Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ამერიკელი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
    განცხადების თანახმად, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის სულისკვეთება განსაკუთრებით გამოკვეთილია საქართველოს მისწრაფებაში, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
    „ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
    გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”- ნათქვამია განცხადებაში.
    აშშ-ის საელჩო განცხადებასთან ერთად აზიარებს ფოტოს, ილია ჭავჭავაძის ფრაზით: „ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენსს საიმედო ყმაწვილ-კაცობას“.
  2. tvati
    იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია - დარწმუნებული ვარ, ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატო-ში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე ქართულ ენაზე წერს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
    ფოტიგა ქართველებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას უსურვებს.
    „ვუერთდები მამაცი ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. მე პატივს ვცემ მათ ურყევ ნებას, დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მე უპირობოდ მხარს ვუჭერ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. გისურვებთ სურვილების ასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებას და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას. იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატო-ში“,- აღნიშნულია ფოტიგას მილოცვაში.

    ipn
  3. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ უკრაინის პირველი პირის საქართველოს პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
    ზელენსკის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას.
    „თქვენო აღმატებულებავ!
    უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
    ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარაღებული აგრესიის პირობებში.
    ჩვენი სახელმწიფო, ასევე, ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
    დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას!“- ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის წერილში.

    ipn
  4. tvati
    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ახალქალაქის კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ღვთისმსახურებას მოსკოვში ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა არ გავრცელდა და აღნიშნავენ, რომ ეს არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტი:
    „გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
    ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში, პატრიარქი კირილეს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მოსკოვში იმყოფება.
    რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.

    ნეტგაზეთი
  5. tvati
    უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა, ანატოლი შტეფანმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მანამდე გავრცელებული ცნობები გააბათილა. ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
    “ცუდი ამბებია რუსული პროპაგანდისტებისთვის! ვალერი ფედოროვიჩი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს უკრაინული მიწების გათავისუფლების დაგეგმვას რუსი ოკუპანტებისგან! მთავარსარდალთან ერთად და მხოლოდ წინ ჩვენი საერთო გამარჯვებისაკენ”, — ამბობს შტეფანი.
    ვიდეომიმართვაში შტეფანი აღნიშნავს, რომ ვიდეო დღეს, 25 მაისსაა გადაღებული, შემდეგ კი თავად ზალუჟნი აკეთებს კომენტარს.

    მაისში რუსული პროპაგანდისტული არხები ზალუჟნის ტრამვის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას წყაროს დასახელების გარეშე. კერძოდ, რომ მან მაისის დასაწყისში ხერსონის მახლობლად სოფელ პოსად-პოკროვსკოეზე სამეთაურო პუნქტზე სარაკეტო თავდასხმისას მიიღო თავის ტრამვა და ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები.
    20 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსებმა ბახმუტში უკრაინელი მებრძოლების დემორალიზაციის მიზნით გამოიგონეს ყალბი ინფორმაცია ზალუჟნის გაუჩინარების შესახებ.

