Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

ბლოგ პოსტები დაპოსტილი katya -ს მიერ

  1. katya
    - ცოტათი უხერხული თხოვნა კია დიდი, - წამოიწყო კაპრალმა ელიოდორომ, - გრანდჰალლე.
    - თქვი, ჩემო კაპრალო, - უთხრა უმბერტოს ბრჭყვიალა პოლკოვნიკმა, - შენ ცუდ საქმეზე არ მოხვიდოდი.
    - რა სათხოვარია პატარა უხერხული დიდი და, გრანდჰალლე, ცოლი მინდა გაახლოთ, - რიდით უმზერდა ელიოდორო, კაპრალი, - მუცელი ეძრა და ხალხი მაინც ბრძენია, იძახის ხალხი, ხომ იცით ნათქვამია, ვისაც ქალი პირველად შეხედავს, იმას დაემგვანება ბავშვიო და, თქვენზე უკეთეს, თქვენზე მშვენიერს, გრანდჰალლე...
    - ძალიან გინდა, მე დამემგვანოს? - იკითხა ნასიამოვნებმა პოლკოვნიკმა.
    - ძლიერ ძალიან, კი, კი, გრანდჰალლე...
    პოლკოვნიკმა კი ჯერ გაიარ-გამოიარა და მერე თქვა:
    - ასე თუ გინდოდა, შე კაი კაცო, მიგეშვი ბარეღამ თავიდანვე მე. ჰა-ჰა...
    დოჩანა. „სამოსელი პირველი“
    ყოველი ორშაბათი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია თავს ზემოთ და იმ დროს გვეცემა, რა დროზეც ჩვენი მაღვიძარებია მომართული. ორშაბათი ცხოვრების ფილოსოფიურ ასპექტში გააზრების დღეა... სტატისტიკით, ყველა მნიშვნელოვანი საქმე და გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში, ორშაბათიდან შედის ძალაში... თუმცა, იგივე სტატისტიკა ორშაბათს დაწყებული საქმეების ეპილოგებზე და სიუჟეტის განვითარებაზე არაფერს ამბობს...
    ტემპერატურით დაგუბებული ზაფხულის ღამის „რომანტიკა“ - სიზმარში რაღაცის გაკეთებას რომ ვერ ახერხებ. საიქიო დალუქულ ლუქსში გაღვიძების შეგრძნება, როცა სუნთქვის გამოხშირვის გარდა არაფერი შეგიძლია.
    მეზობლის რემონტი ყველაზე ასრულებადი წყევლაა, უალტერნატივო.. ამას გაღვიძება და ცივი შხაპი არ შველის.
    და ამ გაურკვევლობის ბინდ-ბუნდში ახელ ჯერ ცალ თვალს, მერე წყვილს ცნობისმოყვარეობის და მოლოდინის რეჟიმში - აბა ვინ დაამყარებს დღეს დიდგოიმობის რეკორდს!?
    მაგრამ ვინ გაცლის ცნობისმოყვარეობას? შუაღამიდან რეკორდი მოხსნილია...
    როცა ჩვენ არხეინად გვძინავს, ქართული სოცქსელის ჯურღმულებში „ტიტანები“ ბორგავენ ჩვენი სახელით, ჩვენს ნაცვლად, ჩვენს გამო.
    ვინ ვართ „ჩვენ?“
    თუ შეიძლება, ბილეთს გამოვცვლი, ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი, პატივცემულებო!...
    მხოლოდ ქართულ მარშს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ ქართველი მეძავი უნდა იყოს ყველაზე პატიოსანი და პატრიოტი მეძავი მსოფლიოში, რომ ქართველი მეძავი მხოლოდ ქართველი მამრების მომსახურებას უნდა კადრულობდნენ და თუ იმ ქართველ მეძავებს მაინც უცხოელის მომსახურება ურჩევნიათ, აქ არჩევანი ვირზე უკუღმა შესმით და სამშობლოს ღალატით კვალიფიცირდება.
    მხოლოდ ქართულ მარშს მოუვა აზრად, რომ სხეულით ვაჭრობა დანაშაულია - პოლიტიკური შეხედულებებით - პატრიოტიზმი.
    „ქართული მარში“ ქართული პოლიტიკის ნაწილია და სიტყვა-სიტყვით იშიფრება - „ფული დადეთ ბიჭო, თორემ ნახეთ, რა ძალა ვართ!“...
    ასე იყო სულ, ასე მეძავობდნენ ქართულ პოლიტიკაში მზის ქვეშ ალაგის მაძიებლები, ადგილი მზის ქვეშ საჩრდილობლით გამონაკლისთა ხვედრია. ზოგს ფოსტა-ტელეგრაფი, ზოგს ავიაცია, ზოგს მთა, ზოგს - ლიანდაგები..
    „გვერდში დგომას „ დაფასება უნდა ძმაო! ჩვენი ხმები გადამყიდველები დღეს ყველანი განცხრომაში არიან. ჩვენ მხოლოდ ნერვების წყვეტა და შიშველი სიმართლის გაბახების პროცესზე დაკვირვება გვერგო.
    ჰოდა ამ ვიღაც "რქიანმა მხედრებმა" აღმაშენებლის გამზირზე გასულ კვირას ჩლიქები ააჟღარუნეს ისევ ჩვენი, ჩვენსას ვინ ჩივის, სრულიად ერის და ეროვნული ფასეულობების სახელით.
    აი მანდ შეცდით ბიჭებო! ფასეულობა ფასს არ ნიშნავს.
    ეს კი უნდა გცოდნოდათ, ამდენი ხანია ამ საქმეში ტრიალებთ...
    ძველი დრო მოგენატრათ? მერე ომობანა თქვენს ეზოებში ითამაშეთ. შავბნელი 90-იანები იმდენად კარგად გვახსოვს, ჩემს თაობას საკუთარი ახალგაზრდობის გახსენებაც აღარ გვსიამოვნებს...
    ხელი-ხელს ბანს ბიჭო? აბა რაა!
    ბანი გვითხართ ბანელებო! თქვე პირდაუბანელებო!
    ჰო, რა მაგის პასუხია და, ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ჯაბაც მახსოვს უნივერსიტეტის ეზოში ეროვნულ ღირებულებებზე და მეომარ ქართულ სულზე შთაგონებით მოლაპარაკე..
    ამ ქალაქში ყველაფერიო მოსულა! ყურით მოთრეული თემა არაა. აქ მართლა ყველაფერი მოსულა, მაგრამ მერე ყველაფერ უღირსს ამ ქალაქის ღირსების შესაფერისად აცილებენ...
    ისინი, გასულ კვირას რომ ჩვენს ქართველობას იცავდნენ და ნიშნისმოგებით გვაყვედრიდნენ საკუთარ ხორხისმიერ შორისდებულებს, მძაღე ოფლს, აჩქარებულ სუნთქვას და დაქაჩულ თვალებს...
    ვინც თბილისურ ბორდელებში ქართველი ქალების უცხოელებთან სხეულით ვაჭრობამ ქუჩაში გამოიყვანა და ეროვნული ღირებულებების სახელით ყველა სხვაგვარად მოფიქრალ ქართველს ბრალი ღალატში დასდო და ლიბერასტად მონათლა, თურმე ვისი გადასაწყვეტიც ყოფილა ამ ქვეყანაში სიმშვიდის ყოფნა-არ ყოფნა, წუხელ განსხვავებულ აზრს მიდგნენ და იჩუკენეს ჩვენზე, ყველაზე, ვინც მარშისტების აზრზე არ ვართ...
     
    კი, ჩვენში ასეც ხდება - ზოგჯერ, ადამიანები საკუთარ თავს ისე უღრმავდებიან, რომ გარედან მარტო ყურები ჩანს... აქ უფრო გავრცელებული ტრადიციული კითხვის დასმაც შეიძლებოდა , მაგრამ პასუხის გამცემი ვინაა? ყველას თვალწინ განხორციელებულ ვირტუალურ სექსუალურ აქტზეც „ატკაზი გაუშვეს“ „ ბრიაშკებმა“...
    პასუხისმგებლობა არა იხვის ტოლმა...
    ხომ არაფერი გეშლებათ? ამ ხალხს ქვეყნის გადარჩენა უნდა და ვინ მიგდია ვიღაც ნაძალადევი ინდივიდები?
    გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ - შიშველი სიმართლე ენთუზიასტებს აღელვებთ, დანარჩენები უპირატესობას ნახევრადშიშველს ანიჭებენ.
    ეს ცოდვებიც დიდი ფეთხუმი კატეგორიაა, სანამ ბოლოში გახვალ და ყველას გაახვანჩალებ, უკვე თავიდან ისვრებიან.
    თუ სულ პაწია გამართლებაც კი მოგეპოვებათ თქვენს მიერ ჩადენილი არაკაცობის, ეგ უკვე სიკეთეა...
    ჰო, კიდევ საშველად გამოწვდილ ხელში ჩაფურთხება არ ღირს, სხვები აღარ გამოგიწვდიან...
    ნეტა საკუთარი ფურთხი გემრიელია?..
    ზოგი გლობალური აზროვნებისაა, ზოგი - კრიმინალური, ზოგიც წვრილმან-ტრივიალური. გაერთიანებული ვიღაცისთვის ძალაა... მაგ ამბავში გეთანხმებით - დასაგოიმებელი უნდა დაგოიმდეს, გასაწეწი უნდა გაიწეწოს, ვალსაც გადახდა უნდა და პატივისცემასაც, ოღონდ... ოღონც ეგ ყველაფერი თქვენს ქვაბში მოისაქმეთ უპატრიოტესო ქალბატონებო და ბატონებო და ქვეყნის ინტერესები ლეღვის ფოთოლი ნუ გგონიათ, რომელსაც ხან წინ აიფარებთ და ხან უკან..
    ისე, ლეღვი მწარედ ისუსხება...
    ვიცით, როგორ არა, - ნებისმიერი ხელისუფლება გიჟდება სტრიპტიზზე საკუთარი ხალხის შესრულებით. განსაკუთრებით აღაგზნებს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენების როკვა.
    ისე ეს “მარშიც“ არაა მთლად ქართული წარმოშობის სიტყვა და რა ვიცი...
    თუ სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში პროსტიტუციის აღმოფხვრის პროფილით გადაკვალიფიცირდებით, ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ - მთლად აღმოფხვრის თუარა, შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ქართველი ფემინისტების მომრავლებაა. მოკლედ, დასხედით, მოიფიქრეთ, ხელისუფლებასაც შეეხმიანეთ, შეუთანხმეთ, ევაჭრეთ, ეშანტაჟეთ, ოღონდ მხოლოდ საკუთარი სახელით,“ გეხვერწებით!!!“
    ჩვენს პროტესტს როგორმე თავად ჩამოვაყალიბებთ. იმდენია საპროტესტო! იქნებ ვერც დაგვეწიოთ... აგერ სულ მალე, რუსთავი 2-ის დაკვეთით, ქართული თხილი გვექნება დასაცავი მსოფლიო ბაზარზე.
    აქეთ მუხთარლის ცოლი გვიტევს, თან ისე გვიტევს, მაგ ქალმა, მგონი, 2 კურდღელი ერთად დაიჭირა - ქმარიც მოიშორა და ვიღაცის დავალების შესრულებითაც კარგად იხეირა. იჯდეს აქ, ელოდოს ჩვენი შსს მინისტრის გადადგომას და ჩვენ შევუგზავნით ფბ-ზე შეგროვილი ფულით მის ქმარს „პერედაჩებს“.
    ჩვენს საზოგადოებას ისეთ დღეში აქვს ნერვები, 14 წლის ძმების ქობულეთში გაპარვას უმკაცრესი ფანტაზიით აფასებენ. ჩნდება ეჭვი რომ ამ საზოგადოებას ბავშვობაში მარკ ტვენის ნაწარმოებებს უმალავდნენ.
    ამასობაში „დეზერტირის ბაზარიც“ მიგვეწვა და გაზის ტარიფსაც გადაგვიხედა მთავრობამ, რასაკვირველია ბიზნესის სასარგებლოდ...
    სამაგიეროდ, ქართული ტურიზმი ახალი გამოწვევების წინაშეა. რეინოლდ მესნერი საქართველოშია. ეგ ვინღაა? დაგუგლეთ ბატონო და გაიგებთ!
    კიდევ ადა მარშანია გვყავს კმაყოფილი რუსეთში ვიზიტითაც და საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ჯილდოთიც. ქეთევან წამებულის სახელობის ოქროს მედალი ეკუთვნის აბა არ ეკუთვნის? წამებულია აბა რა? ეხუმრებით მეოთხე წრეზე წასვლას პარლამენტში? თან რა წლებში!
    ისეთი ხუმრობის რა ვთქვი, სიმართლის ნატამალი არ ერიოს...
    იმ უკანალის რა ვთქვი, ხელისუფლების ვერტიკალზე წამოჯდომას რომ არ ოცნებობდეს... ხელისუფლებაში მოსვლა ოთხითაც შეიძლება , თუნდაც იმ უხერხულ პოზაშიც...
    ბრმა რწმენასთან სიმართლე გინდ გააშიშვლე, გინდ არა..
    მოკლედ, ასეთი ამბავია რა - თუ მდინარესთან "მდგომიარე" დაელოდები მტრის გვამის ჩამოტარებას, აშკარად უფრო ადრე დაინახავ მას, ვიდრე "მჯდომიარე".
    ბრიტანელი მეცნიერების აზრით, ადამიანების 90% ევოლუციას სიმულირებს.
    იმან, ვინც იცის რისი ღირსია დამნაშავე, ან არაფერს აკეთებს, ან ძალიან ბევრი იცის.
    ჩვენი მთავარი წესი კი ცხოვრება წესების გარეშეა, რაც, რიგ შემთხვევებში, უწესობას სულაც არ ნიშნავს...
    ადრე თუ გვიან მედიკოსი სტუდენტები აუცილებლად სვამენ კითხვას: რა სიძლიერის ტრავმულ შოკს შეიძლება გაუძლოს პაციენტმა. ყველა მასწავლებელი სხვადასხვანაირ პასუხს იძლევა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პასუხი წარმოადგენს კითხვას:
    გადარჩენის რამდენად ძლიერი სურვილი აქვს პაციენტს?
    საფრანგეთმა დიდი ხმაურით იზეიმა, როგორც ამბობენ, მაკრონის მეუღლემ, კატეგორიულად და კულუარულად უარყო ბასტილიის შტურმში საკუთარი მონაწილეობაო.
    ის ხომ გახსოვთ, ფლორიდელი რუპერტ დარვინი, 2 წლის ალიგატორის განსაკუთრებით მძიმე ფორმებში გაუპატიურებისთვის რომ დააკავეს? ნეტა ის ალიგატორი როგორ გრძნობს თავს? მახსოვს, სერიოზული ფსიქორეაბილიტაცია დასჭირდა. ვისაც გაქვთ, ეგებ მომაწოდოთ ალიგატორის ჩვენების ტექსტი და საერთოდ, ალიგატორი დედალი იყო, მამალი, აბორიგენი თუ ემიგრანტი?
    რატომ მიყურებთ ასე? სრულიად ლეგიტიმური კითხვები დავსვი. ვაღიარებ - სკოლაში ზოოლოგიას საერთოდ არ ვსწავლობდი. ვინც სწავლობდით, რაში გამოგადგათ?
    ნებისმიერი ჩვენგანის ოფიციალური ავტობიოგრაფია სასკოლო დღიურს გავს, - ცუდნიშნებიან ფურცლებს რომ ვხევდით, სახლში რომ არ ენახათ..
    ახლა არ დამიწყოთ - ჩვენ კი არ ვართ ეგეთები, ცხოვრებაა ეგეთიო...
    ნუ ახურებთ! ჩვენც ეგეთები ვართ და ცხოვრებაც ეგეთია...
    ახლა ჩემი პატარა ბიჭუნა მომადგა კითხვით:
    - დე სასწაულების გჯერაო?
    - კი დე, მჯერა, ოღონდ დღეს არა...
     

    ყავამშვიდობისა, ერო! 

    კატო ჩულაშვილი
  2. katya
    „ყურადღება მიაქციე, ჩემზე სულელური ხმები არ გაავრცელონ, ღმერთად არ გამომაცხადონ, კარგი, ფლეტჩ? მე თოლია ვარ. მე ფრენა მიყვარს..“.
    რიჩარდ ბახი, „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“
     
    მთავარია, საბრალო ფლეტჩმა თვალებს არ დაუჯეროს, თვალებს, რომლებიც მხოლოდ საზღვრებს ხედავენ....
    იმისთვის რომ სიცოცხლე გიხაროდეს, სულ ორი რამაა საჭირო: სიცოცხლე და სიხარული...
    მთავარია, ტყუილს არ შევეჩვიოთ საკუთარს და სხვისას, თორემ ყველამ ვიცით - ენთუზიაზმი როგორი გადამდებია, მაგრამ რა სწრაფად იკურნება.
    ერთხელ მოგატყუეს, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ... მერე უკვე გბეზრდება და აღარ ტყუვდები...
    მაშინებენ ადამიანები, რომლებმაც მუდამ იციან " რა და როგორ უნდა იყოს". არამგონია ღირდეს, საკუთარ თავზეც კი, ყველაფრის ცოდნა.
    მე ვიყო სირაქლემას ადვოკატი, თუ ამას ყურადღების მისაქცევად ვამბობდე...
    სირაქლემაზე გავრცელებული სტერეოტიპი კი ადამიანების მოგონილია. 80 წლის განმავლობაში 200 000 სირაქლემაზე დაკვირვებისას, არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა, რომ სირაქლემას თავი სილაში ჩაერგოს.
    ეს წმინდა ადამიანური სისუსტეა - თავის მოტყუების ხიბლი...
    აი ახლაც, პირველი აპრილის საღამოს, ვზივარ და ვფიქრობს - რა მოვიტყუო ისეთი, რომ არ დამიჯერონ?...
    ამოდენა ფილარმონია დღე, რომ მაიმუნობა-ციგნობისთვის ცდება, დავტვირთოთ თემატურად, მიზნობრივად და ფაქტობრივად და "პოლიტიკოსების საერთაშორისო დღეს" მივაბათ. ჯანდაბას, უქმედაც გამოვაცხადოთ, მეტი მოტივაცია ექნებათ დეპუტატებს...
    ე. წ. პრეზიდენტს პარლამენტმა შეუთვალა - შენ კი მოხვალ და ილაპარაკებ აპრილის 7-ში, მაგრამ, ჩვენ უდებატოდ ვერ გაგიშვებთ. მოსვლა შენი ნება იყო - წასვლა - ჩვენი იქნებაო... მარგველამ - ჯანდაბას თქვენი თავი და ტანი, ჯერ შემომიშვით და ერთი ავლაბრიდან გამომიტანეთ, მეორე მაქედან გამიტანთო...
     
    ხუნანის არქიტექტურულ ჯგუფს ფსიქიატრიული კლინიკების მშენებლობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდა დაეწყო და წელს პირველ კვარტალში დაესრულებინა. რა თქმა უნდა, პროექტი გადავადებულია, ჩვენში მედიცინის ამ სფეროში გაუთვალისწინებელი ძვრების გამო. როგორც ჩინელები აღნიშნავენ - ვერც არქიტექტურა გვეწევა და ვერც მშენებლობა. მასალათა გამძლეობაში კი ნიშნები, ძირითადად, ქრთამით იწერებოდა..
     
    გილოცავთ მშობლებო! აბიტურიენტების რეგისტრაცია დასრულდა და არსებული მონაცემებით წელს სტუდენტობისთვის „40 000 ახალგარზდა იბრძოლებს“-ო, გვახარა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ბრძოლითა შენითა მოიპოვე არა დიპლომი, არამედ მომავალი შენიო - ჯეჯეს უბრძანებია და წასულა სალაშქროდ "მთავრობის რიგითად", ევროპის დასაპყრობად..
    ნომერ პირველმა უფლებადამცველმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, ძველი წლების ნაშთებით. 30 თავიან ანგარიშში პრობლემებით კვლავ შსს ლიდერობს და, სავარაუდოდ, კიდევ კარგა ხანს არავის დაუთმობს ლიდერობას.
    ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექსმა სანამ ყირიმს არ დააბრუნებს რუსეთმა სიზმარიც არ ნახოს უკითხავად, სანქციების მოხსნაზეო. ჩვენ და ნატო მხარს ვუჭერთ უკრაინას, მთავარია, მაგან თვითონ „არ წეიქციოს თავიო“.
    ჩვენ რა? ჩვენ საოკუპაციო ხაზს ვუთვალთვალებთ ტრასიდან და ვოხრავთ. მთავარია, გული არ გავიტეხოთ... ამ დღეებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტი, მისივე აზრით, პროდუქტიული ყოფილა. თანამშრომლობა გაძლიერდებაო, მაგრამ რომელ პერიმეტრზე - არ დაუკონკრეტებია.
     
    ზაფხული მოდის და, ლამისაა გადავყვეთ საქონლის ხორცის ფასის მატებას. ეგ ტენდენცია, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ჩაქაფულის ინგრედიენტებზეც. სწორედ ამიტომ ჰქონდა საზოგადოებას უმწვავესი რეაქცია ალუჩის საბაზრო ეპოპეაზე. ალუჩა, მოგეხსენებათ, ტყემლოვანთა ოჯახიდანაა.
    საქონლის ხორცის „ნარატივი“ ასე გამოიყურება - აქამდე თუ აზერბაიჯანი გვხრავდა რქებიანად, ახლა ერაყმა ჩაანაცვლა და ბოლო ორ თვეში საქართველოდან 20 000 მსხვილფეხა გაიყვანაო. აი ალუჩის საიდუმლოებით მოცულ ისტორიას ჯერ ქლიავისფერი ბინდი არ შემოფლეთვია.
     
    თუ ვინმეს ჰგონია, ამ ხნის მანძილზე საქართველოში პოლიტიკური სუბიექტების ცოდნის, პრინციპულობის, ობიექტურობისა და კიდევ რამდენიმე მონაცემის ინდექსი გაიზარდა, ძალიან ცდება. ამომრჩეველი კი ნამდვილად გაიზარდა ხელისუფლებავ!.. კიდევ ქართული სუფრის, ხაჭაპურისა და ჰოლანდიური ალუჩის ინდექსიც. შესაბამისად, ჭეშმარიტება, ამიერიდან, ღვინოში კი არა ალუჩის კომპოტშია.
     
    ადიგენში ადგილობრივ ბირჟებზე ფანჩატურები უნდა ჩავდგათო და თვითმმართველობამ 76 270 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. კარგად რომ დათვალეს, 64 ბირჟა აღმოჩნდა მუნიციპალიტეტში. ფანჩატური ხის უნდა იყოსო და ვერ გავიგე, „არაფრის კეთების“ მსოფლიო ჩემპიონატი, ამიერიდან, კორეის ნაცვლად ადიგენში აიღებს სტარტს? ტყე-ტყედ, ხალხი - ხალხად, ფული -ფულად და დრო-დროდ. რამე უფრო სასარგებლო რომ მოგეფიქრებინათ?
     
    გიხაროდეთ ტელეპულტდამოკიდებულნო! მაისიდან ისეთი სერიალები გიბრუნდებათ , უკვე პატრონს და სიკვდილსაც რომ ჰქონდათ დავიწყებული - „სამეფო კარიდან“ - „ტვინ პიქსამდე“ .
    თავისუფალი სიტყვის უკანასკნელ და ერთადერთ ბასტიონს სიღარიბის აჩრდილი ეტაკა. აბორიგენებში შიშის დაძლევის მიზნით, ეგ ნიუსი „მარაოს“ და „კომედიარხის“ რეორგანიზაციად დაასათაურეს.
    რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს", იქ ქრონიკული უიმედობა სუფევს მდგრადი და სტაბილური ჯაჯანიძე-ხოფერია-ბაღაშვილების წყალობით.
    და გგონიათ, ხოფერიამ არ იცის, აქლემი რომ უფრო მარტივად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მართლმადიდებელი მეუფე შევა „კარეტით“ სასუფეველში?! მაგრამ, მეგრელობას რომ თავი დავანებოთ, ტელეჟურნალისტური ამბიცია ოხერია..ასეთი მდიდარი ქართული ენა და ასეთი ღარიბი წარმოსახვა... ეჰ... პრინციპში, მიზეზი საბაბის დედააო და... უბრალოდ, შესახსენებელია - შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა, ადამიანებისგან განსხვავებით, უკვდავია... არც მხოლოდ „გიყვარდეს მტერი შენია“ საკმარისი რეალურ ცხოვრებაში. ამ სიყვარულში თანამოაზრეობა და ორმხრივობაა მნიშვნელოვანი და ის ნებისმიერი საშუალებით უნდა მოიპოვო, მათ შორის, ზოგიერთებისთვის, ძალადობაც მოსულა..
    ძალადობაზე გამახსენდა, ელისო კილაძემ გასულ კვირას მორიგი არია შეასრულა თავისი „ტრაგიკული მეცოთი“ , ამჯერად უკრაინის გენპროკურორს შეუვარდა კაბინეტში - გივი თარგამაძე რასაც გეტყვის მიშაზე, არ დაიჯერო და თუ გინდა ის ფული მე გადამიხადე, მე უფრო მეტი ვიცი მაგაზეო.
    უგულავამ არველაძისგან „ევროქოცობა“ იუკადრისა თუ ნათლიად არ მოეწონა, მოკლედ, სახალხოდ სულ „მამაკაცური ღირსება“ უძახა მერ და პატიმარყოფილმა მეორეს.
    IRI-ს მორიგ კვლევაში პოლიტიკოსებს შორის, საქართველოს პრეზიდენტი ლიდერობს, რაც, პრინციპში, არც არავის გაჰკვირვებია, კომპანიის ტრადიციული მეთოდოლოგიიდან გამომდინარე.
    „ქართული ოცნება“ მხოლოდ პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევებს ენდობაო“ - კბილებსა და ქოჩორში გამოსცრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელიც მოწინავე ხუთეულში ვერ მოხვდა.
    ამ დღეებში დედაქალაქის გზებზე „პარტიზანები“ ჩასაფრდნენ და ჰოი საოცრებავ! რაც მათ იხილეს. ქუჩაში როგორც ვიქცევით, იმას მოძრაობა არ ჰქვია..
    მერია კვლავ შეება გარემოვაჭრეებს, ხოლო პარლამენტი - თვითმმართველ ქალაქებს.
    საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს უბრუნდებაო. რას დაატარებენ ამ უფლებას წინ და უკან იცის ვინმემ?
    თბილისის მერია პარკირებისთვის საათობრივი გადასახადის დაწესებას განიხილავს, ხოლო 3 აპრილიდან დედაქალაქში ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან - ნაგვის დამყრელთა დამჯარიმებლები. თავიდან, 2 კვირის მანძილზე მხოლოდ გაგვაფრთხილებენ, რომ თვალი შევაჩვიოთ და გაგვახსენდეს - ქალაქში ინსპექტორები დაიარებიან.
    პოლიტიკოსებსა და მათ ელექტორატს ჩვენში ერთი უმთავრესი უნარი გვაერთიანებს - პოლიტიკის არცოდნა...
    „მოქალაქის“ ეიჩარულ უნარებზე და მის შედეგებზე აღარ დავკონკრეტდები... სამაგიეროდ დავკონკრეტდები ანონსზე, რომლის მიხედვითაც, სულ მალე ბიბი გრიგოლიჩზე წიგნი გამოვა, რომლის ავტორი კაიგვარიანადოდიოზური ჟურნალისტია... წიგნის არ ვიცი და ის ჟურნალისტი კი აშენდება საშვილთაშვილოდ, თუ მოქალაქე კმაყოფილი დარჩა კალმით...
    სამართალი რა? ჩვენებური კრიტერიუმით ხომ ყველაზე წესიერი და პატიოსანი ისაა, ვინც ყველაზე ცოტა მოიპარა... აბა როგორ იპოვოს ღამის ფარვანამ ადგილი მზის ქვეშ?
    წმინდანებს აქვთ წარსული, ცოდვილებს - მომავალი. სრულყოფილების ადგილი მუზეუმშია...
    ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება,ეს ხომ ასე უბრალო რამაა, ჯონათან..
    1 აპრილს ვერგაცუცურაკებულნი ცუდადმოლოცილებში გავდივართ..
    ყავამშვიდობისა!
     
    კატო ჩულაშვილი
  3. katya
    აზრი თავში იბადება, სიტყვით გამოიხატება, საქმით სრულდება და ჩემთვის მთავარია აზრი! ( ვიასა, „მაჰაბჰარატა“)
    აი ასე... ითხოვდით და მოგეცათ! საზოგადოების მოთხოვნა ბაზრებს არეგულირებს და მე რას მიზამდა?!
    ამ ყველაფერს თქვენთვის, თქვენი ხათრით და მოთხოვნით ვწერ. ჩემი ინტერესის ნატამალი არ დევს ამ ტექსტში...
    აი, მეც ხომ გამომივიდა ისეთი პროლოგი, წინასაარჩევნოდ რომ უსწრებს ხოლმე „ასარჩევთა“ მიმართვებს?!
    ჰოდა, კამპანიას გაუმარჯოს!
    ნუში აყვავდა, დედების, ქალთა და სხვა ათასგვარ ჭინჭყლთა დღეები გადავაგორეთ, ანუ გაზაფხული დგას.
    რა თქმა უნდა სრულ ჭკუაზე ვარ, შესაძლებლობის ფარგლებში. ცხადია, გარემო პროცესები, ანუ ბუნიობის პერიოდიც თავისას შვება... ბოლო პერიოდში არ დაგვკლებია ციანიდი, წყევლა, ხანძარი, მიწის ძვრა, ვეტო, ვიზალიბერალიზაცია, ვანდალიზმი, შუშის ჭერი, გრიგალი, საფლავის ხამები, თბილისიც კი, გარევაჭრობის გარეშე...
    ჰმ..
    ერთი სიტყვით, წისქვილმა მოგვაკითხა, - „ჩემი დოლაბი მაიტათ! წაღება რომ იცით, დაბრუნება არ უნდა იცოდეთო?!“
    როგორც დიდი პაბლო ესკობარი ამბობდა: ვისაც სათქმელი აქვს, ის ყოველთვის ჩუმადააო! არადა, ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ სათქმელი უნდა ითქვას! ვისი სათქმელი? როდის? და სად? - ეგ ცალკე თემაა...
    ცხოვრებისეული გამოცდილებით" მხოლოდ იმ აზრის გამოტანა შეიძლება, რომ ეგ რაღაც „ ცხოვრებისეული გამოცდილება“, ფაქტიურად, არც არაფერში გვარგია...
    ისეთ რამეს შევიცხადებთ ხოლმე და ისეთ რამეზე ავიჩეჩავთ მხრებს, - ეს როგორ დაგვემართაო! ეს რა ხდებაო!? თითქოს ან საქართველოს ნაკრებს შეეძლოს უკეთესი თამაში, ან პირველად მოდის „ქარი“ მილიონების წასახვეტად კონკრეტულ მისამართებზე.
    თუმცა, ვიღაცეების ჯინაზე და გასაკვირად, ჯერ კიდევ შემორჩა ხალხი, რომლებსაც აქვთ უკეთესის მოლოდინი, დალოდების კულტურა და, მხოლოდ, იგავ-არაკების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში იგინებიან.
    სტადიონთან და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით, აქვე ჩამოგაწვდით იდეას - მოედანზე, ბალახოვანი საფარიდან გამომდინარე, გავაშენოთ საჩვენებელი ფერმა, ცენტრში ყველის მუზეუმით. და ჩვენ გვექნება ყველის ყველაზე დიდი მუზეუმი მსოფლიოში, რომელიც სარგებელსაც მეტს მოიტანს და სიამოვნებასაც. ცნობადობა- სიამაყის ინდქესს ხომ გაზრდის და გაზრდის!
    დიახ ბატონებო! ტრიბუნები უნდა ვაქციოთ სავაჭრო ტერასებად და წელიწადის ყველა სეზონზე გავმართოთ საერთაშორისო ფესტივალები. და არავითარი რაგბი მაგ სტადიონზე! ახლა ქართულ რაგბს აკლია ფეხების დაბორკვა და დათარსვა. დაეტიონ იქ, სადაც არიან, ან ახალი აუშენონ...
    რაა? მოქალაქეს ყველი არ უყვარს? ჩვენ გვიყვარს ბატონო და თუ სურვილი ექნება, სიამოვნებით გავესაუბრები „ჭეშმარიტ უმრავლესობაზე“...
     
    ერთხელ მიქარვა შეცდომაა, მეორედ - სიბრიყვე და მესამედ რომ დიაგნოზია გულში ყველამ ვიცით. ვერც აბი გლუკოზაზე პირის გაღებას დაგვასწრებენ, იმიტომ რომ პირველი ცათმფრენის ნატურა ჩვენებური ქათამი იყო. მაგრამ, აბა გაბედოს და ეგ ამბავი სხვამ გვატაკოს ცხვირში, თვალში, პირში... აქ ამბავი ატყდებააა!!!
    მთავარია, ქართველობა სხვამ არ წაგვართვას, თორემ ერთმანეთს რას ავახევთ, დავახევთ და ჩავახევთ, ეგ არავის საქმე არაა... და თქვა საბამ არაკი „ძალა ერთობისა“...
    ერთობის ძალა დღეს საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობის ორგიებში ბუდობს და ჩვეულ სტილში გრძელდება, კოდური სახელწოდებით - „ჩემი სიდედრი შენსას სჯობია“...
    „რჩეულნო!“ „მამულიშვილნო!“ ვიცით, რომ „კანონშემოქნედებითი“ ისევე როგორც ნებისმიერი პროცესი“ სასიამოვნოა, მაგრამ... ერთხელაც იქნება, ჩვენც მოვდუნდებით და უუუჰ, როგორ ვისიამოვნებთ!...
    ხომ ხედავთ, ჯანდაცვამაც დაასკვნა, რომ პარლამენტის ქუთაისის შენობაში დიდ ხანს ყოფნა სიცოცხლისთვის სახიფათოა. მანდ თქვენ თუთუნის მოსაწევად შეგიშვით თუ სააზროვნოდ?! ალბათ მაგ საგანგაშო მონაცემების ბრალია, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს განსხვავებული აზრის აღქმის და საკუთარის კორექტულად ჩამოყალიბების სერიოზული პრობლემა აქვს. თუმცა, მისი უნიკალური შესაძლებლობები - ერთდროულად დაგმოს კანდელაკის, დოლიძის და აბაშიშვილის უნარები და გამოხატვის თავისუფლება, გასათვალისწინებელია.
    ყველამ ვიცით, რომ ირონიული ღიმილი განაწყენებულებს აქვთ...
    ხოლო „38 თუთიყუში ერთი დიდი დანაყრებული გველის ტოლია“...
    დამსახურებული პარლამენტარი ქანთარია, შვილიშვილის მონაყოლს რომ არ დაეზაფრა, ისე აზრზე არ იყო, ქვეყანაში უმუშევრობა რომაა და ბავშვებს ბევრ რამეზე სწყდებათ გული.
    სამუშაო საათებში კეთილი ინებეთ და ტრიბუნას უყურეთ. ფილმების ყურება სახლში საკუთარ ტახტზეც გეყოფათ. 4 წელი რომ მარჯვენა მხარ-თეძოზე გძინავთ და წინასაარჩევნოდ მარცხენაზე რომ გადაგორდებით ხოლმე ნაწოლები ხომ არ გეწვით?
    ერთადერთი რაც მანდ არ გეზარებათ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაა და ტაში.
    იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსო.
    უფ, არამოტივირებულებს ხომ სულ თითის გაყოლებით კითხულობენ... ნეტაი თავს არ იტყუებდე და მაგ ხალხს არ აწუხებდე მარგველ! განა ჩვენ არ ვიცით, მაგ რაღაცეებს იმიტომ ინიშნავ, რომ მერე ისე შენიშნო სადაც საჭიროა, თითქოს რამეს აკეთებდე... აბა მანდ ჯდომის და ჩვენი ნაოფლარის თქვლეფის 3 წლიანი ვარდისფერი პერიოდი რამეთი ხომ უნდა გაამართლო? იმ პრეზიდენტის სკიპტრას კიარადა ვეტოსაც როგორც შაიტან, ისე გამაიტან ხოლმე... თუ დადება არ იცი შეკაცო. შეეშვი, ისევ ტექსტილს და ჰაზროვნებას მიაწექი...
    და აქ უნებურად მოდის შენი კანდიდატურის თავზე მომხვევის ხმამაღალ ტონებში მოხსენიების სურვილი, თუმცა, რაღა დროს...
     
    ზოგიერთს ფანტაზიამ და ამბიციამ იქამდე გაუქაჩა, რომ, აღდგომის დღესასწაულის მოახლოვებასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დგება გენიოს, ერისკაც, სახელგანთქმულ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ მიცვალებულთა გადახარისხების საკითხი. ამ კვირაში პიკს მიაღწია ბრძოლამ კეკეს ადგილისთვის მთაწმინდაზე. ადგილი დასწრებაზეა! ზოგადად საქართველოში საფლავიც დასწრებაზეა და შურიც... საუკუნეებია 3 საფლავს და ერთ აკვანს დაეძებს ქართველობა და ამასობაში ამდენი აკლდამისმაძიებელი გაგვიზრდია...
    დამშვიდდით ხალხო. ამ პირველების ქვეყანას ოდესმე იუნესკო პანთეონად თუ არა, არამატერიალური კულტურის ძეგლად მაინც გამოაცხადებს და ყველას გვეშველება.
    დიახ! ჩვენი ყველას ადგილი პანთეონშია და ამიტომაც გვაქვს გარდაცვლილთა აღიარების ტრადიცია, რადგან ცოცხლებს მიწაში მხოლოდ სიტყვიერად დებენ სიკვდილამდე.
    ბოლოს და ბოლოს გაიგეთ - ყველაფერი ისე კი არ იკითხება, როგორც იწერება, კაცო...
    ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქი აშენდება ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდებაო.
    ქვეყანაში, სადაც ამდენი უსახლკაროა, მთავრობა პრიორიტეტად სამთავრობო ქალაქის მშენებლობას მიიჩნევს. აქ კომენტარი უადგილოა, რადგან უკვე შემჩნეულები ხართ პრიორიტეტების განსაზღვრის „თავისებურ არგუმენტირებაში“.
    ზოგს კარგი მადა კარგ გემოვნებაში ერევა. ძალიან თუ შეგეშინდება, შეიძლება, შიში შთაგონებად იქცეს...აქაც თავს იჩენს პანთეონში ამქვეყნიური ცხოვრების ხიბლის ქვეცნობიერი. ჩნდება ეჭვი, რომ იდეის ავტორმა, სამთავრობო ქალაქის სივრცეში, მთავრობის წევრთა პანთეონის ადგილიც გაითვალისწინა.
    ის ხალხი - სულ რაღაც მიზეზს რომ ეძებენ, სხვის მიერ თქმულ სიმართლეში - რატომ თქვაო?. „უმიზეზოდ“ არასოდეს უთქვამთ სიმართლე ალბათ ასეთებს. )) გინდათ თავის მოტყუება? ვინ გიშლით ბატონო?
    წინასწარი შეშფოთებას და აკვიატებულ შიშებს, ზოგჯერ, სარგებლობაც მოაქვთ.
    ედისონს, რომ სიბნელის პათოლოგიური შიში არ ჰქონოდა, შესაძლოა, ნათურა დღემდე გამოუგონებელი ყოფილიყო.
    სპარტაში მაგალითად, შეკითხვაზე მოუფიქრებელი პასუხის გაცემისათვის, აღმზრდელი აღსაზრდელს ცერა თითზე კბენდა...
    ჯეჯე! მთავრობის პიარი კი არა, სანამ ჯერ კიდევ განათლების მინისტრი გქვია, მოახერხე ისე, რომ პედაგოგებს, რომლებსაც განათლება შეაქვთ თაობებში, სწორი მეტყველება ასწავლო მშობლიურ ენაზე.
    პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჭკვიანური სახით ყველაზე ხშირად შეიძლება აღმოჩნდე იდიოტურ სიტუაციაში.
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  4. katya
    აი ის მომენტი, როცა ფინჯანი ყავით და წიგნით ხელში მიდიხარ დისლოკაციის ადგილამდე ლიტერატურულ-კოფეინური ნეტარების განწყობით და, წიგნის ნაცვლად, საწოლზე ფინჯანს მოისვრი, ჰაეროვნად და საყვარლად...
    როგორ ვიქცევით ამ დროს?
    გაგვეცინება, ვიგინებით, საწოლს წიხლს ვუთავაზებთ თუ ახალი ულუფა ყავის ჩამოსასხმელად მივდივართ?
    მყისიერი პასუხი არაა საჭირო. დრო გვაქვს. უბრალოდ, თავიდანვე ერთ რამეზე შევთანხმდეთ, - ზოგჯერ გამოძინებაც საჭიროა... თან ისე უნდა გამოიძინო, რომ „საყვარელმა ადამიანმა“ კი არა პატრონმაც ვერ გიცნოს...
    ძილში, იქნებ, სიზმარიც ნახო. კარგი სიზმარი, რომელიც შეიძლება ახდეს...
    ზოგჯერ უსიამოვნებებსაც მოაქვთ სარგებელი - მათ ფონზე სიამოვნებები უფრო შეგრძნებადი და ხილულნი ხდებიან.
     
    „შეუძლებელი არაფერია“ ყველაზე ხშირად მათ ბაგეთაგან ისმის, ვინც, რეალურად, შესაძლებელსაც კი არ აკეთებს... ესეც თანამედროვე ცხოვრების სტილია...
    უმოქმედობის ინერცია კი გაცილებით ძლიერია აზროვნების ინერციაზე.
     
    უსაფრთხო გზაზე მხოლოდ სუსტებს უშვებენ... ძლიერები ეკალ-ბარდებშიც კარგად ივლიან და მიტომ...
    რაც სათქმელი იყო დიდი ხნის წინ ითქვა, მაგრამ, რადგან თავის დროზე ბევრმა ვერ გაიგო, პერიოდულად, უკვე ნათქვამის ახლებურად თქმის საჭიროება დგება.
    თუ ბოლო დროს ხშირად გეუბნებიან - სხვანაირი გახდი, არა ისეთი, როგორიც იყავიო, ნუ ინაღვლებთ. მხოლოდ თავს გამოუტყდით, რომ, უბრალოდ, ისეთი კომფორტული ვეღარ ან აღარ ხართ მათთვის, როგორც აქამდე იყავით და ეს თქვენი პირადი არჩევანია.
     
    სხვადასხვა ადამიანების მიერ გამოთქმული ერთი და იგივე სიტყვა განსხვავებულად ჟღერს.
    ბევრი ამსტერდამს „ცოდვების ქალაქად“ მიიჩნევს. არადა, რეალურად, ერთი თავისუფალი ქალაქია. უბრალოდ, უკიდეგანო თავისუფლების პირობებში, იქ უმრავლესობა ცოდვას ირჩევს...
    რამდენი ხანია "ყავა წერით" პრაქტიკაში არ მქონია და, ეგებ ვერც ისე დავწერო ადრე რომ ვწერდი და სხვებს მოსწონდათ.
    ეგეც გაივლის..
    სამაგიეროდ, არიან ადამიანები, რომლისთვისაც არც ვიცვლებით, არც ხასიათი გვიფუჭდება, არც ვბერდებით. მათთვის უბრალოდ წლები გვემატება და, რაც უფრო მეტი წელი გვემატება, უფრო ვფასობთ.
     
    ყველა მშობლის ოცნებაა შვილის ბედნიერებას მოესწროს. ზოგი ახერხებს, ზოგი - ვერა... მოლოდინი კი არსად მიდის - დგას!..
    მშობლის მოლოდინს სხვა ენერგეტიკა აქვს. დროსაც ასეთი მოლოდინი აჩერებს. გაიხსენეთ, ტრადიციული საწუწუნო ტექსტი - „ რა ნელა გადის ეს ოხერი?! „
    არ მიყვარს ლოდინი.. მაგრამ, ცხოვრებაში იმდენი რამის კეთება გვიწევს, რაც არ გვიყვარს, მოლოდინი იმათთან შედარებით ნეტარების აქტია....
    ცხოვრება ის კი არაა რასაც ძღვენივით ვიღებთ, არამედ ის - ამ ძღვენს როგორც მოვიხმართ.
    ყველამ ვიცით - შეუძლებელია იყო განათლებული თუ მხოლოდ იმას წაიკითხავ რაც მოგწონს.
    ოჯახურ ცხოვრებაში სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია - მარცხნივო... ასე ამბობდნენ „ჩვენებურები“...
    ადამიანის ტვინი პროგრამირებადი მატერიაა და თუ თავად არ შეურჩევთ პროგრამას, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც ისარგებლებს თქვენი უპროგრამობით და მერე იწყება თავდავიწყება ყველაზე პირდაპირი და ყველაზე ირიბი გაგებით.
    როცა საკუთარ თავზე არც ისეთი წარმოსადეგი წარმოდგენის ხარ, ეგ თავმდაბლობა კი არა თვითლიკვიდაციაა. ცხოვრება საკუთარი თავის რწმენის გარეშე სერიული თვითმკვლელის ცხოვრებას ჰგავს.
    ისე ვწერ, თითქოს ვიღაცის ცხოვრების შეცვლა ან გადარჩენა მინდა. არადა რეალურად საკუთარზე ვჩალიჩობ.
    მერე რა თუ ზოგჯერ ისეთ ხასიათზე ვართ - გულ-ღვიძლი იქით გვეხვეწება - დავლიოთო!
    სიფხიზლე არაა ყოველთვის მარგებელი... ჰოდა, კიდეც დავლევთ, კიდეც მოვწევთ, ქალებშიც ვივლით, კაცებშიც და მერე კმაყოფილები სიგარეტის კვამლს გავაყოლებთ თავში ტარაკნებისგან გამონთავისუფლებულ ადგილზე ჩაბუდებულ ფილოსოფიურ აზრებს...
    ცხოვრება ფიქრია და მოქმედება. ბოლო დროს მის „სავალდებულო პროგრამას“ სექსიც დაამატეს. არადა, აქამდე სექსი უსიტყვოდაც იგულისხმებოდა.
    კარგი რამეა ცხოვრება. ურთიერთობების აკადემია. სწავლა უფასოა, მაგრამ დიპლომი მაინც ძვირი ჯდება.
     
