დიმიტრი მედვედევი - რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ სოხუმსა და ცხინვალს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა აღიარებს კრემლი სხვა სახელმწიფოებს არასოდეს არ სთხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, მაგრამ ამ ქვეყნების აღიარება მოსკოვისთვის კარგი იქნებოდა. რუსული სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ბელორუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მედვედევი პროვოკაციად აფასებს საუბარს, თითქოს ამ საკითხებთან დაკავშირებით ბელორუსზე ვიღაც ზეწოლას ახორციელებს და ბელორუსი რუსეთს ამავე საკითხებში თავისთვის უკეთეს პირობებზე ევაჭრება. “არ დავმალავ, რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ამ ახალ სუბიექტებს რაც შეიძლება მეტი ქვეყნა აღიარებს. ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკეთ შეძლებდნენ თავის თავისა და ეკონომიკის განვითარებას, ცხოვრებისთვის უკეთესი პირობების შექმნას”,_ აღნიშნა მედვედევმა, რომლის მტკიცებითაც, ამის მუხედავად, მოსკოვი ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევას არ აპირებს, ვინაიდან ეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ “საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრები თავად გადაწყვეტენ, აღიარონ თუ არა ეს ტერიტორიები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად, რაც მათი საშინაო საქმეა”. მედვედევმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რთული არჩევანი იყო, მაგრამ “რუსეთს ამ ნაბიჯზე წასვლა საქართველოს აგრესიამ აიძულა; რუსეთი იძულებული იყო, დაეცვა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები თავისი მოქალაქეები”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1