Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები

Recommended Posts

“ეროვნული ფორუმი” საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის იდენტიფიკაციას ბიომეტრიული ფოტოს გამოყენებით ითხოვს

“გუშინ სასტუმრო “ვერე პალასში” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმის” მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ინიცირებულ წინადადებათა განხილვა მოაწყო. განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ეკა ბესელია, კახა კუკავა, დავით უსუფაშვილი, კახა კაციტაძე, სოსო შატბერაშვილი, კახა ძაგანია, ირაკლი ალასანია და სხვები. საპარლამენტო ოპოზიციიდან იმყოფებოდა გიორგი თარგამაძე. სხდომას უძღვებოდა დამოუკიდებელ ეტსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი, სოსო ცისკარიშვილი”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რის სანაცვლოდ მიიღებს “ეროვნული ფორუმი” არჩევნებში მონაწილეობას? / რატომ წამოიწყო იმ პარტიამ საარჩევნო პირობების გაუმჯობესებაზე საუბარი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს?

“ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემოთავაზებაში იმაზე, რომ თავიდან მოხდეს ამომრჩეველთა რეგისტრაცია, მოხდეს სიების ელექტრონული ვერსიის გაკეთება, ხოლო ამ სიას უნდა დაემატოს ბიომეტრიული ფოტოსურათი. ეს უკანასკნელი აუცილებელია იმისთვის, რომ ამომრჩევლის იდენტიფიკაცია მოხდეს. დღეს ყველა სახის დოკუმენტის გაყალბებაა შესაძლებელი, რაც ძალიან ხშირად ხდება საარჩევნო პროცესში. ერთადერთი, რის შეცვლაც შეუძლებელია, ეს არის ჩვენი ბიომეტრიული ფოტო - გინდა გვარი შეუცვალე, გინდა სახელი, ის რჩება მაინც უცვლელი. როდესაც ამომრჩეველი მივა უბანზე, მას გადაუღებენ ბიომეტრიულ ფოტოს. თუ ეს ამომრჩეველი სხვა ადგილზე მოინდომებს ხმის მიცემას, კომპიუტერი თავთად მოახდენს იდენტიფიკაციას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი.

“ჩვენ ასევე ბევრი ვიფიქრეთ, როგორც გამოვრიცხოთ ყალბი ბიულეტენები, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა არჩევნებამდე ხდება ბიულექენებზე ბეჭდის დარტყმა და მერე მასობრივი ჩაყრა. ამიტომ უნდა მოხდეს ბიულეტენებზე საკონტროლო ბეჭდის დარტყმა. მესამე საკითხია, როცა არჩევნების შემდეგ მეორე და მესამე დღეს იზრდება ხოლმე ამომრჩეველთა მაჩვენებელი. როგორც კი ხმის მიცემის პროცედურა დამთავრდება, უნდა დაითვალსო, პირველ რინში, დარჩენილი ბიულეტენები. ეს პროცედურა ხდება ვიდეოთვალის წინ, როგორც კი ეს გაკეთდება, მაშინვე დაიწყება ჩაბრილი ბიულექენების დათვლა”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.

“ეროვნული ფორუმის “ წარმოდგენილ იდეებს ცოტა ეჭვით უყურებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მისი აზრით, თუ არ დაზუსიდება კომპიუტერი ვისი კონტროლის ქვეშ იქნება და რამდენად იქნება სანდო, ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ უფრო დიდი საფრთხის წინაშე. მისივე თქმით, სხდომაზე ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი, რომელიც ოპოზიციას ხშირად უკმაყოფილებს თხოვნას, მაგარმ შემდეგ შემოაქვს გაყალბების თავისი მექანიზმები. ვახტანგ ხმალაძის აზრით, ხელისუფლებას ამ წინადადებებზე ძალიან გაუჭირდება არგუმენტირებული უარის თქმა. მისივე თქმით, კომპიუტერიული პროგრამის დაცვის ხარისხი არის საკმაოდ მაღალი. დავით უსუფაშვილის თქმით კი ელექტრონული ვერსია არ გამორიცხავს დანარჩენს, ანუ ჩვეულებრივ სიებსა და პროცედურებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამაში ჩაერთვებიან ამერიკელებიც და ევროპელებიც, მათ მზადყოფნა უკვე გამოთქვეს. ხელისუღფლებას საწინააღმდეგო არგუმენტი არ ექნება. ჩვენ ეს პროცესი დავძარით იმიტომ კი არა, რომ მაინცდამაინც ადგილობრივი არჩევნებისთვის მოესწროს, არამედ ამ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმდეს საარჩევნო პროცესზე. სანამ ამ წინადადება წარვადგენდით, გვქონდა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები, პრინციპში, ყველა თანახმაა. აქ არის ჩამოწერილი ოთხი მთავარი პუნქტი, არის კიდევ დეტალები. ეს ისეთი თემაა, რაზეც ხელისუფლება უარს ვერ იტყვის. ეს გაყალბებას მთლიანად ვერ მოსპობს, მაგრამ მინიმუმამდე დაიყვანს”, -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - “ვანო მერაბიშვილის გავლენასაც დაიბვან მინიმუმამდე?” - პასუხობს:

“არა, დაშინებები და რეპრესიები იქნება, მაგრამ უბანზე რომ მივა ამომრჩეველი, იქ როგორ მოიქცევა, არავინ იცის. აქ ლაპარაკია პროცედურულ საკითხებზე. თუმცა, უბანზე გაყალბება თითქმის შეუძლებელი იქნება. ეს საკითხი დავძარით ჩვენ. უცხოელები, პრინციპში უკვე ჩართულები არია, მათგან ექნება ხელისუფლებას კონსულტაციები. როგორც ვიცით, ხელისუფლებამ “ენ-დი-აი”-ს პროექტი ჩააგდო. ამიტომ ეს პრესტიჟის საქმეცაა”.

ეკა ბესელიამ სასამართლოს გასათავისუფლებლად ახალი მოძრაობა - “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ჩამოაყალიბა

“ზეპარტიული მოძრაობა, რომლის სახელწოდებაა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” დღეს დავაფუძნეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რმო პარტიას ვტოვებთ. ეს მოარული, ხელოვნურად აგორებული ჭორია და სხვა არაფერი. არც ჩვენი პარტიის გარეთიანება არ იგეგმება რომელიმე პოლიტიკეურ სუბიქეტთან. ნინო ბურჯანაძის პარტიასთან გვექნება სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა. ნინო ბურჯანაძესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და არავითარი დაპირისპირება ჩვენს შორის არ არსებობს”, - აცხადებს “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ეკა ბესელია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არასაპარლამენტო ოპოზიცია მხარს გვიჭერს” / ეკა ბესელიამ სასამართლოს გასათავისუფლებლად ახალი მოძრაობა ჩამოაყალიბა.

“ჩვენი მოძრაობის ყველაზე აქტიური წარმომადგენლები იქნებიან სამოქალაქო სექტორისა და საზოშაოდეობის აქტიური ნაწილი. მოძრაობის მიზანია სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკანონო პატიმრებს, დავიწყოთ მათი გათავისუფლების კამპანია სასამართლოში და სამართლიანობისთვის ბრძოლა. ამის ირგვლივ უნდა მოხდეს კონსოლიდირება და რაც შეიძლება მეტი ადამიანის მხარდაჭერა უნდა მოვიპოვოთ. თუ ამ გზაზე მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტები არ არსებობს და როცა ქვეყანაში სასამართლო არის პოლიტიკური, იქ ელემენტარულ სამოქალაქო უფლებებზე საუბარი, უბრალოდ, ფორმალური ხდება. შეიქმნება ერთიანი ცენტრი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. თემების საჯაროობა, საჯარო მოსმენები, ერთიანი დოკუმენტის შექმნააა საჭირო, ასევ დაიგეგმება სხვადასხვა აქციები პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ყველა ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმ არენიდან, სადაც მოღვაწეობს. ყველამ უნდა იბრძოლოს სამართლიანობისა და უკანონობის წინააღმდეგ. ბრძოლის ადგილი მხოლოდ ქუჩა არ არის. იმედი მაქვს, ჩვენს მოძრაობას შემოუერთდებიან როგორც არასამთავრობოები და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური სპექტრიც. არასაპრალამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელიგვიჭერს მხარს. ისინი მზად არიან ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად”, - აცხადებს ეკა ბესელია და შეკითხვას - რაც შეეხება უკანონო პატიმრების და პოლიტპატიმრებს, მათი გათავისუფლება როგორ წარმოგიდგენიათ?” - პასუხობს:

“მარტო ციხეებში შესვლა და პატიმრების ნახვა ხომ არ არის მთავარი. უკანონო პატიმრების საქმეების შესწავლა შესაძლებელია ყველა გზით, იურისტები იქნებიან ყველაზე დიდი ძალა, რომელიც ამ პროექტში ჩაერთვებიან. ხელისუფლების მარწუხებისგან გათავისუფლების მცდელობა ორი მიმართულებით უნდა მოხდეს. პირველი, ეს არის საერთაშორისო ორგანიზიებთან და ასევე პოლიტიკურ დიპლომატიური სპექტრთან კონსულტაციებით და ამასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება და ჩართვა ამ პროცესებში. პოლიტიკური რეპრესიები უნდა შეჩერდეს”.

13.02.2010

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125297.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2010

15 / 02, 2010 11:39

• იაგო კაჭკაჭიშვილი - “არავითარი მოღალატე ნოღაიდელი არ არის. ის, უბრალოდ, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით”

• ლევან ალექსიძე - “ცრუ-ექსპერტები საქართველოში დეზორიენტაციას უწევენ ქართველ ხალხს ომის დაწყებასთან დაკავშირებით”

• ირაკლი მელაშვილი - “თუ საზოგადოებას უნდა ეს ხელისუფლება, ჩემი საქმე იქნება ოპოზიციაში ყოფნა”

• ფრიდონ თოდუა, ირაკლი მენაღარიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე - ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს!

იაგო კაჭკაჭიშვილი - “არავითარი მოღალატე ნოღაიდელი არ არის. ის, უბრალოდ, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით”

“რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური, კულტურული და მენტალური “თვისების”პროცესი თანდათან უფრო გაძლიერდება. სამწუხაროდ, ამ პროცესზე ქართულ მხარეს, დღესდღეობით, არანაირი სერიოზული ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ამ მიმართულებით არც საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლის ეფექტიანობას უნდა ველოდოთ. ჯერჯერობით სუსტი ბარიერების აგება ამ გზაზე ისევ აფხაზებსა და ოსებს შეუძლიათ (აფხაზებს განსაკუთრებით!). აფხაზეთში უკვე აქა-იქ გაისმის პროტესტი რუსეთთან სრული ასიმილაციისა და თვითმყოფადობის დაკარგვის საშიშროების გამო. მოსალოდნელია, ეს პროტესტი გაძლიერდეს”, - აცხადებს სოციოლოგიის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დასავლეთმა დაკარგა საქართველო თუ პირიქით? / “ოპოზიციამ ხელისუფლების მოედანზე ბევრი ნაღმის აღმოჩენა უნდა შეძლოს”.

“აფხაზებს, როგორც ამ მიწა-წყლის ძირძველ ნაციას (ქართველებთან ერთად), უთუოდ შეაწუხებს რუსეთის უპირობო სატელიტად ყოფნის ტვირთი და ამას, ადრე თუ გვიან, აუჯანყდება. აი, სწორედ ამ მომენტში მაინც უნდა დავახვედროთ ქართველებმა აფხაზებს ის პოლიტიკური და კულტურული ფონი, რომელიც მათ ჩვენთან ღირსეული თანაარსებობის გარანტიებს შეუქმნის. ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ასეთი ფონის შექმნის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ინსტიტუტები (მათ შორის, პოლიტიკური) და ცალკეული ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას უნდა დაელოდონ. საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან მისასვლელი ალტერნატიული გზების ძიება, უნდა გახშირდეს სამოქალაქო აქტიურობა (ვგულისხმობ თუნდაც პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ამასწინანდელ ვიზიტს ცხინვალში). ფაქტია, ქართველი საზოგადოება ამ მიმართულებით მნიშვნელოვან რესოციალიზაციას საჭიროებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი.

“დავსვათ შეკითხვა: ვინ ელაპარაკება დღეს რუსეთს ნოღაიდელის სახით? - თუ ყველაზე მეტად არა, ერთ-ერთი ყველაზე არარეიტინგული პოლიტიკური ძალა! მოძრაობას “სამართლიანი საქართველოსთვის” უაღრესად დაბალი პოლიტიკური “წონა” აქვს, ხოლო მის ლიდერს ამომრჩეველთა ნდობის თვალსაზრისით, - კატასტროფულად დაბალი რეიტინგი. ამდენად, ნოღაიდელი რუსეთს მხოლოდ პირადი და მის მხარდამჭერთა ძალზე ვიწრო წრის სახელით ელაპარაკება. იმასაც დავუმატებთ, რომ ნოღაიდელს პოლიტიკის მართვის არანაირი რეალური ბერკეტები არ გააჩნია, მისი ეს რუსული ვოიაჟები ნულოვანი ეფექტის მქონე ინიციატივად გამოიყურება. ასეთი ინიციატივების მომსწრე არაერთხელ ვყოფილვართ (ირინა სარიშვილით დაწყებული და ასლან აბაშიძით დამთავრებული). უბრალოდ, მათ არასოდეს ღირსებიათ ასეთი აჟიოტაჟი და გაპიარება. ფაქტია: ხელისუფლებას ნოღაიდელზე “გავლით” სურს მასსა და რუსეთს შორის გამყოფი “რკინის ფარდის” კიდევ უფრო ჩაკეტვა”, - განაგძობს გამოცემის რესპონდენტი.

“რუსეთთან ურთიერთობის ყველანაირი მცდელობის დისკრედიტაციისთვის ის შესანიშნავად იყენებს ნოღაიდელის მერუსეთეობას. ხელისუფლების ლოგიკა მარტივია: რუსეთთან თანამშრომლობა შეიძლება გამოუვიდეთ მხოლოდ ისეთ მარგინალურ და მოღალატე პოლიტიკოსებს, როგორიც ნოღაიდელია. ხელისუფლება ცდილობს საკუთარი უღონობა ნოღაიდელზე შეტევით გადაფაროს. არადა, ეს სხვა არაფერია, თუ არა “სირაქლემის” პოზა. რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებათა გარეშე საქართველოსთვის უმწვავესი - ტერიტორიების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. მთავარია, ვინ არის ამ მოლაპარაკების აქტორი ქართული მხრიდან. ვერც ნოღაიდელი და ვერც დღევანდელი ხელისუფლება ასეთი აქტორის როლს ვერ შეასრულებს. ასე რომ, არავითარი მოღალატე ნოღაიდელი არ არის. ის, უბრალოდ, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით”, - მიიჩნევს იაგო კაჭკაჭიშვილი.