    ზოგჯერ ნებისყოფის მთელი მარაგის მობილიზება გჭირდება, რომ მხარი ან მიმართულება იცვალო კი არა, უბრალოდ, საწოლში მეორე გვერდზე გადაბრუნდე.
    კედლისკენ წოლას დამსახურება უნდა. დილის ყავის ლოგინში მორთმევასაც და კბილის ჯაგრისის მოთავსებას რჩეული პარტნიორის აბაზანაში.
    ადამიანებს არც სასმელი აფუჭებთ, არც საჭმელი, არც წამალი, არც ცხოვრების წესი. ეგ ყველაფერი წვრილმანებია იმასთან შედარებით, თუ როგორც აფუჭებენ ადამიანები ადამიანებს.
     
    კეთილი ადამიანები რომ არავის ენდობოდნენ, მათ არავინ არასდროს მოატყუებდა.
    კარგი ადამიანისთვის კეთილი რჩევის მიცემაა ალალი. კეთილისთვის - კარგი რჩევის. მთავარია, არაფერი აურიო...
    სიკეთეს პრაქტიკა ყოველდღიურად და ყველას მიმართ სჭირდება, თორემ შეძენილი უნარ-ჩვევები მალე ჩლუნგდება.
    როცა ადამიანს პირველად უკეთებ სიკეთეს, საპასუხოდ იღებ „დიიიდ მადლობას“
    მეორე ჯერზე - უბრალოდ „მადლობას.“
    მესამედ - არაფერს...
    აი მეოთხედ აუცილებლად გკითხავს „სიკეთის ობიექტი“ - სად ხარ ამდენ ხანს, დაგავიწყდა სიკეთე რომ უნდა გამიკეთოო? და თუ „შე-ჩე..“-ც არ დააყოლა, დიდი შეღავათია...
     
    მთავარი პირად ურთიერთობებში მაინც განსხვავების მოძებნაა მათ შორის ვინც, შენთან მხოლოდ თავისუფალ დროს მესიჯობს და ვინც დროს ითავისუფლებს შენთან სამესიჯოდ..
    მამაჩემს რომ ჰკითხო, - ყველაფერი რომ გააკეთო, რასაც ცოლი ითხოვს, მაგისთვის 10 სიცოცხლე არ გეყოფაო. არადა რას ითხოვენ ასეთს ეს ცოლები?
    კარგი ჯამაგირი, თითო ბინა შვილებისთვის, ერთი აგარაკი მთაში, მეორე - ბარში - შვილიშვილებისთვის, ერთი კარგი პირადი ავტომობილი, ფასდაკლების რეჟიმში შეძენილი კარგი საოჯახო ტექნიკა, ღამით დროზე და ფხიზლად მოსვლა, მეორე სათადარიგო ტელევიზორი, კიდევ ათასი წვრილმანი და, რაც მთავარია, ხშირად გამეორებული „მიყვარხარ“!
    ამ ყველაფრის შემდეგ ისეთი მარტივი სათქმელია, - მოყვარული ცოლ-ქმარი ცულის ტარზეც დაეტევაო...
    ახლა მანქანით ვერავის გააკვირვებ. სამაგიეროდ სიძე საბანკო კრედიტის გარეშე ღვთის საჩუქარია!
     
    მამაკაცებს რა? მაგათ, რეალურად, ან ქალი უნდათ და ან იმ ქალისგან მოსვენება...
    მინიმალიზმი რაიმეს დეფიციტს და ნაკლულობას კი არა, რაღაცის იდეალურ რაოდენობას, ფორმას და ზომას ნიშნავს.
    ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მახსენდება როდენის ცნობილი „მოაზროვნე“ და თუ ვინმე ვერ ჩამოყალიბდა "ის ტიპი" რაზე ფიქრობს? მაშინ მივანიშნებ - რაზე უნდა ფიქრობდეს შიშველი მამაკაცი?
    ჰო, რაც მთავარია!
    როცა მამაკაცი გატყობინებთ, რომ უნდა ბავშვი, იქვე აუცილებლად დააზუსტეთ - მხოლოდ ბავშვის შექმნის პროცესს გულისხმობს თუ მის აღზრდასაც.
    თუ გულმა რეჩხი გიყოთ და კალიგრაფიაზე შეეტყო ურთიერთობას, რომ ჰორიზონტზე ვიღაც „შენზე უკეთესი “ გამოჩნდა, არაა საჭირო ფეხის ფრჩხილების კვნეტა. კარგი პედიკიური არც ისე იაფი სიამოვნებაა. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ აუცილებლად მოიძებნება ვინმე „მასზე უკეთესიც“...
    დაპირება - „მთელი ცხოვრება მეყვარები“ - უიშვიათესი გამონაკლისების გარდა- ისეთივე აბსურდული და უსირცხვილო ტყუილია, როგორც „უკვდავება“...
     
    და მაინც... ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საერთო მოგონებები, ვერასოდეს გახდებიან ერთმანეთისთვის უცხო...
     
    ცნობისთვის, იმისთვის რომ თქვენს ბიო-სივრცეში რაიმე გაიზარდოს, ჯერ დათესვაა საჭირო.
    მერე კი, როცა „კეთილ თესლზე“ აღმოცენებულ ნერგთან აღმზრდელობით საუბრებს შეუდგებით, რაც შეიძლება ხშირად მიდით სარკესთან და ანარეკლს გაუმეორეთ - „ეს შენც გეხება!“
     
    დილით ყავის მირთმევამდე ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სირბილი კარგი რამეა...
    სირბილს საღამოსაც არაუშავს, მაგრამ დილა იმ მხრივაა კარგი, რომ მთელი დღე ყველაფერი კარგად იქნება. გარანტია სადაა? დილით რომ 10 კილომეტრს გაირბენ უზმოზე, მაგაზე უარესი იმ დღეს რაღა უნდა მოხდეს?
    ბებიაჩემი ზინკა მეტყოდა ხოლმე - ნამდვილმა ლედიმ ტუჩის კუთხეებით უნდა გაიღიმოსო. მე კიდევ ამ ყველაფერზე დღემდე ისე ვიღიმები, ზოგჯერ ტუჩის საცხი ყურის ბიბილოებზე მრჩება.
    ზოგჯერ ისე გრძნობ თავს, როგორც თქეშში მოყოლილი. დგება მომენტი, როცა ყველაფერი სულერთია...
    ჰო, მთავარია, ცხოვრება არ იყოს უწმაწური და ყავა იყოს მშვიდობისა! ;)
     
    კატო ჩულაშვილი
  5. katya
    ზოგჯერ ასეც ხდება – ჯდები და არაფერზე წერა გინდება. ან არც ჯდები, წევხარ, დადიხარ, ჭამ, ეწევი, რაღაცას აფუჭებ ან აკეთებ, და მაინც წერ. წერ ყველაფერზე - რაც გეტკინა, გაგიხარდა, მოგეწონა ან არ მოგეწონა, მიგავიწყდა, გამოგივიდა თუ არ გამოგივიდა.
    როცა უთანასწოროთა თანაცხოვრებაზეა საუბარი თავისი ყველა თანდაყოლილი თუ შეძენილი დეტალით, ამ დროს, სრულიად ნორმალური ადამიანები, სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად, კამასუტრას მოიმარჯვებენ ხოლმე და ...ვცადეთ ბატონო, ეგეც ვცადეთ, მაგრამ, ჩვენთან მაინც ყველაფერი ან უკუღმაა, ან გაორებული, ან დაოთხილი.
    რაღაც-რაღაცეებს ისე ვეჩვევით, არც ვუფიქრდებით . ყოველდღიურობაში კი უცებ აღმოვაჩენთ ნივთებს, ქცევებს, ადამიანებს...
    ეს დღეებია ყველა რაღაცას აჯამებს, ადარებს, ასაჯაროვებს, დასკვნები გამოაქვს და გეგმავს. გეგმებთან დაკავშირებით გულგრილი ვარ, სხვა განზომილებებზე ვარ მინდობილი იმიტომ, რომ არ მიყვარს, როცა ჩემს ბჭობაზე ღმერთი იცინის. ფაქტია, ვიღაცამ სადღაც ჩვენზე უკეთ იცის, როდის რა და როგორაა საჭირო.
    ამ დღეებში ვინ დათვლის მერამდენედ ვუსურვებთ ერთმანეთს საუკეთესოს. თავს დავიიმედებთ, რომ ჯერ კიდევ შეგვძლია თავს გართობის და არაფერზე ფიქრის, მითუმეტეს არაფრის კეთების უფლება მივცეთ... დავლევთ, შევჭამთ, ვიხორხოცებთ, ვისაც გაგვიმართლებს სექსითაც დავკავდებით... ამასობაში კი რამე იქნება. ან შეიცვლება ირგვლივ რეალობა უკეთესობისკენ, ან არა და ამას „ცხოვრების უსამართლობას“ დავარქმევთ და მშვიდად გავატარებთ.
    ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი უჩვენოდ წინასწარაა გაწერილი და ვერაფერს შევცვლით, ქუჩაზე გადასვლისას აქეთ-იქით გულმოდგინედ იხედებიან. ის, რაც ყოველთვის გვაყოვნებს და გვასუსტებს საკუთარი თავია. და თუ გვინდა, ერთ მშვენიერ დღეს რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი გავაკეთოთ, რაიმე შევცვალოთ, ეგებ იმაზეც გვეფიქრა, რომ ის „ერთი მშვენიერი დღე“ სწორედ დღესაა...
    მაჰატმა განდი ამბობდა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან. ფინჯან ყავაში ყოველთვის აღმოაჩენ სამყაროს შენთვისო...
    მაისიდან მოყოლებული, 7 თვე ისე გავიდა, „მშვიდობის ყავა“ არ შეგვისვამს ერთად. მიზეზი ძალიან მარტივია - "უქეიფობა", როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ.
    იმედი მქონდა, უქეიფობა გადაივლიდა ხვალ, ან ხვალის ხვალ, როგორც ჩემი ნიკოლოზა ამბობს, მაგრამ,- ნურას უკაცრავად...
    მაისის თვე ბათუმში გავატარე ადგილობრვ არჩევნებში თავიდან-ფეხამდე ჩართულმა. წერის სურვილიც მას შემდეგ გაქრა. რაც აჭარაში ადგილობრივ არჩევნებზე მოხდა, სერიოზული ნიჰილიზმის საფუძველი იყო და არ გვინდა ახლა ჟღალი დიალოგები იმაზე, როგორ დადებითად შეაფასა ეს არჩევნები დასავლურმა სამყარომ. ეს ნამდვილად არაა ის დემოკრატია, რომელიც წარმომიდგენია. არც პარალელურად განვითარებული მოვლენები და ადამიანთა ქცევა იყო „საოცნებო“ ურთიერთობის მაგალითი. უფრო პირიქით...
    ბრძოლა კომფორტისთვის და არა არსებობისთვის, ბრძოლა პრინციპისთვის და არა იდეისთვის. ნაკლები უფლება - მეტი მოვალეობა და მაინც სად გადის სახელმწიფო მოხელის საღი აზროვნების შუკები, ეს მხოლოდ ერთეულებმა იციან.
    კარიერულ კიბეზე რთული საწყისი ბიძგია იატაკიდან. მერე უკვე ყველაფერი მარტივია.
    სიბრიყვეა იმის მოლოდნი რომ ვინმე მოვა და შენს გასაკეთებელს გააკეთებს. ვიდრე არ აიძულებ, თითსაც არავინ გაანძრევს. ასეა ეს.
    ეჰ, ჩემო კარგებო! უმრავლესობა რომ ყოველთვის მართალი იყოს, მზე დედამიწის ირგვლივ იბრუნებდა...
    ნუ ჩქარობთ ადამიანს უწოდოთ ანგელოზი, ეშმაკს ხომ იცით არ სძინავს?! ჯერ კარგად დააკვირდით, ეგებ ეს მორიგი შებუმბლული სასწაულია...
    არც სპონტანურად იმის დანგრევა ღირს, რაშიც ბოლომდე არ გავრკვეულვართ.
    ერთი სიტყვით, გვაქვს პოლიტიკა ცვალებადი მოღრუბლულობებით. ალაგ-ალაგ ნალექით და უნალექო თოვლით.
    მუდმივი ოცნება მავნებელია, რადგან ახდენილი ოცნება შეიძლება კოშმარად იქცეს. პრინციპში აუხდენელიც...
    ზაფხულმაც გული იჯერა ყინულიანი ყავის და მოდური ლუდის სმით, ჩაილურის წყალიც დალია, კაზანტიპის მლაშე ნაგუბარიც ყლაპა და შეგვატოვა სიყვითლისადმი მიდრეკილ სეზონს. აგვიკლეს „ყვითლებმა“ ჭორის დეიდებ-მამიდებმა. კარგი გასაგდებია ფეხ ქვეშ ეს ჩვენი სამამულო მედია (უმცირესი ნაწილის გარდა) „სხეულით ვაჭრობის ადგილის გადაცემისთვის“.
    ხომ გახსოვთ ის დრო, „მოსკოვს ცრემლების რომ არ სჯეროდა“ და ტელევიზიაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ჩვენში ტელევიზია ვერასოდეს გახდება ხელოვნების დარგი, იმიტომ რომ ის მაყურებლის მოლოდინსა და ინტერესებზეა ორიენტირებული. კიდევ შემოსავლებზე და არაპროფესიონალთა გემოვნებაზე.
    როგორც ერთი კარგი ექიმი და იმაზე ათჯერ უკეთესი მწერალი, პატივცემული ანტონი იტყოდა, - კარგია იქ, სადაც არ ვართ. წარსული მშვენიერად ამიტომ გვეჩვენებაო. აქვე დავსძენ, რომ ნამდვილი გამართლება ლატარეაში მილიონის მოგება კი არა, პირველივე ჯერზე ნამდვილო ექიმის ხელში ჩავარდნაა. ესეც პირადი გამოცდილება ოჯახურ ინტერიერში...
    გოეთეს რომ ჰკითხო, -არაფერი ისე უკეთ არ მეტყველებს ადამიანის ბუნებაზე, ვიდრე ის, რაზეც მას ეცინება. და რაზე გვეცინება ჩვენ ამაზე დაფიქრებულხართ? ან რაზე გვაიძულებენ გავიცინოთ? გოეთეს მწარედ გაუმართლა, რომ მკვდარია...
    პიარი, კადრები, პროფესიონალები ისევ დეფიციტშია, სამაგიეროდ პრეფიციტულია ნეპოტიზმი.
    კულტურა? კულტურა ფეთქებადია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
    გაჯანჯლებული კოჰაბიტაცია განსაკუთრებით იმედის მომცემი გამოდგა ნებისმიერი სახეობის პარაზიტისთვის. და არ გვაძინებს იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცეებს ჩვენი მიტაცებული ქონება ყელზე სულაც არ დაადგებათ, მშვენივრად შეირგებენ.
    საუკეთესო ცხოვრებისეული დევიზია - ნუ იცინგლები და თავს თვითონ უშველეო.. თვალწინ გვაქვს ცინგლიანი მიხეილის ცოცხალი მაგალითი. ძებნილმა კრიმინალმა ახალი წელიც მოგვილოცა და 1 წელიწადში ახალ „სხვა საქართველოში“ ერთად ცხოვრებას დაგვპირდა. ამაზე ცნობილი ბარონის ის ისტორია გამახსენდა თმებში რომ ხელი ჩაივლო და..
    ჰო, გაიღიმეთ ბატონებო! გაიღიმეთ! ხომ გახსოვთ - დედამიწაზე ყველაზე დიდი სისულელეები სერიოზული სახის გამომეტყველებით კეთდება..
    და რა ვუყოთ რომ სიმართლეს რუხი ფერი აქვს...
    და მერე რა, რომ წინასაახალწლოდ ისეთი კომუნალური ქვითარი მივიღეთ, სულ მინიმუმ, ჩვენს ონკანებში ბორჯომი უნდა მოჩქეფდეს, ნაგავი ლექსუსებით გაჰქონდეთ, ბუნებრივი აირი პირდაპირ ალიევების ნედლი მარაგებიდან მოგვდიოდეს და ბინებს ალადინის ლამპარით ვანათებდეთ.
    ეეე.. კარგით რა ხალხო რაა კი არა და, კარგი რა კალა რა..
    ჩვენი ქვეყნის ნაპატივებ ფინანსთა მინისტრს ალალად უკვირს, რატომ ქმნის ხალხი პანიკას ლარის ვარდნაზე და 10 ლარიან საპენსიო დანამატზე, თითქოს ახალი წელი პირველად და უკანასკნელად მოდიოდეს... ნუთუ მართლა წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით სრულფასოვნად? ვინ გვიკრძალავს წელიწადის ნებისმიერ დღეს ერთმანეთის ჩახუტებას, გამოძღომას, საჩუქრების გაჩუქებას? ფულის ხარჯვას?
    პირადი ბიუჯეტი? რა ვიცი? ხადურმა საზეიმო ვითარებაში შეგვატყობინა - შესრულდაო! დავიჯერო, ისევ ვიღაცა ურევს?... კონტრაბანდული აიფონიდან სამყაროსთან სულ სხვა კომუნიკაციაა..
    მდიდრულ აპარტამენტებში სათაგურშიც კი „პარმეზანი“ დევს.
    და ვინ თქვა, რომ წლის დაიჯესტის წერა რთულია?
    ეგ რომ რთული იყოს, ჩვენი ნებიერა მედია (მცირე გამონაკლისის გარდა) თავს არ შეიწუხებდა თემაზე- წლის ხუმრობა, წლის მუქარა, წლის პოლიტიკოსი, წლის კურიოზი, წლის მაფიოზი, წლის აფეთქება, წლის მიღწევა, წლის შარი, წლის ნიშანი, წლის აშარი..
    პარლამენტი რა... ჩარჩა ისევ ბაღის ჯგუფში. მთავრობაში პროგრესი გვაქვს - ცვლიან-პანტა პუნტით, მგრამ კიდევ ვერ გავიდნენ ბოლოში, დარჩათ ხეზე ყუნწმომპალი ვაშლები. და ვინც შეცვალეს უვარგისობის გამო, იმათ რომ სხვაგან ასაქმებენ. ნუ მკითხავთ რა ფენომენია ეს... პასუხად დუმილს მიიღებთ.
    და მაინც გკითხავთ ვისაც გეხებათ - თუ იქ არ ვარგოდა აქ ივარგებს კაცო?!
    პარლამენტს ყოფაქცევაში ორი! გავიგეთ, რომ პუტინი მტერია! იმიტომაც ვერ ითრია ფოთის ტერმინალი..
    ხუდონ ჰესზე ვიდებატეთ, ქართული ყველი თავიდან აღმოვაჩინეთ.
    საკადრო საკითხებზე იყო მხოლოდ სიტყვა - „სანთლით საძებარი“.
    სადღაც ისევ ფიქრობენ, რომ ხალხი სულელია...
    სიცრუის სამეფოში კი ჭეშმარიტება მხოლოდ მეფის მასხარაა...
    ექსპერტები, მომწიფებულნი, გადამწიფებულნი და მკვახენი, ზოგნიც უნაყოფონი.
    მადლი? მადლი თავის გზაზე დაიარება...
    ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მაგრამ, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დაშვებულმა საკადრო შეცდომებმა და ხელისუფლების განშტოებათა შორის კინკლაობამ ეს სიხარული უნებურად გადაგვიფარა.
    საახალწლო დღეებშიც მშრალი ხიდი სავსეა ოჯახური ისტორიებით. სათუთად ჩამორიგებული ნივთები მდუმარედ ყვებიან უცნაურ ამბებს. ვყიდით და ვყიდულობთ წარსულს, ხან საკუთარს, ხან სხვისას.
    ბავშვობიდან მახსოვს, რომ რუხ მგლებს ძალიან უყვართ ბებიების ლოგინი. რომ უფასო ბუნებრივი აირი მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტშია.
    მშობლები კიდევ ნუ ბერდებით რა!..
    მოთმინება უმაგრესი თვისებაა, მაგრამ ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ დიდხანს ითმინო.
    ისეთი დიალოგი გამომივიდა საკუთარ თავთან, ახალი წლის კარგად დახუნძლული სუფრის შემდეგ 2 ადამიანი სამზარეულოში რომ შემორჩება ერთმანეთს და ცხოვრებისეულ სიბრძნეზე ბჭობას მოინდომებს..
    მაგრამ ასეც კი არაა საქმე?! მეც თქვენსავით ვიცი, რომ სასწაულები იქ ხდება, სადაც მათი სჯერათ და რაც უფრო მეტად სჯერათ, მით უფრო ხშირად ხდება...
    ყავამშვიდობისა და ტკბილად დამიბერდით, ხალხო!
  6. katya
    მაისის მშვიდ, მზიან, თბილ, გაკვირტულ თბილისურ დილას შაშვის გალობა რომ გაგაღვიძებს, გვერდით არხეინად და ვარდისფრადმფშვინვარე პატარას გადახედავ, ფეხაკრეფით გადმოხოხდები საწოლიდან, რაც ხელში მოგხვდება, იმას შემოიცვამ, სხვა ოთახებში ჯერ კიდევ სძინავთ, ამიტომ ყავის და სიგარეტის სოლო პარტიას არაფერი ემუქრება და, ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე, მიუჯდები „კომპს“. „ქულერის“ ღუღუნი შაშვის დილის არიას აყვება და ეს ვირტუალური ფანჯარა დიდ სამყაროში იმდენ ამბავს მოგაყრის, უცებ ფარდის ჩამოფარების სურვილი გიჩნდება, სულ ცოტა ხნით, ვიდრე სიზმრისგან გამოყოლილ განწყობას მოაშინაურებ...
     
    ძალიან მტირალა გამოდგა აპრილი. წვიმდა ნაწვიმარზე, უწვიმარზე და საწვიმარზე...
    ბრწყინვალე შვიდეულის კვირაც გადავაგორეთ, ვითარცა ენდროცურვილი კვერცხი ჯეჯილზე. ჯეჯილი იყო ცვრიანი, არა - წვიმიანი...
    ოჯახურ ინტერიერში მშვენივრად გრძნობს თავს მინიატურული მოლი ბამბაში გამოზრდილი ხორბლის მარცვლიდან აღმოცენებული.
    იქუხა, იჭექა, იმეხა, მოკლედ აპრილმა საფუძვლიანად მოიჭრა თავი დუნიაზე. თვალის პაჭუნით მოიქანცნენ გამვლელ-გამომვლელის ნაჭყაპუნები გუბეები. ნიშნს გვიგებდნენ თითქოს,- აბა ვის არ გჯეროდათ მიშა ასფალტს თან წაიღებსო? გაიყოლა თუ არა?
    ფუი ეშმაკს! მიშა რაღამ გამახსენა...
    კვირაცხოვლობასაც წვიმდა "დაბარებულივით", ხუთიანზე მოყოლილი გაკვეთილივით - სხაპა-სხუპით. იდგა აღდგომის სიხარული, სევდა და მონატრების აპოგეა.
    დეტალები არ ვიცი, უბრალოდ მწამს, რომ იქ ან აქ, ზევით ან გვერდით, ყველგან და ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ჩვენზე გაცილებით დიდია და ჩვენზე უკეთ იცის რა უკეთესია, როდის? და რატომ?.
    ჩემი წინაპრების იმქვეყნიური არსებობისაც მჯერა. როცა ჩემი ჩაბარგების თუ აბარგების დრო მოვა, იქ დამხვდებიან უსაყვარლესი ადამიანები და ამიტომ, სულაც არ მეშინია. პარალელური სამყაროს არსებობისაც მჯერა. ვხედავ ხან სიზმარში, ხან ცხადში, კადრებს, რომლებიც ძალიან მეცნობა. ვგრძნობ სუნს, რომელიც ახლობელია, შეხებას, რომელიც უკვე მიგრძვნია. ჰო, კიდევ სიკვდილის სუნს ვგრძნობ. უცებ ამეკვიატება ბალზამისა და დამჭკნარი ყვავილების ნაზავის სუნი და ვიცი, - ვიღაცის სიკვდილს გავიგებ. ახლობლები „ხოჭო მესაფლავეს“ მიძახიან. ბავშვობიდან მიყვარს სასაფლაო. არ ვიცი ტომის და ჰეკის გავლენაა თუ ჩემი შურას და ზინკას რჯულზე მტკიცე ჩვეულების, მაგრამ იქ ყველაზე მშვიდი, ყველაზე მომლოდინე და მრავლისმთქმელი სიჩუმეა. მზეზე ვიმუხტები და სასაფლაოზე. თუმცა, ყველამ იცის, რომ მიცვალებულთან მიახლოვება ჩემთვის ისეთივე კრუნჩხვით გადასატანია, როგორც მშობიარობა. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ ოფიციალური მონაცემებით. ეკლესიას რომ ჰკითხო, - სიზმარი ეშმაკისეულიაო! არ მჯერა... ვაშლიც კი ითვლებოდა სამოთხეში "აკრძალულ ხილად," მაგრამ ხომ გაირკვა, რამდენ ვიტამინს შეიცავს...
    რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ხე, რომელსაც ბავშვობიდან ჩინურ იასამანს ვუძახდი და ჩემების საფლავებზე ყვავილობდა, გლიცინია ყოფილა…
     
    ყავის მესამე ყლუპზე აღვიდგინე - ჩემი კატერინას და ლიმონიჩის სიმღერა დამესიზმრა, ბანტიან გიტარასთან შეწყობილი.
    დამესიზმრებოდნენ აბა რა?! მთელი აპრილი ისე გავიდა, არაფერი დამიწერია. აღდგომის მისალოცადაც ვერ მივაღწიე ვერცერთ საფლავზე... არადა როგორ უყვარდათ აპრილი და ყვავილობა..
    "ლურჯი აპრილი შენს თავს მაგონებს" - მღეროდა დიდი ეკატერინე მაცდურად თვალებმოჭუტული. ახალგაზრდა იყო მაშინ, თითქმის ჩემხელა და რა დიდი მეგონა...ლურჯი აპრილი ბევრ რამეს მაგონებს. თქვენს თავს - ვინც მენატრებით, აღარ ხართ და მაინც ხართ...
    მაინც ვერ ვხვდები, რატომაა აპრილი ლურჯი? ლურჯი კი არა, იასამნისფერია. და სამოთხეშიც, ალბათ, იასამნის სუნი დგას...
    იასამანი რომ აყვავდება, უცნაურობა მჭირს - ბებიების მონატრება ქვია მაგას..
    ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოც ბებიების თამადობით უნდა ისმებოდეს... როგორ მშურს საკუთარი შვილების... არადა რამდენი ბებო მყავდა!!! დიდი ბებიები, ნაღდი ბებიები, ბებიდები, პაპიდები, კიდევ ექსკლუზიური ზინკა და შურკა.... ყველა განსხვავებული, ყველა უსიტკბოესი...
     
    ყოველ სნეულებაზე სიყვარული ძნელია ..
    რა კარგია გაზაფხული...
    დები იშხნელების რეპერტუარი და ჩემი კატუშას და ლიმონიჩის ბაფთიანი გიტარა. ასე უყვარდათ ორ ხმაში და გადაიმღერეს კიდეც მთელი ცხოვრება...
    ბუნება რომ აყვავდება, გულიც გადახალისდება...ვენაცვლები გაზაფხულსა, ანეტარებს იგი გულსა..
    მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის... არ დაიჯერებ თუ ვით სატრფო ხარ... ყაყაჩო აყვავებულა კატუუშ... ვარდი გაშლილა, იაო...
    მთელი ცხოვრება - "სიყვარულით სნეულები"... ყოველ სისხამ დილით ერთი ახალი სტროფი კატუშას და უამრავი აღფრთოვანებული გამოხედვა.
    - სოსოია დაგეცეს მეხი მასხარა თავზეო! - ისეთი სიყვარულით მიაწყევლიდა, ჟრუანტელი დაგივლიდა. თანაცხოვრების 60 წელი ერთ საწოლში გაატარეს, ერთი საბნის ქვეშ, საბჭოთა პერიოდის სტანდარტების ხარისხიან "ნიკლიკრაოტზე" და სულაც არ იყვნენ ვიწროდ. ლიმონიჩს შეეძლო დღეში 10-ჯერ გაევლო ერთი და იგივე მარშრუტი "კვენაკლიდან" (უბანია წნორში) წნორის ცენტრამდე. მერე კატუშა რომ აღარ იყო, ნამდვილი თანამეცხედრე გახდა. 4 წელიწადი მის საფლავზე "გადაცხოვრდა" . გადიოდა დილიდან და შებინდებულზე ბრუნდებოდა სახლში. 19 იანვარს, მისი კატერინას დაბადების დღეს ღამე საფლავზე გაათია. - ჩემს კატოს ჩავეხუტეო!- თავი გაიმართლა, რომ ვუსაყვედურე. "ფილტვები აინთო" სიყვარულით და ლოგინიდან აღარც ამდგარა. მხოლოდ იმას დარდობდა, კატო მარტოა იქ უჩემოდ და რას იტყვის ამდენხანს რომ ვერ ავდივარო...
    აღდგომას დრო და მარადისობა ყაიმზე თანხმდებიან...
    რა სასწაულია სიკვდილის სიკვდილით დათრგუნვა - ამას უფლის მეტი ვერავინ მოიფიქრებდა...
    დათრგუნული სიკვდილი ჯილდოა და მერე მოდის... იქამდე თუ შეძლებ და შენში არასასურველ რამეებს დათრგუნავ - შიშს, შურს, ანგარებას, უმადურობას, იმას, რასაც ზოგადად ბოროტებას ვუძახით...
    დიდი მადლია ღმერთს მისიანად თუ მიაჩნიხარ. არც ცხოვრებაა პრობლემების სკივრი, უფრო შესაძლებლობების ზღვაა.
     
    დიდი ელისაბედი ნიგვზის ზეთს რომ ხდიდა ფურცელივით ქათქათა თითებით, თან ასე "ულოცავდა" - ეკაიამ ჩეიფსა, ეკაიამ ჩეიფსაო.
    თაფლის სანთელივით თითებში რა ღონე ჰქონდა ასეთი... რამდენჯერ მიცდია, წვეთიც ვერ გამოვადინე. არადა, იმ ძველ წაბლის სახლში, მთელ ბუკისციხეს რომ გადაჰყურებდა, კაკლის განჯინაში სულ იდგა ნიგვზის ზეთით სავსე ქილა. ვაი იმას, ვისაც სუფრასთან მისი გამოტანა დაავიწყდებოდა და "ოჯახის დიასახლისის ღირსებას შეარცხვენდა!" მისი "მოსწრებული რძალი" - ჩემი ბაბუციკო, ნაღველს ყავდა ჩემსავით შეწუხებული და, თუმცა, თავად არ გეახლებოდათ ნიგვზიანს, მაინც დიდი მოწიწებით ასრულებდა დედამთილის დაწესებულ რიტუალს. მე კი ბაბუციკოს ნატეხი შაქრის აწაპვნა მიყვარდა და არც პიტნის წვეთების ზედ მოსხურება მავიწყდებოდა. მიშლიდა, არ შეიძლება ბებია ბაღნებიზა მაგიო, გულს დაგიგლახავებსო... არაფერიც არ დამიგლახავა. კარგი საკუჭნაო გამოდგა...
    საიდანღაც მახსოვს, ვისაც უძილობა არ გამოუცდია, მან არ იცის თავისი ბიოგრაფიაო. უძილობაც გენეტიკურია ალბათ და ელისაბედისგან გამომყვა. - მე რომ დევიძინო, როისღა გიყუროთ ბებიაო. რამდენჯერ გამღვიძებია ღამით. იჯდა თავის ბამბუკის სავარძელში და ჩვენს ძილს დარაჯობდა. ელისაბედ ქერქაძე თორმეტის იყო. "მოსასპობი ილარიონა" - 15-ის. მღვდელი ჯვარს არ წერდა, ერთი წელი სოფიოსთან ეძინა, დედამთილთან. დედასავით უყვარდა დედამთილი. ამიტომაც მასთან დარჩა, როცა "ჩოხატაურის მაზრის თვალი" ილარიონა კიკვაძე ბოლშევიკებს გაექცა ცნობილ ამალასთან ერთად. დარჩა დედამთილთან 3 შვილით 18 წლის. ბევრი მთხოვნელი ყავდა, მაგრამ ვინ გაუბედავდა? 2 შვილის სიკვდილს მოესწრო. ბოლშევიკებმა დამაქციეს ბებიაო... - ახლა რომ გაიღოს ჭიშკარი და ილარიონა შემოვიდეს, რას იზამო? - ხშირად ვეკითხებოდით ორიკინკილა შვილიშვილი. რა ჯანდაბად მინდა აწი მაგის დასაღუპავი თავი, თქვენ თუ გამოგადგებათ რამეშიო.
    ჰოდა ქსოვდა და ქსოვდა ელისაბედი, სათევზაო ბადესავით გულდასმით, თავის ცხოვრებას. სამივე შვილს ასწავლა, გზაზე დააყენა და ქალაქში დაასახლა. ვაჟიშვილის სიკვდილის მერე "ალაგიდან" ფეხი არ გადაუდგამს, მაგრამ ქორწილი იყო თუ "ტირილი" ბუკისციხეს, ყველა სუფრაზე ელისაბედის ხაჭაპურები, საცივი და ღომი იდგა. სასწაული ყველი ამოყავდა, უფრო სასწაულ თაფლის არაყს ხდიდა. კაცებიც რომ ვერ ხდიდნენ ისეთს. ადესით და ცოლიკოურით სულ ქონდა 7 ჭური სავსე დაფნებში. ჰო, კოლექტივში არ უვლია, პროტესტის ნიშნად. - ჩემი შრომა-დღეები ჩემი ბაღნებიზა მინდა მეო!
    შემოდგომით საჯანჯუხე თხილს ასხამდა გასანთლულ ძაფზე, საგულდაგულოდ დარჩეულს და ყველა იყო "ქრისტეს ასაკის" - 33 თხილიანი.
    - ეხ ბებია, გამოჩერჩეტებული ბებერია, რას პრუტუნობს ნეტაო, მარა ახალგაზრდები რომ აბდლები ხართ თლათო? სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ჩვენს თავებში და გულებშია ბებია. ადამიანი რომ მეიფიქრებს იმაზე არც უკეთესი შეიძლება იყოს რამე და არც უარესი, ვისაც რისი ეშინია, ისაა მისი ჯოჯოხეთიო. მე უთქვენობის მეშინია ბებია, სიკვდილის კი არაო?
    -ბაღანა არ უნდა ატირო ბევრი, თუარა, რომ მოკვტები, საფლავზე დასაღვრელი ცრემლი აღარ ექნებაო, - ასე ამბობდა ელისაბედი. არადა, მერე, გვიან გავიგე, პითაგორას უთქვამს მსგავსი რამ, კარგახნით დაუსწრია ელისაბედისთვის.
    ერთი კვირა სამოთხის კარი ღიააო, სამოთხეში ღია კარის კვირეულია. სანატრელი დროა, ღმერთმანი!
    ჰოდა, ელისაბედიც ასეთ კვირას მივაბარეთ მიწას, შვილის გვერდით. მაშინაც უსაშველოდ წვიმდა. საფლავი წყლით დაგვხვდა სავსე. მახსოვს, როგორ ხაპავდნენ მეზობელი ბიჭები მუჭით საფლავიდან წყალს, სანამ ბოლომდე არ ამოაშრეს. ყველაზე ამაგი ქონდა და ყველას მიმფერებელი იყოო ელისაბედი. დედამთილის შორეული პოლონელი ნათესავი შეიკედლა, ან საიდან მიაგნო... სევასტოპოლში დავახვედრე ბიჭები, რომ დევინახე, ლანდი გასდიოდა ყურებში ბაღანასო. სოფელში ვიღაც მოცლილს და "მორიელის ენიანს" უთქვამს, ელისაბედმა ის გოგო მოჯამაგირედ დაიყენაო. წყენოდა ელისაბედს, ძალიან ტკენოდა. არადა იმ ელიჩკამ რომ დაიტირა, ისე საკუთარ შვილიშვილებს არ უტირიათ, დამახასიათებელი გურულ-სლავური აქცენტით - ჩემი ბაბოЯ აღარ მყავსო.
     
    გამომაისდა. დღეს ბაფთიანი გიტარის სამშობლოს დღეა - ქუთაისობა. მეზობლები გვყავდა მარჯანიშვილზე - ქუთაისიდან გადმოსული უმაგრესი ებრაული ოჯახი. ორი წითელთავა ბიჭით. სულ რაღაც გემრიელობებს ილუკმაბოდნენ იცხაკა და მისი ძმა, ისე მინდოდა მეც, ისე, მაგრამ სულ ერთი "ვასასი" მეზობლის ნათქვამი მახსენდებოდა, რომ მთავაზობდნენ, - ურიები ნამცხვარში და იმ თავის მაცაში ქრისტიანი ბავშვების სისხლს ურევენო... აუ რა მაგრად ურევდნენ მაშინ ტვინებს... მაგრამ ისეთი მსუნაგი და სუსნია ვიყავი, წითელთავა ძმებს სუსანა ბებიას გამომცხვარ ტკბილეულს წითელ კვერცხებში ვუცვლიდი. მერე იმათ იმ "მონაპოვრისთვის" სახლში კარგად ჩეჩავდნენ. მე კი ვიყავი მხიარული და კმაყოფილი.
     
    მაისის ორია და მაისურ თქეშს აპირებს... ისეთს მაკონდოს ამბების წიგნში რომ წერია.. გახსოვთ, როგორ წაერთვათ მაკონდოელებს მეხსიერება?.. როგორ არქმევდნენ სახელებს ყველაფერს..ძროხა დროულად უნდა მოწველო, მერე ყავაში რძე ჩაასხა და მიირთვა. არ მიყვარს რძე, სუფთა ყავა მირჩევნია, მაგრამ მაინც არ მოვიწყენდი მაკონდოში. აღმოვაჩენდი ყინულს, სარკეს, გამადიდებელ შუშას...
    ჰოო, აპრილი დიდი ადამიანების თვეა... 23 აპრილს დაიბადა და გარდაიცვალა შექსპირი. კატალონიაში, 23 აპრილს, ანუ დიდი სერვანტესის გარდაცვალების დღეს, მამაკაცები ვარდებს ჩუქნიან ქალებს და, მადლიერების ნიშნად, მათგან საჩუქრად წიგნებს იღებენ.
    ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილიო, - ასე თქვა მარკესმა და 17 აპრილს თავისი მარტოობის 100 წელს წერტილი დაუსვა. რა უცნაურია - ცხოვრების ყველაზე დიდი მწერალი - სიბერეში შესული სევდიან მეძავებს იხსენებდა.
     
    აღარც ჩვენ ვართ ის, ვინც თუნდაც ერთი წლის წინ ვიყავით. აღარც ისინი არიან ისინი, ვინც ერთი წლის წინ გვიყვარდა. თუ ამ ცვლილებების პარალელურად ვაგრძელებთ მათ სიყვარულს, ვინც ჩვენსავით იცვლება - მშვენიერია! ერთადერთი, რაც არასოდეს იცვლება სამყაროში - მარადიული ცვალებადობის კანონია...
    ცხოვრებისგან სასწაულს არ უნდა ელოდე. ცხოვრება თავადაა სასწაული.
    ცხოვრების მთელი ინტრიგა იმაშია, რომ არავინ იცის საუკეთესო ვის შეხვდება. ამის გარეშე ასეთი აზარტით ვერ ვიცხოვრებდით. მერე რა, რომ ზოგჯერ უკანასკნელ გზაზეც არ აცილებენ ჭკუით?! როგორც უკვე ცხონებული გაბო წერდა - ცხოვრებაზე ბრძენს ვერაფერს მოიფიქრებო...
     
    ბედნიერება ინატრე კაწკა! როცა იტყვი ბედნიერი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა კარგად გყავს შენიანი და შენც სიყვარულში ცხოვრობო, - ასე მასწავლიდა შურკა, როცა ოქროს თევზის და ნატვრის თვალის ძებნაში გვაღამდებოდა.
    "როცა 5 წლის ვიყავი, დედამ მითხრა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია იყო ბედნიერი. როცა სკოლაში წავედი, მკითხეს, - ვინ გინდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები? დავწერე, მინდოდა გამოვსულიყავი "ბედნიერი". მითხრეს, რომ დავალება არასწორად გავიგე. მე კი ვუპასუხე - თქვენ არ გაგეგებათ ცხოვრებისო! " - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონ ლენონი. ჰოდა, ჩემი შურკა და ლენონის დედა ერთნაირად ფიქრობდნენ ცხოვრებაზე. რა დამთხვევაა!!!
     
    როგორც ჩვენი მეგობარი ალბერტი იტყოდა: ორი ვარანტი გვაქვს - ან უნდა დავიჯეროთ, რომ სასწაული არ არსებობს, ანდა პირიქით - რომ ირგვლივ ყველაფერი სასწაულია. ხოლო ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელი და უცნაური დამთხვევების მეშვეობით უფალი ანონიმურობას ინარჩუნებს. ლოგიკამ შესაძლოა ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე მიგვიყვანოს, მაგრამ წარმოსახვის გადაადგილების შესაძლებლობები უსაზღვროა. ხოდა, ზოგჯერ მაინც შეეშვით ლოგიკას...
    კარგი ადამიანები სინდისის კოდექსით ცხოვრობენ, ცუდები - გამორჩენის კოდექსით. ნორმალური ადამიანები კი ხვდებიან, რომ სუფთა სინდისი ყველაზე დიდი და კარგი გამორჩენაა. პრინციპში, ცხოვრება ძალიან მარტივია - რაღაც ან გინდა, ან - არა...ერთადერთი სიტყვა - „არა“ - საუკეთესო ლექსიკურ მარაგია სინდისისთვის, მაგრამ ეს ყოველთვის არ გვახსოვს. ყოველი ჩვენგანის ქცევაზე ყველაზე მყარ ფასს მისგან მიღებული შედეგი ადგენს და, საბედნიეროდ, მაგ ამბავში ვაჭრობა არ მოსულა...
    ყავამშვიდობისა!
     
    კატო ჩულაშვილი
  7. katya
    25 წელი გავიდაო! დედაა, რამდენიაო! უფ-უფ და ოფ-ოფ!-ო..
    ვისთვის გავიდა, ვისთვის გაჩერდა...
    ჩემთვის 9 აპრილი ის თარიღია, როცა ქართველებს ყველაზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი და არ მახსენდება არცერთი ასეთი, თუნდაც ოდნავ მიახლოვებული დღე ამ 25 წლის მანძილზე.
    25 წელია, შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად, ვიღაც გულში და სხეულზე შემონახული ჭრილობებით, ან ქსოვილის უჯრედებში ჩაბუდებული ტოქსინებით, უახლოესი ადამიანების დაკარგვის თუ ეროვნული თავმოყვარეობის ტკივილით, ვიღაც პოლიტიკურ-კარიერული მოსაზრებებით, 9 აპრილის გამთენიისას, სანთლებით და ყვავილებით ხელდამშვენებული მიდის იქ, სადაც ეროვნული იდეით ფრთაშესხმული სულები სახლობენ. ამ სულებს არ აწუხებთ ამბიციები ზოგიერთი იქ მოარული ამბიციურად იმბიცილური გვამისგან განსხვავებით.
    რაო? ვის უფრო მეტად გვიყვარს სამშობლოო? ვინ დიდ გვირგვინს მიიტანს წელიწადში ერთხელო?
    კარგით რა!
    და ვინ "მონიშნა" და "მიიპრივატა" ტერიტორია "გაგანია რუსთაველზე"? ასე 25 წლის მანძილზე დაკარგული ტერიტორიების პერიმეტრი გვეკონტროლებინა.
    ჩემი და შენი მიცვალებული არ გამოვა. გმირი ყველასია! ტკივილი და თავმოყვარეობა კი დაღვრილი ცრემლის, ჩამწვარი სანთლის და დახვავებული ყვავილის რაოდენობით არ იზომება. გმირობა სტატისტიკა არაა. არც სამშობლოა სტატისტიკა...
     
    ამ დილით თავისუფლების მოედანზე შუა ხანს კარგად გადაცილებული წარმოსადეგი კაცი შემეფეთა ტიტების კონით ხელში. ალბათ თაიგული უნდა მეთქვა... ტიტებზე თვალი გამიშტერდა. კაცმა ჩემს მზერას თვალი გააყოლა და მობოდიშებასავით გამოუვიდა - მგონი ამ დღეს ტიტები უფრო უხდებაო...
    - ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ბაბუ! და წაიღიღინა...
    ვერ ვუსმენ ამ სიმღერას, მზარავს...
    ეს ბაბუსთვის არ მითქვამს, მისგან გამოწვდილ ერთ ტიტას პასუხად ის შევაგებე, რომ ყვავილები არ მიყვარს, იმიტომ რომ ალერგია მაქვს.
    გაუკვირდა. კარგი, მაშინ იქ მივიტანო. გამიღიმა და დამშორდა.
    ტიტებს სიკვდილის სუნი აქვთ თუ მეჩვენება?..
     
