ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 14:19 06-12-2011 ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" შესყიდვის სურვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გარკვეულ პირთა ინტერესებს ემსახურება და პროცესების სხვა ჭრილში გადატანის მცდელობას წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ მავანნი ცდილობენ "მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ბიძინა ივანიშვილის სახელს დაუკავშირონ, იძულებულნი ვართ კიდევ ერთხელ განვმარტოთ - ბიძინა ივანიშვილი მზად არის დაეხმაროს დამოუკიდებელ, თავისუფალ ჟურნალისტიკას და ამით დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების პროცესს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია არა ერთი რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების ინტერესების დაცვა, არამედ, ზოგადად, თავისუფალი ქართული ჟურნალისტიკის მხარდაჭერა. ამ მიზნით ბიძინა ივანიშვილი ხვდებოდა და მომავალშიც შეხვდება ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს. ხმები, ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" შესყიდვის სურვილის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება; იგი გარკვეულ პირთა ინტერესებს ემსახურება და პროცესების სხვა ჭრილში გადატანის მცდელობას წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს საზოგადოებისგან მალულად არანაირი მოლაპარაკების წარმოებას, მათ შორის მედიასაშუალების შესყიდვის თაობაზე და თუ მომავალში ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს შეიძინოს ესა თუ ის მედიაკომპანია, ამის შესახებ საჯაროდ და ღიად განაცხადებს", - ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.