარეობით ჩიხში შევიდა. ჯერ ზურაბ ჯაფარიძე, ახლა ნიკა მელია… მე მესმის, რომ ცდილობენ, ხელისუფლება კუთხეში მიამწყვდიონ და იძულებული გახადონ, კიდევ უფრო რეპრესიული გახდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არ ვიცი, რამდენად საჭიროა ასეთი მსხვერპლის გაღება, რამდენად იმსახურებს ეს ხელისუფლება ასეთ მსხვერპლს. მე არ შემიძლია, პატიმრის მიმართ არ მქონდეს გულწრფელი სოლიდარობის განცდა, მითუმეტეს, პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკური მიზეზის გამო არის დაპატიმრებული და არაფერი სხვა. ეს აქცევს მათ პოლიტიკურ პატიმრებად. წესით არაფერში არ აწყობს, მაგრამ ბევრ რამეს აკეთებს დღეს “ქართული ოცნება” ისეთს, რომელიც არ აწყობს, მაგრამ უკვე იძულებულია იმიტომ, რომ თავისი ქმედებების ტყვეობაში მოექცა. არ დაიჭერს - სისუსტეს აჩვენებს, დაიჭერს და - კიდევ უფრო ნაბიჯს დგამს ავტორიტარიზმისკენ. თუმცა, კიდევ ერთხელ, რამდენად საჭიროა ასეთი მსხვერპლი, რამდენად იმსახურებს ეს რეჟიმი ასეთ მსხვერპლს, რამდენად საჭიროა, რომ ახლა პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ და არ იყვნენ სხვა პოლიტიკურ ველზე, აქ, ალბათ, ცოტა დავსვამდი კითხვებს”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. იპნ
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, პოლიტიკური მოტივით მოხდა. როგორც პარტია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ფაქტი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როცა სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია „მოძალადეებზე, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ. "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ "უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება" და "უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება". „მურუსიძის სასამართლომ დღეს ორ ახალგაზრდა, 19 წლის გოგოს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არც ერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა - მოძალადეები, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ; ქვეყანაში, სადაც კორუფციული დანაშაული იქცა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად; სადაც ადამიანები შიმშილობენ და ნარკოტიკები ოჯახებს ანადგურებს; უსამართლობის, უთანასწორობისა და უიმედობის გამო ქვეყანას ჩვენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ. ეს არის “ოცნების” დაპირებული სამართლიანობა და მშვიდობა. უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება. ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში. იპნ
-
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. პოლიტსაბჭო 24 წევრით იქნება წარმოდგენილი. მის შემადგენლობას მხარი დღეს გამართულ ყრილობაზე დაუჭირეს. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: გიორგი გახარია, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, შალვა კერესელიძე, ბერდია სიჭინავა, გიორგი შარაშიძე, რუსუდან თევზაძე, კახაბერ ქემოკლიძე, გიგა ფარულავა, ზაზა თავაძე, თამარ ხვედელიანი, ვიკა ფილფანი, მალხაზ თორია, გიორგი ჭანტურია, გიორგი ბაშარული, თამარ კეკენაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ქეთევან ბაკარაძე, როინი ქოჩორაშვილი, სოფიო ხორგუანი, სალომე კობალაძე, დაჯი კოვზირიძე, ირაკლი მიქელაძე. ipn
-
როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის. „არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამ სიტყვებს არ გავიგებ. ეს ყველაფერი მეორე, მესამე, მეოთხე წყაროებიდან საუბარი... არ ვიცი. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო. ეს შედეგი სამართლიანი არის თუ არა, ეს არავის ადარდებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა მოვუსმინოთ გიორგის, რას იტყვის“,-განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა. „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ipn
