ადმინისტრაციული პატიმრობის 90 დღემდე გაზრდას მოწინააღმდეგეები საპარლამენტო უმრავლესობაშიც გამოუჩნდნენ. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციული პატიმრობის 90 დღემდე გაზრდა უმრავლესობის წევრმა თამაზ დიასამიძემ გააპროტესტა. მისი თქმით, შესაძლებელია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გაიზარდოს 30 დღესთან შედარებით, თუმცა 90 დღემდე გაზრდა მიუღებელია. მისი თქმით, ეს აღქმული იქნება, თითქოს ხელისუფლება რევანშს იღებს იმ აქციებისადმი, რომელიც დასასრულს ისედაც უახლოვდება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტით რიგი დანაშაულობებისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღემდე იზრდება. კერძოდ, 90 დღემდე პატიმრობით დასჯიან ადამიანებს წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულების მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობისადმი, ასევე იმ ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირებით, რომელიც კანონით არის აკრძალული. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1