"რესპუბლიკური პარტია" თბილისის მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს . როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მერის მიერ შემოთავაზებული პროექტი სრულიად აბსურდული, ლოგიკასა და საღ აზრს მოკლებულია. ასევე, არის მორიგი კაბალური ვალდებულება, რომელსაც თბილისელებს, ხელისუფლების მხრიდან რაიმე დამატებითი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების აღების გარეშე დააკისრებენ. ხიდაშელის თქმით, გადასახადის ზრდას საერთო არაფერი აქვს სერვისის გაუმჯობესებასთან, ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლასა და მის ადმინისტრირებასთან. როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, ეს ოთხი წლის წინ განხორციელებულმა "თბილისის წყლის" პრივატიზებამაც დაადასტურა. "ბოლოდროინდელმა მოვლენებმა თბილისელისთვის სრულიად ნათელი გახადა, რომ "რესპუბლიკელების" მიერ ოთხი წლის განმავლობაში "თბილისის წყლის" დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ გაკეთებული ყველა განცხადება საფუძვლიანი და დასაბუთებული იყო. თბილისში დასუფთავების გადასახადის ახალი წესის შემოღებამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. "რესპუბლიკელები" შევეცდებით, ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ, რათა არ დავუშვათ ამ კაბალური ვალდებულების დაკისრება თბილისელებისთვის", _ აცხადებს ხიდაშელი. "რესპუბლიკური პარტია" მიმართავს დაინტერესებულ პირებს, იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ აღნიშნულ საკითხზე კვალიფიციურად იმსჯელოს, ექსპეტიზა ჩაატაროს, – მიიღოს მონაწილეობა საკრებულოს დღევანდელი სხდომის მუშაობაში. თინა ხიდაშელი მიმართავს ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს, სხდომაში მონაწილეობის მიღების მსურველ ადამიანებს ხელოვნური ბარიერები არ შეუქმნას. თბილისის მერიის ახალი ინიციატივის მიხედვით, სულადობრვი გადასახადი უქმდება და დასუფთავების მოსაკრებელი მოხმარებულ ელექტროენერგიაზე იქნება დამოკიდებული. ანუ, თვის განმავლობაში ოჯახის მიერ მოხმარებული კვტ. საათების მოცულობა 0.05 ლარზე გამრავლდება და ყოველთვიური გადასახადი ასე გამოითვლება. აღნიშნული ცვლილების განხილვა საკრებულოში დღეისთვის არის დაგეგმილი.