გალიდან რუსებმა აფხაზი ძალოვანები გაყარეს “საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რუსმა სამხედროებმა იმ პერიმეტრის დაკავება დაიწყეს, სადაც ადრე აფხაზები იდგნენ. ამ ფაქტმა კი აფხაზების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ დროისთვის აფხაზეთის სასაზღვრო პერიმეტრს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა აფხაზი მესაზღვრეების იძულებით ჩანაცვლება განახორციელეს. მათ აფხაზური დროშები ჩამოხსნეს და მათ ნაცვლად საზღვარზე რუსული დროშები აღმართეს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი ოთარ ხეცია და რუსლან ქიშმარია ჩავიდნენ. მათ მოლაპარაკება გამართეს აფხაზ მესაზღვრეებთან, თუმცა უშედეგოდ. აფხაზმა მესაზღვრეებმა და მილიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ტყეში გაიქცნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გალი რუსებმა დაიკავეს / აფხაზები კი ტყეებში გავიდნენ. “შაბათიდან დაიწყეს რუსებმა საზღვრის დაცვის ძალაუფლების ხელში აღება. აფხაზებს თავისი საზღვრის დატოვება მთლიანად არ უნდოდათ. მაგრამ რუსებმა მოსთხოვეს აფხაზებს, საერთოდ დატოვონ გალის ტერიტორია. აფხაზები არ მიდიოდნენ, ადგილზე ჩავიდნენ ოთარ ხეცია და რუსლან ქიშმარია, მათ მოლაპარაკება დაიწყეს აფხაზ მესაზღვრეებთან, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. აფხაზები ამბობდნენ, რომ არ დატოვებდნენ ტერიტორიას, ისინი გავიდნენ ტყეში და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ამ დროისთვის სიტუაცია შედარებით სტაბილურია, მაგრამ დაძაბულობა რჩება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო აფხაზები ომს დაუწყებენ რუსებს. მაგრამ რუსები იმდენად შეაშფოთა ამ ამბავმა, რომ დანარჩენი ამ ტიპის ხელშეკრულებები და მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე, უკან გაიწვიეს. ეს ხელშეკრულება ფეხქვეშ თელავს აფხაზეთის “სუვერენიტეტის” საკითხს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე. “აფხაზი მილიციელები ბაღაფშისგან რუსების მხოლოდ სასაზღვრო საგუშაგოებზე ჩაყენებასა და მათთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე უფლებამოსილების შეზღუდვას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლებითა და ოპოზიციაში გადასვლით იმუქრებიან. იმავდროულად, რუსებმა ყველა საგუშაგოზე აფხაზური დროშები რუსულით ჩაანაცვლეს. 58-ე არმიის ნაწილები გალის ტყეში სპეცოოპერაციის მოსაწყობად ემზადებიან. რუსი ოკუპანტების ნაწილები, რომლებსაც ე.წ. აფხაზური მილიციის განიარაღება ევალებათ, გალის ცენტრში დგანან. მილიციელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად მილიციის საგუშაგო უკვე დატოვა და ტყეში გაიქცა. ანალოგიური მდგომარეობაა ოჩამჩირის ე.წ. მილიციის გან.ოფილებებშიც. “არ მგონია, სპეცოპერაცია მოეწყოს. მაგრამ თუკი ვინმე მოაწყობს სპეცოპერაციას, ამას გააკეთებს აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრო. არ მგონია, რომ რუსები ასეთ გამწვავებაზე წავიდნენ... საზღვრის დაცვის ხელშეკრულებით რუსები გახდნენ აფაზური საზღვრის ბატონ-პატრონი. აბსოლუტურად დისკრიმინაციული ხელშეკრულებაა აფხაზებისთვის. ამ ხელშეკრულებამ აფხაზეთის პარლამენტში უზარმაზარი ვნებათაღელვა გამოიწვია. მართალია, საბოლოო ხამში ხმათა უმრავლესობით მიიღეს, მაგრამ ფორმულირება იყო ძალიან საინტერესო - რუსეთის ხათრითო - ისე ამის მიღებას არ აპირებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/104377.html