“ვერ დამისახელებთ თითქმის ვერც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ხმამაღლა არ უთქვამს, რომ ომის დაწყებაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ამაში ახალი და სენსაციური არაფერია (ბოლოს და ბოლოს, ეს შავით თეთრზე წერია ტალიავინის კომისიის დასკვნაში). უბრალოდ, ეს ამბავი ოდნავადაც არ ანელებს რუსეთის ხელისუფლების გამაოგნებელ აგრესიას და იმპერიულ ამბიციებს საქართველოსთან დაკავშირებით. ცხადია, რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის ხელზე დაიხვევს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ კრიტიკას. და ამიტომ, რა - ამის შიშით საქართველოს საზოგადოებამ დითირამბები უნდა უძღვნას ხელისუფლებას? მთავარი აქ სხვა რამეა. ვიმეორებ, ადრე თუ გვიან რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აუცილებლად მოუწევს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალებს. ნაკლებად წარმოსადგენია ამ ძალთა შორის მოხვდნენ დღევანდელი ხელისუფლება და იმ “წონის” პოლიტიკური ლიდერები, როგორიც ნოღაიდელია”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი.

“ფრაზას - “დასავლეთმა საქართველო დაკარგა?” - არა აქვს მტკიცებითი ფორმა, ის შეკითხვის სახითაა დასმული და უკეთეს შემთხვევაში, ეჭვს შეიძლება გამოხატავდეს. შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ დასავლეთმა საქართველო რუსული აგრესიის წინაშე მარტო დატოვა. თუმცა, რუსეთის თვითნებობამ რომ აშკარად აჯობა დასავლურ დაბალანსებულ მეგობრობას, ესეც ფაქტია. დასავლეთის ქვეყნებისა და დასავლური სტრუქტურების საქართველოსთან მეგობრობა ვერ იქნებოდა უპირობო. ყველაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო მისაღები, გარდა იმისა, რომ საქართველო ღია კონფლიქტში ჩაერთვებოდა რუსეთთან. დასავლეთის მოზომილი პარტნიორობა სულაც არ მოჩანს უადგილოდ. ამიტომ, მე ამ სტატიის სათაურს ასე გადავაფორმულირებდი: “საქართველომ დაკარგა დასავლეთი?” - აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი და შეკითხვას - “ქართულმა მედიასაშუალებებმა ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრება გაავრცელა - თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება არც დასჭირდებაო... თქვენ როგორ ფიქრობთ?” - პასუხობს:

“ვიზიარებ ამ მოსაზრებას. თუ თვალს გადავავლებთ პოსტსაბჭოთა საქართველოს წინასაარჩევნო სტრატეგიას, ერთი რამ თვალში საცემია: როგორც წესი, ოპოზიცია ორიენტირდებოდა ამომრჩევლის ე.წ. “ნეგატიურ მობილიზაციაზე”, ანუ ცდილობდა დაერწმუნებინა, თუ რა ცუდია არსებული ხელისუფლება. მინიმალურად იყო წარმოჩენილი პოზიტიური ალტერნატივები. დღეს ყველაზე უფრო მწვავედ დგება სწორედ ასეთი ალტერნატივის შეთავაზების აუცილებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია არ ეცადოს გამოააშკარაოს სახელისუფლებო კანდიდატის მიერ ჩადენილი უკანონობები, არ ეძიოს საამისო კომპრომატები. ჯერჯერობით, მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. გიგი უგულავა თანამიმდევრულად და ბეჯითად ამკვიდრებს თბილისელებზე თავგადაკლული მეურნე მერის იმიჯს და ამ გზაზე მას, ჯერჯერობით, არანაირი დაბრკოლება არ ხვდება”

ლევან ალექსიძე - “ცრუ-ექსპერტები საქართველოში დეზორიენტაციას უწევენ ქართველ ხალხს ომის დაწყებასთან დაკავშირებით”

“საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. სამწუხაროდ, საქართველომ პირველ ხანებში ვერ შეძლო წინაღმდეგობა გაეწია რუსეთის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომისთვის, რაზედაც მოსკოვი მილიონობით დოლარს ხარჯავდა და ხარჯავს, რათა მიეჩქმალა საქართველოში რუსეთის ინტერვენციის და ოკუპაციის ფაქტები და ომის დაწყება საქართველოსთვის გადმოებრალებინა. სამწუხაროდ, დასავლეთის პრესა, პოლიტიკოსები და ზოგი საერთაშორისო ექსპერტიც კი (განსაკუთრებით გერმანიაში), წამოეგენ ამ ანკესზე. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი დაჟინებით აბრალებდა საქართველოს აგრესიული ომის დაწყებას, თითქოს მან “პირველმა შეუტია” ცხინვალს და რუსეთის მიერ ლაგებულ მახეში გაება”, - წერს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, პროფესორი ლევან ალექსიძე გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში, სათაურით უტიფარი უვიცი ტანკზე საშიშია / “საქართველო აგრესორია”! - რეალობას მოკლებული ფუჭი ოცნებაა.

“მოხსენებას, რომელიც ტალიავინიმ 2009 წლის 30 სექტემბერს წარუდგინა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ზოგი მის ობიქეტურობას აქებდა, ზოგი მისაიას ფაქტებისა და მათი შეფასების შეუთავსებლობას აბრალებდა. ცნობილმა რუსმა ექსპერტმა აკადემიკოსმა ა. ილარიონოვმა მოხსენების ძირითადი ნაწილი კი დაახასიათა, როგორც “სკანდალური”, რადგანაც “მოხსენება მხარს უჭერს აგრესორს, ამართლებს მომხდარ ინტერვენციას და წარმოადგენს ცრუ სამართლებრივ დასაბუთებას, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალში შესაძლო აგრესიებისა, რაც, სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის”... იმთავითვე შემეპარა ეჭვი მისიის სრულ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაში, რადგანაც მის შემადგენლობაში 19 წევრიდან 7 გერმანელი იყო, რომელთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში ადანაშაულებდნენ საქართველოს. ბელგიელი ექსპერტი ბრუნო კოპიეტერსი კი ტრადიციულად აფხაზი სეპარატისტების გულმოდგინე დამცველად გვევლინება”, - წერს სტატიის ავტორი.

“მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით მოძიებული ფაქტების რაოდენობა და მათი შემზარავი ხასიათი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მისიამ ვერ გაბედა რუსეთი მთლიანად “გაეთეთრებინა” და იძულებული გახდა სააშკარაოზე გამოეტანა აღნიშნული ფაქტები, თუმცა მათი შეფასება აბსოლუტურად მიუღებელია. სამწუხაროდ, ასეთ ვითარებას კარგად იყენებენ ცრუ ექსპერტები და დეზორიენტაციას უწევენ ქართველ ხალხს, როგორ ტელევიზიით, ასევე ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ტალიავინის მიერ მოძიებული ფაქტები არ იძლეოდა საქართველოს აგრესიაში დადანაშაულების საფუძველს, ამიტომ მოხსენებაში სიტყვა “აგრესორი” არც ერთი მხარის მიმართ არ არის გამოყენებული. მისიის მოხსენებაში კარგად ჩანს ის ორჭოფული პოზიცია, რომელიც გამოკვეთა მხარეთა ქმედებების შესწავლისა და შეფასების დროს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“მოხსნებაში უარყოფილია რუსეთის ყველა მცდელობა, სამართლებრივად გაემართლებინა ინტერვენცია: ძალის გამოყენება თავდაცვის მიზნით (II, გვ. 264-268), ინტერვენცია სამხრეთ ოსეთის თხოვნით (II გვ. 282), “კოლექტიური თავდაცვა” (II გვ. 283), სამშვიდობოების დაცვის საჭიროება (II გვ. 270), რუსეთის მოქმედებების აუცილებლობა და პროპორციულობა (II გვ. 274-289), “ჰუმანიტარული ინტერვენცია” რუსეთის მოქალაქეების და ოსების მიმართ გენოციდის აღკვეთის მიზნით (II გვ. 284). საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი სუბიექტური ექსპერტისთვის ზემოთ ჩამოთვლილი “ქმედებანი” მთლიანად თავსდება გაერო-ს წესდების 2(4) მუხლით აკრძალული პრინციპის ჩარჩოებში - ეს ქმედებები აშკარად აგრესიულ ხასიათს ატარებდნენ, თუმცა მისიამ თავი შეიკავა მსგავსი კვალიფიკაციისგან”, - წერს ექსპერტი.

“რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენცია და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია დღეს დიპლომატიური, პოლიტიკური და რაც მთავარია საერთაშორისო სამართლის სწორი ინტერპრეტაციისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. როგორც აღვნიშნე, დასავლეთის და თვით რუსეთის ყველა ექსპერტი არგუმენტირებულად აკრიტიკებს ტალიავინის მისიის მოხსენებას მისი პრორუსული ტენდენციის გამო. ისინი უკომპრომისოდ იცავენ საქართველოს სიმართლეს და აკრიტიკებენ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. საქართველოში კი ირაზმებიან ცრუ ექსპერტები, რომლებიც თუთიყუშივით იმეორებენ მოხსენების სადავო დებულებებს და აქცენტი გადააქვთ სწორედ საქართველოს დადანაშაულებაზე, თუმცა მოხსენებაში უხვად არის ჩამოყალიბებული რუსეთის მხრიდან ფაქტობრივად აგრესიული ქმედებების ნუსხა. მსგავსი ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, წყალს ასხამენ ოკუპანტთა წისქვილზე”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჭეშმარიტად, უტიფარი უვიცი ტანკზე საშიშია. რუსეთის დიპლომატია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აქტიურად იყენებს ყოველ ნათქვამს, რომელიც “ათეთრებს” მის ქმედებებს. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ერთ დღეს პუტინი გამოგვეცხადება და მთხოვნელებს ფეხებთან დაუდებს სეპარატისტთა თავებით სავსე ხურჯინს, მწარედ ცდება.”მოსკოველი ხონთქარი” ტანკზე ამხედრებული ჩამოვა, რათა დაამთავროს ის, რაც 2008 წლის აგვისტოში ვერ დაასრულა. რუსული იმპერია, ისევე როგორც ირანი და ოსმალეთი, სწორედ შიდა ქიშპის ფაქტორს იყენებდნენ საქართველოს ნაწილ-ნაწილ ხელში ჩაგდებისთვის. სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგად შეძლო რუსეთმა “საქართველოების” შესუსტება და მათი ანექსია”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“რა აქვთ საერთო პუტინსა და “მისი კარვისკენ მოჯირითე” ქართველ პოლიტიკოსებს? - მხოლოდ ერთ რამ: არსებული ხელისუფლების მიმართ პიროვნული ზიზღი და რევანშიზმი. განსხვავება ისაა, რომ პუტინს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ჩვენი ქვეყნის რუსეთის იმპერიაში დაბრუნება სურს, მის “კარავთან” მოგროვებულ ახალ მოკავშირეებს კი - ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნება. მაგრამ დღეს, განსაკუთრებით რონალდ ასმუსის წიგნის (“მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”) გათვალისწინებით, ბევრ მოვლენას ნათელი ეფინება. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო იძულებული იყო დაეცვა თავი და პრევენციული თავდაცვისთვის მიემართა, რათა შეეჩერებინა რუსეთის და მისი მარიონეტების შემოსევა”, - ასკვნის ლევან ალექსიძე.

ირაკლი მელაშვილი - “თუ საზოგადოებას უნდა ეს ხელისუფლება, ჩემი საქმე იქნება ოპოზიციაში ყოფნა”

“ნოღაიდელი დღემდე სახელმწიფო დაცვით და მანქანით დადის. კანონით დაცვა უგრძელდებათ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებს და არა პრემიერებს. ჩემი აზრით, ნოღაიდელი გამოიყენება როგორც ზემოქმედებისა და დაშინების მეთოდი. არის ასეთი ფარული თამაში. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ცდილობს რუსეთზე გასვლას, ბოლო პერიოდში მე გახლდით კიევში და მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილი როდესაც ბრძანდებოდა კიევში, ის რამდენჯერმე შეხვდა რუსეთის წარმომადგენელს, ის ცდილობდა გარანტიები მიეღო და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნოღაიდელის აქტიური ვიზიტები რუსებთან”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს აქნება დიდი დარტყმა ხელისუფლებისთვის” / დავარტყათ ხელისუფლებას იქ, სადაც არ ელოდება... ერთი კარგად დაგეგმილი პოლიტიკური კომბინაცია სააკაშვილს დაამარცხებს.

“ეს არის მცდელობა იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე შექმნას თავისი სატელიტი ორგანიზაცია და ამის შექმნის პიარტექნოლოგია ძალიან მარტივია. ნოღაიდელი არის ხელისუფლების პროექტი რომლის ამოცანაც ზუსტად ისაა, რასაც აკეთებს ნოღაიდელი: რუსეთზე მიბმით სრული დეზორგანიზაცია გამოიწვიოს ოპოზიციის რიგებში. თან პლუს მას აქვს საკუთარი ფული, რომლესაც ის დახარჯავს ამ საქმეში. სამართლიანი არჩევნების პირობებში ნოღაიდელი ვერანაირ ბარიერს ვერ გადალახავს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ ვერანაირ რევოლუციას ვერ მოაწყობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“ვითარება ისეთია, რომ დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში არათუ თვითმმართველობის არჩევნებს არ აქვს აზრი, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება იგივე შედეგებით დამთავრდეს. ჩვენი პოზიცია არის მკაფიოდ გამოკვეთილი - რაც არ უნდა ცვლილებები შევიდეს კანონში, ყველას გასაგონად ხაზს ვუსვამ, რომ “ფორუმი” თვითმმართველობის არჩევნბში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ არჩევნებს აზრი არ აქვს... ხელისუფლებამ ჩვენი წინადადები რომ გაიზიაროს, ამისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების, ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების. მე ეს მექანიზმები შევთავაზე არა ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, რომ ჩვენ დავიწყოთ ერთობლივი ბრძოლა საარჩევნო გარემოსთვის”, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი და შეკითხვას - “თუკი ხელისუფლებამ გამარჯვა გაუყალბებლად, მერე რას იზამთ?” - პასუხობს:

“თუ საზოგადოებას უნდა ეს ხელისუფლება, ჩემი საქმე იქნება ოპოზიციაში ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ნორმალურ არჩევნებში ეს ხელისუფლება ვერ გაიმარჯვებს. ოპოზიცია აბსოლუტურად დეზორგანიზებულია, 4 თვეა, არჩევნები გამოაცხადეს და არც ერთ კანდიდატს არ გაუხედია ამომრჩევლისკენ, ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს საარჩევნო კამპანიის წარსამართად. ყველა ლაპარაკობს ერთიან კანდიდატზე, რაც არის სრული სიგიჟე. ამასობაში იმხელა ფორა მისცეს ხელისუფლების კანდიდატს, რომ რეალურად ვერ ვხედავ საშუალებას ამ ორ თვეში მდგომარეობის გამოსწორების. ჩვენ ვაპირებთ, პარალელური პროცესი დავიწყოთ, 4 თვე ვაწარმოებდით მოლაპარაკებს ოპოზიციასთან. ჩვენ ამ საკითხების ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ და და დავარტყათ ხელისუფლებას იქ, სადაც სადაც არ ელოდება. ეს იქნება დიდი დარტყმა ხელისუფლებისთვის თუ შეატოვებს მიშას ჯონდისა და “პადოშას” და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ვნახოთ, რა გამოვა. ერთი კარგად დაგეგმილი პოლიტიკეური კლმბინაცია სააკაშვილს დაამარცხებს”.