    netgazeti
  6. tvati
    საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ასე რომ, ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ! - სანქციები მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება, ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე,- ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც კომპანია საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ეხმაურება.
    როგორც „ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, მედიასივრცეში სატრანზიტო ფრენების საკითხის აქტიურად განხილვა მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ „რაღაცაზე იხმაურონ“.
    „ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმიანება დღეს (25 მაისს) მედიასივრცეში გაჩენილ კითხვებს საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით.
    პირველ რიგში საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საუბრები ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით. იდეის მომხიბვლელობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ პასუხობს საერთაშორისო ჰაბისთვის აუცილებელ სტანდარტებს. წლები გადის და დღემდე ვერ მოხერხდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე აშენებულიყო თუნდაც სატრანზიტო დარბაზი. შესაბამისად, საერთაშორისო ჰაბის თემაზე საუბარიც კი ზედმეტია.
    რაც შეეხება უშუალოდ სატრანზიტო ფრენების საკითხს. დღეს მსოფლიო საავიაციო სფერო ციფრულ და ონლაინ რეჟიმზე არის გადასული. მგზავრებს უფლება და შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან შეიძინონ ბილეთები და გაფრინდენენ სასურველი მიმართულებით. ეს უბრალო ფაქტია, რომელიც არავისთვის დამალული არ არის, შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება მედიასივრცეში დღეს აქტიურად განხილული სატრანზიტო ფრენების საკითხი? არაფერს, გარდა იმისა, რომ რაღაცაზე იხმაურონ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის მოქალაქეების გარდა უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეც ცხოვრობს ან აწარმოებს საქმიანობას, მრავალ ადამიანს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ან ბინადრობის უფლება გააჩნია. ცხოვრობენ დიპლომატები. დასავლეთის სახელმწიფოებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ შეზღუდვებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეუწყვეტიათ ვიზების გაცემა. რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან, აგრეთვე, გადადგილდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც. შესაბამისად, საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი.
    აქამდე რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო ფანჯარა არ იყო, თუმცა ამ როლს დიდი ხანია უწყვეტად ასრულებდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები და ა.შ. ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი რეგიონში არის თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, საიდანაც რუსეთის მიმართულებაზე ყოველდღიურად ორმოცი რეისი სრულდება და, რომელზეც სატრანზიტო გადაზიდვების 70 პროცენტი მოდის. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე დაფრინავს სტამბოლის გავლით ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში. თბილისიდან სტამბოლში ყოველდღიურად ექვსი რეისი სრულდება.
    ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს. ჩვენი წილი 0, 00... რაღაცა პროცენტი თუ იქნება. საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ მოგვეცემა ამისი საშუალება. ასე, რომ ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ!
    რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება. ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე.
    ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც აქამდე, ვიქნებით საქართველოს ინტერესების დამცველი კომპანია და შევასრულებთ ფრენებს საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

    იპნ
  7. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
    როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
    შეგახსენებთ, სროლა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

    ipn
  8. tvati
    ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს, - რუსული RTVI-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიას ამის შესახებ Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.
    მისივე თქმით, გეგმაში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი.
    „დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, - განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა.
    ამასთან, მისი თქმით, Georgian Airways-ის პროგნოზით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.
    „ბუნებრივია, შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ეს აღარასოდეს შეწყდეს“, - დასძინა თამაზ გაიაშვილმა.

    ipn
  9. tvati
    ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა.
    როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მზია პაპაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაავადებულთაგან ნაწილი სტაციონარში მკურნალობდა, ახლა კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ.
    მისივე თქმით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი ნიმუშები აიღეს.
    „დღეისთვის 12 შემთხვევა გვაქვს, სოფელ საყუდაბელში. ზოგიერთი სტაციონარშის მკურნალობდა, ახლა ბინაში იმყოფებიან და ამბულატორიულად აგრძელებენ. მკურნალობის პროცესი ხანმოკლე არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ ჩემი უშუალო მოწვევით, ნიმუშები იქნა აღებული მას შემდეგ, რაც გაურკვა, რომ პირუტყვი იყო ინფიცირებული. მოსახლეობა მოიცვა პანიკამ, რადგა მიმრთმევდნენ არაპასტერიზებულ რძის პროდუქტს, პირუტყვს უვლიდნენ, რაც არის საფრთხის შემცველი ცხოველიდან ადამიანისთვის გადადების თავლსაზრისით“, - განაცხადა მზია პაპაშვილმა.

