საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რაჭაში ჩავიდა და რთველის დასრულებასთან დაკავშირებით ანგარიში ჩაიბარა. პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ინფორმაცია რთველის მიმდინარეობის, მოსავლის ოდენობის, ჩაბარებისა და ფასის შესახებ მათგან მოისმინა. პრეზიდენტის განცხადებით, ხვანჭკარას, რომელიც რაჭაში მოდის, რეკლამა არ სჭირდება და იგი უკრაინაში, შუა აზიაში და სხვა ქვეყნებში ძალიან პოპულარულია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა ძალიან კარგია, რომ წელს რთველი კარგად ჩატარდა, თუმცა, მომავალ წელს იგი უკეთესი უნდა იყოს. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში რთველის კარგად ჩატარება და ხარისხიანი ღვინის წარმოება უკვე ვისწავლეთ, მაგრამ ეხლა საჭიროა პროდუქციის გაყიდვის სწავლა. რაჭიდან ვაშლის ნიმუშები აიღო კომპანია "ჰიპმა", რომელიც ბავშვთა კვების პროდუქციის მსხვილი მწარმოებელია და რომელმაც საქართველოში ქარხანა შეიძინა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელთან შეხვედრაც გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, იგი კომპანიის ხელმძღვანელს რამდენიმე თვის წინ ვახშამზე ესაუბრებოდა, როცა თავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დაადგნენ და საპროტესტო აქცია გაუმართეს. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ წელს სოფლებს აგრონომი უნდა ჰყავდეს. რაიონულ ცენტრში ამბულატორიების მსგავსად გაიხსნება ცენტრი, სადაც აგრონომი გლეხებს ახალ ჯიშებთან, ტექნოლოგიებთან და სხვა საჭირო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის და კონსულტაციებს გაუწევს. მოსახლეობა პრეზიდენტს არსებული პრობლემების შესახებაც ესაუბრა და მას გზის, ტრაქტორებისა და გაზიფიცირების პრობლების მოგვარება სთხოვა. პრეზიდენტი მათ დახმარებას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება, რომელზეც 6-7 ათასი ადამიანი დასაქმდება. ამდენად, ახალგაზრდებმა, რომელიც რაჭის სოფლებიდან ქალაქში წავიდნენ, უკან დაბრუნებაზე უნდა იფიქრონ. პრეზიდენტის განცხადებით, იმისთვის, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიზნობრივად დაიწყოს აუცილებელია ხალხთან რაც შეიძლება ხშირი შეხვედრები და საკითხების ადგილზე განხილვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1