ფრიდონ თოდუა, ირაკლი მენაღარიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე - ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს!

“სხვათა შორის, აქამდე თავს ვიკავებდი. მაგრამ ახლა მინდა, პირველად თქვენი გაზეთის მეშვეობით, ორ-სამ კაცს ვთხოვო, ჩაერთონ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში!” - აცხადებს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პირველად “ასავალ-დასავალში” ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს.

“პირველი, ეს არის ბატონი ფრიდონ თოდუა, რომელიც რუსეთის არისტოკრატიულ წრეებში ძალიან მიღებული ადამიანია. მას ძალიან დიდი საყრდენი, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს მოსკოვში. მიუწვდება ხმა რუსული არისტოკრატიის ნებისმიერ ფლანგზე და ამიტომ ვურჩევდი ბატონ ფრიდონს, ჩაერიოს ამ ურთიერთობის მოგვარებაში. გვერდა არ ავუვლიდი ირაკლი მენაღარიშვილს. ის ნებისმიერ თანამდებობაზე შეუცვლელი იქნებოდა. გაიხსენეთ, 9 აპრილს ირაკლი რომ არ ყოფილიყო, ასობით ადამიანი დაიღუპებოდა. გვერდი არ უნდა ავუაროთ ასევე ვაჟა ლორთქიფანიძეს. ვაჟა მოსკოვში სამი წლის განმავლობაში ელჩად მუშაობდა და სხვათა შორის, სამაგალითო ელჩი იყო. მოსკოვის ამბებში კარგად გარკვეულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.

“ანუ მე ვასახელებ სამ პიროვნებას, ვისაც მოსკოვში ჩაესვლება და საქართველოშიც დიდი ავტორიტეტი აქვს. ესენი არიან: ფრიდონ თოდუა, ირაკლი მენაღარიშვილი და ვაჟა ლორთქიფანიძე”, - აცხადებს ედუარდ შევარდნაძე და შეკითხვას: - “ბატონო ედუარდ, ერთ-ერთი ინტერვიუში მითხარით, სამი პიროვნება ვიცი, ვინც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება, მაგრამ მათ ვინაობას მხოლოდ მაშინ დავასახელებ, როცა ამის დრო დადგებაო. თუ თვლით, რომ ამის დრო უკვე მოვიდა? იმ სამ კანდიდატში ზემოთ დასახელებულ ადამიანებს ხომ არ გულისხმობდით?” - პასუხობს:

“კი. მათ ვგულისხმობდი. მაგრამ უპირატესობას ფრიდონს მივცემდი, თუნდაც იმის გამო, რომ მოსკოვში დიდხანს ცხოვრობდა და იქ ყველა წრეში მიესვლება. მათ შორის ხელისუფლებაშიც. სხვათა შორის, ლეო ბოკერიაზეც მიფიქრია, ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ როგორც ორგანიზატორი, ფრიდონი სჯობია - მისი ფიგურა არც ქვეყნის შინგით გამოიწვევს განხეთქილებას და უარყოფით დამოკიდებულებას. ის არის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და იმავდროულად აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი... დიახ მე ვასახელებ სამ პიროვნებას. ამ ადამიანებს მოსკოვშიც ჩაესვლებათ და საქართველოშიც დიდი ავტორიტეტი აქვს. ცხადია, რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარებაში თავის როლს შეასრულებს ქართული ეკლესიაც. მაგრამ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს ეკლესიას ევალება. კიდევ ვიმეორებ, რომ ეკლესია და პატრიარქი პოლიტიკაში რაც შეიძლება ნაკლებ უნდა ჩავრიოთ”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125416.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიცია მეტროს სადგურ “დიდუბის” მიმართულებით მსვლელობას მართავს

ოპოზიციის მსვლელობა მეტროს სადგურ “წერეთლიდან” “დიდუბის” მიმართულებით რამოდენიმე წუთის წინ დაიწყო.

აქციის მონაწილენი მსვლელობის პარალელურად წერეთლის გამზირზე ე. წ. პოლიტპატიმრების პლაკატებს აკრავენ.

აქციაში ოპოზიციიდან მონაწილეობას იღებენ: “კონსერვატორები” ბიძინა გუჯაბიძე და კახა კუკავა; “ხალხის პარტია” - ალექსანდრე შალამბერიძე; აქციაში მონაწილეობენ “მოძრაობა ერთიანი საქართველოს” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” წევრები; ასევე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერები.

როგორც კახა კუკავამ განაცხადა, ყოველ ხუთშაბათს, 12:00 საათზე, უკანონო პატიმრების მხარდასაჭერი აქციები გაიმართება. აქციები მანამდე იქნება, სანამ საქართველოში ერთი უკანონო პატიმარიც კი დარჩება.

მისი თქმით, ვალდებულები არიან ბრძოლა გააგრძელონ იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო დააკავეს.

კუკავას განცხადებით, მორიგი აქცია ხუთშაბათს, 12:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გაიმართება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2010

• ცოტნე გამსახურდია - “უსამართლობამ და უკანონობამ მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა”

• “ერთიანობის ფორმულა” თუ გამყოფი ზღვარი - ოპოზიცია ბოკერიას გეგმის შესრულებას შეუდგა?!

• სააღდგომოდ დიდი შეწყალება მზადდება

ცოტნე გამსახურდია - “უსამართლობამ და უკანონობამ მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა”

“საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა, პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში მოშიმშილე ცოტნე გამსახურდიამ უარი თქვა სამედიცინო დახმარებასა და მედიკამენტების მიღებაზე. 14 თებერვალს მის ადვოკატს, ქეთი ბექაურს საავადმყოფოდან აცნობეს, რომ ცოტნე გამსახურდია კომატოზურ მდგომარეობაშია და ორგანიზმის ინტოქსიკაცია დაეწყო. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ცოტნე უკვე 55 დღეა შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სასამართლო პროცესი, რომელიც საქალაქო სასამართლოში 8 თებერვალს უნდა გამართულიყო, მოსამართლის გამოუცხადებლობის გამო 18 თებერვლამდე გადაიდო. ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა შარშან, 27 ოქტომბერს დააკავეს და მის წინააღმდეგ სასამართლოში ორი სისხლის სამართლის საქმე - განზრახ მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ჯაშუშობა გაერთიანდა”, - წერს გაზეთი “ყველა სიახლე” სტატიაში სათაურით ცოტნე გამსახურდია: “მძევალსა და მონას შორის დიდი განსხვავებაა” / “უსამართლობამ და უკანონობამ მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა”.

“ცოტნე კვლავ უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე და სამედიცინო მომსახურებაზე, - წნევის და პულსის გასინჯვაც არ სურს. ცოტნე მეორედ მოინახულა მეუფე თეოდორემ, სულიერად გაამხნევა, დალოცა და გადასცა პატრიარქის მოკითხვა. აცნობა, რომ პატრიარქს სურს მისი მონახულება. მეუფემ ცოტნეს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა. თავის დროზე ეს უწმინდესმაც ურჩია. როდესაც იგი კომაში ჩავარდა, ექიმებისგან დახმარება არ მიუღია, ამაზე თვითონ თქვა უარი და როგორც ამბობს, უფალმა იხსნა, მისი დახმარებით გამოვიდა მდგომარეობიდან. ერთადერთი, რასაც პატიმარი იღებს, წყალია. როგორც კობა კობალაძე გაუშვეს სასამართლო დარბაზიდან მტკიცებულებების არარსებობის გამო, კეთილი ინებონ და ცოტნე გამსახურდიაც უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. თანაც, აქ ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური.

“დავტოვე წერილობითი მიმართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის, გიორგი ბუთლიაშვილის სახელზე. მოვითხოვ, წერილობით მიპასუხონ, როდიდან იმყოფება მათთან ცოტნე გამსახურდია, როდის დაიწყო შიმშილობა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს წერილობითი დოკუმენტი სასამართლოსთვის მჭირდება და მის მომზადებას საშველი არ დაადგა. ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ხელისუფლების სახელზე მოამზადეს მიმართვა. მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმარი ცოტნე გამსახურდია. როგორც ახლახან მაცნობეს, წერილების ავტორთა შორის არიან პარლამენტის წევრები და ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. საავადმყოფოდან შეგვეხმიანა ბატონი ოტია იოსელიანი და მწუხარება გამოთქვა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასამართლო პროცესზე დასწრება არ შეუძლია. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულთან მიიტანა ცოტნე გამსახურდიას გასაჭირი”, - დასძენს ქეთი ბექაური

“ცოტნეს არც ერთი ძმა საქართველოში არ იმყოფება. ბატონი კონსტანტინე, კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე, უცხოეთშია, არც გიორგია საქართველოში. ის, რომ მოძღვრის და ადვოკატის გარდა არავის ნახვა სურდა, გასაგებია, რომ ეს გამოწვეული იყო მისი სულიერი მდგომარეობით - ლამის ორი თვეა შიმშილობს ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ვინმეს ნახვა აღიზიანებს ან ვინმეს არ ენდობა”, - აცხადებს ქეთი ბექაური და შეკითხვას - “მისი სულიერი მდგომარეობა იმანაც ხომ არ დაამძიმა, რომ სწორედ იმ დღეებში ტელეეთერით მისი “გასამართლება” ყოფილმა მეუღლემ, სოფო ჩიკვილაძემ იკისრა?” - პასუხობს:

“ამ ყველაფერს ცოტნე ცივი გონებით შეხვდა. ამ ქალბატონმა, რომელსაც არავინ იცნობდა, მოიწადინა, საქვეყნოდ ცნობილი გამხდარიყო. მან ცუდი საქმით და კუთხით გამოიჩინა თავი. როგორც ჩანს, პრობლემები აქვს და ყურადღებას საჭიროებს. ჩვენ წინ გვაქვს სერიოზული სასამართლო პროცესი და სოფო ჩიკვილაძემ თვითონ მიხედოს თავის საქმეს”

“ყველაფერი უფლის ნებაა... “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების”. უკანონობამ და უსამართლობამ მაიძულა, გადამედგა რადიკალური ნაბიჯი და შიმშილობას მხოლოდ კანონის სრულად შესრულების შემთხვევაში შევწყვეტ. არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. პირიქით, მათ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ დამნაშავე ვარ. ვნახოთ...”, - აცხადებს ცოტნე გამსახურდია გამოცემის კორესპონდენთტან ბლიც-ინტერვიუში და შეკითხვას - “დედათქვენს, ქალბატონ მანანა არჩვაძეს ადრე ხშირად უთქვამს, ჩემი შვილები შევარდნაძის ხელისუფლების მძევლები არიანო. ანალოგიური რამ ხომ არ გრძელდება ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ძმა - გიორგი სახელმწიფო სამსახურშია?” - პასუხობს:

“მძევალსა და მონას შორის დიდი განსხვავებაა”.

“ერთიანობის ფორმულა” თუ გამყოფი ზღვარი - ოპოზიცია ბოკერიას გეგმის შესრულებას შეუდგა?!

თბილისის მერის არჩევნებზე საერთო ოპოზიციონერი კანდიდატის წარსადგენად “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეების დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულმა “ერთიანობის ფორმულამ”, რომელიც მოლაპარაკებებში ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობას გამორიცხავს, მკვეთრი დაპირისპირება უკვე გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ერთიანობის ფორმულა” თუ გამყოფი ზღვარი / “ალიანსის” შეთავაზებას ოპოზიციაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

“პრაიმერის მომხრე ოპოზიციონერები გახლეჩის მცდელობაზე ალაპარაკდნენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში არ მოიძებნება საღი აზრის მქონე ძალა, რომელიც ამ ფორმულას დაეთანხმება. ოპოზიციის ის ნაწილი კი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ აპირებს, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სცენარზე ალაპარაკდა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ორ ნაწილად უნდა გაიყოს - ერთი მხრივ, დაბალანსებულ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციად და მეორე მხრივ, “მარგინალებად”. “ალიანსის” თანათავმჯდომარეები პასუხად აცხადებენ, რომ ეს “ალიანსის” ზნეობრივი იმპერატივი და უცვლელი სტრატეგიაა”. “ახალი მემარჯვენეებისა” და რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა ირაკლი ალასანიას განცხადებაზე, რომელიც კონსულტაციების გზით მერობის საერთო კანდიდატის წარდგენას ეხება, ოპოზიციურ ფლანგზე ფართო კოალიციური ერთობის შესაქმნელად ფორმულა - “ყველა მინუს ერთი” შეიმუშავეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ “ალიანსი”მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან მოსალაპარაკებლად, გარდა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური პარტიისა. “ჩვენთვის ზურაბ ნოღაიდელი მიუღებელია, როგორც სრულიად გაურკვეველი მისიის მქონე პოლიტიკური პერსონა, წარსულში კი კრიმინალი, რომელსაც საქართველოს წინა და ახლანდელ ხელისუფლებასთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა არაერთ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე”, - განაცხადეს “ალიანსის” ლიდერებმა. ხოლო ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ძალას აძლევენ მოლაპარაკების შანსს და და წინაპირობების გარეშე მოლაპარაკეთაბა მაგიდასთან ეპატიჟებიან. “ალიანსის” მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ოჩებიან ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი, თუმცა, მათი განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიებიდან ვინმე დაამტკიცებს, რომ არსებობენ ამ ორ ადამიანზე უფრო ძლიერი კანდიდატები, ამ შემთხვევში “ალიანსი” ამ კანდიდატებს მხარს დაუჭერს”, - დასძენს გამოცემა.

“ალიანსის” განცხადებას ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენელი პეტრე მამრაძე მიუღებელს უწოდებს და მინიშნებას აკეთებს, რომ ალასაინას გუნდი ოპოზიციაში დაქსაქსულობისა და დაპირისპირების შემოტანას ცდილობს. მისი თქმით, პარტიები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნოღაიდელის გუნდს და ჩართულების არიან პრაიმერის სარგანიზაციო კომიტეტში, უარს არ იტყვიან ნოღაიდელთან კავშირზე იმის ნამო, რომ “ალიანსს” ახალი შეთავაზება აქვს. პრაიმერის მომხრეები კი “ალიანსის” ინიციატივას კატეგორიულად აპროტესტებენ და მას გაერთიანების ჩაშლისკენ მიმართული უწოდებენ. საპარლამენტო ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ მსგავსო მოლაპარაკებები ვერ შედგება - “ქრისტიან-დემოკრატ” ლევან ვეფხვაძეს “ალიანსის” გაერთიანების ფორმულასთან მიმართებაში პრობლემად ოპოზიციურ პრაიმერში მონაწილე პარტიები მიაჩნია”, -წერს სტატიის ავტორი.

“ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს მივესალმები, თუმცა გამყრელიძე-უსუფაშვილის პრესკონფერენცია ერთობის ჩაშლის ინიციატივას უფრო ჰგავდა. დასანანია, რომ “ალიანსის” ლიდერებს მცდარი მოსაზრებები აქვთ”, - ამბობს “სახალხო პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი. “ალიანსის” განცხადებას “კონსერვატორი” კახა კუკავა დასანანს უწოდებს და ამბობს, რომ “კონსერვატორთა” პოზიცია, მიუხედავად ამ განცხადებისა, კვლავ უცვლელია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ალიანსელებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ოპოზიციის გაერთიანებაზე იყო საუბარი. ამ გაერთიანებაში “ალიანსი” ყვლეას ეპატიჟება, გარდა ერთისა. ის ერთი კი პუტინის ძმაკაცი ზურაბ ნოღაიდელი გახლავთ”, -წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ოპოზიცია ბოკერიას გეგმის შესრულებას შეუდგა / დავითაშვილი და ბურჯანაძე “ალიანსი საქართველოსთვის” ინიციატივას უწუნებენ.

“ნოღაიდელი ოპოზიციისთვის ადრეც მიუღებელი ფიგურა იყო. ამის გამო ის შარშანდელ აქციებს არ დაასწრეს. ოპოზიციურად დამუხქული და ოპოზიციის მიერ მოკვეთილი ნოღაიდელი აჭარაში ატარებდა აქციებს. მერე გავიდე თვეები, ოპოზიციას ფული შემოელია და მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ხოლმე - ოპოზიციური პარტიების ნაწილი კოღაიდელის ორბიტაზე დატრიალდა. ნოღაიდელის ფინანსებმა ოპოზიციონერებს ბევრი რამე დაავიწყა. დანარჩენმა ოპოზიციამ და ნაციონალებმა ნოღაიდელი მიივიწყეს, მაგრამ ნოღაიდელი არ ისვენებდა, იმედი იარა, რომ პუტინის კაბინეტში ამოყო თავი. მერე პუტინის პარტიასთან გააფორმა ხელშეკრულება. ამის გამო ის და მისი თანამოაზრები სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს. ღალატში ბრალი იმ პარტიებსაც დასდეს, რომლებიც ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარებას ითხოვენ.ითელი უბედურება და ბედნიერება ისაა, რომ ნოღაიდელი მეპრაიმერეთა რიგებშია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციაში ახალი იდეების გამოჩენამ საგანგებო ბრიფინგი გაამართვინა ბურჯანაძის პარტიასაც. დემორკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის წევრ რომან კუსიანის თქმით, “ოპოზიციურ ერთიან კანდიდატზე შეთანხმების მიღწევის საბაბით, “ალიანსი საქართველოსთვის” მზად არის, ოფიციალურად გამოცხადებული კანდიდატების საკითხის გადახედვის ხარჯზე ჩაერთოს სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ კონფიგურაციაში. საყურადღებოა “ეროვნული ფორუმის” განცხადებაც, საარჩევნო გარემოს გამოსწორების მიზნით ბრძოლის დაწყების შესახებ. ეს გაკეთდა იმ ფონზე, როცა “ფორუმი” საერთოდ უარს აცხადებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის გიგა ბოკერია საჯაროდ საუბრობენ საკმაოდ საინტერესო სქემაზე, რომ ისინი ოპოზიციას ყოფენ ორ ნაწილად ერთ ნაწილში შედის ე.წ. დაბალანსებული არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ხოლო მეორე ნაწილში ერთიანდება ყველა შეურიგებელი პოლიტიკური ძალა, ანუ ე.წ. მარგინალები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სქემის მიხედვით, რომელსაც ხელისუფლება უკვე მიზანდამიმართულად დიდი ხანია თავს ახვევს საზოგადოებას, დასავლური ღირებულებები, ევროპული ორიენტაცია, ნატო, მხოლოდ რჩეულთა, ხელისუფლებისა და დაბალანსებული არასაპრალამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მახასიათებელია. დაიწყო დიდი გადაადგილნბის პროცესი, რომელიც ხაზგასმით აღვნიშნავ, შექმნილ პოლიტიკურ რეალობასა და სახელისუფლო სქემას შორის მსგავსებას ავლენს”, - განაცხადა რომან კუსიანმა. კუსიანი გვპირდება, რომ მათი პარტია არჩეულ კურსს და შეცვლის და ისევ რადიკალური გზით ივლიან. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები იქნება მორიგი ფარსი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის გადასარჩენად საჭიროა საპრეზიდენტო და საპრალამენტო არჩევნების დანიშვნა და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნა. გამოსავლად კი საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივას მიიჩნევენ, რომლებიც წარმომადგენლობითი კრების ჩატარებას აპირებენ”, - დასძენს გამოცემა.

სააღდგომოდ დიდი შეწყალება მზადდება

“სადღაც თებერვლის ბოლოს მივმართავ წერილობით პრეზიდენტს, რომ მისგან მივიღო წერილობითი თანხმობა და მითითება, რომელ რიცხვებში ჩავატარო შეწყალების კომისიის სხდომა. ტრადიციულად ჩვენ მარტის თვეში ყოველთვის ვატარებთ შეწყალების კომისიის სხდომას. არ დაგიმალავთ და ვცდილობდით დედის დღესთან დაკავშირებით ქალბატონების შეწყალებას. ეს არ მოხდა იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ქალთა ციხის ცნობილ ბუნტთან დაკავშირებით. სანამ სასამართლო არ დამთავრდება, მანამდე ქალების საკითხს ვერ განვიხილავთ. ისინი ამოღებული არიან ჩვენი სარეკომენდაციო სიიდან”, - აცხადებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე გაზეთ “რეზონანსითვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააღდგომოდ დიდი შეწყალება მზადდება.

“მეც რამდენჯერმე მოვისმინე, რომ მაისში არჩევნებია და ალბათ იქნება შეწყალებაო. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის შეწყალებაზე, რაღაცის მიბმა რაღაც საკითხთან ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. 15 წლის განმავლობაში ამას ვაკეთებ და არასდროს არ მიფიქრია რაღაცაზე გარდა იმისა, რომ პატიმარს მიეცეს საშუალება, გამოვიდეს ციხიდან. რაც შეეხება რაოდენობას, ძალიან გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. მაგრამ ჩვენი კომისია, სამწუხაროდ, გრანდიოზულ ციფრს არასდროს დებს. ყველაზე დიდი სია 500-კაციანი გვქონდა და იქიდან ჩვენი სიით შეიწყალეს მხოლოდ 81 პატიმარი. ბოლოს, როცა ჩვენ ჩავატარეთ საახალწლოდ კომისიის სხდომა, მაშინ განვიხილეთ 90 საქმე და მხოლოდ 11 დაკმაყოფილდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელენე თევდორაძე.

“განცხადება შემოვიდა საკმაოდ ბევრი და ახლაც შემოდის. მაგრამ ამის შემდეგ არის განცხადების დამუშავება, საქმის გამოთხოვა და მიღება სათანადო დოკუმენტაციის ადგილიდან, რაც, სამწუხაროდ, ჭიანურდება. ჩვენ გვაქვს შემითხვევა, როცა სექტემბერში გამოთხოვილი საქმე დეკემბერში მოდის. უკვე ადგილზე როგორ უდგებიან ამ საკითხს, ამაზე საუბარი მიჭირს. რატომღაც არაა საათივით აწყობილი ეს საკითხი - ზოგი განცხადება შემოვიდა სექტემბერში და დეკემბერში განვიხილეთ... ახლა იწყება იმ განცხადებების დამუშავება, რომელიც თებერვალში შევა. ვფიქრობ, რომ დეკემბრის, იანვრის და თებერვლის პირველი ნახევრის მასალები გამოტანილი იქნება განსახილველად მარტის სხდომაზე”, - დასძენს ელენე თევდორაძე.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125781.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისში ინტერნეტის მიწოდება შეფერხებულია

თბილისში ”კავკასუს ონლაინის” აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდება.

ინტერნეტ-პროვაიდერის, ”კავკასუს ონლაინის” ხაზი ფოთში, რკინიგზის გასწვრივ დაზიანდა, რამაც თბილისის აბონენტების გათიშვა გამოიწვია.

პროვაიდერი ინტერნეტის მიწოდების შეფერხების გამო აბონენტებს ბოდიშს უხდის.

სარკინიგზო ხაზზე აღგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის აბონენტებისთვის ინტერნეტის მიწოდება დღის ბოლომდე განახლდება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2010

• “მიდის აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიზაცია. აფხაზეთის მთელი სიმდიდრე რუსეთის ხელში აუცილებლად აღმოჩნდება და იქ აფხაზებს აღარ დაედგომებათ”

• გოგა ხაინდრავა - “არასოდეს მეპარებოდა ეჭვი კახასა და ზვიადის სამშობლოსადმი ერთგულებაში, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ნოღაიდელთან მათი ალიანსი”

• სოზარ სუბარი - “ნოღაიდელის პოლიტიკა არ არის პრორუსული. ეს რუსული პოლიტიკაა”

“მიდის აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიზაცია. აფხაზეთის მთელი სიმდიდრე რუსეთის ხელში აუცილებლად აღმოჩნდება და იქ აფხაზებს აღარ დაედგომებათ”

“17 თებერვალს მოსკოვში სოხუმის ხელისუფლებასა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმებათა პაკეტი პრაქტიკულად აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიზაციის დასაწყისია. ეს შეთანხმებები ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა - რუსეთის რკინიგზას მართვაში გადაეცა აფხაზეთის რკინიგზა, კომპანია “როსნეფტს” გადაეცა აფხაზეთის ავტოგასამართი სადგურების ქსელი და აფხაზეთის შელფზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების ჩატარების უფლება, რუსული კომპანიები აეროპორტებისა და საზღვაო პორტების რეკონსტრუქციაში მიიღებენ მონაწილეობას და ა.შ.” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთის დეაფხაზიზაციის დასაწყისი / რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების დაუბრკოლებლად შეძენის უფლება მიეცემათ.

“ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ. დასასრულ - ბაღაფშმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეული საკითხია და აფხაზეთის მცხოვრებთან მსყიდველუნარიანობა რუსეთის მოქალაქეებისაზე გაცილებით დაბალია, ადვილად პროგნოზირებადია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს მოსკოვში პომპეზური დახვედრა მოუწყვეს, საპატიო ყარაულითა და უცხო ქვეყნის ლიდერის სტუმრობისას მიღებული სხვა ატრიბუტებით. შეთანხმებათა ხელმოწერის თარიღიც საგანგებოდ იყო შერჩეული - რუსული და აფხაზური საინფორმაციო წყაროების ცნობით, 17 თებერვალს ზუსტად 200 წელი შესრულდა აფხაზეთის რუსეთის იმპერიაში შესვლიდან. თბილისში გაკეთებული შეფასებების მიხედვით, ბაღაფშსა და საზოგადოდ აფხაზურ საზოგადოებას საზეიმო არაფერი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართველ ექსპერტთა შეფასებით, ეს ხელშეკრულებები დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან იძულებითი ნაბიჯია - რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის ცნობის ერთგვარი საფასური. აფხაზური ოპოზიცია ღიად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ამ და ადრე დადებული შეთანხმებების სხვადასხვა, აფხაზეთისთვის აშკარად კაბალური მუხლების გამო, თუმცა უშედეგოდ. ყველაზე მტკივნეული კი მათთვის ალბათ სწორედ ის საკანონმდებლო ცვლილება იქნება, რომელიც რუსეთის მოქალაქეს აფხაზეთში უძრავი ქონების უფლებას აძლევს. ეს იქიდან ჩანს, რომ განმარტებები თავის ამ დაპირებაზე ბაღაფშმა მოსკოვიდანვე გააკეთა: “ეს კანონი ჯერ არ არსებობს. ჩვენ ვამზადებთ კანონს იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ახალაშენებული სახლების ყიდვა შეძლონ. ჩვენ ამის არ გვეშინია, რადგან რუსები აფხაზეთში მხოლოდ დასასვენებლად ჩამოდიან და თუ ვინმე მიიჩნევს, რომ აფხაზეთში არ უნდა იცხოვრონ, ეს მათი პრობლემაა”, - დასძენს გამოცემა.

“აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი აცხადებს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება “პარლამენტში” განსახილველად უახლოეს თვეებში შევა. თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ამ ცვლილების განხილვას აფხაზეთში სახალხო მღელვარება მოჰყვეს. კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, ბაღაფშის მიერ გაფორმებული შეთანხმებებიცა და მის მიერ მიცემულ დაპირებაც რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგია. არეშიძის თქმით, ამჯერად ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მალე აფხაზეთში შეიძლება თავად აფხაზებს აღარ დაედგომებოდეთ”, - წერს სტატიის ავტორი.

“აფხაზეთი უკვე კარგა ხანია ანექსირებულია. ახლა მიდის აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიზაცია. საქმე ისაა, რომ ასეთი დოკუმენტები მომავალში ხელს შეუწყობს რუსეთის პოლიტიკურ თუ კომერციულ ელიტას, რომ ხელში ჩაიგდონ მთელი სანაპირო ზოლი. აფხაზეთის მთელი სიმდიდრე რუსეთის ხელში აუცილებლად აღმოჩნდება და აქედან გამომდინარე, იქ აფხაზებს აღარ დაედგომებათ. ბაღაფშს არ უხარია ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, თანაც სახალხო მღელვარებას ვერ დაიწყებს, რადგან ამ დროს აფხაზეთი მარტო აღმოჩნდება რუსეთის წინაშე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“აფხაზეთი ყოველთვის ამის წინააღმდეგი იყო. ამან შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი პროცესები, რადგან რუსები აფხაზეთის ქონების დიდ ნაწილს ჩაიგდებენ ხელში. საქართველოს რომ შეეთავაზებინა მათთვის უსაფრთხოების ასეთი გარანტიები, ყველაფერ ამას საქართველო მიიღებდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ლტოლვილების დაბრუნებაზე საუბრობდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

“ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. იმ შეხვედრამ ისე გაათავხედა ბაღაფში, რომ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს არასერიოზულ პოლიტიკოსად მივიჩნევო. ამის გარდა, ბაღაფშმა საქართველოსთან მოლაპარაკებების განახლებაზეც უარი განაცხადა. მედვედევის ნახვით გულგამთბარმა ბაღაფშმა შემოგვითვალა - ჩვენთან საუბარი თუ გინდათ, ჯერ გვაღიარეთო”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით "საქართველოს საპატრიარქოსთან არ ვითანამშრობლებთ”.

