ამიერიდან ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე საავტომობილო გზით, ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე შევა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და სხვა მნიშვნელოვან დარგებში დასაქმებულ პირთა მატერიალურ მდგომარეობას. 2013 წლის 6-7 აგვისტოს ქ. მოსკოვში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და რუსეთის ფედერაცის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების აღდგენა არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების შესაძლებლობები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერების გამო, ორ ქვეყანას შორის საავტომობილო გადაზიდვებით ძირითადად დაკავებულები არიან აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის გადამზიდავები. მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის, რაც შეწყვეტილი იყო 2006 წლიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე რუსეთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლისათვის საჭირო დოკუმენტაციითა და ნებართვებით. .