მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი აუდიო 18:06 27-08-2010 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში აზერბაიჯანელ და სომეხ სტუდენტებს შეხვდა . როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, განათლების სისტემაში ბევრი ცვლილების შეტანა გახდა საჭირო, რათა ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ჰქონოდათ. "წელს 300–მა აბიტურიენტმა გაბედა და ეროვნული გამოცდები ახალი პროგრამით ჩააბარა. თქვენ გახდით სტუდენტები და ეს ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. მინდა თქვენი რიცხვი ბევრად გაიზარდოს", - განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ადამიანები ეროვნებისა და რელიგიის მიხედვით არ ხარისხდებიან. "ადამიანი იზომება თავისი ნიჭიერებით, შრომისუნარიანობით, წესიერებით და პატრიოტიზმით და არც რელიგიით და არც ეთნიკურობით. საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. იმიტომ, რომ თურქეთსა და ირანში ცხოვრობს რამდენიმე მილიონი მუსულმანი ქართველი... მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს ჰქონდეს წარმატების მიღწევის შანსი. ამის კარგი მაგალითია განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას ხელძღვანელობს და რომელმაც შესაძლოა უფრო მაღალი თანამდებობაც დაიკავოს, მათ შორის პრეზიდენტის პოსტი. დარწმუნებული ვარ გავა დრო და შაშკინს მოიხსენიებენ, როგორც თავდადებულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს", - განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო მულტიკულტურული და მულტიეროვნული სახელმწიფოა, სადაც ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი სტუდენტებს ასევე ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე ესაუბრა. ამასთან, აღნიშნა, რომ ქართული ენის კარგად ცოდნა მშობლიური ენის დავიწყებას არ ნიშნავს. შეხვედრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი შედგების მქონე სტუდენტები კომპიუტერებით დაასაჩუქრა.