ლევან გახელაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ განუცხადა, გენერალურ დირექტორს გადადგომის შესახებ სამეურვეო საბჭოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ~ამ საკითხზე ლევან ყუბანეიშვილს ჩემთან არ უსაუბრია. ამიტომ ინფორმაციას მისი გადადგომის შესახებ ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ~, - აღნიშნა გახელაძემ. მისივე თქმით, თუ ყუბანეიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მართლაც მიიღებს, მან წერილობით უნდა მიმართოს სამეურვეო საბჭოს, რომელიც კენჭისყრით ან დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას გადადგომის შესახებ, ან არა. ~თუ გენერალური დირექტორი პოსტს დატოვებს, მაშინ “მაუწყებლის შესახებ” კანონის მესამე თავის თანახმად, სამეურვეო საბჭო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავს. პარალელურად გამოაცხადებს კონკურსს ვაკანტურ თანამდებობაზე~, - განაცხადა გახელაძემ. მისივე თქმით, კონკურსი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საკონკურსო განაცხადებს განიხილავს და ახალ გენერალურ დირექტორს დაამტკიცებს. ლევან ყუბანეიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს მისი პრეს-მდივანი მირანდა ქარდავაც. როგორც ქარდავამ ~ინტერპრესნიუსთან~ საუბრისას განაცხადა, ამის შესახებ ლევან ყუბანეშვილი უახლოეს ხანებში განცხადებას თავად გააკეთებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1