ედუარდ კოკოითიმ ახალგორის რაიონის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები ჩამოართვა 21:28 07-12-2010 ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ახალგორის რაიონის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები ჩამოართვა . როგორც სააგენტო "რესი" იუწყება, შესაბამისი ბრძანება კოკოითიმ დღეს გამოსცა. დოკუმენტის მიზნად, ახალგორის რაიონში "ქართული ოკუპაციის" დროს დევნილი ოსი მოსახლეობის დაბრუნება და საცხოვრებელი დავების გადაჭრა სახელდება. კოკოითის ბრძანებით, ბათილად გამოცხადდა 1991 წლიდან 2008 წლამდე ქართული ადმინისტრაციის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. "საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის უფლების სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად დადგენამდე ლენინგორის რაიონის საცხოვრებელი ფონდი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებად ცხადდება", - ნათქვამია კოკოითის ბრძანებაში. ამასთან, ახალგორის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციას საცხოვრებელი ფონდის აღწერა, საცხოვრებელი შენობების და სათავსოების, ასევე მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია დაევალათ. მათ ასევე უნდა ჩაატარონ იმ მოქალაქეების აღწერა, რომლებიც ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, რაიონიდან საქართველოს ხელისუფლებამ განდევნა. "განდევნილ" ოსებს კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლოებში განცხადებების შესატანად პირობები უნდა შეუქმნან, რათა მათი საცხოვრებელი ფართებიდან "უკანონოდ" შესახლებული მოქალაქეები გამოასახლონ. ახალგორის რაიონის დე-ფაქტო სადავო საბჭოს თანამშრომლებმა რაიონის მოსახლეობის და მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღწერა გასულ კვირაში დაიწყეს http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/153414-eduard-kokoithim-akhalgoris-raionis-mosakhleobas-sackhovrebeli-farthi-da-mitsis-nakvethebi-chamoarthva.html