"თუ ბნელა და იქ საშინელება ხდება, რატომ ცდილობენ ქართველები სამსახურის შოვნას სწორედ ენგურს გაღმა?" თვალს ვადევნებ აფხაზურ ინტერნეტგვერდებს, აშკარაა, რომ აფხაზებში ნაციონალისტური განწყობა იზრდება. - გეთანხმებით, იზრდება და თანაც ანტირუსული და ანტიამერიკული განწყობის ფონზე. დაახლოებით იგივე ხდება, რაც საქართველოში. უკვე ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ არც რუსეთი უნდათ და არც ამერიკა. საქართველოსაც ამერიკულ ძალად განიხილავენ. ამიტომ მიაჩნიათ, რომ ხმა უნდა მისცენ იმ კანდიდატურას, ვინც უფრო პროაფხაზურ პოზიციაზეა და ეს კანდიდატი ანქვაბია. შამბას უფრო პროდასავლური, პროდემოკრატიული პოლიტიკოსის ნიშა უკავია. ისე, აფხაზეთში ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, პირველად ხდება, რომ კანდიდატები ერთმანეთს უპირისპირდებიან არა ოჩამჩირისა და გუდაუთის დაჯგუფებების, არამედ მართვის სტილის მიხედვით, ანუ უპირისპირდებიან უფრო დემოკრატი შამბა და შედარებით ავტორიტარი ანქვაბი... თუმცა იყო ანქვაბის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ ის შესაძლებლად მიიჩნევს ქართველებთან უპირობო მოლაპარაკებას, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ წაუყრუა. ხოლო შამბას წინასაარჩევნო ვიდეორგოლები რომ ნახოთ, გაოცდებით, კადრში სულ გოგა ხაინდრავასთან ერთად ჩანს, რაც ძალიან საინტერესოა. ანუ შამბა მიიჩნევს, რომ გოგა ხაინდრავასთან ერთად ქართველებთან მოლაპარაკებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია და ამას აფხაზებსაც ახსენებს. ამის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიისას საქართველოზე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ. შამბას პოზიციებს ამყარებს სომხური მოსახლეობაც, რადგან მათ აფხაზი ნაციონალისტებისა ძალიან ეშინიათ. შესაბამისად, მათ აშინებთ შედარებით პროაფხაზი ანქვაბიც. არც შამბაა პირწავარდნილი პრორუსი, მაგრამ იმედი აქვთ, უფრო დემოკრატია და არ გადაგვივლისო. ერთიცაა, ხაჯიმბას ფაქტორი ძალიან ასუსტებს შამბას პოზიციებს, რადგან სომხების დიდი ნაწილი სწორედ ხაჯიმბას მისცემს ხმას. ვვარაუდობდი, რომ ხაჯიმბა ხვდებოდა რა თავის აუტსაიდერობას, მოხსნიდა კანდიდატურას და თავის ხმებს შამბას გადაულოცავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხაჯიმბა ძირავს შამბას, თუმცა ვფიქრობ, რომ ამასაც აქვს ახსნა. ვეჭვობ, გარკვეული გარიგებაა მასსა და ანქვაბს შორის, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ხაჯიმბას რამე მნიშვნელოვან თანამდებობას შესთავაზებს. წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/politika/40625-qratom-cdiloben-qarthvelebi-samsakhuris-shovnas-stsored-engurs-gaghma.html#ixzz1WDkZTtTi