    არ მიყვარს ტიტები. საერთოდ ყვავილები არ მიყვარს, მოწყვეტილი ყვავილები და ის შეძენილი ალერგიაც, რომელიც 25 წელია ყოველ აპრილს თავს მახსენებს...
    25 წლის წინ, 9 აპრილის დილას პირველკურსელი თავგადაბუგული გოგო ვიყავი და შუაღამის ამბით დაზაფრულ დედაჩემთან და მამაჩემთან ერთად გაქვავებული, შეშინებული და შეურაცხყოფილი დავფრატუნობდი გაოგნებული ხალხით მოფენილ რუსთაველზე. გინება, ქვითინი, ნაგავი, სისხლი, ზეწარწაფარებული ცხედრები, დამოუკიდებელი საქართველოს დროშების ფრიალით და გაბმული სიგნალებით მქროლავი მანქანები, ექიმები, ფოტორეპორტიორები.
    შიშის სუნი მახსოვს, შეურაცხყოფილი თვალების ფერი და შურისძიების მწკლარტე გემო პირში...
    კიდევ ის, რომ ამ დღეს და იმ ღამეს ქართველებს ძალიან, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთიც და სამშობლოც...
     
    დილის 5 საათი იყო, სახლის ტელეფონმა დარეკა. ძილში რომ ზარი შეგაშინებს, ისეთი ზარი იყო. წამოვვარდი, მაგრამ დედაჩემმა დამასწრო. ყურმილიდან ბებიაჩემის განწირული ხმა კიოდა - ბავშვი სადააო?!
    დედაჩემი აქედან აკივლდა - ვინ ბავშვიო?
    შიშით გადაავიწყდა სახლში რომ ვიყავი, ტელეფონიანად გამოვარდა ჩემი ოთახისკენ, კართან მე შევეფეთე თვალებდაქაჩული და თავაფეთქებული.
    ყურმილში ისევ ბებიაჩემი კიოდა - ბავშვის ხმა გამაგონეთ, ნუ გადამრიეთო!
    დედაჩემმა ისე მომაჭირა ყურმილი ყურზე, კინაღამ ავყირავდი. - ჟუჟუ რა ხდება, აქ ვარ მეთქი.
    მერე იყო 5 წუთიანი გაბმული ქვითინი - დახოცეს, ქალები და ბავშვები აჩეხეს ამ სადისტებმა... შენ როგორ მიხვედი სახლში, რატომ გადამრიე, 4 წრე დავარტყი იქაურობას შენს ძებნაშიო. რახან შენ სახლში ხარ და არაფერი გჭირს, აღარაფერს ვჩივი, სამი შენი ტოლი გოგო მიწევს მოწამლული სახლში, ძლივს გამოვიყვანე, მოდით მიშველეთო, განწირული კიოდა ჟუჟუ.
    ჟუჟუ პუშკინის 11 ნომერში ცხოვრობდა, 30 წელი კრწანისის რაიონის რაიკომში მუშაობდა, რესპუბლიკური მასშტაბის სტენოგრაფისტი. ცეკა-ში დაფასებული კომპარტიის წევრი და სანიმუშო მუშაკი. ღამ-ღამობით შავი სათვალით და "კასინკით" გამოდიოდა პარლამენტის წინ და "ფარული პატრიოტიზმის მოტივით" პერიმეტრს აკონტროლებდა - სად ვიდექი ჩემს მეგობრებთან ერთად ლექციების მერე და თუ ძალიან შემომაღამდებოდა, არაფრით მიშვებდა სახლში. არადა მაშინ რა იყო საშიში? "ჩემო დაიკოს" და "შვილებოს" იქით საურთიერთო ლექსიკა არ მიდიოდა. რამდენჯერ ავუყვანივართ სახლში სულ უცხო ხალხს მანქანით. თუმცა, რაღა უცხო, - ყველა ერთმანეთს ვცნობდით, ყველამ თავისი ადგილი იცოდა პარლამენტის მისადგომებთან.
    რატომ არ ვიყავი 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე? ჩემი ცანცარა თავის გამო - წელამდე თმაზე "ქიმია" გავიკეთე და ჩემს კულულებზე ისე ხალისით ენთებოდა ალი გამუდმებით მლოცველი ხალხის სანთლებიდან, ვინ საიდან მიტყაპუნებდა ლოკალური ხანძრის ჩასაქრობად, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. 8 აპრილის ღამესაც მორიგი ხანძარი გავაჩინე და ისე მშვიდად ვიწვოდი, მამუკა გიორგაძე რომ არა თავისი მუყაოს ყუთით, "პირველი მსხვერპლი" რუსთაველზე მე ვიქნებოდი. ისე უცებ მეტაკა და ჩამომაცვა თავზე ყუთი, ვერც მივხვდი, რატომ მეწვოდა ზურგი. მოკლედ, ასე თავ-კაბა გადაბუგული რომ გამოვცხადდი ოჯახში, ოჯახმა რადიკალური ზომები მიიღო და მეორე დღეს შინაპატიმრობა მომისაჯა. ჩემი მსუბუქი დამწვრობის ამბავი ჟუჟუმ არ იცოდა და, შესაბამისად, არც ის იცოდა, რომ მე 9 აპრილის ღამეს პარლამენტის წინ არ ვიყავი. ჰოდა იმ ღამეს კარგს რას იფიქრებდა?
    ისე დაღამდა, სახლში ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. მომდევნო დღეებში მე და დედაჩემი უხმო რიტუალს ვასრულებდით - დილით ვდგებოდით და გავდიოდით რუსთაველზე, სხვებთან ერთად დაჩოქილი ვლოცულობდით. მაშინ იქ ვისწავლე "მამაო ჩვენო" და დღემდე ეს ერთადერთი ლოცვა მომყვება. მოწამლული მიწიდან და გაზონებიდან აყოლილი ტოქსინებიც დღემდე მოგვყვება ბევრს და გააქვს თავი აპრილიდან - აპრილამდე.
    რა უცნაურია - არასოდეს გვყვარებია ქართველებს ისე ერთმანეთი, როგორც 25 წლის წინ...
    ალბათ არც სამშობლო...
    მერე ცხელ გულზე რაღაც მოვიბოდიალე და დავწერე. ის ბოდიალი ჩემმა რედაქტორმა გივი შეყილაძემ "თბილისის უნივერსიტეტის" პირველ გვერდზე დაურთო 9 აპრილის სპეც-ნომრის ფოტოკოლაჟს. დიდი ტირაჟით დაიბეჭდა ის ნომერი. გვიან ისიც გავიგე, ჩემი ერთი თაყვანისმცემელი და მისი მეგობრები რეგიონებში გასვლით მიტინგებზე ჩემს მობოდიალებულ ტექსტს გამოთქმით კითხულობდნენ.
    რა ვიცი, ალბათ იმ ბოდიალში სხვების სათქმელიც ვთქვი, რა მნიშვნელობა აქვს?!.
    გაზეთის გამოსვლიდან 2 დღის მერე უნივერსიტეტის რედაქციის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ორნი იყვნენ - პროფკავშირებიდან ვართო. ცხვარიჭამიაში ხომ არ გამოგვაყოლებდით ჟურნალისტს, ჯერ კიდევ ატყვია რუსული სპეცნაზის კვალი იქაურობასო. ცხვარიჭამიის პიონერთა ბანაკის შენობებში ელოდნენ ჩაფხუტებიან-აბჯრიანები თურმე ბრძანებას. ის რეპორტაჟიც გაკეთდა. მაშინ პირველად გავყევი ვიღაც უცხო კაცებს მარტო ამსიშორეზე. თვითონაც ხვდებოდნენ, რომ მეშინოდა. ცხვარიჭამიის რეპორტაჟის მერე კარგად შეგვაფუცხუნეს. ვიქტორია სირაძემაც კი დარეკა თურმე რექტორატში.
    ეს ამბავი უბრალოდ შეგვატყობინეს, პასუხი არავის მოუთხოვია.
     
    25 წელი გადავაგორეთ იმის მერე. რამდენი ომი, ტკივილი, ცრემლი და სიკვდილი გამოვიარეთ, მაგრამ აღარასოდეს გვყვარებია ქართველებს ერთმანეთი ისე, როგორც მაშინ გვიყვარდა...
    არაა ასე ადვილი "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ ჭირდება"...
    გიყვარდეთ და გტკიოდეთ, დაგიშალათ ვინმემ? არც არავისთვის მიუცია არავის სიყვარულის და ტკივილის აკრძალვის უფლება. სამშობლოს სიყვარული ცოტა სხვა რამეა, ხსოვნაც და ერთადყოფნის ნიჭიც.
    შეაღვიძეთ ეროვნული ღირსება ეროვნული გლოვის დღეს მაინც, ოღონდ კოტე ყუბანეიშვილის და მსგავსთა მისთა "ქართველობა" არ მომიყოლოთ ჭ####ტვაში..
    დაწვით ბატონებო, დაწვით, რაზეც ცეცხლი, ნავთი და შუბლის ძარღვი გეყოფათ...მერე არც ბოდიში მოიხადოთ. ევროკავშირს ვინ ჩივის? იმ ცხონებული და ღრმად პატივცემული ევას "პავაროტს" არ ვართ გასაცილებლები.
    ჩვენ უკვე გავიზარდეთ და ვიცით ბატონო, რომ დემოკრატია ადამიანებით მანიპულირების ხელოვნებაა.
    ადამიანებით, მაგრამ არა გმირებით!
    ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ისიც დაგვანახა, რომ "უნაკლო ადამიანები" სულაც არ გამოირჩევიან მოჭარბებული ღირსებებით.
    ამასობაში კი ელექტორატი ორ კოლონად გაიყოფა "კოლონა ნომერი5" და "პალატა ნომერი 6"...
    25 წელი გავიდა, რაც ქართველებს ისე, უბრალოდ, ქართველობისთვის გვიყვარდა ერთმანეთი.
    ეგებ კიდევ გვეცადა?!.
     
    კატო ჩულაშვილი
  8. katya
    გაზაფხულია. აჩუხჩუხდნენ ნაკადულები, ბავშვების და ალერგიულების ცხვირის ნესტოები და მამაკაცების სანერწყვე ჯირკვლები...
    ყავა „დაგვიძველდა“ იმიტომ, რომ ვის ეცალა ყავისთვის? ჯერ პირადი საერთაშორისო დაბადების დღეო, მერე ზოგადად ქალთაო... დიახაც! კიდევ ერთი წლით გავიზარდე, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი „ზრდის ტენდენციის ტრაგედიას ქალთა ფსიქოლოგიაში“. ეტყობა, ევოლუციის პროცესს ჩამოვრჩი...
    გასული კვირის განწყობა, ამინდი და პოლიტიკა, პირადი და საქმიანი ურთიერთობები კალენდართან შესაბამისაობაში იყო – არეული, ჭინჭყლი, პრეტენზიული, გადარეული…
    დღეს ისეთი სხივიანი დილა გათენდა, უხერხულია, მზის ჩასვლამდე, ვინმეს მისამართით საყვედური წამოგცდეს. ეგრევე ამოგიგვირისტებენ „ისტერიკიანი, დაუკმაყოფილებელი და შურიანი მარტოხელას“ იარლიყს.
    ვცდილობ, მაგრამ მაინც პოლიტიზირებულ ფორმატში გამომდის ნეკნის, პირველი მარკეტოლოგის, ვაშლის და კლარას ზღაპარიც კი...
    მოგეხსენებათ, ყველაფერი ყველაზე საინტერესო გასაღების ჭუჭრუტანაში ეტევა და, ამ თვალსაწიერიდან, გასული კვირა ზოგმა ნეკნების, თანაპარტიელების, მტკიცებულებების, დიპლომების, საკუთარი და სხვისი პრემიების, დაცვით და დაუცველად დალაშქრული კილომეტრების და ათასი „სასიცოცხლო მნიშვნელობის“ სისულელის თვლაში გაატარა თუ გაგვატარებინა.
    არ შეიძლება, რამე უფრო ორიგინალური, სასიამოვნო და სასარგებლო დაგვათვლევინოთ?
     
    გავიგეთ ბატონო, რომ ორდიპლომიანი ტაქსისტების დრო წავიდა... მართლაც და რა მაზოხიზმია, წლობით დიპლომის რიგში დგომა, მხოლოდ იმისთვის, რომ მერე ამაყად შეავსო უმუშევართა ნაციონალური არმია.. ამიტომ, როცა ტაქსის მძღოლი „ცხოვრებას მასწავლის“, ვუსმენ თანაგრძნობით, მაგრამ ვაკეთებ ყველაფერს უკუღმა, რომ ტაქსის მძღოლობაში არ გადავიზარდო. არ მენდობა მე საჭე და იმიტომ...
    როცა არჩევანი არ მაქვს, იმით ვიმშვიდებ თავს, რომ მხოლოდ არჩევანი არ მაქვს, დანარჩენი ყველაფერი ხომ მაქვს სამაგიეროდ?!
     
    გასულ კვირას გამოიკვეთა ტენდენცია – რვა მარტს ქალები განსაკუთრებულად ძვირფასები ვხდებით ყველა კონტექსტში და, მამაკაცთა უმრავლეობა ამ ამბავს გაგებით ეკიდება...
    ისე, 8 მარტს ერთმა მკითხა – „პროლეტარიატი ქალი“ რას ნიშნავსო. თუ პროლეტარიატი ისეთ გაღლეტილს ნიშნავს, საკუთარი შრომის იარაღებიც რომ არ აქვს, მართლა ღირს მაგ საკითხზე ერთ ფინჯან ყავასთან დაფიქრება. თან ყავა წყალ–წყალა უნდა იყოს ალბათ და უშაქრო.... აბა რა უბედურებაა „შეუიარაღებელი“ ქალი?!
    თუ სადღესასწაულო სტატუსებით ვიმსჯელებთ სოცქსელებში, დღევანდელმა 8 მარტმა ვერ იმარტა. აი ყვავილების ფასით თუ ვიმსჯელებთ, ბებია ალას ცნობილი სიმღერის – მილიონი ალისფერი ვარდის – მთავარი პერსონაჟი „მოკრძალებულ ინტელიგენტად“ შენიღბული ოლიგარქი უნდა ყოფილიყო.
    აფსუს ნიკალა!..
    2 დღის წინ, სოციალურ ქსელში, ჩვენებური და ოკუპანტურ ტერიტორიაზე გადარგული თინა კანდელაკი დედას იფიცებდა, 8 მარტს ჩემმა უცნობმა თაყვანისმცემელმა მილიონი ვარდი მომართვაო. თვითონ კი ამბობს, ვარდი ზუსტად მილიონი იყოო, აბა მაგას რა დათვლის?.. რა ბედნიერებაა, როცა ალერგია არ გაქვს ყვავილზე, თან ამდენზე!..
    ჩემი მეგობრების პორტრეტი ინტერიერში: ქმარმა ყავა მოხვრიპა და ამაყად თქვა: მგონი რაღაც წინასწარმეტყველური აზრები მებადება, მაგალითად, გუშინ გავიფიქრე, რამდენი ხანია, ნათურა არ გადამწვარა ოჯახში და დღეს 3 ერთად გადაიწვაო! ცოლი არ ისე კეთილგანწყობილი მზერით და მუქარისშემცველი ხვრეპით პასუხობს: – ათას სისულელეზე ფიქრს, გირჩევნია, იმაზე იფიქრო, რომ დიდი ხანია, სექსი არ გვქონიაო! მარტია და მესმის!..
     
    არ ვარ „ფემინისტკა“, არც მამაკაცების მტერი ვარ, პირიქით, შემიძლია პრაქტიკული რჩევებიც მივცე. მაგალითად, თუ გასულ წელს 8 მარტს ცოლს სარეცხის მანქანა აჩუქეთ, წელს – ჭურჭლის სარეცხი მანქანა, დაბადების დღეზეც რაღაც მაგდაგვარს გეგმავთ, ეგებ ღირდეს დაფიქრება – ძალიან ბევრ დროს ხომ არ უტოვებთ თქვენი ტვინის ბურღის ფუნქციისთვის?
     
    შემიძლია გასწავლოთ თქვენი „დედოფლის“ გაღვიძების ( რომელსაც მაღვიძარას ისტერიკაც ვერ აფხიზლებს), მარტივი და ორიგინალური მეთოდი – უბრალოდ ნაზად აკოცეთ და ყურში უჩურჩულეთ:– „საყვარელო, ადგომის დროა!“ ოღონდ, ამ ფრაზას აუცილებლად დააყოლეთ სხვა ქალის სახელი, ისე ეფექტი არ ექნება.
     
    ქალბატონებისთვისაც მაქვს სახელდახელო რეცეპტი – თუ გაღუნული ფეხები გაქვთ, სჯობს დეკოლტეზე გააკეთოთ აქცენტი... თუ დეკოლტეც ვერაა სათანადო, რაც უფრო მალე დაანებებთ გამოსავლის ძებნას თავს, უკეთესია...
    ორივე სქესის გასაგონად კი იმას ვიტყოდი, რომ ერთი შეგნებული უარი სექსზე უდრის ერთი ღალატის ნებაყოფლობით უფლებას.
     
    კვირის ყველაზე მომგებიანი და შემოსავლიანი ბიზნეს–ფართი თბილისში, რა თქმა უნდა, კოლმეურნეობის მოედანი იყო. თუმცა, წლევანდელმა 8 მარტმა, რაღაც ვერ ირვამარტაო, მაგასაც მოვკარი ყური. ჰოდა, რაც გასულ კვირას მაგ პერიმეტრზე ფულის ნიშნის მიმოქცევა დაფიქსირდა, მეტი არ შევიდა კრემლში და პუტინის ოჯახში! აი ასე! და მიმტკიცოს ახლა ზოგიერთმა, რომ ეს წყევლაა და არა მეზობლური კეთილგანწყობის გამოხატვა.
     
    პრინციპში, სადაც ცეკვა მასხარაობა ყოფილა და მტრის სცენაზე „ტინკიცობა“ მთლად საშობლოს ღალატი, აპლოდისმენტები კონტრაბანდული ბიოლოგიური იარაღი იქნება უეჭველი.
     
    საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება–კონსერატორების" წევრის, ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივა – პარლამენტის სხდომებზე ეროვნული სამოსით დასწრებაზე – პარლამენტში პირველი მოსმენით დამტკიცდა. გუჯაბიძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მენტალური პრობლემა აქვს. ეგ მაგის პარლამენტში შესვლამდეც ვიცოდით. ნაციონალების მენტალობის პრობლემებზე დარდს, გუჯაბიძეს რაც ევალება და რისთისაც აირჩიეს, იმაზე იდარდოს, თორემ რახან ბიძინა ქვია, ჰგონია, მაგასაც „გაგებით მოეკიდებიან?“
     
    ნაღებმა ნაციონალებმა მტკიცედ გადაწყვიტეს „სიკვდილი ვენეციაში,“ რადგან, იქაურ ვაჭრებთან ძველი გარანტიები აღარ ჭრისო... მაგათი ცოდვით იქით შექსპირი აღარაა და აქეთ თომას მანი.
     
    ყოფილი ლეიბორისტები ახალ პარტიას ქმნიანო, ვალერი ხაბურძანია, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს თურმე მონაწილეობას და ამაზე მეტი რა უნდა მეხარებინა ამ ორშაბათ დილას ბედკრული ქართული პოლიტიკისთვის?
     
    გასულ კვირას იმითიც დაინტერესდნენ, – რა განწყობა მაქვს კლოუნების მიმართ? მოკლედ, არაა საჭირო ჩემი პროვოცირება ანტისახელისუფლებო გამოთქმებზე!..
    ბოლოს და ბოლოს ერთ რამეს მივხვდი – ცხოვრებაში გრძელვადიანი გეგმის გაწერა ღმერთის პროვოცირებაა და მეტი არაფერი.
    ურთიერთობები გემებს გვანან – თუ პატარა შტორმზეც რწევას იწყებენ, ღია ზღვაში გასვლას აზრი ეკარგება...
     
    ინსტინქტი ყოველთვის მართალია! ჩვევა – ყოველთვის ძლიერი...
    ყავამშვიდობისა, ბატონებო!
    კატო ჩულაშვილი
  9. katya
    ქალების თვიდან ქალების დღესაც მივადექით. "მარტის ქალებს" ყველა დროში გამოარჩევდნენ, ალბათ კალენდარული თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელსაც ზოგი ღირსებად თვლის, ზოგი ნაკლად. ერთი, რაზეც ყველა თანხმდება - მარტი თავისი აჭრილი და ცვალებადი ბუნებით ძალიან ჰგავს ქალის ხასიათს. იმდენად ჰგავს, რომ, ლოგიკით, ყველა ქალი მარტში უნდა იბადებოდეს. ამიტომაც მივისაკუთრეთ ქალებმა მარტი...
    ამ თვესთან პირადად სამმაგი საკუთრების უფლება მაკავშირებს, თუმცა ეს არაა საინტერესო...
    საინტერესო ისაა, რომ „მარტიანელთა“ განსაკუთრებული ხასიათი ყველა ასაკში იჩენს თავს.
    როგორც ბებიაჩემი ზინოჩკა ამბობდა - ქალების მაქსიმალისტობა "არ გეიშვა!"
    დავიწყებთ "ტრილიაჟის "სარკეში დამოუკიდებლად ჩახედვის ასაკიდან "უფლისწულზე" ოცნებას და რაც უფრო მეტად იზრდება ჩვენი გამოსახულება სამგანზომილებიან ანარეკლში, მით უფრო მეტ ღირსებას ვკიდებთ საპალნედ წარმოსახვაში გამოკონტურებულ სასურველ არსებას. ის კი, ჩვენი სურვილებით დახუნძლული, შუა გზაში მაგდანას ლურჯასავით ეცემა...
    უფრო ოპტიმისტური შემთხვევებიც არსებობს ქალურ-მარტიანულ პრაქტიკაში, საბედნიეროდ.
    ყოველ 8 მარტს მიდის ჭიდილი "ნეკნთა" და "ნეკნდაკარგულთა" შორის... უჩვენოდ - ისეო... უთქვენოდ - ასეო...
    "ცხონებული" კლარა და როზაც უხალისოდ ტრიალებენ საფლავში. სიცოცხლეში რას წარმოიდგენდნენ, განუჭვრეტელ მომავალში საკუთარი ცნობადობის მოცულობას და ხარისხს...როგორც აკუტაგავა იტყოდა, - „ოდესღაც, გარდასული ხანის ადამიანებიც, თანამედროვენი იყვნენ.“ ლუქსემბურგი და ცეტკინი თავისი დროის "აქტიური გოგოშკები" იყვნენ. ისეთები - ყველაფერს რომ ასწრებენ, ყველგან რომ არიან, თავგადასავლებს რომ ეძებენ და არ იციან - იდეებს რა უყონ?
    ბუზღუნა და მუდმივადუკმაყოფილო მამაკაცები "ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს" ძირითადად ამ ტანდემის მოხსენიებით არიან დაკავებული. ზოგი ქცევას უწუნებს, ზოგი ვიზუალს, ზოგი ჩაცმულობას. ანუ "დამნაშავეებად" განიხილავენ... არადა, საიდან დაიწყო მარტის რვა და მთელი ეს აურ-ზაური?!
    იქიდან, რომ, ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალები 1857 წლის 8 მარტს მწირი ხელფასის და ცუდი სამუშაო პირობების გამო გაიფიცნენ. ქუჩაში გამოსული ქალები პოლიციელებმა დაარბიეს. ორი წლის შემდეგ, მარტში, სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
    ცნობისთვის - 8 მარტს არც კლარა ყოფილა დაბადებული და არც როზა, როგორც ამას "ავი ენები" უვრცელებენ... 5 ივლისს დაბადებული, ლაიფციგის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული 18 წლის კლარა აისნერისგან ბრწყინვალე პედაგოგი ვერ დადგა, როგორც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, გამოსაშვები საღამოდან რამდენიმე თვეში უკვე სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. მშობლებმა მის მიმართ დამსჯელ ზომად შინაპატიმრობაც კი გამოიყენეს. კლარას იდეოლოგი, ოდესელი პოლიტიკური ემიგრანტი ოსიპ ცეტკინი თანასწორუფლებიანობის შესახებ ისე მჭევრმეტყველობდა, რომ გოგონა გვარიანად მონუსხა. შეყვარებული კლარასგან ოსიპმა თავი ვეღარ დააღწია. როცა ის გერმანიიდან გააძევეს, საფრანგეთში გადასულ საყვარელ მამაკაცამდე „ველურმა“ კლარამ 2 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც ჩააღწია. ცეტკინის გვარიც დამსახურებულად მიიღო, არარეგისტრირებული ქორწინების მიუხედავად. ორი შვილის მერე კლარამ პოლიტიკა დროებით მიატოვა და ერთდროულად სამ სამსახურში მუშაობდა. 32 წლისა დაქვრივდა, თუმცა, მეტი შრომისგან უკვე 45 წლისას ჰგავდაო, ამბობდნენ თვითმხილველები.
    გერმანიაში დაბრუნებულმა კლარამ, გამომცემლობითი საქმიანობისას, 18 წლის მხატვარი გეორგ ფრიდრიხ ცუნდელი გაიცნო. დიდი ლტოლვა ორივე მხრიდან ყოფილა. ასაკის მიუხედავად, ყველა ასპექტში აქტიურმა ქალბატონმა მხატვართან ქორწინებით ბედნიერი პირადი ცხოვრება მოიწყო - სტაბილური სამსახურით, დიდი სახლით და მთელ ოლქში პირველი ავტომობილით. 20-წლიანი ქორწინების შემდეგ კლარას ახალგაზრდა მეუღლეს სხვა ქალი შეუყვარდა. გეორგმა კლარა მიატოვა, თუმცა, განქორწინება მხოლოდ 11 წლის მერე მიიღო.
    უკვე მოხუცი კომუნისტი კლარა ცეტკინი, მუშა ქალბატონებთან შეხვედრებზე, სქესისა და ქორწინების საკითხებს ხშირად განიხილავდა. "ძველი გრძნობებისა და ფიქრების სამყარო ყოველთვის იმსხვრევაო", - ასე ამბობდა თურმე გერმანული კომუნიზმის ნათლიდედა. 1910 წელს კოპენჰაგენში, სოციალისტურ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სწორედ, კლარას ინიციატივა იყო 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესასწაულის დაწესება. 1911 წელს ეს დღესასწაული პირველად 19 მარტს აღინიშნა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.
    რაც შეეხება კლარას მეგობარ როზალია ლუქსენბურგს, ის ნამდვილად მარტიანელი გახლდათ. ევროპაში სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გავლენიანი მოღვაწე 5 მარტს იყო დაბადებული. 1913 წლის 8 მარტიდან კი ქალთა თანასწორობისა და სოლიდარობის სადღეგრძელო „განსხვავებულით“ სწორედ ამ დღეს ისმებოდა. მერე უკვე რუსეთში კოლონტაიც გამოჩნდა დიდი ოქტომბრის რევოლუციის ნაკვალევზე და წავიდააა...
     
    მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ რვიანი არაა ცუდი ციფრი, აქვს ქალურობის შესაფერისი სიმრგვალე და პროპორციები. მე, მაგალითად, განსაკუთრებით წაწოლილ პოზაში მომწონს - უფრო მეტის გამომხატველია მისი გრაფიკა და მოხაზულობა.. აქვს ოპტიმიზმიც და ჰორიზონტიც.
    შუროჩკა, ანუ ჩემი ერთ-ერთი ბებია, გულმოდგინედ ცდილობდა ციფრების სწორად წერა ესწავლებინა, განსაკუთრებით რვიანზე გავიჭედეთ. კარგად მახსოვს, როგორ მეჩხუბებოდნენ, რომ ამ „დახლართულის“ წერა დამეწყო და დამემთავრებინა საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით. ჯერ იყო და ძლივს წამოვაყენე, მერე იყო და ისე ვგრეხდი და ვახუჭუჭებდი, თათქარიძეების ეზოში ნაპოვნი ჯადო, ჩემი წარმოსახვით, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო. ბოლოს, როცა კონტურს და სიმეტრიას ეშველა, ახალი გასართობი გავიჩინე - მისი გაფერადება დავიწყე, ანუ დიზაინში მაინც ჩემეული ხაზი შევიტანე და ასე ყველასგან გამორჩეული გაფერადებული რვიანებით იყო ხოლმე გახალისებული ჩემი ალგებრა-გეომეტრიის წიგნებიც და რვეულებიც. ერთი რვიანი არ იყო გამორჩენილი არსად. ამით ჩემს საგანმანათლებლო საკუთრებას ადვილად გამოარჩევდით.
    ეს ლირიული გადახვევა იმისთვის დამჭირდა, რომ დამეფიქსირებინა - თავიდანვე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ციფრთან.
    8 მარტი ჩემი ბავშვობის და ყრმობის საუკეთესო მოგონებებთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, - რა აზრის არიან მასზე „პროგრესული“ და „საბჭოეთში ჩარჩენილი“ საზოგადოების წევრები. პრინციპში, ცუდი მასზე რა უნდა თქვა? იყო ერთ-ერთი ლირიული ოჯახური საბჭოთა დღესასწაული, როცა მამაკაცები გაცილებით ფართო მასშტაბით, თუმცა, შესაძლებლობების ფარგლებში, გამოხატავდნენ მათთვის მნიშვნელოვანი და სასურველი ქალბატონების მიმართ ყურადღებას.
    „ყურადღებას“, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ფორმა, ფერი, წონა და სუნი ჰქონდა...
    მაგალითად, მამაჩემი ამ დღესასწაულის ერთ-ერთი „თვალსაჩინო მსხვერპლი“, თვითკმაყოფილი და „დიდ საქათმეში“ (საქათმის ყველაზე საუკეთესო გაგებით) დეზებისწკარუნით მოსიარულე ოქროსბიბილოიანი მამლის გამომეტყველებით, თავის „ვალს“ პირნათლად იხდიდა, მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში "სავალდებულო პროგრამით" მისალოცი ჰყავდა 10 ქალბატონი, ჩემი ჩათვლით. 4-5 წლის ასაკიდან საკუთარ მახსოვრობას ვენდობი და ამიტომ, კარგად მახსოვს, 8 მარტის დღის პირველ ნახევარში კარზე ზარი და ზღურბლს მიღმა ცალ-ცალკე შეფუთული ყვავილების თაიგულებით და საჩუქრებით დახუნძლული „იოსებოვიჩი“...
    - „მისი თვალების ჭირიმეო!“ - ასე იხსენიებდა საამაყო სიძეს სიდედრთუხუცესი, ანუ დედაჩემის ბებია, ქალბატონი ელისაბედი. აქვე დავაზუსტებ, რომ "ნორმალური" სიძეებისგან განსხვავებით, იოსებოვიჩს ჰყავდა 4 სიდედრი - ცოლის ბებია, ცოლის დედა და ცოლის 2 მამიდა - ზინაიდა და ალექსანდრა ილარიონოვნები. ეს რაც შეეხებოდა სიდედრების სიას. ამას ემატებოდა თავად მისი მეუღლე და "ერთნაქმარევი" ცოლის და. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ 6 ქალბატონიდან ყველა გურული და, მაშასადამე, ჰიპერ-ემოციური იყო. მამას, თავისი შტოდან, დასასაჩუქრებელთა სიაში ჰყავდა ქიზიყის წარმომადგენელი გურულებზე არანაკლებპრეტენზიული 3 ქალბატონი - დედა და 2 ძმის ცოლი.
    სურათი, მგონი, ნათელია. იმას დავამატებ, რომ ყველა იყო მარტის 8-ში ბედნიერი, კმაყოფილი და ამაყი...
     
    კიდევ ერთი ისტორია ჩემი ბავშვობიდან, რომელიც, ბოლო დღეებში, საზოგადოებაში აქტუალურ თემად წარმოდგენილ „უაზღუდობასა“ და ქალურ ქცევა-მორალთან ერთგვარ კავშირშია.
    გურიაში ვყავდი წაყვანილი შუროჩკას და ერთ დღეს, დილაადრიან, ის გადაპრანჭული "შარაშიძის ქალი" გვესტუმრა, მე რომ თავისი პომადის და განსაკუთრებული აქცენტის გამო ძალიან მომწონდა. ჰო, ეს ქალი კიდევ იმიტომ მაინტერესებდა განსაკუთრებულად, რომ დიდი ბებია მას „მარტის ნაგიჟარად“ იხსენიებდა სულ. სიყვარულით, რა თქმა უნდა. "მარტის ნაგიჟარა" რუსულს ასწავლიდა ჩვენი სოფლის სკოლაში. რა თქმა უნდა, მარტო დარჩენის საშუალება არ მივეცი და დაცქვეტილი ყურებით და თვალებით ერთი სიტყვა და მოძრაობა არ გამომრჩენია:
    -შურა, შენ შამოგევლოს ჩემი გადარეული თავი, სხვისას ვერც ვითხოვ და ვერც ჩევიცმევ, შენ ტრიკოტაჟნიცა ქალი ხარ (შურკა მართლაც თბილსიის ტრიკოტაჟის ფაბრიკის მთავარი ბუღჰალტერი გვყავდა), გაპიტკინებულ-გათქვირული და ქე გექნება იმისანე თეთრეული ქე რომ არ შეგრცხვება ხალხში გამოჩენაო..
    ამაზე შუროჩკას შევატყვე გაოცებისგან როგორ ასდიოდა წარბები სულ უფრო მაღლა და მოთმინებით ელოდა თხოვნის ფინალს.
    - ხოდა, შურას ვენაცვალე, ერთი დღით შენი რამე ლამაზი ტრიკო უნდა მათხუო, აგერ 2 სოფლის იქით სატირალში მივდივართ პედკოლექტივი და ხომ იცი, რაფრა იციან აქოურმა კაცებმა უნებურად შამოჭყეტვა საცა არ იქნება იქინეო...
    ახლა მე ვცქვიტე ყურები. როგორც გაირკვა, დიდი, „ბორტიანი“ „გრუზავოით“ მიდიოდნენ იმ რაღაც სატირალში და „კუზაოზე“ ფეხის აბიჯებისას, შარაშიძის ქალს, ვინიცობაა ვინმე შეუჭყიტინებდა, ლამაზი ტრიკო უნდოდა გამოჩენოდა.
     
    ასეთ თხოვნაზე ჭეშმარიტი ქალი მეორე ჭეშმარიტ ქალს უარს როგორ ეტყოდა? ადგა შუროჩკა და თავისი დაკრუჟავებული კოლექციიდან საუკეთესო მალინისფერი ტრიკო უსახსოვრა...
    -არ მინდა დაბრუნება, მშვიდობაში მოიხმარეო!
    წავიდა შარაშიძის ქალი სატირალში დაბლაციხეს კმაყოფილი და თავდაჯერებული...
    მერე შურკამ მე რომ შემამჩნია გაკვირვებისგან დაჭყეტილი, - ისე, სხვათა შორის, ჩაიკისკისა - ასეა კაწინკა, ქალი თუ ხარ ყველაფერს უნდა გოუწიო ანგარიშიო...
     
    ანგარიშის გაწევაც და ქალობაც შეფარდებითი რამეებია, ინდივიდუალური და ყველას სხვადასხვანაირად რომ ესმის, ეს აგერ „პროფილირებული ექსპერტიზითაც“ დადგინდა.
    მოკლედ, მარტიანელების სახელით ყავამშვიდობისა მეთქი...
     
    კატო ჩულაშვილი
  10. katya
    მართალია, ბოლო დროს საზოგადოებრივი კომუნიკაციის მთავარი თემა დამშეული სამართალია, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ დაწერილი კანონების, კანონმდებლებისა და კანონაღმსრულებლების პარალელურად, სამართალი გაცილებით ზევითაც წყდება ... ასეა, ზოგჯერ თითქოს უკვე გადაწყვეტილ და „გაჩარხულ“ საქმეს ისეთ კვანტს დაუდებს ხოლმე ის დალოცვილი, აღფრთოვანებისგან ტაშის დაკვრა გინდა და კმაყოფილ ღიმილს ვერ ფარავ...
    გაუმარჯოს ასეთ სამართალს! მეტს არაფერს ვიტყვი, კომუნიკაციების რეგულირებასთან დაკავშირებული საზოგადოება გაიგებს...
    მოკლედ ყველას ჩვენი კონკრეტული სიმართლე გვაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ტყუილებს შეგვაჩვიეს საზოგადოს... კარგ კითხვაზე კარგი პასუხი ხშირად ასიმეტრიულია...
    ცხოვრება „ეშმაკის ბორბალს“ გავს - მიაფურთხებ ეშმაკს, ან დააფურთხებ ვინმეს ზევიდან და ცოტა ხანში ის „დაფურთხებული“ გადმოგაფურთხებს „ამაღლებული“... „სამართალიც ზეიმობს“... კანონზომიერია ყველაფერი, ოღონდ როცა კანონს ზომებში უჭერს, ან ზომა-ზომაზე არ მიდის ეგეც კიდევ დამატებითი პრობლემაა...
    ნერწყვჭარბიანობა გვჭირს თუ ჭარბნერწყვიანობა, ჯამი ერთია.. „ფურთხის ღირსი“ ჯერ კიდევ როდის ვიყავით, ყველას გვახსოვს და ასე უცებ რა გამოგვასწორებდა?
    თუ დაკვირვებიხართ, რამხელა გაქანების ნაცვალსახელია „ჩვენ“, რომელსაც, ყველაზე ხშირად, მაშინ ვაფასებთ და გვახსენდება, როცა ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ პირადი პასუხისმგებლობა და გადავანაწილოთ იგი სხვებზე და არა მაშინ, როცა პირადი კეთილდღეობის დეტალებზე გვიხდება არჩევანის გაკეთება...
    - ყავას დალევს და ახალ მანქანაშიც ჩაჯდება სახელმწიფო მოხელეო, აბა როგორო? ჩვენი სირცხვილია და თავმოყვარეობის ამბავი მოხელე ცალ-ცალი კალოშითო. მოხელეს ხელფასი აქვს მოხელეობისა და შეირგოს...
    ჰოდა, გაგვატარეთ ისინი, ვისაც მოხელის შეხრუპულ 5 ფინჯან ყავას თუ ცხელ შოკოლადს ყველა პატარისთვის განკუთვნილი ერთი ფინჯანი რძე გვირჩევნია!
    „ყავანაყვარებთა“ კლუბში გაწევრიანებულ სამინისტროებს ახალი საპატიო წევრი -ინფრასტრუქტურის სამინისტრო - შეემატა. 2013 წელს მის მიერ შეძენილია 105 კილოგრამი ყავა და ცხელი შოკოლადი. ის დროა, ჩვენმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრო-სექტორის ყავის და კაკაოს კულტურების განვითარებაზეც იფიქროს! ადგილობრივი წარმოება განვითარდება - ეტა რაზ! ხალხი დასაქმდება - ეტა დვა! ტრანსპორტირების ხარჯები მოაკლდება და პროდუქცია გაიაფდება - ეტა - ტრი! ისე, მოეკითხა ვინმე კომპეტენტურს - მაგ კლუბის წევრებს ყავის „ბუტკები“ ხომ არ აქვთ ჩადგმული? თუ ხადურის ლომებს ფინანსური პოლიციიდან ჯერ მაგისთვის არ სცალიათ?
    ხადურმა რაო და, კალათების საწნელი უამრავი საწარმო გაიხსნებაო, ოჯახში კალათი რომ გაჩნდება, თავისთავად მოინახება რამე ჩასადებიო... ასეა გენცთ! კალათი იკალათეთ და მეკალათეს რას კითხულობთ? ხალხმა ის ვერ გაიგო, რომ ინფლაცია ეკონომიკის ზრდაა და რა ქნას ფინ-მინმა? განათლების მინისტრის სავარძელი დაკავებულია...
    "მგელი და კრავი" სასკოლო პროგრამაში დატოვეს თუ აქტუალობა დაკარგა ნეტავ? ვითომ სადმე წავიდა „მგლების დრო“?
    სასწრაფოდ გვჭირდება ახალი სლოგანი - ადამიანი ადამიანისთვის ადამიანია!
    მამა როლანდისთვის, მაგალითად, თხაც კი ადამიანია, „ადამიანის მეგობარიც“ და გულშემატკივარიც... მამა როლანდი და მისი თხა რამ გამახსენა და ზუგდიდში რომ ცისფერ-ყვითელი ყელსახვევით რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ხელყოფას აპროტესტებდა „ახლობლებში“ აი იმან...
    დავანებოთ როლანდის „პატიოსან თხას“ თავი... მაგას თავისი გაჭირვება აქვს და "ისტორიულ-სიმბოლიური" დატვირთვა ქართულ ლიტერატურაში. ვენახის მჭამელ თხებს და მის ჯილაგს რა გამოლევს ჩვენში? მაგაზე გაჭირვებული ახლა ბაჩუნაა საკანში და კიდევ „მაგათი ეპოქის“ გამრუდებული „ხერხემალი“ ერთი კედლის იქით...
    თუმცა მამა როლანდის რა გვიკვირს, როცა უკრაინის თემაზე ქართველები დაერივნენ ერთმანეთს ინტერნეტ და ინტერნეტსმიღმა ცხოვრებაში.
    საკუთარ თავზე გამოვცადეთ ჩვენ წაგებული ომის „გამარჯვებულმა ხალხმა“, რომ რაც უფრო დიდია გამარჯვება, მით მეტია წაგებული.
    აბა ჰკითხეთ ლენინის ძეგლებს სრულიადუკრაინის ტერიტორიაზე, რა შვებით ამოისუნთქეს, როცა ჰორიზონტზე ყველგან და მუდამ „თავისი მიწისთვის“ და „თავისი ხალხისთვის“ მებრძოლი რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა?!...
    ასეა ბატონო, ვითომ ხუმრობენ, მაგრამ სიმართლესთან ახლოსაა - გინდა „გენაცვალე“ საფრანგეთში ცხოვრება? - მიბრძანდი საფრანგთში! გერმანიაში გირჩევნია ? - მიბრძანდი გერმანიაში! და თუ მაინც და მაინც რუსეთის მოქალაქეობა გინდა, რა პრობლემა? - რუსეთი მოვა შენთან... ჰკითხეთ კადიროვს და გეტყვით ეგ უჩეჩნობის ჩეჩენი...
    პუტინ! დაეხსენ ყირიმსა! ყირიმი მოგცემს რკოსა...
     
    მარტი... მარტზე ვინ რა უნდა თქვას? ოსკარმაც კი გამოიმარტა და, აგერ, მესამე მსოფლიო ომიც კინაღამ მარტში დაიწყო... შევა ეს თვე ისტორიაში, შევა...
    მარტი მოვიდა და გაიღვიძა ბუნებამ... მათ შორის „ ქალურმა ბუნებამაც“...
    ბევრმა შეიძლება არც იცით, რომ საქართველოს მასშტაბით „გენდერული კვირეული“ მიმდინარეობს. დიდბუნებოვანი ბანოვანნი კატაბალახას ნაყენით უშედეგო მკურნალობას აპროტესტებენ გულში, თუმცა ხმამაღლა მათი ლოზუნგი სულ სხვა სიბრტყეებს და ჰორიზონტებს მოიცავს. არადა, „ლეკვი ლომისა სწორია“-ს სამშობლოში რა უხერხულია ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე ფულის კეთება. თუმცა, ახლა ამას „განათლებას“ უძახიან...
    გენდერჩაგრულებმა გთხოვთ მიაკითხოთ გასასვლელს „ევროპა-ცენტრ“..
    და მწვანე ფერის „ქროქოდეილები“ თქვენსკენ ისევ არ გეშოვებათ?
    მარტი მოვიდა და ფარულავა ისევ „ცვეტშია“ თავისი კატიანად და „კოტიანად“!
    თბილისის ნაციონალური საარჩევნო კანტორის დირექტორად უგულავა დაუნიშნავთ. დადის გულზემიხაკდაბნეული. რისი თქმა უნდა ვერ მივუხვდი - თავისი პოეტური ბუნების (ა ლა ტიციან ტაბიძე) რეკლამირება სურს თუ სიმბოლიზმის სიღრმეებზე მიგვანიშნებს? გაუბედე გიგილო! გაუბედე! დაიბნიე მიხაკი, მიხაკობის დრო გაქვთ, მიხაკას დუქნობის დრო წავიდაა!!!
    ნაციონალურ პრაიმერში ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიანო. ვაშაძე წააგებს, უეჭველი, იმიტომ რომ მელიას მამა ყავს კარდეოლოგი და თან ოცნების ფლანგზე. ჰოდა, საარჩევნო პროგრამაში მელია ჩადებს ნაციონალურ მრევლის უფასო კარდეოლოგურ მომსახურებას...
     
    ნაციონალური ბანაკიდან უკვე კვამლი კი არა, კაი მამალი ოხშივარი ამოდის. სახაშლამე ქვაბები გაწყდა ელიავაზე. აწი ახალი ტყემალიც მოუსწრებთ და ...
    ვანოს საქმეში მაინც ვერ გავცდით სიმბოლურ-საკრალურ 5-ანს ... ის ხუთი მაინც სრულად მოახდევინეთ, ჩათქმული აქვს, ჩა-თქმუ-ლი...
    სამაგიეროდ, კეზერა თავისუფალია, თან უსამაჯუროდ. ყულფი კი მოუხდებოდა მაგასაც და ბარე ერთი ათსაც მაგისი „საახლობლოდან,“ მაგრამ ... სამაჯურიც მოხსნეს, ორივე პასპორტი დაუბრუნეს და უხილავი „აშეინიკი“ თუ აქვს ქართულ პროკურატურას მაგისთვის არ ვიცი. ფრანგებმა კიდევ - ექსტრადიცია არა ბატიბუტიო.
    ერთი საბჭოთა კომედიები მიყვარდა და მეორე ფრანგული კომედიები პოლიციაზე და აბა რა გეგონათ თქვენ, რომ კეზერას მუთაქები ფრანგულ თემიდას თვალებს არ დაუბრმავებდა..
    ეეე, "დალნებია" ჩართული, "დალნები"!!!
    კეზერას ვინ ჩივის? ჩვენი მომქმედი შს მინისტრის ყოფილი შეფი ონიანიც კი „ვოლიაზეა“, ბრალის დამძიმების მიუხედავად და თანაც კიდევ უკმაყოფილო. ეტყობა, ასე იაფად რომ გამოძვრა, ის ეწყინა ამ მეძვირე ადვოკატს... რა მოხდა მერე, თუ ცოტა ისიმულიანტა - ვაიმე გულიო! რას მიარბენინებდნენ იმ „ჩაფიძეში?“ გული კი არა საგულე ადგილი არ აქვს ონიანს... ამასობაში ხატიაშვილიც „ვინუჟძენში“ აღმოჩნდა..ეგრეა რა.. „სამართლიანობის მაძებარი“ ადვოკატების 99% -ის გამო, დარჩენილ ერთ პროცენტსაც უტყდება სახელი.
    თემიდა სულ ბრმა კი არ იყო? როცა ის ყველაფერს ძალიანაც კარგად ხედავდა, მაშინ ადვოკატები იყვნენ ღარიბები. დაახლოებული წყაროს მოწოდებული ლეგენდის თანახმად, თემიდას თვალები ადვოკატებმა „დაუფსეს“.
    სამაგიეროდ, დაკავებულია ემზარ კვიციანი - „სამშობლოს ღალატში“ ბრალდებული. ზის წყნარად - კარგი ადვოკატის იმედად.
     
