ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციასა და დემარკაციას იწყებს, - ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება. ცხინვალში დღეს „საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის“ სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა. „რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გავაგზავნეთ ნოტა, რომ შესაბამისი რუკების მომზადებაში დაგვეხმარონ. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის უწყებებშიც მუშაობენ, სადაც უწყებათაშორისი შეთანხმებები მიმდინარეობს. რუსეთში მალე სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დელეგაცია შეიქმნება, რის შემდეგაც ერთობლივ ღონისძიებებს დავიწყებთ“, - განაცხადა ჩოჩიევმა. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი კოლბინის განცხადებით კი, ყველა საკითხი ორმხრივ რეჟიმში უნდა გადაწყდეს და, შესაძლოა, ტერიტორია გაცილებით მეტიც აღმოჩნდეს. „ძალიან რთული და სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ტერიტორიის თუნდაც ერთი კვადრატული მეტრი საქართველოს მხარეს დარჩეს“, - განაცხადა კომისიის მდივანმა მერაბ ჩიგოევმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1