    ipn
  10. tvati
    ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ პოლიტიკური თოქ-შოუ „ნიუსრუმი“ დაიხურა – ინფორმაციას გადაცემის წამყვანი კოკა კვირკველია ავრცელებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ „სიურპრიზად, ახლახან“ გაიფო.
    „პუბლიკა“ ცდილობს, „პალიტრა მედიასთან“ დააზუსტოს, რა გახდა გადაცემის დახურვის მიზეზი. მედიაჰოლდინგის პასხუს მიღების შემთხვევაში გაგაცნობთ.
    „პუბლიკა“ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ დირექტორს, ლევან ტაბატაძეს ესაუბრა. მისი თქმით, გადაცემა „ნიუსრუმის“ დახურვა „ჩვეულებრივი შიდა გადაწყვეტილებაა“.
    კითხვაზე, მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება მმართველი პარტიის მხრიდან „პალიტრანიუსის“ სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას გვიპასუხა, რომ ამ ორი თემის ერთმანეთთან მიბმა არ შეიძლება და პალიტრა ნეიტრალური მედია ორგანიზაციაა, რომელიც არავის მითითებით არ იღებს გადაწყვეტილებებს.
    28 მარტს „პალიტრას“ შესახებ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, თუ რას ინფორმაციას ფლობს კეზერაშვილისა და „პალიტრა მედიის“ კავშირზე.
    მედიაჰოლდინგი, რომელიც ტელევიზიას, რადიოს, რამდენიმე გაზეთსა და ონლაინგამოცემას აერთიანებს, აცხადებს, რომ კეზერაშვილის დაფინანსების შესახებ ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები.
    „პალიტრა მედია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე. თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „პალიტრა მედია“ არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ“, – აცხადებდა „პალიტრა მედია“.
    31 მარტს კობახიძემ განაცხადა, რომ „პალიტრა მედიას“ დავით კეზერაშვილთან აქვს კავშირი, თუმცა „მტკიცებულებებით გამყარებულ ინფორმაციას“ არ ფლობს.
    საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მმართველმა პარტიამ მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანია მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“.

    publika
  11. tvati
    ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა. მისი თქმით, ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით.
    ავიაკომპანიის ხელმძღვანელი აკონკრეტებს, რომ მას გათვალა ამ რეისზე არ ჰქონია.

    "რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს, 50%-იანი დატვირთვაც არ არის... მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა - როგორც ქუხს, ისე არ წვიმს... ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენების სიხშირეზე] წინასწარ ლაპარაკი არაფრისმომცემია. ვერავინ ფლობს ინფორმაციას... ორი-სამი რეისია შესრულებული - 40%-იანი დატვირთვაა დაახლოებით... ჯერ არც კონკურენციაა, არც არაფერი, დგას ყველაფერი... არ ხდება ისე, როგორც ელოდებოდნენ. მე, მაგალითად, გათვლები არ მქონდა", - ამბობს გაიაშვილი.
     
    მას რადიო თავისუფლებამ ასევე სთხოვა, უფრო მეტი დეტალი ეთქვა რუსულენოვან მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, საქართველოს გავლით ევროპაში ტრანზიტული რეისების შეთავაზებაზე.
    "მე მაინცდამაინც ბევრ მიმართულებას ვერ შევთავაზებ, თუ რაიმე მათთვის იქნება მისაღები, იმგზავრებენ. ახალ რეისებს არ ვგეგმავ, დანიშნულია დიდი ხანია", - თქვა მან.

     
    დღევანდელი მდგომარეობით, ავიაკომპანია საქართველოდან დაფრინავს ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდში, კვიპროსში, ისრაელსა და საუდის არაბეთში.
    10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
    20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა.