“როგორც ვარაუდობენ, მოსკოვში ყოფნის დროს ბაღაფშს რუსების დაჩაგვრის გამო პასუხი მოსთხოვეს. ამის გარდა, გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება, რომლის თანახმად აფხაზეთის რკინიგზა რუსეთს გადაეცემა. სოხუმმა და მოსკოვმა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე მოაწერეს ხელი. მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ბაღაფშმა ქართულ და აფხაზურ ეკლესიებს შორის არსებულ უთანხმოებაზეც ისაუბრა. რამდენიმე თვის სოხუმის ეპარქიამ საქართველოს ეკლესიიდან გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აფხაზმა სასულიერო პირებმა მოსკოვსაც მიმართეს - ისინი აფხაზური ეკლესიის აღიარებას ითხოვდნენ. რუსეთის საპატრიარქომ ამაზე უარი განაცხადა. ბაღაფშის თქმით, ეს ძალიან ფაქიზი თემაა. ამის მოგვარების ის მოთმინებით აპირებს, ქართულ ეკლესიასთან თანამშრომლობაზე კი უარს აცხადებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვგეგმავ მთავარი საკითხის განხილვას, როგორ ვაქციოთ აფხაზეთის ტაძრები - ახალი ათონი, იოანე ოქროპირის ეკლესია და კამანი მართლმადიდებლების მოლოცვის ადგილებად. ვაკუუმის შექმნა არ შეიძლება”, - განაცხადა ბაღაფშმა. საინტერესოა, რა ნამუსით აქცევს ბაღაფში კამანს მოლოცვის ადგილად. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რაც აფხაზებმა კამანში მდებარე ოქროპირის ეკლესიაში დაატრიალეს. ისიც ყველამ იცის, როგორ დახვრიტეს აფხაზებმა ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია”, - დასძენს გამოცემა.

“მოსკოვში გალაღებულ ბაღაფშს სოხუმში არცთუ თბილი დახვედრა ელის. აფხაზური ოპოზიცია მას იმ საჯაროდ ხელმოწერილ და კულუარებში შეთანხმებულ ხელშეკრულებებზე მოსთხოვს პასუხს, რომელთა განხორციელება აფხაზეთს უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუასა და ნაურუს 50-მილიონიანი აღიარება. როგორც ჩანს, აფხაზთა ლიდერი თავის მეორედ “გაპრეზიდენტების” ფასს ნატურით იხდის”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით აღიარების საფასური / რუსები ტრადიციულად ძვირს ითხოვენ.

“ბაღაფშმა რუსებს რკინიგზა, საზღვაო პორტები, აეროპორტი, სამხედრო ბაზა და ბევრი უკვე ცნობილი თუ საიდუმლო ობიექტი უფეშქაშა. ამასთან, მოსკოვური ტურნეს დროს აფხაზეთში რუსთა უუფლებობაზე გულდათუთქულმა ისაუბრა... “ადრე თუ გვიან აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დღის წესრიგში დადგება. აფხაზები ვერ მივხვდით, რომ დამოუკიდებლობის აღიარებისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევდა” - აღნიშნავს “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზი ექსპერტი, გაზეთ “ჩეგემსკაია პრავდას” რედაქტორი ინალ ხაშიგი. ეს თვალნათლივ ჩანს, უბრალოდ, რუსები, ტრადიციისამებრ, ძალიან ძვირს ითხოვენ”, - წერს სტატიის ავტორი.

გოგა ხაინდრავა - “არასოდეს მეპარებოდა ეჭვი კახასა და ზვიადის სამშობლოსადმი ერთგულებაში, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ნოღაიდელთან მათი ალიანსი”

“ვფიქრობ, ნოღაიდელის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა სააკაშვილის მხრიდან ოპოზიციის გახლეჩის მცდელობაა და დარწმუნებული ვარ, ეს არის წინასწარ შეთანხმებული ერთობლივი გეგმა. ნოღაიდელს ცალსახად დააჭერინეს პრორუსული ნიშა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ თავისუფალი იყო - ეს იყო ქართული საზოგადოების წარმატება, რადგან არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, ვინც მზადყოფნას გამოაცხადებდა რუსულ საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. სწორედ ამიტომ სასწრაფოდ გამოიჩხრიკა ნოღაიდელის ფიგურა, რომელმაც ეს სეგმენტი დაიკავა”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” წევრი გოგა ხაინდრავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხაინდრავა: “ალიანსის” მიერ საკითხის ასე დასმა სამართლიანია / ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია “კონსერვატორების” ალიანსი ნოღაიდელთან.

“დაუფარავი თვალით ჩანს, რომ სააკაშვილი ცდილობს ორი პოლუსის შექმნას, ერთი თვითონ რომ არის პროდასავლური ფიგურა და მეორე მხარეს ნოღაიდელი, რომელიც გააერთიანებს ან შეერევა ოპოზიციას და ეს სააკაშვილს მისცემს საშუალებას, პროპაგანდა ოპოზიციის მისამართით გამოიყენოს. საბედნიეროდ, ბევრი არ არის იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ნოღაიდელის პოლიტიკას იზიარებს. ჩემდა გასაკვირად, მასთან ალიანსში არიან “კონსერვატორები”. მე არასოდეს მეპარებოდა ეჭვი ბიძინას, კახასა და ზვიადის სამშობლოსადმი ერთგულებაში, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ნოღაიდელთან მათი ალიანსი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.

“ნოღაიდელი არის ხაზინის ქურდი. ის 12 წლის განმავლობაში იყო ჩინოვნიკი და მანამდე კი კალოშებით ჩამოვიდა თბილისში და ზურაბ ჟვანიას სახლში ცხოვრობდა, დღეს კი საჯაროდ წარმოადგინა თავი, როგორც მილიონების პატრონმა. სად მოახერხა ნოღაიდელმა ამდენი ფული დაგროვება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც ჩინოვნიკს, კომერციული საქმიანობის უფლება არ ჰქონდა. თუ ეს მე ვიცი და ეს კითხვები მაქვს, ნუთუ მერაბიშვილსა და სააკაშვილს, ვინც ისტორიებს იგონებენ აბსოლუტურად პატიოსან ადამიანებზე, ეს კითხვები არ უჩნდებათ... იგივე კითხვები კონსერვატორებსაც, რა თქმა უნდა, უნდა ებადებოდეთ”, - აცხადებს გოგა ხაინდრავა და შეკითხვას - “რა დაინტერესება უნდა ჰქონდეთ მათ ნოღაიდელის მიმართ?” - პასუხობს:

“ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მეც მიკვირს და ძალიან მარტივი კითხვაა, რომელიც პასუხს მოითხოვს... დარწმუნებული ვარ, თუ პირველ ადგილზე მე ვიჯდები სასამართლოს სკამზე, რომელიც იმ ჩინოვნიკებს შეეხებოდა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნებისმიერი ვადით მოღვაწეობდნენ, იქ უნდა იჯდეს ბურჯანაძეც, სააკაშვილიცა და ნოღაიდელიც. სხვა საქმეა, როგორ განვითარდება მოვლენები და ვის რა დაუმტკიცდება. თუმცა ძალიან ძნელად წარმომიდგენია, ნოღაიდელმა თავი დაიძვრინოს ამ ვითარებიდან. იმასაც ვიტყვი, რომ მისი ნებაა სად იქნება - პოლიტიკაში, მიტინგებზე თუ სადმე სხვაგან, ჩემთვის გაუგებარია რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება - რას წარმოადგენს ნოღაიდელი, რომ ის დასაყრდენი ან ავტორიტეტია საქართველოში? პირიქით, თავად ნოღაიდელი ეძებს დასაყრდენს ჩვენი მტრების ბუდეში”.

სოზარ სუბარი - “ნოღაიდელის პოლიტიკა არ არის პრორუსული. ეს რუსული პოლიტიკაა”

“ერთობა მინუს ერთი და თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია რუსეთს, მინუს ისინიც. მაგრამ ჯერჯერობით ეს ხმამაღლა მხოლოდ ერთმა პარტიამ განაცხადა. ამ პოზიციას თუ სხვა პარტიებიც იზიარებენ, მათ აქვთ არჩევანი და შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი პოზიცია - მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები ოკუპაცია თუ არა. მათაც გააკეთონ თავიანთი არჩევანი. მგონი, ძალიან მარტივი წყალგამყოფია”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ალასანია კანდიდატურას არ მოხსნის.

“ხშირად ლაპარაკობენ, რომ პრორუსული და პროდასავლური ძალები აბსოლუტურად არ არის ის შემთხვევა, როცა ასეთ დაყოფაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ამ შემთხვევაში ოთხი მიდგომა შეიძლება გამოვყოთ: ანტირუსული და შეიძლება ხელისუფლება ჩათვალოთ ასეთად, რომელიც რუსეთის პოლიტიკას კი არ უპირისპირდება, არამედ უპირისპირდება რუსეთსა და რუსულს ყველაფერს, რაც მიუღებელია როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად და პოლიტიკურად დამღუპველია საქართველოსთვის. მე სრულიად ვემიჯნები ამ პოლიტიკას. მეორე მიდგომა გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და ამ ურთიერთობების მთავარი მიზანი უნდა იყოს სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ამ ურთიერთობისთვის მთავარ ორიენტირად რჩება სწორედ დასავლეთში ინტეგრაცია და ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამობალიბება შესაძლებლობების დონეზე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აწყობასთან ერთად - ამას შეიძლება დავარქვათ ქართული პოლიტიკა და მე, პირადად, ამ პოლიტიკის ერთგული და მომხრე ვარ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

“მესამეს შეიძლება ვუწოდთ პრორუსული პოლიტიკა, რომელსაც მიზანი შეიძლება იგივე ჰქონდეს - ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი არის არა ევროპასთან ინტეგრაცია და დასავლური ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, არამედ მეტი ინტეგრაცია რუსულ სივრცეში. პირადად ჩემთვის ეს პოლიტიკურად დაუშვებელია. მაგრამ ასეთი ადამიანები არსებობენ, მე არც მათთან დიალოგს გამოვრიცხავ და არც თანამშრომლობას. რაც შეეხება მეოთხეს - ეს არის არა პრორუსული, არამედ რუსული პოლიტიკა. ესენი არიან რუსული პოლიტიკის გამტარებლები და ამ იდეის გამტარებლები საკუთარ თავში. ნოღაიდელის პოლიტიკა არ არის პრორუსული. ეს რუსული პოლიტიკაა და იქ თანამშრომლობას გამოვრიცხავ”, - დასძენს სოზარ სუბარი და შეკითხვას - “მოხსნის თუ არა ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას? ამის შესახებ ბევრ საუბრობენ...” - პასუხობს:

“ნამდვილად არ ვაპირებთ. მაგრამ მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და თუკი ერთობისთვის საჭიროა, დიდი სიამოვნებით ვიტყვი, რომ არათუ საკრებულოს თავმჯდომარედ, საკრებულოს წევრადაც არ ვიყრი კენჭს”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125906.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნოდარ ქუმარიტაშვილს მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარს უახლოეს ხანში მაცხოვრის შობის სახელობის მშენებარე ეკლესიაში გადაასვენებენ. ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ ოლიმპიელს ბაკურიანში მდებარე ამ ეკლესიის ეზოში 14.00 საათზე დაკრძალავენ.

დილიდან კი, ბაკურიანში, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახლში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს და ხალხის ნაკადი არ წყდება.

ბაკურიანში ჯერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან, თუმცა იქ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისვლას უკვე ელოდებიან.

ნოდარ ქუმარიტაშვილი კანადიდან გერმანიის გავლით საქართველოში 17 თებერვალს ჩამოასვენეს. აეროპორტში ოლიმპიელის ცხედარს ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

კანადიდან ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი, ქუმარიტაშვილის მწვრთნელი და ბიძა ფელიქს ქუმარიტაშვილი, მეგობარი, მოციგავე ლევან გურეშიძე ჩამოყვნენ.

როგორც გია ნაცვლიშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველი სპორტსმენი, როგორც ვანკუვერიდან, ისე მიუნხენიდან დიდი მწუხარებითა და გლოვით გამოაცილეს. ქართველი ოლიმპიელის ხსოვნას სხვადასხვა ქვეყნის უამრავმა წარმომადგენელმა მიაგო პატივი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუმარიტაშვილი მშობლიურ ბაკურიანში გადაასვენეს. ბაკურიანის საკრებულოს გადაწყვეტილებით, იმ ქუჩას, სადაც ქართველი ოლიმპიელი ცხოვრობდა, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი ეწოდა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იულია ტიმოშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებაზე უარი თქვა

იულია ტიმოშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებაზე უარი თქვა. ამ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ადმინისტრაციულ საქმეთა უმაღლეს სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკან მიაქვს სარჩელი, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასაჩივრებდა.

სარჩელის თანახმად, 7 თებერვალს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებებს. ტიმოშენკო საარჩევნო კომისიის შესაბამისი ოქმის შეცვლას ითხოვდა.

ტიმოშენკომ დღევანდელი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სასამართლომ უარი უთხრა რიგი საარჩევნო უბნებიდან დოკუმენტების ორიგინალის ამოღებაზე. ასევე, სხვა შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობის გამო.

“ფაქტობრივად, დამამტკიცებელი დოკუმენტების შესწავლაზე უარი გვითხრეს. ასეთ შემთხვევაში საქმის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავთ”, _ აღნიშნა უკრაიანის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ტიმოშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი სარჩელი ისტორიაში დარჩება, როგორც დოკუმენტი იმისა, რომ იანუკოვიჩი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი არ არის.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიმართავს თუ არ უკრაინის უზენაეს სასამართლოს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამას კანონი არ ითვალისწინებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსოფლიო პრესა ქართველი ოლიმპიელის დაკრძალვას ეხმაურება

მსოფლიო პრესა ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაკრძალვას ეხმაურება.

დაბა ბაკურიანში, სადაც 21 წლის ქართველი სპორტსმენი დაიბადა და ცხოვრობდა, გავლენიანი გამოცემებისა და ტელეკომპანიების ჟურნალისტებმა მოიყარეს თავი. ქუმარიტაშვილის დაკრძალვა გააშუქეს კანადის ნაციონალურმა და კერძო ტელეკომპანიებმა.

“საქართველო დღეს სევდიანია, რადგან თავის საუკეთსო შვილს ემშვიდობება”, აღნიშნავს “ბი-ბი-სი”.

ამერკული გამოცემა “USAtoday” წერს, რომ მომხდარი ტრაგედია გულდასმით უნდა იყოს შესწავლილი, რათა მსგავსი აღარასდროს განმეორდეს.

მათივე ინფორმაციით, ვანკუვერის ოლიმპიურ სოფელში დღეს სპორტსმენებმა ყვავილებითა და სანთლებით კიდვ ერთხელ შეამკეს ის ადგილი, სადაც ქართველი მოციგავე დაიღუპა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ბაკურიანში, მაცხოვრის შობის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში დღეს დაკრძალეს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანკუვერის ოლიმპიადაზე ბობსლეის შეჯიბრზე წყვილების სამი ეკიპაჟი გადაბრუნდა

21 / 02, 2010 10:42

ვანკუვერის ოლიმპიადაზე ბობსლეის შეჯიბრზე წყვილების სამი ეკიპაჟი გადაბრუნდა, - ამის შესახებ სააგენტო ~ასოშეიტედ პრესი~ იუწყება.

ლიხტენშტეინისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა მართვა ფინალამდე ხუთი მოსახვევით ადრე დაკარგეს. ავსტრალიური ეკიპაჟის ციგა დისტანციის გავლის დროს ამოტრიალდა, ერთ-ერთი პილოტი დენ მოუნი კი ციგიდან ამოვარდა. არც ერთი სპორტსმენი სერიოზული არ დაშავებულა.

ლიხტენშტეინელმა წყვილმა შეჯიბრში მონაწილეობა გააგრძელა, ბრიტანული და ავსტრალიური წყვილები კი ასპარეზობას გამოეთიშნენ, რადგან დისტანციის დასრულება ვერ შეძლეს.

