ადრონები (ძვ. ბერძ. ἁδρός, მასიური, დიდი) წარმოადგენენ თავისუფალი (ვალენტური) კვარკებისგან (ან ანტიკვარკებისგან) შედგენილ ნაწილაკებს, რომლებიც ძლიერი ურთიერთქმედებით ხასიათდებიან და ამ ურთიერთქმედების პროცესში ინარჩუნებენ კვანტურ რიცხვს. ადრონებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ მათი კვარკული შემადგენლობის მიხედვით: მეზონებად – რომლებიც შედგებიან ერთი კვარკისა (კვარკები ელემენტარული ნაწილაკებია, რომელზე უფრო მცირე ნაწილაკიც ჯეწრჯერობით აღმოჩენილი არაა) და ერთიც ანტიკვარკისგან. ბარიონებად – რომლებიც შედგებიან 3 კვარკისაგან (ან 3 ანტიკვარკისაგან). აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ ხილული ნივთიერებიბს დიდი წილი სწორედ ბარიონებისგან – ნუკლონებისგან შედგება, რომლებიც ერთერთ ყველაზე ცნობილ ნაწილაკებს, პროტონებსა და ნეიტრონებს წარმოადგენენ. ბარიონებს განეკუთვნებიან ასევე მრავალრიცხოვანი ჰიპერონები (მაგ. Λ. Ξ, Σ, Ω-ნაწილაკები) – შედარებით მძიმე და არასტაბილური ნაწილაკები, რომლებიც მხოლოდ ამაჩქარებლებში მიიღება. მეზონებს განეკუთვნებიან პიონები (π-მეზონი), კაონები (K-მეზონი) და სხვა მძიმე მეზონები. 1930-იანი წლების ბოლოს აღმოჩენილი ნაწილაკები – მიუონები მისი მასის გამო ასევე მიაჩნდათ მეზონებად და იწოდებოდა μ-მეზონად, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მიუონებს არ გააჩნიათ ძლიერი ურთიერთქმედების ძალა და ელექტრონის მსგავსად ლეპტონების კლასს განეკუთვნება. ყველა ადრონი თავისუფალ მდგომარეობაში (სავარაუდოდ პროტონის გარდა) არასტაბილურია. ადრონები, რომლებიც ძლიერი ურთიერთქმედების შედეგად იშლებიან გააჩნიათ 10-22 - 10-23წ სიცოცხლის ხანგრძლივობა და „რეზონანსულად“ იწოდებიან. ხოლო ადრონები, რომლებიც სუსტი და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების შედეგად იშლებიან პირობითად „სტაბულურებად“ იწოდებიან მათი შედარებით ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის გამო (ნუკლონები, π, K-მეზონები, Λ, Ξ, Σ, Ω-ჰიპერონები და სხვ). ბოლო ხანებში ასევე აღმოჩენილ იქნა ეგრედწოდებული ეგზოტიკური ადრონების არსებობის ნიშნები, რომლებიც ძლიერი ურთიერთქმედებით ხასიათდებიან, მაგრამ ადრონების სტანდარტულ კლასიფიკაციაში ვერ ჯდებიან მისი კვარკული შემადგენლობის გამო. ეგზოტიკური ადრონები ორ ჯგუფად იყოფიან: ეგზოტიკურ ბარიონებად, ნაწილაკებად რომელთა მინიმალური კვარკული შემადგენლობა 4 კვარკი და ერთიც ანტიკვარკია (პენტაკვარკები) ეგზოტიკურ მეზონებად – ადრონული მოლეკულები, გლუბოლები და ჰიბრიდული მეზონები.