
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კაჰრამანმარაშში პარასკევს, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი, 65 წლის მამაკაცი, 22 წლის ახალგაზრდა გოგო და მის უმცროსი და ცოცხლად ამოიყვანეს. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
,,გამოვიყვანეთ მამაკაცი, სახელად ჰუსეინი, რომელმაც გვითხრა, რომ ნანგრევებში ხმები ესმოდა. მაშინ ჩვენ სხვა ოთახში გადავინაცვლეთ, თუმცა ვერავინ ვიპოვეთ. მაინც გადავწყვიტეთ ძებნა გაგვეგრძელებინა, იქნებ, მამაკაცი მართალი ყოფილიყო? ცოტა მოშორებით მართლაც ვიპოვეთ ორი ქალი,“ - აცხადებს ისრაელის სამაშველო სამსახურის მეთაური გოლან ვაჰი.
პარასკევს, თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ისკანდერუნში მაშველებმა კიდევ ექვსი ადამიანი გადაარჩინეს.
მიწისძვრიდან მეხუთე დღეს, მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ოთხი ადამიანი ამოიყვანეს სირიაშიც, მათ შორის არის 6 წლის ბიჭიც.
გაერო-ს მონაცემებით, მიწისძვრისგან დაზარალებულ ორივე ქვეყანაში, ამჟამად 900 ათასზე მეტ ადამიანს ესაჭიროება კვება და თბილი ტანსაცმელი. სირიაში კი, 5,3 მილიონი ადამიანი, საერთოდ, უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშეა.
ამ დროისათვის, დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 24 ათასს მიაღწია, 80 000 ადამიანი დაშავდა, მილიონობით კი - უსახლკაროდ დარჩა.
- Read more...
- 0 comments
- 435 views