ვანკუვერის ოლიმპიურ ტრასაზე 12 თებერვალს ქართველი მოციგურავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2010

22 / 02, 2010

• ირაკლი ოქრუაშვილი - “დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა დასაშვები”

• ლევან ალექსიძე პეტრე მამრაძეს მიზანმიმართულ სიცრუესა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ამხელს

• “ლეიბორისტების” კანონპროექტით პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის 100 000-ლარიანი ჯარიმით ან 3 წლამდე ციხით დასჯიან

• “ალიანსი საქართველოსთვის” უკვე იშლება?!

ირაკლი ოქრუაშვილი - “დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა დასაშვები”

“მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს ასეთი პერსპექტივა. არც იმის თეორიული შანსი არსებობს, რომ სააკაშვილი მერაბიშვილს გაემიჯნოს და არც იმის, ჩვენი “შერიგება” მოხდეს. თუ რატომ, მიზეზების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ჩვენი მტრობის დასასრული, მასთანაც და მერაბიშვილთანაც, ვიმედოვნებ, ადრე თუ გვიან, საკმაოდ დრამატული იქნება”, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ასეთი იდიოტიზმი მხოლოდ საქართველოში ხდება” / “...ბალეტის ცეკვას აზრი არა აქვს” / ჰააგის სასამართლოთი დღეს მხოლოდ მეხუთე კოლონა ან გაუთვითცნობიერებელი ადამიანი აპელირებს.

“მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ომისა, 7 ნოემბრის დემონსტრაციის დარბევისა, სასამართლოს არარსებობისა, ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევისა და ა.შ., ვერ ვიტყვი, რომ ერთმნიშვნელოვნად დისკრედიტებულია საქართველოს ხელისუფლება, თუნდაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, და ეს ორი მიზეზით არის გამოწვეული: ათობით მილიონი დოლარი იხარჯება როგორც ევროპელ, ასევე ამერიკელ იმიჯმეიკერებზე. მარტო ევროპაში ხუთი კომპანია ჰყავთ დაქირავებული და არცთუ ცუდად გამოსდით (წიგნების გამოცემით დაწყებული და დამთავრებული ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხალხმრავალი ბანკეტებით). მხოლოდ ერთი ფილმი ენდი გარსიას მონაწილეობით 45 მილიონი დაჯდა. იმავეს გაკეთებას ცდილობს მერაბიშვილი თავისი იმიჯისათვის და რუსეთში აწერინებს წიგნებს, სადაც “მძლეთამძლე” მინისტრად გამოჰყავთ. მეორეა ამერიკელების მუდმივი პროპაგანდა მიშას შეუცვლელობაზე. პრინციპი “საქართველოში სტაბილურობა სჯობს დემოკრატიას”, მათ აიძულებს, თავიანთი “ნაშიერი” ყველგან აქონ და ეს გარკვეულწილად მოქმედებს ევროპელებზე. ამას ემატება ოპოზიციის “უპერსპექტივობაც”. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევროპულ კონსერვატიულ წრეებში სკეპტიციზმი სააკაშვილის მიმართ საკმაოდ დიდია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილი

“რაც შეეხება ზურას შეხვედრას პუტინთან და ამაზე ატეხილ აჟიოტაჟს, მეჩვენება, რომ დღეს საქართველოში ზუსტად ისეთი ავადმყოფური გარემოა, გამსახურდიას დროს მოღალატის იარლიყებს ყოველ ნაბიჯზე რომ არიგებდნენ. არჩევნები პირადად ჩემთვის მიზნის მისაღწევი საშუალებაა და სრულიად არ ვარ ნეგატიურად განწყობილი, მაგრამ არის ერთი პრინციპულად განმასხვავებელი საკითხი, კერძოდ, ვის რა მიზანი აქვს? ვიღაცისათვის არჩევნების მეშვეობით თბილისის მერის სავარძლის დაკავებაა მიზანი, ხოლო ჩემთვის სააკაშვილის მოშორება. არჩევნების საკითხზე კონსენსუსი სწორედ ამის გამო ვერ დგება. ზურამ უმადურობით აღსავსე და იმიჯისთვის სარისკო გზით სიარული არჩია და ეს გამბედაობა უფრო დასაფასებელია, ვიდრე საქილიკო. რაც შეეხება იმის მოლოდინს, რა გამოუვა და რა შედეგს ელოდება, ვერაფერს ვიტყვი. ისე, ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს წინაპირობების გარეშე რუსეთთან საუბარი? როდესაც ვნახავ, პირადად ვკითხავ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ვეჭვობ, რამე საფუძველი არსებობდეს ტალღის ასაგორებლად, გარდა საზოგადოების ხელისუფლებისადმი ნეგატიური განწყობისა, რომელიც თანაბრად ნეგატიურია ოპოზიციის მიმართაც. ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება და სკეპტიციზმი უნდა იქნეს პირველ რიგში დაძლეული ოპოზიციის მხრიდან და ვიდრე გასული წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანგრეული ხიდი არ აღდგება ხალხთან, ძალიან მეპარება ეჭვი, ვინმემ დაიჯეროს ჩვენი პრინციპულობა. თანაც, მოლოდინის ფუჭად გაღვივება, როდესაც არათუ გეგმა არ არსებობს პროტესტის დასაწყებად, არამედ სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოშორების მიზანიც არ არსებობს, ხალხს უფრო მეტად უძლიერებს იმედგაცრუებას. ვიდრე ჩვენ არ გაგვიჯდება გონებაში, რომ ახალი პროტესტი საჭიროა სააკაშვილის მოსაშორებლად, ამისათვის ვიბრძვით ყველა მეთოდით და ხალხს შუა გზაზე არ მივატოვებთ, მანამადე არაფერი გამოვა”, - მიიჩნევს ირაკლი ოქრუაშვილი.

“მე ტალღის აგორებაზე არ ვმუშაობ. რაც ტალღის აგორებას ავტომატურად იწვევს და მიზნის მისაწევად ეფექტური გზაა, იმაზე ვმუშაობ და საამისოდ თანამოაზრეებს ვეძებ. მაგ რეჟიმთან ორი წელია სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, მიშა ტყვიებს ისვრის და მაინც ვერ დაგვარწმუნა, რომ აქეთა მხრიდან ბალეტის ცეკვას აზრი არა აქვს (თანაც მხოლოდ იმიტომ, დასავლეთში ცუდად არ შემოგვხედონო). ასეთი იდიოტიზმი მხოლოდ საქართველოში ხდება. ვისთვისაც მიზანი იგივეა და თავგანწირვა შეუძლია ამ ბრძოლაში, თავს შავ მუშად შევთავაზებ. დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა დასაშვები”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი.

“რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ილუზიებით არ უნდა ვაცხოვროთ ხალხი. ეს არ ნიშნავს, რომ შევეგუოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას. თუმც რეალობა კი ისეთია, რომ ჩვენ იმაზე მეტად დავშორდით ამ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას, ვიდრე სამი წლის წინ ვიყავით. ხვალ არც აფხაზეთსა და არც ცხინვალს ნებით არავინ დაგვიბრუნებს: ვერც ამერიკელები (საამისოდ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ და ვეჭვობ, სურვილიც რომ ჰქონდეთ) და არც რუსები გაიყვანენ ნებაყოფლობით ჯარს და არც მათი აღიარების დეზავუირებას მოახდენენ. მუდმივი დიპლომატიური მუშაობა და ხელსაყრელი დროის ლოდინი არის ის ერთადერთი იარაღი, რომელიც არსენალში დაგვრჩა ამ პრობლემების მოსაგვარებლად”, - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

“სანამ სხვა რეალობა არ შეიქმნება მსოფლიოში, ვიდრე დღესაა, მანამდე არაფერი გამოვა. 45 წელი ელოდნენ გერმანელები გახლეჩილი ქვეყნის გაერთიანებას, ვიდრე სასურველი დრო დაუდგებოდათ. პირობითად, ერის ჩამოყალიბებისა და ქვეყნის განვითარების ასწლიანი გეგმა უნდა შევქმნათ (ამ საკითხზე კონსენსუსს უნდა მიაღწიოს პოლიტიკურმა სპექტრმა, ამაზე მნიშვნელოვანს ჩვენი თაობა ვერაფერს გააკეთებს). შეუძლებელია ყოველ 15-20 წელიწადში საგარეო ვერტიკალი 180 გრადუსით ვატრიალოთ. ხან რუსეთთან გვინდა, ხან დასავლეთთან, ასეთი არასერიოზული მსჯელობა მიდის ბოლო რამდენიმე წელია. გლობალურ პოლიტიკაში ჩვენზე “ტინგიცურად” არავინ იქცევა. სერბეთს რა უქნეს, მაგრამ იქ ყურები არავის ჩამოუყრია და ამის გამო საპირისპირო პოლუსისკენ არ დაუწყიათ ყურება. დღეს რომ რუსეთზე სენტიმენტები გაჩნდა საზოგადოებაში, ამის გამომწვევი მიზეზები ხომ წინასწარვე ცნობილი იყო?! რამდენი წელია ამერიკა-რუსეთს შორის სავაჭრო საგანი ვართ და ჩვენ გარდა, ჩვენივე უთავბოლობით, ყველა სარგებელს ნახულობს ამ თამაშში”, - დაასკვნის გამოცემის რესპონდენტი.

“მიშას და ბოკერიასთანები კიდევ ბევრი გამოჩნდება და იმის იმედით, ვიღაცას თავი მოაწონონ, შესაძლოა, ერთ დღეს ერთსქესიანი ქორწინების იდეის დანერგვაც დაიწყონ, მაგრამ ქვეყანა რჩება სამუდამოდ და რაზეც დგას, ის ფასეულობები უნდა შევინარჩუნოთ. დღეს იდეოლოგიური ომი მიდის ქვეყნის შიგნით და ამ ბრძოლაში დამარცხება ერის გადაგვარებას ნიშნავს. სამწუხაროა, თუ ვინმეს ეს ჯერ კიდევ არ ესმის. ქართული სახელმწიფოს შენება უნდა იყოს ჩვენი მიზანი და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აუცილებლად ან იქით უნდა ვიყოთ, ან აქეთ. ზესახელმწიფოების ინტერესების ბალანსირებაა ჩვენი საფრთხეების შემცირების ერთადერთი გზა და ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმ უაზრო ნეიტრალიტეტს, რომელიც ახალი სატყუარაა”, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი და შეკითხვას - “საქართველოში ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლები აპირებენ ჩამოსვლას. რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?” - პასუხობს:

“არანაირი “ჰააგა” არ იქნება და მიმაჩნია, რომ ყველა შეგნებულმა ქართველმა, რომელსაც ესმის ტრიბუნალის აზრი და მისგან გამომდინარე შედეგები, ენას კბილი უნდა დააჭიროს. სააკაშვილის ზიზღმა ქვეყანა არ უნდა დაგვაყენებინოს საფრთხის წინაშე. ჰააგის სასამართლოთი დღეს მხოლოდ მეხუთე კოლონა ან გაუთვითცნობიერებელი ადამიანი აპელირებს”.

ლევან ალექსიძე პეტრე მამრაძეს მიზანმიმართულ სიცრუესა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ამხელს

“ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის ერთ-ერთ ლიდერსა და პარტია “ედინაია როსიას” მოკავშირეს ბ-ნ პეტრე მამრაძეს. იძულებული ვარ მოგმართოთ ღია წერილით, რადგანაც 14 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ეკა კვესიტაძის პროგრამაში თქვენ საქვეყნოდ, დაჟინებით იმეორებდით, რომ არავინ დასავლეთში რუსეთს არ ცნობს ოკუპანტად, ასევე “განმარტეთ”, რომ თუ არ ვუძახეთ რუსეთს ოკუპანტი ხარო, ვერავითარი დიალოგი ვერ შედგება”, - აცხადებს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, პროფესორი ლევან ალექსიძე გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ღია წერილში, სათაურით კოლაბორაციონიზმი და კაპიტულანტობა საქართველოს ვერ გაამთლიანებს.

“პირველ რიგში მაკვირვებს თქვენი “ლოგიკა”: მტერთან, რომელმაც ჩაიდინა აგრესია, მოახდინა საქართველოს ტერიტრიის 20%-ის ოკუპაცია, ოფიციალურად ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და აქცია ეს ტერიტორიები თავის შეირაღებული ძალების ბაზებად, საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება სუფთა ფურცლიდან, თითქოს არაფერი მომხდარა და რუსეთის ჯარები არ დგანან თბილისიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით. ეს არის კოლაბორაციონიზმის ყველაზე უკიდურესი ფორმა, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მთელ ქართულ საზოგადოებას, ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის ჩათვლით”, - წერს ლევან ალექსიძე.

“ბატონო პეტრე, მინდა აღვადგინო თქვენს მეხსიერებაში (თუ თქვენ განზრახ არ დაივიწყეთ) ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ომის შემდგომ მიღებული ყველა რეზოლუციის ის პარაგრაფები, რომლების “ოკუპაციის ფაქტს” ადასტურებენ: რეზოლუცია 1633, 2008 წლის 2 ოქტომბერი, პარაგრაფი 6 - “რუსეთის კონტრიერიში ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, ფართომასშტაბიან მოქმედებების ჩათვლით, დამთავრდა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციით”. რეზოლუცია 1647, 2009 წლის 28 იანვარი, პარაგრაფი 16 - “ასამბლეა მოუწოდებს ევროკავშირს, გააგრძელოს აქტიური გზების ძებნა... ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გაძლიერებისა და გაფართოების ჩათვლით, რომელიც ითვალისწინებს დაცვასა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებას... კონფლიქტის ზონების სხვა ოკუპირებულ ნაწილებში”. რეზოლუცია 1648, 2009 წლის 28 იანვარი, პარაგრაფი 6 - “ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას ყველა იმ აქტის გამო, რომლებმაც შეიძლება შეუწყონ ხელი კონფლიქტის ზონასა და ოკუპირებულ მხარეში მყოფი ქართველების ეთნიკურ წმენდას”. რეზოლუცია 1664, 2009 წლის 29 აპრილი, პარაგრაფი 10 - “ასამბლეის ძირითად შეშფოთებად რჩება ეთნიკურ ქართველთა მდგომარეობა ახალგორის ოკუპირებულ რაიონებში”... - განაგრძობს ღია წერილის ავტორი.

“როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია. მაშინ რით იყო განპირობებული თქვენი სიცრუე, თუ მივიღებთ მხედველობაში, რაოდენ განათლებული პიროვნება ბრძანდებით, უვიცობას ვერავინ დაგაბრალებთ. მაშინ გამოდის, თქვენ განზრახ ცდილობთ, შეცდომაში შეიყვანოთ ქართული საზოგადოება, რაც არ გეპატიებათ, როგორი პოლიტიკური ორიენტაციისაც უნდა იყოთ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ თქვენსა და “ედინაია როსიას” პარტიებს შორის დადებული შეთანხმება აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია (რაც, ასევე, პრინციპულად მიუღებელია) დანარჩენი შინაარსი კი ჩვენთვის უცნობი რჩება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ “ედინაია როსიას” თავმჯდომარე ვლადიმირ პუტინია, რომელიც რუსეთის აგრესიის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო და დღესაც იმუქრება საქართველოს ხელისუფლების ძალით ჩამოგდებით, გარკვეული დასკვნების გაკეთება ადვილია”, - მიიჩნევს პროფესორი ლევან ალექსიძე.

