„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ პარკირების ახალ წესთან დაკავშირებით თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადების სამართლებრივად გაფორმებას მოითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე მამრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „სითი პარკი“ პარკირების უკეთეს მოდელზე გადავიდა, ეს მოდელი გარკვეულ უხერხულობებს შეიცავს. კერძოდ, მისი განმარტებით, გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადოს რეგიონიდან ჩამოსულმა მძღოლმა 25 ლარი ერთჯერადი პარკირებისთვის. ასევე, გასარკვევია რა ბედი ეწევათ ე.წ. „სტაიანჩიკებს“, რომლებიც დღემდე ისევ დგანან პარკირების ადგილებზე. „მოვითხოვთ, აგრეთვე, გაუქმდეს არასწორი პარკირებისთვის აქამდე გამოწერილი ქვითრები, ხოლო ევაკუატორით გადაყვანილი მანქანები მფლობელებს ყოველგვარი ჯარიმის გადახდის გარეშე დაუბრუნდეს. ასევე, უნდა აუნაზღაურდეს თანხა იმ ავტომფლობელებსაც, რომლებმაც ერთწლიანი აბონიმენტები შეიძინეს“, - დასძიმა მამრაძემ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1