    რადიო თავისუფლება
  12. tvati
    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ცოლს დედამთილმა 2022 წელს 30 ათასი დოლარი აჩუქა. საჩუქრის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა ასახა 2023 წლის 23 მაისს შევსებულ დეკლარაციაში.
    გასულ წელს ნინო მხეიძემ დედამთილისგან უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ცოლ-ქმარმა მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავა: მინისტრმა 2022 წელს ხელფასის სახით აიღო 68 834 ლარი, მისმა ცოლმა კი - 1532 ლარი.
    ფოტოკოლაჟი თავდაცვის მინისტრის დეკლარაციიდან 2022 წელსვე ბურჭულაძემ 23 ათას დოლარზე მეტი ოდენობის თანხა შეიტანა ორ ბანკში, იპოთეკური სესხის დასაფარად.
    2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 1 დოლარის ღირებულება 2,67 ლარიდან 3,4 ლარამდე მერყეობდა. შესაბამისად გამოდის, რომ დედისგან მინისტრის ოჯახმა მინიმუმ 80 ათასი ლარი, მაქსიმუმ კი 102 ათასი ლარი მიიღო საჩუქრად.
    მინისტრს 8 შვილი ჰყავს. აქედან ხუთის შესახებ მონაცემები შეყვანილია დეკლარაციაში - მათგან ერთ-ერთის სწავლის საფასური ბებიამ 5000 ლარით დააფინანსა.
    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ქონებრივ დეკლარაციებში უთითებენ, რომ მშობლისგან ან მეუღლის მშობლისგან მრავალი ათასის ოდენობის საჩუქარი მიიღეს. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წლის 29 ოქტომბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2021 წელს მშობლებისგან საჩუქრად მიიღო 150 000 ლარი. 150 000 ლარიანი საჩუქარი ოჯახისგან მას დეკლარირებული აქვს 2021 წელსაც.

    radio tavisupleba
  13. tvati
    თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ბახმუტისთვის ბრძოლა რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდა და ქალაქი რუსული ძალების ხორცსაკეპ მანქანად იქცა.
    "ეს შეტევა, ფაქტობრივად, საშინლად ძვირი დაუჯდა რუსეთს და, როგორც ვთქვი, ეს მათთვის ერთგვარი ხორცსაკეპი მანქანა გახდა", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
    მისი თქმით, შეფასებები, რომელიც ვაშინგტონმა ბახმუტში რუსული ძალების მსხვერპლის შესახებ მაისის დასაწყისში გამოაცხადა, ზუსტია, თუმცა მას შემდეგ რუსები ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტ ძალას კარგავენ.

    იპნ
  14. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანელ ხალხს მოუწოდებს, რუსეთის სისხლიანი ომის თანამონაწილეები არ გახდნენ, რომლებიც ირანულ „კამიკაძე“ დრონებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დასახოცად იყენებს.
    „დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავდასხმები მუდმივად გრძელდება, მინდა მივმართო უშუალოდ ირანელ ხალხს, თითოეულ ოჯახს, იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე ირანში. კითხვა მარტივია: რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? რატომ ხართ ბოროტი სახელმწიფოს მხარეს?“- განაცხადა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა ისწავლეს „კამიკაძე“ დრონების ჩამოგდება, რომლებსაც ირანი რუსეთს გადასცემს, მაინც არის დარტყმები და მსხვერპლი.
    "როდესაც ირანული დრონი კლავს ორსულ უკრაინელ გოგონას თავის ქმართან ერთად საკუთარ სახლში, რისთვის გჭირდებათ ეს თქვენ, დედებსა და მამებს ირანში? როცა თქვენი Shahed-ი ჩვენი სტუდენტების საერთო საცხოვრებელს ურტყამს, ხალხი იღუპება, ხანძარი ჩნდება, მაშველები ადგილზე მიდიან და რამდენიმე წუთში მეორე Shahed-ი ურტყამს და სიცოცხლეს ართმევს მათ, ვინც სხვების სიცოცხლე გადაარჩინა, რისთვის გჭირდებათ ასეთი ცინიკური მკვლელობები? მკვლელობები რუსეთის ხელით, მაგრამ თქვენი იარაღით. რას მიიღებთ მისგან თქვენ, ხალხი თეირანში, შირაზში, ან თქვენი ქვეყნის ნებისმიერ სხვა ქალაქში?“- განაცხადა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, აგრესორისთვის დახმარების აღმოჩენის შედეგად ირანი იღებს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას მსოფლიოსგან და კიდევ მეტ პრობლემებს.

    იპნ
  15. tvati
    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსების მიერ წუხანდელი შეტევის დროს გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 36-ვე დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან იყო გაშვებული.
    „ერთობლივი ძალისხმევით 36-ვე „შაჰიდი“ განადგურდა!“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
    უწყების განმარტებით, თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ოლქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტების განადგურება იყო.
    შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში, რუსების მხრიდან დრონებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა.