“ძალაუნებურად ვიხსენებ 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კრიტიკულ ჟამს, როდესაც სწორედ საქართველოში და მოსკოვში მოკალათებულ ქართველ ბოლშევიკთა მეცადინეობით განხორციელდა წითელი არმიის სისხლიანი ინტერვენცია, ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია მთელი საქართველოსი. და ბოლოს, ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს შეერკინოს ხელისუფლებას, მოითხოვოს მისი გადადგომაც კი, მაგრამ დაუშვებელია როცა ზოგიერთი პარტიის ლიდერი თავისი გეგმის განსახორციელებლად მხარდაჭერას ქართულ საზოგადოებაში კი არ ეძებს, არამედ ოკუპანტ ქვეყანაში ცდილობს მოიპოვოს მომხრეები, რისთვისაც აშკარად კაპიტულანტურ პოზიციას არ თაკილობს. კიდევ ერთი რამ - როგორც შევიტყვეთ, 17 თებერვალს ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მისული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ითხოვდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის უფლებების დაცვას, თქვენ კი ჯიუტად რუსეთთან დიალოგის აუცილებლობას ქადაგებდით. ასეთ საჭიროებას არავინ უარყოფს, მთავარია, რა ფასად!” - დასძენს ლევან ალექსიძე.

“ლეიბორისტების” კანონპროექტით პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის 100 000-ლარიანი ჯარიმით ან 3 წლამდე ციხით დასჯიან

“ინიციატივის წამოყენების საფუძველი ის ფაქტია, რომ იერიში მიიტანეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და უწმინდესზე. გაჩნდა აუცილებლობა, კანონით დავიცვათ ჩვენი სიწმინდეები და საქართველოში დარეგისტრირებული ყველა რელიგია. ეს არის ხაზგასმული ტოლერანტობა. კანონპროექტს პარლამენტში მალე შევიტანთ. ის, გარკვეულწილად ნაციონალური უმრავლესობის ლუსტრაციასაც მოახდენს - გამოჩნდება ის სიბინძურე, რაც საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორდა, უბრალოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების პერიოდული გამოხდომებია თუ ხელისუფლების ფარული პოლიტიკა”, - აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ნესტან კირთაძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის 100 000-ლარიანი ჯარიმით ან 3 წლამდე ციხით დასჯიან / ნესტან კირთაძე ოპოზიციის “ლეიბორისტებთან” გარიგებას გამორიცხავს.

“ოპოზიციური პარტიები კი, დარწმუნებული ვარ, ამ იდეას მხარს დაუჭერენ. მაგალითად, ამის შესახებ ჩემთან საუბარში უკვე განაცხადა გიორგი თარგამაძემ. კანონპროექტში წერია, “შეურაცხყოფა, რომელიც მიადგა საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას, მის წინამძღოლს, აგრეთვე რეგისტრირებულ რელიგიურ კონფესიას, სასულიერო პირს, გამოხატულს უწესო ფორმით, ისჯება ჯარიმით 100 ათას ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე”. ინიციატივაზე მუშაობისას გამოვიყენეთ გერმანიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების კანონშემოქმედებითი გამოცდილება”, - აცხადებს ნესატნ კირთაძე და შეკითხვას - “ამ ინიტიაცივის შესახებ კონსულტაციები საპატრიარქოშიც გქონდათ?” - პასუხობს:

“არა. არ მინდა უხერხულობა შევქმნა. ინიციატივა ექსპერტებთან შევაჯერეთ და კოლეგა-ოპოზიციონერებსაც გავუგზავნით”.

“ალიანსი საქართველოსთვის” უკვე იშლება?!

“პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ცხელი გაზაფხული გველოდება. მოახლოებული არჩევნების წყალობით ბევრი საინტერესო ამბის მომსწრე გავხდებით. როგორც ოპოზიციაში ისე ნაციონალებში სერიოზული შიდა დაპირისპირებები არსებობს. ნაციონალები ამას ჯერჯერობით მალავენ, ოპოზიცია კი უკვე ღიად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ეს დაპირისპირება შესაძლოა “ალიანსი საქართველოსთვის” დაშლით დასრულდეს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით რესპუბლიკელები და მემარჯვენეები ალასანიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ? / “დაიცავი საქართველო” ნოღაიდელის დამცველ ორგანიზაციად გადაიქცა.

“ოპოზიციაში ერთობა არასდროს იყო. აქ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. დიდი მცდელობის მიუხედავად, მათ ერთმანეთში საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს და ალბათ, არც არასდროს გამონახავენ. წინა კვირის დასაწყისში ირაკლის ალასანიამ მარჯანიშვილის თეატრში საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეხვედრას ალასანიასთან ერთად ძმები გაჩეჩილაძეებიც ესწრებოდნენ. სწორედ იქ გაკეთდა განცხადება, რომ ირაკლი ალასანიამ შეიძლება საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ლევან გაჩეჩილაძემ კი თითქმის თანხმობა განაცხადა მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. ამას არასაპარლამენტო ოპოზიციაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი დიდი ხანია ელოდება, როდის დაასახელებს გაჩეჩილაძე თავის კანდიდატურას. მის წინადადებას ისინი სიხარულით შეხვდნენ. საპარლამენტო ოპოზიცია ცოტათი მოწყენილი დარჩა. მოწყენილობამ დაისადგურა თურმე “ალიანსი საქართველოსთვის” რიგებშიც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სარწმუნო წყაროს ცნობით, მარჯანიშვილის თეატრში გაკეთებულმა განცხადებას “ალიანსის” რიგებში დიდი ამბები გამოიწვია. აქ ისედაც ვერ არის კარგი მდგომარეობა - გავრცელებული ინფორმაციებით, რესპუბლიკელები და მემარჯვენეები ერთმანეთს ვერ იტანენ, ორივე ერთად კი - ალასანიას. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მათზე მზე და მთვარე არც ალასანიას ამოსდის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მათთან შეთანხმების გარეშე არ გააკეთებდა ასეთ მნიშვნელოვან განცხადებას. ამის გამო ალასანიას თანაალიანსელები ძალიან განაწყენდნენ და გადაწყვიტეს, ალასანიასთვის სამაგიერო გადაეხადათ. სამაგიერო მათ მოულოდნელი განცხადებით გადაუხადეს - მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა სკანდალური განცხადება გააკეთეს - ოპოზიციას გაერთიანება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი ერთი პირობა წაუყენეს, ამ პირობის თანახმად, ისინი ზურაბ ნოღაიდელს უნდა განუდგნენ”, - დასძენს გამოცემა.

“ნოღაიდელს ოპოზიციის ერთ ნაწილში “მიჰყავს პარადი”. ყოფილი პრემიერი მეპრაიმერეთა რიგებში იმყოფება. ალიანსიდან წამოსულ ულტიმატუმს მეპრაიმერეთა მხრიდან დიდი რისხვა მოჰყვა. კობა დავითაშვილმა ალიანსელები ოპოზიციის რიგებში განხეთქილების შეტანაში დაადანაშაულა. ბურჯანაძის პარტიამ ეჭვი გამოთქვა, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოკერიას გეგმის შესრულებას შეუდგა. კონსერვატორებმა კი დაიბარეს, ეგ რესპუბლიკელები იმდენს იზამენ, ოპოზიცია მაგათ წინააღმდეგ გაერთიანდებაო. მეპრაიმერეებსა და არა მარტო მათ ალასანიაზეც უნდა გაეხსენებინათ რაღაცები, მაგრამ ზუსტად ამ დროს მისმა თანაპარტიელმა ზურაბ აბაშიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ისინი ყველასთან, მათ შორის ნოღაიდელთანაც აპირებენ თანამშრომლობას. რესპუბლიკელები და მემარჯვენეები კი მასთან საუბარს კატეგორიულად არ აპირებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ალიანსის” გარშემო თუ შიგნით მიმდინარე პროცესები პარასკევს “დაიცავი საქართველოს” ოფისში გამართულმა შეხვედრამ კიდევ უფრო გაამძაფრა. “დაიცავი საქართველოს” სახელით გაკეთდა განცხადება, რომ ოპოზიცია ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე უნდა გაერთიანდეს. განცხადებების გაკეთებას ლევან გაჩეჩილაძისგანაც ელიან, რომელიც, სავარაუდოდ, არ დაუპირისპირდება გამყრელიძეს. არადა, მათ შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობს. ისევე როგორც ალასანიასა და გამყრელიძეს შორის. ბოროტი ენები ალიანსს დაშლას უწინასწარმეტყველებენ. როგორც ამბობენ, ალასანიასაც ცალკე სდომია წასვლა, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგანაც ამ ხნის განმავლობაში თავისი გუნდის შექმნა ვერ მოახერხა. ალასანიას გუნდს ოპოზიცია პარტიად არ მიიჩნევს, შალვა ნათელაშვილი კი საელჩოების პროფკავშირს უწოდებს - ალასანიას მსგავსად მისი რამდენიმე თანაპარტიელიც ყოფილი დიპლომატია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“თუმცა მარტო ამის გამო ალასანია დიდხანს არ დარჩება ასეთ მდგომარეობაში. როგორც ამბობენ, თავიდან მას კონსერვატორებთანაც ჰქონდა გაერთიანება გადაწყვეტილი. მერე კი რატომღაც მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების გვერდით აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, მან ეს გადაწყვეტილება ამერიკელების რჩევით მიიღო. ალასანიასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ძალიან მალე შეიძლება მან გაჩეჩილაძესთან შეკრას ალიანსი. ეს ალიანსი დე ფაქტო უკვე არსებობს. გაზაფხულზე მიმდინარე აქციების დროს ალასანია რამდენჯერმე ფარულად შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. როცა საქმე გაარჩიეს, ალასანიამ აღიარა, რომ ამის თაობაზე მარტო გაჩეჩილაძისთვის ჰქონდა ნათქვამი. მან კი, თავის მხრივ, ალასანიას საიდუმლო არ “გააბაზრა”. ეს ამბავი ალიანსში დიდი გარჩევის მიზეზიც კი გამხდარა, თუმცა მერე დავიწყებას მიეცა, ახლა კი შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყოს”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126128.html

აშშ საქართველოსთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად რუსეთზე ზეწოლას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა საქართველოსთან დაკავშირებული აღებული ვალდებულებები შეასრულოს. ამის შესახებ ვაშინგტონში, ნატო-ს სტრატეგიის სემინარზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.

მან სემინარზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კვლავ არსებობს გარკვეულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოება.

“ვაპირებთ, ამ უთანხმოებების ღიად განსახილველად ნატო-რუსეთის საბჭო გამოვიყენოთ. ჩვენ ამ ფორუმს გამოვიყენებთ რუსეთზე ზეწოლისთვის, რათა შეასრულოს საქართველოსთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები და ისევე როგორც ჩვენ, აღიაროს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, - განაცხადა კლინტონმა.

მისივე თქმით, აშშ ნატო-რუსეთის საბჭოს ასევე გამოიყენებს იმის დასამტკიცებლად, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთისთვის საშიში არ არის, როგორც ეს რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინაშია ნათქვამი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2010

• დაიშალა თუ არა “ალიანსი საქართველოთვის” - თანამშრომლობა ნოღაიდელთან... ნოღაიდელის ფულის გარეშე?

• რატომ არ მიდის სააკაშვილი იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე

• გაფორმდა მემორანდუმი ახალი პოლიტიკური სატელევიზიო არხის შესახებ

დაიშალა თუ არა “ალიანსი საქართველოთვის” - თანამშრომლობა ნოღაიდელთან... ნოღაიდელის ფულის გარეშე?

“ალიანსი” დაიშალა. არა, არ დაშლილა, ერთიანია, მაგრამ მთავარ საკითხზე ვერ თანხმდება - ეს არის ის განცხადებები, რაც ალიანსის ლიდერების მხრიდან კეთდება. მთავარი კი ის არის, რომ ალასანია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შერჩევისთვის დათმობებზე მიდის და როგორც ჩანს, ეს კანდიდატი, ასე თუ ისე, შეირჩევა - “ახლების” და “რესპუბლიკელების” მონაწილეობით, ან მათ გარეშე. ალასანიას ეს გალაწყვეტილება რა შედეგის მომტანი იქნება, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ძნელია.მაგრამ ფაქტია, რომ ალასანიამ “ალიანსის” მოჯადოებული წრე გაარღვია და საკუთარი პარტნიორების წინააღმდელობის მიუხედავად, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სარწმუნო ფიცი, საკვირველი ბოლო... / “ალიანსი” იფიცება, რომ არ დაშლილა.

“ალიანსის” შიგნით ბოლო დროს ყველაფერი რიგზე რომ არ იყო, ფაქტია. გაჩენილ დაპირისპირებას კი უპირველესად “ახლების” და “რესპუბლიკელების” ზედმეტ ამბიციებსაც უკავშირებენ. როდესაც ეს ალიანსი შეიქმნა, მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, ირაკლი ალასანიასთვის, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რეიტინგი ჰქონდა, ეს პარტიები ზედმეტი ტვირთი იქნებოდა. ამ გაერთიანებას ალასანიასთვის, რა თქმა უნდა, თავისი დადებითი მომენტიც ჰქონდა. თუნდაც ის, რომ ათწლიან და ოცდაათწლიან პარტიებს პარტიული მუშაობის გამოცდილება და რესურსი გააჩნდათ, როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მათი ეს რესურსი არც ისე ძლიერი აღმოჩნდა, როგორც გარედან ჩანს. განსაკუთრებით კი “ახლების”. სწორედ ამიტომ, ალიანსის წარმომადგენლებს პირად საბურებში არაერთხელ უთქვამთ, ალასანია იმედგაცრუებულიაო. სხვათა შორის, ალასანია არათუ ალიანსის მასშტაბით, არამედ საკუთარ პარტიაშიც ვერ ახერხებდა წევრების მიღებას “ახლების” და რესპუბლიკელების” თანხმობის გარეშე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცხადია, ალასანიას დათმობებზე წასვლა სწორედ “ალიანსის” ერთიანობის შენარჩუნების გამო უწევდა. ბოლო და ყველაზე აშკარა დაპირისპირება კი უკვე წინა კვირას გამოიკვეთა, როდესაც ალიანსმა ალასანიას გარეშე გააკეთა ნოღაიდელის ოპოზიციიდან გარიყვის განცხადება. ის, რომ გამყრელიძე-უსუფაშვილისმოსაზრებას ალასანია არ იზიარებდა, განცხადების მომენტში მისი არყოფნაც მიანიშნებდა და მაშინვე ცხადი გახდა, რომ იგი სხვა გზას ირჩევდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პროცესში ერთგვარი კატალიზატორის როლი ლევან გაჩეჩილაძემაც ითამაშა. იმის გამო, რომ მას საკმაოდ განსხვავებული ელექტორატი ჰყავს, მის პოზიციას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. გასაკვირი არ არის, რომ მისი მხარდაჭერა ალასიანიასაც სურდა და პრაიმერის მომხრეებსაც. ამიტომაც ალასანიას გადაწყვეტილება გასაგებია. ალასანიამ უკვე ოფიციალურდ განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში “ალიანსი საქართველოსთვის” გარეშე, თავის პარტიასთან ერთად ჩაერთვება”, - დასძენს გამოცემა.

