კობა სუბელიანი თანამდებობას სავარაუდოდ, მალხაზ აკიშბაიას გადაულოცავს 18:06 - 13.08.2009 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. "პირველის" სანდო წყაროს ცნობით, სუბელიანის თანამდებობიდან გაშვების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მეტიც, მან თანამდებობა სავარაუდოდ, უკვე დატოვა და მინისტრის პოსტი შესაძლოა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს მალხაზ აკიშბაიას გადაულოცოს. თავად აკიშბაია "პირველთან" საუბარში ირწმუნება, რომ არანაირი მსგავსი შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია და ამის შესახებ არც კი სმენია. სუბელიანის უწყებასთან დაკავშირება “პირველმა” მთელი დღის განმავლობაში ვერ მოახერხა, სააგენტოს წყაროს ცნობით კი, ეს გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია, თუმცა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ოფიციალური ინფორმაციით, სუბელიანი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სპეციალურ სასწავლო კურსს გადის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შინაარსის ოფიციალური ვერსიები მაღალჩინოსანთა თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევებში ხელისუფლებას არაერთხელ გაუვრცელებია. "პირველის" ინფორმაციით, სუბელიანი აშშ-ში "იძულებითი მივლინებით" იმყოფება. იგი შტატებში სავარაუდოდ, 10 დღის წინ გაემგზავრა. "პირველის" წყარო კატეგორიულად ამტკიცებს, რომ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საქართველოდან გაუჩინარებულ სუბელიანს დევნილებისათვის გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან. მისივე ინფორმაციით, მერაბიშვილი-ადეიშვილის უწყებებში საქმე სუბელიანის წინააღმდეგ უკვე შეკრულია, თუმცა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...15&Itemid=1