    მიშას თურმე თავისი ხელფასი არ მოსწონდა და იმიტომ არ ურჩია ბაქრაძეს არჩევნებში გამარჯვება. ახლა ერთ ლექციაში ვიღებ უფრო მეტს, ვიდრე პრეზიდენტობისასო! - ნიშნი მოგვიგო ლექციიდან ლექციამდე ამერიკიდან ბორშის სათქვლეფად გადასულმა „მეორე სამშობლო უკრაინაში“. პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ, 2,5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი და 90 კვ. სახლი დარჩა ყვარელში. იმასაც ჰყიდის, - მა რა ქნას?
    მიხეილის ამბავი მისი ზღვის ტალღის ფერი პიჯაკივით მოძველდა. ახლა „ფულეს“ პალტოში გამოწკეპილი მარგველაა ინფორმაციულ ზენიტში. იტყვის რამეს და - ვინ ეკითხებაო? არაფერს ამბობს და - რაში იღებს ჯამაგირსო!. კაცო, პეპელა კი არაა ეგა, პრეზიდენტია, პრეზიდენტი!
    და მერე რა, თუ საბჭოთა არმიაში სომხეთის ტერიტორიაზე ვალმოხდილი ცოტას დეზერტირობდა? ჯარიდან საჭმელად იპარებოდა აბრამЯნებშიო!... რა მოხდა და ის მოხდა, რომ არ გაუყვანს მიშას დაპირებულ რკინიგზას ახალქალაქისკენ დროზე და ისევ მაგას წამოაძახებენ, - შე რობერტას ცოლ ჰაზბიკას ტოლმაზე გაზრდილოო! ხოდა, რა ამოვა სომხების ვალიდან!? მიუშვით მარგველა! პუტინს მაინც დაარწმუნებს საქართველო- ნატოს ამბავში და ომიც აღარ იქნება...
     
    მაია ფანჯიკიძე ვანუატუს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.. შეხვედრა მეგობრულ ვითარებაში წარიმართა ღია კარს მიღმა... აბა ვანუატუს პრემიერთან ჩვენი მტერი დარჩეს ტეტ-ა ტეტ... ჩვენ საგარეო მინისტრი ჯერ კიდევ გვჭირდება ბატონო... დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობები ვანუატუსთან არ უნდა იყოს მოსაწყენი... ჩამოვლენ- ჩავალთ... ჩვენ ხინკალს და ხაჭაპურს გავასინჯებთ, მერე ისინი ჩვენგან კოტლეტებს გააკეთებენ და ასე...
     
    ამასობაში, ბაღდათის რაიონ სოფელ საკრაულაში ჩინელები გამოჩდნენ, მიწის ნაკვეთები უყიდიათ. აბორიგენების ცნობით, „ჯანზეც ყოფილან“ აქსელერანტები თუ გენმოდიფიცირებულები, ჯერ არკვევენ...
    მოჩიჩქნიან-მიჩიჩქნიან როყიო და ჯანსაღ ქართულ ნიადაგს, სოიო, ბრინჯი და სიმინდი არ მოგვაკლდება და ისე, ჩვენც რაღაც-რაღაცეებზე კი უნდა მოვჭუტოთ ცოტა თვალები, დემოკრატია რომ გვინდა, აბა როგორ გვინდა?
    ყავამშვიდობისა !
     
    კატო ჩულაშვილი
  11. katya
    გუშინ წინ ჯერ კიდევ ზამთარი იყო.
     
    უდღეური თუ დღენაკლული თებერვალიც ბასტა!
     
    დღეს, ჰოპლა და, უკვე 2 მარტია!
     
    მარტი - კარტივით აჭრილი და ჩამოსარიგებელი...
     
    სხვისი არ ვიცი და მე წლებს მარტიდან მარტამდე ვითვლი, ასე დამჩემდა...
     
    მუდმივად რაღაცით უკმაყოფილოები წუწუნებენ - წლებთან ერთად ურთიერთობებში წერტილები მატულობს და მძიმეები მცირდებაო!
     
    არადა, სრულფასოვან სუნთქვას და მოკლე მანძილებზე კროსს შორის არჩევანის გაკეთებამდე, მრავალწერტილებით შეიძლება გულის გადაყოლება...
     
    ქართველებმა კი ვთქვით - შორს მოუარე და შინ მშვიდობით მიდიო, მაგრამ საცალფეხო ბილიკებს და მოკლეზე მოჭრილ გზებს, ბოლო დროს, პირდაპირ დიდ შოსეზე გავყავართ და ეგეც ნაცადი ხერხია საზოგადოებრივ, პირად და პოლიტიკურ ცხოვრებაში ...
     
    „ყველას ყველაფერი შეგვიძლია!“ ეგაა, ყველამ არ ვიცით - რა შეგვიძლია რეალურად?
     
    გვსურს ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ რას ვგულისხმობთ ამ ბედნიერებაში ამაზე ზოგჯერ პასუხი არ გვაქვს. არადა, როგორი სიამოვნების მიღება შეიძლება პატარ-პატარა სიხარულებით. მერე ამ პატარ-პატარა სიხარულებისგან დიდი ბედნიერების გამოცხობაც აღარაა რთული...
     
    ოღონდ, რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით და არა სხვისი ბედნიერების ანგარიშზე.
     
    შეიძლება, ენთუზიასტები ვიღაცის თვალში „დაუოკებელი იდიოტებიც“ ვართ, მაგრამ ზოგჯერ იდიოტობასაც აქვს თავისი ხიბლი - მოგონებები მაინც რჩება... თანაც - სასიამოვნო...
     
    ბოლო დღეებში იმაშიც დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტი რწმენა ნამდვილად აფხიზლებს და ანათლებს, "რელიგიურობა" და "ეკლესიურობა" კი ბევრს აბნელებს და ასულელებს...
     
    როგორც ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე იტყოდა, - სჯობს ყველაფერზე ცოტა დაბალი ხმით აღვშფოთდეთ! ჭეშმარიტება კამათში იბადება და არა ყვირილში... მცირე შეხსენება რეიტინგზე აკრეფილი ტელე-შოუების დედამთილებს, რძლების გასაგონად... ვაღიაროთ გარჯის ნაყოფი - საზოგადოებრივი აზრი წალეკილი, კამათის კულტურა ქართული ენის საიდუმლოსავით ღრმად დამარხული, ობიექტურობაზე უბრალოდ არ ღირს გაფიქრება - "ჩემი ტენდენციური ჩემთან"!
     
    და ამ ყველაფრის ფონზე, მარტივად რწმუნდები, რომ კანონი, მორალი და საღი აზრი რეალობაში სამი ურთიერთ პერპენდიკულარული განზომილებაა...
     
    ჩვენ - დაკოდილ-დაშტრიხულ-დაშტამპულები... "აიდი" თუ "იდი"...დედა, რა უხერხულია! მოგიტევოთ უფალმა და წყეულიმც იყავთ!..
    წმინდანის ნეშტთან მიახლება სამთავრობო საშვით, ურიგოდ... სამაგიეროდ, ჰაიდა რიგი მრევლის ფეხსალაგად ქცეულ ავლაბარში!
    თბილისელებს ახსოვთ "ბამბის რიგი," "რკინის რიგი"...
    "სამების რიგი" სხვა განზომილებაა... გაიცინებს ის დალოცვილი ღმერთი ჩვენზე, აბა არ გაიცინებს?
    აამოს და შეარგოს!
    25 თებერვალს, "ოკუპაციის დღე" და 93 წელი აღვნიშნეთ დაშვებული დროშებით, გახსენებულ-მოხსენიებული იუნკრებით, ტაბახმელაში ასვლას რა უნდა?! 2 ნაბიჯის, 2 წუთის და 2 კაპიკის ამბავია... სამაგიეროდ, ყურადღებაში ჩაგეთვლება და ისტორიის ცოდნაში.
    მერე, თუ, საკუთარი თავით კმაყოფილი, სიმღერის ხასიათზეც დადექი - რა გასაკვირია?
    რა დროს რომანსეროაო? - თვალი ჩაუკრეს, ფეხზე დააბიჯეს, მუჯლუგუნი გაკრეს, ეგებ იდეა დავაგდებინოთო! ზამთრის სოჭის ნახვაზე გადარევის არ იყოს... მაინც შესრულდა იმ ჩვენი "სოფლის გიჟის" ძვირფას სამყოფელში "ერთმორწმუნე" "უფროსი ძმების" რომანსები. თან ვერც ისე იაფად გამოვიდნენ, როგორც იუნკრებთან... იმაზე მეტიც დაიხარჯებოდა, ორგანიზატორს რომ გამართლებოდა... ნიჭი და სიზარმაცე, ყოველთვის სულაც არ ნიშნავს "არაჩვეულებრივ გამოფენას"... Ой, Агули! кажетса, начинаетса...
    გზა სრულფასოვანი საზოგადოებისკან სრულფასოვან მოქალაქეებზე გადის... "მთავარი მოქალაქე" დაგვპირდა და იატაკქვეშეთში გადაბარგდა. მთავარია, ყუმბარების დამზადება არ დაიწყოს და ავლაბრის სტამბას გადავცემთ იჯარით...
    ნეტავ რამდენ ხანში ერთხელ აქვს გაწერილი უსექტორო მოქალაქეებთან შემოხმიანება?
    ქართული ტურიზმი სწორი გზით ვითარდებაო! აქამდე რომ გვატყუებდნენ, არ ვტყუვდებოდით, ახლა გინდა თუ არა, უნდა მოტყუვდეთ, თორემ გამტყუნდებითო... საქართველო - სიცოცხლის ქვეყანა! მოვა ტურისტი, აბა არ მოვა? იმუშავებს ეგ სლოგანი, ადამიანის უკიდეგანოდ ცნობისმოყვარე ბუნების გამო... ამასობაში მსოფლიო რეიტინგმაც სულზე მოგვისწრო - ევროპაში ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს დედაქალაქმა მიიღო ამერიკული კომპანიის Mercer-ის ტურისტების ცხოვრებისთვის ყველაზე არასასურველი ადგილების რეიტინგში. ამბობენ, რომ პლანეტაზე ასეთი ადგილები ძირითადად ცენტრალურ აზიაშია.ევროპის ქალაქებში კი ვართ ბოლო, მაგრამ აბა აზიიდან გამოგვხედონ, იქიდან ხომ ვართ პირველები?. მოკლედ რაკურსს დიდი მნიშვნელობა აქვს... თუმცა, ჩვენი მხრიდან გულში ჩადება და ჯიბრით მუშაობაც არ აწყენდა მაგ საქმეს..
    ევროპაში თუ დაგვიწუნეს, იმიტომ ვერ შენდება თბილისელი ნაჭუჭების სიმბოლო "ვარდების მოედანზე", ზედ "რედისონის" წინ, რომლითაც ფუნიკულიორს მივეახლებით ჟამ და ჟამ..
    ცალი "შლოპანცის" პატრონი კიევიდანაც კი გაიქცა და გიგანტური კვერცხები მაინც ვერ მოვიშორეთ...
     
    მეტს აღარ ვიფილოსოფოსებ, გვყავს ჩვენ პრეზიდენტი და მაგ საქმისთვის ხელფასსაც ვუხდით. მხოლოდ იმის შეხსენება მინდოდა, რომ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, ჭკვიანი ხარ თუ სულელი, თეორეტიკოსი თუ პრაქტიკოსი - ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს..
    როცა ეკზიუპერს ჰკითხეს, -ღირს თუ არა ბავშვების განებივრებაო? უპასუხა - აუცილებლად გაანებივრეთ, სანამ შეგიძლიათ, ვინ იცის, რა გამოცდებს უმზადებს მათ ცხოვრებაო...
     
    ჰოდა, აბა გასულ კვირას ვინ წარმოიდგენდა, ასე ახლოს მოსიარულე მესამე მსოფლიო ომის აჩრდილს და სანატრელი ნატოს ხელის გაწვდენაზე სიახლოვეს?
    ეს მარტი ცუდად აიჭრა. მთავარია, ვის პარტიას ითამაშებს ჯოკერი?..
    როცა ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს, მარტში კატებიც კი აღარ ჩხავიან...
    ზოგს რომ კითხო, სიყვარული თავისუფლების ნებაყოფლობითი უარყოფააო...
    რა ვიცი-რა ვიცი...
    სანამ კატა მესამედ იჩხავლებს, აისიც მწვანედ აინთება სოციალურ საქსელეთში...
     
    კატო ჩულაშვილი
  12. katya
    თუ უზნაძის შეხედულებები ,,მოძველდა,, , მაშინ ალბერტ ელისს მაინც გადახედეთ, ABC მოდელს...
    არ მოგვწონდა და ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ განათლების სისტემას. ფაქტიურად იმას სისტემის არც არაფერი ეტყობოდა, უბრალოდ ერქვა ასე.
    მოვიდა ახალი ხელისუფლება და ჩვენც ახალი მიდგომებისა და იდეების მოლოდინში გავისუსეთ.
    უფასოდ დარიგებული წიგნები ბავშვებისთვის იყო პიარ-სვლა თუ განათლების ახლებური ხედვა, ამას მომავალი გვიჩვენებს.მაგრამ ეს საშუალო განათლების თემაა.
    დღეს ასევე დიდი ბჭობა მიდის უმაღლესი განათლების მოწყობის საკითხებზე და, რატომღაც, უყურადღებოდ რჩება ყველაზე მთავარი - მომავალი თაობის სკოლამდელი აღზრდა და ახალი მეთოდიკის შემუშავება. არადა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...
     
    საინტერესოა, ჩვენი დღევანდელი განათლების სისტემის მუშაკები თუ არიან დაინტერესებული უცხოური სკოლამდელი აღზრდის მეთოდიკით, ანუ თუ ახდენენ მის გააზრებას, თორემ ,,გამოცდილების გასაზიარებლად,, ფაღარათიანებივით რომ დარბიან საზღვარგარეთ, ეგ ვიცით, ბატონო...
     
    ჩვენ, ამ საკითხით დაინტერესებულმა საზოგადოებამ, რა შეგვიძლია ვურჩიოთ? მაგალითად ის, რომ თუ უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და იქაური სკოლამდელი აღზრდის პრაქტიკის გასაცნობად ჩასულები, შოპინგებისგან გადაქანცულები პროფესიონალიზმს ვერ იმაღლებთ, ინტერნეტით მაინც მოიძიეთ სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდის მეთოდიკა. იქნებ ნათელმა სხივმა გაიელვოს თქვენს გონებაში.
     
    ამას წინათ ვუყურეთ მე და ჩემმა 4 წლის შვილმა, როგორ იწყება დილა რიოს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. ტამტამის თანხლებით ისეთი დილა გაითენეს ნაციონალური რიტმებით და ისეთ მოძრაობებს აკეთებდნენ, არ შეიძლება ამხელა დადებითმა ემოციებმა თავისი დადებითი კვალი არ დაამჩნიონ ამ პატარა ადამიანების მომავალ ცხოვრებას...
    ამ სიუჟეტის ნახვის მერე, 1 საათი ბავშვი ვერ გავაჩერე, ისეთ ხასიათზე მოვიდა...
    არაა ბრაზილია მაინც და მაინც დალხენილი ქვეყანა. პირიქით, ძალიანაც უჭირთ, მაგრამ ცდილობენ პატარები ამ მძიმე ემოციებისგან დაიცვან და მარტივი და იაფი მეთოდით ზრუნავენ მათ სულიერი სიჯანსაღეზე.
     
    ბრაზილიელები ბავშვებს ყოველ დილით ფესვებიდან წამოსული ენერგეტიკით ,,ტვირთავენ,, . ყველა მოძრაობა, ყველა ბგერა მათთვის ახლობელი და ორგანულია.ამიტომ, ბედნიერების შეგრძნება თავისთავად ტივტივებს ამ პატარების სახეებზე.
     
    არ ვამბობ, რომ ჩვენს საბავშვო ბაღებში დილით მისული ბავშვები მაინც და მაინც დოლ-გარმონზე ,,გამოაფხიზლონ,, , მაგრამ შეიძლება ისეთი მეთოდიკის შემუშავება ფსიქოლოგებთან ერთად, რომელიც ჩვენი შვილების ემოციებს და წარმოსახვას გააფერადებს. არაა პრობლემა ისეთი მუსიკის შერჩევა, რომლის მელოდიურ ხაზსაც პატარა უპრობლემოდ გაიგებს და ტემპო-რიტმზე ემოციას ააწყობს.
    ჩვენს საბავშვო ბაღებში არც ფერის ფსიქოლოგიის გამოყენება აწყენდათ. გული გაგისკდება ამ შენობებს რომ შეხედავ, ინტერიერზე და მომსახურე პერსონალის მიმიკა-ჩაცმულობაზე აღარაფერს ვამბობ.
    მერე გვიკვირს, რატომაა ეს თაობა გაღიზიანებული და აგრესიული?
     
    ,,ქართული პედაგოგიკის დედებს და მამებს,, უნდა ახსოვდეთ და მოეხსენებოდეთ, რომ ბავშვი გასაფერადებელი უსუფთავესი კონტურია, რომელშიც ყველაფერი საუკეთესო უნდა ჩაასხა, კარგად გამოტენო ამ სატენით და მერე გქონდეს პრეტენზია იმის, რომ მომავალ თაობას მინიმუმი მაინც გაუკეთე?
     
    ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, ამ ჩვენს უბადრუკ განათლების სისტემაში რაღაც სულელური ფასწარმოქმნის ექსპერიმენტების მაგივრად, დასხდნენ და სწორი მეთოდიკა შეიმუშავონ, როგორ შეუქმნან ბავშვებს განწყობა, ანუ როგორ შეუწყონ ხელი ვთქვათ გენეტიკურად გადმოყოლილი, ან სოციალური ფონით შეძენილი უხასიათობის დაძლევას.
    მუსიკის, ქორეოგრაფიის და ფერის ერთობლიობა პატარების განწყობის შესაქმნელად მისწრებაა.
    არ ჭირდება ამის გაკეთებას მილიონები. ამას უბრალლოდ სურვილი და პროფესიონალები ჭირდება.
     
    კატო ჩულაშვლი
  13. katya
    საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი თავსატეხი - რაიან გრისტი და მისი სკანდალური წარსული
     
    გვესმის, რომ ევროპა ჩვენი არჩევანია, რომ ევროკავშირში შესასვლელად ვიბრძვით და ამ დიდ ოჯახში შეღწევა ძალიან გვინდა, მაგრამ, ყველაზე სასურველ და საყვარელ ადამიანებთან მიმართებაშიც კი შედეგიანია ანდაზა, - ენდე, მაგრამ შეამოწმე.
    იმის თქმა გვინდოდა, რომ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ კავშირის მიმართ, ზოგჯერ, სახელმწიფო მოხელისთვის, სახელმწოფო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობ სასარგებლო იქნებოდა მათ მიერ შემოთავაზებული პირობების და პერსონების უფო გულისყურით გადახედვა. ასე იქცევა ყოველთვის პასუხისმგებლობით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელე და თავმოყვარე ქვეყანა.
    ბრმა თანხმობა და ნდობა დიპლომატიაში კი არა ადამიანურ ურთიერთობებშიც საკამათო თემაა და არცაა მიღებული. ამჯერად კი სახელმწიფო რეპუტაციაზე, მის უსაფრთხოებასა და ინტერესებზე, საგარეო ურთიერთობებზე და მაღალი რანგის დიპლომატიურ მისიებზეა საუბარი.
    რისთვის დაგვჭირდა ეს არც ისე ლირიული პრელუდია?
    იმისთვის, რომ ქართული საგარეო პოლიტიკა კიდევ ერთი დიდი სკანდალის წინაშე დგას. შეიძლება ითქვას, წინაშე კი არა, უკვე წელამდე დგას, თუმცა, ჯერ-ჯერობით ამის თაობაზე ოფიციალური უწყებები დუმან. ალბათ იმით არიან დაკავებულნი, - ვის გადააბრალონ ის, რაც მოხდა. მოხდა აი რა:
    2014 წლის იანვარში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის ხელმძღვანელის მოადგილედ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე - რაიან გრისტი მოგვევლინა, რომელიც 2008 წელს საზოგადოებისთვის „ჯაშუშის“ კონტექსტში გახდა ცნობილი.
    ამ მისიის ოფიციალურ საიტზე მის შესახებ დევს ოფიციალური ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ რაიან გრისტს მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტის სადოქტორო ხარისხი საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზის სფეროში. არის ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი. მუშაობდა გაეროს სამშვიდობო მისიებში კვიპროსსა და ახლო აღმოსავლეთში და ევროპის თანამეგობრობისა და გაეროს სადამკვირვებლო მისიაში ყოფილ იუგოსლავიაში. ეუთოს ორ მისიაში (მოლდოვეთსა და საქართველოში) მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა და ასევე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა გაეროს წარმომადგენლობაში ცენტრალურ აზიაში. იგი ასევე მუშაობდა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სტაბილიზაციის საკითხებში მრჩეველად. 2014 წლის იანვარში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებამდე, ბ-ნი გრისტი იყო მენეჯერი ნიგერიის სტაბილურობისა და შერიგების პროგრამაში. იგი ახორციელებდა კონფლიქტის შემამსუბუქებელ პროგრამებს ნიგერიის იმ რეგიონებში, სადაც ძალადობასა და ამბოხებას ჰქონდა ადგილი.
    შესაძლოა, არაპროფესიონალისთვის ამ ინფორმაციაში დასაფიქრებელი და დასაეჭვებელი არაფერი იყოს, მაგრამ როდესაც საქმე სახელმწიფო უსაფრთხოებას და მაღალ დიპლომატიას ეხება, თუნდაც წმინდადიპლომატიური ეტიკეტის გამო, კეთილსინდისიერი და შედეგზე ორიენტირებული სახელმწიფო მოხელე, ყურადღებას გაამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ გრისტს უკვე უმუშავია საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში. ეს ფაქტი არც ისე უმნიშვნელოა და, ნეგატიურ შიგთავსზე მცირედი ეჭვის არსეობის გარეშეც, თუნდაც გულითადი საუბრის გასაბმელადაც უკვე თემაა.
    არადა, სულაც არაა ასე უხინჯოდ და ულაქებოდ საქმე. კვალი ხილვადია და 5 წლის წინ საკმაოდ გახმაურებულიც.
    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს „საპატიო“ და „პატივცემული“ დიპლომატი 2008 წელს ჯაშუშობის ფაქტზე იყო ეჭვმიტანილი.
    დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ომის დროს, ეუთოს ბრონირებული მანქანით გადავიდა ვლადიკავკაზში და ყველა რუსულ არხს დაუდასტურა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
    „ეუთოს ყოფილმა თანამშრომელმა საქართველოში, რომლის განცხადებებმაც გაამყარა რუსეთის პოზიცია აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილებები, შემდეგ დაკარგა სამუშაო და მისი ქმედებები დეტალური შესწავლის საგანი გახდა, ხოლო საქართველო მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს“,- იტყობინება Wall Street Journal-ი 2008 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.
    ბრიტანული არმიის ყოფილმა კაპიტანმა, ომის დაწყებისას, ზოგიერთ დასავლურ მედიასთან, მათ შორის New York Times-სთან და BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 7 აგვისტოს საქართველოს თავდასხმა ცხინვალზე ”აბსოლუტურად არაპროპორციული იყო ნებისმიერი პროვოკაციისა, თუ პროვოკაცია საერთოდ იყო.”
    2008-ში გრისტი აცხადებდა, რომ მრავალჯერ გააფრთხილა ეუთოს დიპლომატები, საქართველოს მხრიდან ცხინვალზე შესაძლო შეტევაზე, თუმცა, მისი მტკიცებით, გაფრთხილებებს ყურადღებას არ აძლევდნენ. ამ ბრალდებას მისი ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოში ეუთოს მისიის უფროსი, ტერი ჰაკალა უარყოფს. მან Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ გრისტს არასდროს გაუფრთხილებია ის არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად. გრისტი ეუთოს მისიაში პასუხისმგებელ პირად ითვლებოდა მაშინ როდესაც ომი დაიწყო, რადგან იმ დროს ტერი ჰაკალა შვებულებაში იმყოფებოდა.
    ეუთოს ცხინვალის ოფისიდან სამი დამკვირვებელი ჰაკალას ბრძანების საფუძველზე 8 აგვისტოს ევაკუირდნენ . გრისტს და ჰაკალას რა კამათი და გაუგებრობა ჰქონდათ ერთმანეთში ეს ეუთოს საქმეა, ფაქტია, რომ, „დაუმორჩილებელი“ დიპლომატი „მისიონერი“ 12 აგვისტოს ცხინვალისკენ გაემართა ეუთოს არადაჯავშნული მანქანით. რუსულმა სამხედრო ძალებმა, რომლებიც მაშინ უკვე აკონტროლებდნენ სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქს, იგი ცხინვალში შეუშვეს.
    გრისტი ცხინვალში თავის მეგობარ - ლირა ცხოვრებოვას სტუმრობდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ ოსეთის ქალთა ასოციაციის” ხელმძღვანელი იყო და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც აქტიურად თანამშრომლობდა.
    Wall Street Journal-ს სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, Associated Press-მა გაავრცელა მის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელიც ცხოვრებოვას სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირებს ეხებოდა. ამერიკული საინფორმაციო სააგენტოსგან ამ ინფორმაციის გავრცელება ცხოვრებოვას აშშ-ში ვიზიტს დაემთხვა, რომელიც ამერიკული PR-კომპანია Saylor Company-ის ორგანიზებული იყო .
    Wall Street Journal-თან ინტერვიუში რაიან გრისტს არც ცხინვალში ორ მაღალჩინოსანთან შეხვედრა დაუმალავს, თუმცა ვინაობა არ დაუსახელებია. ისიც დაადასტურა, რომ თბილისის ოფისი მისგან სასწრაფოდ უკან დაბრუნებას მოითხოვდა, თუმცა ვერდაბრუნება ოს მებრძოლებს გადააბრალა. ბოლოს ცხინვალიდან ის რუსულმა ძალებმა გაიყვანეს 15 აგვისტოს, ბრიტანეთის საკონსულოს თხოვნით. ამ ფაქტის გამო ეუთომ ის სამსახურიდან დაითხოვა.
    გრისტის ჯაშუშობაზე ვარაუდები საქართველოს მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმაც დაადასტურა ქართულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით.
    გრისტს თავისი განცხადების შემდეგ ომის დაწყების თაობაზე, ხან MI6-თან და ხან კგბ-სთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ, რასაც ის ყოველთვის უარყოფდა. თუმცა, მისი პასუხი ”მე მხოლოდ ის მინდოდა გამეგო, თუ რა ხდებოდა,” - არგუმენტად არავის ჩაუთვლია.
    2008 წლის დეკემბერში „უოლს სტრიტ ჯორნალი“ წერდა,რომ კრემლი თავის წარმატებებს ბრიტანელ რაიან გრისტს უნდა უმადლოდეს. `თუ ვინმემ დაიჯერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს ეუთოს თბილისის ოფისის ყოფილი თანამშრომლის განცხადებების საფუძველზე მოხდა“.
    „აგვისტოს ომის“ დაწყების თემა დიდი ხანია კამათის საგანია და ამ თემით ხშირად აპელირებდა წინა ხელისუფლება. ამ თემასთან მიმართებაში გულგრილი არც ახლანდელი ხელისუფლება დარჩენილა. ეს ექსპერტების და ისტორიკოსების სფეროა, მაგრამ დღეს გვაქვს ფაქტი - საკმაოდ საეჭვო პირი დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს დასტურით, უმნიშვნელოვანესი მისიის ხელმძღვანელის მოადგილეა.
    ასეთ ფაქტს ყაყანის და კრიტიკის გარეშე რომ არ დატოვებდა წინა ხელისუფლება, ამაში მოულოდნელი არაფერია. ისინი გრისტს რუსეთის ჯაშუშად მიიჩნევენ ცალსახად. აქ უფრო მნიშვნელოვანია დღევანდელი სახელისუფლებო მიდგომა საპასუხისმგებლო საკითხების მიმართ. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელი პასუხისმგებელია ნებისმიერი დიპლომატის დანიშვნის პროცესზე და პროცედურაზე, იყვნენ ინფორმირებულები ამ პერსონის ბეგრაუნდის შესახებ და ეს წინა ხელისუფლების მის მიმართ ბრალდებებზე პასუხი და ფაქტზე დღევანდელი პოზიციის გამოხატვის მცდელობაა, მაშინ, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ეტიკეტის შესაბამისად და პროტიკოლის დაცვით მოეხდინათ ფაქტების გადამოწმება და დადებითი გადაწყვეტილებაც კონკრეტული დიპლომატის დანიშვნის მიმართ, შესაბამისი საინფორმაციო შეფუთვით წარედგინათ. ანუ, ნაციონალური დემაგოგიისთვის დაესწროთ მისი ინფორმაციად მოწოდება, რომელიც არგუმენტებით იქნებოდა გამყარებული. საგარეო უწყებას აქვს უფლება უარი განაცხადოს შემოთავაზებულ კანდიდატურებზე, თუ მათ შესაფერისობაში ეჭვი ეპარება და უცხოური მისიების მიერ წარმოდგენილი პერსონალიების უპირობოდ დამტკიცების ვალდებულება არ გააჩნია.
    თუ ინგლისელი დიპლომატის უახლოესი სკანდალური წარსული ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობისთვის უცნობი იყო, რაც უფრო ახლოსაა რეალობასთან, მაშინ უნდა მოეთხოვოს პასუხი კონკრეტულ უწყებებს - ვინც პასუხისმგებელია ამგვარი სახის ინფორმაციის მიწოდებაზე სამინისტროსთვის.
    პასუხისმგებლობასთან და უწყებრივ უფლება-მოვალეობასთან დაკავშირებით კი დღეს საქართველოში სერიოზული არეულობა და გაურკვევლობაა.
    ჯერ კიდევ გაურკვეველია ვის დაქვემდებარებაშია და ვისთანაა კონტრდაზვერვა ანგარიშვალდებული? ჯერ-ჯერობით უშიშროების საბჭოს ფუნქციები იგივეა, კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად საგარეო პოლიტიკის დიდი ნაწილი პრეზიდენტის პრეროგატივაა. ხდება სტრუქტურული თანხვედრა, რაც არაეფექტური, სამაგიეროდ, სოლიდურად ხარჯიანი და, ზოგ შემთხვევაში წამგებიანიცაა, რადგან ერთმანეთის შემხედვარე ერთგვაროვანი სტრუქტურები დაკისრებულ ვალდებულებებთან არც ისე პირნათელი არიან. უწყებრივი კონტრდაზვერვის მიმართულებით უფლებამოსილებების გამიჯვნა არაა დასრულებული და დროში გაუმართლებლად იწელება.
    კონსტიტუციური რეფორმაც გაჩერებულია. გაურკვეველი და გასაკვირია საქართველოს პარლამენტის გულგრილობა ამ თემის მიმართ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გასული წლის ნოემბერში შექმნილ კონსტიტუციური რეფორმების კომისიის არცერთი სხდომა არ შემდგარა.
    ფაქტია, სანამ აქ გაერკვევიან, ვის რა ფუნქციები აქვს? ვინ ვის უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და ვინ ვისთანაა ანგარიშვალდებული, - სერიოზული „ შეცდომა გაეპარათ“, ეს ყველაზე მსუბუქი შეფასებით.
    ნებისმიერ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს აგრიმანის, ანუ თანხმობის, გარეშე ჯაშუშად მიჩნეულ პირს არავინ დანიშნავდა აქ მისიის წარმომადგენლად.
    კატო ჩულაშვილი
    რაიან გრისტის შესახებ 2008 წელს სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებული მასალების ლინკები:
    http://www.geotimes....me&newsid=16748
    http://www.apsny.ge/.../1229735921.php
    http://www.eumm.eu/ge/about_eumm/dhom
    http://www.civil.ge/...le.php?id=20245
    http://www.apsny.ge/.../1229735921.php
  14. katya
    გვარიანი დრო გავიდა საჯარო და ჯგუფური ყავის სმის ბოლო სეანსიდან „ პლანეტაზე“.
    გზააბნეული ქარის მოტანილ და მერე უკან წაღებულ რამე-რუმეებს, ისევ კეთილსინდისიერად მოყვანილი ყავით დალოცვილი მშვიდობა გერჩივნოთ.
    სიმშვიდე თუ არა, კოფეინი ხომ მაინც შეგრჩებათ ორგანიზმში? ფინჯანში კიდევ - ყავის ნალექი, რომელზეც შეგიძლიათ წარსულიც დაინახოთ, აწმყოც და მომავალიც. თუ განჭვრეტილმა ვერ დაგაკმაყოფილათ, რომელიმე (სასურველია უფრჩხილო) თითით შეგიძლიათ „გულიც გახსნათ“ - იმედები და მოლოდინები გაიუმჯობესოთ.
    ბავშვობის ზღაპრებიდან შემორჩენილი სიბრძნით, თუ სწორად მახსოვს, ქვეყნად მხოლოდ სამი რამაა, რასაც უკან ვეღარ დააბრუნებ - დრო, სიტყვა და შესაძლებლობა…
    ამიტომ, გამოყენებას უნდა ექვემდებარებოდეს ყველა შანსი. ხოლო ზოგიერთის მცდელობა - იყოს "ყველასთვის კარგი", უმადური უტოპიაა, თანაც იაფფასიანი პარფიუმის სუნი უდის. ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია, არ იყო "ყველასთვის ცუდი". დანარჩენზე სხვებმა ინერვიულონ...
    „დიდმა შესვენებამ“ დაგვარწმუნა, რომ ყავის სმის და ერთად შეკრების უამრავი მიზეზი არსებობს. ზოგჯერ უმიზეზობაც მიზეზია... თუ არ გჯერათ, ჯიჯის კითხეთ, ალფაიძეს!
    ისე, ამ ქვეყანაში „მოქალაქეზე“ ნაკლები არ უნდა იყო, თუმცა, ამისთვის ჯერ ყველა მზად არ ვართ, ამიტომ, ჯიჯით დავიწყოთ...
    ჯიჯი რამ გამახსენა? შალიკო ხვინგიაძემ და თოვლმა, ბატონო. ჩვენ რომ გვჭირდა გასულ კვირას, ზუსტად მასეთ ყინვა-ყიამეთში გადალახა ალპები მაგ კაცმა და ვიღას ახსოვს სუვოროვი? აცხონოს უფალმა! მერე რა, რომ ზამთარია?!
    ალპები და სუვოროვი დიდი ამბავი! აგერ, პიპინია ერისთავმა, საკუთარ ცხენს გამოასწრო პორტ არტურიდანო, - იტყვის ვინმე. გამოასწრო და კარგიც ქნა.
    უფრო კარგ ამბავს გეტყვით - პაპაჩემმა, იოსებ ლიმონიჩმა, ბესარაბია - ბუკოვინას საზღვართან იმდენი იჩალიჩა, კოჭში ტყვია გაირტყა და სახლისაკენო!- უბრძანეს. რა ექნა ვახ! უნდოდა ახლა მაგას ფრონტის წინა ხაზი? კატუშა შეუყვარდა ნემეტნავად და სახლში ეჩქარებოდა. ქალი კი საუკეთესო არგუმენტია ჯარისკაცისთვის სახლში დასაბრუნებლად, განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე.
    ევროპულ კავშირებზე ვოცნებობთ, მაგრამ ევროკავშირში ღობის იქით არ გვიშვებენ - პატარები ხართ კი არა და, აღზრდა გაკლიათ დემოკრატიული ღირებულებებითო. თუმცა, ახალ პრემიერ-მინისტრს სულაც არ დაუტოვებია გაუზრდელის შთაბეჭდილება საკმაოდ წარმომადგენლობით ვიზიტზე. შეფასებები მართალია არაერთგვაროვანი იყო, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია - ვინ აშუქებდა?
    რაც გინდა უძახო, მოუწოდო, ჟესტიკულაციით მიანიშნო, ვერ ხვდებიან მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ „ნაციონალურ“ დემაგოგიაზე უარი თქვან. ისე, მაგათიც მესმის - ასეთი „რეზკი იგნორი“ არ გამოდის. ბოლო-ბოლო 9 წელიწადი თანაარსებობაც რაღაცას ნიშნავს. თანაც არსებობასაც გააჩნია. სამომხმარებლო კალათასაც და ზოგიერთის საარსებო მინიმუმსაც. ყველას კალათში გიტარა ვერ იქნება. ზოგი სალამურს აკვნესებს და ზოგიც გარმონს გაწელავს. ინდივიდუალური, სეზონური და დროებითია ეს ყველაფერი. ბაზარი და სავალუტო ბირჟა თავისას მოითხოვს, ბიუჯეტი - თავისას - ამაოებას ამაოთას. „ნაციონალური“ გადმონაშთებიც, თითქოს, „ეკლესიასტეს“ იმედად არიან, თუმცა, ჯერაც ვერ გაითავისეს, რომ არს ჟამი „ ენის ჩაგდებისა“ ...
    თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო...
    ხეში წყალი, იოანე გაღლეტილის, ყოფილი მრისხანეს და ამჟამად ბრალდებულის თვალში კი ნიანგის ცრემლი. თუმცა, რა გვიკვირს? ეს ხომ „ხერხემლობას“ იბრალებდა თუ აბრალებდნენ და არა „რკინის კაცობას“?! ოჯახი დამეჩაგრა ჩემს გამოო... თუმცა, მტკნარ სიცრუეზე გადაღებულ მომლაშო სანახაობამდე იყო ბრძანება ორ გვამზე და ვანოს კრავთა ჩვეული დუმილი...
    სანახაობა სამაგალითოდ დასჯისათვის ნამდვილი სისხლით და ნამდვილი ტყვიებით. მოკლედ, განკარგულების გამცემმა, გრამატიკაში დაკარგულმა ენაბლუმ ერთი თქვა, მეორე „უპირომ“, პირდაპირი და ირიბი გაგებით, - მეორე. ვანოს ამოთქმულ ორად ორ წინადადებაში, თურმე, იმდენი სათქმელი ყოფილა, გივი თარგამაძეს მისი მოკლე შინაარსის გადმოსაცემად 2 ფურცელი არ ეყო.
    საბედნიეროდ, გვამი იყო მხოლოდ ერთი. პრემიები ნამდვილად გაიცა. აიღეს, შეირგეს, საკუთარ შვილებს და ოჯახებს მოახმარეს...
    ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კომენტარი გააკეთა“ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე: "მე, საერთოდ, პოლიტიკაში, ძალიან გთხოვთ ნუ ჩამრევთ. მე გითხარით რისთვის ვარ აქ და საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისათვის, რომ დამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც. დღეს რაც ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანიაო"...
    საზოგადოება, რა თქმა უნდა, აღშფოთდა, გააპროტესტა, კიდევ რაღაც ნაწილმა გადახარშა აზრი - წინა ხელისუფლების რეჟიმად გამოცხადებაზე. თუმცა, ერთგული მრევლი მაინც ერთგული მრევლია.
    ამასობაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტენდერი გამოაცხადა 10 000 დროშის შესყიდვაზე. რად უნდა ნაციონალურ მოძრაობას 10 000 დროშა?
    ამ ჩვენს დროშებს თინიკო, გუშინ მთელ დღეს კერავდა...
    მონაკოში 7 600 000 დოლარი არაა ისეთი თანხა, კეზერას დაჭერად რომ ღირდეს. დიდი ამბავი, ბანკის საცავებში სპირტის სუნი დადგაო... სამაგიეროდ, ვირუსი არ მიეკარებათ. არ იციან მაგათმა ჩვენებური ორნახადი და სამნახადი.. თანაც სპირტის კონტრაბანდისტობიდან ოპერის კონტრაბასისტობამდე ერთი ნაბიჯია...კეზერასაც შააბეს ეჟვანი. ახლა ერთი კალაკოლჩიკი და ალიონუშკა რას დახატავდა მაგას...
    თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო...
    ჩადგა კი არა, გაიყინა. ოღონდ არა მხოლოდ ხეში, არამედ მილებშიც და იწყეს მილებმა ხეთქვა აპრილის კვირტებივით. მოსაწყენად ვის ეცალა?! ქრონიკული უწყლობით შეწუხებული ქალაქი აღშფოთდა და პოსტა და პოსტა... აღშფოთებით მიღებული შედეგი სოსოა ალავიძე, ამიერიდან თბილისის წყლის საშიშროების უშიშროებაზე ეგ იზრუნებსო. წინა ცხოვრებაში თბილისის შერიფი ნელ-ნელა ამოყვინთვას იწყებს. ტრაქტორების საქმეზე ამოტივტივებული უკვე კარგადდავიწყებული პერსონა შემხმარი ლაქების ჩამორეცხვას წყლის ჭავლით აპირებს. არამგონია ლაქების ამომყვანის გარეშე რამე ეშველოს, მაგრამ ამ ქალაქში ხომ ყველაფერი მოსულა? ..
    მოტყდა ყინვაც... მოტყდებოდა, აბა რას იზამდა? თქვა რამე ქვეყნის მთავარმა მოქალაქემ და არ შეასრულა? არ უყვარს მაგას სიტყვის გატეხა... მთავარია, ჩვენ არ გავტყდეთ კოკასავით წყაროზე... წყაროზე კი დიდი ამბები ტრიალებს.. თავად წყაროებიც ტრიალებენ - სანდოები და უნდოები.
    რა უცნაური და საგულისხმოა - საბჭოთა კავშირში არ იყო მკვეთრად გამოხატული არატრადიციული ორიენტაცია. ყოველ შემთხვევაში გასაჯაროვებული მაინც. ამიტომ, მაშინ ყველაფერს ებრაელებს აბრალებდნენ. ახლა ყველაფერს ან წინა ხელისუფლებას აბრალებენ, ან მომქმედ ხელისუფლებას... ეჰ, მარტივი იყო მაშინ ცხოვრება.... ახლაც მარტივია ზოგიერთისთვის „ძველებიდანაც“ და „ახლებიდანაც“.
    იმ დროში კულტურის მინისტრი სხვისგან კი არ მოითხოვდა მოადგილის გადაყენებას, თვითონ გადააყენებდა. ყველაფერი გაართულეს... ისე, თევზი რომ თავიდან ყროლდება, კი უნდა იცოდეს კულტურის მინიტრმა. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით და პემიერ-მინისტრის დასტურით, მიზანდარი ემ. - გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა, დაბეჯითებით წინასწარმეტყველებს სულ მალე თავად მინისტრის სავარძლის გათავისუფლებას.
     
    თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები, ჯერ კიდევ, და, ამ ეტაპზე გამარჯვებული, კულტურის მინისტრისგან თეატრის მთავარი დირიჟორის - ჯანლუკა მარჩანოს ჩამოშორებას მოითხოვენ. ოდიშარია არ ჩქარობს, სასწრაფო წესით ჯერ-ჯერობით არასასურველი მოადგილე ჩამოიშორა პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობით. მერე რა, რომ კულტურის სამინისტროს ხელფასებიც დაუთვალეს და პრემიებიც ზედ მიაყოლეს?!. თუმცა, მოდით, ნუ დავემსგავსებით ნაცებს დემაგოგობაში და დავაზუსტოთ - ახლა მაგას პრემია კი არა წახალისება ქვია... წახალისება კი ისეთი რამეა, რომ თქვა რამე, შურიანი, ბოღმა და ბაიყუში ხარო, გეტყვიან.... ახლა კულტურის სამინისტროს ამ ხნის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს და ცვლილებებს ითვლიანო, მაგრამ როგორ გინდა დათვალო არაფერი? ან თითქმის არაფერი? გაფუჭებული საქმეში როდიდან ჩაითვლება ნეტა?
    მართალია, ისეთი ამ მთავრობას ჯერ არაფერი გაუფუჭებია, რასაც წინა არ აფუჭებდა, მაგრამ ხომ შეიძლება, ზოგჯერ ისიც გააკეთო, რასაც ისინი აფუჭებდნენ.
    ეტყობა, ღარიბა მართლა არ ენდობა მარგველას, თორემ პუტინმა, პრეზიდენტს შევხვდებიო, პრემიერს კი არა... ამან კიდევ მეც მინდაო... ბოლოს ალბათ ისევ სახლში დატოვებს იმ კაცს...მერე იტყვიან, - არაფერს აკეთებსო! ვინ აცლის რო?ისე, მარგველას ახალი საფიქრალი გაუჩნდა - შეხვდება - ინანებს. არ შეხვდება და ჩვენ ვანანებთ. აბა რისთვის ვართ ჩვენ აქ, ქართველები ფეისბუქში? სანამ პარლამენტში ანგარიშს წარადგენს, ბატონმა პრეზიდენტმა, მოცალეობის ჟამს, როგორც ყოფილმა ფილოსოფოსმა, ეგებ გაარკვიოს - რა დანიშნულება აქვს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ლექციაზე სამღვდელოების წარმომადგენელს? დაიტანჯა ლექტორი, ბატონო პრეზიდენტო! რამდენი ფროიდს ახსენებს, იმდენი „ნიჩურიკი“ აქვს ხელზე და პირჯვარს იწერს... აღარაფერს ვამბობ დატანჯულ და გაოგნებულ სტუდენტობაზე, ზოგჯერ აზრის ტავისუფლებასაც რომ სთხოვენ...
    ლენტეხის პოლიციის უფროსი დავით საგანელიძეს ცემით ემუქრებაო. არ ვიცი რა დააშავა და რა გაათეთრა საგანელიძემ ლენტეხში, მაგრამ გასალახი რომ იქნება, ეჭვიც არ მეპარება.
    გასულ კვირასაც ისე თოვდა, როგორც მაშინ, - შალიკომ რომ ალპები გადალახა...
    ნათელაშვილმა არა კაცო, მაგას ენობრივი და საარჩევნო ბარიერები ვერ გადაულახავს მზიან ამინდში და რომელი ალპების გადამლახავია?
    ხვინგიაძეზე ვამბობ, ხვინგიაძეზე.. ჯიჯი ალფაიძის მეგობარი რომ იყო...
    კიდევ რამე გიკვირთ ამ სამყაროში? თავს ისე იკატუნებენ ეს „მათხოვარი ევროპელები“, გეგონება არ იცოდნენ, ფარაონი ტუტანჰამონი რომ ჩვენს კეჟერა ფხალზეა გაზრდილი...
    ჰოდა, შევახსენოთ!
    ჩამოასხით ერთიც, თუ არაფერს აფუჭებთ, გაკეთებას ვინღა ჩივის, და ვთქვათ ერთიც ყავის და მშვიდობის...
    ყავამშვიდობისა!
     