    იპნ
  16. tvati
    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო რუსეთს სანქციებს არ და ვერ უწესებს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს, ვიდრე რუსეთს.
    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პრინციპული დამოკიდებულება ქართველების ინტერესებიდან გამომდინარეობს და არ გადაიხედება.
    „საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი საქართველოში არ დაჯდება. საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ ამ ქვეყნიდან უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს არ უშლის. საქართველო რუსეთს სანქციებს არ და ვერ უწესებს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც პოზა დავიჭიროთ, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დაზიანებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ამისთვის არ მგონია, რომ ვინმემ საქართველოს დასჯა უნდა მოინდომოს. ჰააგაშიც კი ვითხოვთ, რომ მხარი დავუჭიროთ იმ დოკუმენტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის, თუმცა, მეორე მხრივ, სანქციებს არ ვაწესებთ. ამიტომ არის ის, რომ ფრენები არის თავისუფლად. ცალმხრივად დაწესებული სანქციები რუსეთმა ცალმხრივად მოხსნა. როდესაც ვითხოვდით ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამის მოხსნას, ჩვენ თვითონ ამ სანქციების დაწესებას და შესაბამისად, ქართველების დაზიანებას არ ვაპირებთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის ერთი მხრივ, ძალიან სახელმწიფოებრივი, ეროვნული, რომელიც ქართველების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს პრინციპული დამოკიდებულება არ გადაიხედება“,-განაცხადა მდინარაძემ.
  17. tvati
    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აქვს თავისი სლოგანი, შესაბამისი კამპანია და დეკორაციებიც ყოველ წელს იცვლება.
    როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი არის სპეკულაცია და სიბინძურე, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
    „ეს არის მორიგი სპეკულაცია და ჩვეულებრივი სიბინძურე, რასაც კადრულობენ კონკრეტული ადამიანები. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშა. ასევე, ყოველ დამოუკიდებლობის დღეს გვქონდა შესაბამისი სლოგანი და შესაბამისი შინაარსის კამპანია მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო კამპანია, როცა მთავარი თემა იყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მაშინ პარლამენტის შენობაზე საქართველოს დროშა საერთოდ არ იყო გამოფენილი და ამ პოემიდან ამონარიდები იყო წარმოდგენილი. გასულ წელს კამპანიის მთავარი ხაზი იყო ევროპა, დეკორაციებიც შესაბამისი იყო, მათ შორის ევროკავშირის დროშები.
    სპეკულაციები საჭირო არ არის. არ ვიცი ეს სიბინძურე რას ემსახურება. შეიძლება ვინმეს მცდელობა ჰქონდა, რომ საზოგადოებისთვის დაეჯერებინა ან ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოეყენებინა. ხალხი ყველაფერს ხვდება. სიმართლე ყოველთვის გაირკვევა და ადამიანებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც აქვთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
    მისივე თქმით, ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი არის დღევანდელი ხელისუფლების მიზანი, ეს ჩანაწერი კონსტიტუციაშიც არის გაკეთებული, თუმცა უპირველესი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
    „ჩვენ ხშირად გვახსენებენ იმას, რომ კონსტიტუციაში გიწერიათ ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალიო. რა თქმა უნდა, ეს გვიწერია და სწორედ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, გაკეთდა ეს ჩანაწერი. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვიწერია. ეს არის მნიშვნელოვანი და მერე უკვე სხვა დანარჩენი.
    ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას. ოპოზიცია კი ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს. ყველაფერს ვაკეთებთ და შევასრულებთ. შემდეგ კი, ევროკავშირზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    იპნ
  18. tvati
    მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ.

    ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ვიქტორ ხრენინმა და სერგეი შოიგუმ ასევე განიხილეს "სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები."

