პატრიარქმა დღეს სიკეთესა და ბოროტებაზე იქადაგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, სიკეთესა და ბოროტებაზე, ადამიანის გულსა და გონებიდან გამომავალ ზრახვებზე ისაუბრა. უწმინდესმა გაიხსენა ბიბლიაში მოყვანილი სიტყვები, სადაც წერია, რომ ადამიანი ხედავს სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი ხედავს გულს კაცისას. აქვე წერია, რომ გულიდან გამოდიან ზრახვანი კეთილი და ბოროტი. "გული, რომელიც ბოროტებას აკეთებს, ის უპირველეს ყოვლისა თავის თავს ვნებს. ის ადამიანის, რომლის გული ბოროტებას და ღვარძლს ატარებს, თავის თავს ვნებს", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესმა მოიყვანა ასევე პლატონის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ვინც ბოროტებას სჩადის, თავად არის საცოდავი. "არსებობს ადამიანი, რომელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. ასეთი ადამიანი შორს ვერ წავა. ერთგული უნდა ვიყოთ ადამიანის, ეკლესიის, საზოგადოების. თუ ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს, ის არც კაცს უყვარს და არც ღმერთს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა ადამიანის სიჭრელე ჩანს. ეს უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი ვაკეთოთ ერის სასიკეთოდ", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა დღეს კიდევ ერთხელ მოყვა ის ამბავი, რომელიც მან მრევლს რამდენიმე კვირის წინ საკვირაო ქადაგებისას უამბო და რომლის მთავარი აზრიც არის ის, რომ როდესაც ადამიანს აქებენ ან აძაგებენ, ის ამ ყველაფერს დუმილით უნდა შეხვდეს. პატრიარქმა დღეს ერთი იაპონური ლექსიც წაიკითხა. "მოვიდა გაზაფხული, აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ სად არის ყვავილი და სად არის თოვლი". "ეს არის ნათქვამი ადამიანზე, მე ვერ ვარჩევ სად არის კეთილი და სად არის ბოროტი, მაგრამ ღვთის მადლით ეს აუცილებლად უნდა გავარჩიოთ. მე მინდა ამ ლექსს ერთი სტრიქონიც დავუმატო: "მაგრამ გამოვა მზე, თოვლი დადნება და ჩვენ ისევ დავინახავთ ყვავილს". ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს გული სუფთა და წმინდა, რომ ვიფიქროთ არა იმაზე, თუ რა ბოროტება გავუკეთოთ ერთმანეთს, არამედ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს", - ბრძანა პატრიარქმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: არადა, ჩემი აზრით, საზოგადოებას პირდაპირი, გასაგები სიტყვა ჭირდება დღეს და არა მეტაფორებით ნაზავი პარაბოლები