    კატო ჩულაშვილი
  15. katya
    გასული კვირის მთავარი და აქტუალური მოვლენა ივანიშვილის პოლიტიკიდან ოფიციალურად გასვლა და საზოგადოებრივ სექტორში შესვლის გადაწყვეტილება და ზვიად კირტავას ანონიმურობის მოკრძალებული ხიბლიდან გამოსვლა იყო.
    მორჩა! აღსრულდა - მართლა წავიდა...
    ამიერიდან ის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქეაო, თქვა მარგველამ.. უკაცრავად, მთლად ასე არ უთქვამს - „დღეს ბიძინა ხდება საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი“ - ასეთია ციტატა. თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პრეზიდენტი კაცია მარგველა, როგორ გინდა, მის სიტყვებში ეჭვი შეიტანო, ბოლო-ბოლო კონსტუტუციაზე დაიფიცა!
    ისე, მაგ კაცს, წინა პრეზიდენტის ხელში, მოქალაქეობა საერთოდ არ ჰქონდა, თუ სწორად მახსოვს და ასე უცებ „რიგითი“-ს და „ჩვეულებრივის“ „ჩინი“ როგორ მოიპოვა?..–
    „წასვლა“ შთამბეჭდავი და გულისამაჩუყებელი იყო. ეტიკეტიც დაცული და პროტოკოლიც, პარტიული ნომენკლატურაც კი იქნა ბოლომდე გათვალისწინებული.
    დაგვპირდა - მშვიდად წავალო, გადაალაგ-გადმოალაგა საჭირო ფიგურები „საპატიო დაფაზე“, ზოგიერთს ქოჩორი შეუსწორა, ზოგზე დაგროვილი მტვერი გადაწმინდა და ასე „ხაზში გასწორებული“ მოგვართვა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე. დიახ! ჩვენში ოცნებებსაც შეიძლება ჰქონდეთ ყრილობა... მთავარია, ოცნებები არ აგვიჯანყდნენ და მართლა არ მიგვატოვონ...
    არაა გასაკვირი „მადლობის“ ის ტალღა, რომელიც აგორდა ივანიშვილის მიმართ. ამაშიც ხადურია დამნაშავე... მეტი ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა და ...
    ეჰ, ხადური-ხადური! ბიძინა ის კაცია, რომელიც, შესაძლოა კომბლებსაც თლის, მაგრამ მადლობის გამო რომ არაფერს აკეთებს, მაგაზე სადაც გინდა ვიკამათოთ.
    „დღე-პირველი, დღე - უკანასკნელი“ გამახსენდაო, საგანელიძემ, ფილმიო, ბიძინას წასვლის დღესო. რაც ეს ფრაზა მოვისმინე, იმის მერე რამდენჯერმე შვაწუხე „სილქნეტის“ „გადახვევის“ რეჟიმის კლავიში, იმიტომ, რომ სულ მეგონა, სცენაზე მაცივარი შემოაგორეს და მე გამომრჩა. რაც წყალგაუმტარი სიმართლე თქვა საგანელიძემ, არც ვეკამათები - „მთავარია, ივანიშვილი ოპოზიციაში არ წავიდეს, რადგან მას რა ძალა აქვს, ყველამ კარგად ნახა“-ო.
    ნახა, აბა არ ნახა? მაგ ძალია იმედად არ იყო თვითონ ეს პატივცემული ფეხი-ფეხზე გადადებული არჩევნებიდან არჩევნებამდე?
     
    ბიძინა წავიდა და გოგა ხაჩიძემაც თავისი სახელგანთქმული ბლანჟე მოიპარსა. არამგონია ეს ვინმეს სწყენოდა, ან გახარებოდა, ან საერთოდ რაიმე მნიშვნელობა მიენიჭებინა, უკვე გამოგონებული ველოსიპედის აქტიური მომხმარებლის, გოგა ხაჩიძის გარდა, მაგრამ, სიტყვა-სიტყვააო და ეგებ ასეთი რამ პირველად მოხდა მის ცხოვრებაში?
    არ ვიცი ვისი იდეა იყო და რა შეფასება მიეცა შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტის მიერ იმ ფაქტს, რომ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში ჩატარებული "მის ქუთაისის" შესარჩევი კონკურსი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით გაიხსნა, ხოლო კონკურსის მონაწილეები "ქართული ოცნების" დროშებითა და მაისურებით გამოვიდნენ. ამბობენ,
    აღნიშნულმა ფაქტმა მაყურებლის და ჟიურის უკმაყოფილება გამოიწვიაო, რომელიც ჩხუბში გადაზრდილა. რას ვერ იყოფდნენ კონფლიქტის მონაწილენი - ლამაზმანებს თუ ოცნების მაისურებს, ამას ძიება აზუსტებს.
    სოციალურ ქსელებში "საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს" 2013 წლის 1 მარტით დათარიღებული ღია წერილი ვრცელდება, რომელშიც საქართველოს პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს (მაშინდელ პრემიერ-მინისტრს) "საქართველოს სამეფო კარის" შექმნას სთავაზობენ. თავად-აზნაურთა საკრებულოს განცხადებით, სამეფო კარს ბაგრატიონებთან ერთად ყველა გვარის ღირსეულმა წინამძღოლმა უნდა უხელმძღვანელოს, უწმინდესისა და პრემიერ-მინისტრის რეგენტობით.
    ამაზე კომენტარისგან თავს შეგნებულად შევიკავებთ, პრინციპპში, აღარც არაფერია სათქმელი, - ისედაც ჩანს რა მძიმე ლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და იმედს ვიტოვებთ, რომ ვიღაც ამ თემაზე უბრალოდ ხუმრობს.
    თუმცა, ხუმრობის იმედი მაშინ გადაგვეწურა, რეჟისორმა და ნამინისტრალმა (სხვათა შორის, ნაომარმაც) გოგა ხაინდრავამ რომ იკითხა - „რაის პრიბორი“ კი არა და, რის საპარლამენტო რესპუბლიკა და ტრადიციები, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო. გოგა რამდენიმე თაობა თბილისელია და „პრიბორს“ არ იტყოდა. ალბათ, ამიტომაც მოიყვანა „რესპუბლიკური“ ტრადიციების მაგალითად ბათუმელი ძმები ბერძენიშვილები და არა ღვიძლი ძმა ივლიანე.
    „პრიბორი“ წმინდა ქუთაისური ტერმინია და ქუთაისლობა არც დაუმალავს ექიმს, ოჯახიშვილს, ბლოგერს - ზვიად კირტავას. სამწუხაროდ, ის არც თერაპევტი აღმოჩნდა, დიმიტრი გელოვანივით, არც რამდენიმე ინტელექტუალის კრებითი ფსევდონიმი და, რაც ყველაზე გულდასაწყვეტია - არც გურული...
    დიახ, გასულ კვირას, როგორც იქნა „სოლომონ თერნალელის“ ვინაობა გაცხადდა. საზოგადოების ნაწილი მართალია, იმედგაცრუებულნი და მრავალკითხვისნიშნიანები დავრჩით, მაგრამ თუ ამ მედია-ბრენდის ავტორ(ებ)ს ამაზე მეტზე პრეტენზია არ აქვთ, კი ბატონო, იყოს ასე...
    უკვე პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ბრძანა - “მთავრობა უმცირესობის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებულიო”. ამ ფრაზას ისეთ ინტერპრეტაციას მისცემს შესაბამისი საზოგადოება, შესაძლოა, უმართავი პროცესების მოწმენიც გავხდეთ.
    პალიკო კუბლაშვილის ჭკუაზე დასარიგებელი არ უნდა იყოს ახალი პრემიერი, მაგრამ, მაინც გაბედა და დაარიგა – „საპარლემანტო უმრავლესობიდან დაკრულ ტაშს ხშირად უმცირესობიდან დასმული კითხვა სჯობსო“. კი, როგორ არა, თუ ის უმცირესობა თავისი ტყავის გადარჩენაზე არაა ორიენტირებული. ამიტომ, ბატონო და პატივცემულო ირაკლი! მაგათ მოსმენას ისევ ჩვეულებრივი, უბრალოდ და რიგითი საზოგადოების მიერ დასმული კითხვები გერჩიოთ და ტაშის დაკვრაზე თუ მიდგა საქმე, ტაშსაც ჩვენ დაგიკრავთ, თანაც ყოველგვარი ქვედა დინებებისა და ანგარების გარეშე.
    გასულ კვირას ვარდების რევოლუციის 10 წლის თავი შესრულდა, კიდევ სანდრა რულოვსის „პირველი ლედობის“ 10წლის თავი. რას წარმოვიდგენდით, და, სანდრაც კი წავიდა...
    მაგას, როგორც პრეზიდენტის მეუღლეს და ქვეყნის რძალს, ცალკე პენსიაც ეკუთვნის წესით, გარდა მისი თანამეცხედრის გაძლების პერსონალური პენსიისა, რაც უკვე განაღდებული აქვს ალბათ პირად ანგარიშებზე და არა საქართველოში.
    პარტია „ქართული ოცნება“ ახალი მართვის წესზე გადადის. როგორც პარტიის ყრილობაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა და პარტიის წევრმა, ირინა იმერლიშვილმა განმარტა, პოლიტსაბჭო ახალი წესდების მიხედვით 21- ის ნაცვლად 12 წევრით განისაზღვრება.
    „რესპუბლიკელები“ ამაყნი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, „ქართული ოცნების“ პარტნიორი ვიყოთ“ო- განაცხადა უსუმ. ამაყი იქნებიან აბა რა!?
    ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ლანჩის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლეს წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებათა უმაღლესი და მაღალი რანგის პირები დაესწრებიან.
    ღონისძიებისთვის 100 ბოთლზე მეტი ღვინო, აგრეთვე ჭაჭა და ქართული ბრენდი უკვე გაიგზავნა ვილნიუსში. ამ ფაქტზე, უნებურად, 1943 და თეირანი გამახსენდა - 3 პოლიტიკური გიგანტის შეხვედრის ადგილი და სოსელოს ერთ-ერთი საინტერესო მარკეტინგული სვლა - კონფერენციაზე ჩატანილი მიტროფანე ლაღიძის ლიმონათი. ძველი ამბავია, მაგრამ როგორი საგულისხმო?!
    აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა "ვარდების რევოლუციის" პერიოდი, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილების შესაძლებლობები და 10-წლიანი მმართველობის შემდეგ, რევოლუციური მთავრობის მარცხი შეაფასა.დიდხანს ილაპარაკა, ქიციც თქვა, ქიცმაცურიც, მაგრამ ბოლოს ისიც დააყოლა, - სააკაშვილი გიჟი სულაც არააო! ანუ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, მაგის არდაჭერას ეგ მთავარი არგუმენტიც მოაკლდა.
    ახალი მთავრობა ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობის გამოსაკვლევად 5 მილიონ დოლარს დახარჯავს. რამდენი დაიხარჯა სააკაშვილისეული ლაზიკის წინასწარ შესწავლაზე, ამას ჩვენ აწი ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ თავად სააკაშვილმა ჩაიხედოს გულში და არ თქვას... ნუ გაგვიხეთქავს გულს პოსტ-ფაქტუმ! გვეყოფა!
    გასულ კვირას თბილისის თავზე იმ სულგანათლებული ხოხბის აჩრდილი დაიარებოდა. რამ გააღიზიანა ეს პატივცემული ფრინველი ასე და მისმა ყველა ბრუნვაში მოხსენიებამ.
    ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატად დასახელებული დავით ნარმანია, თავისი დაბალანსებული ემოციებით, „ჩინოვნიკის“ ეტალონია. ეს გასაგებია, მაგრამ სხვებისთვის რომ არაა ზუგდიდელი ნარმანია მაგალითად თბილისელობის ეტალონი, ეგ არაფერს ნიშნავს?
    თბილისს თბილისელი მერი უნდა ჰყავდესო!
    კი ბატონო, იყოს თბილისელი, მაგრამ რატომ?
    თბილისელი ხომ გვყავდა და გვყავს? მერე?
    თან ის თბილისელი მერი აუცილებლად იმ ხოხბის გარე ნათესავი მაინც უნდა იყოსო. ნება მიბოძეთ, შგახსენოთ, ძვირფასო თბილისელებო, რომ, გონივრული ეჭვით, „ჩახოხბილი“ პირველად სწორედ თბილისში მომზადდა და ახლაც მშვენივრად მიირთმევდით, თვალების ხამხამის გარეშე, რამე რომ იყოს... ამდენი ხოხობი სადაა თორემ?
    ჰო, კიდევ ის მაკვირვებს, თბილისელები მერობის კანდიდატს ზუგდიდელობას რომ უწუნებენ. ქართველებს ქართველებზე და ჩვენებურებზე გვაქვს დიდი გული, თორემ იმაზე არავის გასჩენია პროტესტი, ეს ჩვენი ჩასაბურჯგნი თბილისი ყველა ჯურის გამვლელ-გამომვლელ-დამრჩენს რომ გავუწვინეთ საჯიჯგნად. გაივსო ხოხბების შტოს შთამომავალთა ქალაქი ყველა ფერის, რასის, გემოს და სუნის „მოქალაქეებით“ და, თანაც, ქალაქის საუკეთესო ტერიტორიები რომ მიართვით ღიმილ-ღიმილით და მხარზე ხელის თათუნით. მაგათ რატომ არ დააკრეჭინეთ კბილები, ეგებ სადმე გაჩხერილი ხოხბის „ჩიჩია“ თუ არა, ბუმბული მაინც გენახათ?
    ვაშლები რომ ვაშლის ხისგან მოშორებით ცვიოდეს, ასეც ვიცხოვრებდით - მიზიდულობის კანონის გარეშე...
    ალბათ მაინც ის შემთხვევა სჯობს, როცა ფული არ გყოფნის ცხოვრებაზე, ვიდრე სიცოცხლე ვერ ამყოფინო ქონებას...
    ...
    ინტელექტისგან განსხვავებით, ინსტინქტი უფრო ნაკლებად და იშვიათად ცდება.
    ყველაზე რთული რისი პოვნაა იცით? რაც არასოდეს არავის დაუმალავს, იმიტომ, რომ იშვიათად თუ ვინმე ეძებს, მაგალითად - ჭეშმარიტების.
    ამბობენ, მალე ჩვენში ტვინის პლასტიკური ოპერაციებიც იქნება შესაძლებელიო და ვნახოთ...
     
    კატო ჩულაშვილი
    „ქრონიკა+“ 27.11.2013
  16. katya
    როცა „ფეისბუქზე“ დამიმეგობრდა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, თავისი წვერით და “მჭმუნვარე გამომეტყველებით” ეკლესიის მსახური მეგონა. მერე ვიკითხე „საერთო მეგობრებში“. „დამამშვიდეს“ - არაა სასულიერო პირი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი, წესიერი კაცი და კარგი პოეტიაო... მეგობრის რჩევით , მისი რამდენიმე ლექსის წაკითხვამაც მომიწია. მომეწონა და გამოვხატე. მერე თავისი პირველი კრებულის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. მისვლა ვერ მოვახერხე, თუმცა, კრებული ავტოგრაფით მაინც მერგო. მერე დავმეგობრდით. ასე, უნებურად, ვირტუალურად...
    კომუნიკაცია რიტუალს დაემსგავსა - ახალი ლექსის გაზიარებით და მეგობრების კითხვებით - ვინაა ეს კაცი, ასე მაგრად რომ წერს და აქამდე სად იყოო? რადგან სრული პასუხი არ მქონდა, მარტივად ვაგვარებდი - ჰო, საშა პოეტია! მერე მასთან მიმართებაში ერთი დოჩანაშვილისეული ფრაზა ამეკვიატა: „ ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდესო“...
    გადავწყვიტე, გამეცნო, ვინმე საშა გველესიანი და პირადად გადამემოწმებინა „ნაღვლიანი საიდუმლო ს“ არსებობა. ძიების პროცესში კი იმდენი „დაფარული“ ამოტივტივდა... არც „ჯამბაზის“ თემა ყოფილა ყურით მოთრეული. თავისი ასაკისთვის ბევრი მოუსწრია - სცენაზეც იდგა, დიდი მაესტროების აპლოდისმენტებსაც იმსახურებდა. მერე რა, რომ წარმატებული საოპერო ტენორის კარიერაც „იმერულ კუდაბზიკობას“ შეეწირა, ტანკისტობაც მოასწრო ომამდე, თუმცა, დღემდე ტანკისტია მენტალობით. ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, ეს ამოდენა მოარული ნიჭიერება ზესტაფონში, ანუ თავის ქალაქში, საუკეთესო თამადა, კაი- მეზობელი და ერთი ჩვეულებრივი „ყარაბას-ბარაბასია“, რომელსაც, ოქროს გასაღების ხელში ჩაგდების სურვილს ვინ ჩივის, საკუთარი პოპულარობაც კი არ აწუხებს.ამ ყველაფერზე ჩვენი დიალოგიდან უკეთ შეიტყობთ. „ნიჭიერი პოეტისთვის“ არაბუნებრივად ჩვეულებრივი, უპრეტენზიო და უწყინარია.
    - რაღა ინტერვიუ გინდა, რაც სათქმელი მაქვს, რაც ვიცი და რაზეც ვოცნებობ, ყველაფერი ჩემს ლექსებშიაო...
    იტყუება, რა თქმა უნდა... ვინ იცის კიდევ რამდენი აქვს სათქმელი? ან იტყვის რომ? შემოქმედის სიტყვაში ყველა თავის დასანახს და გასააზრებელს ხედავს. ამჯერადაც ასე იქნება:
    - მოგესალმებით საშა ბატონო!
    - რა მომართვაა ახლა ეს, თავად ბატონო!?
    - თქვენებური, იმერულ-ინტელიგენტური...
    - არ ყოფილა აბა ცუდი, გაიხარეთ, ბატონო!
    - რა მაინტერესებს იცი? „ საშა-ბატონმა“ თავად აღმოაჩინა პოეტი რომაა თუ სხვა დაეხმარა ამ აღმოჩენაში?
    - კარგი შეკითხვაა... სხვამ მითხრა ეგ ამბავი. ვწერდი რაღაცეებს თავიდან და ძალიან სულელურს. ბავშვურს. პირველი ლექსი რომ დავწერე, ეს იყო შთაბეჭდილება ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაზე „გული.“
    - სკოლაში ანუ.
    - ხო აბა, მე-4-5 კლასში ვიქნებოდი. ერთ გოგონასაც მივუძღვენი ლექსი მახსოვს..
    - რეაქცია?
    - დაჭმუჭნა და სახეში მომაყარა.
    - რატომ, არ მოეწონა თუ შერცხვა?
    - სკოლის მოსწავლეები ვიყავით და სიყვარულის ახსნად მიიღო.
    - ვიცით ჩვენც რაც აწერინებს მაგ ასაკში ლექსებს შენისთანებს..
    - მერე დიდი ხანი აღარ დამიწერია არაფერი, დიდი შუალედები მქონდა. ინტენსიურად წერა 90-იანი წლების ბოლოდან დავიწყე.
    - მიზეზი იყო რამე კონკრეტული? როგორ ხვდებიან შენისთანები, ის რაც ჭირთ, ლექსის წერის სურვილი რომაა?
    - რამე მარტივი მკითხე. როგორ მივხვდი არ ვიცი, მაგრამ მივხვდი. თეატრში ვმუშაობდი მაშინ.
    - როგორც გავიგე, გაქვს 2 არასრული პროფესია, ანუ ორჯერ არაპროფესიონალი ხარ და ორმაგად უდიპლომო სასიძოც იქნებოდი.
    - ასეა ეს, უარყოფას აზრი არ აქვს. ინჟინერი უნდა ვყოფილიყავი და არ გავხდი. უდიპლომო სასიძოც ვიყავი და უდიპლომო სიძედ დავრჩი.
    - რისი ინჟინერი უნდა ყოფილიყავი?
    - მოიცა ზუსტად გავიხსენო, - საქართველოს პოლიტექნიკნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი -ლითონსაჭრელი ჩარხები და იარაღები...
    - აუფ... რას ვართ გადარჩენილი...
    - შენ იხუმრე და ეგრეა...
    - ისე , ზესტაფონს კი ჭირდებოდა ინჟინრები პოეტებზე მეტად ალბათ.
    - ალბათ, მაგრამ მართალი გითხრა, არც მე მჭირდებოდა მაშინ „გეპეი.“ ჩაბარება უფრო მარტივი იყო იქ და... ნახევარი არ მესმოდა. იძულებული ვიყავი მესწავლა. ამან გამოიწვია ის, რომ დავანებე თავი ამ გაუგებრობას. მაშინ ჩაწყობაც მოდიოდა, ათასი ნაცნობიც იყო, თან კაპელაში ვმღეროდი და..
    - ამას გვიმალავდით, საშა-ბატონო?
    - ეგ რა დასამალია, ტრაბახს ხომ არ დავიწყებდი, არ გიკითხავს და..
    - ისე, საქართველოში სიმღერა ნამდვილად არაა სატრაბახო..
    - კი, მაგაში მართალი ხარ, მაგრამ მაინც და მაინც ჯამბაზის არიის შესრულება და სი ბემოლის სუფთად აღება ყველას არ შეუძლია.
    - სიმღერაშიც არაპროფესიონალი ხართ პატივცემულო? ნოტები თუ იცით?
    - პროფესიონალი არა და კარგი მოყვარული კი ...
    მაშინ ხმა მქონდა და მიმიყვანეს ბატონ ნოდართან, ანდღულაძესთან.
    - მოყევი ერთი შენი საოპერო კარიერის თვითმკვლელობის ამბავი.
    - მიმიყვანეს მაესტრო ანდღულაძესთან. საუკეთესო პერიოდი იყო ჩემთვის. მოეწონა ხმა და დავდიოდი დიდხანს. შვილივით მექცეოდა. დილიდან ვიწყებდით უთიერთობას. - ჩემთან ისაუზმე, სახლში საჭმელი არ ჭამოო, - სულ მაფრთხილებდა. მასაუზმებდა, დამასვენებდა, ყელს შეამოწმებდა - როგორ მდგომარეობაში იყო იოგები, მერე ერთ გამღერებას ვაკეთებდით, და ა.შ... მაშინ კარგი ბიჭი ვიყავი, ვუჯერებდი ბატონ ნოდარს. საქმე საქმეზე რომ მიდგა, იქაც არ ჩავაბარე, გავჯიუტდი იმერელი კუდაბზიკა აზნაურივით...
    - ვიღაც ამერიკელი რომ გადაგირევია, ჩიტმა ამბავი მომიტანა...
    - ჩემმა ბეღურებმა?
    - ბეღურებიც გყავს? მეგონა, პოეტები მტრედებზე იყავით ორიენტირებულები...
    - ბეღურები მყავს, მეგობრები. ჩემს აივანზე ცხოვრობენ და ჩემი ხელიდან კენკავენ...
    - დიდი ხანია ჩიტების გამომზამთრებელიც ხარ?
    - დაბადებიდან...
    - ამერიკის ამბავი მითხარი, რატომ არ წახვედი?
    - ხო, იმას ვამბობდი - ტონი ერქვა, ნიუ ორლეანის კონსერვატორიის პროფესორი იყო და ქართულ ფოლკლორს სწავლობდა, ვოკალურ კულტურას. ნოდართან ცხოვრობდა. ხმა მოეწონა და ჩემი თან წაყვანის სურვილი გამოხატა. მასთან ერთად უნდა მეცხოვრა და მესწავლა. ამის თანხები არ იყო. ვიცი, რომ ბატონმა ნოდარმა დააპირა თავისი ნივთების დალომბარდება ჩემი გამგზავრების გამო. მაშინ არ ვიცი ვისზე გავბრაზდი, ალბათ საკუთარ თავზე და გავიქეცი ზესტაფონში. მას მერე ბატონი ნოდარი რამდენჯერმე დამიკავშირდა, მაგრამ ვერ დამითანხმა.
    - არ ნანობ?
    - რა თქმა უნდა, დღევანდელი გადასახედიდან ჩემი საქციელი დიდ სიბრიყვედ მიმაჩნია. მერე ზესტაფონის თეატრში დავიწყე მუშაობა. პირველი დიდი როლი რეზო გაბრიაძის „მარშალ დეფანტიეს ბრილიანტში“ ვითამაშე.
    - ბავშვობიდან არტისტული ნატურა ყოფლხარ, რადგან 13 წლიდან დგახარ სცენაზე...
    - ზესტაფონში ცხონებულმა რენე აბესაძემ ჩამოაყალიბა საბავშვო თეატრალური სტუდია „მართვე“. პოლიტექნიკურიდან წამოსვლის და საოპერო კარიერაზე უარის თქმის შემდეგ ზესტაფონის სცენაზე დავბრუნდი. კარგი როლები მაქვს სხვათა შორის ნათამაშევი.
    - „ტი ვ შკოლე პეჩორინა იგრალ?“
    - პეჩორინა ნე იგრალ..
    - ა გამლეტა?
    - კარგი ახლა, რა საჰამლეტე ტიპაჟი მე ვარ... სხვათა შორის, არ ვტრაბახობ, მაგრამ, ჩემი რეჟისორი, ზაზა წაქაძე, ძალიან ნიჭიერი კაცია, დოჩანაშვილი რომ დავდგით, გიგამ თქვა ლორთქიფანიძემ ჩემზე : ესაა დღევანდელ საქართველოში ყველაზე დიდი მსახიობიო... თქვა გიგამ, მართლა თქვა ეს სიტყვები.
    - და შენც დაიჯერე ხომ? დოჩანაშვლის რა დადგით?
    - არა, მაგის დაჯერება არაა ადვილი, მესიამოვნა. გურამის ჯერ „გრიშა და მთავარი“ დავდგით და მერე „იქამდე“ - მოთხრობაა ასეთი - მწერლის აღსარებაა. ამ აღსარებიდან სიტყვა არ ამოიღო რეჟისორმა. 2 საათი დამაჯინა ერთ ადგილას და მარტო ვესაუბრებოდი დარბაზს. მარჯანიშვილში შედგა პრემიერა, 2001 წელს. ახლა ამას კი არ ვტრაბახობ, ეტყობა მართლა კარგად გამომივიდა, რადგან გიგა კულისებში ამოვიდა.
    - და მაშინ იყავი უსაშველოდ ამაყი, ბედნიერი და კმაყოფილი? ხშირად ხარ ხოლმე ასეთი?
    - იშვიათად
    - ხარ და ხარ ამ ზესტაფონში. არ გქონია იქიდან წასვლის სურვილი?
    - ყოველთვის მქონდა ამ ქალაქიდან წასვლის სურვილი. რა თქმა უნდა მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი ქალაქია, მაგრამ მინდა, რომ ბევრი რამ ვნახო, არადა რამდენია სანახავი და შესაგრძნობი.
    - იმაზე თუ დავფიქრდებით, ზესტაფონის მასშტაბებით რამდენს ხედავ, შენი გამოსვლა საზღვრებიდან, შეიძლება, საშიშიც იყოს... ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
    - სულ მეშინია იმის, რამდენიმე სიტყვას ხომ არ ვათამაშებ და სხვადასხვა ლექსად ხომ არ ვქმნი მეთქი. ჩემი თვალსაწიერი, ანუ იქ სადაც ვარ, - ჩემი სახლი, აივანი, ერთი ქუჩა, რომელსაც გამუდმებით ვხედავ, მწირი და ერთფეროვანია. ამიტომ, აქედან გაქცევა მინდა სულ. ერთი დადებითი თვისება აქვს ზესტაფონს - კოლორიტების ქალაქია და გამორჩეული იუმორი აქვს.
    - „ფეროც“ ისე რომანტიკულად ბოლავს, რას ერჩი?
    - არაფერს ვერჩი, აქეთ რომ არ გვერჩოდეს.
    - ფეროზე არ გაქვს ლექსი?
    - არ მიფიქრია მაგაზე.
    - დროა, დროა... გალაკტიონმა თუ ჭარხალზე დაწერა შედევრი, შენ ამხელა ფერო გაქვს მუზად.
    - არა, გატყუებ... მქონდა ფეროზე ლექსი. 75 წლის იუბილე იყო თუ არ ვცდები და მაშინ დამიკვეთეს ჰიმნი. დავწერე,აღარ მახსოვს ტექსტი, რაღაც უზარმაზარი სიბრიყვე რომ იყო, ის მახსოვს.
    - რომ მოახერხო, სად გაიქცეოდი?
    - მთაში. დიდხანს ვიცხოვრებდი იქ, თუნდაც მარტო. მთა სულ სხვა განზომილებაა, იქ სულ სხვა რაღაცეები ხდება. მთაში ზამთარი უნდა გაატარო, მერე ზაფხული.
    - მარტომ?
    - ალბათ მარტომ. მთაში ღმერთთან ახლოს ხარ...
    - ამ დროს ლექსებში არ ჩანხარ ასეთი - მარტოობას რომ ეძებდე. თურმე, საქმე გვაქვს უკმაყოფილო პოეტთან... სახლში ხშირად ბუზღუნებ?
    - კი, ხშირად. ვჯაჯღანებ.
    - ეგ ნიჭიერების სიმპტომებია. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს - დაბნეულიც ხარ. მეუღლეც ალბათ ხშირად იმეორებს - აცალეთ კაცს მუშაობაო!
    - მაქვს ჩემი კუთხე სახლში, რომელსაც არ ეკარება არავინ. კუთხეს აქვს თავისი უწესრიგობის წესრიგი, რომელსაც მხოლოდ მე ვურევ და მე ვალაგებ. მაგის პრობლემა არაა, მაგრამ, არის ხოლმე ზოგჯერ, ისე მოგინდება მარტო ყოფნა...
    - კარგი, თეატრზე ვილაპარაკოთ. ყარაბას-ბარაბასი ყოფილხარ..
    - ერთი წელია ზესტაფონის კულტურის ცეტრში, თოჯინების თეატრის რეჟოსორად ვმუშაობ. ყარაბას-ბარაბასიც ვარ. ძალიან ნიჭიერი გოგონები მყავს. და ნელ-ნელა ვცდილობ, მრავალფეროვანი გავხადო იქაურობა. ვფიქრობ მარიონეტების თეატრზე, სინთეზურ თეატრზე.
    - რა უცნაურია, ასეთი „სერიოზული აგებულების“ კაცი თოჯინებთან ვერ წარმომედგინა რატომღაც. წვერში კი შემეპარა ეჭვი მაგრამ...
    - უბრალოდ ვაკანსია გამოჩნდა. ოჯახში გამოჩნდა დამატებითი სახსარი და კიდევ საქმე - რომელსაც ვაკეთებ.
    - შენს პოეზიაში დიდი რაოდენობით ქალია, ანუ ყველგან იგრძნობა. ეს პოეტების „სენია“, ხელსაყრელი თემა, თუ რაღაც უფრო სერიოზული გჭირს?
    - არ ვიცი, ალბათ ყველა მამაკაცის სენია ქალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება... სიყვარულზე დიდი არაფერია... ყოველთვის ვგრძნობ, რომ ქალი განსაკუთრებულია მაინც, ყველა ქალშია რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ თავად განსაკუთრებული ქალებიც არსებობენ და მაშინ ოოოო...
    - როდის იგრძენი რომ პოპულარული ხარ?
    - ეგ არ მიგრძვნია, ქუჩაში თავისუფლად დავდივარ ჯერ-ჯერობით. ერთი კრებული გამოვეცი შარშან, სულ ესაა...
    - და არცერთ ლიტერატურულ გამოცემას არ შემოუთავაზებია თანამშრომლობა?
    - არა, რომ შემოეთავაზებინა, უარს როგორ ვეტყოდი?
    - ვიცი, რომ მეორე კრებულიც მზადდება და წლის ბოლოსთვის მკთხველამდე მივა. ძალიან განსხვავდება მეორე პირველისგან?
    - კი, განსხვავდება, აბსოლუტურად სხვაა. ხარისხით შიგთავსის და ვიზუალითაც. მესამესთვისაც მზად ვარ უკვე.
    - პირველ კრებულს „ქარის წისქვილები“ ერქვა. მეორეს რა დაარქვი? „მწუხარე სახის რაინდის“ განწყობა მასაც ახლავს?
    - მეორე კრებულს უბრალოდ, - ლექსები ერქმევა
    - ძალიან სწრაფად წერ, ანუ ბევრს.
    - მართლა? მე ვერ ვგრძნობ. როცა მეწერება მაშინ ვწერ, რა ვიცი.
    - „დამწყებ“ პოეტებს ხშირად ადარებენ და ამსგავსებენ ცნობილებს. შენზე არაფერი გაგიგია?
    - არა... ვცდილობ, ვიყო „მე“. ყველას თავისი სათქმელი გვაქვს, ხომ ასეა?
    - ბევრს კითხულობ ალბათ ხომ? ლექსიკას ეტყობა, თანამედროვე პოეტებში ეს არც ისეთი ფუფუნებაა.
    - კითხვა სულ მიყვარდა და ახლაც ასეა. სიტყვებთან ურთიერთობაც მიყვარს. სიტყვასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება სცენამ განაპირობა.
    - შენთვის ყველაზე „ახლობელი“ პოეტი გეყოლება, ეჭვი მაქვს.
    - გავამართლებ შენს ეჭვს და გეტყვი, რომ ძალიან მიყვარს ვიიონი. ჩემთვის ნომერ პირველია...

    - ჰოო, ვიღაცას მაგონებდი შენი „სოფლის სამდურავით“. თურმე, ვიიონს, არც სწავლით იკლავდა თავს მაინც და მაინც შენსავით. ეს გამახსენდა: „ახალგაზრდობის წასვლასაც ვტირი, ვეძებ, ვერ ვაგნებ კვალს ვერავითარს. არც ნისლი იდგა... არც ზამთრის პირი... როგორ წავიდა... საით წავიდა...
    „ გგავს მართლა... განწყობითაც და გამჭვირვალეა შენსავით... ფრთხილი ხარ ყოველ ფრაზაში. ცხოვრებაშიც ასეთი ხარ?- ალბათ...
    - „შუაღამისას მარტოდმარტო, ქუჩაში მიდის, იღიმება და ფიქრობს კაცი
    რაღაცას კაცურს“... - შენი პირველი კრებულიდანაა ეს ფრაზა. ფიქრს სქესი განაპირობებს. „კაცური ფიქრი“ ზოგჯერ იმაზე ბავშვურია, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია..
    - ზოგჯერ კი ბრძენიცაა
    - ვიიონს აქვს ასეთი სტროფი:
    „ვიცი ამ ქვეყნის ტყუილ მართალი,
    ჩემი თავისა არა ვიცი რა...“ შენი სტროფით მიპასუხებ ?
    - მანცვიფრებს, როგორ აპობს
    დიდ კლდეს ციცქნა ბალახი,
    მაოცებს ცა, რომ მჩუქნის
    სურვილს შენი დანახვის.
    უნახავივით შევციცინებ
    მარტში მზის კვირტებს,
    უფალს არ უნდა შეეჩვიო _
    უნდა გიკვირდეს...
    - სულით არ დაეცე, ძალიან გეტკინებაო, ბებიაჩემი მარიგებდა სულ...
    - ბებიები ღვთის საჩუქრები არიან...
    - ალბათ იყო შენს სევდიან ბავშვობაში ისეთი რაღაც, რაც ძალიან გინდოდა. შედგა ეს რაღაც?
    - არა.
    - ახლა რა უნდა პოეტ გველესიანს?
    - ახლა აღარაფერი ლექსების გარდა. მე ჩემი სამყარო მაქვს და აღარ მინდა, გარეთ გამოვიდე. უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ სახლი მქონდეს. ჩემთვის არა, - შვილებისთვის.
    - რა დაემართა შენს სახლს?
    - რაღაც მოხდა, აეწყო ცხოვრება ისე, რომ იძულებული გავხდი გამეყიდა. მაგრამ ეს უბრალოდ ოცნებაა. ვერც ვერაფერს და არც არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს შევძლო. მინდობილი ვარ ცას.
    - ყველაზე საუკეთესო დღესასწაული ისაა, რაც ჩვენს შიგნით ხდებაო, - ასეა ეს! ბეგბედერიც მეთანხმება. შენ?
    - სრულებით... ეგაა.. ოღონდ რის გამო ხდება, ესაა მთავარი.
     
    კატო ჩულაშვილი
    „ქრონიკა+“/ 19.11.2013
  17. katya
    „ვარდოსან–ფრიადოსანი“ ხელისუფლების მიერ დატოვებული ნაღმები პერიოდულად ფეთქდება და ისეთ გამოცდილ, ნასროლ–ნაომარ საზოგადოებასაც კი აგდებს მოულოდნელობის შოკში, როგორიც ომის ვეტერანებია.
    ერთ–ერთი მათგანი სულ ახლახანს მოვიდა მოქმედებაში – ვეტერანთა ნაწილს, მათთვის გაურკვეველი მიზეზებით და სრულიად მოულოდნელად, 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუწყდა. ამ სუბსიდიის გარდა ვეტერანებს უამრავი პრობლემა აქვთ და უახლოეს წარსულში მათი განხილვის პერსპექტივაც კი არ არსებობდა. წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ ყველაზე მარტივად ვეტერანთა დიფერენცირებაში გამოიხატა. თუმცა, ვეტერანების თემა და მათი პრობლემები ზოგადად „ქართული პოლიტიკის“ შედეგია, უფრო სწორად წინა ორი ხელისუფლების ამბიციების შედეგი. თუმცა ეს სხვა, საკმაოდ სერიოზული თემაა, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ ყოფილი მეომრები, თუმცა, ხვდებიან, რომ მათი ძალა და სახელი უბრალოდ და მარტივად გამოიყენეს „დაყავი და იბატონეს“ კლასიკური მეთოდით.
    კონკრეტული საკითხის გასარკვევად საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დავუკავშირდით. დეპარტამენტის უფროს, გელა დოლიძესთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ არც ისეთი უიმედობაა, როგორც გვეგონა, „ვეტერანთა საქმეზე“ ყინული სახელისუფლებო დონეზე დაძრულა, რეალური პერსპექტივებიც გაჩენილა, თუმცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად წამგებიანია არასაკმარისი კომუნიკაცია სახელისუფლებო უწყებასა და საზოგადოებას შორის. ვეტერანების დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ მათი ჯანმრთელობა 100%–ითაა დაზღვეული სახელმწიფოს მიერ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს კანონში ვეტერანთა შესახებ და რომ ვეტერანთა დეპარტამენტს უკვე დაწყებული აქვს და წარმატებით ახორციელებს დასაქმების პროგრამას, ხოლო პერსპექტივაში, ვეტარანთა „დიდი რეაბილიტაციის“ ეტაპი იწყება...
    ვიდრე გელა დოლიძესთან საუბარზე გადავიდოდეთ, აქვე დავაფიქსირებ მის თხოვნას, ინტერვიუში გაჟღერებულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ დეპარტამენტს, რომ მოხდეს პრობლემაზე სწრაფი რეაგირება.
    ვეტერანთა დეპარტამენტი 1997 წელს ნატოსთან დაახლოების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მასში 120 ადამიანი მუშაობდა, ჰქონდა წარმომადგენლობები ყველა რაიონში. მოგვიანებით რაიონული წარმომადგენლობები გაუქმდა და შეიქმნა სამხარეო წარმომადგენლობა. 2006 წლის მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა 92 ადამიანს შეადგენდა. ამის შემდეგ, დაიწყო შემცირება და დღეს ვეტერანთა დეპარტამენტში 30–დე ადამიანი მუშაობს. იქიდან გამომდინარე, რომ სხვაგან წარმომადგენლობა არაა, ვეტერანებს თბილისში ჩამოსვლა უწევთ.
    უახლოეს მომავალში იგეგმება რეგიონალური წარმომადგენლობების აღდგენა.
    ჯერ-ჯერობით ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაშია, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია მისი ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება. ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვეტერანთა საქმეების სამსახურად ჩამოყალიბდება, მაგრამ, ამჯერად, იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში. საკანონმდებლო პროექტი მზადაა საპარლამენტო განხილვისთვის.
    ვეტერანთა დეპარტამენტს გელა დოლიძე, მარტიდან ხელმძღვანელობს. დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტი ვეტერანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი რეაბილიტირება და სრულფასოვანი ინტეგრირებაა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
    –ბატონო გელა, რომ არა ვეტერანთა ზარი კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩვენი საუბარი, ალბათ, არც შედგებოდა და არაერთი საჭირო ინფორმაცია დარჩებოდა მიზნობრივი ადიტორიის მიღმა. ისევე როგორც ზოგადად ახალ ხელისუფლებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხი თქვენთანაც მოიკოჭლებს...

    – გეთანხმებით, ჩვენი მინუსია ის, რომ ვერ მოვახერხეთ თუნდაც უკვე მიღწეული შედეგების სათანადოდ რეკლამირება. თუმცა, ამას აქვს თავისი ობიექტირი მიზეზი – ჩვენ ვართ საქვეუწყებო დაქვემდებარებაში და არ გვაქვს შესაბამისი წვდომა საინფორმაციო საშუალებებთან. აი მალე გავხდებთ დამოუკიდებელი ორგანიზაცია – საჯარო იურიდიული პირი და კომუნიკაციის საკითხებსაც მოვაგვარებთ. ჩვენს საქმეში ინფორმაციის დროულად და მიზნობრივად მიწოდებას სიტუაცია მოითხოვს .
    – აქამდე ისედაც ჩრდილში და მივიწყებულები იყავით, ახლა თითქოს რაღაცეები იცვლება თქვენი მიმართულებითაც არა?
    – ყველაზე დიდი პრობლემა ვეტერანებთან მიმართებაში, ესაა სახელმწიფოს დამოკიდებულება საზოგადოების ამ ნაწილის მიმართ. დღეს, ფაქტია, ვექტორი იცვლება და ამ ეტაპზე რატომ არ ვართ მწვერვალზეო, ამის თქმა არ შეიძლება. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ვეტერანთა მიმართ, ყველაზე სერიოზული წილი აქვს სახელმწიფოს. როგორიცაა სახელმწიფოს დამოკიდებულება გარკვეულ ეტაპზე, საზოგადიებრივი აზრიც შესაბამისად იცვლება.
    – მოდით, კონკრეტული საკითხი გავარკვიოთ, რა მოხდა 22 ლარიან სუბსიდიასთან დაკავშირებით და რატომ იყო ეს მოულოდნელი ვეტერანებისთვის?- საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირთა წრე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის მე–4 დადგენილებით განისაზღვრა. სუბსიდიის მიმღები პირები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და დაღუპულთა ოჯახის წევრები,საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, სამხედრო ზალების ვეტერანები და საბრძოლო მოქმედებების შემდგომ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. აღნიშნულ დადგენილებაში 2009 წელს განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აღრიცხვაზე იქნებოდნენ კომპეტენტურ ორგანოში სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებად. ცვლილება არ შეხებია უკვე დანიშნულ სუბსიდიას, რამაც არათანასწორ მდგომარეობაში ჩააყენა ერთი და იმავე სტატუსის მქონე ვეტერანები.
    ვანო მერაბიშვილის ბრძანებულებით, ნასამართლევ ვეტერანებს მოუხსნეს სუბსიდიები. რაც კითხვებს ბადებს. საყოფაცხოვრებო სუბსიდია, წესით, არანაირ კავშირში არაა ადამიანების წარსულთან. მათ აღნიშნული სუფსიდია თავის დროზე, სამშობლოსთვის ბრძოლისთვის დაენიშნათ. არადა ომში იბრძოდნენ ნასამართლევებიც და არანასამართლევებიც. მაშინ, ნასამართლევობის მიზეზით, არც ბრძოლის უფლება უნდა მიეცათ.