    შოიგუმ ბელარუსს რუსეთის "ერთგული მოკავშირე და საიმედო პარტნიორი" უწოდა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ერთად დგას "კოლექტიური დასავლეთის" წინააღმდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, მათთან გამოუცხადებელ ომს აწარმოებს. ამავე დროს, შოიგუმ აღნიშნა, რომ ლაპარაკი არ არის ბირთვული იარაღის ბელარუსისთვის გადაცემაზე და მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების უფლება მოსკოვს რჩება.
    მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომის წინა დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და ბელარუსმა შექმნეს "უნიკალური პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში" ფორმულით: "ორი ქვეყანა - ერთი სახელმწიფო". "ბოდიშს ვიხდი და ორივეს ერთი ბირთვული იარაღიც კი აქვს“, - თქვა ტოყაევმა. მან ხაზი გაუსვა, რომ "ევრაზესის" ფარგლებში არის ინტეგრაციის კიდევ ერთი დონე, რომელსაც ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი წარმოადგენენ. "ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს რეალობა. როგორ ვიმუშავებთ ამ პირობებში, კონცეპტუალური საკითხია. ვფიქრობ, ამ პრობლემის განხილვა გვჭირდება", - დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

    ყაზახეთმა ადრე არ აღიარა ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და, შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია. ბელარუსს ასევე პირდაპირ არ უღიარებია უკრაინული მიწების ანექსია, თუმცა ალიაქსანდრ ლუკაშენკა შეხვდა რუსეთის მიერ დანიშნულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, დენის პუშილინს.

    რადიო თავისუფლება
  19. tvati
    ოკუპანტი ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება სრულიად ნონსენსია, ეს ასე არ ხდება. სანამ ის ოკუპანტია უსაფრთხოების სისტემებზე საუბარი გამორიცხულია, შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლება გვყავს დღეს, - ამის შესახებ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
    მისივე თქმით, რუსეთთან პარტნიორობის იმედად ყოფნა ძალიან მიამიტურია.
    „ძალიან პრაგმატულად, რომ ვთქვათ კეთილდღეობა რუსულად და უსაფრთხოება რუსულად არ მუშაობს. მეორე მხარეს არის ნატო, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყო თავისი ქვეყნების კეთილდღეობაც და უსაფრთხოებაც და ევროკავშირი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური და ბევრი საკრიტიკო არის და მეც გამიკრიტიკებია, მაგრამ ის, რომ ეს არის რეალურად ერთადერთი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მექანიზმი, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ა.შ., ეს არის უალტერნატივო. ოკუპანტი ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება სრულიად ნონსენსია, ეს ასე არ ხდება. სანამ ის ოკუპანტია უსაფრთხოების სისტემებზე საუბარი გამორიცხულია, შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლება გვყავს დღეს. იმდენი რესურსი და იმდენი სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა ყველას შეიძლება ეყოს. მთავარია, ჩვენ გვქონდეს სწორი პოლიტიკა და ვიყოთ სანდო პარტნიორი ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მიმართ. რუსეთთან პარტნიორობის იმედად ყოფნა ძალიან მიამიტურია, თუ არა ბოროტი ჩანაფიქრი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
  20. tvati
    რუსეთმა ბახმუტის გარეუბნებში კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ქვედანაყოფები რეგულარული არმიის ჯარისკაცებით ჩაანაცვლა, მაგრამ ჯგუფის მებრძოლები განადგურებულ ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
    მანამდე, "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან „ვაგნერის“ მებრძოლების გაყვანა დაიწყო.
    "ვაგნერელთა" გაყვანის პროცესის ამსახველი ვიდეო პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა, სადაც ის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების გვერდით პოზირებს.
    „ზურგის ზონაში გავდივართ. 1-ელ ივნისამდე ყველანი შევიკრიბებით, (პოზიციები) სამხედროებს გადაეცემათ“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
    ამის შემდეგ მან დაქირავებულ მებრძოლებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ 1-ელი ივნისისთვის „ვაგნერის“ ყველა ქვედანაყოფი ზურგის მხარეს გადაინაცვლებს და დასვენების შემდეგ „ახალ დავალებებს“ მიიღებენ.

