ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას განიხილავენ 03 / 12, 2009 11:23 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას განიხილავენ ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტერიალი ბრიუსელში დღეს გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც, ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი. სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გარდა, საქართველოს მიერ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს განიხილავენ. მინისტერიალზე დასასწრებად ათენიდან ბრიუსელში უკვე გაემგზავრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მთავარი მომხსენებელი იქნება. ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ ვაშაძე რომში გაემგზავრება. ამასთან, ხვალ ბრიუსელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ალიანსის გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის შეხვედრაა დაგეგმილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1