-
დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე: „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა პარტია დამალვას არ აპირებს. „დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე - „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე! ხომ გახსოვთ, „ნაცებს“ ჰქონდათ [განცხადებები], რომ „გახარია საქართველოსთვის „ ლეგიტიმაციას მისცემდა „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში შევიდოდით. შევედით? - არა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ 180 გრადუსით არ ვცვლით მიდგომებს. ამიტომ საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ. თუ რაღაც შეიცვალა, ხომ გვეტყობა, რომ არ ვმალავთ, არავის ვეპარებით, უჩუმრად არაფერს ვაკეთებთ და სიურპრიზებს არ ვაწყობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად. დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის მთავარი მიზანი დღეს საქართველოში მთავარი პრობლემის რადიკალიზაციის დაძლევა უნდა იყოს. გლობალური თამაშის წესები იცვლება“, - განაცხადა გახარიამ. ipn
-
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორს დავუტოვებთ შვილებს. „გუშინ დიდი დღე იყო, ყველამ ერთად ვიზეიმეთ და მერწმუნეთ, ეს ის დღეა, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური გემოვნება და შეხედულება გვაქვს. ეს არის ჩვენი სამშობლოს, საქართველო დღე. რაც შეეხება პარტიას, მოგეხსენებათ, 4 წლის წინ, ჩვენ ყველამ დავაფუძნეთ პოლიტიკური ძალა „საქართველოსთვის“. ეს 4 წელი იყო რთული. მადლობა ერთგულებისთვის, ბრძოლისთვის, იმ დიდი წნეხისთვის, რომელსაც თითოეულმა თქვენგანმა გაუძლო. მინდა გითხრათ, რომ დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ და ვშრომობთ, რომ არანაირი გარანტია, რომ მომავალი წელი და წლები უფრო მსუბუქი იქნება, არ გვაქვს. დარწმუნებულ ვარ, ასეთი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბრძოლები გამოვიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამწუხაროდ ან საბედნიეროდ არ გვაქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით. ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა, ის, თუ როგორ მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია ქვეყანას. ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორ ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს“, - აღნიშნა გახარიამ. ipn
-
ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. „დღეს უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ხელისუფლებამ ჩაატარა ისეთი საპარლამენტო არჩევნები, რომ ადამიანებს სამართლიანობის შეგრძნება აღარ აქვთ და თვლიან, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. რა თქმა უნდა, სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება შემდეგი, ახალი საპარლამენტო არჩევნები და სანამ თითოეული პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს უსამართლოდ იხდის სასჯელს, არ გათავისუფლდება, ქვეყანაში სამართლებრივი შეგრძნება ვერ დაბრუნდება. ამის მისაღწევად აუცილებელია რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაძლევა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ორი პოლუსი გვყავს, რომლიდანაც ერთი გვეუბნება, რომ ის არის მხოლოდ ეროვნული, თითქოს ეროვნულობის უფლება წაგვართვა თითოეულ ჩვენგანს და ვიღაც გვიხსნის ოჯახის ფასეულობას. ეს ხალხი, მერწმუნეთ, ოჯახურ ფასეულობებთან შესაძლოა, ძალიან შორს იყვნენ. მეორე პოლუსი ამბობს, რომ ევროპულები მხოლოდ ისინი არიან. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველა, ვინც დღეს საქართველოში თვლის, რომ არც ერთი და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს, მათთვის ჩვენი პოლიტიკური ძალის კარები ღიაა. ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აუხსნის, რა არის სამართლიანი წესრიგი, რას ნიშნავს პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, როდესაც მეგობრების რაოდენობას ზრდი და არ ამცირებ. რას ნიშნავს იყო იმდენად ძლიერი და სამართლიანი,რომ ქვეყნის მტერთანაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გამართული საუბარი შეგეძლოს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს... ვინც თვლით,რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგვწონს, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის კარები ღია არის“, - განაცხადა გახარიამ. ipn
-
ჩემთვის ძალიან ცალსახა და ცხადია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის პერსონალურ ინტერესს შეეხო - „ოცნება“ 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია. „რაც შეეხება ბაჩიაშვილის დაკავების საკითხს, როცა ივანიშვილის პირადი, პერსონალური ინტერესია, რამდენიმე კვირაში მოახერხა და ეს ადამიანი დააკავეს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მაგალითად ადეიშვილს და „ოცნება“ მოდის და 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო? რაც შეეხება ზოგადად ბაჩიაშვილის საქმეს, ჩემთვის ძალიან ცალსახა და ცხადია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის პერსონალურ ინტერესს შეეხო“, - განაცხადა ბუჩუკურმა. გარდა ამისა, ბუჩუკურმა ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ „მათი პარტია ნამდვილად ემზადება მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვის“. „არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ბუნებაში ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს - ერთია დემოკრატიული გზა და ეს არის არჩევნები და მეორე არადემოკრატიული. თუ ის პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები ამბობენ, რომ ბოიკოტს ვუცხადებ, ეს მათი ნებაა, მაგრამ დავსვით კითხვა: ბოიკოტს რომ უცხადებენ, ამის შემდეგ რა გეგმა აქვთ? ამაზე ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გარდა იმისა, რომ სატელეფონო არჩევნებს ჩაატარებენ, პასუხი ვერ გასცა. თვე-ნახევარია ძალიან ღიად ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით. საბოლოოდ რეგისტრაციის ვადა 4 აგვისტოა, მაგრამ ჩვენი პარტია ნამდვილად ემზადება მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვის. სხვა პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოიკოტს აცხადებენ, ვერ პასუხობენ შეკითხვას. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი ჩვენი გუნდისთვის N1-ია, ეს საკითხი არჩევნებზე წინ დგას. პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი მანამ არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, სანამ არ შესრულდება. ეს არის ცალკე პროცესი, მაგრამ გვაქვს კონსტიტუციით განსაზღვრული მუნიციპალური არჩევნების საკითხი, რაზეც სხვებისგან განსხვავებით ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ დიახ, ვემზადებით”, - განაცხადა ბუჩუკურმა. ipn
-
დღეს "ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა - ეს არის ის ძალა, რომელიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე არსებობს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის რადიკალიზაცია. „მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვცდილობდით პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირებას, სამწუხაროდ, ისევ ვდგავართ იმავე გამოწვევების წინაშე. დღეს ვეცდები, რომ პოლიტიკური და პარტიებისა და ლიდერების სახელები არ ვახსენო. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან მარტო ეროვნულები და სხვას ყველას ეროვნულობასთან ახლოს არ გაგვივლია, არ გვესმის და მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ისინი არიან ევროპელები და სხვა ვერავინ იქნება ევროპელი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არცერთია ნამდვილი ეროვნული და არც მეორე ნამდვილი ევროპელი. სინამდვილეში, ყველა ვინც დარწმუნებულია იმაში, რომ განსხვავებული აზრი არის მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფასეულობა, ამ ხალხისთვის ჩვენი კარი ყოველთვის იქნება ღია. ყველა, ვისაც არ უნდა ამ პოლუსის ორი რადიკალური ძალა განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს, ხვალ, ზეგ, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში მათთვის ჩვენი კარი ღიაა. დღეს, მაშინ, როცა სამყარო იცვლება, როდესაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები იცვლება და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ქვეყნის მეგობრების გამრავლების ნაცვლად, ქვეყანა მოახდინოს იზოლაციაში და მარტო დავრჩეთ იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც სულ უფრო და უფრო გვეზრდება. ასეთი ხელისუფლება ვერ იქნება ეფექტური და ვერც ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მორალურად მშვიდობა დაჰპირდეს ადამიანებს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც მაგალითად ღირსებისა და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდეგ იძულებული გახდა, მე იმას არ ვამბობ, უნდოდა და სიამოვნებდა, იძულებული გახდა, ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაეჩინა, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს. ეს ყველაფერი მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ და დიდ გამოწვევებამდე. ყველაზე დიდი გამოწვევა ხელისუფლების, ოპოზიციის ამ ქვეყანაში არის რადიკალიზაცია. ჩვენ უნდა ვიყოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის, რომ ყველა ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი და ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, არ ნიშნავს, რომ მას სამშობლო არ უყვარს, არ ნიშნავს, რომ ვიღაცის აგენტები არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ და ჩვენ მათთან ლაპარაკი უნდა შეგვეძლოს. მე ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, დღეს „ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ხალხს კარგად ვერ ავუხსენით, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის, ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე. ეს არის ის ძალა და გახდა ის ძალა, რომელსაც მორალური და ფასეულობების საფუძველი აღარ აქვს და მხოლოდ იმიტომ აკონტროლებს ხელისუფლებას, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn
-
მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ყველაზე მკაფიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა. გახარიას თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის, არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. „ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არცერთხელ, არცერთი სიტყვით ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია მომავალში არცერთი შესაძლო არჩევნებისთვის. ჩვენს ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს არ ვატყუებთ, რადგან პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის, არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ვთვლი, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებენ და ა.შ. ეს საუბარი და მოწოდება იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი მაშინ, თუ მსგავსი მოწოდებების და პოზიციების ავტორები გააგრძელებენ ამას ყველაფერს და იტყვიან, რომ ბოიკოტის პარალელურად რა არის მათი შემოთავაზება, რა არის მათი სცენარი, გეგმა. ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი და ჩვენ არ გვაქვს ჩიხების დრო, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში დავაბრუნოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ავტორი - თამარ ელისაშვილი