“ახლები” და “რესპუბლიკელები” ალიანსის დაშლას კატეგორიულად უარყოფენ. მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას პრინციპულ საკითხებში არ ეთანხმებიან. “ალიანსი ერთიანი რჩება, უთანხმოების საბაბი მხოლოდ პრაიმერში მონაწილეობაა”, - განაცხადა თავით უსუფაშვილმა “ახლების” ოფისში. მისი თქმით, ალიანსი რჩება იმ პოზიციაზე, რომ თუ მოხერხდება უფრო ფართო ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება, ეს არის კარგი და ამ საკითხში ალიანსი ერთიანია ისევე, როგორც ზურაბ ნოღაიდელთან მიმართებაში პოზიცია ყველა ლიდერს აქვს ერთიანი. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით გადაუწყვეტელია მხოლოდ პრაიმერის თემა - “ალიანსი საქართველოსთვის” პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს და ალასანიამ იცის, რომ ალიანსს პრაიმერში მონაწილეობის მიღება არ სურს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ალასანია ერთიანი კანდიდატურის გამოსავლენად მხოლოდ პრაიმერის მეთოდს არ მიიჩნევს. მისი განმარტებით საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად გამოიძებნოს პოლიტიკური შეთანმხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთს. “პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იტნება გარე ჩარევებისგან. თუ ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება დაახლოებით ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ”, - აღნიშნა ალასანიამ. ამასთან, ალასანია პრაიმერში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ მას ზურაბ ნოღაიდელი არ დააფინანსებს”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“როგორც იქნა ირაკლი ალასანია ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი პოლიტიკური მერყეობის შემდეგ გუშინ გაკეთებული განცხადებით, “ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. “რადგან არ გვაქვს პოზიციათა თანხვედრა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის ფორმაზე, მივედით დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩავერთოთ თუ არა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში. ეს ნიშნავს მოქმედების თავისუფლებას. რაც შეეხება ჩვენ შორის ურთიერთობის გაგრძელების სხვა ფორმას, ეს უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება”, - აცხადებს ირაკლი ალასანია. ალასანიამ არჩევანი ნოღაიდელ-კუკავა-დავითაშვილზე გააკეთა და თანაალიანსელები მშრალზე დატოვა”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით “ერთობა რუსეთისთვის თუ ერთობა საქართველოსთვის”.

“არადა, სულ რაღაც ერთი დღით ადრე ალასანია დედას იფიცებოდა, საგარეო-პოლიტიკური და სხვა იდეოლოგიური განსხვავება იმდენად დიდია, რომ არანაირ პოლიტიკურ ალიანსში ან პოლიტიკურ გაერთიანებაში ნოღაიდელთან არ შევალთა. ანტინოღაიდელური განცხადებით ალასანიამ მაშინ მხარი დაუჭირა გამყრელიძე- უსუფაშვილის ფორმულას “ყველა მინუს ერთი”. გუშინ კი ეს მინუსი პლუსად იქცა, თან საკმაოდ მსუყე პლუსად. რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელი თანაალიანსელთა სიმქკიცეში დარწმუნებული აცხადებდა, “პოლიტიკურმა ძალებმა უნდა აირჩიონ, რომელი ერთობაა მათთვის მისაღები - ერთობა რუსეთვის თუ ერთობა საქართველოსთვის. არის თუ არა ჩვენთვის სულერთი ნოღაიდელის განცხადებები პუტინის კაბინეტში”. როგორც ჩანს სულერი არ ყოფილა. ეტყობა ალასანიას ბიძგი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრამაც მისცა. ამ შეხვედრის შესახებ ფართო საზოგადაოებისთვის არაფერია ცნობილი, რაც, შესაბამისად, ეჭვების გაჩენის უფლებას იძლევა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ალიანსის” დარჩენილმა წევრებმა ვერ გაიგეს ან იმის არ სჯერათ, რომ მათი მერობის კანდიდატი ნოღაიდელთან ერთად გამოავლენს ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ხოლო ყოფილ თანაალიანსელებს “მოქმედების თავისუფლებას” ანიჭებს. თინა ხიდაგელი საქმეში უკეთ გაერთკვა და ალასანიას პოლიტიკურდ გამოჭხიზლებას შეეცადა. მისი თქმით, “ოროზიციისთვის ერთობის ერთადერთი ფორმულა ნოღაიდელისგან გამიჯვნა და მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურის მხარდაჭერა იქნება. დემოკრატიული ოპოზიცია ნოღაიდელს და რუსულ გზას უნდა გაემიჯნოს და ოპოზიციამ, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძემ, მხარი ირაკლი ალასანიას უნდა დაუჭიროს”. მაგრამ თავად ალასანიას არ სურს ასე. ალასანია ნოღაიდელთან თანამშრომლობაზე თანახმაა, მაგრამ, როგორც თავად აცხადებს, ნოღაიდელის ფულს არ გაეკარება”, - წერს დასძენს გამოცემა.

“პრაიმერის სხვა პროცედურით ჩანაცვლებაზე ისაუბრა გუშინ მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. მის კომენტარს გარნსაკუთრებით ელოდა პოლიტიკური სპექტრი - ქართულ ოპოზიციაში დღეს სწორედ მას გააჩნია ის ქარიზმა, რომლის იმედიც აქვს ოპოზიციას. რამდენად გაჭრის გაჩეჩილაძის ეს კოზირი მერის არჩევნებზე, სხვა საქმეა. ფაქტია, თავად ალასანიასაც კარნად მოეხსენება, რომ “გრეჩიხა” მას ამ ასპექტში მოუგებს. ოპოზიციური ძალები ხვდებიან, რომ გაჩეჩილაძის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ, მერე რა, რომ მისი იარაღი მხოლოდ ზემოხსენებული ქარიზმაა და მეტი არაფერი. გაჩეჩილაძემ გუშინ იმდენად მოკლე განცხადება გააკეთა, რომ აშკარად შეიქმნა გთაბეჭდილება, მეტს ვერაფერს იტყოდა, რადგან საქთმელი არაფერი ჰქონდა. მან დააფიქსირა, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დღიდან დაიწყება”, - წერს სტატიის ავტორი.

რატომ არ მიდის სააკაშვილი იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე

“28 თებერვალს ვიქტორ იანუკოვიჩის ინუაგურაციაზე უკრაინაში საქართველოდან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბატრაძე და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მიდიან. ეს ინფორმაცია ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე გააჟღერა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ არ მიდის სააკაშვილი იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე / მანანა მანჯგალაძე: “ეს კითხვა პრეზიდენტს უნდა შევუთანხმო”.

“მიიღო თუ არა უკრაინიდან ქვეყნის პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა მიწვევა? მიხეილ მაჭავარიანის განმარტებით, “ამა თუ იმ პრეზიდენტის ინაუოურაციაზე მიწვევას იღებს სახელწიფო და არა კონკრეტული პირი. ამდენად აქ არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ინაუგურაციაზე გაემგზავროს პარლამენტის თავმჯდომარე”. და მაინც, რატომ არ აპირებს სააკაშვილი უკრაინაში წასვლას, იმ ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად ჩადიოდა... არწასვლის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ გახმოვანებულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სააკაშვილს უკრაინაში არწასვლის მიზეზებზე ჯერ პასუხი არ აქვთ. ადმინისტრაციის უფროს მანანა მანჯგალაძის თქმით, ეს კითხვები არსებობს და ამიტომაც განცხადება გაკეთდება. პოლიტოლოგების შეფასებით, სააკაშვილს მიწვევა არ მიუღია. არმიწვევის მიზეზი კი წინაასაარჩევნოდ საქართველოდან ატეხილი ისტერიკა იყო - მრავალრიცხოვარი დამკვირვებლები და ყბადაღებული საუბრები იანუკოვიჩის პრორუსულობაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ინაუგურაციაზე ამა თუ იმ პირის მიწვევა იმის მიხედვით ხდება, რამდენად მნიშთვნელოვანია ქვეყანა და რამდენად კარგი ურთიერთობებია ქვეყნის პირველ პირებს შორის. როცა პრეზიდენტი არ მიდის ამ ინაუგურაციაზე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც თვალსაზრისით ეფვის ქვეშ არის დაყენებული ქვეყნებს შორის ურთიერთობები. წარმოდიგდენიათ, რომ იუშჩენკოს ინაუგურაცია ყოფილიყო და სააკაშვილი არ მიეწვიათ? ტიმოშენკოს მიმართ ასეთი ღია მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო. მიუხედავად ამისა მიწვევა გამოაგზავნეს, ოღონდ არა პირადად სააკაშვილზე, ალბათ, მხოლოდ ზოგადი დელეგაციის დონეზე. ამიტომაც არ მიდის პრეზიდენტი. საერთოდ არმიწვევა კი იქნებოდა დემარში ქვეყნის მისამართით და უკრაინის ხელმძღვანელები ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი გიორგი ხუციშვილი.

“საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვევა უკვე მიიღო ქართულმა მხარემ, თუმცა, დელეგაცია ჯერ არ არის დაკომპლექტებული და შესაბამისად, გაურკვეველია, ვინ წარმოადგენს საქართველოს უკრაინაში”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით იანუკოვიჩის ინაუგურაციას ქართველებიც დაესწრებიან.

“გასულ კვირას მივიღეთ ოფიციალური ნოტა, სადაც უკრაინის ადმინისტრაცია იწვევს საქართველოს მაღალ წარმომადგენლობას ინაუგურაციაზე. თუმცა, დელეაგეციის დაკომპლექრება მოგვანდეს ჩვენ. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შემადგენლობის იქნება და ვისი ხელმძღვანელობით”, - აღნიშნა ნინო კალანდაძემ. იანუკოვის ინაურურაციას დაესწრება თუ არა სააკაშვილი, ჯერ უცნობია”, - აღნიშნავს გამოცემა.

გაფორმდა მემორანდუმი ახალი პოლიტიკური სატელევიზიო არხის შესახებ

“საქართველოს “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. გუშინ მხარეებმა მეორე არხის ახალ ფორმატსა და პროგრამირებაზე შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში ხელმოწერის დაადასტურეს. მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთების ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს ეკუთვნის. მემორანდუმს საქართველოს 11 პოლიტიკური პარტია, “საზოგადოებრივ მაუწყებლის” სამერვეო საბჭოს თავმჯდომარე და მეორე არხის გენერალური დირექტორი აწერენ ხელს”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით ახალი პოლიტიკური არხის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

“მემორანდუმი ხელმოსაწერად ღიაა მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე. ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ამ დრომდე დააფიქსირებს თავის ხელმოწერას, საშუალება ექნება რეორგანიზებულ არხზე პრაიმტაიმში ერთსაათიანი ზოლით (“თავისუფალი ტრიბუნით”) ისარგებლოს. გარდა ამისა, არხი მაყურებელს ამ პარტიების ბრიფინგებსა და პოლიტიკურ აქტივობებს პირდაპირ ეთერში სრულად და კომენტარების გარეშე მიაწვდის. არხი პარლამენტის პლენარული სხდომებისა და მნიშვნელოვანი საკომისიო განხილვების პირდაპირ ეთერში გაშუქებასაც უზრუნველყოფს. “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ინიციატივით კი გადაწყდა, რომ არასასესიო პერიოდში არხზე თავისუფალ პოლიტიკურ საკითხებზეც გაიმართება დებატები. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის თქმით, პოლიტიკური არხები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მემორანდუმს პირველივე დღეს ხელი მოაწერეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა: “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “ნაციონალური მოძრაობა”, “დაიცავი საქართველო”, ტრადიციონალისტები”, “ჩვენ თვითონ”, “კონსერვატორები”, “ქართული დასი”, “ჩვენ, საქართველოს თავისუფალი დემოკრატები”, “ხალხის პარტია” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”. ამ დროისთვის ხელმოწერაზე უარს აცხადებენ: “ეროვნული მოძრაობა - დემოკრატიული საქართველო”, “ქალთა პარტია”, “ლეიბორისტული პარტია”, საქართველოს გზა”, “ახალი მემარჯვენეები” და “რესპუბლიკური პარტია”. მემორანდუმი ძალაშია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მემორანდუმზე ხელმომწერი პარტიების ცვლილების შემთხვევაში, ეროვნულ-დემორატული ინსტიტუტის მემორანდუმში მონაწილე პარტიათა ახალ სიას დააზუსტებს და მათი რიგითობის გრაფიკს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირი ეთერით გადასცემს”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126263.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“საზოგადოებრივი დარბაზი” დღეს შეკრებას გამართავს

“საზოგადოებრივი დარბაზი” ჭადრაკის სასახლეში დღეს დიდი შეკრების გამართვას გეგმავს. შეკრება 13:00 საათზე დაიწყება და მონაწილეები ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ.

საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელის, დავით მაღრაძის განცხადებით, ეს შეკრება გამარჯვების გზაზე გადამწყვეტი იქნება. იგი იმედოვნებს, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთად დადგება და ოპოზიციის საერთო კანდიდატს ერთად გამოკვეთს.

“ბრძოლის გზაზე გამოიკვეთება კანდიდატურა. ჩვენ ალასანიას ნაბიჯს მხარს ვუჭერთ. ოპოზიცია შეთანხმდება ერთ კანდიდატზე, რომელსაც ქართული საზოგადოებაც მხარს დაუჭერს”, - აცხადებს დავით მაღრაძე. დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ელენე გედევანიშვილი ოლიმპიადაზე მე-9 ადგილზეა

ელენე გედევანიშვილი ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-9 ადგილზეა.

ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 61.92 ქულა მიიღო და ოქროს მედლის 30 პრეტენდენტს შორის მე-9 შედეგი აქვს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ვანკუვერიდან ქართული დელეგაციის მისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯაფარიძემ აცნობა, ქართველმა სპორტსმენმა პირადი რეკორდი მოხსნა.

“ელენე ასე არასდროს გამოსულა. მან შეასრულა სამიანების კასკადი, რაც ევროპის ჩემპიონატზე არ შეუსრულებია. მიღებული ქულა მისი რეკორდია. ასეთი მაღალი შეფასება არასდროს დაუმსახურებია. გამოითქვა სპეციალისტთა მოსაზრება, რომ ელენეს მე-7 ადგილი ეკუთვნოდა, თუმცა ამაზე საუბარი ახლა გვიანია”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ირაკლი ჯაფარიძის ინფორმაციით, 25 თებერვალს ელენე გედევანიშვილი თავისუფალ პროგრამაში ბიზეს “კარმენის” მუსიკაზე დადგმულ ცეკვას შეასრულებს.

ამავე დღეს ორი პროგრამის ქულების ჯამით, ქალ მოციგურავეთა შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედალოსნებიც გამოვლინდებიან.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...