    – ცვლილებამ დადგენილებაში გამოიწვია 4096 ვეტერანისთვის სიფსიდიის მოხსნა, რასაც მოყვა გაღიზიანება და აღშფოთება. ამის თაობაზე ალბათ თქვენც არაერთმა მოგმართათ.
    – რა თქმა უნდა გამოიწვევდა დაბნეულობას და პროტესტს, რადგან აბსოლუტურად არასამართლიანი დადგენილება იყო, რომელიც მექანიკურად მოვიდა მოქმედებაში. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის“ დადგენილება თავის დროზე სიტუაციამ მოიტანა. მოგეხსენებათ, მოხდა განსახელმწიფოებრიობა დარგების. ენერგოკომპანიებიც გადავიდა კერძო სექტორში და ამიტომ სახელმწიფო ვეღარ მისცემდა ადრე დაწესებულ 100 კვტ ელექტროენერგიას და 20 კუბომეტრ გაზს თავისი ანგარიშიდან. ამიტომ, სახელმწიფომ გადაწყვიტა, ამ ადამიანებისთვის მიეცა კონკრეტული თანხა. როგორ დათვალეს, არავინ იცის, რადგან გათვლები არსადაა წარმოდგენილი. მთელი შეღავათების სისტემა გადაიყვანეს 22 ლარზე. დღეს ამას ქვია „საყოფაცხოვრებო“ სუბსიდია. ეს არც პენსიაა, არც კომპენსაცია. გაორმაგებული მოცულობით იყო ეს სუბსიდია ინვალიდ ვეტერანებზე, ანუ 44 ლარი და მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე, რადგან მათ ისედაც 2–ჯერ მეტი ჰქონდათ ყველა შეღავათი.
    – ამ დადგენილებაში, როგორც ვიცი, მოგვიანებით დამატებითი ცვლილებები შევიდა და, ალბათ ამას მაშინ რაღაც მიზანიც ჰქონდა?– ასე იყო. 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილებით, ვინც კი მომავალში გახდებოდა ვეტერანი, ის საყოფაცხოვრებო სუბსიდიით ვერ ისარგებლებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე. ხოლო ვინც საგრებლობდა უკვე ამ სუბსიდიით, მას დარჩებოდა. ეს თავისთავად დისკრიმინაციული დადგენილება იყო. წარმოიდგინეთ, ორი ადამიანი რომლებიც ერთ ბრძოლაში იღებდნენ მონაწილეობას, ერთი სოციალური მდგომარეობით, ერთმა მოასწრო 5 ნოემბრამდე სტატუსის მოპოვება და მეორეს დააგვიანდა, ესთს ქონდა ეს სუბსიდია და მეორეს – არა.
    – ეს დადგენილება თუ არ ვცდები გილაურმა მიიღო ?
    – კი, მისი გახლავთ. 2012 წლის 20 ივლისს ბოლო ნაღმი დატოვა ამ სეგმენტში ნაცმოძრაობამ, დაადგინა, რომ ის, ვინც მუშაობს საჯარო სამსახურში, მას უნდა მოეხსნას ეს სუბსიდია. და შეიტანა შესწორება შეჩერება კი არა შეწყვეტა ხდება. თუ შეუწყდა, აღარ აღუდგება.
    – რა შემთხვევებს ეხებოდა ეს შეწყვეტა?
    – თუ 3 თვე ზედიზედ არ აიღო ეს სუბსიდია პირმა, თუ ციხეში მოხვდა, თუ ვთქვათ დარაჯად დაიწყო სკოლაში მუშაობა, უწყდება და ა.შ. 26 000 ვეტერანი იყო ამ სუბსიდიის მიმღები და დღეისთვის მას იღებს 17 885. აქედან 11 107 კაცი სოციალურად დაუცველია. რეალურად სადღაც 6 700 ადამიანია დარჩენილი, ვინც ამ დადგენილებების თანახმად იღებს 22 ლარიან სუბსიდიას. რაც ჩვენი პოზიციიდან თავისთავად არაა ნორმალური და ამას ჭირდება ცვლილება, ესაა ის აქილევსის ქუსლი, რომელიც დარჩენილია და მისი გასწორება ჯერ–ჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან ამას ცოტა კრეატიული გადაწყვეტილება ჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც გამოსწორდება.
    – და ვინ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება?
    – მთავრობამ რა თქმა უნდა. ოპტიმალური ვარიანტი კი უნდა შესთავაზოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და ჩვენმა უწყებამაც.
    – კონსულტაციების დონეზე არის უკვე საუბარი ამაზე?
    – ჯერ–ჯერობით მიმდინარეობს საკითხის განხილვა და გადაწყვეტილება მიღებული არაა.
    – თანხის მოცულობაზეც იქნება ალბათ საუბარი.
    – ალბათ იქნება, მაგრამ აქ ხშირად ურევენ ერთ რამეს – ეს არაა სოციალური დახმარება, ესაა საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რომელიც ითვალისწინებს ერთ ვეტერანზე თვეში ელექტროენერგიის ხარჯს, გაზის, დასუფთავების და წყლის საფასურს. სუბსიდია ამ 4კომპონენტისგან შედგება და თუკი გადავთვლით, სწორი გათვლებით სადღაც 32 ლარამდე გამოდის. ანუ შესაძლებელია 12 ლარით ამ სუბსიდიის გაზრდა.
    – ხშირად ვეტერანებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის გამო და, ალბათ, ობიექტურადაც.
    – მე პირადად პროტესტის გრძნობა მიჩნდება სხვა რამის მიმართ – როცა ვეტერანს განიხილავენ, როგორც მხოლოდ მიმღებს რაღაც დახმარებების. მიმაჩნია, რომ ვეტერანების მიმართ სხვანაირი პოლიტიკა უნდა ტარდებოდეს.
    – როგორი?
    – ჩემი აზრით, ვეტერანებს ჭირდებათ რეაბილიტაცია და დასაქმება. უფრო მნიშვნელოვანია მოხდეს მათი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია შემდგომი დასაქმებით, ვიდრე სუბსიდიების და კომპენსაციების გაზრდა, ეს გზა უმნიშვნელოა. დღეს საკმარისია ვთქვათ 50 ლარი, ხვალ 100 იქნება საჭირო. ანუ სახელმწიფომ მუდმივად უნდა გაიღოს რაღაც–რაღაცეები, ასეთი მიდგომით. მე მიმაჩნია, რომ მთავარი, რაც ვეტერანს უნდა მივცეთ, ესაა ანკესი და არა თევზი.
    – ზოგიერთები თვლიან, რომ თევზის ჭერის სწავლებაუკვე დაგვიანებულია.
    – ზოგისთვის შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მათი ასეთი განწყობა ყოფიდან გამომდინარეა და არა მათი ფსიქო–მორალური მდგომარეობიდან. კიდევ ვიმეორებ, უნდა შეიცვალოს პოლიტიკა და დამოკიდებულება. პროგრამები უნდა ვაწარმოოთ იმ მიმართულებით, რომ მოხდეს საზოგადოების ამ ნაწილის დეგრადაციის პროცესის შეჩერება. რესოციალიზაცია შეუძლებელია, თუ არ მოხდა მათი რეაბილიტაცია.
    – ანუ უნდა დაიწყოს სხვა თანმიმდევრული პროგრამა.
    – რა თქმა უნდა. ასე რომ მოხდება, დასაქმების პროგრამაც უფრო სწრაფად ამუშავდება. ვეტერანებში სოციალური ჯგუფები საკმაოდ მრავალფეროვანია. 11 000 ვეტერანი, სოციალურ ზღვარს მიღმაა. გეთანხმებით, რომ იქ დეგრადაციის მაღალი პროცენტია. მათ მართლა მხოლოდ უნდა მისცე, მაგრამ მათ ჰყავთ შვილები, ეგებ ღირდეს ამ პროგრამების მათ შვილებზე მიმართვა.მამის მაგივრად ჯერ შვილი დადგეს ფეხზე და მერე ის მამასაც მიხედავს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ცდილობს თავად დადგეს ფეხზე. ჩვენ დავიწყეთ დასაქმების პროგრამა, რაც წარმატებით მიმდინარეობს.
    – ვეტერანთა დასაქმების პროგრამაზე ალბათ ბევრმა არაფერი იცის. რამდენი ხანია რაც პროგრამა დაიწყეთ?
    – დავიწყეთ ზაფხულში და უკვე რამდენიმე ასეული დასაქმებული გვყავს.ესაა პირად კავშირებზე აწყობილი პროგრამა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. მოგეხსენებათ, სამინისტროში გარდა ჯარისკაცებისა საჭიროა კიდევ უამრავი პროფესია. სხვადასხვა ტიპის კვალიფიციური მუშის პროფესიებია. ვეტერანების აყვანა და სპეციალური გადამზადება ხდება. ზოგერთმა ვერ შეძლო თავად ჩართვა ამ პროგრამაში, მაგრამ შვილი გამოგზავნა. ხელფასი 700–800 ლარამდეა, არაა ეს ისეთი ხელფასი, რომ ადამიანების ცხოვრება შეცვალოს, მაგრამ ოჯახს შიმშილი არ ემუქრება.
    – ამ მხრივ სამაგალითო ქვეყნად დღეისთვის საფრანგეთი და ამერიკა ითვლება, სადაც ვეტერანთა ინსტიტუტი ყველაზე გამართული და მოწესრიგებულია.
    – ამ ქვეყნებში უკვე დამუშავებული და პრაქტიკაში განხორციელებულია წარმატებული პროგრამები. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ბიზნესის დაწყების გამარტივებუილ ფორმა სახელმწიფო კრედიტით, შეღავათები გადასახადებში. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ამერიკაში აპრილში ყველა სახელმწიფო უწყებას შეუმცირდა დაფინასება, ვეტერანთა დეპარტამენტის გარდა. 71 მილიარდია ვეტერანთა დეპარტამენტის ბიუჯეტი ამერიკაში.
    – ვეტერანთა დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდული პირად ჩამოყალიბების შემდეგ ალბათ გაჩნდება საშუალება დამატებითი ფინანსების მოძიების, რომლებიც ვეტერანებს მოხმარდება.
    – ამ მხრივ საინტერესო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც ჯერ არ გავახმოვანებ, გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა, გპირდებით, რომ როგორც კი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება და რეალურ ფორმას შეიძენს, პირველად თქვენ შგატყობინებთ.
    მომზადებული პროექტით საშუალება იქნება განხორციელდეს ვეტერანთა დასაქმების პროგრამა. ვეტერანები აუცილებლად საჭიროებენ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, მათი სოციალური რეინტეგრაცია უნდა მოხდეს.
    – პარაზიტული ცხოვრების წესი არ შეიძლება იყოს ვეტერანების არჩევანი. ადამიანი, რომელიც თავის დროზე წავიდა ომში, ვერ იქნება პარაზიტი, მან საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე. ამიტომ, ამ ტიპის ადამიანებისთვის ზუსტად ასეთი მიდგომებია საჭირო, რომ არ იგრძნონ შეურაცხყოფილად თავი.
    – ვეტერანები განსხვავებული კატეგორიაა, განსხვავებული ხედვით და ცხოვრების წესით, რომელიც ომმა დაუტოვათ. ამერიკელებმა ამას „ვიეტნამის სინდრომი“ დაარქვეს. მანამდე „ალჟირის სინდრომი“ ერქვა საფრანგეთში. რაში მდგომარეობს ეს სინდრომი – ვეტერანები მასაში ხდებიან ანტისოციალურები. ეს ხდება იმიტომ რომ მეომარი, რომელიც ყოველდღიურად სიკვდილს უყურებს თვალებში, მათთვის მომავალი თავდება საღამოთი – გადარჩა. დღეს გადარჩა..
    – გასაგებია, ანუ ამ ადამიანებს ხვალინდელი დღის დაგეგმვა, უჭირთ.
    – ასეა. ამას ემატება ცხოვრებაში თანდათან მზარდი წარუმატებლობები, ამიტომ, უმრავლესობის მომავალი მთავრდება საღამოს ერთადერთი საკითხით – რა დალიოს? აი ეს პრობლემაა სწორედ. რეაბილიტაცია ამას გულისხმობს. ამ პრობლემებს თავი უნდა დავაღწიოთ.
    – რეაბილიტაციის პროგრამაში ვინ იქნება ჩართული?
    – რა თქმა უნდა ფსიქოლოგებიც თავის საქმეს გააკეთებენ, მაგრამ ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვა სოციალური გარემოს შექმნა. წაქცეულს თუ ააყენებ, ის განაგრძობს გზას, მაგრამ თუ მიწაზე დატოვე – კვდება. ეს უნდა გავაკეთოთ და მომავლის გზა ვაჩვენოთ. დიდი ნაწილი გაივლის და გადარჩება. ჩემი აზრია და სამინისტროს აზრიცაა, სჯობს მივცეთ ანკესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მივეცით ანკესი და დავივიწყეთ.
    – თქვენ ბრძანეთ, რომ მოკლე ხანში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. უფრო კონკრეტულად?
    - ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბოლო თვეებში გაკეთდა, ესაა ვეტერანთა ბაზის მოწესრიგება. რა თქმა უნდა ის კიდევ შეივსება და დაიხვეწება,მაგრამ ძირითადი ინფორმაცია უკვე არსებობს. საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ვეტერანია. აქიდან 32 ათასია აფხაზეთის ომის ვეტერანი, დაახლოებით 5 ათასი რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი. მიმდინარეობს, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის ასევე, აფხაზეთის ომის ვეტერანის რეგისტრაცია.
    - ვეტერანთა ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხიც მოგვარებულა...
    – რაც განსაკუთრებით წინსვლად მიგვაჩნია – ვეტერანთა ექსკლუზიური დაზღვევაა. მათი ჯანმრთელობა 100%–ით დაზღვეულია სახელმწიფოს მიერ. რომელშიც შედის ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაცია, სპეციალისტი ექიმების უფასო კონსულტაცია, ანალიზები ყველა სხის გარდა მაღალტექნოლოგიური კვლელებისა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ყველა სახის ოპერაცია აბსოლოტურად ფინანსირდება სახელმწიფოს მიერ. ასევე, ონკოლოგიური დაავადებები 15 000 ლარის ფარგლებში.
    – საყოველთაო დაზღვევაზე გაცილებით უკეთესი ყოფილა, იქ 70%–იანი თანადაფინანსებაა და აქ ასპროცენტიანი. და მომსახურების ამ პაკეტის მიღება საქართველოს მასშტაბით შეიძლება?
    – რა თქმა უნდა, პროგრამა მუშაობს საქართველოს მასშტაბით 1 ივლისიდან. ვეტერანები აღრიცხვას გაივლიან ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებში და მიიღებენ სრულ მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას გაივლიან თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში, რომელთან დაკავშირებითაც ასევე წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ჯერ დეტალებში არ ჩავალ, რადგან ჰოსპიტალის რეაბილიტაციის და უმაღლესი სტანდარტების დონეზე გამართვის საკითხიც დამუშავების პროცესშია.
    – ამერიკაში ვეტერანებისთვის რამოდენიმე ათეული ჰოსპიტალი ფუნქციონირებს. ჩვენთან მხოლოდ ერთია და ისიც საშინელ მდგომარეობაში.
    – მალე ჩვენთანაც ასე იქნება. 1997 წელს საქართველოში 2 სამხედრო ჰოსპიტალი იყო. ქუთაისში ამბულატორიის სახით, ხოლო თბილისში - სრულფასოვანი კლინიკა. წლების მანძილზე ვეტერანთა ჯანდაცვა ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. შედეგიც თვალსაჩინოა.
    – სამხედრო ჰოსპიტალი თქვენი დეპარტმანტის დაქვემდებარებაშია?
    – არა. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და აფინანსებს თავდაცვის სამინისტრო. ბიუჯეტი 800 ათასი ლარია. პერსონალით უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალი თავის ფუნქციას სრულფასოვნად ასრულებს, მაგრამ სოციალურად დაუცველი ვეტერანებისთვის სხვა ალტერნატივა დღეს არ არსებობს. მალე ვეტერანებს ექნებათ ახალი ელექტრონული მოწმობები, რომლითაც ისარგებლებენ საქალაქო ტრანსპორტზე ასევე ქვეყნის მასშტაბით.
    – რამდენადაც ვიცი, შეღავათები საქალაქო ტრანსპორტზე მხოლოდ თბილისში მოქმედებდა.
    – ეს იყო თბილისის მერიის გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა შეიცვალა და ვეტერანები სარგებლობენ სატრანსპორტო შეღავათით ნებისმიერ ქალაქში, სადაც არის მუნიციპალური ტრანსპორტი.
    ვეტერანთა დეპარტამენტის ინიციატვით, კიდევ ერთი პროგრამა ამუშავდა – ვეტერანთა შვილებისთვის ჯავახიშვილის სახელობის უნივესრიტეტში სამოქალაქო ლექციები, 13–17 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ძალიან საინტერესო ლექციები ტარდება საუკეთესო ლექტორების მიერ, რაც მომავალი თაობის თვალსაწიერის და ხედვის გაფართოებას ემსახურება.
    განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს დაღუპულთა ოჯახები და მათი მშობლები. ასეთი დავალება გვაქვს თავდაცვის მინისტრისგან და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ ადამიანებმა გმირები გაზარდეს და სახელმწიფო ვალდებულია, რომ ისინი დააფასოს.სახელმწიფოში დაფასებული და მოვლილი არ არის ქვეყნის დამცველი, სახელმწიფოც არ არის დაცული.
     
    კატო ჩულაშვილი
    „ქრონიკა+“ 12.11.2013
  18. katya
    ჯერ იყო და, მგონი, მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურმა პროკურორმა მიგვატოვა.
    ასეო–ისეო, მეო კი გავაკეთე რაც შემეძლო, მაგრამ მეტი აღარ შემიძლიაო.
    გაანახევრა კაცი ამ უღმერთო კოაბიტაციამ.
    სულ გრადუსებში და მილიმეტრებში გადახრილ–გადმოხრილი სამართლის გზით ატარეს.
    რაც შეეძლო და შეაძლებინეს, გააკეთა, რაც შეეძლო და არ შეაძლებინეს, იმის არგაკეთებაზე ვინ ეტყოდა საყვედურს?
    თუმცა, გია ცაგარეიშვილმა არ დამალა თავისი უკმაყოფილება პროკურატურის მიმართ. ერთი წაესლუკუნებინა უმრავლესობის შეხვედრაზე, ამდენ უკმაყოფილებას, ცაგარას ცრემლების მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას არ სჯეროდა. ესენი დაიჯერებდნენ, იქნებ სლუკინამდეც არ მისულიყო საქმე...
    "მოწიფულმა" და "მომწიფებულმა", მშვიდმა, ადამიანურმა, ზომიერად ფერხორციანმაც... მოკლედ, თანამდებობისთვის შეუფერებელმა კბილაშვილმა – ავდგები და როგორც ხელისუფლებაში მოსვლით გაგახარეთ ბიძინასთან ერთად, ისე წასვლით დაგწყვეტთ გულს სამოქალაქო სექტორშიო.
    თქვა. არ გადათქვა და წავიდა. შს ყოფილი მინისტრი, ექს–პრემიერი და ამჟამად ძიებაში მყოფი ბრალდებული მერაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე მთავარი პროკურორის გადადგომას შეეხმიანა და არჩილ კბილაშვილი პოლიტიკური ოპონენტების ჯალათად, ჯალათების ადვოკატადაც კი მოიხსენია. მაგას რა უშავს, მავრიც კი ახსენა. ასე იცის კამერაში უსაქმურობამ და კლასგარეშე ლიტერატურის კითხვამ. ჯერ აქამდე როგორ გვაბნევდა და აწი უარესს უნდა ველოდეთ.
    ვიღაცეებმა უფრო დიდ მასშტაბებშიც წაიოცნებეს, ეგებ და მოადგილეც მიყვეს კბილაშვილს სოლიდარობის ნიშნადო. შესაბამისი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ მაგ ინფორმაციის სიმართლეში მე პირადად მაშინ შემეპარა ეჭვი, ნინო გიორგობიანმა რომ არ დაადასტურა.
    არც უარყო, პრინციპში...
    ვერ მოგართვითო, ლაშამ. ცხონებული მარკ ტვენის ცნობილი ფრაზა გამახსენდა, ისეთი რეპლიკა გვტკიცა – „ჩემი გადადგომის შესახებ დეზინფორმაციის წყარო, პროკურატურის სისტემის დეზორგანიზებით იყო დაინტერესებულიო.“ ხოდა, ასეთი ეჭვის შემდეგ პროკურორის მოადგილეს როგორ გინდა შეეკამათო? იჯდეს, სანამ სჯერა თავისი შესაძლებლობების. ერთხელაც იქნება, სხვა აღარ დაუჯერებს და წავა, აბა რას იზამს?
    ღვთის წყალობით, არ ჭირს წესიერი, პატიოსანი და ოჯახიშვილი კადრი საქართველოში. ამის დასამტკიცებლად სულ "ნაცად–ნაცადი" "ტალიკ–ტალიკი" ბიჭების ჩვენება მოგვიწყო, ამ ჩვენმა ასევე ტალიკ–ტალიკმა მომავალმა პრემიერმა.
    თავის შემცვლელად ისეთი მსხვილკალიბრიანი (ნებისმიერი გაგებით) პოლიციელი დატოვა, ეკა ბესელიაც კი წაბორძიკდა შეფასებისას, თუმცა ბოლოს მაინც დაალაგა წინადადება და – „შს მინისტრის პოსტზე რამდენიმე პირი სახელდებოდა და საინტერესო კანდიდატურა შეირჩაო“. ახლა ზოგიერთი ინტრიგანი სიტყვაზე გამოეკიდება ეკას – რას ნიშნავს „საინტერესოო“? რას ნიშნავს და ყველა დიდი ინტერესით დააკვირდება მის საქმიანობას და ეგებ, ბოლოს მისი პირველ პოლიციელად დანიშვნის რეალურ მიზეზებსაც მიაგნონ.პრინციპში, რა უნდა ეთქვა მეტი ბესელიას? საინტერესოა და...
     
    ახალი პროკურორი წინაზე უდავოდ სიმპათიურია, უფრო დახვეწილი სიმკაცრითაც იყურება, ვარცხნილობაც შედარებით აგრესიული აქვს და რახან ნაციონალები მასაც შს მინისტრივით ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენ, სავარაუდოდ, არ უდა იყოს "ოცნებისთვის" ურიგო კადრი.
    მართალია, პარლამენტარ ჩაფიძეს მაგ სკამზე სხვისი ხილვა უფრო გაუხარდებოდა თურმე, მაგრამ, მაია მწარიაშვილის დაწინაურება კიდევ უფრო გაამწარებდა სამართლიანობის აღდგენაზე იმედგაცრუებულ საზოგადოებას. ამიტომ, ისევ ელისოს გაწბილება ამჯობინეს.
     
    ისე იხაროს მთელმა ქართველმა ერმა, როგორც ბიძინამ მაგის გაპრემიერებით კახელები გაახარა. რატომ იყო ვითომ წარმატებული მინისტრიო? წარმატებული კი არა, თუ ივანიშვილს დავესესხებით შეფასებაში, "ირაკლიმ სასწაული შეძლო" – კრიმინალი არ გააჯეჯილა ქვეყანაში, ჩაფლულ–ჩამალული და ნაჭვრიტინებელი ყველაფერი ამოუყარა ვისაც საჭირო იყო. წასვლისასაც ისეთი კეთილშობილური ჟესტი გაუკეთა საზოგადოებას, ამის მერე ჯარიმის სადღეგრძელოს ღარიბაშვილის თამადობით დალევენ „საჭეთმპყრობელები“ საქართველოში.
    არ გინდოდათ, წუწუნებდით და ჰა, გაიხარეთ! რა გენაღვლებათ განახევრებული საბიუჯეტო შემოსავლები?!..
     
    გასულ კვირას ჯერ კიდევ იმუნურმა პრეზიდენტმა საკუთარ თავსაც ოპლა შემოსძახა, ისეთი რეზონანსული სვლა გააკეთა თავისი რეზიდენციის სახურავის მიმართულებით. არც კი გრცხვენიათ, თქვენ კიდევ დაეტაკეთ, აცალეთ, გაიხაროს ბიჭმა. გულებიანი დროშა გამოკიდა, კვერცხებიანი ხომ არა, ბოლოს და ბოლოს? “პრეზიდენტი დროებით გავიდა და სიყვარული დაგვიტოვა, იქ ყვავებიანი დროშა გამოჩნდება, შემდეგ - აგურებიანი, ბოლოს კი - ისევ 4 ჯვრიანი“ – ო, ასეთი ვერსია დადო სააკაშვილის კარის მასხარამ.
    'სააკაშვილმა ისიც თქვა, პრეზიდენტის სასახლეში იმიტომ არ შედიან, რომ იქ მე ვიყავი, გაანიავონ და მერე შევიდნენო.
    ამაზე რა უნდა თქვა? მექანიკურად მიხოს ვაჟკაცის და მისი ლოგიკის მასწავლებლის ანეკდოტი გამახსენდა – დასჯის მეთოდი ლობიონაჭამზე.
    ლობიო კი დიდი ხანია ასოცირდება საქართველოში დემოკრატიასთან.
    “პრეზიდენტის დაპატიმრება ქვეყნის ინტერესებში არ შედისო! – ასე ამბობენ შინაურებიც და გარეულებიც. მთელი პროგრესული დასავლეთი უდგას თავდებად, ვინ არ შეაწუხა, რამდენი რკინის ქალამანი გაცვითა. წყალში ხომ არ უნდა ჩაუყაროთ?
    ლევან ბერძნიშვილმაც კი სულ მეორე კლასელები გვეძახა, – აწყენს და გამოაყრის მიშას დაჭერა ქართულ დემოკრატიასო.კარგით ბატონო, აწყენს თუ არგებს, ეგ მერე გამოჩნდება, მაგრამ რა საჭიროა წამ და უწუმ იმის შეხსენება, რომ ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას, ანუ "არა რესპებს" გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა გვაქვს?
    სხვათა შორის, ამ პარტიის სიამაყეს და ყველაზე წარმატებულ თანაპარტიელს, გვარს არ დავასახელებ და პარლამენტის თავმჯდომარეს, პედაგოგობა მონატრებია. ამდენი მისვლა–მოსვლის ფონზე, ზრდილობის გულისთვის, მაგასაც ჰკითხეს პოლიტიკიდან წასვლას ხომ არ აპირებო?
    უსუმ დინჯად უპასუხა, რომ „აუცილებლად აპირებს, ოღონდ არა ხვალ და ზეგ“. „შესაძლოა, 2 წლის შემდეგ, შესაძლოა 2 თვის, შესაძლოა, 9 წლის შემდეგ“–ო... ეს 9 წელი რაღაც ცუდად კი მენიშნა, მაგრამ...
    საპარლამენტო უმცირესობის თვალსაჩინო რატიანის აზრით, „საქართველოს ოლიგარქიული მმართველობა აქვს“ მაინც. და ასევე საპარლამენტო უმცირესობის თვალსაჩინო მარიამ საჯაია, კომიტეტის სხდომების სისტემატური გაცდენის მიუხედავად, მაინც იღებს პარლამენტარის კუთვნილ ხელფასს სრულად და დანიშნულ ვადებში.
    გასული კვირის შოკი მაინც კიდევ ერთი საპარლამენტო უმცირესობის თვალსაჩინოების მოთხოვნა გახლდათ – ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმე ბოლომდე იქნას გამოძიებულიო. ვა–ბანკზე მიდის ბარამიძე ვითომ? თუ აფრასიძეების საქმის გამოძიებაც მოითხოვა, მერე რა გამოიყვანს ჩიხიდან ძიებას?
     
    საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მომავალი უფოროსის ვინაობა ჯერ–ჯერობით გასაიდუმლოებულია: ხადურის საიდუმლოებები და რებუსები აკლდა ჩვენს დაშტოპკილ ნერვულ სისტემას...
    სამაგიეროდ სოფლის მაშენებელი შალვა ფიფია გვამშვიდებს „ჯაყოს კაპრატივით“... არა კაცო, ვიხუმრე. ჯაყოობა და ბრინკობა ხომ გადავარდა, კოლექტივიზაციაც მშვიდობით მოვიხადეთ. ეს კარგად დავიწყებული და რებრენდირგებული ძველი სახადია. შორიდან და ერთი შეხედვით არც ისე საშიშად გამოიყურება, მთავარია, მსხვილფეხა რქოსნებმა არ გააპროტესტონ და არაფერი აურიონ...
    ნინო ბურჯანაძე თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას არ აპირებს. მაინც და მაინც პრეზიდენტობა უნდა. ბავშვობიდან აქვს ჩარჩენილი მაგას რომელიღაც ნათელმხილველის წინასწარმეტყველება - საქართველოს ქალი პრეზიდენტი ეყოლებაო და ვერ ამოიგდო გულიდან . ისე, მაგ წინასწარმეტყველზე დაყრდნობით, ერთ დროს ირინა სარიშვილსაც კი უნდოდა პრეზიდენტობა, მაგრამ, მერე გაუარა.
     
    პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველების რიგის მოწესრიგებას ისევ ვერ აუდის. რამ დააცოფა ეს ხალხი იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, სადაც სახალხო დამცველის აპარატიდან ხალხი გარბის. უჩა ნანუაშვილი თუ თუთბერიძეზე იეჭვიანებდა ვინ იფიქრებდა? გეგონება პირველად იყო ეგ გოგო ბაჩუნასთან მარტო კამერაში...
     
    კალამ თქვა – უნდა წავიდეთო! თან ბევრი მედლები ჩამოვიტანოთო!
    - სად მივდივართო? – კრთომით და ჩვეული დაბნეულობით იკითხა მინისტრმა დარახველიძემ. შენ არაო, მარგველა წავა სოჭშიო?
    – როგორ, სოჭსაც ვიბრუნებთ უკვეო?–ისევ გაუბედავად იკითხა დარახველიძემ.
    – გადამრევს ეს დარახველიძე, ვინ ეკითხება კონფლიქტური ზონების ამბავსო, – გაიფიქრა ზაქარეიშვილმა... ოღონდ დევნილებთან არ გამიშვათ და სადაც გინდათ წავალო, დარახველიძემ...
    რა ეშველება მაგის სამინისტროს არავინ იცის... ან რა უნდა ეშველოს? მთელი ცხოვრება მარტო იჯდა, თავისთვის, თითქოს ეშინოდა, ე მანდ არავის არაფერი ვაწყენინოო..
    მივლენ ამ დღეებში მაგის იმედზე დატოვებული დევნილები, აუჭედავენ კაბინეტის კარს. ეგეც დაისვენებს და დაკარგული ტერიტორიებიც მხრებში გაიშლებიან...
     
    ეგ ყველაფერი იქით იყოს და ამ ანარჩევი და დაწუნებული საპრეზიდენტო კანდიდატებით ჩაწიკწიკებული ღობე–ყორით გინდათ შეგვახვედროთ ახალ წელს? გაკვრაში რომ მარჯვეები ხართ, თქვენ რა გგონიათ, უგულავას კადრს ფხეკა ეხალისება? ისე, საარჩევნო კანონი უნდა აგვარებდეს მაგ პუნტქს. თუ მსგავსი არაფერი წერია, დავწეროთ – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მასიური დანაგვიანების შესახებ კანონი, დებულება ან დადგენილება.
    ქართული პოლიტ–მარკეტინგიც რომ ჩარჩა 20 წელიწადია ამ ფორმატში?! ვერ გასცდა წინასაარჩევნოს პლაკატების და ბუკლეტების ბეჭდვით მიღებული ატკატების ხიბლს. კარგით რა ხალხო, რა გავლენის და საზოგადოებრივი აზრის მოხდენა შეუძლია მიჯრით ყველა უადგილო ადგილას მიტყეპებულ პორტრეტებს? ტყე მაინც არ გეცოდებათ?
     
    თქვენი გამკვირვებია, – მოლაყბეს რომ ყურის გდებას დაუწყებ, ეგონება თავი იდეოლოგი, აბა არ ეგონება?
    ორსახოვანი იანუსი ჩვილივით გამოიყურება ჩვენი მრავალწახნაგოვანი პოლიტიკური სპექტრის ფონზე. თუმცა იდეალისტებს ყველაფრის სჯერათ იმის გარდა, რომ იდეალისტები არიან.
    ახლომხედველებად ისინი ყალიბდებიან , ვინც საკუთარი ცხვირის იქით არ იხედება, ხოლო შორსმჭვრეტელებად ისინი გვევლინებიან, ვინც ვერასოდეს ამჩნევდა, რა ხდებოდა მის ცხვირ წინ.
    გაიგეთ, ხალხო! იმისთვის, რომ ქვეყანაში თუნდაც მოჩვენებითმა კეთილდღეობამ და ბარაქამ დაისადგუროს, უნდა ავიღოთ წინა ხელისუფლების „მამამთავრები“ და ფენ–შუის პრინციპით განვალაგოთ მატროსოვის ციხის კამერებში.
    ისე, რა მარტივი ამოსაცნობია ადამიანი, ვინც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილია – არც სვამს, არც იგინება...
     
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+" 12.11.2013
  19. katya
    აი ასე!
    მიყვარხართო, ხალხოო!
    ცოტა მოძველებული მეთოდი კი აირჩია - პირდაპირ (ვითომ) ეთერში სიყვარულის ახსნა, მაგრამ ქალაქში ბილბორდების გაკვრას, ფანჯრების წინ ცეცხლოვანი გულების დანთებას და კიდევ ათას გოიმობას, ისევ ეგ ჯობდა. ტელევიზია მაინც ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებაა. ეგ ჯერ კიდევ პროხოროვს ეწერა თავის „ ჟურნალისტიკის საფუძვლებში“. კი უნდა სიყვარულს მალვა , მაგრამ მერე ცხენების პარვაშიც რომ დადონ ბრალი? ისე, არ გეწყინოს მიშიკო და, მაინც მაგარი გოიმობა გამოგივიდა, შენ დედას ვფიცავარ, - ასე სახალხოდ და ამოდენა მასებზე რამ გათქმევინა - მიყვარხართო? ვინ ჭამს ახლა მაგას? ეგეთებს ია ფარულავაც კი აღარ ჭამს. შენი ყოფილი კლასელია და კითხე, ეგეთი სანახაობები მაგის მოგონილია. ხუთლარიანების ნიფხვებში ჩაკუჭვა კი ნამდვილად შენგან და გიგისგან აქვს გადაღებული - იცოდით თქვენიანების პატივისცემა თქვენ, მაგრამ...
    მაგრამ როგორც დიპლომატი გურულები ამბობენ - „მარცხი ელანძეა!“ და ვის საით გადაუბრუნდება ის „შარიკი“ იმ „ბუტკაში შესვლამდე“, აბა ვინ რა იცის?
    იცვლება, დრო იცვლება, ღირებულებებიც, შეხედულებებიც, გემოვნებაც, ფასებიც, სახეებიც, მტერ-მოყვარეც. მოკლედ, მიხეილ, შემობრუნებული ფარის ამბავი ხომ გაგიგია ყურმოკვრით მაინც? ეგაა რა მთელი ფიზიკა. ერთი თუ ფეხი გადაგიბრუნდა, მეორეთი სულ ასკინკილით მოგიწევს დანიშნულების ადგილამდე მიკინკილება.
    აი შენს ავლაბრის „კლუბში“ ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომ „გაიჩითება“ მერე უყურე ჭოგრიტით ჭეშმარიტ ქართულ ინტელიგენციას „ბიბლიოთეკის ფორთოჩკიდან“!
    საყოველთაო განათლება საუკეთესო წამალია დიქტატორების წინააღმდეგ...
    ელემენტარულია, უოტსონ!
    მიშასაც ელემენტარულად დაიჭერენ, თავისი ადმინისტრაციის უფროსის ჯინაზე და დასავლეთის რეკომანდაციების მიუხედავად.
    ვერ გიშველის აწი მიშიკო ვერც ჭრელი ლენტა, ვერც ღობესთან ჩაცუცქული ბასკერვილების ძაღლი, ვერც მისგრეივების კი არა და ალასანიების საგვარეულო წესი, ვერც ველოსიპედისტი ქალი და ვერც მოცეკვავე კაცუნები. და ხელში შეგჩება ფორთოხლის ხუთი კურკა...
    ხოხოხო რა დაისხა კი არა და რა შეიწყალაო!
    შეუწყნარებელი და უშეღავათო შეწყალება მოაწყო ამ უღმერთოდ მწყალობელმა და კი იქნებოდა უხერხული ამდენი მკვლელის, ავაზაკის, პედოფილის, ნარკობარონის და ჯიბგირის ფონზე ყოფილი ციხის უფროსი და თავდაცვის მინისტრი არ შეეწყალებინა. როგორც იტყვიან, ნაციონალური „მუნდირის საქმე“ იყო.
    სტატისტიკით -ბოლო ერთი წლის განმავლობაში- 29 ოქტომბრის ჩათვლით სააკაშვილმა 2412 კრიმინალი შეიწყალა.თუმცა, ანდრო ბარნოვს მაინც არ ესმის, რა საფრთხე შეიძლება წარმოიშვას ახალაიასა და მერაბიშვილის გათავისუფლებით?
     
    მოკლედ, ბასტა!
    იმიტომ რომ, როგორც ყოფილი პრემიერი დაუბარებს მომავალ პრემიერს - ის რაღაც ჯანდაბა კოაბიტაცია დასრულდაო! უხ-უხ წინასწარ ვიფშვნეტ თითებს რა ამბები დატრიალდება მალე, სულ მალე...
    რა თქმა უნდა მიწის ძვრები და რენტგენის აპარატზე გაშუქება მინისტრთა კაბინეტიდან დაიწყება . ასე უცებ არ დააცხრება ქორივით. ჯერ კარგად მიზვერ-მოზვერავს, თუმცა ეგეც კაიხნის დაწყებული ექნება „შერლოკს“. შეისწავლის გარემოს, მოაგროვებს მტკიცებულებებს და ჰოპ! და მერე დაიწყება დიდი სიღრმისეული და ეტაპობრივი ჩანაცვლებები... რამდენიმე მინისტრის ადგილას ახლავე დავწერდი განცხადებას გადადგომაზე, მაგრამ, მაგის გამკეთებელი ამ მთავრობაში მხოლოდ რამდენიმეა და იმათაც მაგის გაკეთება ალალად არ ეკუთვნით, არც ემუქრებათ.
    გული მიგრძნობდა, ისე ალაპარაკდნენ კვირის დასაწყისში ტრადიციულ ქართულ ოჯახზე, ადათებზე და წესებზე, კინაღამ რელსებს ავცდით და დაგვავიწყდა ჩვენი არჩეული კურსი რომ დასავლეთი,კონკრეტულად კი ევროპაა. ამ დისკუსიების მიღმა გამუდმებით ილანდებოდა „მეისრის“ აჩრდილი და ჰა - კვირის ბოლოს ახალი თემა - საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე საუბარი და ამ ყველაფრის წინაპირობა, ერთი წარმატებული, პერსპექტიული და ეროვნულ ღირებულებებთან გათანაბრებული ქართველი ბიზნესმენის განმარტებით, გასულ კვირას ბაგრატიონთა დინასტიის გვარის გამგრძელებლის ნათლობა ყოფილა. ბავშვი და ერთ-ერთი დიდი საიდუმლო არც არაფერ შუაშია, ვიღაცის სწორი გათვლებით, ამ იდეის მოწინააღმდეგენი და კრიტიკოსები, უნებურად, ბავშვთმოძულეთა და ქრისტეს ფეხის მკვნეტელთა სიაში აღმოჩდნენ .
    არიქა, მეფე ბრუნდება თავისი ნაზირ-ვეზირებითო და აფეთქდა სოციალური ქსელი, ამოქექეს ძველი სკივრებიდან რწმუნების ფურცლები, გვარი-შვილობის ეტრატები და გრაგნილები, გახუნებული სიმწრით დაბდღვნილი წვერ-ულვაში და აზნაურის „პატიოსანი სიტყვა“..
    მოუნდა ზოგიერთს „კუტოკები“ და „კრუჟოკები“! ჯერ მიშას ნაციონალურმა ბომონდმა შეგვჭამა, ახლა მეფის კარის ინტრიგებით უნდათ ამოგვაგდონ კალაპოტებიდან... ტრანშეებიდანაც და, საერთოდ, - ყველაფრის გაპრავება შეიძლება კაცო, თანაც ასე უნიჭოდ?
    ჯერ არ გაუოფიციალურებიათ ურთიერთობები, ჯერ მარგველასაც არ დაუფიცია კანონის, ღმერთის და ხალხის წინაშე და ამ ლაშა აბაშიძეს უვე მაგის ნათესაობას აბრალებენ.. ზოგისთვის მთელი საქართველო ერთმანეთის ნათესავია და ამ ბიჭის და რომ მომავალი პრეზიდენტის ცოლი იყო 8 წლის წინ , ეგ რა სალაპარაკოა? ან სიძეს საქართველოში ვინ აღიარებს ნათესავად?
    უფ, ძალიან სასაცილო ხალხი ვართ რა და სხვა რომ დაგვცინის მერე გვწყინს.
    რა ჩვენი საქმეა და რა ტვინს ვიჭ####ტთ - სად იცხოვრებს პრეზიდენტიო? იმან უნდა იცხოვროს, ჩვენ ხომ არა? ესეც ოფიციალურ და არაოფიციალურ ქორწინებაში ყოფნაა ხალხო?
    გასულ კვირას საქართველოში ყველაზე „ინტელექტუალურმა „ თუმცა, ერთ-ერთმა ყველაზე ურეიტინგო პარტიამ ყრილობა ჩაატარა და ახალი მეთაური აირჩია. როფორც ყოფილმა თავმჯდომარემ და ახლანდელი პარლამენტის თამადა უსუფაშვილმა თქვა, მათი პარტია 2 წლის წინ გადაურჩა იატაკქვეშეთში გადაბარგებას და ახლა ისე შეეჩვივნენ მზის სხივს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ზოგიერთებისთვის გაბრწყინებულ საქართველოში, რომ იატაკქვეშეთი კი არა, კოალიციიდანაც ყველაზე ბოლოს ჩვენ გავალთო.
    „რესპები“ კი გადარჩნენ იატაკქვეშეთს, მაგრამ ის უცნაური და ოდიოზური მრჩეველი გამოჩნდა ამ დღებში - ''მე ვაპირებ საზოგადოებრივ აქტიურობას სხვა სახელით და შევქმნი სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას-ო...'' ასე ბრძანა ხუხაშვილმა. იმ ხუხაშვილმა, დიახაც...
    ისიც თვითონ აღიარა, - საფრთხობელა ვიყავი ბოსტანშიო..
     
    ბოსტნის რა გითხრათ და ჟურნალისტიკამ კიდევ ერთხელ ჩაიჭაობა - შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა დეპარტამენტმა, ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, “Tiflis Times“-ის ორი ჟურნალისტი დააკავა. ჟურნალისტები ქართულ-უკრაინული აკადემიის რექტორისგან შანტაჟის გზით თანხის გამოძალვას ცდილობდნენო. 10 000 ლარი არაა ცუდი „სტავკა“ რიგითი ჟურნალისტისთვის, თუნდაც 2-ზე გაყოფილი. უფრო დიდ თანხებზეც დაუკავებიათ ჟურმალისტები, ყოფილა ეგ შემთხვევებიც ქართული ჟურმალისტიკის ისტორიაში, მაგრამ მერე თანამდებობებზეც გაქაჩულან. ასე რომ, არაა არც ეს თემა ასე საპანიკო.
    ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლება სამომავლოდ თუ წარსულის შეცდომები აწმყოში არ გამოსწორდა, მაგრამ ცხელა ახლა ვინმეს შეცდომებისთის და წარსულისთვის?
    აუჩემებიათ - საუკეთესო წამალი დროაო! იყოს მერე. ამ ფარმაციამაც რომ არ დააყენა საშველი და ვერ ისწავლა მისი წარმოება?
     
    რუსული ხორბლის გაძვირების გამო საქართველოში ფქვილის ფასები მოიმატებსო. ეშველათ მეპურეებს სანახაობის მოყვარულთა ხარჯზე!
    დავით დარახველიძე ევროსაბჭოს წარმომადგენელს შეხვდაო და მაგას უთხრას ან ურჩიოს ვინმემ, რომ დევნილებს შეხვდეს ხოლმე, თან ხშირად, ის ურჩევნია, თორემ მივლენ მალე და კარს აუჭედავენ. ირბინოს მერე ევროკავშირის ფანჯრიდან კაბინეტში.
    ჰო, გასულ კვირას თვით გიგა ბოკერიას მოუნახეს საპირწონე. ქალი, გენერალი და თანაც ირინა იმერლიშვილი. პარლამენტს დააკლდებიო, მიატირეს, მაგრამ როცა საშიშად საჭირო ადამიანები ქვეყნის უშიშროებაზე ზრუნავენ, ყველაფერი უნდა აიტანო...
    საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას სულ 70-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრებაო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გაუგზავნიან თუ არა მოსაწვევს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
    აი ხოდა რატომ უნდა იყოს უცნობი... თქვენც ადექით და გაუგზავნეთ ნებით და ეტიკეტის მიხედვით. ხომ იცით, რომ დაუპატიჟებლადაც მოვა და მერე გახდის სალაპარაკოს საერთაშორისო დონეზე. ანდა, მეორე ვარიანტია - ინაუგურაციამდე უნდა დაიჭიროთ...
    როცა ყველა დამნაშავეა, უდანაშაულოს ძებნას იწყებენ, რომ მთელი ბოღმა მასზე გადმოანთხიონ. ასეთს საქართველოში დარწმუნებული ვარ, ვერ იპოვნიან, მაგრამ რეალობის მთავარი ღირსება იცით რაშია? - იმაში, რომ ის მაინც არსებობს, მიუხედავად იმისა, გჯერათ მისი თუ არა...
     
    ისე, მიშიკო! ბავშვობაში კონან დოილის კითხვისას შენც გეშინოდა გაფაჩუნების?
    ჰმ.. მეც!..
     