-
„გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. პარტია მხნეობას უსურვებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს და აცხადებს, რომ „ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი“. “მხნეობას ვუსურვებთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მის ოჯახის წევრებს. “ოცნების” ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი“, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტია „ფეისბუქზე“ ავრცელებს. „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. იპნ
-
მალე ნახევარი წელი შესრულდება, რაც საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ყოველდღიურად ტარდება მოქალაქეთა საპროტესტო აქციები. ქუჩებში მიმდინარე ხანგრძლივი და უწყვეტი პროტესტი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც უკვე აისახა კიდეც ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა, ასევე, ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება გამოიწვია. რას გვიქადის ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური ვითარება საბოლოოდ და რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ უახლესი განვლილი პერიოდიდან, ამ თემაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, სოფიო ხორგუანს ვესაუბრეთ. - როგორ შეაფასებდით დღევანდელ ვითარებას, არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი? - დიახ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და უკვე ეკონომიკურიც. რა ციფრებიც და პროპაგანდისტული გზავნილებიც არ უნდა გააჟღეროს ხელისუფლებამ, ხალხს სულ უფრო მეტად არ სჯერა მათი. ის ადამიანები, ვინც ვერ ხედავენ საკუთარი ცხოვრების კეთილსინდისიერი გზით გაუმჯობესების შესაძლებლობას, ტოვებენ ქვეყანას. ეს ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი. საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში საკუთარი ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. - საკუთარი მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავენ? - დიახ, ყოველდღიური ცხოვრება რომ კეთილსინდისიერი გზით უკეთესი გახდეს, ამ შესაძლებლობას ვერ ხედავენ. ამ ხელისუფლებამაც იგივე გზა აირჩია, რაც მისმა წინამორბედმა. დღეს თუ შენ კეთილსინდისიერი ადამიანი ხარ და გინდა, შენი შრომით, შენი უნარებით, სინდისთან კომპრომისების გარეშე დაიმკვიდრო ადგილი; იყო რეალიზებული, მიიღო შრომის შესაბამისი გასამრჯელო და შენი ოჯახი წესიერი გზით არჩინო, ძალიან რთულია, შეუძლებელი თუ არა. ეს გარემო შექმნა ხელისუფლებამ. თუ შენ ყველაფერზე წამსვლელი ხარ, თუ ყველაფერზე თვალს დახუჭავ, თუ ყველაფერზე ხელს მოაწერ, თავს დაუკრავ, სინდისს დაივიწყებ, ალბათ მოიძებნება შენთვის ადგილი, სადღაც მათ შორის, ვინც ჩვენს საერთო სიკეთეებს ანაწილებს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ, და არა ისე, როგორც სჭირდებათ მოქალაქეებს. გვაქვს პოლიტიკური კრიზისი და რატომ გვჭირს ეს? კარგი იქნებოდა, სადღაც, რომელიმე ეტაპზე, მივხვედრილიყავით, რომ ჩიხისკენ მიდიოდა ეს გზა. უკვე მესამე ხელისუფლებაა, რომელიც ჩიხამდე მივიდა. ეს ნიშნავს, რომ რაღაცას თავშივე არ ვაკეთებთ სწორად. ის გზა, რომელზეც ვდგებით, თავიდანვე არ არის სწორი. ამ დროს რას აკეთებ გონიერი ადამიანი? - უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს. - სად უშვებდნენ შეცდომას, რას ვერ აკეთებდნენ სწორად, რომ ჩიხამდე არ მისულიყვნენ? - სამი სხვადასხვა ხელისუფლების შემთხვევაში, ვერც ერთხელ ვერ დავიწყეთ ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც რეალურად ადამიანის, მოქალაქის კეთილდღეობაზე იქნებოდა ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, თითქოს, სამივე ხელისუფლება სწორედ ამ მიზნით იწყებდა მოქმედებას. შევარდნაძის ხელისუფლებისას, მხედრიონის თარეში კი დასრულდა, მაგრამ „პრიხვატიზაცია” დაიწყო. გაიძარცვა ქვეყანა. სააკაშვილის ხელისუფლებაც კორუფციასთან მებრძოლის ეგიდით მოვიდა, მაგრამ ელიტური კორუფციითა და ძალადობით დაასრულა. „ქართული ოცნებაც“ დაახლოებით ამ მიზნების განსახორციელებლად მოვიდა. ვერც ერთის შემთხვევაში ასე არ მოხდა, რადგან ეს მიზანი მხოლოდ ზედაპირული იყო და სიღრმიდანვე, ფესვებიდანვე არასწორად დავიწყეთ მმართველობა. „ქართული ოცნების“ პირობებში, როდესაც სათავეში კარგი ხელმძღვანელები იყვნენ, გვქონდა გამონათებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ჯაჭვი არ შეიკრა. იგივე კოვიდის პერიოდში, როცა მიუხედავად უამრავი ხარვეზისა, გამოვდიოდით ადამიანის ინტერესიდან, რათა ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო. ვისაც ზიანი მიადგა, ვეხმარებოდით, ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანას რაც შეეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით. დეკლარირებულიც იყო და საქმითაც ჩანდა, რომ ერთი ადამიანიც მნიშვნელოვანია. - დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის და ჩიხის პირობებში, რა საგარეო საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა? ზოგადად, ვხედავთ, რომ მსოფლიო დღის წესრიგია არეული და გადალაგებები მიმდინარეობს. სხვადასხვა წერტილში ბევრი ახალი ომის კერა არსებობს, ამ საერთო სურათში ჩვენთვის რა შეიძლება იყოს მთავარი საფრთხე? - ისევ კოვიდის მაგალითი რომ მოვიყვანო, როდესაც მთელ მსოფლიოში იყო კრიზისი და არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ; როცა სისტემური, მდიდარი სახელმწიფოებიც კი დაბნეულები იყვნენ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ჩვენი სახელმწიფო იყო ხილული და ადამიანზე ორიენტირებული. იმ უჩვეულო გარემოშიც კი მოვახერხეთ, მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოდ გამოვჩნდით. ეს იმიტომ მოხდა, რომ მთავარი მიზანი იყო გაცხადებული და ეს მიზანი ადამიანის გადარჩენისკენ იყო მიმართული. ჩვენ ეს შევძელით. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო იყოს ხილული, მისი შინაარსი იყოს გამართული და ის მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობდეს. დღეს, სახელმწიფო ხილული არ არის. პოსტ ფაქტუმ რეაგირების პირობებშიც კი, ჩვენს სახელმწიფოში ერთადერთი, რაც მუშაობს და ფუნქციონირებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესის დაცვის მექანიზმები. იმასაც ვერ ვამბობ, რომ პარტიის გადარჩენაზეა საუბარი, ყველა ძალა ერთი ადამიანის ნების აღსრულებაზეა კონცენტრირებული. - ასეთ ვითარებაში არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენზე გულს აიცრუებს, როგორც არასანდო, არასტაბილურ პარტნიორზე? - ძალიან დიდია იზოლაციის საფრთხე და შესაძლებელია, ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ. სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ შეიძლება, იმ ქვეყნების რიცხვში ჩავეწეროთ, რომელსაც ცივილიზებული სამყარო კეთროვნად მიიჩნევს. ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს. მნიშვნელოვანია თუნდაც ისიც, ბოლოს რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი, სადაც მეგობარი აქტი დარეგისტრირდა. საუბედუროდ, ჩვენ ჩინეთის, ირანის და რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება გვყავს და იზოლაციისკენ მივდივართ. ეს არის სერიოზული საშიშროება... ჩვენ ისედაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. - დასავლეთისგან იზოლაციის საკითხი რეალურად რომ დადგეს, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის? - უპირველესად