თამადამ თანამესუფრეებს სამშობლოს სადღეგრძელო შესთავაზა. კაკო ორჯონიკიძეს თვალები პროჟექტორებივით აენთო, წამოდგა, ღიპი მაგიდაზე შემოსდო, ჭიქა აიღო, იდაყვი განზე გაწია და მხრის სიმაღლეზე დაიჭირა, ნეკა თითი წესისამებრ გაფშიკა, მეორე თავისუფალი მუშტი მკერდზე დაიბრაგუნა და აღელვებულმა, ცრემლმორეული ხმით, ჯერ მარტო თავისი სახელით, მერე სუფრისა და ბოლოს მთელი ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ერი არის ხატი, რომლის წინაშე მუხლმოყრილი ლოცვა გვმართებს, რომ ერს ცრემლი უნდა შევუმშრალოთ და სხვა. როდესაც ფიცი დადო, თუკი ერის კეთილდღეობა მოითხოვს, ერთს არ შევყოყმანდები, თვალის დაუხამხამებლად გავწირავ თავსო, გედეონ რევიამ ჩანგალი ააჩხაკუნა და ამით გაკვირვებულმა კაკო ორჯონიკიძემ წამით რომ ლაპარაკი შეწყვიტა, უთხრა: - კარგი და, ვთქვათ, არ დაგჯერდა თავგანწირვას და უფრო მძიმე მსხვერპლი მოგთხოვა. რას იზამ? კაკო ორჯონიკიძე გვერდულად, გაკვირვებული ძაღლივით მიაჩერდა გედეონს. - თავგანწირვაზე მეტი რაღა უნდა მომთხოვოს?! - შესძახა მერე და სუფრას ისე მოავლო თვალი, თითქოს მხარდაჭერას ითხოვსო. - თავგანწირვა ადვილია, კაკო. ძელები თუ სხვამ გამოგითალა, სახრჩობელა სხვამ დაგიდგა, სკამი სხვამ მიგიდგა, სხვამ აგიყვანა ზედ და თოკი სხვამ ჩამოგაცვა, ყულფში თავის შეყოფას რაღა უნდა! მაგრამ ერთიც ვნახოთ და, იმ შენმა სათაყვანებელმა ერმა თავგანწირვის ნაცვლად ასეთი რამ გთხოვა: კაკო ორჯონიკიძე, ნუ დაცლი მაგ ჭიქას. საერთოდ, ნაკლები სვი, ნაკლები ჭამე, ღიპი მოიშორე, გახდი, მეტი იფიქრე, , მეტი იკითხე. მე, შენს მშობელ ერს, ახლა ყველაზე უფრო ის მჭირდება, რომ შენს თავში თავისუფლების იდეა გაჩნდეს. შეასრულებ? - რატომაც არ შევასრულებ! - გულმოსული ხმით თქვა კაკო ორჯონიკიძემ, ისე, ომ გედეონისთვის სახეში არ შეუხედავს, და ჭიქა დაცალა. გენიალურია...