თემურ შაშიაშვილი: ”ხელისუფლებამ ედპ-ს ოფისი 145 ლარად გადასცა” პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, რომელიც თბილისის არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს ხელისუფლებას წინადადებებს უჭერს მხარს, ის ხელისუფლების თამაშს თამაშობს. პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ 30%–ანი ბარიერი მისაღებია, მას არც თბილისი უყვარს და მხოლოდ საკუთარ სკამზე და საკუთარ ვალებზე ფიქრობს. პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც ხელისუფლების მიერ ცესკო–ს თანამდებობაზე შემოთავაზებული სამი კანდიდატი მისაღებია და ამბობს, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება პარიტეტულ დონეზე მოხდება - ხელისუფლებასთან შეკრულია. თუმცა, ერთი ძალიან კარგი რამ მოხდა - ყველამ გამოავლინა საკუთარი თავი და იცოდეთ, ვინც დღეს ხელისუფლებას უჭერს მხარს, იგი ხელისუფლებისგან დაფინანსებული და მხარდაჭერილია. კონკრეტულად ვის გულისხმობთ? -ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ედპ–ზე რაიმე ცუდის თქმა. ადრეც იყო რაღაც ხმები, მაგრამ მაშინ პატიოსნად მივედი მათთან და ამის შესახებ ვუთხარი. მაშინ მათ მითხრეს, რომ ეს ყველაფერი ჭორები იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ მათ ხელისუფლებამ კიდევ ერთი ოფისი გადასცა სიმბოლურ ფასად - 145 ლარად, როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ეს როგორ უნდა მომხდარიყო? მე ბევრი პიროვნება ვიცი, რომელიც ხელისუფლებასთან ალიანსში შევიდა, რითაც ვალები გადაიხდეს და სესხები დაფარეს. საერთოდ, მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში მარტივია ხალხის და პოლიტიკური პარტიების მართვა. დღეს ადამიანებს იმდენად უჭირთ, რომ ყველაფერზე მიდიან. ეს იყო შევარდნაძის დროს გარეთ დაწერილი კანონი - შევარდნაძის დროს დამშეულიყო და დაუძლურებულიყო ქვეყანა, რათა სააკაშვილის დროს ადვილად ემართათ. ამიტომ, ნუ გიკვირთ რასაც გეუბნებით. საქართველოში დღეს ფულს ხელისუფლება აკონტროლებს და ამიტომ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ვისაც ფული აქვს, ეს ხელისუფლების ფულია. რისი თქმა გინდათ, რომ პოლიტიკა დღეს მხოლოდ ბიზნესია? –პოლიტიკა დიდი ხანია ბიზნესად იქცა. პოლიტიკოსები დღეს სასახლეებში ცხოვრობენ, ნახეთ რა ბინები და რა მანქანები აქვთ პარტიის ლიდერებს. საიდან? მე ქვეყანაში ერთ–ერთი დიდი თანამდებობა მეჭირა, მაგრამ მამაპაპისეული სახლის გარდა არაფერი გამაჩნია. თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობდი და დღეს მეუღლის ბებიის სახლში ვარ. ესენი მასწავლიან მე კარგად ცხოვრებას, მაგრამ იმ ხელფასით რაც მე მქონდა ეს წარმოუდგენელი იყო. ვინც ბიზნესიდან არ მოსულა, არსად მუშაობს და კარგად ცხოვრობს, პოლიტიკაში თვალსაჩინო ადგილი უკავია, მუდამ ტელევიზიებში ჩანს და ა.შ. ესენი არიან ხელისუფლების კადრები. „ლეიბორისტები“ ძვირადღირებული მანქანებითაც დადიან და ეტყობათ რომ ფინანსურად არაფერი უჭირთ, მაგრამ ეს დიდი ხნის პარტიაა და, როგორც ამბობენ პარტიის შემოწირულობებით ახერხებენ ყველაფერს. ეს არ არის თქვენთვის არგუმენტი? –არ ვიცი, კარგად რომ ცხოვრობდე, იმისთვის მხოლოდ შემოწირულობები რამდენად საკმარიასია, მაგრამ მათ გარკვეული შემოსავალი აქვთ, რადგან როცა ყველამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, ისინი პარლამენტში არც არიან და თან არიან. ანუ, ისინი პარლამენტიდან ხელფასებს იღებენ და შემოსავლები აქვთ. აქ ლაპარაკია ისეთ პოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. მსგავსი ბრალდებები „ქრისტიან დემოკრატების“ მისამართითაც ხშირად გაისმის და მაშინ, მათაც შეუძლიათ პარლამენტიდან შემოსავლებზე ისაუბრონ. –ჩემთვის „ქრისტიან დემოკრატები“ ხელისუფლებაზე უარესი პოლიტიკური ძალაა. ბადრი პატრაკაციშვილისგანაც ვიცი და დღეს ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ახლაც ყურში ჩამესმის, რაზეც მაშინ მან გულის წყვეტით მელაპარაკა. მაინც რა გითხრათ ასეთი?