მოჰყვება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება, რადგან იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომელთა მმართველობისკენაც მივდივართ და რომელთაც ავტოკრატიული რეჟიმი ამაგრებთ, დგას ბუნებრივ რესურსებზე, რაც ჩვენ არ გვაქვს. საქართველოს მთავარი რესურსი ყოველთვის იყო ადამიანი. ყველაზე ბნელ წლებშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია საზოგადოება. ამას ჩაკეტილი საბჭოთა სისტემის პირობებშიც ვახერხებდით. საქართველო ქართველების გარეშე, - რუსის ნათქვამია და იზოლაციის შემთხვევაში რეალურად გვექნება ტვინების გადინების კატასტროფული მაჩვენებელი. დახურულ საზოგადოებაში ცხოვრების სურვილი ჩვენს მომავალ თაობას არ ექნება, ამიტომ მათ დავკარგავთ, რაც სერიოზული საფრთხეა. თუმცა მჯერა, ასე არ მოხდება. მიუხედავად იმ სიმძიმეებისა, რაც წინ გვეღობება, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს (რაც არ ჰქონდა ჩვენს წინაპრებს), იქ ვიყოთ, სადაც ჩვენი ადგილია და ღირსეულად ვიყოთ ევროპულ ოჯახში. ეს შესაძლებლობა მოგვეცა, ამას სულ უფრო მეტი ადამიანი გაიაზრებს და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ასევე, რაც შეეხება გეოპოლიტიკას, ყველა მონაცემი და ინფორმაცია, რაც ზედაპირზე დევს, იმ იმედს მაძლევს, რომ ცივილიზებული სამყარო ჩვენ ზურგს არ გვაქცევს. მათი ინტერესიც არის, რომ შეგვინარჩუნოს. ბევრი დრო და ფული არის დახარჯული ჩვენზე. კავკასია რეგიონია, სადაც ჩვენ ყოველთვის ვიყავით პირველები და პროგრესის მედროშეები. ჩვენი ბრძოლის მაგალითი, ჩვენ რომ ვიბრძვით და არ ვნებდებით, ეს კავკასიის სხვა ერებისთვისაც არის გზავნილი. - დღევანდელ რეალობაში, როცა ორ ბირთვულ სახელმწიფოს, პაკისტანსა და ინდოეთს შორის იფეთქა კონფლიქტმა, საქართველოს რა პერსპექტივა აქვს ევროპაში (იგივე ნატო-ს საკითხის გათვალისწინებით, რაზეც დასავლეთი ფრთხილობს), რა დანაკარგით და ზიანით შეიძლება გამოვიდეს ან კონფლიქტიდან რუსეთი? ჩანს თუ არა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და ჩვენ, საუკეთესო სცენარში, რა როლი შეიძლება ვითამაშოთ? - ,,ქართული ოცნება“ დღეს ვერ წყვეტს, როგორი იქნება საქართველოს მომავალი. ყველაზე მეტს საუბრობენ ამაზე, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის მომავალს. ვიღაცამ თუ ნამდვილად გადაწყვიტა, რომ შუა დერეფანში ჩემი როლი მნიშვნელოვანია, მაშინ ის არ დამთმობს. პროპაგანდისტების შეთქმულების თეორიას რომ დავუჯეროთ, რუსეთმა და ამერიკამ თუ მოილაპარაკა და რუსეთთან ვრჩებით, რა გამოდის, ,,ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება“? - ან თუ ამერიკასთან ვრჩებით, სად არის აქ ოცნების ნება? შენ თუ მაგიდასთან არ ზიხარ, როგორც თანასწორი, რა გავლენა გაქვს პროცესზე?! ,,ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რომ არ იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან თანასწორად. სად ვიყავით 2020-ში და სად დავენარცხეთ? მიუხედავად 2020-ის რთული არჩევნებისა, ჩვენ ვიყავით მისაღები პარტნიორები ცივილიზებული სამყაროსთვის და დასავლეთიც თანასწორად გველაპარაკებოდა. თუნდაც ამერიკის ელჩი და იგივე ვილსონი რა ტექსტებით საუბრობდნენ. ჩვენ ვაღიარებდით ხარვეზებს, ვეუბნებოდით, მოდით, მოგვეხმარეთ, გვიშველეთ. ამიტომ ვუჭერდი მე მაშინ ,,ოცნებას“ მხარს. დასავლეთთან თანასწორ როლში როცა ხარ, შენ სხვანაირად დაგელაპარაკება რუსეთი, ჩინეთი, ირანი. აღმოსავლეთი კიდევ სხვა, ფაქიზი თემაა და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სიტყვის დაჭერა, რეპუტაცია, რომ შენს სიტყვას ენდობოდნენ, სანდო იყო, შენს სიტყვას ფასი ჰქონდეს. თუ არავინ გელაპარაკება, თანასწორად არ გიღებს, დასავლეთისთვის ხარ კეთროვანი და თუ შენ დაიწყე წუწუნი იმაზე, რომ კარგი ხარ, მაგრამ ცუდად გექცევიან, ეს სხვანაირად მუშაობს. შენ თუ არ ხარ ავტორიტეტი, არაბი შეიხი ვერ შეგიქმნის