     
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+" 05.11.2013
  20. katya
    მოისვენე, თორემ მოგასვენებ!ანუ, მე შენ პენსიით უზრუნველგყოფ!–ასეთი მზრუნველი ფრაზით დაიწყო გასული კვირა „მაღალ ქართულ პოლიტიკაში“ და იქვე ღრმა ჩასუნთქვით დასრულდა...
    იდებატეს..
    ყოველ შემთხვევაში, გადაცემას ასე ერქვა და დეკორაციაც, თითოს შესაბამისი იყო. მოდებატე კანდიდატთა შერჩევის წესს ნუ იკითხავთ, აზრი არ აქვს, მაინც არავის აქვს პასუხი.
    სამაგიეროდ, ქართული დემოკრატიის ისტორიაში კიდევ ერთი მორიგი და რიგითი „ჩათვლა“ გაჩნდა...
    ვის ჩაეთვლება კვირის ბოლოს რეალურად, ნურც იმას გამახმოვანებინებთ. ითქვა ეგ უკვე ვიწრო წრეში ფართო მასებისთვის...
     
    ამასობაში მიშას ერთი რეალური მუშა–პარასკევი დარჩა საპრეზიდენტო პროგრამით.
    მოძრაობა პატრიოტები,25 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან გამართავს აქციას სახელწოდებით "ნახვამდის ბატონო პრეზიდენტო !". არადა რეალურად, „მადლიერების დღედ“ ყოფილა ჩაფიქრებული. „მადლიერება იმ დადებითისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ ქვეყანას მოუტანა...“
    თუ მოუტანა, მერე სად წაიღო?
    აქციად შეფუთული არაოფიციალური სამოქალაქო პანაშვიდი პრეზიდენტის სასახლესთან 17:00 საათზე გაიმართება. დასწრება სავალდებულოა სრულიად ნაციონალური ორიენტაციის „მრევლისთვის“. "მადლიერმა ჭირისუფლებმა"თან უნდა იქონიონ თითო ჰალსტუხი, პრეზიდენტის ავტოგრაფისთვის, ერთნახევარი კვერცხი და ორად–ორი კურცხალი მაინც, შემოსწრებული და „ჩასაფრებული“ მედიისთვის, ხოლო მდუღარე მარილწყალში წინასწარდასველებულ ცხვირსახოცებს ადმინისტრაცია ადგილზე დაარიგებსო. ბარნოვი უფრენიათ სასწრაფოდ აღზევანს, მარილზე...
    ყვავილებით, რა თქმა უნდა, „ცოლოური“, ანუ ჰოლანდია უზრუნველყოფს. მუსიკალურ ფონად ნაციონალური ქართული ბომონდი იბზუილებს, ხოლო ცერემონიას დახურავს ჩინური წარმოების,მაგრამ ხარისხიან ნედლეულზე დამზადებული ბუშტების ფერად ნაკრებზე ფეხებით აღმა და თავით დაღმა ფაქიზად გამობანტული მიშა (ა ლა „ოლიმპიურის მიშკა“) ყურებიდან შადრევნის ფრქვევით და ისტერიული ხვიხვინით.
     
    ჰო, მერე რომ არ თქვათ, – არ ვიცოდითო! მაგ ცერემონიაზე გამოცხადება უკვე დაგინებულია და დანარჩენი "ახერმოძის" ბელადის "მომლოცველთა" გადასაწყვეტია.
     
    ჯერ–ჯერობით კი მიშას და მისი ადმინისტრაციის უფროსს თავი კოშმარულ სიზმარში ჰგონიათ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს – რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 27 ოქტომბრამდე 20–დე ვაკანსია გამოაცხადა.
    არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ჩანს, ავლაბრის იმ ცოდვილ სასახლეში. მაგათი თბილი ბუდიდან გამოყვანას ვინ ჩივის, სიზმრიდან და ბურანიდან გამოყვანა იქნება ერთი მიჭირხნული სპეც–ოპერაცია...
     
    რაღა დაგიმალოთ და, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ „თავებს“ რომ შევადარე, ამ ჩვენმა უთავბოლომ უსამა ბენ ლადენის და ჯორჯ ბუშ უმცროსის თავზე დადებულ ფსონს რეკორდული დოზით გადააჭარბა. 2 მილიარდი ძალიან დიდი ციფრია,იმისთვის, რომ პუტინის და ივანიშვილის უნაღდო ანგარიშსწორების ზღაპარი დაიჯერო კი არა, შვილიშვილებს მოუყვე. დაგვცინებენ...
     
    არადა, სად გინდა წაიყვანო გამოსაზამთრებლად? ვითომ მატროსოვზეო, მაგრამ, იქაც მოგვჭრის ეგ თავს და იქაც დაგვცინებენ...
     
    თუმცა გასული კვირა მიხეილს უქმად არ დაუკარგავს. ტრადიციულად გაიტრიტა და გიგიც მიიტყიპა თუ გაილახაო... ფაქტია, გიგის თვითკმაყოფილი გამომეტყველება აშკარად შეილახა, მითუფრო ნიცის მისადგომებთან კეზერას გასკვანჩვის შემდეგ.
    გასულ კვირას მიშა უახლოეს სამეზობლოში მხარდამჭერების შეგროვებით იყო დაკავებული და უხვად გასცემდა თავისი სახელმწიფოს მოქალაქეობას პასპორტებიანად..
    რა იცი, რა, სად და როგორ გაუჭირდეს „ახერმოძ“–ს...
     
    ბოროტებას ნაციონალობა არ აქვსო. ბოროტებას აქვს კვალიფიკაცია და ახლა მაგათ დანაშაულებრივ ქმედებებს რა ჩამოთვლის?
    ინფანტილურად მომღიმარი ბაქრაძე, ნაციონალთა „იმედი“ სტატუსით, აქტიურად დაიარებოდა რეგიონებში და აურის გასაწმენდ პროცედურებს იტარებდა გამომლოცველ–დამლოცველ ბებოებთან..
    აბა დაპირებით ვის რას დაპირდებოდა, თავისთვის რა აქვს რო? რაც მე ეგ მახსოვს, სულ სატელეფონო ბალანსის შევსებას იხვეწება...
    ამიტომ, ამომრჩეველს უხვად პირდება მთავრობის კონტროლს...
     
    ბურჯანაძემ, – მარგველაშვილი ვერ მიიღებს არათუ 60%-ს, არამედ პირველ ტურში გასასვლელ ხმებსაც კიო. კარგით ახლა, ქალბატონო ნინო! ასე ხუმრობაც არ ვარგა. პირველი ადგილის ბედი უკვე გადაწყვეტილია და თქვენ მეორე ადგილისთვის არავინ გეცილებათ, კი ბატონო, მოგვაშორეთ ქართული რეალობიდან და დაგვისამარეთ საბოლოოდ „ნაციონალები“, მაგაში ვინ შეგიშლით ხელს? პირიქით, გვერდშიც დაგიდგებით, შეგაქებთ და შემდეგი ცდისთვის მეტი სტიმულიც გექნებათ.
     
    მარგველაშვილმა, – ზოგიერთებს, „კლიჩკებს“ არ დავასახელებ, მთლად ამნეზიაც ნუ დაემართებათ და გაიხსენონ, რას აკეთებდნენ ერთი წლის წინო.
    არ მოიქცა ამ შემთხვევაში სწორად, როცა თავისი პროტექტორის მსგავსად, მკაცრი შეფასება გააკეთა, იმიტომ რომ, ეს ამნეზია თავის თავზე მერე იმდენმა მიიღო...
    ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებისთვის, მარგველაშვილისგან მოსვენების მოლოდინში, გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილისგან მილიარდ ლარს ითხოვს – არ ვიცი თარგამაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში როგორ მოაგვარებს ქვეყნის ბიუჯეტის უზრუნვეყოფის საკითხს, მაგრამ საკუთარი ბიუჯეტის უზრუნველყოფისთვის რომ ექსკლუზიური და აპრობირებული მეთოდები აქვს, ცხადია.
    მარგველასი რა მიკვირს, აგერ მეც ვეცადე, მაგრამ მაინც წამომცდა "საყვედური"...
    ვერ ვისწავლე ჭკუა და ეტიკეტი - მიცვალებულზე რომ ან კარგი უნდა თქვა და ან არაფერი...
    ჰოდა, ახლა ძალიან მოვინდომებ და შალიკოზე არაფერს ვიტყვი. მაინც ყველას მაგივრად თვითონ ლაპარაკობს და რატომ ჩავეზიარო ამ კრიზისის დროს... ვაიდა, "მღვდელი სახლში აღმოჩნდეს'...
     
    ივანიშვილმა, ვილნიუსის სამიტზე წავალ თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვსო. რა ეზარება ამ კაცს სახლიდან გასვლა, დიდი „დომოსედია“ ეტყობა და „ნასტალგია“ მალე იპყრობს, რაც მის განსაკუთრებულ პატრიოტიზმზე მეტყველებს..
    ხუმრობა იქით იყოს და არ ვარგა ხალხო უმადურობა. დღეს რომ ვინმეს ივანიშვილის უსაქმურობაზე, გადამგდებობაზე , უპასუხისმგებლობაზე და უამრავ უ–ზე ენა მოუბრუნდება, კი უნდა დატოვო უ–ების გარემოცვაში ყოველგვარი შემდგომი ჩაკითხვების გარეშე...
     
    საკრებულოს უფროსმა შიხიაშვილმა ავარიული სახლები მოინახულაო. მაგ სახლებს მარტო მონახულება რომ შველოდეს...
     
    შემოდგომა 2013 დიდი წარმატებით მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბითო. ყველაფერი უხვად მოვიწიეთო. გვჯერა ბატონო! თუ ტყუილია და ალალი გლეხის ენა და გული დიდხანს საიდუმოს ვერ ინახავს. მაგრამ სანამ მაგ ბარაქას ყველა გამრჯე ქართველის ოჯახის საკუჭნაოში არ ვნახავთ, იქამდე არაფერი მოიწიოთ ბატონებო!
     
    ამ ყველაფრის ფონზე, მაინც გაურკვეველია, რატომ გვაქვს ქვეყანაში აგრარულ სექტორში პრობლემები? როცა ჯერ კიდევ ნაციონალური ეპოქიდან, საპარლამენტო მამაქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს მეთესლეობის სახაზინო საწარმო „ბოსტანჯიშთესლი“ სახელად „შოთა.“
    დიდი ოხერი რამაა ეს ქვეცნობიერი, თორემ აბა ასეთ სერიოზულ სახელმწიფო მოხელეს სიტყვა სექსი თავში როგორ უნდა მოსვლოდა, მითუმეტეს პირზე მოდგომოდა და უფრო მეტიც, წამოცდენოდა? შეჭამეს ამდენი კითხვებით. როგორ ყველას უნდა ეფეროს და სათითაოდ უხსნას კაცო! ხოდა მერე მოდი და არკვიე, იმ დროს ეს უშეღავათოდ გადაღლილი ადამიანი, შეღავათებზე ფიქრობდა, აგრონომიაზე თუ სექსზე?
    შეღავათიან აგრო სექსს კვირის ბოლოს დაემატება უშეღავათო პოლიტ–სექსი და რაღაცა გამოვა ალბათ...
    და, ვიდრე რაღაც გამოვა, ერთ უადგილო კითხვას მეც დავუსვამ ფინანსთა მინისტრს უშეღავათოდ და უსამართლოდ საქმიანობააკრძალული საბაჟო ბროკერების ანგარიშიდან – რა პრინციპით ინიშნება საბაჟოში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე ცნობილი ნაციონალი საბაჟო ბროკერის, გაგა ლეგაშვილის კომპანია „გრინლაინში“ გამოზრდილი კადრები?
     
    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ ზემო აფხაზეთს სახელი უნდა შეიცვალოს, რადგან "ის ხელოვნურია და რეალურად კოდორის ხეობაა". გადამრევს ეს ყოლბაია! ნათლიობა რომ იკისრა, ხომ არ ავიწყდება, ჯერ მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი რომაა, თუმცა, რამხელა ამბიციებით.
    გაიგეთ ხალხო! სახელების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,არც საზღვრები და არც რეალობა.
     
    ვანო–ბატონი ისევ შეუძლოდ გამხდარა და მისი და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო. სამაგიეროდ, იმ პროცესზე ხალხი ვანოს გარეშეც მშვენივრად გაერთო. ჩვენების მიცემისას ერთ-ერთ მოწმეს დაცვის მხარემ ე. წ. “შპარგალკა” აღმოუჩინა.
    მოწმე ბორის ჩოფლიანი, მაგარი ტიპი ჩანს – ხელში რამდენიმე ფურცელი ეჭირა და სავარაუდო პასუხები “მარკერით” ქონდა მონიშნულიო. არადა ეს ჩოფლიანი ფინანსთა სამინისტროს იურიდული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს სპეციალისტია. მაგრამ სპეციალისტებსაც შეიძლება არ უვარგოდეთ მეხსიერება, რა შუაშია აქ შპარგალკა? ოხ, ხადური!
    უმნიშვნელოვანესი მოვლენა თანამედროვე ქართულ კულტურაში – ქუთაისში, კოსტავას ქუჩა #25–ში მდებარე სასტუმრო „ლიას“ შენობა, რომელსაც „ლიაიას ბორდელად“ მოიხსენიებენ, მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. ძეგლის რა გითხრათ და მაგ შენობაში დასაქმებულ პირებს ალბათ ექნებათ ისტორიაში შესვლის პროფესიული საფუძველი.
    არჩევნების კვირა მოგვადგა კარს და ჩვენ ამ „ციგნობაში“ ვერც კი შევნიშნეთ როგორ გავცვალეთ ჭეშმარიტება რეიტინგებზე..
     
    ვიღაცას ალბათ, სრული ბედნიერებისთვის, დაბალი ღობე, ცარცი და სიტყვის თავისუფლება სჭირდება.
     
    ისე, ჩვენში დარჩეს და, დიდების ქაფქაფა ტალღებში ნებივრობისასაც კი იხრჩობა ხალხი...
     
    პოლიტიკოსი, როგორც ჩანს , არაა საჭირო იყოს ძალიან ჭკვიანი, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსები კარგად ხედავენ, მათ წინაშე არსებული უამრავი ამოცანიდან უმრავლესობა ამოხსნას არ ექვემდებარება.
    იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან ზოგიერთები, რატომ მიდის ივანიშვილი ნოემბრის ბოლოს პოლიტიკური თანამდებობიდან...
     
    მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი ასეთია – დილით და დღისით სინათლეა, საღამოს და ღამით – სიბნელე...
     
    აბა ჰე! სასეირო კვირიდან სასესიო კვირამდე...
     
     
    კატო ჩულაშვილი
     
    "ქრონიკა+' 22.10. 2013
  21. katya
    ამ მასალის დაწყებას სხვაგვარად ვაპირებდი, რომ არა, ჯერ კიდევ ჩვენი პრეზიდენტის ერთი ცხელ–ცხელი ფრაზა – „ ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს "გარაჟში."
    ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა სააკაშვილს ვეთანხმები, გმირები ავტო- ფარეხებში არ უნდა ცხოვრობდნენ. გმირებს, ზოგადად, ომის ვეტერანებს, სხვაგარად აფასებენ თავმოყვარე ქვეყანაში. გმირთან ყველა ვალშია, რადგან ის ჩვენი სიმშვიდისთვის და მიწისთვის რისკავს ყველაზე შეუფასებელს – სიცოცხლეს.
    სააკაშვილი კი ის შეთხვევაა, რომელმაც შექმნა „საკუთარი გმირები“, ხოლო ყველა დანარჩენი ცამ ჩაყლაპა, უმადურობამ თუ ისტორიამ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. არადა, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, უმეტესობის ყოფას მხოლოდ სიტყვა "არსებობა" შეეფერება, მაგრამ ისინი არიან მეომრები, ნამდვილი მეომრები და ცხოვრების უსამართლობასაც ისეთივე შემართებით ებრძვიან, როგორც მტერს. უკვე 21–ე წელია დაიარებიან გახსნილი ჭრილობებით – დაღუპული მეგობრების ხსოვნით, წაგებული ომის ტრაგედით, ღალატის ტკივილით და რევანშის სურვილით. მათი მთავარი საფიქრალი – დაბრუნება...
    ახლა კი ის, რამაც ეს ყველაფერი დამაწერინა:
    27 სექტემბერი ახლოვდება და ახლა ბევრი იწერება აფხაზეთზე, სოხუმის დაცემაზე, შეცდომებზე, პიროვნულ და ეროვნულ ტრაგედიებზე.
    ჰო, სექტემბერში ყველას გვახსენდება აფხაზეთი.
    რამდენიმე დღის წინ ერთმა მეგობარმა სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „ეეეჰ ... 27 სექტემბერი ახლოვდება ... ისევ ტრაგიკულ ნოტაზე ... 20 წლის წინ მტერთან გმირები ვიყავით წაგების მიუხედავად, ... ახლა ჩასვრილი ცვედანები ვართ ნაცებს გადარჩენილები ... შვილიშვილს რა პასუხი გავცე ...“ ამ სიტყვების ავტორზე შემდეგ ნომერში გიამბობთ, ამჯერად სხვა მეომრის ისტორიას გთავაზობთ, რომლის შესახებაც მისგან გავიგე შემთხვევით, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გამოქვეყნებული ქართველი ვეტერანის ფოტო გააპროტესტა – „ვეტერანი და ნამდვილი მეომარი მოწყალებას არასოდეს მოითხოვს, თავის ლუკმა პურს თავად იშოვნისო“... და მაგალითად ჩვენი დღევანდელი გმირი დაასახელა. გმირად მისი მოხსენიება უბრალოდ სიტყვის მასალა არაა. მისი ნახვა და გაცნობა ნებისმიერს შეგიძლიათ ქალაქის ცენტრში, მშრალ ხიდზე. მას ყველა იცნობს, ნებისმიერს ჰკითხეთ „გენერალი“ და მასთან პირადად მიგაცილებენ...
    აფხაზეთის ომში "პაპას" უძახდნენ თამაზ ფინთურიას. ამ ომში ბევრი „პაპა“ იყო თითქმის იდენტური ისტორიით. ის ერთ–ერთი მათგანია – შვილი გაისტუმრა ომში და გაგრის დაცემის შემდეგ თავადაც მოხალისედ წავიდა.
    პირველივე შემხვედრს ვკითხე, „გენერალზე“. ისე გაოცებულმა მკითხა, – თამაზს ეძებო? რაის გენერალია ეგ, ლოთიაო! ოღონდ "ლოთი" ისეთი სითბოთი თქვა, მივხვდი, ვიღაც კარგი ტიპი უნდა მენახა.
    15 ნაბიჯში "გამცილებელმა" იმდენი შეძლო, მივხვდი, ამაყობდა, რომ "გენერალთან" მივყავდი... – კარგი კაცია თამაზი. მაგის ბიჭის დაკრძალვაზე დავით თევზაძეც იყო მოსული, დაფასებული კაციაო...
    ჰოდა, ვისხედით მე და ის "დაფასებული კაცი" დედა ენის სკვერში დიდხანს. მიატოვა თავისი სავაჭრო ადგილი და მიყვებოდა ომზე. აშკარად დავღალე, კიდევ კარგი, წვიმამ დასცხო...
    –წაი ახლა ბიძიკო, თორემ გამიცივდები აქ შენ და მერე ვის ეყვარება სამშობლოო? – თან თვალი ჩამიპაჭუნა...
    ჩვენი დიალოგის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ამ ხალხს წაგებულ ომზე საუბარი არ უყვარს. მომავალ, მოსაგებზე კი ერთნაირად უბრწყინდებათ თვალები.

    – თამაზ ბატონო, ოჩამჩირიდან ყარყარაშვილს გამოყევით?
    – კი.ღამე იყო, ბოლო გამოვედით.– ანუ იმ 300 კაცში იყავით?
    – კი, ცოტანი ვიყავით. ტექნიკა და ხალხი გამოგვყავდა სამშვიდობის. იქ ბევრი დარჩა, მეომრებს ვგულისხმობ..
    – რატომ? განხეთქილება იყო გვარდიაში?
    – არა. განხეთქილება არ ყოფილა. ალბათ უფრო გაურკვევლობა იყო.
    – ცუდი რამაა ომში გაურკვევლობა. რთული გზა იყო არა კოდორის გზა?
    – ახლაც ყურში მიდგას ქალების , ბავშვების ხმა, როგორ წვალობდნენ. ჩვენს თავს ვინ ჩიოდა.
    – ომში როგორ მოხვდით?
    – მოხალისედ წავედი, ჩემი შვილი მსახურობდა იქ. გაგრა რომ დაეცა, ხელში იყო დაჭრილი. რა მომასვენებდა სახლში. მონადირე კაცი ვარ, იარაღთან ახლოს ვარ. იარაღის ჭერა მე ვასწავლე. გადაირია, სად მოდიხარო? თავიდან სოხუმში მოვხვდი, იქამდე თბილისის ზღვაზე გავიარეთ ერთთვიანი მომზადება.
    – ერთად იბრძოდით?
    – ბრიგადა ერთი იყო, მაგრამ სხვადასხვა ბატალიონში ვიყავით. ის შავნაბადაში იყო.
    – ორივე მამა–შვილი ცოცხალი გამოხვედით.
    – კი, ომიდან ცოცხლები დავბრუნდით,მაგრამ, მაინც მომასწრო ცხოვრებამ მის სიკვდილს.
    – ყარყარაშვლი გამოსვლისას მოლაპარაკებებს ვინმესთან აწარმოებდა?
    – მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან. იმ პერიოდში ეგ იყო ჩვენი ამოცანა – ხალხი გამოგვეყვანა.
    – ოჩამჩირიდან გამოსვლის ბრძანება მოულოდნელი იყო?
    – რა თქმა უნდა.. ზოგიერთები თავისი ინიციატივით დარჩნენ იქ. ბოლო შეტაკებისას რუსებმა თანამედროვე აღჭურვილობა გვანახეს. ისეთი დამცავი აღჭურვილობა ქონდათ, საგონებელში ვიყავით. მერე ბიჭებს ვურჩიე, მუცლის ქვევით დასცხეთ მეთქი... დავცხეთ და გამოგვივიდა...
     
    – ყარყარაშვილი უმკაცრესი იყო წესების დამრღვევ მებრძოლებთან. ჩვენთანაც ხდებოდა მაიმუნობები.
    – რა მაიმუნობა? წამალი?
    – არა, რა წამალი, მოროდიორობაზე ძალიან სიმკაცრე იყო.
    – ბევრმა მითხრა, ალაფი ომის წესიაო, თუმცა ეს ძნელი გასაგებია. თქვენ, მეომრებს, ხელფასს არ გიხდიდნენ მაშინ ხო?
    – მოხალისეებს არა.
    – მიტოვებულ ოჯახებს როგორ ინახავდით? კვება და ტანსაცმელი მაინც თუ გქონდათ საკმარისი?
    – იარაღით სახელმწიფო გვამარაგებდა, კვებას ადგილობრივი გამგებლები უზრუნველყოფდნენ.
    – აბა რომ ამბობდნენ, ხალხს სახლებში უვარდებოდნენ საჭმლისთვის გვარდიელებიო?
    – ვინ ამბობს მაგას?
    – რა ვიცი, ამბობენ.
    – ტყუილია ეგ, ალბათ ერთეული შემთხვევა თუ იქნებოდა გვარდიაში, ისიც ქუჩაში ან ტყეში თუ გადააწყდებოდნენ რამეს – ქათამს, ღორს...ყარყარაშვილის ბრძანება იყო, არ გაბედოთ, არ წაბილწოთ სახლებიო. მსგავსი ინფორმაცია პირდაპირ მასთან მიდიოდა და ტყავს აძრობდა. იყო შემთხვევები, მერე ვინც ამ ბრძანებას არ ემორჩილებოდა და ბრაზდებოდა, მხედრიონში გადადიოდნენ.
    – ანუ იქ არ იყო ისეთი წესრიგი?
    – ომი კარგი ტესტია, უცებ გამოჩნდება, ვინ რისთვისაა იქ წასული. თავზე რომ გადაგივლის პირველი ტყვია, მაშინ ხვდები ან თვითონ ვინ ხარ, ან გვერდით მდგომი ვინაა?
    – ოჩამჩირეში რომ ზვიადისტები იყვნენ, მაგათთან კონფლიქტები იყო?
    – კი, იარაღს და სურსათს გვართმევდნენ, ქალებსაც კი ჩხრეკდნენ. ხუნტის ლეკვები ხართო, ჩაგვაბარეთ იარაღიო.
    – მშვიდობიანი მოსახლეობის და დევნილის დაწიოკება სად გაგონილა? მასეთ სიტუაციაში ხომ ნებისმიერის ოჯახი და ახლობელი შეიძლება აღმოჩნდეს. მე 10 წლის უნახავი მამიდა ვნახე სოხუმის დაცვის დროს. იქ დარჩა და არ ვიცი რა ბედი ეწია.
    – წარმოშობით საიდან ბრძანდებით?
    – სენაკიდან. დაზვერვაში იმიტომ მოვხვდი, მეგრულად ვლაპარაკობდი კარგად. შევდიოდი აფხაზების მხარეს და საჭირო ინფორმაცია გამომქონდა.
    – პირველად რომ ისროლეთ და მოკალით ადამიანი, რა შეგრძნება იყო?
    – რომ გითხრა გადასარევიო, დამიჯერებ? ინსტინქტია მანდ პირველი, დაასწრებ თუ დაგასწრებს. ან შენ და ან ის.
    – ითვლის მეომარი თავის მსხვერპლს?
    – როცა ალყაში ხარ, მაშინ ითვლი. მერე ანალიზს უკეთებ...
    – სოხუმის დაცვაში მონაწილეობდით?
    – ბოლო წუთამდე.
    – რამდენხანს მიდიოდა ბრძოლები?
    – ერთი კვირა ალყაში ვიყავით.
    – თქვენი მეგობარი ბევრი დაიღუპა იქ?
    – აქ რომ ჩამოვედით, ნახევარზე მეტი ვეღარ ვიპოვეთ. მერე მოვიდა ინფორმაცია, რომ დარჩნენო. ტყვედ ჩავარდნენ... აღარ გვინახავს მერე.
    – ყველაზე მძიმე ბრძოლა რომელი იყო?
    – რუსებთან ყველა ურთულესი იყო.
    – იყო პერიოდები, როცა არ ომობდით,, მაგ პერიოდში რაზე ფიქრობს მებრძოლი.
    – მაგ დროსაც ვერ დუნდები, გადარჩენის ინსტინქტი მუდმივად ფხიზლად გამყოფებს.
    – ჰო, ტყვია ლატარიაა...
    – ბევრს შეუცვალა ფსიქიკა ომმა.
    – დაჭრილი იყავით?
    – კონტუზია მქონდა, 5 მეტრში აფეთქდა ნაღმი. ტალღამ მისროლა.
    – რამდენი შვილი გყავდათ, როცა წახვედით?
    – 6. ერთი ქალიშვილი, მერე შეგვეძინა.
    – ცოლი როგორ ეგუებოდა ქმარ–შვილის ომს?
    – თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი და ისიც იქაურ მომარაგებაზე და საქმეებზე დავრბოდით. ბრძანება იყო მთავრობის, მეომრების ოჯახებს დახმარებოდნენ პროდუქტებით. მეზობლების სალაპარაკო გახდა მაშინ ეგ ამბავიც. ომში წასვლისას გოგო არ მყავდა. 6 ბიჭი მყავდა მარტო.
    – შვილიშვილი რამდენი გყავთ?
    – 4.
    – გიმრავლოთ! როცა იქიდან ბრუნდებოდით, რა შეგრძნება იყო? გქონდათ იმედი, რომ მალე დაბრუნდებოდით?
    – კი, ყველა მაგას ვფიქრობდით. ვინ ფიქრობდა, რომ ასე გაიწელებოდა ეს დრო? რა მოილაპარაკეს შევარდნაძემ და მისმა ელიტამ, რა ვიცი... მის კისერზეა ამდენი ადამიანის სისხლი და უბედურება. სოხუმში მისი ყოფნის დროს ერთ დღეს ვიცავდი მას და მეტს ვერ გავუძელი, სხვას გადავაბარე.
    – შარტავას ამბავზე რა იცით?
    – ბატალიონი დარჩა მასთან ერთად.
    – მისი გადარჩენის შანსი ხომ არ იყო, რატომ არ გამოვიდა?
    – დარჩა იმიტო, რომ პარტიზანული ბრძოლა გაეგრძელებინა მერე, მაგრამ გაყიდეს.
    – იქ ხომ შარტავას ყველა იცნობდა? რა გაყიდვა უნდოდა? ვინ დატოვებდა ცოცხალს?
    – რა ვიცი, ბევრი ვერსიაა მაგაზე. ერთი კაცი გადარჩა მაგის გარემოცვიდან.
    – უცნაური ამბავია ეგეც, უცნაური და საშინელი.
    – ქართველი თუ გყავთ მოკლული?
    – ხშირად იყო იქ გარჩევები, ბრძანებას რომ არ ემორჩილებოდნენ. ფეხებში მაქვს ნასროლი ასეთებისთვის. ამიტომ ხშირად ამბობდნენ – პაპა ჯალათია და არ ინდობს არავისო. ჩემი ბიჭის ძმაკაცი დავჭერი ფეხებში.
    – რამდენის იყავით მაშინ?
    – 45–ის.
    – და მაინც პაპას გეძახდნენ?
    – კი, ყველაზე უფროსი ვიყავი ბატალიონში.
    – 21 წელი გავიდა უკვე. ახლა რას ფიქრობთ? რომ მოხდეს ისევ და ომი გახდეს საჭირო, ისევ წახვალთ?
    – ეგ ისეთი ბოღმაა, რომ არ გასვენებს ვიდრე ცოცხალი ხარ. თვალს არ დავახამხამებ, ისე წავალ.
    – შვილებს გაუშვებთ?
    – ვინ მკითხავს მე მაგას? ომის დროინდელი „ამუნაცია“ შენახული მაქვს ცელოფანში, დაუთოვებული და თავის დროს ელის.
    – სპეციალობით ვინ ბრძანდებით?
    – ინჟინერი. აქაც რადიოელექტრონიკის ნაწილებს ვყიდი, ვიცი ეგ საქმე.
    – ომის მერე არსად გიმუშავიათ?
    – როგორ არა, ესაა ჩემი სამუშაო.
    – ეს ხომ თვითდასაქმებით ოჯახის რჩენაა?
    – კი მაგრამ სხვა გზა რომ არაა?
    – ვეტერანის პენსია გაქვთ?
    – ახლა დაგვინიშნეს, მაგრამ ჯერ არ ამიღია. გილაურმა ხომ გაგვიუქმა ვეტერანებს ყველაფერი...
    – ახლა რამდენი დაგენიშნებათ პენსია?
    – 200 ლარამდე ალბათ.
    – აგვისტოს ომში თუ დაგიძახეს?
    – კი, მაგრამ არ წავედი. ბევრი არ წავიდა ჩვენი დროის.
    – რატომ? ეს თქვენი ომი არ იყო?
    – ალბათ.
    – ომი ხშირად გახსენებთ თავს?
    – ომმა არ იცის დავიწყება... ახალჩამოსული რომ ვიყავი, ისეთი კოშმარები მესიზმრებოდა, კინაღამ ცოლი მოვკალი ლოგინში. სანამ ცივი წყალი არ დამასხეს, გონს ვერ მოვედი.
    – ბევრი მეგობარი დაკარგეთ?
    – კი. სულ ვიკრიბებით სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით გადარჩენილები. ახლაც შევიკრიბებით.
    – ფრონტელი მეგობარი რას ნიშნავს?
    – ეს სულ სხვა რამეა... მაგას ბოლომდე უნდა ენდო, ისე ვერ იომებ.
    – ღალატი ყოფილა თქვენს გვერდით?
    – არ ვიცი ეს ღალატი იყო თუ შიში. არ მინდა ხოლმე ასეთი რამის გახსენება.
    – ქალები იყვნენ თქვენს ბატალიონში?
    – კი. მაგენი „ვეზუჩები“ არიან ჩვენზე...
    – სხვადასხვა თაობა იყავით იქ, ერთად იბრძოდით. თაობებს შორის დამოკიდებულება როგორია ომში? არის ახალგაზრდების მიმართ უფრო მეტი მოფრთხილების მომენტი, თუნდაც გამოუცდელობის გამო?
    – ცხოვრებისეული გამოცდილება მიმაგრებდა ზურგს.მამა–შვილური ურთიერთობები იქაც არის, სადილი უნდა მოუმზადო ბიჭებს, ოთახი მოუწესრიგო. ელემენტარულია.დაზვერვაში რომ მივდიოდით, წინასწარ არკვევდნენ პაპა საით მიდისო. უყვარდათ ჩემთან ერთად წამოსვლა.იცოდნენ რომ მომზადებული თბილი ოთახი და ზრუნვა ექნებოდათ.
    – შესაძლებელია აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნება? ჩემი აზრით, ვიდრე იქ რუსეთის ინტერესი იქნება, ვერ მოვიგებთ ამ ომს.
    – რას მეუბნები, რა ომს ვერ მოვიგებთ? ახლა ისეთი ბიჭები არიან, სად იყო ჩვენ დროს ან მასეთი მომზადებული ხალხი და ან მასეთი შეიარაღება? ახალი ტეხნარები ვნახე პოლიგონზე. ჯობია საქართველომ ეს იარაღი არ გამოიყენოს. თუ დაიძაბა სიტუაცია, ომში წასვლას ჩვენისთანებს ვერავინ დაგვასწრებს. დავბრუნდებით ჩვენ, ვარიანტი არაა...12 წლის შვილიშვილი მყავს, გამოაღებს ჩემს სამხედრო ფორმას, აღჭურვილობას, გაანიავებს, ეფერება, მერე ჩხუბობენ ძმები ერთმანეთში – ვინ ჩაალაგებს..
     
    პ.ს.
    „პაპას“ გაცნობის მერე ომის ხასიათზე დავდექი... იმათ ვუცხადებ ომს, ვინც ასეთი გენერლები მშრალ ხიდზე გამოსვა და წვრილშვილის პატრონებს იქ ნავაჭრი კაპიკებით რომ არჩენინებს თავს 20 წელია..
    იქნებ, არ ვართ ჩვენ ნამდვილი გმირების ღირსები?
    არადა, ომებს გმირები იგებენ...
    კატო ჩულაშვილი
  22. katya
    პოლიტიკა ისტორიის უნიფორმააო ამბობენ. ისტორია ქმნის სტილს, მოდას, ხოლო მოდა, თავის მხრივ, პოლიტიკური სარჩულების კერვითაა დაკავებული.
    ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად კი, ფერიცვალება დღეს, სულაც არ მეხალისება პოლიტიკაზე ფიქრი და მის ოღრო-ჩოღროებში კირკიმალობა, მაგრამ სხვა გზა რომ არაა?
    რატომღაც, ამ ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკის გარდა სხვა არც არაფერი ხდება. ანდა, უბრალოდ საჭიროა ასე - ყველაფერი პოლიტიკის ნაწილად აღვიქვათ.
    ვისთვისაა საჭირო და რა მიზნით, ეგ კითხვები სხვაგან გადაამისამართეთ. ანალიტიკოსები და მრჩევლები “გვერდითა ეზოში” ცხოვრობენ. მათ ცხოვრებასა ჩვენს არსებობას შორის კი მსუყე ხარისხობრივი მაჩვენებელია „მოკავშირე“.
    იმ მეზობელ ეზოში კარგად მოეხსენებათ, რომ ნაცრისფერი დღევანდელობის გასაფერადებლად ნათელ მომავალზე ოცნება არაა მთლად კეთილსინდისიერი თამაშის წესი, მაგრამ „ფიარ-ფლეის“ მწვანე მინდორზე შეეშვნენ და ცხოვრებაში ვის რაში სჭირდება?
    ერთი კია, საზოგადოებრივი აზრი ინკვიზიციის კოცონს გავს და მასზე ყოველთვის მოიძებნება თბილი ადგილი ერეტიკოსისთვის.
    ინკვიზიციაზე და კოცონზე გამახსენდა - სამეფო კი არა და საპარლამენტო კარის ინტრიგები ახალ ძალებს იკრებს ჩვენში. უმრავლესობა უმცირესობის გამოცდილებას დახარბდა და საკუთარ ტყავზე, თავსა და ყბაზე სურს გამოსცადოს ყველა ის ნეტარება, რაც ამ „ხლართვომანიას“ ახლავს.
    ასეა, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტებში, ზოგადად, შედეგზე ორიენტირებული საზოგადოება იყრის თავს და მერე, უსაქმურობისგან, ერთმანეთისთვის „ინტელექტუალური ნაკელის“ შეყრითაა დაკავებული. ნაკელს კი, ბიოლოგიური შემადგენლობის განურჩევლად, სასუქად და სათბობად იყენებენ... დაეტყოთ კიდეც კანის ფერზე, წონასა და მიხვრა-მოხვრაზე...
     
    რას მოვაყოლე ეს „პრელუდია“ და, ამასწინათ, მარტვილშისაპარლამენტოუმრავლესობისლიდერის, პატივცემული საგანელიძისფიტული რომ დაწვეს, ბატონ ბიძინასთან წაუწუწუნია, არავინ არაა ჩემი დამცველი და გულშემატკივარიო... ბიძინას თავისებური საავტორო იუმორით ილიასთან ნულოვანი მსგავსების გამო გაუქილიკებია „ მისი უმრავლესობა“. მაგ ამბებში კი, არც მეტი და არც ნაკლები, ზაქარია ქუცნაშვილის ხელი ურევიაო, კულუარებში უბნობენ.
    ისე, მაგ კაი კაცსაც, ანუ, „ერის ბიძას“, „ერის მამის“ შესაძლებლობებზე თუ ჰქონდა გათვლილი საკუთარი უმრავლესობის ლიდერის უნარ-ჩვევები, მინიმუმ, წვერ-ულვაშიანი და მრგვალ პირისახიანი ტიპაჟი უნდა მოენახა, ლიბერალური განწყობით. წვერი კი ვისაც ჰქონდა, იმასაც არ გაუჩერეს სახეზე. მტრები გყავთ კოალიციის შიგნით! მტრები!
     
    უმრავლესობის შემადგენლობას თუ ასე ფიზიოლოგიურად ჩავუღრმავდებით, ცხელი კვალი აუცილებლად ხადურამდე მიგვიყვანს, მაგრამ ხადურს ასეთი „სისულელეებისთვის“ არ სცალია, ჯერ კადრები ჰყავს გადასამზადებელი, კოდექსები გადასახედი, ბიუჯეტი შესავსები და საარსებო მინიმუმი „გასაპრავებელი“. ამიტომ, მოუწევს მარგველაშვილს ფიტულდანაცრული საგანელიძის „დაშტაბული“ კამპანიის იმედად ყოფნა.
    პრინციპში, იმედად რატომ? სხვა რა საქმე აქვს? ირბინოს აღმა-დაღმა და იფილოსოფოსოს. აზროვნებით და ამ ნააზრალის გადმოცემით ჭამდა აქამდე პურს და, წესით, არ გაუჭირდება. თან ისეთ კამპანიას უჩანს პირი, 9 წლის მანძილზე ნაცების ხელში რომ ამართლებდა და აქ რაღა ღმერთი გაუწყრება?
    თუმცა, უნდა აღვნიშნოთ – ახალი დეტალი იყო კანდიდატის საზოგადოებაში გამოჩენა ძაღლით! ჩანაფიქრი – „ კულტურული შოკი“ თუ უბრალოდ, სახლში დამტოვებელი არავინ ჰყავდა? ასეა გენაცვალე, თავისუფალი კი არა და „უოჯახო „ კაცის საქმე...
    ვხუმრობ, რა თქმა უნდა, თორემ, მასე ყველაზე კოლორიტული და ტრადიციული საპრეზიდენტო კანდიდატის ცნობილი ატრიბუტი - ჩიბუხი, თან დაყვება კი არა, სულ წინ უსწრებს თავის პატრონს. რა ქნას ამ ქართლოსმაც? ღარიბაშვილია - შერლოკ-ჰოლმსობა არ გამოუვიდა და პრეზიდენტობაც არ ცადოს, მამაძაღლი? თან ხომ იცით ეს პროცესი როგორ სიამოვნებას ანიჭებს. ადვილი კი არაა პრეზიდენტობის მარადიული კანდიდატობა.
    ჰოდა, იმას ვამბობდი - რაში აწყობს ქუცნაშვილს საგანელიძის აურისა და იმიჯის ნგრევა, არაა ეგ „უბრალოთა“ გასარჩევი. შედეგი მაინც არ იქნება ჩვენისთანებზე გათვლილი და მიტომ. სამაგიეროდ, ყოვლისმცოდნე მრჩეველი ჩვენი პრემიერისა, ხუხაშვილი აკეთებს საზოგადოებაზე გათვლილ განცხადებებს და კვლავ გვაგდებს საოცნებო მომავლის მოლოდინის რეჟიმში, ანუ იმ დროში, როცა აღარც მიშა იქნება და აღარც გია ე.წ. „ქართულ პოლიტიკაში“.
    თუ ხუხას დავუჯერებთ, პრემიერს გადავასწრებ პოლიტიკის ღობეზე გადახტომასო, მაგრამ “ეროვნულების” ლიდერსანდრობრეგვაძეს არ სჯერა მაგის არცერთი სიტყვის.
    არაა ეგ პოლიტიკიდან წამსვლელიო, ფერზე მოვიდა, ფეხი აიდგა, უარის თქმა ისწავლა, ერთი ვერაფრით გასუქდაო...
    კრიტიკულის ზღვარზე მყოფი წონა , მაგარი ალიბი აქვს ხუხაშვილს - არავის სჯერა, რომ მას შეიძლება ფული, თანაც დიდი ფული ჰქონდეს. შეიძლება, ფული არ აქვს, მაგრამ ჯანსაღად იკვებება - გავლენის სფეროები კი არ ასუქებს.
    ბრეგაძეს რომ ჰკითხო, გალფიც მაგისია, რკინიგზის განძელებიც, ფოსტის მტრედებიც და უამრავი ხილული და უხილავი.
    ასეთი რა კონტრაქტი და ვის მიერაა დადებული ამ ღვთის პირიდან გადავარდნილთან?
     
