Search the Community
Showing results for tags 'კანუდოსი'.
-
ლიტერატურაში უამრავი პერსონაჟი არსებობს, რომელიც რეალურად არსებულს ან ემთხვევა, ან არა. ასევეა გეოგრაფიულ დასახელებებთან მიმართებაშიც. ახლახან დავწერე ბლოგ-ტექსტი კანუდოსის შესახებ. კანუდოსი - რომანში "სამოსელი პირველი" მოხსენიებული ეს ქალაქი ბრაზილიაში მდებარეობს, სადაც ანტონიო კონსელეიროს (ესეც რომანის პერსონაჟია) მეთაურობით ადგილობრივები ხელისუფლებას 1897 წელს აუჯანყდნენ. ქალაქმა სამი შეტევა მოიგერია, მეოთხედ კი დამარცხდა. კონსელეიროს თავი მოჰკვეთეს, კანუდოსელები კი ამოხოცეს. ქალაქი წყლით დაფარეს (იქ წყალსაცავი განათავსეს), სიახლოვეს კი ახალი ქალაქი, იგივე სახელწოდებით დაარსეს. კანუდოსელების ბრძოლაზე 1997 წელს ფილმიც გადაიღეს.
-
კანუდოსელები მაინც კარგად იბრძოდნენ, ანუ ამბავი ნამდვილი კანუდოსისა
სკირონი posted a blog entry in სკირონი's ბლოგი
აბა, რომელს წაგიკითხავთ და გულგრილი დაუტოვებიხართ კანუდოსის ამბებს „სამოსელ პირველში“? ერთი მუჭა სერტანიდან აყრილი ვაკეიროები, ხუმრობა რომ თავის ადგილას იცოდნენ, მუშაობა თავის ადგილას და ბრძოლა - ბრძოლად, რომელს არ შეგიქიათ ჟინისა და თავისუფლებისკენ ლტოლვის გამო? რომელს არ გითქვამთ გულში ან ხმამაღლა გურამ დოჩანაშვილისთვის მადლობა იმის გამო, რომ არსებობს და ჩვენთვის წერს? შესაძლოა, ბევრმა იცის, ბევრმა კი - არა, მაგრამ მე მაინც მოვყვები ნამდვილი კანუდოსის მოკლე ისტორიას, რომელსაც სინამდვილეშიც კანუდოსი ერქვა და ბრაზილიაში მდებარეობს. კი, ახლაც მდებარეობს, მაგრამ ეს არ არის ის კანუდოსი, რომელიც „სამოსელ პირველში“ აღწერილის პარალელად გამოდგება. წინა, აწ უკვე იავარქმნილი კანუდოსი აღარ არის: ის ადგილი ახლა წყლითაა დაფარული. აჯანყების ჩახშობისა და კანუდოსის პირისაგან მიწისა აღგვის შემდეგ ბრაზილიის ხელისუფლებამ იმ ადგილას საგანგებოდ განათავსა წყალსაცავი. ზაფხულში, როცა წყლის დონე იკლებს, ამ ადგილას მაინც შესაძლებელია კანუდოსელების მიერ აშენებული ეკლესიის ნანგრევების დანახვა... აჯანყება ბრაზილიის პატარა ქალაქ კანუდოსში 1897 წელს, ანტონიო კონსელეიროს მეთაურობით დაიწყო. ისტორიულმა წყაროებმა შემოინახეს კონსელეიროს აღწერა: ის გარეგნობით მაღალი, თხელი, გრძელი შავი თმით და წვერით, ლურჯი ტუნიკით, დიდი ზომის ხის ჯვრით არის აღწერილი. ნათქვამია, რომ იყო მოძღვარი ღარიბთა და მინიშნებულია, რომ მისი გარეგნობის გამო მოსახლეობა კონსელეიროს იესოს ამსგავსებდა. კონსელეირომ თანამოაზრეები ძალიან სწრაფად შემოიკრიბა. ისინი არ სცნობდნენ ბრაზილიის რესპუბლიკურ ხელისუფლებას და არც ექვემდაბარებოდნენ. კონსელეირო მოგზაურობდა და ორატორული ნიჭის წყალობით მალე მიიზიდა ფერმერები, ყოფილი მონები და ადგილობრივი ტომები. ანტონიო კონსელეირო არამარტო ქადაგებდა ერთობას და თანასწორობას, არამედ კანუდოსში, რეალურად, ასეც ცხოვრობდნენ. ამაზე მინიშნება გურამ დოჩანაშვილის რომანშიცაა, როცა მარადახალი მდინარიდან ბადით ამოყვანილი თევზების გადათვლისა და იქ მყოფებთან შედარების შემდეგ მენდეს მასიელი რამდენიმე თევზს უკან, მდინარეში ყრის... კონსელეიროსა და მისი მომხრეების წინააღმდეგ ხელისუფლება, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეკლესიამ წააქეზა. ეკლესიის მხარდაჭერით გათამამებულმა და ფრთებშესხმულმა ხელისუფლებამ, იმის მომიზეზებით, რომ ფსიქიკურად დაავადებული კონსელეირო ხალხს თავგზას უბნევდა, კანუდოსელების წინააღმდეგ უსასტიკესი სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყო. კანუდოსელები მართლაც კარგად იბრძოდნენ: მათ სამი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ დამატებითი კონტიგენტის გამოგზავნის შემდეგ ბრაზილიის უზარმაზარ სამხედრო ძალასთან დამარცხდნენ. სამხედროები კანუდოსელებს სასტიკად გაუსწორდნენ: ქალაქი ცეცხლს მისცეს, კანუდოსელები კი, განურჩევლად იმისა, ეჭირათ თუ არა ხელში იარაღი, დახოცეს. არსებობს დოკუმენტური ფოტომასალა, როგორ სხედან ერთად ბრძოლის შემეგ დახოცვას შემთხვევით გადარჩენილი კანუდოსელები. ბოლო ბრძოლაში მოკლეს ანტონიო კონსელეიროც. მის ცხედარს თავი მოჰკვეთეს და გაგზავნეს სალვადორში. ექიმ-ექსპერტის შემოწმებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ კონსელეიროს თავი ბაჰიას მედიცინის სკოლის მუზეუმში ინახებოდა, სადაც 1905 წელს, ხანძრის შედეგად განადგურდა კიდეც. განადგურებული, წყლით დაფარული ქალაქის სიახლოვეს ახალი ქალაქი გააშენეს. მასაც კანუდოსი ჰქვია და იქ დაახლოებით 13.000 ადამიანი ცხოვრობს. კანუდოსელები დღემდე ატარებენ ეკლესიურ რიტუალებს ძველი კანუდოსელების სულების მოსახსენიებლად. 1997 წელს რეჟისორმა სერჯიო რეზენდემ გადაიღო ფილმი კანუდოსის შესახებ, რომელსაც Guerra de Canudos ("ბრძოლა კანუდოსისთვის")ჰქვია. http://www.youtube.com/watch?v=VnfJ-xyyDU4-
- კონსელეირო
- კანუდოსი
-
(and 1 more)
Tagged with: