ღუდუშაურის კლინიკა პაციენტ ვასილ სანოძის მიღების ფაქტს ადასტურებს ბეჭდვა ელფოსტა 10:44 - 03.05.2011 vasil_sanodze.jpgღუდუშაურის სახელობის კლინიკის მიმღები ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს დილით საავადმყოფოში პაციენტი ვასულ სანოძე შეიყვანეს. როგორც "პირWელს" მიმღებში განუცხადეს, ამ დროისთვის სანოძე რეანიმაციის განყოფილებაშია გადაყვანილი. სხვა დეტალებს მიმღები არ ახმაურებს. ამ დროისთვის კლინიკის დაცვა გაძლიერებულია. ცოტა ხნის წინ ადგილზე შს სამინისტროს რიგი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, თუმცა ამ დროისთვის ისინი კლინიკის შესასვლელთან აღარ ჩანან. შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს მაღალჩინოსანი ვასილ სანოძე ღუდუშაურის კლინიკაში დღეს დილით, დაახლოებით 07:00 საათისთვის შეიყვანეს. უგონო მდგომარეობაში იმყოფება. "პირWელის" ინფორმაციით, სანოძეს ტყვია საფეთქელთან ახლოს აქვს მოხვედრილი. ამ დროისთვის სანოძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და იგი მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ჯერჯერობით უცნობია რა მდგომარეობაში მოხდა ინციდენტი და რას ჰქონდა ადგილი, მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მცდელობას. ექიმები ღიად საუბრისას თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სანოძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და გადარჩება თუ არა ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ სანოძე შსს-ს იმ მაღალჩინოსნებს შორის არის, ვისი გვარიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. როგორც ცნობილია, სანდრო გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს, ასევე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას ასახელებდა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=69050&Itemid=1