ოპოზიციის ძალოვანი უწყებების მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სისტემის ცვლილებას, რომელიც წარმოქმნის პოლიტპატიმრებს ქვეყანაში. ეს განცხადება შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია იმ სისტემის დემონტაჟი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით პატიმრებს წარმოშობს, რათა მომავალში მსგავსი რამ აღარ გამეორდეს. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ერთი კვირის შემდეგ შს მინისტრი ოპოზიციონერებს, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, წერილობით მიმართავს და გააცნობს ინფორმაციას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრაზე მას გადასცეს. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას კონკრეტული შეთანხმება არ მოჰყოლია. მისი თქმით, საუბარი არ ყოფილა ამ საკითხის თავიდან გამოძიებაზე, აქედან გამომდინარე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს. თუმცა, იმ ფაქტს, რომ შეხვედრა და საუბარი შედგა, ის მიიჩნევს, რომ არის კარგი, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება ეს საუბარი, მომავალი აჩვენებს. კიდევ ერთი შეხვედრა ოპოზიციასა და შს მინისტრს შორის, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ან 10 დღეში შედგება. ამის შესახებ ოპოზიციისა და ძალოვანი მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა. მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შს სამინისტრო ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში ოპოზიციის ლიდრების მიერ წარდგენილ მასალას შეისწავლის და ამის შემდეგ შეიკრიბებიან. „ვნახავთ, დადგება თუ არა შედეგი. გვაქვს საშუალება ყველა ოჯახს უკეთესი მომავალი შევუქმნათ“, - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ. http://www.interpressnews.ge/ge/ პ.ს. ააქვს რაიმე აზრი ამ შეხვედრებს?! ‘’ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ შს სამინისტროში დღეს გამართული შეხვედრა არის პოზიტიური ფაქტი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ამ პოზიტიურ ფაქტს ერთ კვირაში მოყვება შედეგები, როდესაც შს სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს თავისი შეფასებები და ანალიზი იმ საქმებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის მხრიდან დღეს ხელისუფლებას გადაეცა.