–დაასახელა 5 პიროვნება, რომელთაც წლის განმავლობაში ერთი მილიონი ჰქონდათ ხელფასის სახით აღებული და ბოლოს მის ზარსაც არ პასუხობდნენ. არ მინდა ამ დეტალებზე ახლა ლაპარაკი, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარება იქნებოდა, მათ 7 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლება ცალკე რომ დაეტოვებინათ. ვინც ამ ხელისუფლებასთან ითანამშრომლა, ის არის ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელი 8 აგვისტოზეც. რატომ მიჭირს მე ბურჯანაძესთან ურთიერთობა? ბურჯანაძე 7 ნოემბრის შემდეგ რომ გადამდგარიყო, დღეს სხვა საქართველო იქნებოდა. ეს, რომ ვერ გაბედეს და პოლიტიკურად ვერ გაზომეს, დღეს ძალიან ძნელია, რომ ასეთ პოლიტიკოსებზე, როგორც წარმატებულებზე ისაუბრო. მე გუბერნატორად რომ დავრჩენილიყავი ბურჯანაძე ვერ შემეხებოდა და ვერ მომხსნიდა, მაგრამ მე ვთქვი, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს მეფქვილეთა წარმომადგენელი ვიყო–თქო და წავედი. ასეთ საკითხებში, მე ვარ პრინციპული და ვთვლი, რომ პოლიტიკაში უნდა იყოს სუფთა ხელების ადამიანები. თქვენთვის რომელია პოლიტიკურად მისაღები ძალა? უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც დღეს არ ჩანს. მოდით ასე გეტყვით, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ „ღირსების ულტიმატუმი“ არცერთი სახელისუფლებო არხი არ მოვიდა. ჩვენს ინიციატივაზე „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ - აქაც ხელისუფლების არცერთი ტელევიზია არ მოსულა. როცა დატყვევებული ბავშვების შესახებ ვთქვი, რომ გირგიევს ველაპარაკე იაპონიაში, ძასოხოვს ველაპარაკე, როგორც ქართველთა ასამბლეის ხელმძღვანელს, ისევ, არავითარი ინტერესი არ გამოუჩენიათ. ამის მეათედი რომ სხვას ეთქვა, ტელევიზიები მაშინათვე მიცვიცდებოდნენ და ეს იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად, ვინ სახელისუფლებო ეკრანებზე ჩანს, ისინი თამაშონებ ხელისუფლების თამაშს. სააკაშვილმა კარგად გააცნობიერა და მე ბევრი ჟურნალისტისგანაც გამიგია როგორ ახდენს იგი კარგი საქმეების იგნორირებას. ერთხელ ბადრი პატარკაციშვილმა ასეთი რამ თქვა: „როცა ზოგიერთი პარტია წამოიწია (პირველ რიგში, ჟვანიას გულისხმობდა), მითხრა მომეხმარე, რომ მათი რეგიონებში სიარული არ გაშუქდესო. მივხვდი რაც უნდოდა და 10 დღის განმავლობაში ამ პარტიებზე არაფერი გავაშუქეთ და მათი რეიტინგიც დავარდა“–ო. ხომ ხვდებით რისი თქმაც მინდა? ვისაც სახელისუფლებო ტელევიზიები აშუქებენ თავიანთი ხალხია, ვისაც არა – ებრძვიან. ჩემთვის წარმოუდგენელია იმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რომელმაც უნივერსიტეტში ჩაკეტა პროფესურა და ხალხს წყალი და ტუალეტები დაუკეტა. ვინც ეკლესიები დაარბია, როცა ეკონომიკის მინისტრი (საუბარია ლაშა ჟვანიაზე, რ.