ავტორიტეტს. თუმცა მჯერა, ჩვენ შეგვიძლია, ცვლილებების პირობებში, ორ წელიწადში თვისობრივად ახალი სახელმწიფო შევქმნათ, რაც დავკარგეთ, აღვიდგინოთ. ჯერ კიდევ შენარჩუნებული გვაქვს ის მეხსიერება, როგორი პროგრესი შეიძლება ვაჩვენოთ, თუნდაც ინსტიტუციურ დონეზე და გავხდეთ ერთგვარი სახელმწიფო, სადაც გაიმართება მოლაპარაკებები. ჩვენ შეიძლება გავხდეთ ცივილიზაციის გზაჯვარედინი და ჩვენი უნიკალური მდებარეობა, ხასიათი, მონაცემები ვაქციოთ იმ ღირებულებად, რომლითაც დავიმკვიდრებთ ადგილსა და განსაკუთრებულ როლს შევასრულებთ. და სამართლიანი და გამართული სახელმწიფოს პირობებში ამის დადებით შედეგებს ყოველი ოჯახი იგრძნობს საკუთარ თავზე. ინტერპრესნიუსი
-
ირაკლი კობახიძის წერილი ახალი ერთგვარი პროპაგანდის დასაწყისია, რომ თავი ამით იმართლოს საკუთარ ამომრჩეველთან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, ღია წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს მისწერა, აბსოლუტური უსუსურობა იკითხებოდა. “ამ წერილის დაწერა რამ განაპირობა, თვითონ წერილის დასაწყისში ვკითხულობთ - რატომ “დაგვსინეო” - ეს ნახევრად ხუმრობით. წერილის დასაწყისში აღიარებს მისი რეალური ავტორი, რომ, როგორ ჩანს, მანამდე დახურული კომუნიკაციის მცდელობა ჰქონდათ და, პრინციპში, ამ წერილის გარეშეც ვიცოდით ყველამ და დარჩნენ რა უკმაყოფილონი იმით, რომ ვერ მიიღეს მათთვის სასურველი შედეგი, ანუ, როგორც ჩანს, კომუნიკაცია ვერ დაამყარეს თეთრ სახლთან, იფიქრეს, რომ საჯაროდ გაეკეთებინათ მიმართვა. ეს წერილი სხვადასხვანაირად შეიძლება წავიკითხოთ, ზოგს შეიძლება გაგვეცინოს, ზოგს - პირიქით, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ეს წერილი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მთლიანად არის აბსოლუტური უსუსურობა, აბსოლუტური უსუსურობის გამოვლინება და ყველაზე ცუდი, რაც იკითხება და რაც არის მთავარი, ეს წერილი იქნება თუ ნებისმიერი მსგავსი ქცევა “ქართული ოცნების” მხრიდან, არის ის, რომ ეს ხალხი ამ ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხის სახელით და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სახელით. სინამდვილეში, “ქართულ ოცნებას” ეს ნარატივი სჭირდება იმისთვის, რათა საკუთარ ამომრჩეველს მოატყუოს, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაელაგებინა. ეს წერილი ახალი ერთგვარი პროპაგანდის დასაწყისია, რომ თავი ამით იმართლოს საკუთარ ამომრჩეველთან”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. მისივე თქმით, კობახიძის წერილი არის პასუხი “MEGOBARI აქტზე”, რომელიც საკუთარი ამომრჩევლისთვის არის გათვლილი. ბუჩუკურის განმარტებით, თუ ტრამპი “MEGOBARI აქტს” ხელს მოაწერს, “ქართული ოცნება” იტყვის, რომ ამერიკის პრეზიდენტი “დიფ სთეითთან” ბრძოლაში დამარცხდა. “ქართულ ოცნებას” ახალი რეალობის შექმნის მცდელობა აქვს ამომრჩევლის დასამშვიდებლად, რომ ტრამპმა რომც მოაწეროს აქტს ხელი, ეს ჩვენი პრობლემა კი არ არის, არამედ ტრამპი დამარცხდა “დიფ სთეითთან” - ეს იქნება მათი გამართლება. ჩვენ რაც არ უნდა გვეღიმებოდეს “ოცნების” არაადეკვატურობაზე, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება იზოლირებული, მტერთან მარტო და მეგობრებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში გვეხმარებოდნენ, ეძახიან მტერს. ჯერჯერობით ასე ჩანს, ისინი (“ქართული ოცნების” წარმომადგენლები) ფიქრობენ, რომ აქვთ იმის რესურსი, რომ უკან არ დაიხიონ, ყოველ შემთხვევაში, ამ განცდის შექმნას ცდილობენ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მყარი უმრავლესობა არის დასავლური სამყაროს წევრობის მომხრე, მათ შორის, “ქართული ოცნების” ამომრჩეველი, მე არ მჯერა და წარმოუდგენელი მგონია, რომ საბოლოო ჯამში ქვეყნის იზოლირების მიზანს მიაღწიონ”, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა. იპნ