    გასულ კვირას მუქარის პოსტი „აუფრინა“ ჟურნალისტმა ირმაინაშვილმა პრემიერმინისტრისმრჩეველკოკაყანდიაშვილს. სულ „ახალიხელისუფლების “პიარ-გენიოსი” უძახა.
    „… 9 წელივიბრძოდიდაშენ 9 წელიბუჩქებშიიჯექი. ხანკუბაშიდახანუკრაინაში. მერაცმებადა, ყველაფერიგავყიდედაამბრძოლასშევწირე... რაცშემეძლო, რაცმებადა, ყველაფერიშევალიედასააკაშვილისდამხობაშიჩემიწვლილიშევიტანე... მტრობაროგორუნდა, გაჩვენებ. სხვებისთვისსამაგალითოდდაგსჯი. 12 აგვისტოდანყურადღებითუყურე ( შენიაზრით, არარეიტინგულ) “ობიექტივს” -ო.
    ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ ყველა ბედნიერად იგრძნობს თავს, ვისაც არაფერი აქვს წარსულიდან წამოსაძახებელი და ასეთებს (თუ არსებობთ) გულითადად გილოცავთ, ბატონებო...
    როგორც იქნა, გადავაგორეთ თბილისის პირველი უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. ახალი რექტორი ვლადიმერ პაპავა მშვიდობიანი პროგრესის მომხრეა და უნივერსიტეტის კედლების შიგნით დარჩენილებს შეუძლიათ, მოდუნდნენ. - რევოლუცია უმაღლესი განათლების სისტემაში დამანგრეველიაო, - ასე თქვა ახლად არჩეულმა რექტორმა. სავარაუდოდ, აკადემიური პერსონალი არსებული კონტრაქტების მიხედვით გააგრძელებს საქმიანობას. საკონკურსო კომისიები კი მაღალკვალიფიციური პროფესორებით დაკომპლექტდებაო. ანუ, მაინც მოუწევთ ვიღაც-ვიღაცეებს ერთი პირი ბარიკადები და მარსელიოზას ღიღინი თუნდაც ორ ხმაში.
    გაიგებდით ალბათ, შუაგულ ევროპაში, ნიცას აეროპორტში „ორმა პოლიტიკოსმა“ რომ „გვასახელა“. მართალი გითხრათ, რა ნიშან-თვისებების მიხედვით დასახელდა ირაკლი ოქრუაშვილი და მერაბ სამადაშვილი პოლიტიკოსად, ეგ სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, არის ხალხი, რომლებიც მათაც და კიდევ ვიღაც-ვიღაცეებს, პოლიტიკოსად მიიჩნევს. მათი გათვლებით, მინიმუმ, ზურაბ ზვიადაურიც პოლიტიკოსია და გოგა ხაჩიძეც.
    მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ძალიან ნდობით აღჭურვილმა თეო ტლაშაძემ ინფორმაცია გაავრცელა, საპრეზიდენტო კანდიდატობაზე მოფიქრალს რომ ეკადრება. ოქრუაშვილმა სამადაშვილს პოლიტიკური ნიშნით სცემაო. არადა მეორე მხარე ამტკიცებს, არავის ვუცემივარო. საინტერესო კია, თუ ეს ცემა-ტყეპა მართლა გაიმართა, იქაურმა პოლიციამ რის საფუძველზე გამოუშვა „ხულიგანი“ ოქრუაშვილი 2 საათში? „კაცურად გაუგო?“
    ვალიკო! არ გვინდა რა ბინოკლი... ბოლოს შეიძლება ის ჭაღიც არ გამოდგეს ვენეციური ბროლის და „ტეხავს“...
    გასაგებია, რომ უფროსებს ზოგჯერ პატარებზე მეტად გვჭირდება ზღაპრები, ოღონდ, იმდენად მომაბეზრებელია უკვე ერთი და იგივე წრეზე ერთი და იგივე ხალხის ერთი და იგივე მოძრაობები, რომ გვეპატიება, თუ თვალი და ყური რაღაც სიახლისკენ გაგვექცა.
    მაგალითად სიახლე?
    ნათქვამია, ზღვის შესახებ ბევრს ვერაფერს მოყვები, თუ მის ფსკერზე ნამყოფი არ ხარო. ჰოდა, ა ბატონო - იმ ფსკერიდან ამოღებული სრულიად ახალი „მარგალიტი“ - იუნა შაფათავა. „როდესაც მე დეკოლტეს ჩავიცმევ, ლამაზ კაბაში გავიპრანჭები და ისე გავესაუბრები ამომრჩეველს, თქვენ ფიქრობთ, რომ მეყოლება კონკურენტი?“ მგონი, არც ისე შორსაა ეს კანდიდატი რეალობისგან...
    ასეა რა - მოატყუებ ადამიანს და კარგავ ნდობას. სიმართლეს ეტყვი და თვითონ იმ ადამიანს კარგავ.
    „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მეთაური და პრეზიდენტობის კანდიდატი მთლად ერთსქესიანი ქორწინების იმედად კი არაა დარჩენილი? ალბათ კიდევ რაღაც უფრო მნიშვნელოვანის და ცხოვრებისეულის იმედად, თორემ ქორწინება რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე დამყარებული ერთობაა, დანარჩენმა ქართველებმაც კარგად ვიცით.
    „ტრადიციონალისტთა კავშირის “ თავმჯდომარე აკაკი ასათიანი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პირველი პრეზიდენტის მიმართ გამოჩენილი არასათანადო ერთგულების გამოვლინებები არ ასვენებს მაგას პერიოდულად და თავს ვალდებულად თვლის, გაწიროს თავი ამ პოსტისთვის. თანაც, 25 წელი უფიქრია და ახლა ზუსტად იცის ახალი სახელმწიფოს მშენებლობის რეცეპტი.
    კაკოსი რა გიკვირთ? ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, პირდაპირ პრეზიდენტობა გადაწყვიტა. „აქტიურ პოლიტიკაში ჩართვით, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ ქვეყნის მომავალზე და გამოვდივარ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივითო. სულ მისი დამსახურება ყოფილა 2012 წლის წარმატებული არჩევნები.. ისე, თუ მის მეტყველებას დაუკვირდებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემოკლებულ ვარიანტს დარღვევით ამბობს და პროგრამას როგორ მოწესრიგებულად წარმოადგენს, ეგაა საინტერესო. პროცედურულად საჭირო 25 თუ 27 ათასი ამომრჩევლის ხმა ნამდვილად არ გაუჭირდება ხარატიშვილს - კომისიის ბაზები და მათი ჯანი... ჰო, კიდევ, მადლობას უნდა მოხდა, ხოლო გადახდა უნდა ვალს - ამხანაგო ხარატიშვილო! ხარატიშვილს იმისაც „სჯერავს“, რომ შეძლებს ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას... და იყვნენ ნეტარნი „მორწმუნენი“...
    პრინციპში, რა მოხდა ისეთი? პრეზიდენტობის კიდევ ერთი ცნობადი კანდიდატი დიდი ხანია, აქტიურ პოლიტიკაშია და მაინც ვერ გადაეჩვია სიტყვა „თითეულზე“ თიტების აყოლებას და ისევ მწარედ ერევა ერთმანეთში ცივილური და ცივილიზებული.
    კანდიდატებს, რჩევის სახით, შემიძლია გითხრათ, რომ ახალი ცოდვები ძველი სინდისის ქენჯნის გასანეიტრალებლად უებარი საშუალებაა...
    ირაკლი ალასანიამ რჩევა პატრიარქს კითხაო. თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტად კენჭისყრა თუ გადაწყვიტა, მაგ ამბავს 7 სექტემბრამდე გავიგებთ.
    მაგასაც და კიდევ სხვასაც. ვინ იცის, კიდევ რამდენს აეხილება თვალი იქამდე საკუთარ შესაძლებლობებზე.
    იმდენი ფოტო გამოიყარა საარქივო სკივრებიდან და მუთაქებიდან, ეგება და მიგვეღო კანონი, კორექტურაში შემჩნეული პოლიტიკოსების აქტიური პოლიტიკიდან წასვლის ვალდებულებაზე. ისეთ თბილ და ამაჩუყებელ კადრებსაც გადააწყდებით, კოაბიტაციის კი არა და რეალური თანაცხოვრების, ვერანაირი ფარული ჩანაწერების ძალა რომ ვერ გადაფარავს.
    ჰო, მართლა, რახან გადაწყვეტილებებზე ჩამოვარდა საუბარი, შევუთვალოთ რუსებს ან აფხაზებს - ეგებ, სწრაფად გადაიბირონ ტელე წამყვანი სიჭინავა მიმზიდველი ჰონორარის დახმარებით. მხოლოდ გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ მის პერსონაზე ყოფილა დამოკიდებული აფხაზეთში დაბრუნება...
    საიმედო ის შემიძლია გითხრათ, რომ ზუგდიდის ადგილობრივი ბიუჯეტი წარმატებით ივსება კახა მიქაიას ხულიგნობის ხარჯზე.
    მოუთმენლად ველით ბაჩო ახალაიას თავისუფლებას კანონის ფარგლებში.
    რაღა დაგიმალოთ და, „დავითურგნე“, როგორც წინა და ამჯერად ცხონებული „პირველი ლედი“ იტყოდა...
    ფერიცვალების პერსპექტივით მიეძალეთ ყველა ფერს. ჯერ-ჯერობით ისევ თვითმომსახურებაა გამფერადებლების „ფრონტზე“.
    კატო ჩულაშვილი, „ქრონიკა+“ #18
  23. katya
    საიდან დავიწყო და რა ვთქვა?..
    ისე ვარ, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხის“ ბოლო კადრში რომ მარიტას ბებიაა, დამუნჯებული, ოღონდ პირიქით... პირიქით, ანუ – მის მაგივრად „შეთეს დედა“ უნდა წარმოვიდგინოთ... ბავშვობიდან მაღიზიანებდა ეგ ტიპაჟი, ტყაპუჭში გამოწყობილ ბოროტ გველს მაგონებდა. ბოროტს იმიტომ, რომ კეთილი გველებიც არსებობენ...
    ჰო, მართლა! – გველიო! ოფისშიო!.. ისე უკვირთ, არ სცხვენიათ.მაგრად ვიხალისებდი, რომელიღაცა მოქმედი სერიალის „ბუსუსიან სიუჟეტს“ რომ არ მაგონებდეს. შეძრომის მიზეზი მაგ ოფისის არქიტექტორს მოკითხონ – როკის გვირაბს რომ გავს. ნახა ხვრელი იმ პატიოსანმა არსებამ და შეძვრა... აქაც უკუღმა გამოვიდა ყველაფერი, აქამდე გველის ხვრელიდან ამოყვანის მეთოდოლოგიას ვფლობდით, ახლა მისი ხვრელში შეძრომის მიზეზებს ვიკვლევთ.
    სიტუაციის ასე შემობრუნებას, საბჭოთა კინემატოგრაფში „ბედის ირონია“ ერქვა.
    ანუ, იცი, რომ ვიღაც უნდა გაფრინდეს და, უცებ, შენ აღმოჩნდები ჰაერში.
    ერთი სიტყვით და ორმაგი გაგებით, ქვეყანაში დამსხვრეული სტერეოტიპების კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს.
    რა ყოფილა ეს სოციალური ქსელები?! რა სიურპრიზი დაგხვდება კედელზე, არავინ იცის. 26 მაისს თუ ბაჩო და ვანო მომილოცავდნენ, ამას ოცნებაშიც კი ვერ დავუშვებდი... მაგრამ, როგორც ვხვდები, ამიერიდან ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად...
    კამერის კოლეგებმა ბაჩომ და ვანომ კამერულად მოგვილოცეს დამოუკიდებლობის დღე. კომუნიკაციის ახალი ფორმები მკვიდრდება. მგონი მეორე უკიდურესობის დემოკრატიასა და საჯაროობაში გადავიჩეხეთ, ანდა, ვიღაც–ვიღაცეების, კვერცხის ბიზნესმა ერთიანად საფოსტო მტრედები დაჩეკა. ეგეც შემოსავლიანი ბიზნესი უნდა ჩანდეს, ეხუმრებით, რამდენი გვყავს ჯერ სადაც ჯერ არს იქ ჩასალოცი და მერე მომლოცველი? კარგია, კარგი! ქვეყანა გვაქვს ასაყვავებელი, ჰოდა ყვავებსაც მაგიტომ იჭერენ. რათ უნდა ამას აქსიომები და კალკულატორი? თვითონ უკეთესად არ იციან, რამდენი მართებთ ბიუჯეტის?
    აბა თუ მიხვდებით, რა განსხვავებაა „ცნობილ სახეებსა“ და „ცნობად სახეებს“ შორის?
    არა, მართლა იცვლება მგონი რაღაც ამ ქვეყანაში... ცნობილი ისაა, ვისაც იცნობენ და ცნობადი, ვინც იბრალებს, რომ იცნობენ, მაგრამ ეს „სახე“ რომ ამოვიღოთ ამ კონტექსტში ხმარებიდან, რაიმე სირთულეს წარმოადგენს? თუ მარტო სახეა ნაცნობი, იმ ყბადაღებული თავის და ტანის ამბავისა არ იყოს...
    მატროსოვის ქუჩას კი ეკუთვნის მაგ „ცნობადი სახეების“ ერთი შემეცნებითი გალერეა...
    ვინმეს, ე მანდ, თეთრი და ფუმფულა არ ვეგონოო, ამბობს ბარაკა და დაუფიქრებლად იჯერებ... ჯარი არცერთ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს არ უნდა ეკუთვნოდესო, ამბობს მიშა და ვერ იჯერებ...
    ან როგორ უნდა დაიჯერო, როცა თავისი ქვეყნის პრემიერთან სადღესასწაულო ვახშამს მაგ ტიპს ლეზერნიკის ბაზაზე "რეგიონალური სარდლობა, სამხრეთ დასავლეთის" მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერთან საზეიმო სადილი ურჩევნია?
    „ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამშობლოში არ დაესწრება. ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ავღანეთში იმყოფება.“ –ისევ პოსტ–ფაქტუმ გვამცნო პრეზიდენტის „სამომავლო გეგმები“ მისმა ადმინისტრაციამ. რა იცის ამ „კაცმა“ ეს უგზო–უკვლო ხეტიალი, ან დაიბაროს სად მიდის, ან წინასწარ გაგვაგებინოს. ჯერ კიდევ პრეზიდენტია ბოლოს და ბოლოს და რაღაც პასუხისმგებლობა ისევ გვრჩება ძალაში მაგის მიმართ. რომ დაიკარგოს, ხომ უნდა ვიცოდეთ, სად და ვისთან მოვიკითხოთ?
    არადა, ეგეც და გიგიც პრემიერმა ოფიციალურად მიიწვია, მაგრამ, მიშამ მე ავღანური ქათმის ფლავი მირჩევნია ბატონო, ხაშხაშის ნორჩი ყლორტებითო და გიგიმ, ჩემი სახელობის დიეტაზე ვარო! დაჭერამდე უნდა მოვასწრო რამდენიმე კილოგრამის დაგდება, ცოტა წესიერი, სანდომიანი და არამუქთამჭამელი მერის ჰაბიტუსი რო მქონდესო. ვერ გაამტყუნებ...
    26 მაისი არანაციონალურად, მაგრამ ეროვნულად აღინიშნა. ყველა ქალაქში ქუჩებში გამოფენილი სამხედრო ტექნიკა სულაც არ იწვევდა შიშს პატარებშიც კი.რა გაგიხდათ ერთი გიგანტური ხაჭაპური ან ქაბაბი, „ნაცების“ სალაპარაკო რომ გახდით „ქოცები“?
    "გალუმპული ალასიანიაც იდგა 70 ჯარისკაცით, ასეთი საოცარი ღონიძიება 26 მაისს თვით შევარდნაძის დროსაც არ მინახავს, მაშინაც კი რაღაცას წვალობდნენ და ქვიშასავით ლაშქარი რომ ჩაივლიდა, იმას მაინც გვაყურებინებდნენ", - ასე „დაპოსტა“ „უმცირესმა“ დეპუტატმა დავით საყვარელიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
    საყვარელიძე კი ცდილობს, ხაჩიძესთან გატოლებას, მაგრამ მის იუმორთან კარგახანს ვერ მივა. ჯერ, როგორც მინიმუმ, გარემოში უნდა გაერკვეს, მერე ცოტა ხანს დაიცვას. მთავარი მაინც ის ოხერი სმენა და რიტმის გრძნობაა... ველოსიპედის ტარება მაინც თუ იცის, კიდევ აქვს შანსი...აი ქალი რომ იყოს. თვალების ხამხამს შეწყვეტდა, მერე მესამე ცდაზე ისტერიულად აჟივჟივდებოდა და ეგაა – ჩიორა 2–ც მზადაა. გადარჩენილია, რომ უმრავლესობაში არაა, თორემ ანი მიროტაძის სტატიკას საყვარელიძე კი არა, ბაცო ვერ გაქაჩავს, თავისი უძრავი მიმიკით...
    რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველი ხალხისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ქართული ეკლესია აღმოჩნდა.– მაპატიოს ნოვოდვორსკაიას „შეუბღალავმა რეუტაციამ“, მაგრამ, როცა ის საქართველოზე საუბარს იწყებს, თანაც მენტორის ტონით, მისთვის უნებურად პირში ბოლოკის ჩაჩრა მინდება.
    საქართველოს საკუთარმა ეკლესიამ უღალატაო... საკუთარ კირილს მიხედე ვალია!
    ჰომოსექსუალიზმის ეროვნულ ტრადიციებზე ალაპარაკდა ირაკლი კაკაბაძე.
    "ჩვენ ჩვენი ტრადიცია გვაქვს: კინტოების, ჰომოსექსუალობის საკუთარი ტრადიცია. ასე მგონია, რომ ერთ-ერთი პირველი ლესბოსელი ერი ჩვენ ვართო. ჩემი გონივრული ეჭვით კი, მგონია, რომ მიმდინარე კვირა „ირაკლი კაკაბაძის კვირა“ იქნება პატრიოტული და ტრადიციული მოკითხვის ამბავში...
    საოცარი გარდატეხა მოხდა გასულ კვირას პტივცემული სოსო ცინცაძის ცნობიერებაში, მან რადიკალურად შეიცვალა აზრები, პოლიტიკური კურსი და შესაძლოა, ორბიტაც. ისეთი რამეები თქვა, მგონი საკუთარი ყურებიც კი არ უჯერებდნენ. მაგალითად: »ერის განადგურებას და გენოციდს მირჩევნია რუსული კურსი...ამას პირველად ვამბობ ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ევროპა პედერაზმის პრობლემას უძლებს, მაგრამ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ამას ვერ გაუძლებს. თუ ასე წავა პროცესები, მე ვერ მოვესწრები, მაგრამ 20-30 წლის შემდეგ მწარმოებელი, ნამდვილი ბავშვის დამბადებელი მამაკაცები თითზე ჩამოსათვლელები იქნებიან. მთელი ერი რომ გავპედერასტდეთ, ნატოში ახლო მომავალში მაინც არავინ მიგვიღებს, თუ ვინმეს ამის იმედი აქვს. აქ სხვა რაღაცაა საჭირო, პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობის დალაგება»–ო! ასე თქვა ზუსტად.
    არც თქვენ გჯერათ ხომ? ჰოდა მიიწვევს თუ არა ამის შემდეგ მას ასევე პატივცემული და „ყველაზე გულწრფელი საქართველოში“ – ბატონი დავით აქუბარდია, ახლა ეგაა გასარკვევი.
    სოსო, ვგონებ, იმ თავის ერთადერთ ტრიბუნასაც კარგავს...
    ადამიანურ და პირად ურთიერთობებში აშკარად პროგრესი გვაქვს – „ცნობადი სახეები“ ცნობილ მეუღლეებს „ მეგობრებად“ მოიხსენიებენ. ეს ნოუ–ჰაუ ამ დღეებში თაკო სალაყაია–მერაბიშვილისას ეკუთვნის, თუმცა, კვირის ბოლოს „ოჯახური მეგობრობის ტენდენცია“ პრეზიდენტის ოჯახმა უფრო გაამყარა და გაათვალსაჩინოვა. მართალია ჩვენი „მარშალი!“
    აბა რა უნდა ცოლს „ფრონტის ხაზზე?“ ბრძოლაში მეგობარი იცნობა, იწრთობა და იგრძნობა. „ოცნების“ პირველი ლედობის კანდიდატის და მისი ოჯახის წევრის ურთიერთობაც მეგობრობით დაიწყო და ხომ ხედავთ, რა პერსპექტივაში ჩაცვივდნენ?
    ისევ ოჯახურ თემას გავაგრძელებ და, გასულ კვირას თინა ხიდაშელის ნაწყენი კალიგრაფიით დაწერილმა კომენტარმა დამაფიქრა: "თუ ბიძინას რესპუბლიკელები არ უნდა, საკმარისი რაოდენობის დეპუტაცია ყავს, რომ დათო პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს''.
    ვაიდა, მართლა ეწყინოს თინას რამე?! ხომ დაგვეშალა სულ „კო“–თი და „ტაციათი“ ნაშენები პარლამენტი?!
    გასულ კვირას ყველაზე სახალისო მაინც ის იყო, ექს–განათლების მინისტრმა ბათუმის ამერიკულ უნივერსიტეტს „ ჩვენი (ანუ ნაცების) აუსრულებელი ოცნებების სიმბოლო“ უწოდა.
    P.S.
    ერთი სიტყვით, იმისთვის რომ სარფიანად გაეყარო ვინმეს, ჯერ წარმატებული ქორწინება უნდა შედგეს.
    ყველაზე ხმამაღლა თავის აზრს ხშირად ისინი გამოთქვამენ, ვისაც საერთოდ არ აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება.
    ცხოვრება კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა. სიკეთე იმარჯვებს და ამიტომაც არსებობს ცხოვრება.
    ადამიანი არაადამიანისგან სულის ჭაში წყლის მოცულობით განსხვავდება.
    ზოგჯერ, ლოთებს, ტოლერანტობის ფარგლებში, არშემდგარ ტალანტებად მოიხსენიებენ...
    უკანონობას ზოგჯერ კანონი იცავს.
    ღმერთი და სატანა იქნებ ერთი მედლის ორი მხარეა?
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+" #6
  24. katya
    ყავა შემოგველიაო, გაგვიცივდაო, დაგვიძველდაო...
    რაღაც ყველაფერი ერთად და ცალ–ცალკე ალბათ...ავირიე... სიცხის ბრალი არაა, ალბათ უფრო სიცხადის...
     
    2 დღის წინ "მუსკომედიასთან" მეგობარს ველოდებოდი. 24–ე სკოლასთან შუახნის მამაკაცი და მის მხარზე მიყრდნობილი , დაქანცული უსაყვარლესი 10–12 წლის გოგონა შევნიშნე. მამაკაცს მუყაოზე კუსტარულად გაკეთებული ფოტო–კოლაჟი ქონდა მუხლებზე ჩამოდებული. ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა, გადავედი. ახალი არაფერი – მამა–შვილი ავადმყოფი ქალბატონის მკურნალობისთვის დახმარებას ითხოვდა. გამვლელები მიდი – მოდიოდნენ, წამიერად ჩერდებოდნენ, ოხრავდნენ ან ინფანტილურ მიმიკას „კერავდნენ“ ... ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი თბილისური დრო, დღე, რეაქცია და სიტუაცია...
    საფულე მოვიქექე, 2 ცალი რკინის ორლარიანის გარდა არაფერი იყო, გამოლაპარაკებაც მომერიდა... მერე გამახსენდა, ნიკასთვის ნაყიდი „სნიკერსი “ რომ მედო ჩანთაში. უხერხულად გავუწოდე პატარას. იმანაც უხერხულად მიპასუხა – არ მშიაო!
    –გშია! იყო მამის პასუხი. გოგონამ შოკოლადი გამომართვა. ბოდიშის მეტი, ვერაფერი მოვახერხე. სასწრაფოდ გაცლა მომინდა... ქუჩის მეორე მხარეს მეგობარი მანქანიდან აკვირდებოდა ჩემს უაზრო ბოდიალს... ისე ჩავჯექი, არაფერი უკითხავს.
    ხასიათგაფუჭებულმა დაძრა მანქანა, ერთი ის გავიგონე, როგორ მითხრა – გამოუსწორებელი გიჟი ხარო!
    ალბათ ვარ...
    არც თქვენ იქნებით ნაკლები გიჟები, თუ წლების შემდეგ ამ გოგონას ბავშვობის მოგონებებს წარმოიდგენთ, რომელსაც ჩემი მიცემული სნიკერსი, ვერაფრით გაატკბილებს...
    ბავშვის აღზრდა ადამიანობის ოკეანეში ცურვის სწავლას გავს. პრობლემა ისაა, რომ, დრო და დრო, არც ისე იშვიათად, ჩვენგან „განსწავლულებს“ სიავის და უხამსობის ჭაობში ჩაყურყუტებაც მოუწევთ...
    უკვე ვიცი, რომ ადამიანად დარჩენას არაადამიანური ძალა ჭირდება...
    ხორცი სამყაროსთან მიმართებაში, მაინც "მალფუჭადი პროდუქტია." დრო ყველაფრის მკურნალიაო ... ჰო, გვამებს ტკივილები აღარ აწუხებთ...
    მაგრამ გვამამდე ?..
    ზოგჯერ გინდა და მიდიხარ ყველასგან შორს. მარტოობაშიც ზოგჯერ არის საშველი. გადის დრო და ხვდები, რომ ასე წყვეტ სიცოცხლეს, მხოლოდ არსებობ სადღაც, თითქოს შენთვის და არავისთვის. მერე გიბრუნდება სურვილი დაბრუნების და ცხოვრების თავიდან დაწყების – პირველი ჩასუნთქული ყლუპი ჟანგბადით და ამოსუნთქული კივილით...
    ბანალური ფრაზები ბანალური პროლოგით და ეპილოგით - სადღაც, ოდესმე, ვინმესთან, როგორღაც, რაღაც გამოვა...
    „რაღაცას“ ყველა თავის სახელს არქმევს, „რაღაცის“ ყველას საკუთარი განზომილება გვაქვს – სტაჟის, დამსახურების და გემოვნების მიხედვით.
    2 კვირის წინ ვიყავი იქ, სადაც, ალბათ, ყველაზე ადვილად პოულობენ სულს, რადგან სხეულისგან მხოლოდ ალაგ–ალაგ შერჩენილი ნაკუწებია...
    მას შემდეგ ვცდილობ ამაზე დავწერო, მაგრამ, ვიწყებ და ვერ ვასრულებ.
    რა არის ეს, სიბერის და მარტოობის შიში? და აბა რა უნდა თქვან მარტოხელებმა?..
    ჯერ მედიცინას არ გამოუგონია მიქსტურა „ბებრული მარტოობისგან“.
    ვიღაცას ბეზრდები, ვიღაცისთვის პრობლემა ხარ, ვიღაცისთვის ზედმეტი...
    და ერთ „მშვენიერ“ დღეს თუ აღმოაჩენ, რომ ეს „ვიღაც“ საკუთარი შვილია, მერე?
    რა ხდება მერე?
    ის რაც ხდება მერე, ვნახე სწორედ იქ, თბილისის გარეუბანში, დიდი დიღმის ერთ მყუდრო ადგილას. ამ შენობის კრიალა ფანჯრებიდან მხოლოდ სიმწვანე ჩანს, ფიქრებით და მოგონებებით გაჭაღარავებული სიმწვანე. ალბათ ზამთარში იქ უფრო მეტი მარტოობაა.
    გამიჭირდება იქ მისვლა ზამთარში.
     
    ახლა ზაფხულია. ფართო და მყუდრო ეზოში ვარდის ბუჩქები ყვავიან. ბუჩქებზეც კი ყვავილადქცეული სამი დროა – კოკრები, ბოლომდე გაშლილი და გამომწვევი, ჭკნობაშერეული და მიმალული.
     
    „აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი,რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდნი,შემწყნარებელნი..“
     
    საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობას აქვს შედეგის ალბათობა. სიბერეს ვერ გაექცევი, პლასტიკური ქირურგიის, სულის ყვავილობის და გარდერობის მიუხედავად.
     
    მიყვარს სამთაობიანი ოჯახები. სხვა სითბოა იქ. დედა და მამა ყოველთვის მკაცრობენ, ბებიები და პაპები ადვოკატებისა და უფლებების დამცველის მანტიაში და პოზაში. საყვარლები, ბუზღუნები და პრეტენზიულები – ტექსტით – აი ჩვენს დროს.... და იწყება!!!
    ასეთ შემთხვევაში არსებობს რეაგირების 2 ვარიანტი – თბილი ღიმილი, ან უფრო თბილი ირონია – რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!..
    ჩემი უახლოესი ადამიანი ჯერ კიდევ შუა ხნის ასაკში გახდა ოჯახისთვის ზედმეტი. საკუთარი სახლიდან შვილის ოჯახს გარიდებულმა, კარგახანს იცხოვრა მარტომ –მეგობრის ბინაში. მერე მეგობარს ბინა დასჭირდა და ისევ შვილმა „შეიფარა“ იძულების წესით. ამბის მოყოლისას უნებურად წამოცდა – როცა გოგოების(ანუ შვილიშვილების) მეგობრები მოდიან, მე საძინებელში შევდივარ და აღარ გამოვდივარო, ხშირად მშიერიც ვიძინებო...
    შვილები ფეხზე დააყენეთ? დარწმუნებული ხართ რომ ისევ თქვენს ფეხებს ან ნაფეხურებს არ ტკეპნიან?
    ესეც ჩემი ნაქები სამთაობიანი „ტკბილი ოჯახი“...
    ასეთ დროს, ალბათ ისევ იმ გარიყულ მყუდროებაში უკეთესია... იქ, სადაც ყველა ერთი განრიგით ცხოვრობს, ერთნაირი დღის რეჟიმით, განსხვავებული წარსულით და ისტორიებით. „წინა ცხოვრებიდან“ გადმოყოლილი შეგრძნებებით...
    თუმცა, უკვე უარის თქმა უხდებათ საჭმელზე,რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდათ, ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულსაც იშვიათად განიცდიან. თუმცა, იმ მიკრო–სამყაროშიც მიდის კონკურენცია პირველობისთვის, სასურველობისთვის. იქაც ქალბატონების სიჭარბეა და მათი ყურადღებით შეღონებული მამაკაცები იქაც იბნევიან და ოხრავენ... ოხრავენ უძლურებისგან, დაჩლუნგებული გრძნობებით იბრძვიან მოდუნებული კუნთების წინააღმდეგ.
    დაუპატიჟებლად მოსული ტკივილი, განსაკუთრებით ღამღამობით, ხშირად ხანგრძლივი და საშინელი – ეს მწარე სინამდვილეა.
    მოხუცთა სახლი „ბეთელი“ – რა უნდა გამხსენებოდა ამ შენობის დერეფეანში მიმავალს? რა თქმა უნდა ჰესეს „ჭაღაროსნები“..
    43 მოხუცი აქ მარადიულობაში გარდასახვას ელის. შეგუება გიყურებს მათი თვალებიდან. ყველას თავისი ოთახი აქვს, ყველა თავისი ოთახიდან აკონტროლებს პერიმეტრს, ჰორიზონტს, შენობაში მიმსვლელ–მომსვლელთა ნაბიჯების ხმას.
    „სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყო სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას თან მოაქვს, უნდა უთხრა: „დიახ“. ამ „დიახის“ (დასტურის) მზადყოფნის გარეშე, რომ მივეცეთ მას,რასაც ჩვენგან ბუნება ითხოვს, ჩვენ _ მოხუცები ვართ თუ ახალგაზრდები _ ვკარგავთ ჩვენს დღეთა ფასეულობასა (მნიშვნელობას) და აზრს და სიცოცხლეს ვატყუებთ.
    ...მზერა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო მეტად გადადის ჩვევაში და განწყობილება და დამკვირვებლის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს საქციელს...“ (ჰერმან ჰესე, "სიბერე")
     
    ადამიანი ბერდება არა მაშინ, როცა წლებს მიითვლის ანგარიშზე, არამედ მაშინ, როცა სიახლის, აღფრთოვანების, ცხოვრების სიყვარულის შეგრძნებას კარგავსო, სადღაც წამიკითხავს.
    სიბერე მაშინაა საგრძნობი, როცა აზრები მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან...
    ისე, სკლეროზსაც აქვს თავისი ხიბლი – ყველაფერი გავიწყდება და მერე ყველაფერი სიახლე და აღმოჩენა გგონია...
     
    ასაკში სულ უფრო ნაკლებად ჩნდება ურთიერთობების გარკვევის სურვილი. უბრალოდ გინდა ყველას უსურვო კარგად ყოფნა და წახვიდე...
    დღეს ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს სცხვენიათ იმის, რომ ისევ იმის სცხვენიათ, რისიც ადრე სცხვენოდათ და მე მიყვარს ასეთები...
    ალბათ ყველაზე ცუდი გრძნობაა, როცა გრძნობ, რომ გივიწყებენ იმიტომ, რომ შენგან არავის აღარაფერი უნდა...
    ზოგადად, ყველაზე დიდხანს ისინი ახსოვთ, ვინც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ივიწყებდა.
     
    სიბერის გემოც და მარტოობის სუნიც მოგონებების სანელებლებით იკმაზება.
    მიყვარს დარიჩინის, დამწვარი კარამელის, „ტაბლეტა“ ნაფტალინის, ნატეხ შაქარზე დაწვეთებული კატაბალახას, ჭიისგან გამოფქული კედრის ბუფეტის, მუყაოზე დაწებებული შეყვითლებული ფოტოების, მზეზე გამშრალი გახამებული და ღრაჭუნა თეთრეულის, კაკაოიანი გოგლი–მოგლივით ერთმანეთში გათქვეფილი სუნი...
     
    ყველაზე უკეთ მაშინ კი არ ხვდები, რომ გაიზარდე, როცა დედის რჩევას ყურს აღარ უგდებ, მაშინ, როცა ხვდები, რომ დედა მართალი იყო...
     
    ღმერთო! გადაურჩინე იმ მამასჩახუტებულ გოგონას დედა!..
    და ჰქონდეს თუნდაც მწარე შოკოლადის გემო მის სიბერეს მარტოობაში...
    ყავამშვიდობისა...
     
    კატო ჩულაშვილი
  25. katya
    მერე ვიღაც იკითხავს, რატომ გაწყდნენ ჩვენში გუგულებიო?!
    იკითხავს, თან არც შერცხვება... მეტიც! ამის მკითხველმა, შეიძლება, არც გვაციოს, არც გვაცხელოს და პირდაპირ პრეზიდენტობის კანდიდატების მსურველებში ჩაეწეროს.
    სია, იცოცხლე, იმხელაა, ფურცლის მეორე მხარეს გადავიდნენ უკვე. ამდენი “მოხალისე” თუ იყო საქართველოში, ვინ იფიქრებდა?!. მაგრამ ყირგიზებმა მაინც გვაჯობეს – იქ 83 ჰყოლიათ ეგეთი. თუმცა, ყირგიზები ამომრჩევლებითაც ჩვენზე მეტნიც არიან კაცო...
    ერთი სიტყვით და ორი გაგებით, აღარ არსებობს თვითშეფასების ტრადიციული სტანდარტები და „მარადიული ღირებულებები.“ ცივილიზაციის შეუბრალებელ პროცესს ყველაფერი მარტივ სტატისტიკამდე დაჰყავს და სტატისტიკა რაცაა – კი ვიცით...
     
    ამინდიც კი მოხალისე გაგვიხდა. ამ ჩვენს იდილიურ კლიმატურ სარტყელში, დღისით–მზისით და ღამით–მთვარით, სეზონები ისე მიდი–მოდიან, ზაფხულს ნამდვილად ვეტო დაადო იმ ჩვენმა შეჩვენებულმა, ხოლო საპარლამენტო მძლეველებმა ამის შესახებ არაფერი იციან, ან ძიძიგურმა გიგის საპირწონედ გაასაღა იმპიჩმენტთან.
    ისე, რა ბრძანეთ ეს ბატონო ზვიად?! იმ პარლამენტშინაცვამ ჩოხას გაფიცებთ!? იარაღით მუქარის ქვეშ ნათქვამივით მოგვესმა (იარაღსაც გააჩნია, რა თქმა უნდა)... გიგი ყოფილა ხალხის რჩეული, მისი ჭირიმე! არა, მე რატომ ? გიგის ჭირი – მის ამომრჩევლებს..
     
    ეგ კიდევ არაფერი... პატარა კახივით ხმალამოღებული რომ დისტანციურად "ეკვეთა" პარლამენტარებს ეს ჩვენი პრემიერ–მინისტრი – " მაჟორიტარ ფეოდალებს" წარბი აუწკიპა და ჯერ–ჯერობით მარტო საჩვენებელი თითი უქნია, დედა, რა იყო ეს!
    არ მოეწონა ეგ ამბავი მაჟორიტარ ჯაჭვლიანს. შეიძლება არც სხვებს მოეწონათ, მაგრამ ხმამაღლა მან გამოხატა. სვანია მაინც და უნდა გავუგოთ... მერე იყო და, იმ ჩვენმა პრემიერმა, პირველი მოსმენით მიღებული კანონ–პროექტის გამო, კინაღამ აწყენინა პარლამენტის თავმჯდომარეს. – რას სჩადიხართ! ვინ გაიგონა კერძო ბიზნესში ხელების ფათურიო? ვინ დაგავალათ და მეტი საქმე არ გაქვთ თქვენ მანდო?
    ეგება და პატივცემულმა ხუხაშვილმა მოკრძალებულად გაბედოს და შეახსენოს მისი რჩევის ობიექტს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მაგ ბიზნესით და ზოგადად უბიზნესობით დაზარალებულმა საზოგადოებამ აირჩია და არა წინა ხელისუფლების მორჩილმა ბიზნესმა, მას რომ უსიტყვოდ ემორცილებოდნენ და ახლა დაზარალებულად თავს იკატუნებენ. დიახ პატივცემულებო! „ოცნება“ ანუ დღევანდელი ხელისუფლება, იმ საზოგადოებამ აირჩია, ახლა ბანკები აფერისტებად, ყაჩაღებად და შარლატანებად რომ ნათლავენ. აირჩია, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებისგან დანგრეულ ეკონომიკაში ამ ხალხის საბიზნესე კი არა, საარსებო ადგილიც აღარ დატოვეს. რა პოლიტიკაც ჰქონდათ, ის იყო ბიზნესიც – ყველაფერი ჩვენ, ხალხი – აიტანს!... ანუ სუნთქვის უფლება მხოლოდ „რჩეულთა“ და „ბრალიანთათვის“...
    მოკლედ, ბიზნესი „დაგვეჩაგრა“ ძალიან.. საბანკო სფერო მითუმეტეს, დარჩა წყალწაღებული და განუვითარებელი. არადა, რაც მაგათ თვალწინ წყალმა ჩაიარა და იმ წყალმა კიდევ რამდენის თავი და ტანი, უძრავი და მოძრავი ჩამოატარა...
    გასულ კვირასაც დავრჩით ასე გაღიმებულები ჯერ–ჯერობით, გედეონ (სიყვარულით – გოდო) ფოფხაძის ხორცშეუსხმელი იდეების მოლოდინში.
    „ბანკირი ბანკირის ტყავს არ დახევსო, თქვა შალიკომ და ჰა! არადა რამდენი პრეტენზიები ჰქონდა ნოდარ ჯავახიშვილს ქართული ბანკების მიმართ ჩამოწერილი, ლამის საპრეზიდენტო კანდიდატების სიისოდენა... მაგანაც სადღაც მიაკარგა ალბათ... გულმავიწყობა დაგვღუპავს ჩვენ და ააშენებს ბანკირებს. დასხდნენ მერე წრეზე და ითამაშონ შაში. ამასობაში ზოგიერთი დამკაშიც გავა...
     
    როგორ მეორდება ასე ერთი–ერთში ყველაფერი – ძველები წავლენ, ახლები მოვლენ, სანამ ესენი მიიხედ–მოიხედავენ, უკვე სხვები მოდიან, „ჩა–ხედულები“ ვითომ. არადა თავიდან წინა „სასტავიც“ ჩახედულად ასაღებდა თავს. მოვლენ, ჯერ სავარძლებს მოირგებენ საპატიო ადგილას, მერე ხელფასს მადის მიხედვით, მერე საახლობლოს მოარგებენ სხვადასხვა ღიად დარჩენილ ფოსოებში და ჭუჭრუტანებში და აი მერე იწყებენ „საქმიანად“ მიხედ–მოხედვას...
    აგერ, ახალმა განათლების მინისტრმა სასექტემბროდ დიდი ლუპა მოითხოვა. აქამდე თვალებახვეული იჯდა მოადგილის კაბინეტში თუ ვინმე უშლიდა? ჰოდა, ახლა მაგ "კარგი მენეჯერითვის" დიდი ლუპაც გვაქვს საძებარი...
    სამაგიეროდ, დავით ზურაბიშვილია ისეთი"აღშფრთოვანებული" თავისი თანამდებობიდან განთავისუფლებით, – აწი ვპოსტავ და ვპოსტავ ფეისბუქზე რასაც მინდა, როგორც მინდა და როცა მინდაო! თითქოს აქამდე მაგასაც ვინმე უშლიდა. ისე, რა იუკადრისა მრჩევლის პოსტი? აგერ ხუხაშვილი ნაკლები ინტელექტუალია თუ რა, მაგრამ მონახა სახეირო საქმე. არ შეიძლება ებრაელის ჭკუის გურულ ჭკუასთან შედარება და ძალაა? ამიტომაც დარჩება სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ, ხოლო ჩვენ, ალბათ, დავრჩებით ხუხაშვილის ნარჩევ საქართველოში...
    რაის კონდოლიზაო?! და კონდოლიზა რაისი რომაა, აშშ-ს ექს-სახელმწიფო მდივანი, აი ეგ დაეხმარება საქართველოს მთავრობას რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით, რუსეთთან მიმართებაში რჩევებს მოგვცემსო. აი თურმე რატომ და მაგიტომაც გადაირია ისევ ონიშჩენკო. „პრეკრატი“ გენადი, ბიჭო! ქართველებს მალე ჩებურაშკას დაგვიძახებენ, ისე მიგვაჩმორა ამ მეგობრობა– მეგობრობაში გენამ... ერთი სიტყვით, ჯერ–ჯერობით, ვემორჩილებით ონიშჩენკოს ულტი–მატუმებს..
    ის თუ იცოდით, თურმე სინგაპურის მოდელი რომ გამხდარა საქართველოს რეფორმების წარმატების გარანტი და თუ ასეთი წარმატებული და გარანტირებულია სინგაპურიც რეალობაში, რასაც ჩვენს რეალობაში ვხედავთ, კი უნდა დაკლას საკლავი ტონი ტანმა. ახლა არ მითხრათ ეგ ვინღააო!? ის ტიპია, ჩვენი თავგახურებული ვისთანაც გაქანდა სამუშაო ვიზიტით ამ დღეებში. ბიზნესის კეთების სიმარტივე მის გენიალურობასთან პროპორციებში როგორ მოდის ნეტავ?
    ბოლო დღეებია, სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა და ამ მდგომარეობის ფესვები ევროპელი ფსიქიატრების დონეზე განიხილება.არა, ეს 7 ფსიქიატრიული კლინიკა მაინც რა იყო? ოთხზე მდგომებმა მოილოცეს?
    „დღეს საქართველოს პოლიტიკური ინტრიგა არ სჭირდებაო“– განაცხადა სააკაშვილის გამოსათავისუფლებელი ვაკანსიის ყველაზე სავარაუდო კანდიდატმა – გიორგი მარგველაშვილმა. ჰოდა ეგ რომ ბრძანა, ადგა გაპრაიმერებული ბაქრაძე და ეს ოცნებასავით მარგველაშვილი დებატებში გამოიწვია.
    „სამუდამოდ წარსულში ვტოვებთ ყველაფერს, რაც დღეს საზოგადოებას ჩვენს შეცდომებად მიაჩნიაო“, – ასე თქვა ზუსტად. ისიც დააყოლა, – "იყო შეცდომებიც, გულგრილობაც და დანაშაულიც, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო არჩევნების გაკვეთილიო". გამოუსყიდია ბაქრაძის ბიჭს სრულიადსანაცეთის ცოდვები? ნეტა რა დაუჯდა?
    ხომ ხედავთ, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალებს" ვერ უმკლავდება?.. „ნაციონალებს" პოლიტიკური მანევრირების მეტი გამოცდილება აქვთ... ფაქტია, რომ "ოცნება" ძალიან სუსტია მათ პირისპირ და წარმოგიდგენიათ ხვალ და ზეგ რა მოხდებაო?, – ნინომ ბრძანა ბურჯანაძემ. გამკლავებოდა მერე თავის დროზე, იქ არ ქონდა მკლავები?
     
    თბილისის საკრებულოს კრებულმა ზაალ სამადაშვილი თანამდებობიდან გადააყენა და ვინ დააყენა!?..
    კარგით, არ ვიტყვი...
    ეკა მიშველაძემაც დატოვა „მოამბე“ პირდაპირ ეთერში. ჭკვიანი ქალია ეკა, იცოდა, მალე ჯულეტას რომ დაუძახებდნენ...
     
    სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი ჩხეიძეს მიაჩნია, რომ "სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებმა დასახულ მიზანს 100%-ით მიაღწია”. რა მიზანი ჰქონდათ ნეტავ, ეგებ ჩვენც გვითხრან? თქვე დალოცვილებო! ჩვენი სოფლის მეურნეობა ისეთ სტადიაშია, სიკეთის მარცვალიც კი ვერ დაუთესავს კაცს და რა ხედია ასეთი მაგ თქვენი ფანჯრებიდან, ჩვენც გაგვახედეთ!
     
    საშოში ნარკოტიკგაჩრილი ადვოკატები გვაკლდნენ პენიტენციალურ დაწესებულებებში. მაგ პრაქტიკისთვის ე.წ. „ქალიშვილობის ინსტიტუტ“ გამოვლილი კადრი არ გამოდგება... ჰოდა, დროული იყო ქართველი ფემინისტების აქციაც ექსპერტიზის ბიუროსთან... გვინდა ახლა ჩვენ ქალიშვილი და კონტეინერადგამოუსადეგარსაშოიანი პროფესიონალები? სადღაც ყური კი არა და თვალი მოვკარი, თიკო სადუნიშვილიც დაიარებოდა ციხეში ხშირადო და, ალბათ, წინა ცხოვრებაში ადვოკატიც ყოფილა, სხვა რა უნდა იფიქრო?... შორენა ბეგაშვილს ტყუილიც კი დაეჯერება.. თანაც, დედა–შვილობის თემატიკაა საქმეში გარეული და, ისე, რას არ გათქმევინებს ეს ოხერი ეჭვიანობა ქალს?!
    დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში, აი ისეთი რაღაც გვჭირს.
     
    ჩემი ცოლის და თქვენი ცოლების დაქალებისაცო! თქვა საქართველოში ყველაზე პოპულარულმა დიტომ, კატოსაც ერთი გემოზე შემოულაწუნა და და სეზონურ შვებულებაში გავიდა. დაისვენებს ცოტას ხალხი...
     
    და იყო გასულ კვირას „იურმალა“, იყო კუტუნიოც, ყველა ბრუნვასა და „პადეჟში“...
    „კვირის ჰიტის“ საპატიო სტატუსი ქართულ ფესიბუქზე ალალად გაიყვეს გედეონ ფოფხაძემ და ტოტომ...
    სამაგიეროდ, 30 000 ევროს ახევა შოვინისტი რუსი კულტ–მოღვაწეებისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა და მშვიდობაში მოახმაროს ყოველთვის პატიოსნად მოპოვებული ფული ნიჭიერებას სალომე ქათამაძის თამადობით!
     
    და ამ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება მაინც მშვენიერია ზოგადად იმპიჩმენტური გარემოშიც. ზოგიერთს რომ ჰკითხო – ყველა უნდა გადადგეს, სანამ ჩვენ გადავდექით ჭკუიდან.. რა ვიცი, ეგებ ჭკუასთან ახლოს იყოს ეგეც.
     
    ზოგადად, დამნაშავეების გამუდმებული ძიება, დამალობანას თამაშს გავსო, ამბობენ. ვინც არ იმალება, დამნაშავედაც მას თვლიან, ესეც ზოგადად მიღებული წესია.
    ძნელია მუდმივად იყო მაგალითის მიმცემი. იმათ, ვინც ხშირად მოყავთ იდეალურობის მაგალითად, სიბერეში გასახსენებელი არაფერი აქვთ ხოლმე და ეს ფენომენი ქართულ მენტალობასთან ისე მწარედ შეუთავსებელია...
     
    ადამიანები, რომლებიც თავად არ იწუხებენ ფიქრით თავს, ფიქრს და აზროვნებას სხვებსაც უშლიან და ამას ხშირად „ტრადიციული ფასეულობების“ დაცვად ნათლავენ.
    "ჭკვიან კაცს" ორჯერ ერთი და იგივეს გამეორება არ ჭირდება, მაინც თავის ჭკუაზე და თავისებურად გააკეთებს ყველაფერს...
    არადა, ზოგჯერ, ჩახედავ სიმართლეს თვალებში და თვალები შუბლზე აგივა.
    ის დროა, ვინმემ „დიდი ლუპების“ ბიზნესს მოჰკიდოს ხელი. სარფიანი საქმე ჩანს...
     
    კატო ჩულაშვილი
    გაზეთი "ქრონიკა+" # 15
×
×
  • შექმენი...