    ინტერპრესნიუსი
  21. tvati
    ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ძირითადად “ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც "ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა - ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას, რომ 26 მაისის ღონისძიებისთვის პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები, წინა წლების მსგავსად, გამოფენილი არ არის.
    მისი თქმით, 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ეროვნული ატრიბუტიკა იყოს გამოყენებული.
    „კიდევ ერთი, მორიგი ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია. 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი. არც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, არც მომდევნო წლებში არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული ამ შესაბამისი დღის გაფორმებაში, რადგან 26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე - ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს. მე პირიქით მინდა გავიხსენო ერთი რამ - არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად, ძირითადად “ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც "ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოზე საქართველოს დროშა გამოსახული. ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი“, - განაცხადა კობახიძემ.

    იპნ
  22. tvati
    „მთის ამბების“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობის მუქარისშემცველ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.
    პირი, რომლის ვინაობის იდენტიფიცირებას ჟურნალისტი არ ახდენს, მას ჟურნალისტური მასალის წაშლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
    „მიწიდან ამოგთხრი, თავი თუ არ გაგიხვრიტო… ჩვენ რაც გვჭირს, ეს არის ჩვენი უბედურება… ეს ვიდეო აიღე, მიწიდან ამოგთხრი. ძმის სულს გეფიცები, თავი თუ არ მოგაჭრა…,“ – ისმის ჩანაწერში.
    სიუჟეტი, რომლის გამოც გელა მთივლიშვილმა მუქარა მიიღო, „მთის ამბებზე“ გამოქვეყნდა.
    ჟურნალისტურ მასალაში საუბარია ჭიათურის რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც 30 წლის კაცი გზის პირას წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ თხრილები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ნამოქმედარია, მანგანუმის მოპოვების შემდეგ კომპანია მიწას გადათხრილს ტოვებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ოჯახმა არ იჩივლა, კომპანიის დანაშაული გამოძიებული არ არის.
    მუქარისშემცველი ჩანაწერის გავრცელების შემდეგ მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მთივლიშვილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.
    „პუბლიკას“ უწყებიდან აცნობეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილს ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
  23. tvati
    ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება.
    ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს.
    გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.
    „პუბლიკა“ საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია მიტროპოლიტის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ მათაც რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან და ფოტოებიდან გაიგეს.

    პუბლიკა
  24. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთის პორტში დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოში 80 კილოგრამი ჰეროინის შემოტანას ცდილობდა.
    უწყების თანახმად, ბრალდებულია 1961 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე – სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის ჩხრეკისას „მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე“ ჰეროინი აღმოაჩინეს.
    გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს „განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა“.
    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    ნეტგაზეთი
  25. tvati
    საქართველოს მთავრობა განმარტავს, რატომ შარშანდლისგან განსხვავებით, აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში.
    მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.
    „წლებია რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“. მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს“, — აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

    საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელში პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა და ეს მთავრობის კურსის ცვლილებას დაუკავშირეს.
    „ალბათ, მალე ჩამოხსნიან ევროპის დროშას, რომელიც დღემდე ფრიალებს პარლამენტის წინ. ყველასთვის ცხადია, როგორ ვშორდებით ევროპას. ამიტომ: გადმოფინეთ საქართველოს და ევროპის დროშები ფანჯრებიდან და აივნებიდან. ვისაც არ გაქვთ — შეიძინეთ. ხვალ ბოლო დღეა. აჩვენეთ საქართველოს მტრებს, რომ წილი ნაყარია. აჩვენეთ რუსეთუმეებს, რომ საქართველო არ გადაუხვევს არჩეული გზიდან. აქციეთ 26 მაისის დღესასწაული საერთო სახალხოდ — მიიღეთ ასეთი სახით მონაწილეობა საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღნიშვნაში. და დამეხმარეთ ამ მოწოდების გავრცელებაში“, — დაწერა ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ.




    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...