ჯ.) უწმინდესს ჩამოსვლისას აეროპორტში დახვდა, იგი მე–5 დღეს მოხსნეს. უნივერსიტეტის რექტორი, განათლების რექტორი და სხვა უამრავი თანამდებობის პირი „თავისუფლების ინსტიტუტის“ კადრია და ვინც თვლის, რომ ასეთ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს... ასეთ ხელისუფლებას შეიძლება მოსთხოვო, თორემ მასთან თანამშრომლობა როგორ შეიძლება? აბა რა უნდა ქნას პოლიტიკოსებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გაიბუტონ? -დღეს ბევრი პოლიტიკოსი მერაბიშვილის მონად იქცა. ეს ერთობა, რომელიც შექმნეს, აშკარაა, რომ ალასანია–სუბარის და „ალიანსისს“ წინააღმდეგ კეთდება, რადგან ხელისუფლებას არ აწყობს ისეთი გუნდი, როგორიც არის ირაკლი ალასანიას გუნდი. ამიტომ, ყველაფერზე მიდიან. ალბათ, ვაჟა ლორთქიფანიძესაც მიაწვდინეს უკვე ხმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვაჟა ლორთქიფანიძე იმდენად ჭკვიანია, რომ ასეთ თამაშში არ ჩაერთვება. იგივე მინდა ვისურვო გია ჭანტურიასთან დაკავშირებით. მეც მთხოვა რამდენიმე პოლიტიკოსმა, მაგრამ მე ვუთხარი, თქვენ ჩემზე და თბილისზე კი არ ფიქრობთ, თქვენვის მთავარია ალასანიას წავართვა ხმა–თქო. საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას 30% ხელში აქვს, ხოლო დანარჩენი 70%-ის დაშლა უნდა მარტივ მამრავლებად. თქვენ ვინ შემოგთავაზათ მერობა? -ამაზე ცალკე გეტყვით, ინტერვიუში არ მინდა ლაპარაკი. საქმე ისაა, რომ მათ კარგად აარჩიეს ალასანიას კონკურენტები - ის ვინც ჭანტურიას, ლორთქიფანიძეს მისცემს ხმას, უგულავას ისედაც არ მისცემდა ხმას, მაგრამ ეს ხალხი ხმას წაართმევს ალასანიას. ანუ, არჩევენ, როგორი კატეგორია არ მისცემს უგულავას ხმას, იმის შესაბამის კანდიდატებს ეძებენ. ამით ამასხრებენ იმ პიროვნებასაც და თითქოს, დემოკრატიულ არჩევნებს თამაშობენ. ლორთქიფანიძე იმ ხელისუფლების პრემიერ–მინისტრი იყო, ჭანტურია კი ძებნილი, მაგრამ დემოკრატიაა ქვეყანაში და ჩვენ ყველას თანაბრად განვიხილავთო - ამის აფიშირებას ახდენენ. თქვენ გაყიდულებს უწოდებთ იმ პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე წავიდნენ. მათი არგუმენტი, რომ ხელისუფლებას რაღაც დაათმობინეს და ახლა ამის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თქვენთვის არგუმენტი არ არის? -მე მიკვირს ამ პოლიტიკოსების, როგორ შეიძლება სულ გამარჯვებულთან იყვნენ? ხანდახან დამარცხებული ხომ უნდა გამოდიოდნენ? სააკაშვილი უცხოეთში მუდმივად აქებს და ადიდებს გიორგი თარგამაძეს. აბაშიძე უბედურება იყო, მაგრამ მისი პრეს–მდივნები კარგები იყვნენ, მე „მოქალაქეთა კავშირში“ არ ვყოფილვარ, მაგრამ შევარდნაძის დროს გუბერნატორი ვიყავი და დღემდე „შევარდნაძის გუბერნატორი“ ვარ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იდეოლოგიაა. ეს ხალხი აბაშიძესთანაც კარგად იყო, შევარდნაძესთანაც, იოსელიანთანაც, ონიანთანაც და... ონიანი ერთხელ, აჭარაში იჯდა და იქედან კარნახობდა ვინ უნდა აერჩიათ. ეს ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია მას გვერდით ეჯდა. ესენი ყველასთან იყვნენ, ვისაც მე ვებრძოდი და მაინტერესებს რითი იწონებენ თავს? მხედრიონს იოსელიანის დროს არ ჰქონდა ისეთი გავლენა ქვეყანაში, როგორიც დღეს აქვს. ბიზნესი მათ ხელშია და სამინისტროებიც, რაზეც იოსელიანი ვერც იოცნებებდა. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, მათ მე ვერ დამარწმუნეს. ჩვენ მთელი მსოფლიოსთვის რომ გვეთქვა რა დათმობებზე არ მიდის ხელისუფლება და მონაწილეობა კი არ მიგვეღო ამ თამაშში, არამედ მარტო დაგვეტოვებინა, დამთავრებული იყო ამ ხელისუფლების ამბავი. მე ვიცი ამერიკელების და ევროპელების განწყობები. ისინი პირდაპირ გვეუბნებოდნენ, ხალხო არ გაყვეთ, არ შეხვიდეთ ხელისუფლებასთან ამ პროცესში, რადგან ეს თქვენი დაღუპვაა-ო. მაგრამ, ხელისუფლებამ „განხეთქილების ვაშლი“ შემოაგდო და მას მოყვა ეს პროცესები. http://presa.ge/index.php?text=news&i=11148 ლიცემერი: არასდროს არ მომწონდა ეს პოლიტიკოსი, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ინტერვიუში სრულ სიმართლეს უბნობს. პ.ს.როგორც დათა თუთაშხია იტყოდა, წუპაკი მამაძაღლები ("ოპოზიციაზე" ვუბნობ)